Tuesday, April 29, 2008

კარგი თუ ცუდი




რა შეიძლება იყოს ჩვილი ბავშვის რეანიმაციაში ყოფნაზე უფრო დრამატული.


კომუნისტების დროს ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის გამყოფილებაში ყოველდღიურად მკურნალობდა 20-მდე ბავშვი.

1992 წლიდამნ მოყოლებული ამავე განყოფილებაში ძირითადად ერთდროულად მკურნალობდა მხოლოდ 4-8 ავადმყოფი.

ე. ი. ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებში მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა 40% დარჩა წინა წლებში ბავშვთა რაოდენობასთან შედარებით.


კარგია ეს თუ ცუდი?

რა თქმა უნდა კარგია, რომ რეანიმაციის საჭიროება ნაკლებ ბავშვს დასჭირდა.

მაგრამ..

არის ერთი (უფრო სწორედ ორი)

მნიშვნელოვანი მაგრამ!
ერთი.

ამავე პერიოდში საქართველოში შობადობა წლიური 90.000-იდან 45.000-მდე შემცირდა.

და მეორე, მედიცინაში 1 წლამდე ასაკი კრიტიკულ პერიოდადაა მიჩნეული. შესაბამისად რეანიმაციაშიც ძირითადად 1 წლამდე ასაკის ბავშვები ხვდებიან.

ესე იგი რა გამოვიდა?
სარეანიმაციო ავადმყოფ ბავშვთა რაოდენობა შემცირდა იმის ხარჯზე რომ, რეანიმაციაში მოსახვედრი ბავშვი უბრალოდ.. არ დაიბადა. მისმა მშობლებმა ის არ გააჩინეს.

მე და იმედია შენც




ისევ "ცხელი შოკოლადი"

ახალი ნომერი მივიღე, გამოწერილი მაქვს.

ჩემს ერთერთ წინა პოსტში გამოთქმული ჩემი პროგნოზი, ეს კარგი კაცი - მარკ მალენი მომავალ ანალიზს საქართველოს შესახებ ალბათ 5 წლის შემდეგ დაგვიწერს მეთქი, არ გამართლდა, აპრილის "ცხელ შოკოლადში" მისი ახალი სტატიაა "მიშას შემდეგ".

დღევანდელი სტატია უფრო კატეგორიული, მაგრამ მაინც კეთილგანწყობილი ჭკვიანი კაცის ნაწერია.

ბედნიერი ვიქნები ისეთ ქვეყანაში, ისეთ საქართველოში მომიწიოს ოდესმე ცხოვრება, რომელშიც ამ სტატიას სრულად დავეთანხმები.

ამ ანალიზში ბევრი რაციონალური და ლოგიკური წერია, ბევრ რამეს მეც უპირობოდ დავთანხმებოდი.

მაგრამ..

ჩემსა და მარკ მალენის მოსაზრებებს შორის ერთი პრინციპული სხვაობაა.

მისი სასურველი, საგულშემატკივრო საქართველო დემოკრატიის ოაზისია დედამიწის ამ ჭრელ რეგიონში. მისთვის დიდი სხვაობა არ არის ეს დემოკრატიის ოაზისი საქართველოს ფორმის იქნება თუ ვაშლის ნაჭამის. ანუ იმ ფორმის, რაც რჩება საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.

ჩემთვის და იმედია შენთვისაც

ქართველო საქართველოა.

მე ამ საერთო მიწისათვის საკუთარი სიცოცხლე გავრისკე. მე და იმედია შენც, დავთმობთ კომფორტს, ამბიციებს, პირად კეთილდღეობას, იქნებ ჯანმრთელობასა და ღმერთმა ნუ ქნას, სიცოცხლესაც რომ

საქართველო ისეთი ფორმის იყოს, როგორიც საქართველოა.

დღეს საქართველო, რომელიც ღირსებას იბრუნებს და ტალახში სახით ჩამხობილი მდგომარეობიდან წამოდგომას ცდილობს, მას ხელ-ფეხში ჩაფრენილი ხაფანგები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოკალათებული სეპარატისტულ-იმპერიული ხაფანგები უფრო და უფრო უჭერს და ისევ ქვემოთ ექაჩება.

ჩემი სურვილია ქართველებმა აიღონ
ისეთივე პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი ქვეყნის წინაპრებისა და შთამომავალთა წინაშე, როგორიც აქვთ ებრაელებს, სომხებს თუნდაც მარკ მალენის თანამოქალაქეებს - ამერიკელებს.

ვინ მოგცა უფლება დასცინო !?


კიდევ ერთი საჭირო სტატია "ცხელ შოკოლადში".
აპრილის ნომერში წავიკითხე წერილი P.S.-სა და საერთოდ, რუსთავი 2-ის შესახებ - "analitikuri oxvra".

მხილებული იყო რუსთავი 2-ს პოლიტიკა - სკანდალური ამბები მოეთხრო მონაწილე პირების სახელებისა და მისამართების მითითებით. რითაც საინფოემაცი ო საშუალებამ სამუდამო დამღა დაასვა გაუპატიურებულ გოგონას.

ეს ერთი კონკრეტული კრიმინალური რეპორტაჟი და კონკრეტული სარედაქციო შეცდომა იყო. შეცდომა რომელსაც ადამიანის ბედის წახდენა შეუძლია.

მაგრამ..

მაგრამ რა ვუყოთ ჯეოსტარსა და მის ანონსებში ერთი კი არა დაწუნებულ კონკურსანტთა მთელ გალერეას, რომელთაც დაუშურებლად აცნობდა მთელ საქართველოს რუსთავი2 !?

აქაოდა ნახეთ, ჩვენს ჟიურის როგორ ამბიციურ და უნიჭო ადამიანებში მოუწიათ მონაწილეთა შერჩევაო.

მეც კოლიზეუმის რომაელივით დავცინოდი დასაცინად გამოყვანილ ახალგაზრდებს, რომელთაც ზოგს ნოტი ეშლებოდა, ზოგს ტექსტი და ზოგს დგომის მიმართულება.

ვინ გკითხავს შენ რუსთავი2 ხარ თუ ჯეოსტარი, უცნობი ახალგაზრდა თავის რაიონში თავისივე მეგობრებმა სუფრაზე ნამღერისათვის შეაგულიანეს, შენ იქ ჩააკითხე რაიონში და მანაც გარისკა, შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. არ გამოუვიდა, ვერ დააკმაყოფილა კონსერვატორიის კრიტერიუმები და არც თვითნაბადი მარგალიტი აღმოჩნდა მეგობრების ნაქები მისი ნიჭი.

იქნებ ეს კაცი მომავალში თავისი ენერგიისა და ამბიციის დახმარებით თავისი რაიონის გამგებელი, ან პარლამენტერი, ან სულაც საქართველოს პრეზიდენტი ხდება.

ვინ მოგცა უფლება საქართველოს მასშტაბით დასცინო.
გააკეთო მისი მონაწილეობით, მისი ნებართვის გარეშე საღადაო-სარეკლამო კლიპები.

იყო მსგავსი ბოროტი გადაცემა - "ატალანტი" სადაც გულუბრყვილო ადამიანები თავის შემოქმედებას სრულიად საქართველოს აცნობდნენ. გადაცემის მიზანი კი ამ შემოქმედების ტირაჟირება კი არა, იმ ირონიის შენარჩუნება იყო, რაც მაესტროს პოპ ესტრადის ნიჰილისტ მაყურებელს უნდა გასჩენოდა ამ უადგილოდ მონდომებული ადამიანების შემხედვარეს.


"ჯეოსტარის" შესარჩევი ტურების უიღბლო მონაწილეთა შემხედვარეს, სურვილი მიჩნდებოდა ადვოკატი ვყოფილიყავი და ამ დაჩაგრული ადამიანებისათვის მორალური ზარალის ასანაზღაურებლად "რუსთავი2"-სა თუ "ჯეოსტარისათვის" დიდი თანხა წამერთმია. მომავალში მაინც რომ აღარ გაეგრძელებინათ ადამიანების აბუჩად აგდება და მათთვის სასაცილო დამღის დასმა. მეგონა ესესაა შევიტყობ ასეთი სასამართლო პროცესის შესახებ მეთქი, მაგრამ არა, ჩვენი ადვოკატები ხომ უფრო მნიშვნელოვანი საქმით - პოლიტიკის კეთების ამბიციით აღმოჩნდნენ აჭრილები.

დღეს საქართველოში ტელევიზიას შეუძლია მორალური ზიანი დაუსჯელად მოგაყენოს.

ადვოკატები კი, რომელთაც კონკრეტული ადამიანების ღირსების დაცვა არ ადარდებთ, პოლიტიკაში ისეთივე ღირსების გრძნობით იბადრებიან, როგორც გულუბრყვილოები "ატალანტში".

დღეს ვის უჭერენ მხარს?


1994? წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჯაბა იოსელიანსა და მის მხედრიონს აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა.
თბილისის იმ დროს დამარცხებული, აპათიური და ათასგზის შეურაცხყოფილი საზოგადოება ამ მოვლენამ რატომღაც გამოაღვიძა.
ელიტამ ღია წერილი შეადგინა და ხელმოწერების დიდი სიით აფრინა მთავრობაში. აქაოდა ჩვენი დემოკრატიის მედროშეს როგორ უსამართლოდ ჩაგრავთო.

ნეტა დღეს ვის უჭერენ მხარს ეს ადამიანები, არაკრიმინალური ავტორიტეტები?

თუმცა დარწმუნებუ ვარ, რომ არა ხელისუფლებას.

საქართველო რაგბს თამაშობს


გუშინწინ რაგბზე ვიყავი. კიდევ ერთხელ მომიწია იმაზე დაფიქრება, თუ რა რთული წესები აქვს რაგბს და რომ მის თამაშს კი არა გულშემატკივრობასაც, ფეხბურთისაგან განსხვავებით ამ წესების ცოდნა სჭირდება.


თუ რაგბისა და ფეხბურთის წესებს აურევ, მონაცემებით სულ ვილკინსონი ან კაკა რომ იყო, არაფერი გამოგივა. კარიერას უსახელოდ დაამთავრებ.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს რა თამაშს თამაშობს საქართველო.

მე მგონია ოპოზიციის ელექტორატი იმ რაგბისტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც შერკინებიდან თვითნებურად მოიხსნება და რაგბის ბურთით ფეხბურთის ან სულაც ჩოგბურთის თამაშს მოინდომებს.


საქართველო კი რაგბს თამაშობს და სპორტსმენი რაგბისტებისაგან განსხვავებით თავისი სურვილითა და არჩევანით კი არა, იძულებით.

სპორტსმენი რაგბისტებისაგან განსხვავებით საქართველო რაგბს რუსეთთან აგებს.

ჯერჯერობით აგებს.

აგებს მას შემდეგ რაც გუნდში შიდა აშლილობაა და თანაც ეს შიდააშლილობა დაუზარელად დემონსტრირდება და ინსპირირდება ოპოზიციის ლიდერების მიერ.

ოპოზიციამ დააჯერა მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ საქართველო რაგბს კი არა, ფეხბურთს, პინკპონკს თუ ბადმინტონს თამაშობს.

ტუბერკულოზური მენინგიტი







არ მიყვარს სიტყვები "მეზიზღება", "ვერ ვიტან".
მიმაჩნია რომ ზედმეტად ემოციური და ნეგატიურია.
ჩემს შვილებს ავუკრძალე ეს სიტყვები და მიჯერებენ.
"არ მომწონს", "არ მიყვარს", "ცუდია" უკეთესი სიტყვებია.

მაგრამ არის სიტუაციები რომელთაც მოლოდ ეს ცუდი სიტყვები შეესაბამება.



1993-1996 წლებში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ვმუშაობდი ავადმყოფ ბავშვთა დაახლოებით მესამედი ტუბერკულოზური მენინგითით იყო ავად. მათი დიდი ნაწილი იღუპებოდა, ზოგი სამუდამო ინვალიდად რჩებოდა.ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები იმდენად ხშირი იყო, რომ დიაგნოზებს ექიმის გარეშე, ექთნებიც სვამდნენ. დაავადებულები 1991 წლის შემდეგ იყვნენ დაინფიცირებულები და მათი ასაკი ჩვილობიდან 2-3 წლამდე მერყეობდა.


საქმე იმაშია რომ, იმ დროინდელმა ტერორისტულმა ცვედანმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ახალშობილთა აცრა ანტიტუბერკულოზური - კალმეტ-გერენის (ბეცეჟე) ვაქცინით.

აი ვინც იმ დროს ბავშვთა ვაქცინაციაზე იყო პასუხისმგებელი და ჯანდაცვის სამინისტროს კაბინეტის კარს სამუშაო დღის ბოლოს მშვიდად იხურავდა, ის ადამიანი მეზიზღება.

Sunday, April 27, 2008

რაგბი

გუშინ რაგბზე ვიყავი.
ჩემი თორმეტი წლის ბიჭის ძმაკაცმა დაგვპატიჟა მე და ჩემი შვილი.
შესასვლელში დროშა ვიყიდეთ, მაგრამ კონტროლმა ჯოხის ტარი არ გაგვატანა და ჩამოგვართვა.

0:17 ვაგებდით

მაგარი "ჯახი აიწია" და თამაში მაინც მოვიგეთ 22:20

დიდი დრამატიზმით სავსე წუთები გადავიტანეთ.

კარგი იყო.

დროშაზე წარწერა გავაკეთეთ "საქართველო ესპანეთი 22:20"

შემდეგ ანგრიშებსაც მივუწერთ, რომლებზეც ამ დროშას ავაფრიალებთ. იმის მიუხედავად მოვიგებთ თუ წავაგებთ.



ჩემს საყოფაცხოვრებო კანონებს ერთი მივუმატე:

თუ გინდა მტერმა უკან არ დაგახევინოს, წინასწარ უნდა დაიჩოქო და მოემზადო!





რაგბის გარდა სად გამოდგება ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია სადღაც გამოდგება.

გარემო - სანაგვე


განვითარებული ადამიანის მანქანის კარების უჯრაში (თუ ჯიბეში) ნაგავი დევს. განვითარებული ადამიანი ელოდება ნაგვის სანაგვეში გადაგდების შესაძლებლობას.

განუვითარებელი ადამიანის მანქანის კარის უჯრაში არასდროს არ მოხვედრილა ნაგავი.

მისთვის მთელი გარემო სანაგვე არაა?

Saturday, April 26, 2008

ესეც მეცხრე მეთქი


აფხაზეთის ერთერთ ბრძოლას 15 დან 9 გადავურჩით. 6 მოკლეს.

ამ ცხრა გადარჩენილთაგან 2-ნი ექიმები ვართ, რეანიმატოლოგი და ქირურგი (უაღრესად კეთილშობილური სადო-მაზოხისტური პროფესიები).

ერთი უმუშევარია. მე მგონი არც ეძებს საქმეს.

ერთი, ზურა სარქისოვი, რომელმაც აშკარა სიკვდილს გადამარჩინა, ჩვენი მაშინდელი კამბატი (თუ კაპიტანი) ელიავას ბაზრობაზე ვაჭრობს. ძველი სახლი საბურთალოზე გაყიდა და გარეუბანში გადავიდა.

2-ნი თბილისში ნარკოტიკებს შეეწირნენ. მეშვიდე და მერვე.

ერთს, მეორის სიკვდილი რომ ვერ შევატყობინე (მობილურს აღარ ხმარობს), გასვენების დღეს, დილით სახლში მივაკითხე. შეწუხებულმა დედამისმა მითხრა დღეს დილით სადაც გავიდა, დათვრა და დაიძინა. ვერ გავაღვიძებ, თორემ ყვირილს დაიწყებს და მერე ისევ უნდა დათვრესო. ჯერ დილის 10 საათი იყო. ესეც მეცხრე მეთქი, გავიფიქრე.



დანარჩენი 2-ის შესახებ არაფერი ვიცი. აფხაზეთის შემდეგ აღარ შევხვედრილვართ და სახეზეც ვეღარ ვიცნობ.

ჩინელები და აფრიკელები



თუ საქართველო ოდესმე კარგი ქვეყანა გახდა, აუცილებლად ეყოლება უცხოელი იმიგრანტები. ჩინელები და აფრიკელები.

თქვენი არ ვიცი და დღეს საქართველოში ამ ხალხის დანახვა და მათი მატება ჩემთვის მომავალი საქართველოს წარმატებების ნიშანია.

რობიზონა და ორხელა რობიზონა



საგარეჯოში ორი რობიზონა ცხოვრობს, ერთერთი ცალხელაა.

ხალხმა მათ გასარჩევად ერთერთს ზედმეტსახელი მოუგონა.

ის ერთერთი არის "ორხელა რობიზონა".

ე.ი. საგარეჯოში ცხოვრობენ რობიზონა და ორხელა რობიზონა.

Wednesday, April 23, 2008

ჩვენ ჰოლივუდი არა გვაქვს რომ..


ერთერთ წინა პოსტში ჰოლივუდის ინდუსტრიის მიერ ერთი მტკივნეული სოციალური პრობლემის დარეგულირების მცდელობის შესახებ დავწერე.

სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ადამიანის (პოლიციელი, სამხედრო) მიერ უდანაშაულო მოქალაქის შემთხვევით მოკვლის თემა ბევრ ფილმშია ნაჩვენები.
ყველა ამ შემთხვევას მაყურებელი პოლიციელის თუ სამხედროს თვალით ხედავს, უთანაგრძნობს მის განცდებს, სინანულს და ფილმის ბოლოს კმაყოფილია როცა ეს დაკომპლექსებული და ღამის კოშმარებით გათანგული პოლიციელი დაძლევს თავის სისუსტეებს და ერთი, ყველაზე საჭირო გასროლით მოკლავს ნამდვილ ბოროტმოქმედს.

ამ ფილმების ქვეტექსტია სახელმწიფოსათვის უდანაშაულო მოქალაქის მოკვლის პასუხისმგებლობის აცილება ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმ პოლიციელისა თუ სამხედროს შენარჩუნება, რომელის გაწვრთნაზე სახელმწიფომ უკვე დახარჯა ფული და დრო.

არ ვიცი ეს სცენები სახელმწიფოს შეკვეთით ტირაჟირდებოდა თუ არა,

მაგრამ ფაქტია, რომ ეს დილემა 3 თუ 4 ფილმში მაქვს ნანახი.

მეორე სოციალური პრობლემა, რომლის შესახებაც ჰოლივუდი დაახლოებით 10-20 წლის წინ ერთნაირ ფილმებს აცხობდა, იყო დიდი კონცერნისა და მიწის კერძო მესაკუთრის შორის დავა, ზოგჯერ ომი.
ამ ფილმებში წყნარ პასტორალს მოხუცებისა ან მარტოხელა დედის ოჯახებს ურღვევდა რომელიღაც ღიპიან- სომბრეროიანი კონცერნის მფლობელი, რომელიც მოსყიდვით, დაშინებითა და ტერორით ცდილობდა ადგილობრივთა გასახლებას თავისი ქარხნის, ნავთობის ჭაბურღილისა თუ გზატკეცილის მშენებლობისათვის.

ყველა ეს ფილმი კერძო მესაკუთრის თვალითაა გადაღებული და ბოროტი ბურჟუა აუცილებლად მარცხდება.

ეს აშკარა პროპაგანდისტულ-აღმზრდელობითი სქემაა.

საქმე იმაშია, რომ სწრაფად და ინტენსიურად მშენებარე ამერიკაში ეს პრობლემა ბევრ რეზიდენტს ეხება. მართლაც ადგება თავზე თავისთვის მშვიდად მცხოვრებ მოქალაქეს ბიზნესი და მართლაც ტყუილ მართლით ცდილობს დაისაკუთროს მისთვის საჭირო ფართი.

ამ ფილმებით საზოგადოება ეუბნება კერძო მფლობელებს რომ ესმის მათი აღშფოთება, ცნობს მათ უფლებას დაიცვას თავისი კერძო საკუთრება, კერძო მიწა.

მაგრამ რეალობა ამ ფილმების ჰეფი ენდებისაგან განსხვავდება.
სინამდვილეში ყველა დიდი მშენებლობა ახერხებს საჭირო ფართის გათავისუფლებას ძველი მფლობელებისაგან.
ჩვენ ჰოლივუდი არა გვაქვს, ეს ემოციები მრავალმილიონიანი ფილმებით რომ დავაცხროთ. რას ვიზამთ, უნდა შევასკდეთ ერთმანეთს კერძო მესაკუთრენი და ბოროტი ბურჟუები.
იქნებ ჩვენთან მაინც, ქართული თავისებურებებიდან გამომდინარე მართალმა კაცმა გაიმარჯვოს დამპალ კაპიტალიზმზე.

მერე რა, რომ მილიონიანი ინვესტიციები სხვა ქვეყანაში გადამისამართდება.

ჩვენ დიდი კულტურის ქვეყანა ვართ, იქით ვასწავლოთ ახლახან წამოყვინჩილებულ ამერიკას "ჩემის" გატანა "ჩვენის" წინააღმდეგ.

ის გაზაფხულია



2008 წლის შუა აპრილია, შუა გაზაფხული.
ის გაზაფხული, საქართველოს შიდა არჩევნები რომ უნდა ასცილებოდა, მაგრამ ოპოზიციის პრინციპული ბრძოლის შედეგად მაინც გაზაფხულზე ტარდება.ოპოზიციამ ასევე მოახერხა სააკაშვილის ორი ვადისათვის მოეკლო 2 წელი. ყოჩაღ მათ, ისწავლეს ბრძოლა შედეგის მიღწევამდე.

მაგრამ ოპოზიციის ყველა ზრახვა არ შესრულებულა. მათი მთავარი ისტორიული ვნებათაღელვა და ბრძოლა იყო 2007 წლის 2-7 ნოემბერს.

10 თუ 15 პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა და სწრაფვა ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით აღკვეთა. 7 ნოემბერს პოლიციური ოპერაციით, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით გარეკა მიტინგი და "საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

და ოპოზიციის რა მიზანი ჩაშალა ამით ხელისუფლებამ?

გავიხსენოთ მათი სიტყვები, ათასჯერ სხვადასხვა პირით ნათქვამი "საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, ჩვენ შევქმენით ალტერნატიული ხელისუფლება, ხალხის ხელისუფლება "ეროვნული საბჭო" რომელიც წარმართავს ქვეყანას. მოდით ხალხო, ახლაა გადამწყვეტი მომენტი, მიდით და დავამთავროთ ეს ხელუსუფლება."და

ვთქვათ, ისე მომხდარიყო როგორც "ეროვნული საბჭო" გეგმავდა, რას მივიღებდით დღეს, "უწესო ხალხის რევოლუციის" 5 თვის თავზე?

ვინმეს გიფიქრიათ რას ავცდით?

ის გაერთიანებული ოპოზიცია "ეროვნული საბჭო" 2 თვის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე 1 კი არა, 4 კანდიდატით გამოვიდა: გაჩეჩილაძე, ნათელაშვილი, პატარკაციშვილი და მაისაშვილი. საპარლამენტო არჩევნებზე კი სახელი "გაერთიანებული" უკვე აღარავის ახსოვს.

ეროვნული საბჭო, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტები თავთავიანთ მთავრობებსა და პარლამენტებს გეგმავენ და სხვაზე უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ.

ბუნებრივია, ისინი ხომ სხვადასხვანი არიან იტყვით თქვენ. მეც მანდა ვარ. სხვადასხვანი არიან. როგორ წარმოგიდგენიათ 2007 წლის ნოემბრის შემადგენლობის "ეროვნული საბჭოს" მმართველობა 2008 წლის გაზაფხულზე?

საქართველო კრილოვის იგავარაკის ურმისა არ იყოს, სხვადასხვა მიმართულებით მთავრობაშივე იქნებოდა გაჩაჩხული, თითქოს დღეს მქაჩველი და მძიძგნელი აკლდეს.

ამას პლიუს კოსოვო, აფხაზეთი, ოსეთი და საბოლოოდ მხრებგაშლილი რუსეთი.
დღევანდელი 2008 წლის სტრესული გაზაფხული ჯობია არშემდგარ 2008 წლის "ეროვნული საბჭოს" დაგეგმილ კოშმარულ გაზაფხულს.

ეს პოსტი ერთი კვირის წინ დავწერე და საიტზე შესაგდებად დრო არ მქონდა. ეს ერ თი კვირაა განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. რუსეთი აფხაზეთის მიერ დაქადნებული სისხლისღვრის გაპრავებას ცდილობს, ბაღაფში ულტიმატუმებს აცხობს, და ამ დროს 2008 წლის გაზაფხულზე ეს ოპოზიციის მიერ მოპოვებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას ერთ ადგილას გარჭობილი ოყნასავით აქვს. უხ!

ნინო ბურჯანაძე გვერდზე გადგა


დღეს ნინო ბურჯანაძემ,
რომელიც ხელისუფლების პარტიის №1 კანდიდატი იყო საპარლამენტო არჩევნებში, უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამით ჩემი რომანტიკული წარმოდგენა ახალ ქართულ ტოლერანტობასა და გუნდური თამაშის ახალ უნარებზე დასრულდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრისაგან განსხვავებით ვთვლიდი, რომ სამი ძლიერი და უნარიანი ლიდერის ერთად ყოფნა ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსათვის. ქვეყანა იქნებოდა უფრო მდგრადი და სტაბილური. "ბეჭდების მბრძანებელს" ვიშველიებდი. როგორც ფროდოს მეგობრები არიან განსხვავებულნი, მაგრამ ერთი იდეის მატარებელი გმირები, ასევე სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვანად განსხვავდებიან, მაგრამ მიზანი, საქართველოს ფეხზე დაყენება მათ უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ვიდრე პირადი ამბიციები.
მე გულწრფელად ვთვლიდი, რომ ერთი სტრატეგია და სამი ძლიერი ტაქტიკოსი საქართველოს განსაკუთრებულ ძალას მისცემდა.
ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო საქართველოს სახელმწიფოს სიმყარე და სტაბილურობა მნიშვნელოვნად მოაკლდა. მამხილებლურ-პროპაგანდისტური ფილმების მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
მას შემდეგ ტრიუმვირატიდან დარჩენილი ორი ლიდერის თავზე ათასმა ქარტეხილმა გადაიარა. ზოგჯერ მათ უწევდათ რთული და დანაკარგებიანი ბრძოლის გადატანა იქ, სადაც ზურაბ ჟვანია პირწმინდად მოიგებდა. საქართველო დაემსგავსა სამაფრიან გემს, რომელსაც ერთი, სტაბილიზატორი აფრა მოტეხილი აქვს. ასეთ პირობებში დანარჩენ ორ აფრას უფრო რთული მოქმედებები დაევალათ, რაც მათ ყოველთვის უნაკლოდ ვერ შეძლეს. თუმც ვერც ერთი წუთით, ვერ იფიქრებდი რომ ისინი მცდელობას აკლებდნენ და ბოლომდე გულწრფელად არ ცდილობდნენ ქვეყნის ერთი გეზით ტარებას.

და გუშინ ნინო ბურჯანაძე ყველასათვის მოულოდნელად გვერდზე გადგა.
ანუ ორიდან ერთი აფრა თავისივე სურვილით დაიკეცა. ამ ნაბიჯმა ხელისუფლების პოზიცია მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვნად შეასუსტა. ასევე უდროო იყო ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო სახისათვის ქართულ-რუსულ-აფხაზური ომისწინა მდგომარეობის ფონზე.

ხალხი ცდილობს ბურჯანაძის მოტივები გამოიცნოს, ზოგი ამბობს საარჩევნო სიაში თავსი სასურველი კანდიდატები ვერ ჩასვა და გაბრაზდაო, ზოგი მას ოპოზიციაში გადასვლას და ოპოზიციის ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.

მე კი მგონია რომ, ნინო ბურჯანაძე, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, გატყდა.
1. ვერ გაუძლო ლანძღვა-გინებას.
2. უარი თქვა მოსალოდნელ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის პასუხისმგებლობაზე.
3. დღევანდელი ქართულ-რუსულ-აფხაზური დაძაბულობიდან დემონსტრაციული განდგომით საქართველოს ოში გამარჯვების, და შესაბამისად ომში მონაწილეობის შანსები შეუმცირა.
4. ამით მან თავისი შვილი ააცილა განსაცდელს.

არის კიდევ ერთი, უფრო ბოროტი ახსნა.

ბურჯანაძემ ოპოზიციის ნაცადი ტაქტიკა არჩია. შეატოვა პრეზიდენტი დიდ რისკებს, ვნებათაღელვას და უკმაყოფილებას, რათა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე გზა გაკაფული დახვდეს.

Tuesday, April 22, 2008

ოჯახური უიკენდის ქრონიკა




დღეს კვირაა. ჩემი ერთერთ პოსტის შეგონება ვისმინე - გადმოვხტი ციყვის გალიის ბზრიალა ბორბლიდან.

მე და ჩემმა შვილებმა პიკნიკი კუს ტბის თავზე, იაკობის წყაროს მახლობლად მოვაწყვეთ.
ამინდი აღმართ-დაღმართ სასიარულოდ იდეალური იყო, არც ციოდა და არც ცხელოდა.

ეს სურათები ჩვენი გადაღებულია და მე მგონი ზოგიერთს არა უშავს.

გზაში შეგვხვდნენ:


წითელ ჯემპრიანი ქალბატონი.

ორი ძაღლი წითელჯემპრიან ქალბატონთან სახელად "ლედი" (ქალბატონის ძაღლი, შავი ავჩარკა) და "ლედის" მეგობარი და მეზობელი უპატრონო "ცეტი".

ნახირი - ათამდე ძროხა.

მათი მწყემსი. წყნეთში მიგყავთ მეთქი? ვკითხე და არაო აქაურები ვართო და ხელი თბილისისკენ, ვერისკენ გაიშვირა.

მაუნთინბაიკერები.

სათითაოდ რომ გამოჩნდნენ მეგონა 2-3ის მეტი არ იქნებოდა. მეტი აღმოჩნდნენ, დაახლოებით 10. თინეიჯერებზე გაცილებით უფროსები.
ერთმანეთს გადასძახეს - კუსტბამდე ფრთხილად, ბინტი მეტი აღარ დაგვრჩაო და დაღმართზე სათითაოდ დაეშვნენ.

ქორი. დაფრინავდა თავისთვის, კამარას კრავდა, მაგრამ არავის დასცემია. არადა ფაქტია, რახან ცოცხალია და თავისუფლად ნავარდობს ესე იგი, ჭამს კიდევაც პატარა ჩიტებს. დღეში ერთი ორს მაინც.



ახლა ვაჯამებ. ამ ყველაფერმა პლიუს წითელჯემპრიანი ქალბატონის მიერ მისწავლებულ ულამაზეს
ადგილზე ცეცხლის გაჩაღებამ, მწვადების შეწვა და შეჭმამ, კუს ტბაზე მანქანით ასვლა-ჩამოსვლამ მხოლოდ 5 საათი დაიკავა.

ღირს!

ყოჩაღ!




დღეს 21 აპრილია

ბაგაფშის მიერ ქართველებისათვის მიცემული ულტიმატივი - 24 საათში დატოვეთ კოდორი და ზუგდიდის შემოგარენი თორემ ომით გაგყრითო, ესესაა ძალაში შევიდა.



რუსეთმა უკვე ოფიციალურად განაცხადა აფხაზათთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობა უნდა დავამყაროო და ამით სეპარატისტების ფაქტიური აღიარება დაიწყო.

რუსულმა სუ-მ თუ მიგ-მა აფხაზეთში ქართული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამ დროს თბილისი წინაარჩევნო ტაშფანდურშია. რესპუბლიკელების ლიდერი თინა ხიდაშელი პრესკონფერენციას იწვევს და აპროტესტებს მეტრო "გოცირიძის" თავზე დაწყებულ მშენებლობას და უფრო ადრე ამ ადგილას შუშის "სახინკლაოს" დანგრევას. დღესვე კანცელარიის უკან ახალგაზრდა აქტივისტები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ სისხლიანი ტირანი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ოპოზიცია იგივე ტაქტიკას მიმართავს, რასაც კვიციანის კრიზისის დროს - წინასწარ ყველა უბედურებაში სააკაშვილი დაადანაშაულა და გაისუსა, იქნებ სისხლი დაიღვაროს და ხალხი პრეზიდენტს აუმხედრდესო.

პრინციპულობაც ამას ქვია!
ყოჩაღ!

Monday, April 14, 2008

თვალები


ჩვენს გარშემო სამყარო სავსეა თვალებით, ნაცნობი თვალებით, ადამიანთა ჭკვიანი, ლამაზი თუ არც ისე, მაგრამ მაინც მეტყველი თვალებით, ცნობილი ადამიანების თვალებით.

იმისათვის რომ 5,5 მილიარდ ადამიანს შორის მსოფლიო მასშტაბის ცნობადობას მიაღწიო ორი აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს.

ერთი - პიროვნება უნდა იყოს ძლიერი (ამაში შედის ტალანტი, შრომისუნარიანობა, ენერგიულობა, პროფესიონალიზმი, წარმატებული საქმიანობა და ა. შ.)

მეორე მაგრამ ასევე აუცილებელი - გარემო, რომელშიც იბადება ცნობილი ადამიანი უნდა უყოს განვითარებული. შარაპოვამ და უილიამსმა 16 წლის ასაკამდე შეძლეს იმ გამოცდილების დაგროვება, რომელმაც მათ გამარჯვების ძალა მისცა, მენდელმა, აინშტაინმა, ციოლკოვსკიმ, ბელმა და სიკორსკიმ თავისი აღმოჩენები იმ გარემოში მოახდინეს, რომელმაც მათ წინაპირობებიც დაახვედრა და მოუსმინა კიდევაც მათ, უცნობ, უცნაურ ადამიანებს.

მერლინ მონრო, იულ ბრინერი, ტომ პეტი, შაკირა და შაკილ ონილი იმიტომ გახდნენ მსოფლიო მასშტაბის ცნობადი სახეები რომ გარემომ მათი შემოქმედების უსაზღვრო ტირაჟირება მოახდინა. მსოფლიო მასმედია თითქმის უნიფიცირებული გახდა, ისინი სტაბილურად მოიპოვებენ და მსოფლიო მასშტაბით ავრცელებენ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გამოსახულებებსა და ნააზრევს.

მოკლედ ჩვენი (ნებისმიერი მეტნაკლებად ცივილიზებული დედამიწელი ჰომოსაპიენსის) გარემო სავსეა ჩვენთან პიროვნულად კონტაქტში მყოფი და ეკრანზე დანახული ადამიანებით.ამასთანავე ეს მეორე კატეგორია უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრებისათვის.

ჩვენს თვალთახედვას და პოზიციას ძირითადად ეკრანზე მოხვედრილი ადამიანები განსაზღვრავენ.

მოკლედ, საით მიმყავს.

ჩემს გარშემო (დარწმუნებული ვარ შენიც, ვინც აქამდე კითხულობ) იმ ადამიანების თვალები, რომლებიც ჩემს თანაგრძნობას და ყურადღებას ან ყურადღებასა და აღიარებას იმსახურებენ
იყოფა –

45% ამერიკელი მსახიობები, 10% ბრიტანელი მომღერლები, 10% ამერიკელი მომღერლები, 10% ევროპელ-სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენები (ფეხბურთელები),7% ევროპელი მსახიობები, 7% რუსი მსახიობები და მომღერლები, 7% ჩვენი და სხვისი პოლიტიკოსები, 5% ჩვენი და სხვისი ჟურნალისტები, 4% ებრაელი მსახიობები და მეცნიერები, 2% ლათინური სერიალების მსახიობები (ჩემთვის), 2% კინო-ფოტოქრონიკას შემორჩენილი ისტორიული პირები მწერლები, 1% ჩვენი და სხვისი საზოგადო მოღვაწეები. ციფრების სიზუსტეზე თავს არ ვდებ. მაგრამ ვთვლი რომ განაწილება დაახლოებით ასეთივე პროპორციითაა მთელს მსოფლიოში.

ქვეყნების ხილული სიჭრელის მიუხედავად თუკი არსებობს გლობალური საზოგადოებრივი აზრი, ის აზრი ამ პიროვნებების, ამ ცნობილი ადამიანების გუნდის მიერაა მოზელილი.

ანუ რა..
საკონტროლო პაკეტი ვის აღმოაჩნდა? -ამერიკას, ჰოლივუდს!

სწორედ ჰოლივუდი თუნდაც თავისი შელახული ავტორიტეტით ახერხებს მთელ მსოფლიოს ყოველდღე გადაუგდოს ახალი ქვესტი როგორ უნდა მოიქცეს კარგი ადამიანი, სად არის კარგი და ცუდი, როგორ შეუძლება ტრანსფორმირდნენ ისინი ერთმანეთში, სწორედ ჰოლივუდი ახერხებს მტკიცე მორალური კატეგორიები ჩაუნერგოს მთელს მსოფლიოს. მაღალი ხელოვნება, რომელიც უამრავი შექმნილა ევროპასა და რუსეთში ამ ფუნქციას ვერ იღებს თავის თავზე.

ამერიკა მსოფლიოს ნაკრებია რომელიც დგას ტოლერანტობაზე და თანაბარ შესაძლებლობებზე.

ეს გარემოება ამერიკის კინოინდუსტრიას გაცილებით წინ აყენებს სხვა ქვეყნების კინოინდუსტრიებთან მიმართებაში.







ანუ სულ თავი რომ დავანებოთ აშშ-ს ძალასა და სიმდიდრეს, მომავალ მსოფლიოშიც მისი გავლენა შენარჩუნდება ცნობადი სახეების საკონტროლო პაკეტით.

Sunday, April 13, 2008

ვერ გაუსწრებს


ერთი წესიერი თბილისელი კაცი რუსული ფესვებით მიმტკიცებდა, 5 წელიწადში რუსეთი ამერიკას გაუსწრებსო (იხმარსო- სიტყვასიტყვით).



მსოფლიოში ნავთობპროდუფტების ფასების ზრდა და პერსპექტივაში ამ ზრდის მოსალოდნელობა, ნავთობპროდუქტების მარაგით სიმდიდრე, განათლებული, ტექნოლოგიების ამთვისებელი, ამ ტექნოლოგიების წესების დამცველი და ზოგადადაც კანონდამჯერე მოქალაქეთა სიმრავლე, მათი დომინანტობა საზოგადოებაში ადვილად პროგნოზირებადს ხდის რუსეთის მომავალ წინსვლასა და გძლიერებას.

რუსეთს თავი ქუდში აქვს!
მას შემდეგ, რაც რუსეთი შეუდგა გზას ჩრდილო კორეის მსგავსი ქვეყნისაგან სამხრეთ კორეის მსსგავსი ქვეყნისკენ, ამ ქვეყნის ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა.

გახსოვთ ალბათ მოარული შეფასებები, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა რუსეთი შიმშილობს და კორუფციის ჭაობში ფშვინავს. ეს შეფასებები იმ დროინდელია როცა ქართულ მაღაზიებსა და შესაბამისად ქართულ მაცივრებში არანაირი რუსული პროდუქტი არ ჭაჭანებდა (შეიძლება რუსული ფქვილით გამომცხვარი პური მოხვედრილიყო ქართულ სუფრაზე, ისიც ეპიზოდურად).
დღეს ქართული ბაზარი რუსული პროდუქტითაა გადაძეძგილი. მათ დახლებზე ადგილი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ეს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი, კარგად შეფუთულ და რეკლამირებული პროდუქციაა. მათი წარმოშობის გეოგრაფია მთელ რუსეთს მოიცავს - ჩრდილო კავკასიის ზეთითა და რძის პროდუქტებით დაწყებული და შორეული აღმოსავლეთის თევზის პროდუქტებით დამთავრებული. მყიდველმა იცის რომ რუსული ნაწარმი მისი დასახელების მიუხედავად (ელექტროსადენი იქნება თუ რძის ფხვნილი) საუკეთესო არა, მაგრამ ხარისხის საკმაოდ კარგი სტანდარტის შესაბამისი იქნება.

გამოვიარეთ ათწლეული როცა რუსული ტელეარხები თავისი რუსული შოუბიზნესით ქართულ ტელესივრცეს ვერ აინტერესებდა. ახლა ქართული მაცივრების მსგავსად ქართული ტელევიზორების პირველი ოცეული რუსული არხებითაა გადაძეძგილი.
შიდა ნაციონალური სიჭრელის მიუხედავად სეპარატიზმის საფრთხე დიდი ხნით მოხსნილი აქვს . ყველა ავტონომიაში (დაღესტნისა და ჩეჩნეთის გარდა) ეროვნულ უმრავლესობას რუსები შეადგენენ.


თუ 20 წლის წინ რუსეთის მხოლოდ ეშინოდათ და ამიტომ სცემდნენ პატივს, დღეს ამ შიშის გარდა არის აგრეთვე რუსული ეკონომიკის ექსპანსია მსოფლიოში და პირველ რიგში ევროპაში. დღეს რუსეთი დიდი შვიდიანის (უკვე რვიანის) წევრია და მას განსაკუთრებულ სტუმრად იწვევენ ევროკავშირისა და ნატოს სამიტებზე.

რუსეთი თანდათან იბრუნებს პოლიტიკურ გავლენას.

და .. უამრავი ბერკეტი აქვს საქართველოს გაცამტვერებისათვის, დაქუცმაცებისა და საუკეთესო ტერიტორიების მიერთებისათვის, დარჩენილი ვაშლის ნაჭამის ფორმის საქართველოს მარიონეტად ქცევისათვის.

რა ვქნათ, ჩვენი ხელით გავითხაროთ საფლავი და მიწაც მივიყაროთ, რომ უმტკივნეულო იყოს?





ამერიკა კანადის შემდეგ ზომით მეორე სახელმწიფოა ჩრდილოეთ ამერიკაში და მოსახლეობით რიგით მე-3 მსოფლიოში ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ.

ეს სახელმწიფო გავლენიანია იმის მიუხედავად რომ, არ არის უდიდესი ტერიტორიულად და მოსახლეობით, არ არის სტრატეგიულ ადგილას, არ ფლობს ენერგომატარებლების განსაკუთრებით დიდ მარაგს და ამერიკულ ნავთობზე თუ გაზზე არავინაა დამოკიდებული.
მაგრამ რუსეთი მაინც ვერასოდეს, რა კატაკლიზმაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ვერ გახდება მსოფლიოს ლიდერი. რატომ? იხილეთ პოსტში "თვალები"

თეთრკანიანი ზიმბაბველი



დედამიწა მართლაც დაპატარავდა. ყველგან, ყველა სფეროში სიახლეებია. ყველა ცდილობს აჰყვეს პროგრესის იმ ტალღას რომელსაც ბოლო ათწლეულია (ჩვენთვის დაკარგული 6 და მცდელობების 4 წელი) მსოფლიო წინ დიდი ნაბიჯებით მიჰყავს.

დღეს საღამოს ევროსპორტს ვუყურებდი, მსოფლიოს ჩემპიონატში ცურვაში ქალთა შორის 200 მეტრში ზიმბაბველმა სპორტსმენმა მოიგო. ეს ზიმბაბველი ქერა თეთრი ქალი აღმოჩნდა- Kirsti Koventry. ეს სიტუაცია იმდენად არაჩვეულებრივი მეჩვენა რომ სურათი გადავუღე.

5 წუთის შემდეგ კაცთა შორის უნივერსალურ (სხვადასხვა სტილის ცურვა ერთად ჯერზე) ცურვაში კიდევ ერთმა თეთრკანინანმა - Cameron Van Der Burgh სამხრეთ აფრიკას ოქრო მოუტანა.

თუ სამხრეთი აფრიკის მასახელებელი რაგბისტები, მოცურავეები და ჩოგბურთელები არ გვიკვირს, იმიტომ რომ სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა ევროპელების დაარსებული, ევროპული განვითარების ქვეყანაა, თეთრკანიანი ზიმბაბველის მიერ ჩემპიონატის მოგება ნამდვილად გამიკვირდა.

ძირითადად ხომ პირიქითაა. შავკანიანი აფროამერიკელები, აფროფრანგები, აფროჰოლანდიელები თუ აფრობრიტანელები ასახელებენ თეთრკანიან ამერიკასა და ევროპას.

Thursday, April 10, 2008

ნამცხვრების ქალი



გაწვიმდა. დღევანდელმა წვიმამ ერთი მოსწრებული ფრაზა გამახსენა, ურეკში 1996 თუ 97 წელს პლიაჟზე ნამცხვრების ("ბაქლავაა ჩეხურიი, აჭარულიი, სნიკერსიი, მედოგიი თუ მედოკიი") გამყიდველი ქალის მიერ ნათქვამი.

წვიმა დაიწყო და პლაჟიდან დამსვენებლებმა თავისი ნივთები სასწრაფოდ აკრიფეს და სახლებში იწყეს დაბრუნება. ამ ფაცაფუცის მნახველმა ნამცხვრების გამყიდველმა ქალმა რომელსაც მყიდველები ეკარგებოდნენ ბრაზიანად ჩაილაპარაკა "რავა, ზღვა სულ სველი არ არის? აქ ზღვისთვის არა ხართ ჩამოსულები?"

ნამცხვრების დამტარებელ ქალებთან დაკავშიბით სხვა ისტორიაც მახსენდება.


ეს ამ პოსტის მთავარი ამბავია.

ისევ ურეკი, ქვიშიანი პლაჟი. ისევ უიმედო 1996 თუ 97 წელი. იქნებ სულაც იგივე ნამცხვრების გამყიდველი ქალი, რომელიც წვიმისგან შეშინებულ დამსვენებლებს ამუნათებდა.

9-12 წლის ბავშვები ტალღებთან თამაშობენ. ერთერთმა ბიჭმა ზედ წყლის დონეზე, ტალღებიდან 2-3 მეტრით დაშორებით დიდი ორმო ამოითხარა და შიგ ჩაწვა, სხვებმა ქვიშა გულგადულ მიაყარეს და ზედაპირზე მხოლოდ თავი დაუტოვეს.

რამდენიმე ხანში ქვიშას წყალი შეუდგა და ბავშვმა ქვიშაში იწყო ჩაძირვა.

გარშემო მყოფი ხალხი გვიან გამოერკვა, შეშინებული ბავშვის ყვირილი თავიდან თამაშად ჩათვალეს, მაგრამ მას შემდეგ რაც თვითონაც შენიშნეს, რომ ბავშვი მართლაც იძირება, მიცვივდნენ და პეშვ-პეშვ დაიწყეს ბავშვის ამოთხრა.

ამასობაში ბავშვი, რომელიც თავგანწირული ცდილობდა ხელების გათავისუფლებას უფრო და უფრო ქვემოთ იწევდა.

ნამცხვრების გამყიდველმა ქალმა, რომელიც მანმადე თავისი ჩვეული წამღერებული მონოტონური ტექსტითა და ენერგიული ნაბიჯებით მიუყვებოდა პლიაჟს, შეშინებული ბავშვის შემხედვარემ ერთი მოძრაობით გადაყარა მთელი თავისი ბაქლავ-მედოკები, ბავშვთან ჩაიმუხლა და ლანგარით დაიწყო ქვიშის ამოთხრა.
ერთ წუთში ბავშვი გათავისუფლებული იყო და დედას ჰყავდა ჩახუტებული.
3 წუთის შემდეგ კი ნამცხვრების გამყიდველი ქალი შეწუხებული სახით და ცარიელი ლანგრით გამობრუნდა უკან. ალბათ (იმედია)ახალი ნამცხვრების ასაღებად.

Tuesday, April 8, 2008

ტელეარხი "მიმინო TV"




დემოკრატია არის ხალხის შეკვეთის შესრულება მთავრობის მიერ.
ხალხი შეკვეთას მთავრობას აძლევს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც დემოკრატიის პირობებში ღებულობს ინფორმაციის სხვადასხვა, განსხვავებული თვალთახედვის მქონე საშუალებიდან.

რუსული საზოგადოება ინფორმაციას ღებულობს რუსული არხებიდან. რუსულ არხებს, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ არაერთხელ იქნენ მხილებულნი მთავრობისადმი მაამელობასა და მიკერძოებულობაში შეუძლიათ და ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებენ კიდევაც მაყურებელთა მოტყუებას და ზომბირებას.


რუსულ არხებზე დაყრდნობით რუსეთში ჩამოყალიბებულია ხალხის შეკვეთა - დაისაჯოს უმადური საქართველო, რომელიც რუსებმა გადაარჩინეს და ახლა აფხაზეთის დათმობაც კი არ უნდათ.

სტერეოტიპებს რომ შევეშვათ, ყოველდღიური სიახლეები რუსულ არხებზე აუცილებლად ტრანსფორმირდება რუსეთის ძირითადი პოლიტიკური კურსის შესაბამისად.

რუსული საზოგადოება მოკლებულია მოვლენების გვერდიდან შეფასების საშუალებას. რუსულენოვანი ევრონიუსი, რომელიც ზოგადევროპული სიახლეების კოლაჟებს აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, ამინდს ვერ ქმნის.

რუსული საზოგადოებისათვის უცნობია ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მოსასზრებები, მიზნები და მოტივები.

საქართველო თავის ხმას ვერ აწვდენს აფხაზებსაც. ქართული რადიო აფხაზურ ენაზე რადიოს შესაბამის ეფექტს იძლევა. მაგრამ ეს საკმარისი რა თქმა უნდა არ არის.
ტელეარხი "ალანია" მართალია ანალიტიკური გადაცემების დონეზე არა, მაგრამ სიახლეების ჩვენებით მაინც უკავშირდება ოსურ მოსახლეობას.

ეს უკვე ნაბიჯებია იმ ქსენოფობიის უფსკრულის ამოსავსებად, რაც პოსტკონფლიქტურ პერიოდში გვაქვს.
მაგრამ საკმარისი რა თქმა უნდა არ არის.


ეფექტური შეიძლება იყოს რუსეთზე რუსულად მაუწყებელი ქართული ტელეარხის არსებობა.

ტელეარხი "მიმინო"


მივაწვდინოთ რუსეთის აუდიტორიას რაც მათ უნდათ და აინტერესებს, ხოლო იმ საკითხებში, რომელიც ჩვენს ინტერესებს ეხება ჩვენი პოზიცია გავაცნოთ.
რისი ნახვა უნდა რუსს? რა ნიშა არის აუთვისებელი რუსულ ტელებაზარზე?
სსსრ-ის ნოსტალგია.
საკუთარი სიმაგრისა და სიკარგის ( ხელოვნება, ისტორიული როლი, მეცნიერება, კოსმოსი, სპორტი, ესტრადა, სამხედრო ძალა,) აღიარება.
.
.

Michael Jordan







ჯორდანი კალათბურთის აღიარებული მეფეა. იქნებ უფრო უალტერნატივო ვიდრე პელე ფეხბურთში.

როდესაც კალათბურთიდან ცოტა ხნის წასულმა თავისი გუნდის პრობლემები დაინახა, განაცხადა კალათბურთში ვბრუნდებიო.

ის უკვე ზარზეიმითა და სინანულით იყო გაცილებული თავისი ფანებისა და მასმედიის მიერ. და ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მთელ სპორტულ მსოფლიოში. ერთნი, და რა თქმა უნდა უმეტესობა, გახარებულნი იყვნენ რომ ისევ შეეძლებოდათ მისი უძლიერესი თამაშის ნახვა, მეორენი მას კარიერის უსახელო დასასრულს უწინანწარმეტყველებდნენ.

და აი დადგა ის დღე როცა ჯორდანი კვლავ უნდა გამოვიდეს Chicago Bulls-ის შემადგენლობაში. მატჩისადმი ინტერესი გაათმაგებულია. თამაშზე დასასწრები ბილეთები გაყიდული და შავ ბაზარზე ორმაგ ფასში გადაყიდულია, ტელევიზია ხელებს იფშვნეტს, დღევანდელ თამაშზე რეკლამა მათაც ორმაგ ფასად გაყიდეს, ამ თამაშს ხომ მთელი ამერიკა უყურებს.

ჯორდანი თამაშში მეორე ტაიმში შემოდის. შესვენება იწურება. ბუნჯღლებიანი მოცეკვავე გოგონები გაიკრიფნენ. მოედანზე ჯორდანი გამოდის. მოედნის ცენტრში ბურთს აუჩქარებლად კენწლავს. მეორე მხრიდან მას თამაშის კონფერანსიე უახლოვდება მიკროფონით ხელში. დაყენებული ბოხი შოუმენური ხმით იწყებს ჯორდანისა და მისი დაბრუნების წარდგენას. დარბაზი ექსტაზშია, ყვირილი, სტვენა, ტაში. კონფერანსიე უკვე ჯორდანთანაა და რაღაც შეკითხვით მიმართავს ჯორდანს.

და მთავარი ახლა ხდება.

ჯორდანი ჯერ ვითომ პასს აძლევს კონფერანსიეს, მოტრიალდება აქამდე ზურგის მხარეს ფარისკენ და ბურთს ფარისკენ გზავნის. გრძელი, დიდი რკალი და ბურთი კალათში ვარდება.
თითქმის ცენტრიდან.

ხალხის ექსტაზი მაშინ დგება.

არავინ უსაყვედურებდა ჯორდანს თუ კალათბურთის მატჩზე ცენტრიდან ნასროლს ვერ ჩააგდებდა, ან რომ ჩაეგდო ამ ერთი ჩაგდებისთვის გმირადაც არავინ შერაცხდა, მაგრამ როცა მთელი დარბაზის, ქვეყნის და მსოფლიო საკალათბურთო სამყაროს თვალები შენზეა მოპყრობილი და შენგან კონფერენსიე პასუხს ელოდება, თუ ბურთის პირდაპირ კალათში მოთავსებით გინდა უპასუხო, უნდა იცოდე რომ თუ ვერ ჩააგდე ყველა კრიტიკოსის ლოგიკური პროგნოზები გამართლდება: რომ შენ ის ძველი მფრინავი ჯორდანი აღარა ხარ, გუნდში გასართობად დაბრუნდი, დაბერდი და ამბიციები არ გასვენებს ან იქნებ სარეკლამო ბიზნესიდან მოინდომე დამატებითი ფულის ამოქაჩვა და ა. შ.

ჯორდანმა ისროლა!
გულშემატკივრები ბედნიერები კივიან, სკეპტიკოსებს თავისი გამოთქმული ფრაზების რცხვენიათ და ტაშს გამალებულნი უკრავენ.

ჯორდანს კი ყველა დროის უძერესი კალათბურთელის ყველა შემდგომი კანდიდატისათვის წინასწარვე დატოვებული აქვს ასეთი ბარიერი: ენდობი კი შენ შენს თავს იმდენად რომ შეძლო მთელი შენი სამომავლო ავტორიტეტი ერთ სროლაში ჩადო, ისროლო და ჩააგდო.


www.answers.com –ზე michael jordan ავკრიფე და ჯორდანის გამონათქვამებს გადავაწყდი.

შემთხვევით მართლა არაფერი ხდება. ეს კაცი ჭკვიანიც ყოფილა.
ამ ციტატების კითხვისას თანამედროვე ცოცხალ ბრძენს – კოელიოს მეგონა ვუსმენდი.

Michael Jordan

"I can accept failure, but I can't accept not trying." – Michael Jordan

"I've missed more than 9000 shots in my career. I've lost almost 300 games. 26 times, I've been trusted to take the game winning shot and missed. I've failed over and over and over again in my life. And that is why I succeed." – Michael Jordan

"Some people want it to happen, some wish it would happen, others make it happen." – Michael Jordan

"Just play. Have fun. Enjoy the game." – Michael Jordan

"One thing I believe to the fullest is that if you think and achieve as a team, the individual accolades will take care of themselves. Talent wins games, but teamwork and intelligence win championships." – Michael Jordan

"If you're trying to achieve, there will be roadblocks. I've had them; everybody has had them. But obstacles don't have to stop you. If you run into a wall, don't turn around and give up. Figure out how to climb it, go through it, or work around it." – Michael Jordan




Monday, April 7, 2008

"სიმპატიის ბადის" ტყვეობაში


ჩვენ ძველი, კომუნისტური ეპოქიდან გამოყოლილი პირობითი რეფლექსების ზემოქმედებით ჩვენს თავს, ქვეყანას, პოლიტიკას რუსეთის ტელეარხებით ვაფასებთ. არადა მსოფლიო მარტო რუსეთი არ არის.

მსოფლიო პირველ რიგში არის განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნები, რომელთა შეფასებები ყველაზე მეტად ახლო იქნება იმ შფასებასთან, რაც საუკუნეების შემდეგ ისტორიაში ჩაიწერება.


ჩემს მახსოვრობაში თანამედროვე ხელოვნება; მუსიკა, კინო, თეატრი .. რუსული არაფრად არ ვარგოდა, არავის არ მოსწონდა და არანაირი მიზიდულობა არ ჰქონდა. შესაბამისად რიგითი რუსისადმი სიმპათია, თანაგრძნობა და პატივისცემაც უმნიშვნელო იყო.

დღეს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთი აშკარა მტერია, ხალხს მაინც მეტი თანაგრძნობა და პატივისცემა აქვს რუსების მიმართ. ეს არის რუსული ესტრადის, ტელევიზიის, ფილმების, სერიალებისა და სპორტსმენების გავლენა.როგორ უნდა განსაჯოს რიგითმა ქართველმა პოლიტიკური მდგოამარეობა ობიექტურად, ისე რომ არ აღმოჩნდეს ამ სუბიექტური "სიმპატიის ბადის" ტყვეობაში?

ახალი ასფალტი




ლონდონში საბჭოთა რუსი ტურისტების შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა გაკრიჭო გაზონი ისე ლამაზად, როგორც ეს ბაკინჰემის სასახლის წინაა, ინგლისელებმა უპასუხეს - უნდა კრიჭო სისტემატიურად არანაკლებ ორასი წლის განმავლობაშიო.


ჩვენი ახალი ასფალტიც არ არის იდეალური, მაგრამ შემდგომი მოვლა-რემონტით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, ივარგებს იმისთვის რომ ახალი პირი ასფალტის საფარის დაგებისას მაინც მივიღოთ კარგი გზები.