ქუჩაში მოძრაობის მიღებულ (და არა ოფიციალურ) წესებს განვიხილავ როგორც მასში მონაწილე ხალხის ზოგად ეთნო თუ ქალაქური ფსიქოპორტრეტის მთავარ მაჩვენებლად. არაერთხელ დამიწერია გაბრაზებულს ჩვენი ქალაქის უზრდელ მოქალაქეებზე სწორედ ქუჩაში მოძრაობის თბილისური რეალიების შემხედვარეს.
პროექტისც კი დავწერე ამ თემაზე(თუმცა ჯერ ვერ დავაბინავე).
პარიზში წასვლამდე მქონდა წარმოდგენა, რომ ქუჩაში მოძრაობის მონაწილე ობიექტები (მანქანები/მოტო/ველო ტრანსპორტი და ქვეითები) განუხრელად უნდა ემორჩილებოდნენ შუქნიშნებსა და ქუჩის სტოპხაზებს. ყოველთვის ვბრაზდებოდი, როდესაც თბილისში ვაწყდებოდი ავტომობილის მძღოლსა და ქვეითს შორის ნებისმიერი სახის ურთიერთობას (მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქვეითის მუდარიანი თვალები მძღოლის მიმართ- მაცალე გზაჯვარედინის გადასვლაო, ან მანქანის დაძვრისწინა ქვეითის წვივზე მიგდება, უკანა მანქანის სიგნალი შუქნიშნის გაყვითლებისთანავე არის ურბანულ-ტრანსფორმირებული რატომღაც შერჩენადი დედის გინება და საერთო ჯამში ჩემი ერის სირცხვილი).
მაინტერესებდა, როგორ ხერხდება ქალაქში, რომელსაც ამ საკითხში თბილისთან შედარებით 10-ჯერ მეტი ობიექტური პრობლემა აქვს (მოსახლეობის რაოდენობა, ავტოსთან ერთად მოტო და ველო ტრანსპორტის სიმრავლე, სხვადასვა კულტურის ტურისტთა ტაბუნების ნიაღვარი და სხვა) ავტო და ქვეითთა მოძრაობის რეგულირება ცივილიზაციის ფარგლებში.
მაინტერესებდა როგორ ინარჩუნებს ღირსებას ქვეითი და მძღოლი, რა ჯადოსნური ელექსირი აქვს ამისთანა ფრანგულ ჟანდარმერიას, რომ ასეთ ქალაქში მოძრაობა დაარეგულიროს.
პირველივე დღეს გავერკვიე. მოძრაობა მართლაც დარეგულირებულია, თითქმის იდეალურად დარეგულირებული, იმდენად იდეალურად, რომ ქაოსს ჰგავს, მაგრამ იდეალურ წესრიგზე უფრო ეფექტურია.
აღმოჩნდა რომ ქუჩაში მოძრაობას პოლიცია არ არეგულირებს. ქუჩაში პოლიციელი ერთადერთ პაწაწინა რატომღაც უშუქნიშნო გზაჯვარედინზე იდგა და ქვეითებს ეხმარებოდა, ქვეითთა უპირობო პრივილეგიას კიდევ უფრო ზრდიდა.
მაშ ასე, პოლიციელები არა. მაშ რა?
ჩამოვთვლი:
-შუქნიშნები თითქმის ყველა 50 მეტრშია,
-გადასასვლელი ასევე ყველა 50 მეტრშია და აუცილებლად დახაზულია.
-ქვეითებს აუცილებლად, ყველა გზაჯვარედინზე აქვთ შუქნიშანი.
-ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთაგან პრივილეგირებულნი არიან ქვეითები.
ეს აქამდე სტანდარტულ ცივილური, ახლა კი კონკრეტრულად პარიზული -
-ავტომობილები განუხრელად ემორჩილებიან შუქნიშნებს, მაშინ როდესაც ქვეითს შეუძლია გადაირბინოს ქუჩა ქვეითთათვის წითელ შუქზე ერთი პირობით, თუკი ავტო/მოტო/ველოს არ მოუწევს მოძრაობის შენელება თავისივე კუთვნილ მწვანე გზაზე, არათუ დამუხრუჭება, შენელებაც კი დაუშვებელია.
-ქვეითებს შეუძლიათ ისარგებლონ თავისი უპირატესობით, მაგრამ ამ სარგებლობასაც თავისი "ბოდილენგვიჯის" წესების დაცვა ჭირდება. მაგალითად, თუკი ერთი ფეხი მაინც ჩამოდგმული გაქვს ტროტუარიდან და გადასვლას აპირებ, გზა შენია, მაგრამ თუკი ტროტუარიდან გზაზე ჩამოსული კეთილგანწყობილი ჟესტით მანქანას უთმობ გზას, მძღოლი დაიბნევა, შეწუხებული ფრთხილად გაგივლის და შეიძლება უკმაყოფილომაც მოგაბურტყუნოს რამე.
ერთი შეხედვით ქუჩა ხალხს და მანქანებს +მოტოციკლებსა+ველოსიპედებს ვერ იტევს , პერიოდულად ეს ყველაფერი ქაოსს დას უწესრიგობას ემსგავსება, მაგრამ მთავარი წესი ყოველთვის შენარჩუნებულია.
-მთავარი ერთი წესი, რომელიც ქუჩაში მოძრაობას არეგურირებს მაინც ერთია - ერთმანეთის პატივისცემა ქვეითთა უპირატესობის მუდმივი დემონსტრირება.
შედეგად 6 დღის განმავლობაში ჩვენ საცობი არ გვინახავს, არც შეურაცხყოფილი ქვეითი. სიგნალები არის, იშვიათად გაბმულიც, მაგრამ უფრო გამოფხიზლების მიზნით, ვიდრე შეგინების.
გადაჭედილ და უხვ შუქნიშნიან ვიწრო ქუჩებში მხოლოდ მოტოციკლები დაქრიან პირუეტებით (ხაზებს ადვილად და ოსტატურად იცვლიან) მაგრამ გზაჯვარედინების სიახლოვეს არათუ მოტოციკლები, ველოსიპედებიც საერთო წესს ემორჩილებიან.
Monday, February 8, 2010
პარიზის ქუჩები: ქუჩაში მოძაობის წესები.
Sunday, February 7, 2010
პარიზელები. მოქალაქეთა ექსტერიერი
ზამთარში პარიზში ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეთაგან დაახლოებით 20% ჩინელია, 20% ზანგი, 15 პროცენტი არაბი და.. 45% საკუთრივ ფრანგი.
და... ამ 45% ფრანგში კი სადღაც 25% ქართველია. ააა??
ხო. არ მოგესმათ, ქართველი.
ექსტერიერზე მაქვს საუბარი, სინამდვილეში ქართველი არცერთი არ შემხვედრია ერთი კვირის განმავლობაში.
ეს ფაქტი გამაოცებელთაგან პირველი იყო ჩემთვის - ფრანგები ძალიან ჰგვანან ქართველებს,
იმდენად ჰგვანან, რომ თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მიმემართა ამ კაცისთვის უცხოურ ენაზე და არა ქართულად.
ბაქოში ჩახვალ,ერევანში, მოსკოვში თუ პრაღაში სწრაფადვე მიხვდები, რომ ეს ხალხი შენი ჯიშისანი არ არიან და მათ მათსავე ენაზე უნდა ელაპარაკო, აი პარიზში კი ეს გრძნობა არ გაქვს, 5 კაცში ერთს სუფთა ქართული გარეგნობა აქვს, ლუი დე ფიუნესი, ანუკ ემე, ჟან გაბენი ვარიაციებით.ეშმაკმამც დალახვროს, თვალები მოვიფშვნიტე - მეტროსადგური სტალინგრადი
Posted by
cartwheel
at
5:05 PM
0
comments
Friday, February 5, 2010
ეს მაგიდა პარიზში მონტერგუელის ქუჩაზეა, კაფე "ლა ეპიკერიაში"
ზედ სამი ფურცელი ფრანგი უცნობი გამვლელ, გამყიდველების მიერ ჩვენთვის მიმასწავლებელი ბარათებია. ვინ თქვა რომ ფრანგები ცივი, ქედმაღალი და უყურადღებო ხალხია, რომ ინგლისურ შეკითხვაზე არც კი გიპასუხებენ და სხვა ათასი "შეთქმულების თეორია".
ვაღიარებ, ეს ხალხი - ფრანგები, პარიზელები ჩემზე უფრო ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი, და დახმარებისთვის მუდმივად მზადმყოფი და სტუმართმოყვარეა.
ზაფხულისგან განსხვავებით ზამთარში პარიზის ქუჩებში მოსიარულე ხალხის უმეტესობა პარიზელებია, ტურისტების დიდი ნაწილი კი ფრანგები.
Posted by
cartwheel
at
7:05 PM
1 comments
ეს მაგიდა მონპარნასზე მდებარე კაფე "როტონდას" ეკუთვნის, ამ ჭიქებში ცხელი შოკოლადი ესხა, რომელიც მე გეახელით. ხურდა კი როტონდას გარსონისაა, მე დავუტოვე ისე როგორც ეს გვიანდერძა ამ კაფეში ხშირად მყოფმა ჰემინგუეიმ (ოღონდ "ფიესტაში" - აუციელბლად დაუტოვეთ ხურდა ოფიციანტებს მით უფრო თუ იმ კაფეში ოდესმე შეიძლება მოგიხდეთ დაბრუნებაო).ცხელი შოკოლადი ძალიან კარგი გამოდგა, მოდილიანის სურათები კი ასლები, მაგრამ მაინც კარგი იყო
Posted by
cartwheel
at
6:46 PM
0
comments
პირველი ინსტრუმენტები
ჩემი პარიზული შთაბეჭდილებები დიდია, ქაოტური, მრავალმხრივი და ჩემთვის იშვიათი ნამდვილი პათოსით გაჯერებული.
მინდა დავალაგო ჩემთვის და თქვენთვისაც, მინდა დამრჩეს და არ გახუნდეს.
ჯერ ცალკეულ თემებს ჩავყრი უსისტემოდ, მერე იქნებ გავაერთიანო.
დღევანდელი თემა დამწერლობამდელი ადამიანია, რომელსაც მე ლუვრში გავეცანი.
იმ შორეულ მინუს 20 საუკუნამდელ ეპოქაში, როცა ადამიანის მთავარი საზრუნავი ჯერ კიდევ ძალითა და მოხერხებულობით მასზე აღმატებული ვეფხვების, მგლებისა და დათვების მოგერიება, ცეცხლის ანთება და შენახვა, წვიმის, ქარის, ღამის უკუნისა და ზამთრის უნაყოფობის გადატანა იყო, როცა პირველი ღვთაებები მორცხვად შემოაბიჯებდნენ გამოქვაბულებსა და ბუნაგებში, თურმე მაშინ ის ადამიანები ჩემზე ნაკლები ინტელექტის მქონენი არ ყოფილან.
ეს მძიმე დასკვნა იყო ჩემთვის, აქამდე მეგონა რომ ისტორიისა და ცივილიზაციის პარალელურად ადამიანიც მნიშვნელოვნად განვითარდა, პრიმიტიული კატეგორიებით მოაზროვნე დაშინებული არსებისაგან დღევანდელ ტექნოკრატიულ არსებად იქცა.
ლუვრის პრეანტიკური დარბაზების თვალიერებისას კი მე აშკარად დავინახე, რომ ის ადამიანი იმ დროს ჭკვიანი, იმედიანი და ნიჭიერი იყო. რას ვიზამდი მე, იმ დროს რომ დავბადებულიყავი? დიდი ალბათობით ვერცერთ ბაიტ ინფორმაციას ვერ დავტოვებდი მათგან განსხვავებით.
მადლობა მათ, უსახელო ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს ქმნა, არა მარტო კეთება, არამედ ქმნა.
ლუვრში ჩემთვის გასაკვირად ფოტოგადაღება დაშვებულია(ოღონდ ფლეშგანათების გარეშე). აქ ჩემი გადაღებული სურათებია. ხარისხით მაინცადამაინც ვერ დავიკვეხნი, ეს არის რაც არის.ყველა ამ სურათზე ადამიანების მიერ შექმნილი პირველი ინსტრუმენტებია, განყენებული აზროვნების პირველი უტყუარი საბუთები.
ამ სურათებზე გამოსახული ყველა ნივთი მინუს 20 საუკუნეზე ადრინდელიაპირველი ტრაფარეტი
პირველი მაკეტი
პირველი ასანთი
პირველი ეტალონი
პირველი კამათელი
პირველი ვიოლინო
პირველი სარკე
პირველი ხელოვნური სათამაშო კოჭები
პირველი სალარო აპარატი
პირველი სტამბა
და ყველა ინსტრუმენტზე ზემდგომი - პირველი დამწერლობა
პირველი ილუსტრირებული ისტორიულ-დოკუმენტური მოთხრობა
Posted by
cartwheel
at
11:41 AM
1 comments
Wednesday, January 27, 2010
თბილისი -პრაღა- პარიზი 05:00

მალე პარიზს მივემგზავრები პრაღის გავლით.
ყველა წესით და კანონით, თუკი საერთოდ ამ ცხოვრებაში პარიზის მონახულება მომიწევდა, ამ მოვლენას წინ უნდა ხლებოდა ბევრი ისეთი, რომელიც ლოგიკური თანმიმდევრობით უნდა აღსრულებულიყო - უმნიშვნელოდან მნიშვნელოვანისკენ, იაფიდან ძვირისკენ, აუცილებელიდან ხუშტურისკენ.
მე კი ეს თანმიმდევრობა მერღვევა, ბოლო საოცნებო თავგადასაველი ისე მიხდება, რომ ჯერ ბევრი პრაგმატული საფეხური არ გამივლია (დღეს არ მყავს მანქანა, დასაბეჭდად გამზადებული წიგნები ვერ გამოვეცი, პატარა რემონტი ჩემი ოჯახის ყველა წევრს გვჭირდება თუნდაც გეგმიური). მე კი პარიზში მივდივარ.
ოქრო , ვერცხლი და ბრილიანტისა რა მოგახსენოთ და მე და ჩემს ცოლს კი "პარიზის ქორწილი" გვაქვს (ქორწინების 20 წლის თავი). მაშინ აქ თბილისში მშვენიერი ამინდი იდგა, დღეისგან განსხვავებით (ცივი ქარი ყმუის).
ევროპაში რეკორდულად ცივი ზამთარიაო, გვახარა კურიერმა. არაუშავს, გავუძლებ. იმედია თოვლი მაინც იქნება და თბილისის ფორუმზე პარიზის თემაში ხშირად ნახსენებ ნაგავს დაფარავს. ცოტა არ ოყოს გავბრაზდი ამ პარიზული ნაგვის ხშირი ხსენებით, ცოტა მაღლა აიხედეთ შვილოსან, ეს ულამაზესი ქალაქი უზარმაზარი შრომის, კულტურის, ცივილიზაციის, კარგი გემოვნების ზედნაშენია, ასე მგონია. ჩვენგან ჩასულები კი ნიშნისმოგებით რატომღაც ერთხმად ნაგავს "აფიქსირებენ". არ ვაპირებ გავღიზიანდე თუკი ქალაქში, რომელშიც წელიწადში 30 მლნ. ტურისტი ჩადის ბინძური დამხვდა, ჩემი სანახავი ობიექტები მიწიდან 20სმ-ზე მაღლა მეგულება.
მისურვეთ გამძლეობა 7 დღეში უამრავი სანახავი უნდა მოვიარო.
Posted by
cartwheel
at
12:14 AM
1 comments
Labels: ვინიგრეტი
Monday, January 25, 2010
ფილი ვარ თუ ფობი? რუსო მაქვს მხედველობაში

.
ამწინეებზე ჩემი ბლოგის ერთმა მართლა პატივცემულმა სტუმარმა კომენტში ჩამიწერა, რუსოფობი თუ იყავი არ მეგონაო.ჩემთვის ვფიქრობ.
რუსოფილი ვარ თუ რუსოფობი?
ვთქვათ თამაშის პირობა ასეთია, ან ფილი უნდა იყო, ან ფობი, შუალედური პოზიცია არ შეიძლება. ვის ბანაკში წავალ მე?
მოგეხსენებათ ფობია შიშს ნიშნავს, ფილია სიყვარულს.
ჩვენს რეალობაში რუსოფობია რუსულის სიძულვილად ტრანსფორმირდა, მაგრამ ძირი იგივე დარჩა - შიში.
მე რომ რუსოფობი ვიყო გავუგებდი ნოღაიდელსა და ოპოზიციას, იქნებ მათი აქტივისტიც გავმხდარიყავი. აბა წარმოიდგინეთ პოზიცია კაცისა ვისაც რუსეთის ეშინია. ის თვლის რომ რუსეთი მოვა და დაგიპყრობს, ქუჩების თავში და ბოლოში ბლოგპოსტებს ჩაგვიყენებს (გვახსოვს 20 წლის წინანდელი აპრილი), ყველას აგიმხედრებს, უფროსად მლიქვნელს დაგინიშნავს ძეშვილი გვარით. თვლი რომ საქართველო ვერასდროს გაერთიანდება და რუსეთს ყოველთვის ექნება სამხედრო უპირატესობა საქართველოს ტერიტორიაზე (როგორც ახლაა).
რაღა დამრჩენია, ნოღაიდელის იმედადღა უნდა ვათენო და ვაღამო.
ეხლა კი ფილია, სიყვარული. ერთი საათიც არ არის გასული რაც ფორუმზე ერთერთი ფორუმელის მიერ რუსული ინტერნეტ ფორუმებიდან ქართველებსა და საქართველოზე ამოკრეფილი "მარგელიტები" წავიკითხე, ყველა შეურაცხმყოფელი და ველიკოძერჟავული, ზიზღის პოეზია მოკლედ.
ამის მიუხედავად ვიტყვი, რომ მე საქართველოს გაერთიანების იმედი მაქვს (თარიღს არ ვასახელებ) და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს რუსების თანხმობით. იმედი მაქვს დღეს დაჩმორებული ე.წ. მეორე რუსეთის, რომელიც მჯერა რომ არსებობს. ანუ რუსოფილი მე ვყოფილვარ. რუსის წინააღმდეგ თუ საჭირო გახდა ვიბრძოლებ კიდევაც, მოვკლავ იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანამ თვითონ ჩაგთვალოს მებრძოლად, გულწრფელ სამშობლოს დამცველად, როგორიც მას მილიონები ჰყავს.
ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლიობის ფარგლებში, რათა რუსებმა თავის ფორუმზე ჩემი ომი "პინოკ-ად" არ მოიხსენიონ. გულწრფელად შევეცდები ამ ბეგემოტს თავისი 8 სმ-იანი კანით ტკივილი ვაგრძნობინო და არა ქავილი.
და ამ ჩემი ბრძოლის ადრესატი იქნება მეორე რუსეთი, რომელსაც მე პატივს ვცემ, და რომელიც დღეს გაყურსულია, გაგრაში წარსულ დიდებას დაუბრუნდა და ნებივრობს.
Posted by
cartwheel
at
12:59 PM
0
comments

