Tuesday, September 29, 2009

გამარჯობა კეისარო! სიკვდილზე მიმავალნი მოგესალმებით!



ეს კი ფორუმის თანამოსახელე თემაა ბევრი სიმღერით


შარშან, ომის დროს და შემდეგ დღეებში ქართულმა პოპფენამ ჯარისკაცებზე არანაკლები ოფლი ღვარეს ქართული საქმისთვის. დაიწერა 10-მდე სიმღერა, იმღერა და გადაღებული იქნა კლიპად, ტელევიზიებმა ეს ნამოღვაწევი უშურველად აფრქვიეს ეთერში.
მიზანი ნათელი იყო - ეს არის ის მომენტი! დღეს საქართველოს ბედი წყდება. დღეს შენი მონაწილეობაა საჭირო, დღეს დადექი იქ, სადაც მტერი გელის, დაანახე მსოფლიოს რომ ხარ და არ გეშინია, რომ ერთად ვართ და ... და კიდევ ათასი პატრიოტული ქვეტექსტი.
მოინდომეს, ღამეებიც ათიეს კლიპების ჩასაწერად და... რა მივიღეთ?
ერთიორი მართლაც ხარისხიანი და დინამიური კლიპის, ოღონდ პოლიტიკური და არა სასიმღერო კლიპის გარდა არაფერი სიტუაციის შესაფერისი.
ისევ გმინვა, ისევ პათეტიკა, ისევ ათასჯერ გაცვეთილი ფრაზები და მელოდიები (თუკი შეიძლება მელოდია ერქვას ამ გოდებას).

მოკლედ, კიდევ კარგი, რუსთაველზე მიტინგებმა მოგვისწრო, თორემ ერთი მონდომებული მზადება იყო საქართველოს გამოცხადებული პანაშვიდისათვის (ერთერთ გმინვა-კლიპის დოკუმენტურ კადრებში მეც მოვხვდი, საავადმყოფოში დაჭრილებს ვღებულობდი).

ბევრჯერ გავბრაზდი მაშინ, ნუთუ, ნუთუ კარგი, კარგი, ჩვენ ვერ შევქმენით რამე ამაყი, ენერგიული და ღირსეული. დავიჯერო, არ შეუძლიათ ღირსეული ერების კართოტეკიდან ამოვიღოთ შესაბამისი მუსიკა, რომელიც ევროპაში მე-17 საუკუნიდან იწერება და მე-20 საუკუნეში ფანტასტიკურ სიმაღლეზეა ატანილი. რატომა არ შეიძლება ჯარისკაცი, რომელიც ხვალ ომში ჩაბმას ვარაუდობს იმას ისმენდეს, რაც მას დამუხტავს და არა დააბეჩავებს.
ჩვენ ხომ იმ დღეებში ყველა პოტენციური ჯარისკაცები ვიყავით და რეალურადაც გავხდებოდით ცოტა ხანგრძლივი რომ ყოფილიყო ომი.
მე ჩემთვის ვცდილობდი მომეძებნა ის მუსიკა, რომელსაც სასიკვდილო ომის წინ მოვისმენდი.
სხვამ, ვისაც ეს ევალებოდა არ მომიძებნა, მე ვერ მოვიცალე და მთელი აგვისტო დავრჩი ქართული ტვ-ს მოქვითინე ნოტაზე.
ფიშტი!
სირცხვილია.
ომის წლისთავზე მე აღარ მინდა ახალი ომი იმიტომაც, რომ ვიცი, ისევ ის მდარე, მშიშრულ-მგლოვიარე კრინები უნდა ვისმინო.
ბოდიში ბიჭებო და გოგოებო (მომღერლებო) ღმერთმა დამიფაროს სიკვდილისწინ თქვენი სიმღერები მედგას ყურში, ძაან უბედური ვიქნები.
"სალვე ცეზარ, მორიტური ტე სალუტანტ!"გამარჯობა კეისარო! სიკვდილზე მიმავალნი მოგესალმებით!
ეს რომაელ ლეგოიონერთა შეძახილი იყო კეისარის მიმართ ომში წასვლის წინ.

მეც მინდა მუსიკა, რომელის შემდეგ ამ სიტყვებს ვიტყვი. ღმერათმა არ დამაჭირვოს, მაგრამ სადღაც უნდა მქონდეს, მერე რომ არ ვეძებო.

ამწუთას ეს სამი გამახსენდა, თქვენც მომეხმარეთ.
დადეთ ერთი-ორი სიმღერა თქვენი არჩევანით.




ALIEN ANT FARM



http://www.youtube.com/watch?v=n6BZiFBws3I






Thursday, September 24, 2009

მამა ერები-შვილი ქვეყნები

კარგი, გენდერულ საკითხში არაკორექტულობა რომ არ დამწამონ - დედა ერები-შვილი ქვეყნები.

არიან ერები მსოფლიოში, რომლებმაც არა მხოლოდ საკუთარი ქვეყანა შექმნეს, არამედ შეძლეს სხვა მიწაზე შეექმნათ საკუთარი ქვეყნის ჯერ "ფილიალები", შემდეგ კი, მას შემდეგ რაც ეს "ფილიალები" იმპერიის ცენტრისგან დამოუკიდებლები გახდნენ, დედაქვეყნებად იქცნენ.

ბრიტანეთმა შვა/ინგლისელებმა შვეს:
აშშ,კანადა და ავსტრალია. (თუმც კანადას დედაც ჰყავს და მამაც-ბრიტანეთი და საფრანგეთი).
ესპანეთმა შვა/ესპანელებმა შვეს:
მექსიკა, პანამა,კუბა, ჰონდურასი, ბოლივია, ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ჩილე და არგენტინა.
პორტუგალიამ შვა/პორტუგალიელებმა შვეს:
ბრაზილია.
სხვაგვარადაა საქმე ჩინელთა და არაბებთან მიმართებაში:
ჩინელებსა და არაბებს სხვა ნაციები არ გაუჩენიათ (ისე როგორც ბრიტანელებმა გააჩინეს ავსტრალიელები და ზელანდიელები, ხოლო პორტუგალიეპებმა ბრაზილიელები).
მათ შექმნეს ჩინური სახელბწიფოები: ტაივანი, ჰონგკონგი და საკუთრივ ჩინეთი.
არაბებმა კი: მაროკო,ალჟირი,ლივია,ეგვიპტე,იორდანია,ლიბია,ბახრეინი,იემენი და საკუთრივ არაბეთი.







შვილი-ერობაა ცუდი არაა. პირიქით, შვილი ერები და ქვეყნები ძალიან ხშირად მშობელ ერებს ჯობნიან:

აშშ ბრიტანეთს, ბრაზილია პორტუგალიას,
არგენტინა ესპანეთს (ფეხბურთში ),
ჰონგკონგი ჩინეთს (ტექნოლოგიები,ცხოვრების დონე).

შვილ ერებს მინიმუმ ერთი ქვეყნის, თანაც მაგარი ქვეყნის "უპირობო სიყვარული" და მხარდაჭერა მუდმივად აქვთ.


ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ მართლაცდა საუკეთესო ადგილზე.
ერთი მოვალეობა გვაქვს შთამომავლობის მიმართ, ეს მიწა შევინარჩუნოთ.
არც დედა ერი ვართ და არც შვილი, არც დედა ერის უპირობო დახმარების იმედი გვაქვს და არც შვილი ქვეყნის.



დედა ერები: ინგლისელები, ესპანელები, პორტუგალიელები, ჩინელები, არაბები ორი გზით გახდნენ სხვათა ქვეყნების შემქმნელები:
ინგლისმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ თავისი ქვეყნის წყობა-წესრიგი, კარგი წესრიგი დააფუძნეს სხვათა ტერიტორიებზე.
ჩინელები და არაბები კი საკუთარ ტერიტორიაზე დაიყვნენ, მათ სხვა ქვეყნის უკეთესი წყობა-წესრიგი შემოეპარათ.
ჰონგ-კონგსა და ტაივანში კი ორი დედაერი ერთმანეთს დაეჯახა.
ინგლისმა საკუთარი წარმატებული წყობა-წესრიგის უპირატესობის წყალობით 200-ჯერ მასზე დიდსა და ხალხმრავალ ჩინეთს ჰონგკონგი და ტაივანი გამოგლიჯა.
სიმართლე ყველაზე ძლიერი არგუმენტია, ყოველთვის იმარჯვებს, თუკი საკმარისი დრო გაქვს სიმართლის შესაფასებლად.
ჰონგკონგისა და ტაივანის წარმატებამ იგივე ხალხი, ჩინელები წაახალისა ჩრდილოეთკორეულისნაირი ქვეყნისაგან ჰონგკონგისნაირი ქვეყანა შეექმნათ.

საით მიმყავს.
ქვეყნის შიდა წყობა-წესრიგი არის მთავარი იარაღი, რომელიც ადამიანს არჩევანში ეხმარება თუ რა უნდა.
საქართველოს იარაღი ტერიტორიების შემოსაერთებლად მისი უნარია გახდეს საუკეთესო დემოკრატია, საუკეთესო წესრიგი და დააფუძნოს თანაბარი უფლებები ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის.

მაგრამ, რუსეთს ცრემლების არ ჯერა, სხვათა შორის არც მსოფლიოს. ეს ცრემლები ოფლითა და ... სისხლით უნდა იყოს შეზავებული მსოფლიომ რომ გცნოს, გამარჯვების ღირსად რომ გცნოს.

ობამას გამოსვლა იყო გუშინ გაეროს ტრიბუნაზე.

ეს გამოსვლა თითქმის ასეთივე ტექსტით იქნებოდა რუსეთ-საქართველოს ომის გარეშეც, მაგრამ ომი რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც ჩვენ ახლა საქართველოს მხარდაჭერად ვისმენთ, პირიქით, საქართველოს დამქუცმაცებელი იქნებოდა "ჩეინჯებიანი" მსოფლიოსთვის.
და ამიტომ, და ამიტომაც მადლობა საქართველოსთვის დაღუპულ ბიჭებს, მათ ოჯახებს.


გენგეგმით აქ ადგილები კიდევაა.
დაკავებული ჯერ მეოთხედია.





მშობელი ერებისგან განსხვავებით ისტორიაში ბევრი ერი იყო , რომელმაც არათუ გავრცელება და გამრავლება შეძლეს, არამედ საწინააღმდეგოდ, მოახერხეს უდიდესი კულტურული და ეკონომიკური უპირატესობები, რომლებიც მათ იმდროენდელი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობისთან ჰქონდათ, უაზროდ გაეფლანგათ და საკუთარი სახელმწიფოებრიობაც დაეკარგათ.
ცივილიზაციის აკვანი ასირიელებმა დაარწიეს, დღეს ისინი მსოფლიოში გაფანტულ ეროვნულ უმცირესობებად შემორჩნენ, მაგრამ ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არ არიან. აღარ დარჩა ადამიანი მსოფლიოში, რომელიც სიამაყით იტყვის: მე ფინიკიელი ვარ, მე ბაბილონელი ვარ, მე ხეთი ვარ. ეგვიპტელობას, პალესტინელობას, დღეს სხვა ხალხი იბრალებს, ნამდვილი ეგვიპტელები და პალესტინელები გაითქვიფნენ.

1000 წლის შემდეგ ვინმე იტყვის თუ არა, რომ ქართველია, და იტყვის თუ არა ამას სიამაყით ეს ალბათ ჩვენს დღევანდელ ქცევაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

ჩვენ უნდა გავხდეთ ის, რაც არის ინგლისელი ამერიკისა და ავსტრალიის არაინგლისურფესვებიანი მოსახლეობისათვის, ხოლო ესპანელი ლათინური ქვეყნების არაესპანურფესვებიანი მოქალაქეებისათვის არის.
ჩვენი მოქალაქე არაქართველებისათვის, პირველ რიგში აფხაზებისა და ოსებისათვის წესიერი, განათლებული, კანონდამჯერე და დემოკრატიული ქვეყნის გარანტი უნდა გავხდეთ. უნდა გავხდეთ მოდუსი, კონსტანტა, მუდმივა, გარანტი ყველა კვადრეტულ მეტრზე. ვერ უნდა მოვითმინოთ სიბინძურე, უწესრიგობა, უზრდელობა, ნეპოტიზმი, თავხედობა. ჩვენი მტერი ჩვენს გვერდზეა, და ის უზრდელია, ის უწესოა, ის ჩამწყობია, ის გამჩარხავია, ის მუდმივად პრივილეგიებს ეძებს და თუ არ ეკუთვნის ძალით მოიპოვებს, მას უნდა სასტარტო პოზიცია ყოველთვის უკეთესი ჰქონდეს ვიდრე ქალს, არაქართველს, ნაკლებიფასიანმანქანიანს, ბავშვს, გამხდარს, უზურგოს, მოკლედ... სხვას, სხვანაირს.
ის შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს გვერდის ავლით უსწრებს,
ორმაგ უწყვეტ ხაზს სლალომით კვეთს 30 გაჩერებულ მანქანას შორის, თუ ვერ გააღწია და თავის რიგს ურქენს, ჩამაყენე შენს წინ, ვერ ხედავ მე მოვედიო.მას რიგში არ ეკადრება, ის ჩემი მტერია. გადაეცით რომ ჩემი მანქანიდან დედებს ვაგინებ.

Monday, September 21, 2009

ჯადოსნური ტრანსფორმაცია

ჰოლივუდს ზოგ-ზოგიერთი სნობისგან განსხვავებით დიდ პატივს ვცემ.
ჰოლივუდი დედამიწას ატრიალებს და თანაც კიდევ კარგი, რომ სწორად ატრიალებს.
მასის ტვინები ფრანგული ან იტალიური (ღმერთმა დამიფაროს, რომ რუსული და ჩინური) ფილმებით არ იძერწება. ამ სოციალური როლის გარდა აგრეთვე მიმაჩნია რომ ჰოლივუდი კაცობრიობის ნიჭის მწვერვალების ჰიმალაია, ამისთვისაც ვაფასებ.

თუმცა რამდენიმე ბრიყვული კლიშეზე, რომელიც ამ პლანეტა ჰოლივუდში წესად ჩამოყალიბდა რა თქმა უნდა მეც მეცინება.
ერთი ასეთი სასაცილო, მაგრამ რაციონალური ბრიყვული წესი, რომელიც ცოტას თუ აქვს შემჩნეული არის, მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი მსახიობისათვის ერთი ძალიან ვიწრო პროფილის პერსონაჟის თამაში სხვადასხვა ფილმში.

მაგალითად, შეიძლება ერთი და იგივე მსახიობი შეიძლება ნახო 3 სხვადასხვა ფილმში, 1 წუთიან როლში, რომელშიც ის უცვლელად მაღაზიას ძარცვავს,
მეორე ასეთ დღეში ჩავარდნილი მსახიობი კი შეიძლება მთელი ცხოვრება იმ ქმარს თამაშობდეს, რომელსაც ცოლი სამართლიანად ღალატობს,
მესამეს კი მთელი ცხოვრება მოსამართლის თამაში აქვს მისჯილი,
მეოთხეს ბინძური პოლიციელის,
მეხუთეს მაფიოზის ბრიყვი ხელქვეითის.

ამ ადამიანებისთვის პირველი წარმატებული როლი ხდება ხაფანგი, რომელიც მას სხვა ამპლუისკენ გახედვის შანსს უსპობს.

ეს კაცი კი, თაგუნა სტიუარტის "მამილო",

როგორ გახდა ექიმი ჰაუსი
ჩემთვის გამოცანად რჩება.
გამონაკლისი წესს ამტკიცებს.
და ეს გამონაკლისები მხოლოდ ვარსკვლავებისთვის არის.
გახდება თუ არა Hugh Laurie ვარსკვლავი?
ვნახოთ, მგონი ერთი ნაბიჯი უკლია.


საოსკარე ფილმი,ან უდროო სიკვდილი.
ჯვარი წერია.

Sunday, September 20, 2009

Dexys Midnight Runners


come on eileen
მადლობა ევგენი მჭავარიანს "ეს ესტრადაა"სთვს.

Friday, September 18, 2009

ვიდეო+ტექსტი


Free Song Lyrics | All You Need Is Love lyrics

www.seekaliric.comამ საიტში ყველა სიმღერა შეგიძლია ასეთი ფორმატით ნახო: ვიდეო+ტექსტი.

My Way


Frank Sinatra, My Way, With Lyrics


Nina Hagen, My Way, With Lyrics


Nina Hagen, My Way,




Elvis Presley


Robbie Williams


Thursday, September 17, 2009

კრულვა რუსეთს


რუსეთი მსოფლიოს ჭირია. როცა ის ძლიერეია 007-ის ფინალებში ძლევამოსილ ბოროტს ემსგავსება, ბოროტს,რომელიც მთელი მსოფლიოს თავისი მონობის ქვეშ მოქცევას ცდილობს.
მისი ძალა მაღალტექნოლოგიურ საშიშ მეცნიერებას და ამ მეცნიერების ზედნაშენ სამხედრო წარმოებას ეფუძნება, რომლის წყალობითაც დღესვე შეუძლია დედამიწა 3-ჯერ გახეთქოს.უპირობო გამარჯვებულია.

თამაშის ეს წესი მთელი მსოფლიოსთვის გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოდის, როცა ამ ქვეყანამ ატომური ბომბების ჩეკვა და დასაწყობება დაიწყო. ამის შემდეგ მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, წააგებს თუ არა.
ავღანეთიდან გამოვიდა. 22 ათასი ჯარისკაცი შეახოცა და ვაჟკაცობა ეყო, გამოვიდა დამარცხებული.
მთელ მსოფლიოში გაფანტული სოციალისტურ-კომუნისტური კოლონიებსაც მშვიდობიანად შეელია. მართალია კუბა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, მონღოლეთი, ლაოსი და მთელი აღმოსავლეთუი ევროპა უსისხლოდ გახდნენ დამოუკიდებლები 1992 წელს, მაგრამ რუსეთს ლაჯებში ამოჩრილად ჯერ კიდევ ელანდება ყოფილი საბჭოთა კავშირის 15-იდან 12 რესპუბლიკა (ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბევრი სხვა ფაქტორის გარდა, სამქვეყნიანი ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით აჩვენეს რუსებს, რომ ეს ქვეყნები რუსული ოცნებებიდან სამუდამოდ უნდა ამოეშალათ). ლაჯებში თუ არა, იღლიაში კი ნაღდად უპირებს მთელ ბებერ ევროპას ამოდებას. არც ისე არარაციონალური ოცნებაა, ჰა და ჰა შეუძლია. შანსი აქვს.


ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზია ვერ აღმოჩნდა საკმარისად ორგანიზებული და თვითგამორკვეული. ეს ქვეყვები 200 წლიანი, მათ შორის 70 წლიანი სსრკ-ის მახსოვრობიდან ვერ ამოვიდნენ. დეკლარირებული "დამოუკიდებლობების მარშის" შემდეგაც ამ ქვეყნების მოსახლეობა რუსეთისთვის ადვილი სამართავი დარჩა.

რუსეთი ამ ქვეყნებს ორი გზით მართავს, ან პირდაპირი იერარქიით (პრეზიდენტი აღიარებს პუტინს მის უფროსად) ან შემოვლითი გზით (პრეზიდენტი ემორჩილება რუსეთის ქვეშევრდომობას მონატრებულ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მაგ სლავური და შუააზიური ქვეყნები). ასეთ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტი საკუთარ რუსეთუმე მოსახლეობას არ დაჰყვება, გადატრიალებებს, სეპარატისტულ ომებსა და მუდმივ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას უქმნის.

გაუმარჯოს ღმერთმა, მაგარი ყოფილა და ღმერთმა მისცესო, იტყვის ვიღაც გვერდზე მყოფი, მაგრამ..

მაგრამ...
არა,მართლა მაგარია, შეუძლია, სსრკ-ს რღვევიდან 20 წლის შემდეგაც მისი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის ტვინების ერთ ნახევარსფეროს ფლობს.
მეტსაც გეტყვით, თუკი სსრკ-ს დროს მისი კულტურული ზეგავლენა ერთეული ნიჭიერი ფილმებით ამოიწურებოდა, ახლა მას არსენალში თანამედროვე მუსიკა, ტელევიზია და კინოც ჩაუდგა, ჩაიყენა უფრო სწორედ. შეძლო ხარისხიანი ინტელექტუალური პროდუქტების კონვეიერების შექმნა. ეს აბსოლუტურად ახალია ჩვენ სივრცეში. ძველი რსფსრ-ის კულტურულ ექსპანსია ხომ წარმოუდგენელი იყო უხარისხობის გამო. ახლა კი სხვადასხვა გაქანების, გემოვნებისა და ინტელექტის მქონე მაყურებელ მსმენელისათვის მზადაა რამდენიმე კულტურულ-ექსპანსიური ეშელონი, კონვეიერი თუ ექსკალატორი. ამ ნაკადებს სხვადასხვა სახელი აქვთ, მაგალითად "ზემფირა" "ჩორნი ბუმერი", "ფაბრიკა ზვიოზდ", "ბრიგადა", "ბლატნოი-არმიულ-პატრიოტული", "შარაპოვა-არშავინი", უფრო დაბალი გემოვნების მასისთვის შესაბამისად დაბალი გემოვნების უსახელო მუსიკისა და სერიალების დაუსრულებელი მდინარეც აქვეა, ინტელექტუალები კი რუსულ ენაზე უყურებენ "კულტურას" "დისქავერის", "ნატ.ჯეოგრაფიკს", "ჰისტოტის".
"ნოვოსტი" "ვესტის" გარდა "ევრონიუსიც" რუსულად მაუწყებლობს, თანაც როცა ჭირდებათ საკუთარი რედაქტირებული ტექსტით, ვითომ ევროპის ნათქვამი ნიუსებით.
ეს ქვეყანა უპირობოდ ძლიერია არა მარტო საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, არამედ იქნებ მთელ დანარჩენზეც. მთელი მსოფლიოს ღირსეული და ძლიერი ქვეყნები ხომ ნატოში ამიტომ გაერთიანდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომიდან გამობრძმედილ და გაძლიერებული რუსეთს შეწინააღმდეგებოდნენ. არადა, გეგმა ჰქონდა გამზადებული და გაცხადებულ ირუსეთს - მთელი მსოფლიოს ექსპანსია კომუნიზმის დროშით. 1991 წლამდე სადაც უნდოდა იქ აურევდა ბრიტანეთის შახტებით, საფრანგეთის, იტალიის კომუნისტებით, ვენესუელა, ნიკარაგუას სამოქალაქო ომებით დაწყებული და ვიეტნამსა და კუბაში მესამე მსოფლიო ომისათვის მზადყოფნის დამაჯერებელი დემონსტრირებით.
50 წელი მსოფლიო ორად იყო გაყოფილი. მთელი მსოფლიო თავისი ბუნებრივი ეკონომიკით ერთ მხარეს და რუსეთი მეორე მხარეს. რუსეთი მსოფლიოს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა. ყველა კინტინენტზე (ანტარქტიკის ჩათვლით) შეჰქონდა თავისი იმპერიულ-კომუნისტური მმართველობა.
და ვინაიდან ეს მმართველობა არასწორ, არაბუნებრივ ფორმაცია - სოციალიზმ-კომუნიზმზე იდგა თავიდანვე განწირული იყო ჩიხში შესასვლელად.
რუსეთმა სისხლითა და ცეცხლით გაავრცელა თავისი ბატონობა ბევრ ქვეყანაში, რითაც ამ ქვეყნებმა არაფერი მოიგეს, პირიქით, წააგეს და წააგეს არა მერტო იმ დროს, რა დროც რუსეთის ბატონობის ქვეშ იყვნენ, არამედ წააგეს ის, რომ დაკარგეს ნორმალური ევოლუიციური განვითარების შანსი ამ მძაფრი კონკურენციით აღსავსე დედამიწაზე.
დღესაც მსოფლიოში გაფანტულია რუსეთის დატორილი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობის 90% უბედურია და შვილიშვილიც უბედური ეყოლება, საითაც გინდა გავიხედოთ - ჩრდილოეთი კორეა, ვიეტნამი, კუბა, ნიკარაგუა,ნაწილობრივ ირანი და ნახევარი აფრიკა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნა რა თქმა უნდა ავღანეთსა ეკუთვნის.
ავღანეთში რუსეთმა ისეთი სასტიკი ქაოსი დაატრიალა და დატოვა, რომ ეს უმნიშვნელო ქვეყანა დღესაც მთელ სამყაროზე შურისმაძიებელ ჭირად იქცა.

მსოფლიო რამდენჯერმე გახდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ამ ქვეყნის უზომო ამბიციების გამო:
კუბა, ვიეტნამი, პალესტინა, ჩრდ.კორეა, ერაყი, ნიკარაგუა ეს ის ქვეყნებია, რომელთაგანაც ნებისმიერი შეიძლება გამხდარიყო აპოკალიფსის აკვანი, რა თქმა უნდა რუსეთის შესრულებით.

ყველგან, სადაც მსოფლიო საზოგადოებრუობა ერთიანი, სოლიდარული პოლიტიკით ცდილობდა რეგიონული პრობლემის მოგვარებას, რუსეთი ცუდი ძალის მხარეს დგებოდა, აიარაღებდა და თავისი კომუნისტური დროშის საფარს ამოფარებულს ათასგვარი თავხედობისკენ აქეზებდა.

პლანეტას დღესაც სისხლი სდის ამ ჭრილობებიდან: რომ არა რუსეთი, უფრო სწორედ რომ არა რუსეთის ასეთი ზღვარსგადასული იმპერიალიზმი, არ იქნებოდა დღევანდელი ომი ავღანეთში, ერაყში, პალესტინაში, თვინსებიც იდგებოდა თავის ადგილზე, ირანი და ჩრდ. კორეა ატომურ ბომბზე ვერც იოცნებებდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ნოსტრადამუსის ბჟუტურსაც არავინ წაიკითხავდა შიშითა და კრძალვით.

და მაინც, რუსეთი ძლიერია, მაგარია, ყოჩაღია, ორგანიზებულია, გამჭრიახია, მომთმენია, ნებისყოფიანია, გამოცდილია, მდიდარია, დიდია, ლამაზია ხალხიან ბუნებიანად და... ჩემი მტერია.
არ მცნობს, ვერ მხედავს, არ აღიარებს ჩემს უფლებას ჩემს მიწაზე, არ მთვლის ამ მიწის ღირსად, ეს მიწა თავისთვის უნდა.
ჩემს მიწას კი პალმებისა და ზღვის გარდა სხვა ხიბლიც აქვს, აქ ევროპისა და შუააზიის გაკონტროლების გასაღები დევს, აქაა ჩამარხული, სადღაც ცხინვალსა და ახალქალაქს შორის, ის გასაღები უნდა.


ის დათვია, მე კი - სურიკატი, ან მელა, ან სპანიელი, ან ტაქსა, მინდა რომ ზღარბი ვიყო, მაგრამ არ ვარ, იქნებ ვარ? საქმეც ისაა რომ არც კი ვიცი ვინ ვარ. ჯერ სარკე არ უჩვენებიათ ჩემთვის, რომ ვიცოდე ვინ ვარ.
მაგრამ ვარ, ჯერ ვარ!
მინდა, მიყვარს, ვბრაზობ, მტკივა, მახსოვს.. ე. ი. ვარ.
ვიცი რომ პატარა ვარ მტერთან შედარებით. წაქცეული ვარ. დათვს ჩემი ერთი ფეხი პირში აცვს მოქცეული და წუწნის-აგემოვნებს, მეორეზე კი ტორი უდევს. ვერ ვინძრევი, ვერ ვდგები ფეხზე.



მაგრამ ვარ!
თავისუფლება მინდა. ის ჩემზე ძლიერია, ლამაზია, ბრაზობს თუ არა ვერც მიხვდები, დათვია.
მე კი თავისუფლება მინდა.
ჩემი მინდა, სხვისი არა.
საქმე იმაშია რომ ეს საქართველო ჩემი იყო სანამ რუსეთი გვესაზღვრებოდა იმ დროიდან. ჩემი წინაპრები ქრისტეს დაბადებამდე კვდებოდნენ ამ მიწისთვის, ჩემი (მათი შთამომავლების) სივრცისთვის, პატარა სივრცისთვის რუსული მასშტაბებით.
ეს მიწა ჩემია დედამიწის გულიდან მოყოლებული ჩემი წილი ვარსკვლევიანი ცის ჩათვლით.
მე მრცხვენია ჩემი შვილების, რომ წაქცეული და დაღეჭილი ვარ. მე მრცხვენია ჩემი 14 წლის შვილის, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ გაჩნდა და რომელსაც ჯარის ასაკი, ჯერ არ ვიცი როგორ საქართველოში დახვდება. მე მრცხვენი ჩემი 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობითანავე დაბადებული უფროსი შვილის, რომელიც წელს ინსტიტუტში მიდის, მე მრცხვენია ჩენი 4 წლის უმცროსი შვილის, რომელიც წელს ბაღში წავა პირველად და რომელიც ჯერ აზრზე არ არის რამხელა ტკივილი უნდა აკიდოს მას მამამ იმით რომ ქართველია.

და ყველაფერი ამის სათავე არის რუსეთი.
ჩემი სირცხვილი რუსეთის ბრალია.

დედაჩემი,ბებიაჩემი,მამიდაჩემი ამქვეყნიდან უბედურები რუსეთის გამო წავიდნენ.
მე რუსი მესროდა სალდაფონური ყიჟინით გუმისთაზე 1992-ში.


"ენიმალ პლანეტზე ჩართეთ" დღესვე ნახავთ თუ როგორ მისდევს გრაციოზიული დიდებული ვეფხვი, ზვიგენი, დათვი თუ არწივი ლამაზ და მოქნილს, მაგრამ პატარა შველს, კურდღელს თუ მელას, სურიკატს თუ ქედანს.

ის ძლიერია, ის გაიმარჯვებს... ან ვერ.
მე კი მე ვარ. სიცოცხლე და თავისუფლება მინდა მიუხედავად იმისა, ის კარგია თუ არა.

ამიტომ ყველა შეიარაღებული საქართველოს ტერიტორიაზე ჩემი მთავრობის ნებართვის გარეშე, ჩემი მტერია. ერთხელაც ვიომებ და ისე არ ვიქნები გახიდული ჩემს აზრებში, როგორც აფხაზეთში ვიყავი.
ახლა ზუსტად ვიცი რომ პაცანუშკები, რებიატუშკები, ჩუვაკები, ბრატავა თუ ჯანდაბა ჩემ და ჩემი შვილების კუთვნილ დედამიწის ცენტრს მედავება.




და ამ ოდა-კრულვის შემდეგ კიდევ ერთი ანონსი -
"რატომ მინდა რუსეთისთვის კარგი"

ესეც დასაწერი წერილის სათაურია.
დავწერ, ოღონდ ჯერ არა.

საწყალი პრეზიდენტი

Phil Collins


საწყალი პრეზიდენტი, ესეც, ისიც.

Sunday, September 13, 2009

იოჰან ბოსკამპი






იტალია:საქართველო
ბოდიში, საქართველო:იტალია 0:2


საქართველოს ნაკრებმა თბილისში იტალიასთან ნოლით ორი წააგო.
ქვეყნებს შორის ძალების, თუნდაც ამ შემთხვევაში საფეხბურთი ძალების გათვალისწინებით ეს მაინცადამაინც არ უნდა გვეწყინოს. იტალიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს 2-ჯერ კი არა, 22-ჯერ ჯობნის. ასე რომ არ ვწუწუნებ. იტალიელებმა ამ თამაშში გოლიც კი ვერ გაგვიტანეს. 2 ავტოგოლი ქართველთა ფავორიტ კახა კალაძის ანგარიშზეა.

პირველი ავტოგოლი ვნახე, მეორე აღარ მინახავს. ალბათ ისიც პირველივით, თავგანწირული თავდაცვითი მანევრის უიღბლო დასასრული იყო.

ნაკლები რომ ეაქტიურა ალბათ არ გახდებოდა ერთ თამაშში ორი ავტოგოლის ავტორი. არა უშავს, ბურთი მრგვალია, ეს თამაში კი კარგი იმიტომაა, რომ წინსაწარგანუსაზღვრელობა მასში დიდი დოზითაა.



თამაშის შემდეგ ინტერვიუში თქვა ის რაც უნდა ეთქვა მაღალი კლასის გუნდის მოთამაშეს - რა ვუყოთ, ფეხბურთში ხდება ხოლმაე ასე, და ახლა მთავარია არ დავკომპლექსდე და მომავალში მცდელობა არ შევამციროო (სიტყვასიტყვით ვერ ვიხსენებ, მაგრამ აზრი ასეთი იყო).

კახისნაირი ტვინის წყობა ქონდეთ კიდევ ერთი-ორს წინ ვიქნებოდით საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ არ გვყავს.


Michael Jordan



"I can accept failure, but I can't accept not trying." – Michael Jordan

"I've missed more than 9000 shots in my career. I've lost almost 300 games. 26 times, I've been trusted to take the game winning shot and missed. I've failed over and over and over again in my life. And that is why I succeed." – Michael Jordan

"Some people want it to happen, some wish it would happen, others make it happen." – Michael Jordan

"Just play. Have fun. Enjoy the game." – Michael Jordan

"One thing I believe to the fullest is that if you think and achieve as a team, the individual accolades will take care of themselves. Talent wins games, but teamwork and intelligence win championships." – Michael Jordan



Re:

26 times, I've been trusted to take the game winning shot and missed. I've failed over and over and over again in my life. And that is why I succeed." – Michael Jordan


მე კი ეს წერილი ქართულ ფეხბურთზე, ერთმა აზრმა დამაწერინა, ავტოგოლები უბრალო დროჟი აღმოჩნდა ჩემთვის.

აი ეს აზრიც.

საქართველოს ნაკრები დღეს უკეთესი იქნებოდა მის მწვრთნელად 1999 წელს დანიშნული იოჰან ბოსკამპი რომ გაგვეჩერებინა.

ბოსკამპის შემდეგ მასზე კლასითა და რეპუტაციით 10-ჯერ აღმატებული მწვრთნელები გვყავს, მაგრამ ვერ შევეშვით ყველა წარუმატებლობაზე ხელის გაშვერის მავნე ჩვევას - ჩვენ ქართველები ყოჩაღები და ჭკვიანები ვართ, აი მწვრთნელი რომ გვეგონა მაგარი, თურმე ფულის საშოვნელად ყოფილა ჩამოსულიო.

არადა მიზეზი ჩვენშია, ისევე როგორც საერეთოდ ცხოვრებაში.



10 წელი დაგვიკარგია ბოსკამპის შემდეგ.

ავტოგოლები არ მალაპარაკებს, მალტასთან მარცხია მთავარი ფიასკო.

Wednesday, September 9, 2009

ექიმო

მოდი რა, დაანონსებულ "კრულვა რუსეთს" ცოტა გვიან შემოგთავაზებთ.

კრულვის ხასიათზე ვარ, კრულვის წერის კი ვერა, მაგრამ აუცილებლად დავწერ.


ამიტომ, განსამუხტად სხვა "ქვეყანაში" დაგპატიჟებთ.

ეს ექიმური კურიოზების ქვეყანაა. ყველა მათგანის ეპიცენტრში ექიმია და არა პაციენტი და ყველა მათგანის თვითმხილველი მე ვარ.

1. ბავშვთა საავადმყოფო, ახალი დაღამებულია. პალატაში შემოვლაზე დედაშვილს 4 ქირურგი, 1 ანესთეზიოლოგი და 2 სტუდენტი დავადექით. ბავშვის მუცელი სათითაოდ ყველამ დაჭყლიტა (ანესთეზიოლოგის გარდა) და ყველა პროფესორს მიაჩერდა. სასწრაფო საოპერაციოაო, განუცხადა პროფესორმა შეშინებულ რუსქართველა დედას, რომელიც ცდილობდა ქართულად ნათქვამი ზუსტად გაეგო.
შეთანხმდნენ, დედა თანახმაა, ანესთეზიოლოგი დამატებით შეკითხვებს აძლევს დედას. ქირურგები ცალკე ჩურჩულობენ. მათ ერთი ახალგაზრდა ქირურგი (არანაკლებ რუსქართველა) გამოეყოფა და კვლავ დედასთან ბრუნდება
-თქვენ გინდათ, რომ მაინცდამაინც პროფესორმა დაიბანოს ხელი?
ეკითხება გულწრფელი ინტერესით.

შეშინებული დედა საბოლოოდ მოცელილია, მისი ტვინი ჰადაჰაა გადაიწვება " მაინცდამაინც მინდა რომ პროფესორმა დაიბანოს ხელი?" მე მინდა?, სწორად გავიგე, ჩავეკითხო? რა ჩავეკითხო? ოპერაცია სასწრაფოაო და მე სწორი პასუხი ვერ ვიპოვე, რაო?
მაინცდამაინც ხელი დაიბანოს?


ბოლო კეთილია, როგორც იქნა ირკვევა, რომ:
"მაინცდამაინც გინდათ რომ პროფესორმა" ნიშნავს პაციენტმა აირჩიოს ოპერატორად პროფესორი,


"ხოლო პროფესორმა დაიბანოს ხელები" ნიშნავს პროფესორმა გააკეთოს ოპერაცია.

2. ისევ შეშინებული, ამჯერად აზერბაიჯანელი დედა და თეთრ ბოხოხიანი ქირურგი.
ქირურგი ჩვენ, სტუდენტებს გვიხსნის ავადმყოფი ბავშვის ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის თავგადასავალს, მერე დედას მიუბრუნდება და ეკითხება "პერისტალტიკა ააქვს?"


დე ნირო ვერ გააკეთებს იმ სახეს, რა გამომეტყველებაც იმ საწყალ დედას ბუნებრივად ებეჭდება.

ცნობისთვის, პერისტალტიკა ნაწლავთა მოძრაობას ნიშნავს და იმ დედას როგორ უნდა ცოდნოდა, მეც არ ვიცი.

3. კამოზე სამშობიაროში სტუდენტები პრაქტიკაზე ვართ, ეზოში გამოვედით მაგრამ ჯერ ხალათები გვაცვია. ერთი მაღალი ღონიერი (ე. წ. ახმახი)კაცი მომიახლოვდა და შეწუხებული ხმით მკითხა " ძმაო, ერთი გამაგებინე, ფიზიოლოგიური ბავშვი რა არის?"

მე მხარზე ხელი მოვუთათუნე და ვუთხარი "მომილოცავს ჯანმრთელი ბავშვი შეგეძინა" მეთქი.
ახმახი მოიკუნტა, მუშტები შეკრა და ღმუილივით ჩაილაპარაკა "უუუხ მაგისიი".
ვიღაც ჩერჩეტს "ეხარებინა" - ფიზიოლოგიური ბავშვი გაგიჩნდაო.

4.
ისევ კამოს სამშობიარო, ისევ სტუდენტი ვარ. ვესწრებით მშოიბიარობას.
სამშობიარო სავარძელი თუ მაგიდა ასეთია - საწოლის ბოლოს ტერფების დასაყრდნობი პედლებია (თითქმის ველოსიპედის პედლების მსგავსი) პედლებს შორის, იქ სადაც ბავშვი საშოდან უნდა გამოძვრეს, უჟანგავი მეტალის ბრჭყვიალა თასი-ნახევარძაბრია, ალბათ იმისთვის, რომ დაღვრილი სანაყოფე წყლები და სისხლი ადვილად ჩაიღვაროს და მერე ადვილად გაირეცხოს.
ასეთი სამშობიარო საწოლი მასშემდეგ არ მინახავს, მას შემდეგ ჩემს მიერ ნანახ ყველა სამშობიარო საწოლ-სავარძელს ფეხების ჩამოსადები ღარები აქვთ. მაგრამ ჯერ იქ ვართ.
უნებურად სამშობიაროს დიასახლისის (სანიტრების უფროსის) და სანიტრის საუბრის მსმენელი ვხდებით.
"ქაა, იცი პირველად რომ მითხრა ექიმმა მიდი მაგიდაზეო რა მომივიდა?"
..

"მაშინ მე თვითონ ვიყავი სამშობიაროდ მოსული, მტკიოდა რომელია, კედლებზე გავდიოდი, ხოდა ექიმმა რომ მითხრა მიდი მაგიდაზეო იცი რა ვქინი?
ამ პედლებზე ხელები დავაწყე, ამ ძაბრზე კი ნიკაპიო" ..თანაც განასახიერა პოზა, წარმოიდგინეთ?
ქალი მაგიდაზე არ წევს, მაგიდის ბოლოშია ჩამჯდარი, ხელები პედლებზე უდევს, ყბა მონდომებით წაუწევია წინ და ნიკელის ძაბრში აქვს მოთავსებული.

იმისთანა მიყვირა რას შვებიო, ხუთ წუთში ბავშვი გავაჩინეო.

ბოლო შემთხვევაში სასაცილო მდგომარეობაში ხომ დიასახლისი გგონიათ.
მეც სიცილით ვყვებოდი ამ ამბავს წლების განმავლობაში, სანამ ამერიკელი ინდიელების მშობიარობის ამსახველი ეთნოგრაფიული სურათები არ ვნახე.
ესაა თურმე მშობიარობის ფიზიოლოგიური პოზა, ჩამჯდარი, ხეზე მიყუდებული და ხელებით ზურგსუკან ხეზე შემოჭდობილი.
ყველაფერი სპირალურად ვითარდება. მშობიარობის თანამედროვე მეთოდში - მშობიარობა წყალში, ხომ ზუსტად ეს პრინციპი გამოიყენება - მშობიარე ვერტიკალურადაა, ნაყოფი ქვემოთ მიდის და გრავიტაცია დედას ეხმარება.







გაგრძელება იქნება.

Friday, September 4, 2009

ოდა რუსეთს


ამ წერილის წამკითხავი პირობას იღებს, წაიკითხოს შემდეგი წერილი "კრულვა რუსეთს", რომელსაც მალე დავწერ.



რუსეთი დედამიწის უდიდესი ქვეყანაა.
ზომით, ფართობით და არამარტო ფართობით.
იმის მიუხედავად, თუ რამდენია და რამდენი იქნება რუსეთის წილი მსოფლიო ვაჭრობა-წარმოებაში, მშპ და გდპ პროცენტი, გაუსწრებს თუ დაეწევა ის ბრაზილიასა და ავსტრალიას, რუსეთი არის და მუდმივად იქნება ზესახელმწიფო.
ეს სტატუსი მან ისტორიით , უზომოდ დიდი ადამიანური მსხვერპლისა და ნებისყოფის ფასად მოიპოვა.
ასეა და ასე იქნება - ქვეყანა, ქვეყნის გავლენიანობა ფასდება ამ ქვეყნის მიერ მსოფლიო ისტორიის, ლიტერატურის, მუსიკის, მეცნიერების მიერ დატოვებული კვალით.რუსეთი არის და მუდმივად იქნება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი დიქტატორის ჰიტლერის დამამხობელი და ევროპის გამანთავისუფლებელი. ისტორიკოსები რუსეთს მონღოლებისაგან, თურქებისაგან და ნაპოლეონისგან გადარჩენასაც დაუმადლებენ.
რუსებმა ეს ქვეყანა ზარდეს კიევის რუსეთიდან მოყოლებული უცვლელი მიმართულები - პატარადან დიდისკენ. რუსეთი როგორც ქვეყანა არ შემცირებულა ისტორიის განმავლობაში.


თუმცა რუსეთმა ორჯერ გამოიჩინა ისტორიული სისუსტე და წინდაუხედაობა. ერთია ალასკის ამერიკელთათვის მიყიდვა, მეორე კი ყირიმის უკრაინელთათვის დათმობა. ეს ორი შეცდომა რომ არა, რუსეთის ჰეგემონობას მსოფლიოში თეორიულადაც კი ვერავინ შეარყევდა.




ამ ერმა ყველაფერში შეძლო მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის გაეწია კონკურენცია.
ერთ მხრივ რუსი ადამიანი არის უსახელო ჯარისკაცი, რომელიც მზადაა უსახელოდ მოკვდეს იმპერიის სახელით, მაგრამ, მეორეს მხრივ თუ მოინდომა ხელოვნების მწვევალებს თავზე მოექცევა თითქმის ყველა ასპარეზზე.
უცხოპლანეტელთათვის კაცობრიობის (homosapiens) გასაცნობ 20 ტომეულში 2-3 ტომს ერთპიროვნულად ეს ქვეყანა დაიკავებს .
ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ჰუმანიტარული მეცნიერება, სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორული სკოლა,სპორტი , ყველაფერს ვერ ჩამოთვლი, რუსული წარმატებული სულის, ნებისყოფისა და ტალანტის ასახვაა.
მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში თითქმის ყველა იმ დისციპლინასში, რომელიც დიდ ამტანობას, მობილიზებულობასა და მიზანდასახულობას მოითხოვს, ზანგებს კონკურენციას მხოლოდ რუსები თუ უწევენ (მარათონული სირბილი, ველოსპორტი, მსუბუქი და მძიმე ათლეტიკა). თუმცა ზოგიერთი სპორტი რომელიც ამ თვისებათა გარდა ნიჭიერებას, აზროვნების სიმკვირცხლეს, გემოვნებას, ტალანტას და სიზუსტეს მოითხოვს, ასევე რუსების მიერ მრავალჯერაა დალაშქრული და დღესაც სტაბილურ მაღალ ადგილს ინარჩუნებს (ჩოგბურთი,ფიგურული სრიალი, ხოკეი, ბიატლონი, ფრენბურთი).

თვალები .. უამრავი მსოფლიო ცნობადობის, თანაგრძნობისა და თაყვანისცემის გამომწვევი თვალები (შარაპოვა, ისიმბაევა, ტროცკი, არშავინი,გარბაჩოვი, მეორე მხრივ კი მენდელეევი, ციოლკოვსკი, გაგარინი, კარპოვი, კასპაროვი) და ორჯერ უამრავი ნაცნობი-ფავორიტი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის (+ ნიკულინი, დასაევი, ხაზანოვი, გრებენშიკოვი, რადნინა-ზაიცევი,,,)
მსოფლიო სახეზე ცნობს დიდ ისტორიულ რუსებს, პეტრე პირველს, სტალინს, ლენინს, დიდ ხელოვანთ, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვს, ჩაიკოვსკის, რახმანინოვს, აივაზოვსკის, შაგალს, რეპინს, მენდელეევს, კურჩატოვსა და ციოლკოვსკის.

მსოფლიო მილიონჯერ ყოფილა დოსტოევსკის, ჩეხოვის გმირების ტყავში, უგულშემატკივრია შარაპოვასა და საფინისთვის.


რუსეთს უნარი აქვს თავის სასარგებლოდ ამუშაოს მსოფლიოს ნათელი გონებები: "დიდი რუსი" ბელინგაუზენი, რერიხი, ბარენცი, პუშკინი, სტალინი, ზემფირა, რუსეთის სიძლიერესა და სიდიდეს მნიშვნელოვნად განაპირობებენ.

რუსი ხალხი განათლებული და კანონდამჯერეა. მართალია ამ მონაცემებით განვითარებულ მსოფლიოს ჩამორჩება, მაგრამ ორი თავით მაღლა დგას თავის უშუალო მეზობელ აზია, კავკასიასთან.
რუსი ერი თითქმის ჰომოგენურია ერთ საკითხში - იმპერიის, ქვეყანის მოთხოვნილებები განუხრელად უნდა შესრულდეს! ეს პრიორიტეტი გათვითცნობირერბულიო აქვს ყველას, ლოთი მათხოვარიდან დაწყებული ნობელის პრემიანტებით დამთავრებული. ho, ნობელის პრემიაზე, უამრავი ნობელიანტი არა შემთხვევით-სიტუაციურ (მაგალითად მშვიდობის, პროზის) დარგში, არამედ უპირატესად პრესტიჟულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, თუმს არც რუსულ ლიტერატურულ პლასტს აკლია დაფასება მსოფლიოში. მუსიკა, კლასიკური მუსიკის მსოფლიო ბურჯები - რახმანინოვი, ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი,


რუსეთი ეს გლობალურად ცნობილი და საპატივცემლო ადამიანების 1000 მდე ხატის მფლობელია.
ამ ხატებს საუკუნო პატივისცემა და რიდი აქვთ დატოვებული რუსეთისთვის.




თუ ქვეყნის გავლენიანობა ფასდება იმ გაერთიანებული თანაგრძნობით რომელიც ქვეყნის წარმომადგენლებმა გაავრცელეს მსოფლიოში, აღმოჩნდება რომ რუსეთი ამერიკა-ევროპის შემდეგ უპირობო ლიდერია. ეს კი ძალიან საამაყოა ერთეროვნული ქვეყნისათვის თუ გავითვალისწინებთ რომ აშშ მსოფლიოს ნაკრებია, ევროპა კი კაცობრიობის მწვერვალზე მყოფი ქვეყნების ელიტარული ჯგუფი.




ეს სახელმწიფო ერთერთი უძველესია მსოფლიოში. სახელმწიფო მაქვს მხედველობაში, და არა ცალკეულ ფეოდალურ სამთავროთა ერთობლიობა, როგორიც იყო გერმანია და საფრანგეთი მეცხრამეტე საუკუნემდე. მის მოსახლეობას სახელმწიფოებრივი შეგნების მინიმუმ 4 საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ.

ამ სახელმწიფოს ღირსება აქვს, და იცის სახელმწიფო ღირსების ფასი. 90-იან წლწებში, როდესაც საბჭოთა კავშირის რღვევის შედეგად ცარიელ ვარცლთან დარჩენილი რუსეთი ვალებით სულდგმულობდა და შიმშილობდა, არ მიჰყიდა იაპონიას შიშველი ქვების გროვა კურილის კუნძულებზე, რომელშიც იაპონია რუსეთის იმდროინდელი ბიუჯეტის ოდენობას იხდიდა.
რუსეთმა იცის ომის და ომში ჯარისკაცთა თავგანწირვის დიალექტიკა. იბრძოლა ყველა მსოფლიო მასშტაბის ომში, რათა თავისი ადგილი მოეპოვებინა მსოფლიოში. სუვოროვი იტალიაში ჩავიდა, კუტუზოვი პარიზში, რუს ჯარისკაცს ფეხები ინდოეთის ოკეანეშიც დაუბანია და ატლანტიკის ოკეანეში,რუსი სიამაყით მოიკლებს პირადს თუკი მისი გაღებული ანტარქტიკასა და არქტიკას, კოსმოსს, ნიკარაგუას, კინშასა და რუანდას მოხმარდება. მოიკლებს პირადად და მოიკლებს ოჯახის წევრსაც ამ მიზნისთვის.
"სწისნუვ ზუბი" რუსული გამოთქმა, რომელსაც ეს ერი ხშირად იყენებს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
"ნე რასკაჩივაიწე ლოდკუ" ეს არის რუსული სოციუმის მოთხოვნა ოპოზიციისადმი, მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყანა ლოდკა არ არის, მსოფლიოში უდიდესი ხომალდია, რომლისაც ყველას ეშინია და ერიდება.

რუსი ერი უმეტეს ეთნო პოლიტიკურ წარმონაქმნებში რიცხობრივ უმრავლესობაში არიან და შესაბამისად სეპარატიზმი რუსეთისთვის ადვილად დაძლევადი პრობლემაა.
თანამედროვე რუსეთის გავლენა ყოფილ სსრკ ბანაკზე განუსაზღვრელია, უამრავ საფეხურიანია.

რუსეთის იმპერია - სსრკ იმდენად ძლიერი და გავლენიანი გამოვიდა II მსოფლიო ომიდან რომ დაშინებულმა დანარჩენმა მსოფლიომ მისგან თავდასაცავად სამხედრო ალიანსი - ნატო დააარსა.
1991 წელს მოხდა რუსეთის იმპერიის მსხვრევა, სსრკ-სგან გამოყოფილ ყველა ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის საზეიმო თარიღი აქვს, მათ შორის რუსეთსაც.
ეს თარიღი იყო საზეიმო იმ რუსეთისთვის, რომელიც დაემშვიდობა იმპერიულ ცოდვიან წარსულს და განაცხადა, რომ ევროპის თანამეგობრობის ცივილიზებული წევრი ხდება.

იმ დროიდან მოყოლებული მსოფლიოს მშვიდად ეძინა.
ხუმრობა საქმეა, უძლიერესი მეზობელი, რომელიც ადრე თავისი პოლიტიკური ფორმაციის (სოციალიზმის) გავრცელების დროშით მთელ მსოფლიოს უპირებდა გაწითლებას, უარს ამბობდა არა მხოლოდ იმპერიულ გეგმებზე, არამედ ძველ კოლონიებსაც დამოუკიდებლობას აძლევდა.
რუსეთი იმპერიის გარეშეც დარჩა უდიდეს (ერთერთ უდიდეს კი არა, არამედ უდიდეს) ქვეყნად პლანეტაზე.

მართალია რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტუნდრა-ტაიგას და პოლარეთს მოიცავს, დაუსახლებელია და სოფლის მეურნეობისათვის უსარგებლო, მაგრამ ეს ტერიტორიები რუსეთს უდიდეს სიმდიდრეს აძლევს, რუსეთი მსოფლიოს გაზის, ნავთობის, ფერადი და შავი მეტალების, ხე-ტყის რესურსის უდიდესი ნაწილის მფლობელია. ამ საბადოებსა, კარიერებსა თუ ტყეებში მოპოვებული სიმდიდრის ფასი მსოფლიოში მათი ამოწურვადობის გათვალისწინებით სულ უფრო გაიზრდება.

შავი ვარიანტია, დაუმთავრებელი
მაგრამ კომენტარებს უკვე ვართ.