Showing posts with label ტერორი. Show all posts
Showing posts with label ტერორი. Show all posts

Thursday, April 16, 2009

"ფარაონი"

სახლში კომპიუტერი 2001 წლიდან მაქვს, პირველი სერიოზული თამაში, რომელსაც მთელი ოჯახი დიდი გატაცებით ვთამაშობდით "ფარაონი" იყო.
ისტორიული სტრატეგია ცივილიზაციის დასაწყისზე. ულამაზესი გრაფიკა ჰქონდა და კარგი გახმოვანება.


ჰოდა, მთელი ოჯახი ვუსხედით ხოლმე გარშემო ამ თამაშს.
ყველა თამაშს აქვს რაღაც გასაქცევი, ასაცილებელი სიტუაცია. ამ სიტუაციებს (ჩავარდნა, სიკვდილი, აფეთქება, აცილება) ყოველთვის თან ახლავს შესაბამისი იმედგაცრუების, დაცინვის, დაცემა, დანგრევის, კვნესის ხმები.


ეს ხმები შენთვის მთავარი სასჯელი ხდება. უნდა ეცადო რომ აღარ გაიგონო.


ფარაონში კი, თუკი ვერ იყავი ბრძენი მმართველი, ხალხი, ოჯახები თავის აშენებულ და გაუმჯობესებულ-გადაკეთებულ სახლებს ტოვებდა და სადღაც შორს გარბოდა, ცოლ-ქმარი, ატირებული ბავშვები ბოხჩებით ზურგზე, წელში მოხრილები.


ისე უნდა გეთამაშა, რომ ხალხი არ გაგქცეოდა.

ამ გაქცევების შემდეგ დაცარიელებული სახლები, რომლებიც მანამდე თვალს ახარებდა (ფერადი, სართულებიან-საჩრდილობლიან, ჭებიან-პალმებიანი)
დაბრახუნება-ჩამოქცევის ხმაზე მტვრის ბუღს აყენებდა და ნაგავ-ნანგრევებად, ნაცარტუტად იქცეოდა.


ეს სურათი გუშინ გადავიღე ახალციხისკენ გზაზე, ვერტმფრენიდან.



suraTs daaklikeT.

აი, ზუსტად ის ხმა გამახსენდა, "ფარაონის" სახლების ნაცარტუტად ქცევის -ბრახუნ-ბრაგუნი და ხრეშის ცვენის.


ის მტირალი ოჯახებიც გამახსენდა მობუზულები რომ გარბოდნენ სხვა ქვეყნებში.

კი, აგარაკებია, უსახლკაროდ არ დარჩენილან ამ სახლების ამშენებლები, მაგრამ რამდენი იმედი დაემსხვრათ, რამდენი შრომა, ნერვიულობა და ფული დაკარგეს, რამდენი ხე დარგეს, იხარეს ბავშვების ჭყლოპინით საკუთარ ეზოებში, სულ ტყუილად, თურმე.

ამ პოსტს 3 თემაში(labels-ში) ჩავდებ:
"1991", "ტერორი" და "საზოგადოება".

თქვენც იცით რატომ.

Tuesday, February 24, 2009












ეს მათთვის, ვისაც მახსოვრობა 7 ნოემბრის იქით აღარ უჭრის.


ამათაც ეგონათ რომ გათვალეს, რომ სხვაზე უკეთ გათვალეს, რომ სხვებზე მეტი პატრიოტები არიან, რომ სხვები მშიშრები არიან და.. ამ მშიშრების ნაცვლად თავი გარისკეს ნათელი მომავლისთვის.

Monday, February 9, 2009

საბედისწერო უწესობა


საბედისწერო უწესობებზე დავწერე პოსტი ცოტა ხნის წინ,

საქართველოსთვის საბედისწერო უწესობებზე. უწესობებზე, რომლებიც უცნობმა ჩვეულებრივმა ქართველებმა ქართულ-ჯიგრულად იკისრეს, თქვეს ალბათ - წავა რაა-ო მაგრამ არ წავიდა. დედა გვიტირა მათმა უწესობამ.


ხოდა ახლა კიდევ ერთი უწესობა გამახსენდა ამავე კალიბრის, ერთი დებილის ჩვეულებრივი უწესობა, რომელიც საბედისწერო გახდა საქართველოსთვის.


1991 წელია. სსრკ ჯერ დგას და ძველებურად იბღვირება. საქართველოშიც "ვრემია" გადის ყველა არხზე საღამოს 10 სთ-ზე.
გუმბარიძის დანიშნულ არჩევნებში ერთმანეთს კომუნისტები და "არაფორმალები" დაუპირისპირდნენ.

ეროვნული მოძრაობა გაყოფილია, გამსახურდია, ნათაძე, კიდევ ვიღაცეები არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ.


ჭანტურია, წერეთელი და კიდევ ვიღაცეები ალტერნატიულ მთავრობას, ალტერნატიულ პარლამენტს -" ეროვნულ კონგრესს" ქმნიან და ყველა დანარჩენს მოღალატეებს უძახიან.

მოკლედ საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობი რამ, წინასაარჩევნო კომპანია თავდება, ხვალ არჩევნებია.

კანონმდებლობით არჩევნების წინა დღეს პროპაგანდა აკრძალულია.
ტელევიზიაც ამ წინასაარჩევნო დღეს ისეთი მშვიდია, "განვითარებულ სოციალიზმში" გეგონება დავბრუნდით ამ გაგანია "პერესტროიკიდან".

ხალხი დაძაბული და ამავე დროის იმედიანია.
(აი, მიიღებენ 9 აპრილის მომწყობები, აი გავხდებით დამოუკიდებლები და მსოფლიო აღმოგვაჩენს, აი...)
ამომრჩეველი მაინც ჭრელია: ზოგს სიახლე ეშინია, ზოგს ძველი არ ეთმობა, ზოგს ერთი ლიდერი ესიმპატიურება, ზოგი მეორეზე დებს თავს. მოკლედ, საქართველოში 20 განსხვავებული დროშა ფრიალებს, ავტონომიებთან ურთიერთობა ფრთხილად და პრინციპულადაა გასარკვევია.


დავუბრუნდეთ ისევ იმ წინასაარჩევნო (ბოლო სოციალისტურ) საღამოს.

პოლიტიკური პროპაგანდა შეწყვეტილია მაგრამ...
(ქართველები მაინც სხვა ყალიბის კრეტინები ვართ და..)
საღამოს 7 საათზე, როცა ყველა სახლში ნერვიული მოლოდინით ტელევიზორს მისჩერებია და ხვალინდელ არჩევნებზე ფიქრობს ტელეეკრანზე სამი ჯეელი ჩნდება მოულოდნელად.
მანამდე მიმდინარე გადაცემის შეწყვეტითა და შემცბარი დიქტორის წინასწარი განცხადებით, რომ ვინაიდან "ეროვნული კონგრესი" არ მონაწილეობს კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში, მათ არ ეხებათ პოლიტიკური ერთდღიანი მორატორიუმი, და უფლება აქვთ, რაც მოესურვებათ განაცხადონ.
"კონგრესელების" მოთხოვნით წინასაარჩებნო ტელეეთერი 10-20 წუთით ეთმობათ სამ ლიდერს: ირაკლი წერეთელს, რუსლან მიქაბერიძესა და მესამეს (ვერ ვიხსენებ ვის).


საქართვგელოს მოსახლეობას იმ დროს არ შეეძლო აერჩია ტელეპროგრამა. ყველგან ერთი არხი მაუწყებლობდა.

სტუდიაში სამ სკამზე (მაგიდის გარეშე) სამი პრიალა შავტყავკურტკიანი წვერიანი მოღვაწე დაჯდა.

სურათი 1937 წლის ტროიკას ინსცენირებას გავდა.

ილაპარეკეს თანმიმდევრობით. ერთი შინაარსით.
ცუდად ლანძღეს გამსახურდია, მოღალატე ეძახეს. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, უმაღლესი საბჭო სატანური ორგანიზაციააო (მოკლედ, აუნ სინრიკიოსთვის სანსეები იყვნენ).


ამ დროს მე, ჯერ კიდევ სტუდენტი ბავშვთა საავადმყოფოში ვმორიგეობდი საკუთარი სურვილით, გამოცდილების დასაგროვებლად. ამ გამოსვლას მიმღებში ვუყურე, უამრავი ადამიანით გარშემორტყმულმა.


შედეგი გითხრათ?


თუ გამოიცანით უკვე..

ხო, ეგრე მოხდა.
ყველამ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ხმის გამსახურდიასთვის მიცემა.
ყველამ; სანიტარმა, პროფესორმა, ავადმყოფის პატრონმა თუ თანმხლებმა ერთხმად თქვეს რომ ამ ხალხს საკუთარ მმართველად ვერ მოითმენდნენ და ერთადერთი საშუალება მათ შესაჩერებლად იყო გამსახურდიას არჩევა.


ასეც მოხდა.

საქართველომ გამსახურდიას მისცა მეტი ხმა, ვიდრე ეკუთვნოდა.
მრგვალ მაგიდას აღარ ჰქონდა საპირწონე, აღარ ჭირდებოდა მოლაპარეკებები და გათვლები.

იქნებ ის შეცდომებიც აქედან იყო, რომელიც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას დაედო არგუმენტად.


არადა...
არადა იქნებ ვიღაც უცნობი ტელევიზიის იმ საღამოს რედაქტორი (თუ პასუხისმგებელი მორიგე რედაქტორი) რომ ყოფილიყო საკმარისად წესიერი და საკმარისად პრინციპული, იქნებ, იქნებ...


იქნებ...

Friday, October 24, 2008

11august2008


ჩემი შვილი გერმანიიდან 9 ში უნდა ჩამოფრენილიყო
და ლუფტჰანსამ 10-ში ბაქოში ჩამოიაფრინა. ჩემი რჩევისა
და ბინის შოვნის მიუხედავად, აიჩემა აუცილებლად უნდა დავბრუნდეო. წამოვიდა. ჩვენ 11 ში საღამოს წითელ ხიდზე დავხვდით.

ხიდზე ვიცდიდით დაახლოებით საღამოს 18 საათიდან ღამის 24 სთმდე დაახლოებით.


ეს ის დრო იყო, როცა პრეზიდენტის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას მოყვა რუსების შეტევა.

მობილურით ვიგებდით სიტუაციის ცვლილებებს.

ახალი ამბები იყო:
-რუსები თბილისის ასაღებად მოდიან
-ჩვენი ჯარი გამოყვანილია თბილისის მისადგომებთან
-ჩვენები დიღომში არიან
-რუსები მცხეთას გამოცდნენ
-და ა. შ.

თვალსა და ხელს შუა გამსვლელთა 10 მანქანიანი რიგი 100 მანქანიანად იქცა.

იყო ნევროზული სიტუაცია, მაგრამ საერთო ჯამში წესრიგი შენარჩუნებული იყო:

-რიგს არ არღვევდნენ და ემოციებს არ აფრქვევდნენ.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვეკითხებოდნენ, მართალია ეგ ამბავიო?
ქაქ ეთო მოჟნა-ო აღშფოთდნენ.

ჩემმა შვილმა და მისმა საზაფხულო სკოლელმა 7-მა ბავშვმა ძლივს გამოარღვია ნეიტრალური ზონა, სადაც წამსვლეთა დიდი რიგი იყო.

ღამე თბილისში დავბრუნდით.

გზაში გამსველთა მანქანები გვხვდებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ბევრი არა.


მოკლედ რას ვამბობ.

ცოტა შეშინდა და ოჯახი გაარიდა რუსებს.

უმეტესობამ ცდუნებას გავუძელით.

მე საზღვარზე მყოფი მოვბრუნდი თბილისში.

მე ის ხალხი ვნახე, ვინც გარბოდა.

თითქმის ყველა პატარა ბავშვებით იყვნენ, ნორმალური ხალხი ჩანდნენ და იყვნენ კიდევაც.

ჩემი შეფასებით ის ხალხი კი არ არის საქართველოს მტერი, ვინც რუსეთის ბატონობა საკუთარ ოჯახზე იდეაშიც კი ვერ აიტანა, და გაერიდა, არამედ ის

არამედ ის, ვინც რუსების შემოსვლას სულგანაბული ინტერესით ელოდა, იქნებ ჩემი დრო დაბრუნდაო.

ასე რომ, არ გვინდა წამსვლელ-გამქცევების დაცინვა და ქილიკი.

მართლა ცუდები აქვე გვყავს, იღლიაში.


ვინ?

7 ნოემბერს ვნახავთ.

Thursday, August 21, 2008

ობობას რეჟიმში ვართ!


ობობას რეჟიმში ვარ.



ანუ ეს მუდრეგი 3 თუ 4 მილიონი ქართველები გასუსულები და განაბულები ვუყურებთ იმას რაც ხდება.

ასეც არის საჭირო.
აღარ მხვდება გულზე არც ტანკებზე მჯდომი რუსების ირონიულ-კმაყოფილი გამოხედვები ქართული სოფლებიდან, აღარც სენაკის აეროპორტის აფეთქების შემხედვარეს გამიწვრილდა გული, აღარც ჩემს 13 წლის ბიჭს ვუხსნი რა და როგორ მიიღოს ტელევიზორში ნანახი (არც ვიცი როგორ).
და ვარ ობობას რეჟიმში.

ვემზადები ერთი, მტრისათვის საბედისწერო შეტევისათვის (თუნდაც ჩემთვისაც).
ახლა ტელევიზორის წინ ჩემი ადრენალინი არ უნდა დაიწვას. ეს ადრენალინი მე დამჭირდება როცა დედამოტყნული რუსი ბუზი ჩემს ქსელს შემოარღვევს.

Saturday, May 31, 2008

ფრთხილად! უსუსურები მოდიან!


გამსახურდიას ხელისუფლების ომითა და სისხლით დამმარცხებელი ხელისუფლება უკიდურესად უსუსური მმართველი აღმოჩნდა.

წაგებული ომები, დაუცველი მოქალაქეების მტერთან მიტოვება-გაწირვა...
სხვა მნიშვნელოვნებს აღარ ჩამოვთვლი.

საყოფაცხოვრებო უსუსურობები, რომელიც იყო.
-გაი-ს ეცვა ძალიან გახუნებული მარგანცოვკისფერი, რომელიღაც ქვეყნის ჩამოწერილი წინსაფრები.
-ჯარს არ ეცვა ფორმა. ოჯახი ყიდულობდა ჯარისკაცის ფორმას. ბატინკებს ბევრი ვერც ყიდულობდა.
-კერძო პირს ყველგან შეეძლო რაღაც თავისი მიეშენებინა სახლზე, ეზოში თუნდაც ეს ნაგებობა; გარაჟი, ლოჯია ძალიან უშნო ყოფილიყო ან თუნდაც მთელი სამეზობლოსთვის შეეშალა ხელი.
-რიტუალების სასახლე, შენობა რომელიც ზარ-ზეიმით გამოაცხადეს თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ და რეალურადაც ესეთი იყო, კერძო საცხოვრებელ სახლად მიჰყიდეს ციხეს გამოქცეულ რუს ბიზნესმენს.
-15 წლის მანძილზე თბილისის მერიამ გადმორგო ჭადარი რუსთაველზე, ფოსტის წინ, და
-ააშენა გაურკვეველი ბეტონის კიბე თუ გვირაბი ავლაბრის დაღმართზე, კლდეში. "საუკუნის მშენებლობა" 2წელი გრძელდებოდა და მისთვის 2 წელი გადაკეტილი იყო დაღმართის ერთი ხაზი.
-1997 წლის ზაფხულში ურეკში დასვენებისას ვხედავდით რომ ზღვაში თევზსაჭერ გემები ტრიალებდნენ და მიხაროდა, ეკონომიკის სრული პარეზის პირობებში ვიღაცამ მაინც მოახერხა საქმის ორგანიზება, ვიღაცა მაინც ცხოვრობს თავისი დაჭერილი თევზით მეთქი. ეს აღტაცება ადგილობრივმა მეთევზემ გაგვიქარვა - ესენი თურქული "ტრალშიკებია" ფსკერს "ტრალავენ" - ფხეკენ ათასწლეულების განმავლობაში ფსკერზე ნაგროვებ ორგანულ ფენას, რომელიც თევზებისათვის საკვებს წარმოადგენს, აგროვებენ და შემდეგ ალბათ თურქეთის სანაპიროებთან ჩაყრიანო, ჩვენს სანაპიროს კი მომავალში თევზი დააკლდებაო.

ფრთხილად! BRAZIANI უსუსურები მოდიან!

Tuesday, April 29, 2008

ტუბერკულოზური მენინგიტი







არ მიყვარს სიტყვები "მეზიზღება", "ვერ ვიტან".
მიმაჩნია რომ ზედმეტად ემოციური და ნეგატიურია.
ჩემს შვილებს ავუკრძალე ეს სიტყვები და მიჯერებენ.
"არ მომწონს", "არ მიყვარს", "ცუდია" უკეთესი სიტყვებია.

მაგრამ არის სიტუაციები რომელთაც მოლოდ ეს ცუდი სიტყვები შეესაბამება.



1993-1996 წლებში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ვმუშაობდი ავადმყოფ ბავშვთა დაახლოებით მესამედი ტუბერკულოზური მენინგითით იყო ავად. მათი დიდი ნაწილი იღუპებოდა, ზოგი სამუდამო ინვალიდად რჩებოდა.ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები იმდენად ხშირი იყო, რომ დიაგნოზებს ექიმის გარეშე, ექთნებიც სვამდნენ. დაავადებულები 1991 წლის შემდეგ იყვნენ დაინფიცირებულები და მათი ასაკი ჩვილობიდან 2-3 წლამდე მერყეობდა.


საქმე იმაშია რომ, იმ დროინდელმა ტერორისტულმა ცვედანმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ახალშობილთა აცრა ანტიტუბერკულოზური - კალმეტ-გერენის (ბეცეჟე) ვაქცინით.

აი ვინც იმ დროს ბავშვთა ვაქცინაციაზე იყო პასუხისმგებელი და ჯანდაცვის სამინისტროს კაბინეტის კარს სამუშაო დღის ბოლოს მშვიდად იხურავდა, ის ადამიანი მეზიზღება.

Sunday, March 23, 2008

18 ნომერი ტროლეიბუსი.1994 - 95 წ.



ნომერი18 ტროლეიბუსი








View Larger Map">MAP



1994 თუ 95 წლებში ვაკეში ტროლეიბუსების სპილენძის მავთულები მოიპარეს და საბურთალოდან მომავალი ტროლეიბუსი ნომერი18-ის მარშრუტი შეამცირეს ვაკის პარკამდე. ე. ი. საბურთალოდან მომავალი მგზავრი ვაკის პარკთან უნდა ჩამოსულიყო და სხვა ტრანსპორტით, მრშრუტკით ან ავტობუსით გაეგრძელებინა გზა.



ეს ის წლები იყო როცა უდენობას, ულიფტობას, უწყლობას, უგაზობას, უტრანსპორტობას კბილზე კბილის დაჭერით ვუძლებდით, ან ვერ ვუძლებდით. მიტინგები და მანიფესტაციები ვიღას ახსოვდა, ხალხი გაოგნებული იყო ომების წაგებითა და მხედერიონი-გვარდია თუ რაღაც ჯანდაბა საძმოების თავხედობით.



ჰოდა ეს დროა და წყნეთის ქუჩიდან ამოსვლისას რამოდენიმეჯერ დავინახე, რომ ვაკე საბურთალოს აღმართიდან ვაკის პარკისკენ ადამიანების დიდი ჯგუფები, თითქმის დემონსრტაციები მოძრაობდნენ.

არა, განწყობით მანიფესტანტებს არ ჰგავდნენ; ჩვეულებრივი დაბოღმილი სახეები, ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, უმეტესობა რაღაც ჩანთებს მოათრევდა საწინააღმდეგო გვერდზე გადახრილი, ეს სცენა პირველად რომ დავინახე მართლაც მანიფესტაცია მეგონა მაგრამ რამდენიმეჯერ რომ განმეორდა დავინტერესდი და სიმართლეც შევიტყვე.



18 ნომერი ტროლეიბუსი, რომელსაც მგზავრები ვაკის პარკამდე მოჰყავდა უკან დღევანდელი "ქართუბანკის " შენობასთან ბრუნდებოდა. ეს შენობა მაშინ მხედრიონის იყო და თავის მანქანებსაც ამ შენობის წინ აჩერებდნენ. ტროლეიბუსები შემობრუნებისას თითქმის ებჯინებოდნენ მათ მანქანებს და ხშირად უკან დახევაც უწევდათ შემოსაბრუნებლად. თურმე ერთხელ ერთი ტროლეიბუსი იქ გაჩერებულ მხედრიონელის მანქანას დაჯახებია. რაც მოყვებოდა ამ ამბავს ადვილი წარმოსადგენია. მძღოლი უცემიათ და ტროლეიბუსების იქ მობრუნება აუკრძალიათ (სიტყვიერადაც საკმარისი იქნებოდა) მას შემდეგ ტროლეიბუსების მარშრუტი კიდევ უფრო დამოკლებულა და ტროლეიბუსები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს აღმართის ზედა მხარეს უკან ბრუნდებოდნენ. მგზავრებს (ხნიერს თუ ახალგაზრდას , ქალს თუ კაცს, ტვირთიანებს თუ უტვირთოებს, ბავშვებსა და ორსულებს) 400 მეტრი მანძილის ფეხით გავლა უწევდათ.

ის ბოღმა რაც ამ ადამიანებს თვალებში ედგათ ახლაც მახსოვს. ითმენდნენ, ბოლომდე მოითმინეს, გულშემატკივარი და წინამძღოლი ავტორიტეტები მაშინ ყველა ერთბაშად იმ მხედრიონის ქებაში იყვნენ და .. იარეს ასე 6 თვე დაახლოებით სანამ ვაკეში მიმავალი ტროლეიბუსის მარშრუტი არ აღდგა.