Wednesday, July 30, 2008


ვან გოგის დაბადების დღეა


არაქართული cart wheel-ები

Sunday, July 27, 2008

რატომ ვერ ელევა რუსეთი საქართველოს


posti "tbilisis forum"-Si

tema:
რატომ ვერ ელევა რუსეთი საქართველოს:


რაც ყველამ ვიცით - ჩვენც და რუსებმაც:
1. ნავთობსადენი- აზერბაიჯანი-შუა აზია=გავლენის სფეროს დაკარგვა.
2. შავი ზღვა (კურორტიც და ნავსადგურიც).
3. მოგების იმედი აქვთ - ადვილად მართავენ ქართველების პოლიტიკურ განწყობას. 91-ში ხუთიანზე გამოუვიდათ (2007-08-ში, ჯერ სამიანზე გამოსდით{.


რაც არ ჩანს, არ ითქმება და არასდროს აღიარებენ:
(QVESHECNEULIA)

1.
რუსები თვლიან რომ, საქართველოს გარეშე მიწა გამოეცლებათ. როგორც რუკაზეა, საქართველო მოსკოვის ვერტიკალური საყრდენი ბაზა - მიწაა.

2.
მათ სჭირდებათ აღიარება, მსოფლიო აღიარება.
ევროპა მათ არასდროს არიარებს "ველიკიი ნაროდად",
ჩვენ ქართველებმა ძველმა, კულტურულმა ერმა რუსეთს 200 წელი ნიჭიერად ვასხით ხოტბა.
ეს მათ ჰაერივით სჭირდებათ და აღარ აქვთ.
"ვი ნამ კოსწი გრეეწე"
უთხრა ანა ახმატოვამ ერთერთ ქართველს.

ახლა რუსებმა სომხები, ასევე ძველი და კულტურული ერი იპოვეს ამღიარებლებად.

იმიტომაცდ მომრავლდა რუსეთში ანალიტიკური გადაცემები სომეხი წამყვანებით.

მაგრამ მაინც ქართველის ქების გარეშე მათ ბედნიერებას ბედნიერება არ ქვია.

თბილისის ფორუმზე


ჩემი gaპაექრობა დონ კიხოტთან თბილისის ფორუმზე.


me

cartveli

==================================================================================
2028 წელი.
საქართველო აყვავებული და გამარჯვებულია. ამიერკავკასიის ნამდვილი ლიდერი.

რატომ? როგორ?

იმტომ, რომ საქართველო დემოგრაფიულად ამიერკავკასიის მოდელია, სწორედ აქ შეძლეს ადამიანებმა თავიანთი უნარების , და არა დომინანტური ეროვნების ან რელიგიის შესაბამისი წარმატების მიღწევა.

შეძლეს აეთვისებინათ თანაბარუფლებიანი ქვეყნის ადამიანთა შორის ურთიერთობის წესები.

ქართველი ერი მეტ ყურადღებას უთმობს თავისი კეთილგანწყობის დეკლარირებასა და დემონსტრირებას სხვა ერების მიმართ. ნიჭიერი ფილმებით, კლიპებით.

პარლამენტის წინ აფხაზეთის ომის მონაწილე აფხაზი ვეტერანები პენსიის მომატებას ითხოვენ.

მის საქართველო აზერბაიჯანელი ხდება.

თბილისის მე-6 სკოლაში მომო ლისა და იუსუნ ნ'დოურის შორის ჩხუბი კლასებს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ამ ჩხუბის სათვალთვალო ვიდეოთი გადაღებული კადრები MY VIDEO.GE-ს ახალი ჰიტია.

წვერიან-ჩოხიანი მოხუცების ტრანს საქართველოს ქვეითი მარში ზესტაფონს უახლოვდება შავ-თეთრ-შინდისფერი დროშებით. ჯერ ჩვენ, ქართველებმა მოვიფიქრეთ ეს დროშა 1918-ში სანამ ამ ფერების ძალას ჰიტლერი უჩვენებდაო მსოფლიოს 1936 წ-დანო.

მხცოვანი არქიტექტორი ინტერვიუში სინანულს გამოთქვამს ჩემი მშობლიური ვარკეთილის ცენტრში ახლადაშენებული ტაუერი სინგაპურის "პეტრონას ტაუერის" ასლია და ორიგინალური არ არისო.



ვისაც გეპწკინათ, თქვენი საქართველო 2028 მაჩვენეთ.

--------------------------------------------------------------------------
is


Don Quixote



cartveli

{ვისაც გეპწკინათ, თქვენი საქართველო 2028 მაჩვენეთ.}

მე დაგიწერ როგორიც იქნება საქართველო მაგ დროს:

ბილბორდებს ექნებათ შემდეგი სახე:
"გვახსოვდეს ავლაბარი!" "გლდანი ჩვენი ტკივილია"


QUOTE
{მის საქართველო აზერბაიჯანელი ხდება.}

ამაში მართალი ხარ. ოღონდ ეს მისი მისი კი არა ნასამართლევი და განათხოვარი იქნება


QUOTE
{თბილისის მე-6 სკოლაში მომო ლისა და იუსუნ ნ'დოურის შორის ჩხუბი კლასებს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ამ ჩხუბის სათვალთვალო ვიდეოთი გადაღებული კადრები MY VIDEO.GE-ს ახალი ჰიტია.}

მაგაშიც მართალი ხარ. ოღონდ მომო ლის კი არა ჩანგ სოუნ კვანის და არტურ პოღოსიანს მოუვათ ჩხუბი. ჩხუბი დაიწყო სიტყვებით: "-წაეთრიეთ ჩემი ქვეყნიდან" ოღონდ რომელმა თქვა ეს პირველი არ მახსოვს

იმავე სკოლაში მე-6 კლასის მასწავლებელი საკონტოროლო წერის დროს სათვალეებს ქვემოდან გამოიხედავს და რბილად შეახსენებს მოსწავლეებს:
- ჟორიკ და ლიკუშკუშკუნტულები! შეწყვიტეთ ჟიმაობა! თორემ კუთხეში გადაყენებთ!... სხვადასხვა კუთხეში!!! სამაგისოდ შესვენება არსებობს! ზარი დაირეკება და მერე მეც შემოგიერთდებით.

საქართველოს ისევ ჩრდილო-დასავლური კონსესუსის შედეგად შერჩეული ყოვლად ამორფული დეგენერატი "მართავს" და კიდევ ერთ ჰოლოგრამულ შადრევანს ხსნის სააკაშვილის მოედანზე.


QUOTE
{პარლამენტის წინ აფხაზეთის ომის მონაწილე აფხაზი ვეტერანები პენსიის მომატებას ითხოვენ.}


არც მაგაში შეეპაროს ეჭვი ვინმეს! ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აფხაზეთი ფაქტიურად ისევ სხვის ხელში იქნება და ბარაფშის პოლიტიკური შთამომავალი - საქართველოს პარლამენტარი.

ნატოს, ქეთინოს და ნათიას ისევ ფეხებზე ვკიდივართ და სანამ საკუთარ პრობლემებს თვითონ არ მოვაგვარებთ ისე არ შეგვიშვებენ.
კი მარა თუ მოვაგვარეთ მანდ რა გვინდა? ამას არავინ არ კითხულობს ისევ.

სამაგიეროდ ამ პრობლემების მშვიდობიანი "მოგვარების" მერე რომ "დავიბრუნებთ" და რა თქმა უნდა ყოველგვარ გავლენას ვიქნებით მოკლებულნი და ლტოლვილების ნაწილი, რომელიც დაბრუნდება საშინლად დაუცველი იქნება. ასეთი დაბრუნების ფასად ნატოში გავწევრიანდებით და... აღარ ვკიდივართ მსოფლიოს მაჰმადიანურ მოსახლეობას

პარლამენტის წინ გაიმართება ჰომოსექსუალისტთა მსვლელობა! ოღონდ არა გეი აღლუმის ამბავში, არამედ ჰომოსექსუალისტებისათვის სოციალური დახმარებების გაზრდის საბაბით.

ეკლესიებში გაიმართება ეკუმენისტური ლოცვები. და ჯვარის მაგივრად დავითის ვარსკვლავის, ნახევარმთვარისა, ჰიპების სიმბოლოს და ჯვრის გაერთიანებით მიღებულ ნამგალი და უროს მსგავს სიმბოლოს დასვავენ!

ყველა ჩვენგანს ეყოლება გადაბმულწარბებიანი, ყვითელკანიანი შვილიშვილი რატომ? ჯერ თქვენს შვილს და რძალს/სიძეს დააკვირდით და მიხვდებით!

ყვითელ კანს და გადაბმულ წარბებს ვინ ჩივის?! გენმოდიფიცირებულ პროდუქტების შემოტანა თუ არ აკრძალეს (რა თქმა უნდა არც აკრძალავენ) შეიძლება საერთოდ წარბების გარეშე და მწვანეკანიანი შვილიშვილები გვეყოლოს!

ჩვენი ახალი პრეზიდენტი ისეთი გარყვნილი იქნება, რომ პირველი ღამის წესსაც შემოიღებს.

ბოკერიას გამზირზე გარე მოვაჭრე... გარე, სხეულით მოვაჭრეებს აუკრძალავენ მუშაობის უფლებას.

ქართლის დედას საბოლოოდ გაუკეთებენ დემონტაჟს. სამაგიეროდ თბილისში კიდევ ერთ ტიტველა კაცს დაუდგავენ ძეგლს.
=================================================================================

P.S.

don kixotis saavtoro uflebebi daculi ar aris

მადლობა ღმერთს


კიდევ კარგი რომ:


ბუზები ხელის აქნევისას გაფრინდებიან და ტარაკნებივით მარდად არ გაიქცევიან ჩვენს სხეულებზე.
...


ტარაკნები ბუზებივით არ დაფრინავენ და გვაღვიძებენ

...

კოღოები კრაზანებივით ხელის აქნევისას შურისზიების წყურვილით აღვსილები არ გვიბრუნდებია აგრესიული პიკირებით


...

Monday, July 21, 2008

პირველი ნარკოტიკი








ძველი შეგონება, რომ ნარკოტიკი ერთხელ თუ გასინჯე, მერე მთელი ცხოვრება ნარკომანი იქნები და გაუბედურდები , ჯერ კიდევ ერთადერთ საყოველთაოდ გავრცელებულ პრევენციულ პოსტულატად რჩება.


არადა ნარკოტიკის მოხმარების გახშირებამ მისმა ყოვლისმომცველობამამ ახალგაზრდებში ახალი ილუზია გააჩინა.

ისინი რეალურად ხვდებიან ადამიანებს, რომლებსაც ნარკოტიკი კი გამოუყენებიათ, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებულები არ გახდნენ.

მათი მაგალითით ახალგაზრდას შეიძლება ეგონოს, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულნი მხოლოდ სუსტი ნებისყოფის უწესო ადამიანები ხდებიან და თვითონ მათ ეს საფრთხე არ ელით.

არადა საქმე ასე მარტივად არ არის.
ადამიანები ფსიქოტიპურად იყოფიან ორ ჯგუფად, ისინი ვინც ნარკოტიკის ერთხელ მოხმარებით არ გახდება ნარკომანი (თუ გაუხანგრძლივდა ნარკოტიკის მოხმარება, შეუძლია თავი დაანებოს საკუთარი გადაწყვეტილებით, ან მკურნალობით) და ისინი, ვინც ნარკოტიკის გასინჯვის შემდეგ აუცილებლად გახდება წამალდამოკიდებული და მას ვერაფერი ვერ მოარჩენს (ვერც საკუთარი ნებისყოფა და ვერც ათასგვარი ეგზოტიკური მკურნალობა).

სამწუხაროდ ადამიანებს საკუთარი ნებისყოფის, ფსიქოლოგიური სტატუსის და ამტანობის შეფასება ობიექტურად არ შეუძლიათ
ერთერთი გამოკითხვით დადგინდა რომ მამაკაცები საკუთარი პენისის სიგრძეს 5 სანტიმეტრით მეტს ასახელებენ. კი არ იტყუებიან, ასე ჰგონიათ.

ასევე ჰიპერბოლური წარმოდგენა აქვთ ახალგაზრდებს თავის ნებისყოფაზე. მათი 100% თვლის რომ შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას ნარკოტიკის გასინჯვის შემდეგ.

არადა, როგორც ვთქვი ეს წინასწარ ჩადებულია, რომ ნარკოტიკის ერთი გასინჯვის შემდეგ (ამაში არ შედის ძლიერი ტკივილის გაყუჩება) 100 დან 60 ადამიანი გახდება ნარკომანი!


ანუ

პირველი გაჩხერისას ადამიანი საფეთქელთან მიშვერილი რევოლვერით "რუსკაია რულეტკას" თამაშობს, რომლის 10 სავაზნიდან 6-ში სასიკვდილო ან სამუდამოდ გამაუბედუბელი ტყვია დევს. 4-ში კი სიამოვნების 10 წუთი, რომელმაც ბიოგრაფია შეიძლება გაუფუჭოს. არცერთი სავაზნე ცარიელი არ არის. ნარკომანობას თუ აცდი ც და ბ ჰეპატიტი, ციროზი და საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სიხლის დენით სიკვდილი იქვე იქნება ჩასაფრებული.

ეს საშიშროება უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ვისაც ცხოვბაში პირველად ნარკოტიკის გაკეთებას შესთავაზებენ.

ეს უნდა იცოდეს აგრეთვე იმანაც ვინც სხვას, განსაკუთრებით მოზარდს ნარკოტიკის გაკეთებას შესთავაზებს.

Tuesday, July 15, 2008

ფოლკლორი 1995





ფოლკლორი 95


-მე ლიფტი არ მჭირდება, ფეხით დავდივარ და ლიფტის ფულს არ გადავიხდი.


-ლიფტის ფულს თუ არ გადაიხდიან ქვედა სართულელები, მაშინ მე ნაგვის ფულს არ გადავიხდი სანამ ბუნკერი ჩემს სართულამდე არ ამოვა.


-შოფერ, უკანა კარი გააღე! რა, უფულოდ რომ მინდოდეს ჩასვლა, წინიდან ვერ ჩავალ?

-გადაიწიეთ, შუაში თავისუფლებაა.


იუმორი 95

-შენი მკვდარი გვათხოვე, ჩვენ გავასვენებთ ჩვენს ქუჩაზე 3 კვირაა დენი არ ყოფილა და პანაშვიდების დროს მოგვცემენ.

-ოხ გავიყინე კაცი. ზაფხული მოვიდეს და ჩემდათავად ჩრდილში დამდგომის..

-ჩვენი უბნის ელექტრიკი მოკვდა, რა იცი?
აბა მესამე დღეა დენი არ გამოგვრთვია, ესე იგი ჩართო და მოკვდა.

ევრიკა95

3 ლიტრიანი "ონას" ქილას ქვემოდან გაუკეთეთ ნახვრეტები, შიგ ჩაყრილ ფიცრებს ცეცხლი წაუკიდეთ აივანზე და სადილიც შეგიძლია გააკეთო.

შუქის მოპარვა ეზოს განათებიდან - დაღამებისას ანკესით სადენის გადაგდება, დილით აღება და დამალვა. 6 ვატიანი ნათურები, რომელიც გამორთულ ქსელშიც ანათებს

ინდივიდუალური წყლის საქაჩები.

სუროგატები 95

დამჟავებული პურის ხაჭაპპური და აჩმა, ნამცხვარი სიგუა, სოიოს კატლეტი, პეჩენიის ტორტი-ჩინური ტორტი. კარტოფილის ჩაქაფული, კარტოფილის ხინკალი, სოიოს ყავა. ხორცის ჩირი, კვერცხის ფხვნილი.

ვინ უფრო მაგარია - ქართველი თუ გერმანელი



ქუჩა...
ჩვენში გავრცელებული ცრუ კლიშეების მიხედვით ქართველები ფიცხი, ამაყი, მოხერხებული, რისკიანი ხალხი ვართ.

ვერ ვიტანთ მანქანის ჩანჩალით ტარებას.
ჩვენთვის ჩვეულებრივი მგზავრობაც კი შეჯიბრი და თავგადასავალია. აუცილებლად ვიყენებთ მინიმალურ საშუალებასაც კი, რათა დავწინაურდეთ და უკანმომავალი არ გავატაროთ, თუნდაც ამისთვის წესების დარღვევა მოგვიწიოს.
ჩვენი მანქანის ტარება ადრენალინს და რამდენიმესაფეხურიან გათვლებს საჭიროებს.


ჩვენს წარმოდგენაში გერმანელები კანონმორჩილი, წყნარი, აუღელვებელი ხალხია. მათ ჩვენგან განსხვავებით შეუძლიათ ერთი საათი იდგნენ ავტობანის საცობში და არ გადავიდნენ გვერდზე თავისუფალ ხაზზე, რომელსაც ღერძულა ხაზი კვეთს.
ქუჩაში მოძრაობის წესებს არასდროს დაარღვევენ. შეუძლიათ ქალაქებში საუკეთესო ასფალტზე მანქანის მართვის 50 კმ/სთ სიჩქარიეს ცხოვრებაში ერთხელაც არ გადააჭარბონ. მანქანის ტარებისას 2-3 საფეხურიანი კომბინაციის გათვლა იშვიათად უწევთ, და თუ ვინმემ თავისი მანევრით თუნდაც ერთხელ დაამუხრუჭებინა ან ხაზი შეაცვლევინა წითლდებიან და აღშფოთებას არ მალავენ.


მაგრამ...
მაგრამ, formula-1 ავტორბოლაში სადაც ადამიანებს სპეციალურად დათქმული აქვთ პირობა - მაქსიმალურად სწრაფად, მაქსიმალურად მრავალსაფეხურიანი გათვლებით, ბევრი ადრენალინით, რეალური ხიფათითა და მაღალი რისკით მანქანის ტარება, ერთი მიზნით - გაასწრო ყველას, გერმანელები ქართველებს 10 თავით გვჯობიან. თანაც იმათ მხარეზე ერთი ჩემპიონი და ჩვენს მხარეზე ერთი დამარცხებული კი არაა. იმათ მხარეზე ბევრი ჩემპიონია, ჩვენს მხარეზე კი - მონაწილეც არ გვყავს.

აქედან დასკვნა - გერმანელები ქართველებზე გაცილებით უფრო რისკიანი, ფიცხი, მოხერხებული და სწრაფი გათვლების უნარის მქონე ხალხია, თუ მოინდომეს და როცა საჭიროა..

ჩვენს გზებზე მძღოლების მიერ იმპროვიზაციის, სისწრაფისა და რისკიანობის უნარების გაუთავებელი დემონსტრირება უბრალო უწესობაა და არა ხასიათის თავისებურება.
ხასიათი და უნარები გერმანელებს აქვთ.

Thursday, July 10, 2008

ისევ თურქეთის თემას ვუბრუნდები




თბილისის ფორუმზე პირველი თემა გავხსენი"ტაო-კლარჯეთი/ თურქები/ ინსტრუქცია ტურისტთათვის"
რა მრჯიდა?

რა და რაც ამ თემამ დამიდასტურა.

1. ტაო-კლარჯეთში წამსვლელები მართლაც ტოვებენ ქართულისადმი აგრესიას ქართული ეკლესიების თურქულ სოფლებში, და ეს ძალიან საშიშია ჩვენი ტაძრებისათვის.

2. ტაო-კლარჯეთში წასვლის მსურველებმა სასურველია ეს თემა ნახონ და თავის პასუხისმგებლობაზე იფიქრონ.

3. შედეგად მინდა რომ ქართულ ტაძრებს ადგილობრივთა აგრესია ავაცილო.

Tuesday, July 8, 2008

ოდა თურქებს




ტაო-კლარჯეთის (ართვინისა და არდაგანის) მხარეები თურქეთის ერთერთ უღარიბეს რეგიონად ითვლებოდა არცთუ დიდი ხნის წინათ.

დღეს ამ ტერიტორიებზე, მისი რელიეფის სირთულის მიუხედავად 100.000 კაცი ცხოვრობს. ძნელად მისასვლელ პატარა სოფლებამდეც კი დიდი შრომის შედეგად 15 სანტიმეტრი სისქის ბეტონის გზები მიდის, ყველგან მშენებლობაა, ყველგან კეთდება რაღაც საერთო სარგებლობის (გზა, სანიაღვრე, წყალგაყვანილობა, არხი, ტერასა და ა. შ.) ყოველ ფეხის ნაბიჯზე თანამედროვე ძლიერი საგზაო და სამშენებლო ტექნიკა მუშაობს.

როგორც წესი თურქული სოფლის კარმიდამოს ღობეები არ აქვს, სახლებიდან შორს მყოფი ბაღები, ბოსტნები, ვენახები და ყანები ასევე შემოუღობავია.
ვალედან გეოგრაფიულად შუა თურქეთში (კაპადოკიაში) ერზრუმის გავლით ჩასვლისა და იქიდან სხვა მარშრუტით ტრაპიზონისა და სარფის გამოვლით დაბრუნებისას ვერსად ვერ გადავაწყდი ბაღ-ბოსტნის საყარაულო მეველის ბუნაგს, პოლიციის მანქანებსაც იშვიათად შევხვდი.
მშურს ამ ხალხს ერთიანობისა და საზოგადოს უპირატესობის შეგრძნება.
საერთოდ მთელი მოგზაურობისას საგზაო, სამშენებლო ტექნიკა და საქალაქო ტრანსპორტი ახალი კარგი ხარისხის და ბევრი გხვდება, ხოლო პირადი მსუბუქი ავტომობილები ძირითადად 10-15 წლის ნახმარი და კლასით დაბალია. ჩვენთან პირიქით იყო 5 წლის წინ - ბრეჟნებისდროინდელი გზაო, სამშენებლო ტექნიკა გვქონდა და შუა ევროპული მსუბუქი მანქანების ავტოპარკი. ბოლო წლებში ჩვენთანაც გამოჩნდა მაღალი კლასის და ახალი ტექნიკა მაგრამ ასევე იმატა ახალმა (უხმარმა) ავტომობილებმაც. ამ პარალელებმა მე მიმანიშნა რომ თურქები გაცილებით უფრო კონსოლიდირებულნი, მიზანდასახულნი, მომთმენნი და საზოგადოზე ორიენტირებულნი არიან ვიდრე ჩვენ. თუ დღეს კერძო მსუბუქი ავტოპარკი ქართული თურქულს ჯობია კიდევაც (ყოველ შემთხვევაში ჩემს მარშრუტზე) ერთ ორ წელში თურქები ისეთ მანქანებზე გადასხდებიან, ქართველებს არ დაგვესიზმროს.

გამახსენდა 1991-95 წლები, როცა შიმშილობის ზღვარზე მყოფმა საქართველოს მოსახლეობამ საპალნეები გადაიკიდა და თურქეთში ერბოსა და ჯინსებში გადაცვალა ოჯახებში შემორჩენილი სპილენძი, ხალიჩები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაშინ ჩვენთან გამეფებული ჯუნგლების კანონების შემხედვარეს მიკვირდა (კონკრეტული მაგალითის გათვალისწინებით)- როგორ ბედავენ ეს მარტოხელა ინვალიდი ქალები აიკიდონ 15-20 ჩანთა თავისი და მეზობლის განატანები "საქონელი" და სავაჭროდ ჩავიდნენ უცხო, მანამდე მტრულ ქვეყანაში მეთქი.

ალბათ არცერთი ასეთი მოვაჭრე არ დაუყაჩაღებიათ თურქებს, თორემ ეს საშიშროება აუცილებლად დაამუხრუჭებდა ამ სპილენძ-ალუმინის, ხალიჩებისა და ელექტრო ტექნიკის ნაკადს რომელსაც უკანა ტალღაზე ერბო და კამფეტები მოჰყვებოდა.

დავუბრუნდეთ თურქეთის მიწებს. ის ტერიტორიები, რომელიც მე გავიარე უპირატესად იყო მაღალმთიანი 1000 მეტრზე ზემოთ, ხშირად ალპური ზონის, შესახედად თიხისფერი, და ქვიანი. საქართველოში ასეთი მიწები არ მუშავდება. საქართველოს მთაში, სადაც მიწა უფრო შავია და ზაფხულიც ნაკლებად თაკარა მხოლოდ კარტოფილი მოჰყავთ, იმასაც ვერ გაარჩევ კარტოფილის ბაღია თუ სარეველის. თურქეთის მთიანეთი კი საუკეთესოდ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული;

ბაღ-ბოსტნები ვრცელ რთულ რელიეფზე სუფთა, უსარეველო და მოწესრიგებულია. მორწყვისათვის უდიდესი შრომა, ერთობლივი შრომაა ჩადებული. ან კილომეტრებიდან მთებში გამოყვანილი ბეტონის არხებით, ან სოფლის საერთო გადასატანი, მობილური სარწყავი პლასტმასის მილებითა და ხელოვნური შადრევნებით.

კლდეებზეც კი, ქვიან კლდეებზეც კი ულამაზესი დატერასებული ბაღებია. თითო რკალურ ტერასაზე თითო ხე ეტევა მხოლოდ - ზეთისხილის ხე.
მთიან და კლდიან სოფლებში, რომელთა წინ ბაღბოსტნად გამოსადეგი პატარა მდელოებია, სახლები მთისწინ კი არ არის აშენებული, როგორც საქართველოში, არამედ მთაზე, რათა მეტი სავარგული დარჩეს სახნავ-სათესად და ბაღად.


საერთოდ გაგაოცებს ბეტონის სიმრავლე, დაწყებული იმით რომ ბეტონის კარიერები მართლაც ყველა ფეხის ნაბიჯზეა და გაგრძელებული შედეგით - ბეტონი ყველგან. ამ რთული რელიეფის მქონე მხარეს ბეტონი საშუალებას აძლევს იქონიოს სხვაგზით მიუღწევადი არხები, საცალფეხო თუ საცალმანქანო გზები, ტერასები, ხიდები, დაკიდული ხიდები, ინდივიდუალური სატვირთო საბაგიროები.

ასეთი ჰიპერბოლური შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თურქეთის სახელმწიფო თავის გლეხებს ყოველთვიურად ჩუქნის ერთ კუბომეტრ ბეტონს, აჰა შენ ჭკვიანურად თუ გამოიყენებ, შემდეგ თვეშიც გაჩუქებო.

გზები კლდეებისა და ხეობების კიდეზე გადის და ხშირად იხერგება მეწყერის გამო. თითქმის ყველგან გამწმენდი ტექნიკა მუშაობს.
ფაქტიურად ვერ შეხვდები საგზაო ხიფათს, რომლის შესახებ 10-20 ნიშანი არ გაფრთხილებდეს.

შეფერხებიდან 100-100 მეტრში მუშები წითელი დროშის ფრიალით განიშნებენ რომ წინ საყურადღებო მონაკვათია. 20-40 მეტრის შემდეგ 20- მდე საგზაო ნიშნით (აბრები, დროშები, ისრები) გებულობ უნდა შეაჩერო თუ უნდა ფრთხილად გაიარო. ასეთი ზრუნვა გადაჭარბებული გეჩვენება, ასე მგონია რომ ქართველი მთვრალი მძღოლიც კი დაზღვეულია ავტოავარიისაგან იმდენად მოწესრიგებული და ზუსტია საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნები. და ეს ყველაფერი ამ ქვეყნის ერთერთ ღარიბ პროვინციაში.




ყველგან მშენებლობაა და ყველაფერს შრომისმოყვარე ხელი ატყვია, მაინც გამიკვირდა რომ ამ ქვეყნის კაპიტალი სხვაგან ინვესტირდება. გამიკვირდა იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით უამრავი საშუალებაა ააყვაო და უმაღლესი დონის კურორტად აქციო ულამაზესი მსოფლიო ცივილიზაციის ძეგლებით (მათ შორის ქართული) მდიდარი ულამაზესი ადგილები. არადა ელცინის დროს რუსეთში თურქეთს მეტი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, ვიდრე მთელ ევროპას. ალბათ ამ, რუსეთში ნაშოვნი ფულებით საბოლოოდ ისევ თურქული კურორტები აშენდება ოღონდ არა 2-3 არამედ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით.

ყველგან ჩანს რომ თურქეთი დიდი, მასშტაბური აღმშენებლობის წინა პერიოდშია. ტრაბზონიდან სარფამდე თითქმის დასრულებულია სამ ნაწილიანი (თითოეულზე სამი ხაზით და ბევრი გვირაბით) ავტობანის მშენებლობა. მთელ ამ 300 კილომეტრიან საზღვაო სანაპიროს გსასდევს გიგანტური ტ-ს მაგვარი ტალღამჭრელები რომელთა შუაში წყნარი ყურეებია მომავალში ალბათ ეს ყურეები და ტალღამჭრელები კეთილმოწყობილ პლაჟებად გადაიქცევა. დღეს კი ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მონაკვეთებს იმდენი თანამედროვე გზაო ტექნიკა შესევია რომ უნებურად "კურსკაია დუგა" გამახსენდა - უდიდესი სატანკო ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში, 3000 ტანკის მონაწილეობით.

ამ წერილს "ოდა თურქებს" დავარქვი და მისი დაწერა უკვე ჩამოთვლილმა ამბებმა კი არ შთამაგონა, არამედ შემდეგ სათქმელმა.

თამარ მეფის შემდეგ ჩვენ ტაო-კლარჯეთს მხოლოდ ეპიზოდურად ვაკონტროლებდით. 1918 წელს ტაო კლარჯეთი ერთა ლიგის რუქაზე საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ ის ჩვენ არ მოგვიპოვებია - 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიხიეს თურქებმა მაშინ.

ანუ მთელი 1000 წლოვანი სასტიკი ფეოდალიზმი ჩვენი ტაძრები თურქულ გარემოში, ანტაგონისტურ რელიგიურ და სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში იდგა.

მათი მცველი და განმკითხავი ჩვენ აღარ ვიყავით.

ტაო-კლარჯეთის მკვიდრ თურქთა 30-მა თაობამ გაუძლო პოლიტიკურ-პატრიოტულ-რელიგიურ ცდუნებას – დაენგრია მათთვის უცხო, პოლიტიკური ხიფათის შემცველი ტაძრები.

ფეოდალიზმი ერთ მხრივ და მუსულმანობა, ქრისტიანობისგან განსხვავებული რელიგია მოსალოდნელს ხდიდა რომ თურქებს ჩვენი ტაძრები, უპატრონო და უმლოცველო ტაძრები დაენგრიათ, თუ ვერ დაანგრევდნენ მათთვის უცხო ქართული და ქრისტიანული ამოენგრიათ-წაეშალათ ან ეკლესიის ქვები საკუთარი სახლებისთვის გაეზიდათ ოხროხინე მღვდელივით.
არ ქნეს!

1921-1991 წლებში საქართველოსა და თურქებს საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი ჰყოფდა. ჩვენ თურქეთში კი არა, ვარძიის სანახავადაც ვერ ჩავდიოდით საბჭოთა მესაზღვრეების სპეციალური ვიზის გარეშე. ამ 70 წლის განმავლობაშუ თურქები რა თქმა უნდა ჩასულ ქართველებს ვერ ნახავდნენ და პერსპექტივაში თუ ოდესმე ქართველები საკუთარ ეკლესიებს მოიკითხავდნენ ძალიან სათუო იყო, მაგრამ მაინც შეინახეს. შეინახეს არა მარტო ჩუქურთმები, წარწერები და ჯვრები (არ ამოანგრიეს) არამედ შეინახეს მთელი შენობები არ დაანგრიეს და ააფეთქეს. აფეთქების უნარი კი თურქეთს, რუსეთთან ყირიმის 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის საზღვაო ომის მწარმოებელ ქვეყანას, რომლის დროსაც მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მე-18 საუკუნიდან აქვს.
არ ააფეთქეს!
ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.



თურქეთის სახელმწიფომ ეს ტერიტორიები 7-8 საუკუნის წინ დაიპყრო, მას შემდეგ ამ მიწებს თურქ გლეხთა 30 თაობა მშვიდობიანად ამუშავებს, ატერასებს და რწყავს. აი ეს ხალხი არის იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც ჩვენ, ახალ ქართველ პილიგრიმებს ინტერესითა და დემონსტრაციული კეთილგანწყობით გვხვდება - “ვინ არიან ეს ქართველები, რომელთა წინაპრების მიერ ჩემს სოფელში უხსოვარი დროიდან აშენებული კალისე თავს დაგვდგომია ჩვენს სახლებს და ჩვენ მეჩეთს და ალაჰს კი არა ქრისტეს ადიდებს. ვინ არიან ეს ხალხი ვისი რიდითა და პატივისცემით ჩემმა პაპამ, პაპისპაპამ და პაპისპაპისპაპისპაპამ ეს ეკლესიები ხელუხლებელი შეინახეს”.

ჩვენ ამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვუკმაყოფილებთ. როგორც წესი პილიგრიმთა მარშრუტის სირთულისა და გრაფიკის სიმჭიდროვის გამო თითეულ ამ სოფელში ჯგუფები ერთ საათზე ნაკლებ ხანს ვრჩებით და მოსახლეობასთან საუბარს ვერ ვახერხებთ. საქმე კი ისაა რა უნდა ვუთხრათ ადგილობრივ გლეხებს დრო რომც გამოვნახოთ. ვუმტკიცოთ რომ ოდესღაც ეს მიწა საქართველო იყო და თურქეთმა დაიპყრო - გულუბრყვილობაა. მათ ისედაც იციან ეს და წიგნში კი არ წაუკითხავთ, თვალით ხედავენ ყოველდღიურად.

უსაყვედურო რომ ქართული ძეგლები მოუვლელია და დანგრევის საშიშროების წინაშეა, გულუბრყვილობაა თუნდაც იმიტომ რომ კერძო პირის ინიციატივა, შეაკეთოს და მოუაროს უცხოტომელთა უცხო მორწმუნეთა ტაძარს შეიძლება დაგმობილი იქნეს მოლას მიერ, რომელიც როგორც ვთქვი, დღეში რამოდენიმეჯერ ხმის გამაძლიერებლებით აფენს თავის გალობას მთელ სოფელს.

ჩვენ- ტურისტები ამ ტაძართა ქრონომეტრაჟის 0,02% დროს ვართ მათთან დანარჩენი 99,98% დროისა ისინი კვლავ ჩვეულებრივი თურქული სოფლების მაცხოვრებელთა ხელში არიან, მათი კეთილი ნებისა თუ პატივისცემის შედეგად ჯერ კიდევ დგანან.

ჩვენ მივდივართ დავუბღვერთ ამ ხალხს, იქნებ წავუსისინებთ კიდევაც და უკან მოვდივართ.

არ არის ეს პატრიოტიზმი.

არ არის ეს ისტორიის ცოდნა.

არ არის ეს ქრისტიანული შემწყნარებლობა.

არ არის კარგი მომავალი პილიგრიმებისათვის.

და ბოლოსდა ბოლოს არ არის რაციონალური ძეგლების მიმართ.

ჩვენ თურქებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ გასაბჭოების შემდეგ თბილისური ულამაზესი (როგორც ამბობენ) მეჩეთის დანგრევის გამო და ..

მადლობა უნდა გადავუხადოთ უბრალო თურქ ხალხს მათი ტოლერანტობისა და ჩვენი სიწმინდეებიდმი პატივისცემისათვის, ჩვენი, მათთვის უცნობი ადამიანების პატივისცემისათვის.


ბოლოს და ბოლოს ბობოქარი ისტორიის შედეგად არამარტო ქართველები დავრჩით თურქთადან შევიწროებულნი, უმშვენიერეს მიწაწართმეულნი და შედეგად დაჩაგრულნი, არამედ თვითონ ქართველებმაც სომხებთან ერთად მცირერიცხოვნობის მიუხედავად წყალში ჩავყარეთ თურქთა მამაპაპის ფარული თუ გაცხადებული ოცნება დიდ ოტომანთა იმპერიაზე, რომელიც თურქულენოვანი შუააზიის, ერთმორწმუნე ჩრდილო კავკასიის, თურქულენოვანი აზერბაიჯანისა და ამიერკავკასიისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ჩვენ ამ ოცნებას ყელზე დავადექით.
გიაურთა ორი მცირე ქვეყანა ყელზე დავადექით 10 ძლიერ, მდიდარ და მრავალრიცხოვან თურქული გავლენის ქვეყანას.

იქნებ თურქების ჩვენი ტაძრებისადმი ჯადოსნური კრძალვა და პატივისცემა ჩვენს ქვეყანაზეც გადმოდის?
იქნებ ამ ტაბუდადებულმა აღტაცებამ დაგვიცვა სასტიკი ფეოდალიზმის დროს?

დღეს თურქეთის სახელმწიფო ევროპისკენ ისწრაფის, ვითარდება და ძლიერდება.
თუ ქართულმა სახელმწიფომ, ქართველობამ კარგად ავუხსენით, თურქეთის სახელმწიფოს შეუძლია ერთის მხრივ ჩვენი ტაძრების მაშტაბური რეკონსტრუქციის ჩატარება (ქართულ ძეგლთა დაცვის სპაციალისტებთან ერთად), მეორე მხრივ კი ევროპისათვის თურქი ხალხის ქრისტიანული ძეგელებისადმი საუკუნოვანი ტოლერანტული დამოკიდებულების დემონსტრირება.

ჩვენ კი, ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.
თეშექიურ!!

არა, მართლა!

კრულვა თურქებს!

ამ პოსტის მკითხველი იღებს პასუხისმგებლობას წაიკითხოს შემდეგიბ პოსტი - "ოდა თურქებს!"


თურქებმა დაიპყრეს საქართველოს ულამაზესი მხარე ტაო-კლარჯეთი.

ტაო-კლარჯეთის ქართული ბუნება უძველესი, გრანდიოზული ქართული ეკლესიებითაა დახუნძლული.

ტაო-კლარჯეთის მონახულების შემდეგ დარწმუნდები რომ ფრაზა- ტაო კლარჯეთი საქართველოს აკვანია, ფრთიანი და პათეტიური გამონათქვამი კი არ არის არამედ ისტორიული ფაქტია. აქ არის უფრო მეტი ეკლესია ვიდრე აჭარასა და გურიაში,,, აქ არის ქართველების მიერ აგებულთაგან ორი უდიდესი ბაზილიკა პარხალი და ოთხთა, გრანდიოზული ექსტერიერითა და ქართულ ძეგლთაგან უდიდესი შიდა სივრცის მქონე ოშკი, უნიკალური ქართული არქიტექტურისათვის- წრიული ფორმის ბანა, დროსა და აფეთქებებს მხოლოდ დიდებულ ნანგრევად შემორჩენილი.

აქ დამზადდა ქართული ოქრომჭედლობის უალტერნატივო მწვერვალი ხახულის კარედი, თბილისის უძველეს ეკლესიას ანჩისხატი ტაოკლარჯეთიდან, ანჩის ეკლესიიდან ჩამობრძანებული ხატის სახელზე ეწოდა. აქ, არტანუჯში განისვენებს საქართველოს მეფე აშოტ კურაპალატი. აქ ეახლა ქართველოს სულიერ მწყემსს გრიგოლ ხანძთელს მეფე განქორწინების ნებართვის სათხოვრად და.. უარი მიიღო.

ტაო-კლარჯეთშია კაცობრიობის ისტორიულ არქიტექტურაში ქართველთა კულტურული წვლილის მწვერვალები: ყველაზე დიდი მრგვალი ფორმის - ბანა, ყველაზე რთული და ლამაზი ინტერიერის - იშხანი, ყველაზე დიდი ბაზილიკა - ოთხთა, ყველაზე დიდი შიდა სივრცის მქონე - ოშკი.

ყველაზე მასშტაბური დატერასებულ მთათა მასივები.




ამ მთიან ტერიტორიას ჯავახეთის მთიანეთში ათეულობით კილომეტრებზე ფარავს საუკუნეების განმავლობაში ქართველი გლეხების მიერ ვენახებისა და პურის ყანებისათვის გამოჭრილი ტერასები, რომლებიც დღეს აუთვისებელი და მიტოვებულია.

როგორც სომეხთათვის ეროვნული სიმბოლო არარატი, ასევე საქართველოს სიმბოლო- ულამაზესი მთაგორიანი ბუნებით შემკული ტაოკლარჯეთი თურქეთის ტერიტორიაზეა. მაღალი კლდიანი ტყიანი და ჩანჩქერებიანი გარემო ავტომობილით მგზავრობისას საათების განმავლობაში არ ხუნდება, ყველა მოსახვევი ახალ მცირე მარგალიტს ამატებს მგზავრის მიერ დანახულ ულამაზეს პანორამას.





ქართველთა საამაყო არქიტექტურის ძეგლები ამ მიწებზე საუკუნეებია არავის შეუკეთებია.

1000 წლის სიძველის შენობები ელემენტარული მიუხედავობის გამო დაქცევის საშიშროების წინაშე დგას.


სახურავის არარსებობა ამ ეკლესიების მთავარი ჭირია. საუკუნეების განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნამ, ქარმა წვიმამ და თოვლმა ამ ეკლესიების 1000 წლოვანი სახურავები დააქცია, ფრესკები წაშალა, კედლები და სვეტები დააზიანა.

რამოდენიმე ეკლესია კი თურქებმა ბომბებით ააფეთქეს.


ოთხთაში წვიმის დროს ნიაღვრის ნაკადი იმდენად ინტენსიურია,რომ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილმა ღორღმა ეკლესიაში 2 მეტრის სიმაღლის ბორცვი შეიტანა. ხანძთა, ეკლესია სადაც გრიგოლ ხანძთელს გაერთიანებული საქართველოს მეფე აშოტ კურაპპალატი თხოვნით ეახლა, დღეს 2 სვეტსღა უჭირავს ორი კი ჩამოშლილია და აღარ არსებობს, გუმბათი კი რომელიც 1000 წელი იდგა შარშან ჩამოინგრა. ოპიზა - ბექა და ბეშქენ ოპიზარების მოღვაწეობის ადგილი თურქებმა სულ ახლახან ააფეთქეს.ერთი გადმოცემით სოფლის მოსახლეები გაღიზიანდნენ ქართველი პილიგრიმი ტურისტების სანთლებითა და საგალობლებით.


დღეს თურქეთი ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, ცდილობს შეესაბამებოდეს ევროპული ოჯახის საერთო პრინციპებს, მაგრამ ევროპელთა თვალთაგან მოფარებულ ტაო-კლარჯეთში 5 კუბური მეტრი ბეტონი და 1000 კვადრატული მეტრი თუნუქი არ დახარჯა ქართული ეკლესიების სვეტებისა და სახურავებისათვის. დღევანდელი თურქეთი არ უვლის ქართულ ეკლესიებს, არც იმის ნებართვას იძლევა, საქართველოს სახელმწიფომ შეაკეთოს და მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, საკუთარ სიწმინდეებს. არ იძლევა ნებართვას აღდგეს ამ ეკლესიებში წირვა-ლოცვა.

საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული ფესვის მქონე მოხლეობა თურქეთის სახელმწიფომ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში მიზაზანმიმართულად ასიმილირა და გაფანტა თურქეთის მთელს ტერიტორიაზე. დღევანდელი ქართველი თურქები, რომელთაც დაკარგული აქვთ გვარი, რწმენა და რაც მთავარია მამაპაპის ნაფუძრები

სიმრავლის მიუხედავად ერთობას, რომელსაც რაიმე პოლიტიკური ნება შეიძლება ჰქონდეს ვერ ქმნიან.

არაერთ წარმატებულ თურქ ქართველს შეეძლო მიეხედა ქართული ეკლესიებისათვის, თუნდაც არა როგორც საკუთარი რელიგიური, არამედ როგორც საკუთარი ფესვების, ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების მოვლისა და პატივისცემის მიზნით. ვერ გაბედეს, არ მოინდომეს.


მაგრამ ეს საყვედური არა თურქებს, არამედ თურქ ქართველებს ეკუთვნით. მათ ხომ დიპლომატიისა და ქვეყანათა შორის მოლაპარაკებათა რაუნდების გარეშე შეეძლოთ ამ მტკივნეული პრობლემის გადაჭრა.


თურქები თანდათან ამერიკელებს დაემსგავსნენ, როგორც ამერიკელებს, ამერიკულ კულტურას (კინემატოგრაფს, პროზას) აღარ აქვს აგრესია ამ ტერიტორიების აბორიგენი ინდიელების მიმართ, პირიქით შეუძლიათ შექმნან ბევრი ფილმი და დაწერონ ბევრი რომანი ინდიელებთან მეგობრობაზე, დაარქვან თანამედროვე ავტომობილებსა და სამხედრო ვერტმფრენება იდუმალი ინდიელური სახელები ჩეროკი, იროკეზი, კომანჩი, ასევე თურქებმაც შეიფერეს მსოფლიო ცივილიზაციის აკვანის მფლობელის სტატუსი და კი აღარ მალავენ, არამედ პირიქით როგორც კუთვნილს ღებულობენ ტროას, ეფესს, კონსტანტინოპოლს, ანტიკურ ცისტერნებს, ადრექრისტიანულ კაპადოკიას, სუმელას, ამ ჩამონათვალში ჯერ არ არის ქართული სიწმინდეები. ეტყობა თურქეთის ხალხსა და სახელმწიფოს ამ ძეგლების გრანდიოზულობისა და ქართული სახელმწიფოსადმი მათი ისტორიული ბრალის გათვალისწინებით ჯერაც ვერ გაუთავისებიათ ეს ძეგლები.

ქართული ძეგლები ალბათ ტაბუდადებული თემაა, ხდება მათი ტურისტული და კულტურული სტატუსის იგნორირება. მილიონობით ევროპელი ტურისტი რომელთა დიდი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე ადრიანი ქრისტიანული სიწმინდეების მოსანახულებლად ჩადის, ისე ტოვებს ამ ქვეყანას, რომ ქართული ძეგლების შესახებ ვერაფერს შეიტყობს. თურქეთის ტურისტთა მოსაზიდ კლიპებში ბოლო ხანებში ერთი წამით გაიელვებს სომხური ეკლესიის კადრი, თურქეთის ტურისტულ რუქებზეც მხოლოდ სომხური ეკლესიებია დატანილი. ერთი ალბათ იმიტომ, რომ თურქეთის სომხებმა თავისი ეკლესიები გადახურული და შესაბამისად საჩვენებლად ვარგისი მოიტანეს. მეორე კი ალბათ პოლიტიკური მოტივებით, უჩვენონ ევროპას და სომხეთს, რომ სომხურ მემკვიდრეობას პატივს სცემენ. ქართული ეკლესიების საშინელი მდგომარეობა დღევანდელი ძლიერი თურქული სახელმწიფოს სირცხვილია.


ავღანელებმა არტილერიით გაანადგურეს გრანდიოზული ბუდების ქანდაკებები, თურქეთი კი დოინჯშემორტყმული უყურებს როდის დაიქცევა ქართული შედევრები.

ამ პოზიციას ალბათ ქართული რევანშის შიში, თუნდაც თეორიული რევანშის შიშიც აძლიერებს.

ქვეყანაში სადაც ბეტონის სიჭარბე ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალში გხვდება 2 კუბური მეტრი ბეტონი არ გამოინახა ხახულის ორი გამოცლილი სვეტის აღსადგენად.



ჩვენ არათუ უნდა მოვითხოვოთ ქართული ძეგლების აღდგენის ნებართვა, არამედ უნდა მოვთხოვოთ თურქეთს ჩაერთოს რეკონსტრუქცია რესტავრაციის საქმეში.

თურქეთი ევროკავშირის კარებს ჯიუტად და მოთმინებით უკაკუნებს.

ქართული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა არატოლერანტობასა და გლობალური მასშტაბის ქრისტიანული არქიტექტურის მიმართ გულგრილობაში ამხელს თურქეთის სახელმწიფოს.

გლობალური დათბობისა და მისი თანმდევი კატაკლიზმების (თავსხმა წვიმები, გრიგალები, წყალდიდობები) გახშირებისა და მომავალში უფრო მეტად გახშირების სამწუხარო პერსპექტივის გათვალისწინებით შგვიძლია გავაკეთოთ სამწუხარო პროგნოზი. ქართული ქრისტიანული ძეგლები თურქეთში ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. 21-ე საუკუნის ადამიანებს (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) ეძლევათ ბოლო შანსი გადაარჩინონ ადამიანების (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) მიერ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში შექმნილი არქიტექტურული შედევრები. გამოიყენებენ?

მალე გვიან იქნება
ხანძთა პირველია რიგში.
პირველი დაინგრევა თუ პირველი არ გავამეგრეთ.

ელექტროფიცირებული ლოცვები ხმის გამაძლიერებლებით



გიორემი (კაპადოკია)




თურქეთის ქალაქების ყველა უბანსა და ყველა სოფელს თავისი მეჩეთი აქვს თავისი გრძელი მინარეთითა და დათქმულ საათებში მოლების ელექტროფიცირებული ხმისგამაძლიერებელით ლოცვებით.

თურქებს დღეში რამდენჯერმე უწევთ რუტინული ლოცვების არაბუნებრივად ხმამაღლა, ხმისგამაძლიერებლებით სმენა, მაგრამ ქუჩაში მოლას ხმაზე ვინმე გაჩერებულიყოს, ხალიჩა მიწაზე გაეფინოს და ლოცვა დაეწყოს არ მინახავს, ის კი არადა, გიორემში (კაპადოკია) სასტუმროს ღია რესტორანში, ჩვენს გვერდითა მაგიდასთან მჯდომმა ალბათ ბიზნესმენმა როცა გაზეთის კითხვისას მოლას ხმამაღალი შეძახილი მოესმა, გაზეთი ენერგიულად ააშრიალა და კითხვა განაგრძო ფეხიფეხზე გადადებულმა.

ეს არაბუნებრივად ხმამაღალი, ელექტროფიცირებული ლოცვები მათაც ალბათ ისევე აღიზიანებთ, როგორც მე გამაღიზიანა ვაკეში ჩემს სახლში ახალი ეკლესიიდან წამოსული ზარების რეკვის ხმამ.
გამაღიზიანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ეს ზარები ელექტრო რელეთი რეგულირებადი ავტომათით რეკავენ. არადა მანამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ზარის ჩამოკვრათა შორის ხანგრძლივი ინტერვალების (დაახლოებით 30-60წმ) დროს მოზარე მორწმუნე ადამიანი თავისთვის ჩუმად ამბობდა ლოცვებს და ინტერვალის ხანგრძლივობასაც ამით საზღვრავდა.

Tuesday, July 1, 2008


ათი დღეა რაც თურქეთიდან - ტაო-კლარჯეთი-კაპადოკიიდან დავბრუნდი.

ჯერ ისევ დაულაგებელი შთაბეჭდილებების სიმრავლის გამო პოსტებს ვეღერ ვწერ.

მაგრამ ვაპირებ!

ვაპირებ დავწერო ორი წერილი:

"ოდა თურქეთს!"

და

"კრულვა თურქეთს!"