Wednesday, September 1, 2010

გამარჯობა ოსო!



მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, ინტერნეტ ფორუმ ფორუმი.გე-ს მკითხველები.
მოგმართავთ ბესლანის ტრაგედიის წლისთვზე კავკასიონის ორივე მხარეს მცხოვრებ ოსებს.


მიიღეთ ჩვენი ღრმა მწუხარება ბესლანის საშინელი ტრაგედიისას უდანაშაულო ბავშვთა მსხვერპლის გამო.


ჩვენ მუდმივად თან დაგვყვება ის ტკივილი რაც თქვენ მაშინ განიცადეთ.
მეექვსე წელია ყოველდღიურად ქართული სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემის წინა კლიპში ვხედავთ ამ ტრაგედიის შემზარავ კადრს, როცა ოსი მამა უგონო გოგონათი ხელში გამორბის ბავშვის უსაფრთხო ადგილზე გადმოსაყვანად.
ეს გაელვებული კადრი ჩვენში სრულად აცოცხლებს იმ დღეთა ტკივილს, რომელიც იმ დღეებში ჩვენ მართალია ტელეეკრანიდან დაგავტყდა თავს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ბესლანის რეპორტაჟებს ფაქტიურად უწყვეტ რეჟიმში ვუყურებდით და გაცილებით ხანგრძლივად, ვიდრე ეს რუსეთის ფედერალურ არხებზე, იქნებ ჩრდილოეთ ოსეთის ტელეარხებზე გადაიცემოდა.

უსაზღვრო იყო ჩვენი აღშფოთება ტერორისტთა მიმართ, რომლებმაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის უმანკო ბავშვების სიცოცხლეები ჩააგდეს საფრთხის ქვეშ. ველოდებოდით მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებათა რაუნდებს, უშედეგოებსა ან თუნდაც ნაწილობრივ შედეგიანებს, მძევალთა ნაწილ-ნაწილ გათავისუფლებას. ვიმედოვნებდით, რომ რაოდენ ხანგრძლივიც არ უნდა ყოფილიყო გაურკვევლობის, შიშისა და ტკივილის შემდეგი დღეები, იქნებ კვირები, მსხვერპლი მაინც მინიმალური იქნებოდა.
სკოლის შტურმი ელდა იყო ჩვენთვის, ძნელი აღმოჩნდა აგრეთვე დაგვეჯერებინა იმ ციფრებისათვის, რომლებსაც მაშინ მხოლოდ ციფრების მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოკლული აღმოჩნდა 326 ადამიანი, მათ შორის 156 ბავშვი.

ჩვენ ვლოცულობთ მათი სულებისთვის და ვისურვებთ, რომ ჩვენმა სამძიმარმა მცირედ მაინც შეუმსუბუქოს ტკივილი მათი ოჯახის წევრებს, დედებს, მამებს, და-ძმებს, ნათესავებს, თანაკლასელებს, თანამოქალაქეებს, ყველა ოსს.


გვინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ერებს შორის არსებული პროვოცირებული უთანხმოებებისა და ვნებათაღელვების სერიალისა, ჩვენ ქართველები, ჩვენთან ყველაზე ახლო ხალხად კვლავ ოსებს განიხილავთ.
ამის დასტურად მიგვაჩნია ის ნულოვანი გაუცხოება, ნულოვანი სტიგმა და სრული ტოლერანტობა ოსური ეროვნების იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და თავისი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევენ თავს.

ჩვენ, უბრალო, საშუალოსტატისტიკურ ქართველ ხალხს იმდენად აბსურდულ შეცდომად, ბოროტ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტად და სუბიექტურ შეცდომათა კასკადად მიგვაჩნია ომები ჩვენს შორის, რომ დღეს, ბესლანის ტრაგედიის წლისთავზე შევეცდებით თავი მოვუყაროთ ჩვენს მოსაზრებებს სრულად ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ბოლო 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში, რათა დაგარწმუნოთ, ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ჩვენი ტკივილი საერთოა.

ჩვენი ხალხების მომავალ ისტორიაში კიდევ დიდხანს იტრიალებს შეკითხვა - რატომ მივედით 2008 წლის 7 აგვისტომდე?

90-ანი წლების დასაწყისის ომები და ყაჩაღობები ხალხს იმდენად მწარე გამოცდილებად დაგვაჩნდა, რომ იარაღზე ქართულმა ზოგადოებამ პრინციპული უარი თქვა. ვარდების რევოლუცია, აჭარის პოლიტიკური კრიზისი, 2007 წლის ნოემბერი უსისხლოდ დამთავრდა.

და მაინც, საქართველოს სახელმწიფოს უფრო ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება შეეძლო.

არ აღმოჩნდა საკმარისი სანაკოევი, ტვ-ალანია, კინოთეატრები და სტადიონები, არ მიუვიდა მოსახლეობის გულს არც პრეზიდენტის ოსურ ენაზე სამშვიდობო მომართვები და არც ფართო ავტონომიის ოფიციალური შეთავაზებები.

საქართველოს ბოლო 5 წლის აღმშენებლობის კვალდაკვალ ქართული ჯარიც აშენდა და გაძლიერდა, ჩვენ ვთვლოდით რომ ჯარის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის წარმატებებსა და ქვეყნის მასიური რემონტის თანხლებით ოსებსა და აფხაზებს წაახასებდა საქართველოსკენ გამოსახედად.

მაგრამ ხალხს ესეთი არჩევანი რუსეთმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მისცა. პირველ როგში რა თქმა უნდა, რუსეთმა.

2004 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ომი. ომი, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს დაჩოქებაა.

საქართველოს დაჩოქება კი, რუსეთს თავისი ფიზიოლოგიური სწრაფვის - მსოფლიო ბატონობისთვის უნდა.
ეკონომიკის ყველა სახელმძღვანელოში წერია თუ რა ცუდი რამაა მონოპოლია. მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ყველა ცივილიზებული ქვეყანა იყენებს სპეციალურ ანტიმონოპოლიურ კანონებს. რუსეთმა კი განიზრახა მონოპოლიის მარწუხებში მთელი ევროპა მოექცია. ამ მიზნისათვის მან დაისახა ერთპიროვნულად გააკონტროლოს ის ნავთობპროდუქტები, რომელიც რუსეთის გარდა შუა აზიასა (ყაზახეთი, თურქმენეთი) და კავკასიაში (აზერბაიჯანში) მოიპოვება. რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს მთელი ამ ნაკადის ონკანი, და ევროპას თავისი პირობები წაუყენოს. ამ გეგმის ასასრულებლად რუსეთს საქართველოს დაჩოქება სჭირდება. საქართველოს კი , გარდა იმისა რომ პატარა და მცირერიცხოვანია, განსაკუთრებული სუსტი მხარეებიც აქვს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთმა მოიპოვა მშვიდობისმყოფელის სტატუსი საქართველოს აჯანყებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე. რუსეთმა მოახდინა ამ რეგიონების მოსახლეობის გარუსება მათთვის რუსეთის პასპორტების მასობრივად დარიგების გზით.

რუსეთმა კატეგორიულად უარყო ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც თბილისმა ცხინვალსა და სოხუმს შესთავაზა.

რუსეთმა განაცხადა რომ თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს, რუსეთი აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს (ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარებისათვის საქართველო რატომ უნდა დასჯილიყო, ამაზე პასუხი არცერთ რუსს არ გაუცია).საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.



დღევანდელი საქართველოს უპირველეს ისტორიულ ვალს მომავალი და წარსული საქართველოს წინაშე ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენს.

ქვეყნის გაერთიანებას კი წინ გადაეღობა:
-რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო.
-რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგება და ამით მათზე პროტექტორატის დაწესება.
-რუსეთის მუქარა, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას (რაც რეალურად ამ მიწების საქართველოსთვის ჩამოჭრასა და რუსეთისთვის მიწებებას აღნიშნავდა).
-რუსული სამშვიდობო ძალები ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გადაიქცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სასაზღვრო ჯარად.ამასთანავე რუსეთ საქართველოს და რაც უფრო საგულისხმო იყო - რუსებსა და ქართველებს შორის საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ბურუსში , დღევანდელი საქართველო არ კარგავდა იმედს, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ერთერთი ინსტრუმენტი ოდესმე საქართველოში მართლაც შეასრულებდა სამშვიდობო მისიას და ხელს შეუწყობდა ქართველთა ოსთა და აფხაზთა შორის ურთიერთობის აღდგენას.

ოპტიმისტური პროგნოზებით, ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსეთი გახდებოდა კონსტრუქციული მას შემდეგ, რაც დაინახავდა საქართველოს წარმატებებს ეკონომიკის, წესრიგისა და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. 2004 წელს აღმოჩნდა რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ ოპტიმისტური იყო, რუსეთს, პუტინის რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს დაჩოქება. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთმა ჩამოიხსნა ბრძენი, მშვიდი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი და დაიწყო მიზანმიმართული დესტრუქცია. საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებისა და იმპორტ-ექსპორტისათვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის პასპორტების დარიგება და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შექმნა, სეპარატისტული მთავრომების მართვაში მონაწილეობა და ჯარების შეიარაღება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოსგან მტრის ხატის შექმნას.

ჩვენ, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას. ბუნებრივია ის ძალა, რომელიც შეიარაღებული ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი.

მასთანავე ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ ფაქტს, რომ ეს სეპარატისტული ომები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მასშტაბის პანდემია იყო და მასში მონაწილე მოქალაქეები (ყველა მხრიდან) იყვნენ გარემოების მძევლები, შესაბამისად ჩვენ არათუ ძველი ომების მონაწილეთა მიმართ გვაქვს ნაკლები აგრესია, არამედ გარკვეული თანაგრძნობით ვეკიდებით იმ ახალწვეულ ჯარისკაცებსაც, რომენიც დღეს შეიძლება სეპარატისტული ჯარის უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ბავშვები იყვნენ, და შესაბამისად ისინი ახლა არიან სიტუაციის მძევლები.
ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ანალოგიური ტოლერანტული და ანტიქსენოფობიური ტენდენციები ოსურ საზოგადოებაშიც იმძლავრებდა და ჩვენი პოზიციების მშვიდობიანი შეჯერება შესაძლებელი გახდებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ სწორედ რუსეთი და მის მიერ გამოკვებული სეპარატისტული მთავრობები ჩადგნენ ჩვენს ხალხებს შორის.

მაგრამ თავისი იდეოლოგიის ბოლომდე გატანა მათ ვერ შეძლეს.
-გაჩნდა სანაკოევის მთავრობა,
-მოსახლეობის მცირე ნაწილმა გაბედა ეთქვა ხმამაღლა ქართველთა და ოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობის შესახებ.
-ფუნქციონირებდა ოსური გადაცემა საზოგადოებრივ არხზე, ოსური არხი "ალანია",
-ოსი სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში საქართველო სახელით (იმ ნაკრების შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე ოსი გახლავთ).
-მთელი საქართველოს ოსები დარწმუნდნენ, რომ ქართველთა სახელმწიფო მათთვის უსაფრთხო და მეგობრული სახელმწიფოა. საქართველოს სახელმწიფომ გადალახა რამდენიმე უხერხულობა ოსების სასარგებლოდ:
-აღიარა ოსური დროშა საქართველოში,
-აღიარა რუსული ენის, როგორც ს.ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის ენა.
-ბოლო მნიშვნელოვანი და მძიმე კომპრომისი, რომელზედაც წავიდა საქართველოს ხელისუფლება ( და რომელსაც აუცილებლად გააკრიტიკებდა ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ნატო ქვეყნის გარეთ), იყო სამხრეთ ოსეთის მაღალი სუვერენიტეტის გარანტად რუსეთის მოწვევა.



ვითვალისწინებთ რა ჩვენი ახლო წარსულის პოლიტიკური კატაკლიზმების სირთულეს, მრავალსაფეხურიანობას, გარეშე ძალის დომინირებას, წარსულის ინერციას და სხვა ფაქტორებს, ჩვენ კვლავაც დიდი მოთმინებით მშვიდობიანად და პრინციპულად შევეცდებით მტერი გავხადოთ მოყვარე. როცა ვამბობთ მტერი, მხედველობაში არ გვყავს ოსები, საქართველოში მცხოვრებ ოსებში ჩატარებული რეფერენდუმი რომ იყოს გადამწყვეტი, საქართველოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა არ ექნებოდა.

სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსები წარმოადგენთ საქართველოს ოსების უმცირესობას, რომელთაც რუსეთის სახელმწიფომ საშუალება არ მოგცათ ობიექტურად შეგეფასებინათ ის სტატუსი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში გექნებათ.


2008 წლის 7 აგვისტოს თქვენდამი უდიდესი დათმობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა შემოგთავაზათ ფართო ავტონომია საქართველოში რუსეთის პატრონაჟით.ეს ძალიან მძიმე წინადადება იყო იმ ქვეყნის ლიდერისაგან, რომელიც ბოლო 15 წელია ისწრაფის ნატოსკენ და ისჯება ამისათვის. ეს წინადადება გაურკვეველი დიდტანციით აშორებდა ერთმანეთს საქართველოს ნატოსაგან, მაგრამ თქვენ ეს წინადადება მაინც მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტისაგან.

მაგრამ მოფიქრება და პასუხი არავინ გაცალათ, ქართული სოფლების დაბომბვა გაორმაგებული ძალით განაგრძეს რუსეთის გეგმით მომქმედმა სამხედროებმა.

ისედაც რთული, ემოციების ბურუსით შემოსილი მაგრამ მეორე მხრივ რუსეთის მიერ საფეხურობრივად გათვლილი სიტუაცია თავისი ლოგიკური, მაგრამ საშიში ესკალაციისკენ აგრძელებდა სვლას:
1. რუსეთის თითქმის ყველა ტელეარხი წინა კვირის განმავლობაში პერმანენტულად აჩვენებდა ჩრდილოეთ ოსეთში მოსახლეობის კილომეტრიანი ავტოკოლონებით გახიზვნის კადრებს, აჰა ცხინვალი ახლა დასახლებული პუნქტი კი არ არის, სამხედრო წერტილია საიდანაც შენს მოსახლეობას ბომბავენ, და თუ მაგარი ხარ დაიკავეო.

2. ცხინვალიდან ცეცხლი გაორმაგებული ინტენსივობით და ახალი, რეგიონისათვის აკრძალული იარაღით წარიმართა.ქართული სოფლების მრავალტანჯული და მრავალის მომთმენი მოსახლეობა დაბომბვის ინტენსივობიდან და მუდმივი სარდაფებში ცხოვრებიდან შეწუხებულები კონფლიქტის ისტორიაში პირველად ერთხმად მოითხოვდნენ პრეზიდენტისაგან შველას.

3. ცხინვალში ჩაასულ სახელმწიფო მინისტრს ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.
ამით გასცეს მთავარი გეგმა.სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობას, რომელმაც ქალები და ბავშვები ჩრდილოეთში გახიზნა ომის თავიდან აცილებაში დაინტერესებული არ იყო, პირიქით უნდოდა.

4. სულ ბოლოს, 7 აგვისტოს რუსეთის მხრივ მდგომარეობის ესკალაციის და ომის საშიშროების გაღრმავების წინაშე მდგომმა საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა, რის სანაცვლოდაც ის მათ დიდ ახალ დათმობას სთავაზობდა - საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიასა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას დაუმატა ავტონომიის გარანტად რუსეთის სახელმწიფოს აღიარებას.იმ მდგომარეობით სეპარატისტული განწყობების მატარებელთათვის დიდი პლიუსი იყო, ოსეთს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი პრეზიდენტი ოპოზიციის მუდმივი საკბილო გახდებოდა ცხვრის მგლისთვის მიბარებისთვის, მაგრამ სეპარატისტებს ეს ვარიანტიც არ განუხილავთ, დარწმუნებული ვართ რუსეთის ბრძანებით.

რუსეთს ხომ გაცილებით დიდ ნადავლზე იყო საომრად წამოსულიდა და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე. სამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელმძღვანელობას შეეძლო ამ გეგმის შეჩერება, მაგრამ რუსეთის სცენარი მისთვის საკუთარ მოქალაქეთა და ჯარისკაცთა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ამ სიტუაციას მეორე ახსნაც აქვს, უბრალოდ სამხრეთ ოსეთს ფაქტიური ხელისუფალი უკვე მოსკოვში მჯდომი რუსი იყო და არა კოკოითი ჩხინვალში.


ქართველები, ვითვალისწინებთ რა იმ სიტუაციის სირთულესა და მრავალპლანიანობას, რომელშიც აღმმოცნდა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ოსური მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში, არ აღიქვამს ოსებს როგორც მტერსა და მოღალატეს. რის დამადადტურებელი უამრავი სიმპტომი შეიძლება დასახელდეს, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, თბილისის ინტერნეტ ფორუმს. ინტერნეტ ფორუმი თავისი არსით არის მაქსიმალურად თავისუფალი, უცენზურო კონტრასტული და კატეგორიული. თბილისის ფორუმში ომის მსვლელობისას და ომის შემდეგ დღეში პოლიტიკის განყოფილებაში დაახლოებით 20-40 ახალი თემა რეგისტრირდება ყოველდღიურად . ამ თემების ავტორები და მოკამათეები (დღეში დაახლოებით 2000 ინკოგნიტო ადამიანი, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ფსევდონიმი-ავატარის რეპუტაციის გაფრთხილების სურვილით შემოიფარგლება) ძალიან კორექტულები არიან ოსების მიმართ, მაშინ როდესაც რუსების მიმართ თავის უკიდურეს აღშფოთებას ფორუმის სპეციფიკის შესაბამისად, უკიდურესად აგრესიულად გამოხატავენ.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე ისტორიაა, ეს თავშეკავება ოსების მიმართ არის ყველაზე გულწრფელი დადასტურება, ერთი კერძო სიმპტომია ქართველთა მზადყოფნის, ერთობლივ სახელმწიფოში იცხოვრონ ყველაზე მახლობელ ერთან - ოსებთან ერთად.

და ბოლოს, ჩვენი წერილის მიზანი იყო გადმოგვეცა ჩვენი თანაგრძნობა ბესლანის ტრაგედიის 6 წლის თავზე. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენმა წერილმა დაგარწმუნათ, რომ მიუხედავად კონფლიქტების კასკადისა, ჩვენ, ხალხი თქვენი ტკივილის თანაზიარნი ვართ.
კვლავ და კვლავ, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა გამო.
იმედი გვაქვს ჩვენი გრძნობების გულწრფელობაში, მომავალში უკვე ფაქტებით დარწმუნდებით და არ წერილით.

2 comments:

Elguja said...

ნეტა რამდენმა წაიკითხა ეს ბლოგი - ქართველმა, ოსმა.... მე ეხლა წავიკითხე და მინდა შევუერთდე ბესლანის ტრაგედიის სამძიმარს და ოს-ქართველთ შორის უაზროდ გაფუჭებული ურთირთობების ავტორისეულ საწუხარს. დადგება დრო, როცა ჭეშმარიტება იზეიმებს და სირცხვილით მოვიგონებთ იმას, რაც მოხდა ორ მეგობარ ერს შორის. ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ჩვენი ხალხების ერთად ყოფნის მნიშვნელობას, ვუსურვებ მეტ დაფიქრებას და დაკვირვებას. ელგუჯა შაფათავა

Cara menyembuhkan darah manis said...

thank you very useful information admin, and pardon me permission to share articles here may help :

Obat lubang bekas jerawat
Obat impetigo anak
Cara mengobati radang panggul
Cara menyembuhkan kebas
Cara menyembuhkan radang usus
Cara menyembuhkan step
Agen qnc jelly gamat bekasi