Tuesday, May 17, 2011

სტამბული







ჩემი წინასწარი განწყობა:

საერთოდ, როცა ამბობ, რომ მიდიხარ რაღაც ისტორიული ძეგლის, ნივთის, ქალაქის  სანახავად,  იგულისხმება რომ მიდიხარ მათი შემოქმედებისთვის პატივის მისაგებებლად. ჩვენი ოქროს ლომის, ოქროს ირმებისა და ჩიტუნების ნახვისას თვითონ ნივთი ხომ მოგწონს და მოგწონს, მისი გამკეთებლები გიყვარდება, ადამიანები, რომლებიც ცივილიზავიის გარიჟრაჟზე დღევანდელი შეფასებითაც ურთულეს ნივთებს აკეთებდნენ და უმშვენიერეს ნაკეთობებს ქმნიდნენ. არ კმაყოფილდებოდნენ იმით რაც მათ ასწავლეს და ქმნიდნენ უფრო რთულს.  
პარიზში წასვლის წინ ვიცოდი, რომ მივდიოდი  ერთ მხრივ დიდი ფრანგი ხალხისათვის პატივის მისაგებებლად, რომლებმაც ააშენეს ქალაქი დღესასწაული პარიზი, მეორე მხრივ კი კაცობრიობისთვის, ადამიანთა მოდგმისათვის პატივის მისაგებებლად, რომლებმაც მე ( ჩვენ) თანამედროვე განვითარებული მსოფლიო გვაჩუქეს უამრავი  შეცდომისა და ტკივილის ფასად. მხედველობაში მქონდა ლუვრში თავმოყრილი ცივილიზაციის გარიჟრაჟისას ეგვიპტელების, შუამდინარეველების, შემდეგ ბერძნების, რომაელების, შემდეგ  რენესანსის, ბაროკოს, გოთიკის მწვერვალების ნახვისას მათი მქმნელებისადმი პატივისცემის გრძნობა. 
მაშინ ასეც მოხდა: 
პარიზი როგორც ქალაქს და  პარიზელებს უცნობ ადამიანებს დღეს მე ათჯერ მეტ პატივს ვცემ, ვიდრე წარმომედგინა.
ასევე
ლუვრში ნანახმა ანტიკურამდელმა  (ეგვიპტურ- ბაბილონურ- ხეთურ-აქადეურ) და ანტიკურმა (ვენერა მილოსელი,ნიკეა) შემოქმედებამ მე 10 ჯერ უფრო დიდი სიყვარული გამიჩინა კაცობრიობის იმ აღმძვრელი ჩვენი (ცივილიზებული  კაცობრიობის) წინაპრებისადმი. 

სამომავლოდაც ასე ვგეგმავ, თუ სადმე "დასასვენებლად" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ სიმნამდვილეში უნდა დაიღალო)  წავალ, წავალ  იმ ხალხისადმი პატივის საცემად. უფრო სწორედ, პატივსაცემ ხალხთან წავალ. მაგალითად იტალიაში იტალიელების, ამერიკაში ამერიკელების, პორტუგალიაში პორტუგალელების, ახალ ზელანდიაში კი ახალზელანდიელების.
არსებობს კიდევ დასვენება დასასვენებლად, ოღონდ ბრჭყალების გარეშე დასასვენებლად, რომელსაც მე ვერ ვეღირსები, უფრო სწორედ არ ვეღირსები. რატომ? იმიტომ რომ თუკი მართლა დასვენების, კანარებზე, სეიშელზე, ბალიზე, ტანგანიკაზე ( და ა. შ. ) ხორცის ლხენის ფული მექნა, ისევ დასაღლელად წავალ რომელიმე იმ ხალხის საპატივცემოდ მუხლმოსაყრელად ( არადა მართლა ძალიან დასაღლელად, როგორც პარიზში დღეში ფეხით 20 კმ გავლისას), რომელთაც კაცობრიობას ხელოვნება და ცივილიზაცია აჩუქეს. რა ვქნა, ათეისტი ვარ და ჩემი მექა და მედინა შეიძლება ინგლისში ვიპოვო, მსოფლიოში პირველ ორთქლმაბალთან ან გერმანიაში გუტენბერგის სტამბაში, ან საბერძნეთში პართენონის სვეტებთან.  

სტამბოლში წასვლისას წინასწარ გაორება მქონდა, თქვენც გექნებათ (ან გქონდათ უკვე).
მიდიხარ ქალაქში, რომელსაც 1931 წლამდე მსოფლიოსთვის კონსტანტინოპოლი ერქვა, რომელიც ევროპული ბერზნულ-რომაული  მსოფლიო წესრიგის დადაქალაქი იყო არანაკლებ 4 საუკუნე, რომელშიც გაიყო ქრისტიანობა მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად, რომელმაც შეინარჩუნა მართლმადიდებლობა,(კათოლიკობა კი რომში დასახლდა) და რომელშიც დღესაც ყველა მართლმადიდებელი პატრიარქის შემკრები კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოღვაწეობს. 
ბიზანტია ქართული კულტურის, რწმენის, არქიტექტურის, მხატვრობის,  მეცნიერების, რითაც ვამაყობ და მიხარია, ერთერთი ბურჯია. დიდი მადლობა მას, ბიზანტიას, მის ამშენებელ კარგ ხალხს, ბერძნებს, რომაელებს, ჩვენიანებს ამ ჭრელ მსოფლიოში. 

ისტორიულ პარიზში ბოდიალისას თანამედროვე პარიზელები გიყვარდება და პატივს სცემ. 
სტამბულში ბოდიალისას მუდამ დაგყვება გაორებული გრძნობა. ერთი - ეს მე წამართვეს, ჩემიანებს წაართვეს (ვიბრძოდით კიდევაც ქართველები ბიზანტიელების მხარდამხარ საერთო მტრის წინააღმდეგ). სტამბულში ნახულობ კონსტანტინოპოლს, რომლის შემოქმედები გიყვარდება, პატივს სცემ, მაგრამ ეს შენი გრძნობა მასპინძლებზე ვერ გადმოგაქვს, არ ამაყობენ თურქები კონსტანტინოპოლით, ისინი თავისი გამარჯვებით ამაყობენ. არგუმენტი გნებავთ? აჰა. 
აია სოფია აღარ არის მეჩეთი, მუზეუმია,  მაგრამ არც ეკლესიაა. ღვთისმსახურება იქ არ მიმდინარეობს. 
იერუსალიმი მსოფლიო მიზიდულობის ქალაქია, სტამბული კი ნაკლებად, არადა საჩვენებელი მეტი აქვს.
გასაღები მასპინძელთა გახსნილობაშია. 
ებრაელები ზემოდან უყურებენ სხვა რელიგიებს, თურქები კი ეჭვით. შედეგად, აია სოფია, იოანე ნათლისმხემელის ხელი და თავისქალა, მოსეს ხელჯოხი, დავითის ხმალი და სხვა გლობალური სიწმინდეები, რომლებიც ოტომანებმა სულთნისთვის მოიხვეჭეს,  დაკნინებულები წარმოუდგება სტუმარს, აია სოფია მუზეუმად, ხოლო სიწმინდეები მუჰამედის სიწმინდეების ქვეშ, წვრილი წარწერით.
იქ სადაც ქრისტიანები  უნდა შეიკრიბონ ამ სიწმინდეების სანახავად, უკვე  მისულია მუჰამედის მუსულმანური სიწმინდეების სანახავად მისული სამჯერ მეტი მუსულმანი, თავს თურქი მცველი გადგას, რომელსაც ხშირად უწევს რიხიანი ბრძანების გაცემა   თურქულად თურქებისადმი, არ მიეკაროთ ვიტრინას, დროზე გაიარეთ. 
იმ თურქეთს, რომლის ძლიერებას, სიმდიდრეს, ფუფუნებას, რელიგიურ კონსოლიდირებულობას შენ ნახულობ სტამბულში, და რომელიც თავისივე თვითტკბობაში და ქსენოფობიაში იყო ჩაძირული 19?? წლამდე და შედეგად დასუსტებული, დეზორგანიზებული, დაყოფილი და იმდროინდელი ევროპის ყოჩაღი ქვეყნებისთვის თავში წამოსარტყმელი გამხდარიყო, ცის გახსნად მოევლინა მუსტაფა ქემალი , შემდგომში ათათურქი , თურქების მამა. 

ამ კაცმა თურქეთს ძველი დიდება დაუბრუნა, და არ იკითხავთ რითი? 
ომებით? ევროპისადმი მუქარებით, მეტი რელიგიური კონსოლიდირებით, არა! 
ამ კაცმა ყველაფერი "უკუღმა" გააკეთა: 
შემწყნარებლობა, ნაკლები რელიგია, თანამშრომლობა გიაურებთან, მეტი გახსნილობა და განათლება. სულ ეს იყო. 

ათათურქმა ისტორიით გამოცდილი  კონსერვატიული კონსოლიდირებული ბურჯი, რომელსაც ეფუძვნებოდა ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში, შეაზანზარა.  თურქეთს ახალი ბურჯები შეუყენა: მოქალაქეობა ეროვნების ნაცვლად, 
ცივილიზაცია თვითკმაყოფილების ნაცვლად, 
ლათინური ანბანი არაბულის ნაცვლად
კოსტუმი ჩალმის ნაცვლად
ფეხსაცმელი ქალამანის ნაცვლად
სახე ჩადრის ნაცვლად



და შედეგად თურქეთი დღეს არაა ირანისმსგავსი ქვეყანა, ის თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ის  გლობალური  გავლენის ქვეყანა ხდება. 



მაგრამ მას ახალი ათათურქი სჭირდება, რომ შეიძლებოდეს, იგივე ათათურქი, მუსტაფა ქემალი. 
ის აშკარად დაინახავდა გზას, თუ როგორ ექცია სტამბული ახალი მსოფლიოს მიზიდულობის  ცენტრად. ჭეშმარიტება მარტივია და ის ზედაპირზე დევს, ოღონდ მის დანახვას დისტანციიდან ყურება ჭირდება, მაგალითად საქართველოდან. 
დაუშვი ქრისტიანული  წირვალოცვა აია სოფიაში, ქრისტიანულ, იუდეურ სიწმინდეებამდე მიუშვი პილიგრიმები ( პილიგრიმების და არა დამთვალიერებლების სტატუსით) აღადგინე მართლმადიდებლური ეკლესიები ტაო კლარჯეთში, გრიგორიანული ვანში, ყარსში, და... შენ გეწვევა გაცილებით მეტი ზანგი და ჩინელი. და მალე გახდები გლობალური მეგაპოლისი არა მოსახლეობის რაოდენობით ან ცათამბრჯენების სიმაღლით, არამედ მიზიდულობის ძალით, რომელიც ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შენ კი გაქვს, მაგრამ " ტავარნი ვიდს" ვერ აძლევ, კონსერვატიზმი და სიამაყე  ხელებს გიბორკავს. ირანი ვახსენე აი მაგალითი ქვეყნისა, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს საამაყო და ეს სიამაყე ხელფეხს უბორკავს. 

თუკი თურქეთი თავისი ისტორიული მომხვეჭელობის შედეგს  6 საუკუნის შემდეგ მაინც, მშვიდად მიიღებს თავისად, ანუ თუკი მოემატება გახსნილობა და მოაკლდება ეჭვიანობა, ის აია სოფიაში ქრისტიანულ ლოცვას დაუშვებს. 


ევროპელები? 
ევროპელები კი ვართ იმდენად პროგრესულები, რამდენსაც ახლა მე თურქებისგან ვითხოვ?
თითქოს კი. ახალგამომცხვარი მეჩეთებით მოფენილია მთელი ევროპა, მაგრამ ესპანეთში არაბთა ისტორიული ულამაზესი, არქიტექტურის ერთერთი მწვერვალი მეჩეთი ალამბრა? დღეს ეკლესიადაა გადაკეთებული და მისით ესპანელები ამაყობენ, როგორც სტამბულში თურქები. 
საჭიროა მსოფლიო მასშტაბის ორმაგი როქი. 
მეჩეთი ესპანეთში
ეკლესია აია სოფიაში
თითო კუთხე მაინც ორივე ტაძარში მლოცველთათვის. 
თუნდაც თითო კუთხე. 
ის ერთი კუთხე თურქეთს გაცილებით დაუახლოვებს ევროპას, თანაც არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ კულტურულით. თურქეთი მეოცე წელია ცდილობს ევროკავშირში შესვლას, ევროპა მეოცე წელია აქებს თურქეთს წარმატებისთვის 
 და ... რაღაცას უწუნებს. თურქეთი კი ჯიუტად ცდილობს ვერ მიხვდეს იმას, თუ რას უწუნებს ევროპა თურქეთს.

1 comment:

Toma said...

მომანდომე თურქეთში წასვლა.
აი პარიზის რა გითხრა. არასდროს მდომებია პარიზის ნხვა, ეგვიპტეს, სიარიას, საბერძნეთს, უფრო სიამოვნებით ვესტუმრებოდი ვიდრე პარიზს.