Thursday, September 8, 2011

80 არაქართველი გირჩევნია თუ 160 ქართველი?




 რატომ მირჩევნია  80 000 არაქართველის ლოიალობა* 160 000 ქართველის მომდურებას**.  


სხვანაირად დავწერ ამ წინადადებას, ძალიან ჩახვეულია.

ჯობია მომემატოს 80.000 საქართველოს სახელმწიფოსადმი ტოლერანტი* არაქართველი, თუნდაც დამატებით 160.000 ქართველის მომდურების** ხარჯზე.




საქართველოს სახელმწიფო არსებობს 53% არჩეული პრეზიდენტით, მართალია ხელისუფლებამ ბოლო წლებში ავტორიტეტი გაიუმჯობესა, ოპოზიციამ კი გაიუარესა, მაგრამ ოპოზიციური ელექტორატი არსად გამქრალა, კვლავ უკლებლივ ოპოზიციურად არიან განწყობილნი და ბრაზობენ ღვედის ყველა შეკვრაზე. 
დღევანდელ საქართველოში ალბათ მილიონი გულდათუთქული პატრიოტია, რომელიც თავზარდაცემულია იმით, რომ " საქართველოს არასწორი  ადამიანები მართავენ, რომელთაც არაფერი წმინდა  არ აქვთ, არც წარსულის პატივისცემა, არც რწმენა, არც ადამიანებისადმი თანაგრძნობა". დღევანდელი ხელისუფლება მათთვის იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ  შესუნთქულები ელოდებიან " სამართლის აღსრულებას" და დღევანდელ ხელისუფალთა ციხეში ხილვას. 

ხელისუფლება ციხეში, ისეთი სასურველი, იმდენად მიმზიდველი ლოზუნგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს რომ წლების განმავლობაში არ ეყვირათ ორ წინადადებიანი  ლოზუნგი " მიშა გადადექი! გადადექი და შენ და შენიანებს  ციხეში ჩაგსვამთ.'". ამ ლოზუნგის მეორე ნაწილი სწორედ იმ მილიონი ადამიანის მიტინგზე გამოსაყვანად იყო ნათქვამი, მერე რა რომ ლოზუნგის  პირველ ნაწილს  ლოგიკურად ვერ აგრძელებდა. ( შენ თვითონ გადადექი, რათა მე გავხდე პრეზიდენტი და შენ დაგიჭირო).    
 
ამომრჩეველთა 47 % ის მფლობელი ესოდენ მრავალრიცხოვანი ოპოზიციური მუხტი რეალობაში ბოლო ორი წელია ( 2009 წლიდან) ან თითქმის მთლიანად ჩუმადაა, ან მისი მცირე ნაწილი პერიოდულად ტრანსფორმირდება ენერგიულ სუპერაქტიურ ძალად, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ პორტრეტს, პოლიტიკურ პოზიციას ცვლის, სამწუხაროდ ცუდისკენ, სასიხარულოდ მცირედ. 
აი ესაა ჩემი ბოლო დაკვირვება - მილიონი პრინციპული ადამიანი ქვეყნის პოლიტიკურ რაობას უმნიშვნელოდ ცვლის. 
მიემატება თუ არა ამ მილიონს 160 000 თუ  მოაკლდება ამდენივე, პრინციპული სხვაობა არ მოხდება.


ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო! ეს ყველაზე სწორი პრინციპია, ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხალხს უსიტყვო და უბეჭდო, მხოლოდ გულზე დაბეჭდილ სამოქმედო გეგმად აქვთ. 
პრინციპი - ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, მათ ცხოვრებაში ვლინდება ერთობლივ პასუხისმგებლობაში ეროვნულ, რასობრივ და რელიგიურ  უმცირესობებისადმი ურთიერთობით. მასა თავისი მუდმივი კეთილგანწყობისა და უმცირესობათა სივრცის ლეგიტიმურობის  აღიარებით ყიდულობს ამ უმცირესობათა ტოლერანტობას საკუთარი სახელმწიფოს მიმართ.
ჩვენ უნდა ვიყიდოთ 80000 განდგომილი გსსრს მოქალაქის ტოლერანტობა საქართველოს მიმართ. 

რითი უნდა ვიყიდოთ? 
რა უნდა შევთავაზოთ? 

ფული? 
მტერს ჩვენზე მილიონჯერ მეტი აქვს

ფრთის ქვეშ ყოფნა? 

მტერს ჩვენზე კი არა მსოფლიოს სამჯერ გასახეთქად საკმარი ბირთვული ძალა აქვს 

აბა რა უნდა შევთავაზოთ?
რა უნდა შევთავაზოთ იმაზე მეტი, რასაც რუსეთი შესთავაზებს, რა უნდა შევთავაზოთ ისეთი, რასაც რუსეთი რომც მოინდომოს ვერ შესთავაზებს? 

პასუხი მე მაქვს
ჩვენ უნდა შევთავაზოთ საკუთარი მოქალაქეების მომდურება.  

 
დილემა არის არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის. 
თუკი დაგვიდგა დილემა - შემოირიგე 80 000 განდგომილი არაქართველი , მაგრამ 160000 ქართველის მომდურების ხარჯზე, რა უნდა ვქნათ? 

უნდა მოვიმდუროთ
ქართველები. 
ამით საქართველო 100 მოიგებს და 10-ს დაკარგავს. 

საჭიროა მხოლოდ ზუსტად იმ ქართველების პოვნა, რომელთა მომდურებაც ჩაგვეთვლება. 

ვიწყებ მოსაძულებელი ქართველების სიმპტომების შედგენას, რათა შემდეგ ადვილად მოვახდინო მათი იდენტიფიცირება


-გუბაზის ელექტორატად ტრანსფორმირებული ზვიადიზმი
- გზებზე უწესოები
- ურთიერთობაში უწესოები
- გრეჩიხების მოიმედეებად ტრანსფორმირებული მხედრიონი
- ზვიადიზმი ნებისმიერ გამოვლინებაში
- შევარდნაძე და ყველაფერი რაც მასთან ასოცირდება - კორუფცია, ვირეშმაკობა, აპათია  მერკანტილიზმის სოუსით
- ფაშიზმი, რასიზმი, 
- საერთო ქონების ვირთხები
- ქსენოფობები
- დოღრიალები
- გაუნათლებლები
- ზოოლოგიურ იმედიანები
- ოქრუაშვილის მოიმედეებად ტრანსფორმირებული უმცირესობებზე რევანშისტები


რაც მეტს ვწერ, ვხვდები, რომ თითქმის ჩემი პორტრეტი გამომდის. 
და .. სრულიად ქართული საზოგადოების. 


რა ვქნა, მეც ხომ ამ ბულიონიდან აღმოვცენდი, რასაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი სსრკ ერქვა და შემდეგ კი საქართველო ჰქვია (აბა რამდენი წლის ვარ?). 

მანკიერი იმპულსები ყველას გვაქვს, ლიბერალებსაც, ორთოდოქსებსაც, ტრადიციონალისტებსაც, კონსერვატორებსაც, იდეალურ შემთხვევაში ჯობია 4500000 ქართველმა ჩვენივე თავში მოვიძულოთ და განვაგდოთ ეგ მანკები და არა სახელმწიფომ მოიძულოს 160000 ადამიანი. 

მაგრამ  ასე არ ხდება კათარზისი ლურჯი ფრთებით არ გადაგვიფრენს, 
მოგვიწევს კონკრეტული ადამიანების მომდურება, იქნებ დაჩაგვრა, დაჯარიმება, შეღრენა, მისიგნალება, აზრზე მოყვანა, გაიასნება, მიჩმორება, მიტისკვა. 


სახელმწიფო აპარატი ამ საქმეს აკეთებს. აკეთებს საერთო ჯამში წარმატებით, მაგრამ უხეშად, ტლანქად.
ამ სიტლანქის შედეგად ერთი მხრივ ზარალდებიან კარგი ადამიანები, რომელთაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი რეტროგრადული ნიშანთვისებები არ აქვთ, მეორე მხრივ ამის შემხედვარე მასას უჭირს დაინახოს პოლიტიკური იდეალები და შესაბამისად ჭოჭმანობს ახალი მოქალაქეობის პრინციპების მიღებას.

ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად და წარმატებით წარიმართებოდა ჩვენ, უსახელო მასას რომ:
–გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ.
–ვიცოდეთ უფრო მეტი საქართველოს შესახებ.




*სიტყვა ლოიალობაში მხედველობაში მაქვს მშვიდი მოქალაქეობა,  საქართველოს სახელმწოფოსადმი აგრესიის გარეშე ცხოვრება. 

**სიტყვა მომდურებაში მხედველობაში მაქვს, ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შედეგად უკმაყოფილოთა რიცხვს და ხარისხს  გაზრდის.

.. 

1 comment:

Anonymous said...

Appreciating the time and effort you put into your website and in depth information you
provide. It's good to come across a blog
every once in a while that isn't the same old rehashed material.
Great read! I've bookmarked your site and I'm including your RSS feeds to my Google account.


Also visit my page; property renovation ideas (www.homeimprovementdaily.com)