Monday, February 13, 2012

გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინი

ეს ვიდეო ძაან მიყვარს


სრული განცდა მეუფლება რომ ამ არსებას გონება აქვს და ცეკვავს სიამოვნებისთვის. 
გაითვალისწინე, კი არ ჭიხვინებს როგორც ცხენი,  ხუნტრუცებს როგორც ხბო,  შლიგინებს როგორც ძაღლი, ყივის როგორც მაიმუნი,  
არამედ
ცეკვავს, ასრულებს რითმულო სტერეოტიპული მოძრაობების, ილეთების თნმიმდევრობას. ცეკვავს როგორც ადამიანი. 
ამ ცეკვაში ჩემი მთავარი აღტაცება ილეთების მონაცვლეობაა.

ეს ისაა, რასაც არ ელოდები ფაუნის წარმომადგენლობისაგან და უნებურად დიდი პატივისცემით იმსჭვალები იმ ცხოველისადმი, რომელიც თურმე აზროვნებს. ეს ჯადოსნური მომენტია, როცა ერთი ინდივიდი არღვევს ზოოლოგიის გარსს და ადამიანთან ვერბალური ურთიერთობის ღირსი ხდება.





"გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინი"
ასეთი გაოცებული მზერა (ზემოდან ქვემოთ) რუბენ გალიეგოს აქვს აღწერილი.
 


მაშინ ალბათ 12 წლისა იყო.
როცა ის, ღრმა ინვალიდი, დეცეპე, მოძრაობათა და მეტყველების რთული დარღვევებით ცოტა ხნით ჩვეულებრივ კლასში შეუშვეს სასწავლად, სადაც ის მიიღეს როგორც უსარგებლო ხორცის ნაჭერი, რომელსაც მხოლოდ პირის წკლაპუნი და უდროო დროს ზმუილი შეეძლო, დროებით შესანახი ობოლი იყო, სანამ ახალ ბავშვთა სახლში მიუჩენდნენ ადგილს.









თავისი გაუხედნავი და შებოჭილი სხეულის, სახის, ენის, კიდურების გადამკიდე რუბენი სკამიდან გადმოვარდა, მეორედ ერთ გაკვეთილზე.



და მასწავლებელმა გადაწყვიტა იქ, იატაკზე მისთვის უკეთესი იქნებოდა,
გდებულიყო იქ ეგ უსარგებლო ხელისშემშლელი ინვალიდი, ასე ის აღარსად ჩავარდებოდა მაინც. რუბენი კი იმიტომ ჩამოვარდა, რომ ცდილობდა რვეულისთვის პასტა დაემიზნებინა.
მასწავლებელი მართალი აღმოჩნდა. გაშხლართული რუბენი იატაკიდან აღარ გადავარდნილა და რაც მთავარის რვეულს პასტა დაუმიზნა.


გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მთელ კლასს გაუბრაზდა, ვერ დაძლია კლასმა მასალა, მასწავლებელი მოსწავლეთა რვეულებს კრეფდა, ერთი შეხედვით აფასებდა შესრულებულ ამოცანას, ბრაზობდა რომ ვერავის გაიგო ეს ინტეგრალებიანი ამოცანა. დაიხარა, რუბენის რვეული უნდა დაეხურა და ისე დაედო რვეულების წყებაზე,
მაგრამ თვალი იქაც გაექცა და ...
ელდა - რუბენს უწერია! ბატიფეხურად, მაგრამ უწერია



და..

მეორე ელდა - სწორად უწერია.
გალიეგომ ამოცანა ამოხსნა!






მასწავლებელი რომელიც რუბენისგან თავისი მერხისკენ გაბრუნებული მიდის ჩერდება, შემობრუნდება და რუბენს უყურებს, თვალებში უყურებს.


შეგიძლია წარმოიდგინო ეგ მზერა?



ეს ალბათ ისეთივე გაოცება და სიხარულია როგორიც იქნებოდა მკვდრის გაცოცხლება, ან საკუთარი ძაღლის ალაპარაკება იმაზე, თუ რითი ურჩევნია ფილმი ფორესტ გამპი ფილმ თმებს.
ჩაიჩოქებს გალიეგოსთან.

ეს მზერა ჩაჩოქილი მასწავლებლისა ძირს დაგდებული მოსწავლის თვსლებში, ალბათ ეუბნებოდა მასწავლებრლს, რომ ამ კლასში ორნი არიან, ყველაზე უფრო ძლიერები, რომლებმაც იციან ეგ ინტეგრალები, და რომ ეს თვალები იატაკიდან 5 სანტიმეტრით დაშორებული, იტევს სამყაროს, კოსმოსს, სევდას და იმსახურებს სიხარულს და რომ მის წინ ადამიანია, მისივე ღირსი ადამიანი. ვერ მეტყველებს, ვერ მოძრაობს, საშინელი დასანახია, ყველა სემხვედრს იდიოტი გონია, მაგრამ სინამდვილეში მაგარი ადამიანია, გონიერი ადამიანია.

კიდევ უფრო შორ ანალოგიას მოვყვები.
პრინციპში, იმას, რის სათქმდლადაც დავწერე ეს შესავალი

ეს არის ევროპის მზერა საქართველოზე.
კონკრეტულად ერთი ევროპელის მზერა საქართველოზე, იქნებ სულაც ერთ ქართველზე.

როგორც გალიეგოს მათემატიკის მასწავლებელი არ ელოდა გალიეგოს მიერ ამოცანის ამოხსნას, ასევე არ ელოდება ევროპელი ავღანეთში "70 წლების დისკოს მოყვარულთა კლუბს", "ფრანების ფესტივალის" ორგანიზატორებს, არ ელოდება მონღოლეთში "ტექნო ჰაუს მუსიკის საღამოს", ეგვიპტეში "გეიების პარადს", სომხეთში "ქალ პრეზიდენტს ემო წარსულით" ან საქართველოში "სისუფთავეს და კარგ გზებს", ასევე არ ელოდა საქართველოში ქართველების მიერ მანქანებში ღვედების გაკეთებას.

ახლა ევროპა გალიეგოს მასწავლებელივით გვიყურებს - შევძლებთ თუ არა შემდეგ წამოუდგდნელი ქცევის გამოვლინებას - რიგში დისტანციით დგომას ისე, რომ შუაში თავხედი არ ჩაგიძვრეს, გზაზე სიარულს ისე, რომ სხვისი პერსონალური სივრცე არ შებღალო, საფლავის აშენებას ისე, რომ გამვლელსაც დაუტოვო ცალფეხა ბილიკი მაინც, 97 პოლიტუკური ერთეულიდან ერთიორი მაინც ისწავლის შესრულებადი მიზნების დასახვას, ხალხი გამოავლენს საქართვდლოს გაერთიანების სურვილსა და უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარებს.

ჩვენ ევროპა გავაოცეთ რომ ძირს ათწლეულების განმავლობაში დაგდებულ გალიეგოდ მყოფებმა სოციალიზაციის მინიმუმის უნარი გამოვავლინეთ - ვჩერდებით თეთრ ხაზზე შუქნიშანთან და ვიკრავთ ღვედებს მანქანაში.
ევროპა ახლა გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინით შემოგვცქერის, უნდა მიგვიღოს თავისიანად, რთულ და განვითარებულ ადამიანად.

შევძლებთ?

forum.ge.

1 comment:

მიშო said...

შევძლებტ რათქმაუნდა. ისე კომენტარის დაწერა უფრო თქვენი პოსტის წინა ორმა ნაწილმა უფრო მომანდომა. ისე ლამაზად და ისე გულშიჩამწვდომად მოგვიტანე შენი მთავარი სათქმელი. აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს დამოკიდებულებას ამ თემასტან დაკავშირებით და კიდევ ვიტყვი რომ აუცილებლად შევძლებთ და თან ისე რომ გალიეგოს მასწავლებელზე ბევრად უფრო გაოცებულს დავტოვებტ ევროპას
მიშოს დედა