Tuesday, June 19, 2012

საქართველო VS ქართველები





 


მას შემდეგ რაც დედამიწა ცივილიზებული პლანეტა გახდა, დაფუძნდა საერთაშორისო გლობალური წესები, ერთა ლიგა და გაერო,
ცხოვრება წვრილწვრილი ქვეყნებისთვის გამარტივდა.

მარტივი ჯუნგლებისა და ფეოდალიზმის კანონი - დიდი და ძლიერი იპყრობს და მართალია, შეიცვალა ცალკეული ქვეყნის საზღვართა ურყეობის პრინციპით.

ამ წესებმა სულზე მოუსწრეს პატარა ქვეყნებს.

გიგანტურ ქვეყნებს ატომური ბომბი რომ 30 წლით ადრე შეექმნათ, ალბათ დღეს დედამიწაზე 4 მეგაიმპერია იქნებოდა მხოლოდ.

დემოკრატი ჩერჩილი იმპერიალისტი და ფაშისტი იყო ინგლისელების სასარგებლოდ
დუჩე იტალიაში
ფრანკო ესპანეთში
მაო ჩინეთში
სტალინი რუსეთში


ყველა გლობალურ ჰეგემონიაზე ოცნებობდა.



ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვისი მიწების ფლობის ქავილი დაძლია ამერიკა აღმოჩნდა.


ამერიკამ უმთავრესი როლი ითამაშა დღევანდელი მსოფლიოს ფორმირებაში

მისი საგარეო პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული და ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე კოლონიების ტანჯვა და კონტროლი.

ამერიკა ზეიმპერიაა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ავრცელებს წესებს - იყავი დემოკრატი ქვეყნის შიგნით , ჩემი მეგობარი იქნები.
ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეგობრობა მცირე ქვეყნებისთვიდ უზარმაზარი სტიმულია გახდნენ დემოკრატიულები, მეორე მხრივ გადამთიელი და ოკეანსგაღმა ქვეყნის დემოკრატობა ასევე სასარგებლოს ამერიკისთვის.
- დემოკრატიული ქვეყანა არ იცვლის მეფის ხასიათის მიხედვით მეგობარს, ანუ ამერიკისადმი ერთგულება მით უფრო სტაბილური და ხანგრძლივია რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო
- მეგობარ ქვეყნებთან ვაჭრობა იწვევს ამერიკის ვალუტის სიმტკიცეს და ქვეყნის სიმდიდრის ზრდას.

ცალკეული ქვეყნის აგრესიულობის შემთხვევაში ადვილია მიიღო ბევრი მეგობარი ქვეყნის თანხმობა და დახმარება იმ ქვეყანათა დემოკრატიულობის  შემთხვევაში.

ამერიკის მეთაურობით დაწესებული ეს წესები პირველ რიგში სასარგებლო პატარა ქვეყნებისთვის აღმოჩნდა

ფეოდალური მცირე და დიდი ომები , სისხლის რეგულარული მდინარეები, რომელთა შედეგიც საბოლოოდ იმპერიების გამსხვილება და მცირე ქვეყნების კვდომა უნდა ყოფილიყო, შეჩერებული იქნა.

პოტენციურმა იმპერიებმა სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ შეძლეს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც მცირე სახელმწიფოებს შანსს აღარ უტოვებდნენ თავდაცვით ომში გამარჯვებისა.

საერთაშორისო კანონმდებლობამ თავდაცვის გმირული და უშედეგო ომები ააცილა უამრავ მცირე ქვეყანას.


თუკი საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანას, დიდსა და მცირეს თავისი მიწის ყველა გოჯისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა სუსტმა მიიღო საშუალება იარსებოს უპირობოდ ძლიერ მეზობელთან მშვიდობიან ურთიერთობაში.

საქართველო განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 1918  ? წელს, ერთა ლიგამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიად ის ისტორიულად საქართველოს მიწები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა რუსების მიერ წართმეული თურქეთისათვის, აგრეთვე აფხაზეთი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სულაც არ უნდოდა რუსეთს.

1921 წლიდან  სსრკს მიმართ შიშმა შეუნარჩუნა საქართველოს აჭარა.

ქართველებს საქართველო საჩუქრად გვერგო.

არ დასცალდათ აფხაზებს, ბორჩალოელებს, სომხებს, ოსებს იმ მიწების შემოსაზღვრა, რომლებზეც ( ზოგგან საუკუნეების განმავლობაშ)  დომინირებდნენ.

და როგორ მივიღეთ ეს საჩუქარი ჩვენ ქართველებმა?
მოგორც კუთვნილი. მარიამის წილხვედრი, მუხრანის გარითმული და კონსტანტინეს ბეჭედდასმული.
და..  მიიღეს ისე, როგორც ზარმაცმა შვილმა გულჩვილი დედისგან ერთი მანეთი, რომელიც შვილის სიზარმაცით განრისხებული მამისთვის უნდა ეჩვენებინა დღის ბოლოს, ვითომდა ოფლით ნაშოვნი ყოფილიყო.
მიიღო როგორც კუთვნილი და მიიღო როგორც .. წვრილმანი.
დღესაც ასე ვართ.
მტკიცედ გვწამს რომ ის მანეთი ( საქართველო) კუთვნილია და .. იმდენად წვრილმანია, რომ ბუხარში შეგდებულს,  ცეცხლში ( გასაერთიანებელ ომში) არ უნდა შევყვეთ.

ჩვენი ომები მოიგო: ამერიკამ, ინგლისმა, ევროპამ, რუსეთმა  პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. დავუძვერით თურქეთსაც და რუსეთსაც.
ისე გაგვიტკბა, ახლა ისევ ევროპას ვამუნათებთ, სისხლს ჩემთვის რატომ აღარ ღვრიო.
ისე გავზულუქდით, ავღანეთში და ერაყში ჩვენი ბიჭების სისხლს, ფულად ნაყიდ თავგანწირვად ვთვლით და არა  საქართველოს პოზიციის დაცვად.
არადა ეს ჩვენი უღონო მადლობაა მსოფლიოს მიმართ, რომ შეგვინახეს, რომ გვინახავენ და რომ  მომავალშიც დახმარებას გვიპირებენ.
მადლიერება კარგი გრძნობაა, სიკეთის მქნელსაც ასტიმულირებს შენი მადლობა.
პატარა ბავშვებივით ჭყლოპინობენ ამერიკელები და ევროპელები მათ ომში  ქართველთა  მონაწილეობაზე პასუხად.  ასე მგონია, ისევ მათ ჭირდებათ ძლიერი საქართველო და არა ჩვენ. გვზრდიან.  ქება ხომ დასავლურ კულტურაში აღზრდის მთავარი ინსტრუმენტია.  უხარიათ თუ საქებარი მისხალი დაინახეს ჩვენში.
ჩვენ კი ჯიუტად გვინდა გადავყაროთ ნაგავი მანქანის ფანჯრიდან და აივნიდან, დავაფერთხოთ ხალიჩა, ავყვეთ არარეალისტურ დაპირებებს, გავიხაროთ თუკი პრეზიდენტი ჩვენი მიცემული ხელფასით არ შეჭამს.
ოდესმე უნდა შევშინდეთ, ოდესმე უნდა დაგვესიზმროს საქართველო საერთაშორისო კანონმდებლობის გარეშე, რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენი მიწის ყველა გოჯის მიმართ.
მოდელირებული სიზმარი გვინდა, თანაც ტირაჟით 4.500.000.










No comments: