Tuesday, July 8, 2008

ოდა თურქებს




ტაო-კლარჯეთის (ართვინისა და არდაგანის) მხარეები თურქეთის ერთერთ უღარიბეს რეგიონად ითვლებოდა არცთუ დიდი ხნის წინათ.

დღეს ამ ტერიტორიებზე, მისი რელიეფის სირთულის მიუხედავად 100.000 კაცი ცხოვრობს. ძნელად მისასვლელ პატარა სოფლებამდეც კი დიდი შრომის შედეგად 15 სანტიმეტრი სისქის ბეტონის გზები მიდის, ყველგან მშენებლობაა, ყველგან კეთდება რაღაც საერთო სარგებლობის (გზა, სანიაღვრე, წყალგაყვანილობა, არხი, ტერასა და ა. შ.) ყოველ ფეხის ნაბიჯზე თანამედროვე ძლიერი საგზაო და სამშენებლო ტექნიკა მუშაობს.

როგორც წესი თურქული სოფლის კარმიდამოს ღობეები არ აქვს, სახლებიდან შორს მყოფი ბაღები, ბოსტნები, ვენახები და ყანები ასევე შემოუღობავია.
ვალედან გეოგრაფიულად შუა თურქეთში (კაპადოკიაში) ერზრუმის გავლით ჩასვლისა და იქიდან სხვა მარშრუტით ტრაპიზონისა და სარფის გამოვლით დაბრუნებისას ვერსად ვერ გადავაწყდი ბაღ-ბოსტნის საყარაულო მეველის ბუნაგს, პოლიციის მანქანებსაც იშვიათად შევხვდი.
მშურს ამ ხალხს ერთიანობისა და საზოგადოს უპირატესობის შეგრძნება.
საერთოდ მთელი მოგზაურობისას საგზაო, სამშენებლო ტექნიკა და საქალაქო ტრანსპორტი ახალი კარგი ხარისხის და ბევრი გხვდება, ხოლო პირადი მსუბუქი ავტომობილები ძირითადად 10-15 წლის ნახმარი და კლასით დაბალია. ჩვენთან პირიქით იყო 5 წლის წინ - ბრეჟნებისდროინდელი გზაო, სამშენებლო ტექნიკა გვქონდა და შუა ევროპული მსუბუქი მანქანების ავტოპარკი. ბოლო წლებში ჩვენთანაც გამოჩნდა მაღალი კლასის და ახალი ტექნიკა მაგრამ ასევე იმატა ახალმა (უხმარმა) ავტომობილებმაც. ამ პარალელებმა მე მიმანიშნა რომ თურქები გაცილებით უფრო კონსოლიდირებულნი, მიზანდასახულნი, მომთმენნი და საზოგადოზე ორიენტირებულნი არიან ვიდრე ჩვენ. თუ დღეს კერძო მსუბუქი ავტოპარკი ქართული თურქულს ჯობია კიდევაც (ყოველ შემთხვევაში ჩემს მარშრუტზე) ერთ ორ წელში თურქები ისეთ მანქანებზე გადასხდებიან, ქართველებს არ დაგვესიზმროს.

გამახსენდა 1991-95 წლები, როცა შიმშილობის ზღვარზე მყოფმა საქართველოს მოსახლეობამ საპალნეები გადაიკიდა და თურქეთში ერბოსა და ჯინსებში გადაცვალა ოჯახებში შემორჩენილი სპილენძი, ხალიჩები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაშინ ჩვენთან გამეფებული ჯუნგლების კანონების შემხედვარეს მიკვირდა (კონკრეტული მაგალითის გათვალისწინებით)- როგორ ბედავენ ეს მარტოხელა ინვალიდი ქალები აიკიდონ 15-20 ჩანთა თავისი და მეზობლის განატანები "საქონელი" და სავაჭროდ ჩავიდნენ უცხო, მანამდე მტრულ ქვეყანაში მეთქი.

ალბათ არცერთი ასეთი მოვაჭრე არ დაუყაჩაღებიათ თურქებს, თორემ ეს საშიშროება აუცილებლად დაამუხრუჭებდა ამ სპილენძ-ალუმინის, ხალიჩებისა და ელექტრო ტექნიკის ნაკადს რომელსაც უკანა ტალღაზე ერბო და კამფეტები მოჰყვებოდა.

დავუბრუნდეთ თურქეთის მიწებს. ის ტერიტორიები, რომელიც მე გავიარე უპირატესად იყო მაღალმთიანი 1000 მეტრზე ზემოთ, ხშირად ალპური ზონის, შესახედად თიხისფერი, და ქვიანი. საქართველოში ასეთი მიწები არ მუშავდება. საქართველოს მთაში, სადაც მიწა უფრო შავია და ზაფხულიც ნაკლებად თაკარა მხოლოდ კარტოფილი მოჰყავთ, იმასაც ვერ გაარჩევ კარტოფილის ბაღია თუ სარეველის. თურქეთის მთიანეთი კი საუკეთესოდ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული;

ბაღ-ბოსტნები ვრცელ რთულ რელიეფზე სუფთა, უსარეველო და მოწესრიგებულია. მორწყვისათვის უდიდესი შრომა, ერთობლივი შრომაა ჩადებული. ან კილომეტრებიდან მთებში გამოყვანილი ბეტონის არხებით, ან სოფლის საერთო გადასატანი, მობილური სარწყავი პლასტმასის მილებითა და ხელოვნური შადრევნებით.

კლდეებზეც კი, ქვიან კლდეებზეც კი ულამაზესი დატერასებული ბაღებია. თითო რკალურ ტერასაზე თითო ხე ეტევა მხოლოდ - ზეთისხილის ხე.
მთიან და კლდიან სოფლებში, რომელთა წინ ბაღბოსტნად გამოსადეგი პატარა მდელოებია, სახლები მთისწინ კი არ არის აშენებული, როგორც საქართველოში, არამედ მთაზე, რათა მეტი სავარგული დარჩეს სახნავ-სათესად და ბაღად.


საერთოდ გაგაოცებს ბეტონის სიმრავლე, დაწყებული იმით რომ ბეტონის კარიერები მართლაც ყველა ფეხის ნაბიჯზეა და გაგრძელებული შედეგით - ბეტონი ყველგან. ამ რთული რელიეფის მქონე მხარეს ბეტონი საშუალებას აძლევს იქონიოს სხვაგზით მიუღწევადი არხები, საცალფეხო თუ საცალმანქანო გზები, ტერასები, ხიდები, დაკიდული ხიდები, ინდივიდუალური სატვირთო საბაგიროები.

ასეთი ჰიპერბოლური შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თურქეთის სახელმწიფო თავის გლეხებს ყოველთვიურად ჩუქნის ერთ კუბომეტრ ბეტონს, აჰა შენ ჭკვიანურად თუ გამოიყენებ, შემდეგ თვეშიც გაჩუქებო.

გზები კლდეებისა და ხეობების კიდეზე გადის და ხშირად იხერგება მეწყერის გამო. თითქმის ყველგან გამწმენდი ტექნიკა მუშაობს.
ფაქტიურად ვერ შეხვდები საგზაო ხიფათს, რომლის შესახებ 10-20 ნიშანი არ გაფრთხილებდეს.

შეფერხებიდან 100-100 მეტრში მუშები წითელი დროშის ფრიალით განიშნებენ რომ წინ საყურადღებო მონაკვათია. 20-40 მეტრის შემდეგ 20- მდე საგზაო ნიშნით (აბრები, დროშები, ისრები) გებულობ უნდა შეაჩერო თუ უნდა ფრთხილად გაიარო. ასეთი ზრუნვა გადაჭარბებული გეჩვენება, ასე მგონია რომ ქართველი მთვრალი მძღოლიც კი დაზღვეულია ავტოავარიისაგან იმდენად მოწესრიგებული და ზუსტია საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნები. და ეს ყველაფერი ამ ქვეყნის ერთერთ ღარიბ პროვინციაში.




ყველგან მშენებლობაა და ყველაფერს შრომისმოყვარე ხელი ატყვია, მაინც გამიკვირდა რომ ამ ქვეყნის კაპიტალი სხვაგან ინვესტირდება. გამიკვირდა იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით უამრავი საშუალებაა ააყვაო და უმაღლესი დონის კურორტად აქციო ულამაზესი მსოფლიო ცივილიზაციის ძეგლებით (მათ შორის ქართული) მდიდარი ულამაზესი ადგილები. არადა ელცინის დროს რუსეთში თურქეთს მეტი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, ვიდრე მთელ ევროპას. ალბათ ამ, რუსეთში ნაშოვნი ფულებით საბოლოოდ ისევ თურქული კურორტები აშენდება ოღონდ არა 2-3 არამედ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით.

ყველგან ჩანს რომ თურქეთი დიდი, მასშტაბური აღმშენებლობის წინა პერიოდშია. ტრაბზონიდან სარფამდე თითქმის დასრულებულია სამ ნაწილიანი (თითოეულზე სამი ხაზით და ბევრი გვირაბით) ავტობანის მშენებლობა. მთელ ამ 300 კილომეტრიან საზღვაო სანაპიროს გსასდევს გიგანტური ტ-ს მაგვარი ტალღამჭრელები რომელთა შუაში წყნარი ყურეებია მომავალში ალბათ ეს ყურეები და ტალღამჭრელები კეთილმოწყობილ პლაჟებად გადაიქცევა. დღეს კი ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მონაკვეთებს იმდენი თანამედროვე გზაო ტექნიკა შესევია რომ უნებურად "კურსკაია დუგა" გამახსენდა - უდიდესი სატანკო ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში, 3000 ტანკის მონაწილეობით.

ამ წერილს "ოდა თურქებს" დავარქვი და მისი დაწერა უკვე ჩამოთვლილმა ამბებმა კი არ შთამაგონა, არამედ შემდეგ სათქმელმა.

თამარ მეფის შემდეგ ჩვენ ტაო-კლარჯეთს მხოლოდ ეპიზოდურად ვაკონტროლებდით. 1918 წელს ტაო კლარჯეთი ერთა ლიგის რუქაზე საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ ის ჩვენ არ მოგვიპოვებია - 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიხიეს თურქებმა მაშინ.

ანუ მთელი 1000 წლოვანი სასტიკი ფეოდალიზმი ჩვენი ტაძრები თურქულ გარემოში, ანტაგონისტურ რელიგიურ და სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში იდგა.

მათი მცველი და განმკითხავი ჩვენ აღარ ვიყავით.

ტაო-კლარჯეთის მკვიდრ თურქთა 30-მა თაობამ გაუძლო პოლიტიკურ-პატრიოტულ-რელიგიურ ცდუნებას – დაენგრია მათთვის უცხო, პოლიტიკური ხიფათის შემცველი ტაძრები.

ფეოდალიზმი ერთ მხრივ და მუსულმანობა, ქრისტიანობისგან განსხვავებული რელიგია მოსალოდნელს ხდიდა რომ თურქებს ჩვენი ტაძრები, უპატრონო და უმლოცველო ტაძრები დაენგრიათ, თუ ვერ დაანგრევდნენ მათთვის უცხო ქართული და ქრისტიანული ამოენგრიათ-წაეშალათ ან ეკლესიის ქვები საკუთარი სახლებისთვის გაეზიდათ ოხროხინე მღვდელივით.
არ ქნეს!

1921-1991 წლებში საქართველოსა და თურქებს საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი ჰყოფდა. ჩვენ თურქეთში კი არა, ვარძიის სანახავადაც ვერ ჩავდიოდით საბჭოთა მესაზღვრეების სპეციალური ვიზის გარეშე. ამ 70 წლის განმავლობაშუ თურქები რა თქმა უნდა ჩასულ ქართველებს ვერ ნახავდნენ და პერსპექტივაში თუ ოდესმე ქართველები საკუთარ ეკლესიებს მოიკითხავდნენ ძალიან სათუო იყო, მაგრამ მაინც შეინახეს. შეინახეს არა მარტო ჩუქურთმები, წარწერები და ჯვრები (არ ამოანგრიეს) არამედ შეინახეს მთელი შენობები არ დაანგრიეს და ააფეთქეს. აფეთქების უნარი კი თურქეთს, რუსეთთან ყირიმის 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის საზღვაო ომის მწარმოებელ ქვეყანას, რომლის დროსაც მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მე-18 საუკუნიდან აქვს.
არ ააფეთქეს!
ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.



თურქეთის სახელმწიფომ ეს ტერიტორიები 7-8 საუკუნის წინ დაიპყრო, მას შემდეგ ამ მიწებს თურქ გლეხთა 30 თაობა მშვიდობიანად ამუშავებს, ატერასებს და რწყავს. აი ეს ხალხი არის იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც ჩვენ, ახალ ქართველ პილიგრიმებს ინტერესითა და დემონსტრაციული კეთილგანწყობით გვხვდება - “ვინ არიან ეს ქართველები, რომელთა წინაპრების მიერ ჩემს სოფელში უხსოვარი დროიდან აშენებული კალისე თავს დაგვდგომია ჩვენს სახლებს და ჩვენ მეჩეთს და ალაჰს კი არა ქრისტეს ადიდებს. ვინ არიან ეს ხალხი ვისი რიდითა და პატივისცემით ჩემმა პაპამ, პაპისპაპამ და პაპისპაპისპაპისპაპამ ეს ეკლესიები ხელუხლებელი შეინახეს”.

ჩვენ ამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვუკმაყოფილებთ. როგორც წესი პილიგრიმთა მარშრუტის სირთულისა და გრაფიკის სიმჭიდროვის გამო თითეულ ამ სოფელში ჯგუფები ერთ საათზე ნაკლებ ხანს ვრჩებით და მოსახლეობასთან საუბარს ვერ ვახერხებთ. საქმე კი ისაა რა უნდა ვუთხრათ ადგილობრივ გლეხებს დრო რომც გამოვნახოთ. ვუმტკიცოთ რომ ოდესღაც ეს მიწა საქართველო იყო და თურქეთმა დაიპყრო - გულუბრყვილობაა. მათ ისედაც იციან ეს და წიგნში კი არ წაუკითხავთ, თვალით ხედავენ ყოველდღიურად.

უსაყვედურო რომ ქართული ძეგლები მოუვლელია და დანგრევის საშიშროების წინაშეა, გულუბრყვილობაა თუნდაც იმიტომ რომ კერძო პირის ინიციატივა, შეაკეთოს და მოუაროს უცხოტომელთა უცხო მორწმუნეთა ტაძარს შეიძლება დაგმობილი იქნეს მოლას მიერ, რომელიც როგორც ვთქვი, დღეში რამოდენიმეჯერ ხმის გამაძლიერებლებით აფენს თავის გალობას მთელ სოფელს.

ჩვენ- ტურისტები ამ ტაძართა ქრონომეტრაჟის 0,02% დროს ვართ მათთან დანარჩენი 99,98% დროისა ისინი კვლავ ჩვეულებრივი თურქული სოფლების მაცხოვრებელთა ხელში არიან, მათი კეთილი ნებისა თუ პატივისცემის შედეგად ჯერ კიდევ დგანან.

ჩვენ მივდივართ დავუბღვერთ ამ ხალხს, იქნებ წავუსისინებთ კიდევაც და უკან მოვდივართ.

არ არის ეს პატრიოტიზმი.

არ არის ეს ისტორიის ცოდნა.

არ არის ეს ქრისტიანული შემწყნარებლობა.

არ არის კარგი მომავალი პილიგრიმებისათვის.

და ბოლოსდა ბოლოს არ არის რაციონალური ძეგლების მიმართ.

ჩვენ თურქებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ გასაბჭოების შემდეგ თბილისური ულამაზესი (როგორც ამბობენ) მეჩეთის დანგრევის გამო და ..

მადლობა უნდა გადავუხადოთ უბრალო თურქ ხალხს მათი ტოლერანტობისა და ჩვენი სიწმინდეებიდმი პატივისცემისათვის, ჩვენი, მათთვის უცნობი ადამიანების პატივისცემისათვის.


ბოლოს და ბოლოს ბობოქარი ისტორიის შედეგად არამარტო ქართველები დავრჩით თურქთადან შევიწროებულნი, უმშვენიერეს მიწაწართმეულნი და შედეგად დაჩაგრულნი, არამედ თვითონ ქართველებმაც სომხებთან ერთად მცირერიცხოვნობის მიუხედავად წყალში ჩავყარეთ თურქთა მამაპაპის ფარული თუ გაცხადებული ოცნება დიდ ოტომანთა იმპერიაზე, რომელიც თურქულენოვანი შუააზიის, ერთმორწმუნე ჩრდილო კავკასიის, თურქულენოვანი აზერბაიჯანისა და ამიერკავკასიისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ჩვენ ამ ოცნებას ყელზე დავადექით.
გიაურთა ორი მცირე ქვეყანა ყელზე დავადექით 10 ძლიერ, მდიდარ და მრავალრიცხოვან თურქული გავლენის ქვეყანას.

იქნებ თურქების ჩვენი ტაძრებისადმი ჯადოსნური კრძალვა და პატივისცემა ჩვენს ქვეყანაზეც გადმოდის?
იქნებ ამ ტაბუდადებულმა აღტაცებამ დაგვიცვა სასტიკი ფეოდალიზმის დროს?

დღეს თურქეთის სახელმწიფო ევროპისკენ ისწრაფის, ვითარდება და ძლიერდება.
თუ ქართულმა სახელმწიფომ, ქართველობამ კარგად ავუხსენით, თურქეთის სახელმწიფოს შეუძლია ერთის მხრივ ჩვენი ტაძრების მაშტაბური რეკონსტრუქციის ჩატარება (ქართულ ძეგლთა დაცვის სპაციალისტებთან ერთად), მეორე მხრივ კი ევროპისათვის თურქი ხალხის ქრისტიანული ძეგელებისადმი საუკუნოვანი ტოლერანტული დამოკიდებულების დემონსტრირება.

ჩვენ კი, ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.
თეშექიურ!!

არა, მართლა!

1 comment:

Anonymous said...

ძალიან კარგი იყო :უპ:

პირველად რომ ვიყავი თურქეთში,ე რთი წლის წინ - ძალიან ზეეპროვინციაში მივდიოდი, სიირტში, თურქეთის აზიურ ნაწილში.

და გზად სულ მაგან გამაკვირვა - ერთი მტკაველი ნაყოფიერი მიწაც კი არ იყო უყურადღებოდ დატოვებული.

და თვითონ იმ პროვინციაში ლამაზ ქვაფენილებზე და სისუფთავეზე არაფერს ვამბობ... სიგარეტის დაგდებაც კი მრცხვენოდა და არც ვაგდებდი მაგის გამო :დ

ისე, ოდაში გადის ასევე, მე ვისაც ვიცნობდი თურქებს, ყველა ძააალიან მოწიწებით იყო განწყობილი მართლმადიდებლობისადმი (აქედან ზოგი თურქი ძალიან მორწმუნე იყო).
ზოგადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ისინი უფრო ტოლერანტულები არიან რეგილიურად, ვიდრე ქართველები )