Monday, December 15, 2008

მეორე სახეობის პირველი შტო.


ეს ჩანაწერი ომამდე გამიკეთებია აიპაკში. საიტში კი არ გადმომიტანია. ალბათ მაშინ ზედმეტად პათეტიურად ჩავთვალე.
დღეს გადმომაქვს.

---
ჰერბერტ უელსის ერთერთ ფანტასტიკურ რომანში მეცხრამეტე საუკუნის პერსონაჟი ერთერთი გაღვიძებისას შორეულ, თვალუწვდენელ მომავალში აღმოჩნდება.

თავიდან აღტაცებითა და შურით შეჰყურებს ადამიანებს, რომლებსაც საზრუნავი მხოლოდ დროის სასიამოვნო გატარება, სიყვარული, ჭამა და ძილი აქვთ.

მისი აღტაცება მას შემდეგ გაქარწყლდება, როცა აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე მეორე სახეობის ადამიანებიც გაჩენილან, მიწისქვეშა ჯურღმულებში მცხოვრები ბოროტი კაციჭამიები, რომელთათვის ეს უზრუნველი და უშფოთველი პირველი სახეობა საკვებს წარმოადგენს.


მაშ ასე:
ხმელეთზე არიან უზრუნველი კეთილი ბრიყვი, სიამოვნებისთვის შექმნილი ლამაზი არსებები, რომლებიც ერთმანეთის თვალწინ სიყვარულობით ტკბებიან. მათი წინაპრები ერთდროს წარმატებული ელიტა და ინტელიგენცია იყო.

მიწის ქვეშ კატკომბებში ცხოვრობენ და ღამე პირველების შესაჭმელად ამოძვრებიან ღონიერი ბოროტი არსებები, რომელთა წინაპრები მუშები იყვნენ.



პირველებმა მეორეთა არსებობის შესახებ არაფერი იციან და ჭებს, საიდანაც მათი მტაცებლები ამოძვრებიან ქვეშეცნეული შიშით უყურებენ. თუმცა ეს შიში არ უშლის მათ დარჩნენ ბედნიერები და უზრუნლელები. საშიშროება მათთვის მხოლოდ ჩავლილი ცუდი სიზმარია.


იქნებ ამ უზრუნველ პირველთა პირველი შტო უკვე გაჩნდა დედამიწაზე. ჯერ არ მიუღია საბოლოო უზრუნველი ფორმა, მაგრამ მთავარი საშიშროების უგულვებელყოფა უკვე ემჩნევათ.მათი ცხოვრება ჯერ არ გამხდარა უზრუნველი, ისინი პატარა ამპლიტუდით "ნერვიულობენ". ნერვიულობენ წვრილმანებზე მაგრამ მთავარ საფრთხეს თვალს არიდებენ.
ამ თავის პატარა ამპლიტუდის "ნერვიულობებს" იმდენად არტისტულად გადმოსცემენ, რომ თვითონაც იჯერებენ და მერე თვითონაც ეშინიათ.
ეს ანალოგია ქართულ რეალობას ასახავს.
მაშინ, როდესაც საქართველო ურთულეს პოლიტიკურ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ პრობლემებს უნდა უმკლავდებოდეს, საქართველოს მოსახლეობის 47%მა პროცენტმა გადაწყვიტა, რომ ახლა ომი არ არის, უკვე გაერთიანებული და განვითარებულები ვართ და საზოგადოების როლი ახლა ქვეყნის შიგნით საკუთარი ძალოვანი უწყებების შეზღუდვაა.
საერთო ძალის შემცირებაა ინდივიდუალური ძალის სასარგებლოდ.

No comments: