Monday, October 11, 2010

რჩევები არიფ მძღოლს


ანუ შენ 


იყურე შორს გაითვალისწინე სამუხრუჭე მანძილი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სიჩქარით მიდიხარ. 
გაჩერებული ავტობუსის გასწრებისას უყურე ბორბლებში, ვინმე ხომ არ გადმოდის?

დაიცავი ხაზი, შეიცვალე ხაზი პასუხისმგებლობით, გვერდითი მოხვევის მაშუქების გამოყენებით. 

ტრასაზე გასწრების პირველ ეტაპზე გადადი მარცხნივ, კარგად დაინახე გზა და შემდეგ, თუ საშუალება გაქვს  სწრაფად გაასწარი, თუ არა, დაუბრუნდი შენს რიგს.
გასწრების დასაწჰისში მთელი კორპუსით მარცხნივ გადასვლის უპირატესობა არის აგრეთვე ის, რომ შემხვედრი თავიდანვე ხედავს, რომ შენ ასწრებ და არა მხოლოდ აპირებ გასწრებას. ანუ შემხვედრი შორიდანვე შეანელებს რათა შენ მანევრი დაგასრულებინოს.


გზაჯვარედინებზე გავლისას იყურე ორივე მხარეს


ნუ გააჩერებ მანქანას გზაჯვარედინის კუთხესთან 5 მეტრზე ახლოს



მწვანიდან ყვითელზე მოძრაობის დასრულების უფლება გაქვს. 
წითლიდან ყვითელზე გასვლის - არა. 

ანუ უპირატესობა მისია, ვინც მოძრაობდა. 
თუმცა ეს უპირატესობა სულ რაღაც ერთ ორ წამს გრძელდება. 


გზაჯვარედინზე ტრაექტორიების გადაკვეთისას თმობს ის, ვინც მძღოლს (მძღოლის მხარეს) ეჯახება.

 


 
ნუ შეაშინებ ქვეითებს


მკვეთრი დამუხრუჭება მაქსიმალურად სწორად. 

დაღმართზე მართვის დაკარგვის მეტი რისკია, დროზე შეანელე

დანგრეულ გზაზე ჯობია მეჩეჩზე ბორბლით გადაიარო, ვიდრე მეჩეჩი  ბორბლებსშორის მოიქციო, 


გააჩერე ისე, რომ ადვილად გამოხვიდე. მერე შეიძლება სხვა მანქანები დადგნენ იქ სადაც ახლა მანევრის საშუალება გაქვს

თუ ჩქარობ, იჩქარე სწორ მონაკვეთებზე, ტრასაზე, სწრაფი მოძრაობის მონაკვეთებზე. 
ნუ ეცდები გონკაობას ვიწრო, მიხვეუს მოხვეულ გზებზე, მაინც ბევრ ვერაფერ დროს მოიგებ (ვთქვათ 60ის ნაცვლად 70-ით ივლი, დიდი არაფერი ხეირია).

ტრასაზე დაგეგმე გაჩერებები იქ, სადაც სწრაფად ვერ იმოძრავებ, უღელტეხილზე, ქალაქში. 


არ დაჯდე საჭესთან  თუ უძილო ხარ. 

ფრთხილად იარე ნაწვიმარ გზაზე, განსაკუთრებით ფრთხილად ახალნაწვიმარ გზაზე.

ძროხას აუარე უკნიდან, კაცსაც. ქალი და ძაღლი შეიძლება უკან დაბრუნდეს, კაცი და ძროხა არა. შინაური ფრინველისთვის ნუ შექმნი საავარიო სიტუაციას, გადაუარე. 

ყოველთვის დაიცავი დისტანცია, გუნებაში იქონიე სამუხრუჭე მანძილი


თუ თავს ატყპბ, რომ გეძინება ან ძალიან გადაღლილი და უძილო ხარ, გააჩერე და წაიძინე თუნდაც 10 წუთი. მანქანის მართვა განაგრძე უფეხსაცმლოდ. პედლებზე უფეხსაცმლო ფეხის დაჭერა და მართვა იმდენ აფერენტაციას იძლევა, რომ რულმორეულს ძილს დაგიფრთხობს, მაგრამ გარანტირებულად ვერ გიშველის. ამიტომ ჯობია გამოიძინო, წაუძინო მაინც. 


გაითვალისწინე, საჭესთან ჩაძინების გარდა კიდევ არსებობს საჭესთან მყოფის გათიშვის საფრთხეც. გათიშვა ემართებათ გადაღლისა და უძილობის შემთხვევაში და ის წამის განმავლობაში დგება, ყოველგვარი წინასწარი ძილის მორევის გარეშე. გათიშული ადამიანს თვალები ღია აქვს და ერთი წუთის წინ შეიძლება სალონში  გაბმულ საუბარშიც მონაწილეობდა, მაგრამ ახლა " აქ არ არის", მექანიკურად ზის მძღოლის სავარძელზე. მისი ტრანსიდან გამოყვანა ადვილია, შეძახება საკმარისია, მაგრამ მგზავრის ყურადღება ვერ გასწვდება მძღოლის ყოველწამიერ შეფასებას, მითუმეტეს, რომ გათიშულს თვალები ღია ექნება და შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სანამ მანქანის ტრაექტორია არ გახდება სახიფათო; გზის კიდისკენ მარჯვნივ ან მოწინააღმდეგე ხაზზე მარცხნივ. 
აქედან დასკვნა თუკი დაღლილი და უძილო ხართ დაკარგეთ დრო, დააგვიანეთ, მიიღეთ საყვედური , მაგრამ აუცულებლად წაიძინეთ. გახსოვდეთ გათიშვა ძილი არ არის და მას შესავალი არ ჭირდება და თუკი იტყვი, რომ უძილო და დაღლილი კი ხარ, მაგრამ ჯერ არ გეძინება, იცოდე რომ გათიშვის კანდიდატი ხარ, დიდი ალბათობით მკვლელი და თვიKვლელი ხარ.   




აღმართზე შეჩერებისას დაიცავი დისტანცია წინა მანქანასთან, შეიძლება მას დაძვრისას დაუგორდეს. 
ივარჯიშე აღმართზე დაძვრაში ხელის მუხრუჭით და ხელის მუხრუჭის გარეშე. 



უკან მოსაბრუნებლად შენივე ხაზზე უკან დაიხიე და უკუსვლით მართი კუთხით შედი მარჯვნივ. მეორე მომენტად გამოდი გზის მართობულად და მარცხნივ გაუხვიე. 



თუ მართობულად მარცხნივ ჩახვევა გინდა და შემხვედრი ნაკადი დიდი და სწრაფია, თუ უკანაც სწრაფი ნაკადი მოგდევს, გადადი მარჯვნივ გზიდან და დაელოდე გზის გათავისუფლებას. 


მგზავრი ბავშვები ყოველთვის უკანა სავარძელზე დასვი, მოზარდი თუკი წინა სავარძელზე ზის აუცილებლად ღვედით უნდა იყოს დაბმული. 







ნურასდროს დაჯდები ნასვამი საჭესთან, საქმე იმაში არაა, რომ შენ შეიძლება თავხედობა ჩაიდინო, არა, საქმე იმაშია, რომ ნასვამს რეაქცია შენელებული გაქვს და შესაძლო თუნდაც არადრამატულმა  ავარიამ შეიძლება ბიოგრაფია უარესობისკენ  შეგიცვალოს. 

იხმარე ღვედი, ტრასაზე აუცილებლად. 
იყიდე მანქანა, რომელსაც აქვს აირბაგები. 
ქართული ლეგენდა, რომ აირბაგი უარესია თუკი ღვედი არ გაქვს შეკრული, არასწორია. 





გაითვალისწინე, კანონი კრძალავს ცეცხლსასროლი იარაღისა და თუნდაც პატარა დანის ტარებას ჯიბით. ადამიანი იარაღით პოტენციური მკვლელია და კანონი მას აპატიმრებს. 
შენი ავტომობილი გაცილებით მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ვიღაც უცნობი ადამიანისათვის, ვიდრე დანა შენს ჯიბეში. როცა საჭესთან ზიხარ პოტენციური მკვლელი ხარ, ფლობ გაცილებით ძლიერ იარაღს ვიდრე დანა და პისტოლეტია. ეს იცის სახელმწიფომაც მაგრამ არ გაპატიმრებს, იმიტომ რომ გენდობა. ჩაიბარა შენგან ფსიხო, მართვის გამოცდები და გენდობა რომ ამ ტონანახევრიან რკინას, ჩაქუჩს, ნაჯახს, უროს, ხერხს, უთოს, საბრტყელებელს, მაჩეტეს, იატაგანს გაქანებულს და ზებუნებრივი სისწრაფისა და ინერციის მქონეს შუა ქალაქში ფრთხილად ატარებ. 
შენ გენდობიან სხვა ავტომობილთა მფლობელები და ქვეითები. ყველას აქვს იმედი, რომ შენ წესებს დაიცავ.

ხოდა დაიცავი. ნუ დააშინებ ნურც სხვა ავტომობილების მძღოლებს, ნურც ქვეითებს.  

თავაზიანობა, ზრდილობა, ტაქტი, ეტიკეტი მხოლოდ შენობის შიგნით დამოსაყენებლად არ მოუგონებიათ, ის ქუჩაში უფრო მნიშვნელოვანია. აცალე დაასრულოს გზის გადასვლა ბებოს და შემდეგ დაძარი მანქანა. მადლობას გეტყვის გულში, მადლია. უკან მომდგარი 3 აბღუებული მანქანის სიგნალს გადაწონის. 

საავაროი სიტუაციაში ნუ იფიქრებ იმ მძღოლზე, რომელიც უცაბედად შენ გზას იკავებს ან გიკვეთავს (ბოროტია, მტყუანია, მთვრალია, თავხედია, საგინებელია...) იფიქრე მხოლოდ შენთვის დარჩენილ სამუხრუჭე ან გასაზვრომ  ტრაექტორიაზე. მობილიზდი მხოლოდ  ამ ტრაექტორიის უზადოდ შესრულებაზე.  

დღეღამე ტრასაზე საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანის გასაფრთხილებლად (მაცალე დავასრულო გასწრება, ცოტა შეანელე) იხმარე ფარები და არა სიგნალი. სიგნალი მას არ ესმის. 
ღამე გასწრების დაწყება შენ წინ მიმავალ მანქანას ასევე ფარებით შეატყობინე. 



თუ მართვა დაკარგე (ანუ მანქანა მოცურდა და უკონტროლოდ მოძრაობს) გზაზე დასაბრუნებლად ძალიან სწრაფად და მკვეთრეად მოუხვიე შენი გზისკენ. 

და კიდევ, ყოველთვის მზად იყავი მკვეთრი მუხრუჭისათვის. მკვეთრი დამუხრუჭებისას ეცადე სანამ ჩქარა მოძრაობ სწორად იმოძრაო და მხოლოდ მას შემდეგ მოუხვიო, როცა შენელების ადგილი აღარ გაქვს და მოხვევის გარეშე შეეჯახები.
ანუ უნდა მოუხვიო მაქსიმალურად დასაშვები შენელების შემდეგ.


გაითვალისწინე, არცერთი ავარია არ მოხდებოდა დედამიწაზე მძღოლებს ორი სამი წამით უფრო ადრე რომ ეფიქრათ შესაძლო საავარიო სიტუაციის განმუხტვაზე. 
აჩუქე შენს თავს + 2-3 წამი სიფრთხილე- აუშვი გაზს ფეხი.
და იგივეა, აჩუქე შენს თავს 2-3 წამი, აჩვენე გასწრებისას საწინააღმდეგო მხრიდან შენკენ მოძრავ მანქანას, რომ მანევრის დასასრულებლად მისგან შენელებას ითხოვ. 99%-ში შემხვედრი მანქანა შეანელებს თუკი შენი ბოდილენგვიჯი იქნა მკვეთრი და კონკრეტული (მთელი კორპუსით საპირისპირო გზაზე დგომა, ფარების აცომციმება).  


საწვავი ჩაასხი ბევრი. ღმერთმა ჯანზე გამყოფოს და შენს ბიოგრაფიაში და ამ მანქანით ერთ ტონაზე ნაკლები ბენზინი არ უნდა დაწვა, ასე რომ რაც ნაკლებ ჯერზე ჩაასხამ ამ ერთ ტონას მით ნაკლები გაჩერება და დროის კარგვა ( თუნდაც ხურდის ჩუქება) მოგიწევს.

იგივე ითქმის შაქარზე, ზეთზე, საპონსა  და ტუალეტის ქაღალდზე, თუმცა მათ საყიდლად ნაკლებ დროს დაკარგავ, მაღაზიაში ისედაც ხშირად მოგიწევს მისვლა სხვა პროდუქტისთვის. 

ნურასდროს გააჩერებთ მანქანას სწრაფი მოძრაობის ხაზზე. 


თუ სწრაფი მოძრაობის ხაზზე საავარიო გაჩერება ან მნიშვნელოვანი შენელება  გიწევთ და არის ალბათობა, რომ იმავე ხაზზე სწრაფად მომავალი მანქანა წამოგეწიოთ, ჩართეთ საავარიო მაშუქი.

No comments: