Friday, April 15, 2011

ჩემიანის სიკვდილი

ცუდ ხასიათზე რომ ვარ ეს ნორმალურია. 
არა, დეპრასიაში არ ჩავვარდები, ფეხ ქვეშ მიწაც არ გამომცლია და არც ზეცას დაუტეხავს მეხი ჩემს თავზე.  
ის ოჯახის წევრი არ იყო, მაგრამ ოჯახის წევრებზე მეტი, გულწრფელი და ემოციური ურთიერთობა მქონდა. ახერხებდა ასეთი ყოფილიყო არამარტო ჩემთან, არამედ ყველასთან ჩემს  ოჯახში. 
ის გვიყვარდა, მაგრამ მას გაცილებით ვუყვარდით. მას პატივს ვცემდით, მაგრამ ის გაცილებით დიდ პატივს გვცემდა. 
ჩვენ მასზე ვზრუნავდით, ის კი მუდამ, თითქმის სიკვდილის წუთამდე ჩვენზე ზრუნავდა, ცდილობდა უსიტყვოდ გამოეცნო ჩვენი სურვილები და ამას თითქმის ყოველთვის ახერხებდა. 
იმდენად კეთილგანწყობილი და ექსპრესიული იყო, რომ ვერ გაებუტებოდი. უფრო სწორედ, მისი შენდამი სიყვარული არ მოასვენებდა  სანამ არ შეურიგდებოდი. არ მოასვენებდა და ის შენ არ მოგასვენებდა.  თანაც მოითხოვდა რომ, მასზე წყენა დაგევიწყნა, ბრაზი გადაგეყარა, კარგ ხასიათზე დამდგარიყავი  და გაგეღიმა. სხვანაირ შერიგებას არ ღებულობდა. 
მოხუსი იყო ასაკით, მაგრამ ჩვენ ისევ ბავშვად ვთვლიდით. ყველას ისეთი გვახსოვდა, როგორიც იყო მაშინ, როცა ჩვენს ოჯახში მივიღეთ, პატარა და საყვარელი. ფაქტიურად ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა. როგორც შვილი და როგორც ძმა.  
და როგორც აწ უკვე ზრდასრულ შვილებში ნაწილობრივ მაინც იმ ორი სამი წლის ჩამრგვალების პერიოდის ბავშვს ვხედავ, მასშიც შემორჩა  ის პატარაობა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ჩემი ოჯახისთვის.
მისი მთელი ცხოვრება ჩვენს თვალწინ იყო, მისი წარმატებები, მარცხები, მიღწევები და ბოლოს ავადმყოფობა. 
მხოლოდ ზრდილობიანი კი არა, ტაქტიანი ზრდილობიანი იყო. მისი სამყარო ჩვენსაზე გაცილებით პატარა იყო, სიღნაღიდან სარფამდე, უფრო შორს ფეხი არ დაედგა, არც აინტერესებდა ალბათ. მისი სრული ბედნიერება მიღწევადი იყო, და ჩვენც ხელს ვუწყობდით, რომ ეს სრული ბედნიერება ხშირად ეგრძნო და თავისი სიხარული მერე ჩვენთვის უშირველად დაებრუნებინა.
სიბერე არ ეტყობოდა, ვიცოდით რომ ეს სჭირდა, ბერდებოდა, გვითხრეს ერთი წელი მისთვის სამია, იქნბ ოთხიც. თხუთმეტის რომ გახდება 60-ის იქნება, თვრამეტამდე თუ მიაღწევინეთ ყოჩაღები იქნებით, ის მაშინ 72-ის იქნებაო. მოკლედ, ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა ის მოკვდებოდა,  ჩვენს ხელში დალევდა სულს. ახლა, როცა ასეც მოხდა, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, ნაწილობრივ კი ვალმოხდილობის გრძნობაც გვაქვს, 19- ისა მოკვდა, ანუ ღრმა მოხუცი. განგების მიერ გამოყოფილ დროს ჩვენც რაღაცა წავამატეთ. ჩვენი ბრალი არ არის, რომ მისთვის დრო გასამმაგებული  სისწრაფით გარბოდა, არც ის რჩებოდა განზე, ჩვენთან შედარებით სამჯერ ჩქარა  ცხოვრობდა, სამჯერ მეტს მოძრაობდა სამჯერ მეტს გრძნობდა, უყვარდა, ზრუნავდა, უხაროდა, ბრაზობდა. 
მოასწრო, ერთი კარგი ცხოვრება მოასწრო.  შეიძლებოდა არ ყოფილიყო ასეთი იღბლიანი. მადლიერი წავიდა ამ ქვეყნიდან, თვალებში ეტყობოდა.
კარგი ადგილი შევარჩიეთ სასაფლაოსთვის, ძალიან ლამაზი.  ჩვენ შენ გვემახსოვრები რექს.

1 comment:

misho said...

რა კარგი ხარ, ჩემო უცნობო მეგობარო. საოცარი პოსტია. ჩვენი ჯესი (გერმანული ნაგაზი) 11 წლისაა და მძაფრად შევიგრძენი ყველაფერი. ის ჩვენი მწუხარების ყველაზე გულწრფელი მოზიარეა. ზუსტად იცის როგორ ხასიათზე ვართ.