Thursday, May 24, 2012

ველოტური


10–17 მაისი.

  ქუთაისი– ფოთი– ბათუმი– ხულო– ახალციხე– ახალქალაქი– წალკა– თბილისი

მონაწილეები:

ჰოლანდიელები: 40 ადამიანი, რომელთაგან ახალგაზრდა მხოლოდ 2-3- ს ეთქმის, უმეტესობა შუა ასაკში და ხანდაზმულია, ავტობუსში ადგილს რომ დაუთმობ.  კაცები ქალებს ცოტათი აჭარბებენ, ვთქვათ 25: 15.  ალკოჰოლი აიკრძალეს და არცერთს დაულევია.  სიგარეტს ჩუმად ეწეოდა ერთადერთი ქალი.  მხნეები, ხმაურიანები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ.  ამტანები, პრინციპულები და კარგი ველომრბოლელები.
ქართველები – ვეტერანი და მოყვარული ბელოსიპედისტები – ალბათ 30 კაცი ( არცერთი ველომრბოლელი ქალი).
მე –  ექიმი მანქანაში ორი სამედიცინო ზურგჩანთით.  რომლის შემადგენლობაც საკმარისი არ აღმოჩნდა მონაწილეთა ყოჩაღად ყოფნისთვის, რის გამოც სამ სხვადასხვა ქალაქში შევიძინე წამლები.





მე კოლონას უკან მივდევდი მანქანით, სასწრაფს ლენდ კრუიზერით, და უკანა ჯგუფი, ანუ შედარებით ნაკლებ ამტანებს  კარგად ვცნობ - მათგან მხოლოდ სამია ჰოლანდიელი, დანარჩენი ჩვენები.



 ჩემთვის ახალი გეოგრაფიული პუნქტები/ დესტინეიშენები:
 მახუნცეთი ხულომდე, ბათუმიდან სადღაც 35 კმ–ში, ულამაზესი  ჩანჩქერით.
უნდა იკითხო, გზიდან არ ჩანს.

ხულო (ბათუმიდან ალბათ 100 კმ)  ხულო– თაგო საბაგიროთი, ფანტასტიშ.
გოდერძის უღელტეხილზე აჭარული სოფლები
რაბათი ახალციხეში



პაციენტები:

ჯუმბერ ლეჟავას მარჯვენა ხელის ცერი აქვს მოტეხილი.  ბათუმამდე არ დაუწუწუნია, ბათუმში ვახშმის წინ ცალყბად ჩემომჩივლა რაღაც მტკივა და გამისივდა ეს თითიო. სასწრაფოდ წავიყვანეთ საავადმყოფოში.  სახსარშიდა მოტეხილობაა რათული. საოპერაციოა, პირველ რიგში კი თაბაშირია დასადები.   ველორბოლის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი თქვა ექიმს თხოვს ისეთ პოზიციაში დაუფიქსიროს ხელი, რომ ველოსიპედის მართვა შეძლოს.     შემდეგი საავადმყოფო - ახალციხე იქ განმეორებით კეთდება თაბაშირი, წინა გაცვეთილია, ჯუმბერი და ექიმი ახალ კონსტრუქციას პოულობენ თაბაშირისთვის, პრგრამა მინიმუმის შესასრულებლად - საჭის ჩაჭიდება და მუხრუჭისთვის ორი თითის მაინც მოძრაობის უნარის შენარჩუნება, იმავე მხარეს ველოსიპედს სიჩქარეების გადამრთველი აქვს, მაგრამ სიჩქარეების გადართვა ამ ხელით შეუძლებელია, თუმც უკვე შეეჩვია, მეოთხე დღეა სიჩქარეები მეორე ხელით რთავს, ამაზე ეხარჯება დრო, კარგავს სიჩქარეს, მაგრამ ახერხებს ტურის გაგრძელებას, მესამე თაბაშირი წაკლაში ახალ საავადმყოფოში. კმაყოფილია იმით,რომ საჭის ჩაჭიდების მიზანს თაბაშირის  ეს ახალი ფორმა უფრო მიუახლოვდა.  ტკივილგამაყუჩებლებს არ ღებულობს. სამაგიეროდ ჩვენი რეაბილიტოლოგი მასაჟისტები მისთვის საჩუქარია, პირველივე დღიდან აწუხებს ფეხის კუნთი, რომელზადაც   მასაჟი ყოვდლ დღე უკეთდება.
კიდევ პაციენტები:
5-6 წვრილმანი საქმე რომ გამოვტოვო,  დამრჩება სამი  სტუმარი საშინელი დიარეით.  ერთერთზე გადასხმა დამჭირდა. მხოლოდ მკურნალობის მესამე დღეს შეძლო ველორბოლაში მონაწილეობის გაგრძელება.  სამივეს  ჩემი ფულით ვუყიდე ენტეროლი და ლოპერამიდი.  ერთერთს, ყველაზე შეწუხებულს (რომლისთვისაც გადასხმა მომიწია) სანდრა გულშემატკივრობს, მისი ამბის მოკითხვისას ორჯერ სახელითაც მომმართა,  ბოლო კეთილია, მაგრამ ეს კეთილი ბოლო იგვიანებს და ცოტათი ნევროზულ სიტუაციას ქმნის. პაციენტი ჩემს მკურნალობას ჰოლანდიაში უთანხმებს ცოლს, ანტიბიოტიკიც დასჭირდა, ციპრო ვუყიდე და მხოლოდ მას შემდეგ დალია, რაც ჰოლანდიაში შეათანხმა. მანამდე მე ვთავაზობდი,დაველაპარაკები შენს ექიმს  ავუხსნი მეთქი, გაეხარდა, მაგრამ აღარ  დამალაპარაკა.
საბოლოოდ პაციენტებს ვიმეგობრებ, ხმაურიანი დემონსტრაციული პატივისცემის გამომხატველი მისალმებით მხვდებიან.  რისთვისაც ჭირდება ველოტურს ექიმი - ტრავმების სამკურნალოდ, მხოლოდ ჯუმბერ ლეჟავაა. და ერთი ჰოლანდიელი, რომელსაც გადაყვლეფილი ხელის გამო ( აჭარაში წაიქცა)  ანტიტეტანური ვაქცინაცია დასჭირდა და 72 სთ გათვალისწინებით თანხმობა მხოლოდ ახალქალაქში მოგვცა.  ახალქალაქში საავადმყოფოში დაგვხვდა მთავარი ექიმი ნორიკა და ქირურგი რომლის სახელი არ ვიცი.  სომხური კონიაკი დაგვალევინეს, უცხოელმაც მოწრუპა, აკრძალვის მიუხედავად, კარგი კონიაკი იყო.

ახალციხე.
რაბათი ახალციხეში.  რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ ძირითადად თურქულია.  დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც.  ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება.  სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი,  ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე  ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.  საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.   ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან.  აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია.  მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.
ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო. სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა  1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.


ახალქალაქი 
 ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ.  უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული.  ხალხი იყო  გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი.  ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი.  გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის რა რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული,  სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი,  ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან, მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა.  პეიბოქსი  ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის  შეთავაზებებში.  მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად.  დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს.  პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით.  გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა  თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა.  ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, ეხლა რომაა მოდაში " მიდი ბიჭო გიორგუნა "  ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით.  მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.

 7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში.  მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი.  მე მოედნის  უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს  - " ფრეზიდენტ აა", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი  ფეხით შემოიარა, მთელი ქალაქი აეკიდა.    დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად.  სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.  (ახალქალაქს თურქულ მანქანათა კოლონა სერავს და ხშირად თურქი მძღოლები  სწორედ ამ ქალაქში ათევენ ღამეს ) .  




 წალკა
სუფთა სასტუმრო, რომლის არსებობა ეჭვქვეშ მედგა მთელი ველოტურის მანძილზე. სვანების რესტორანი "რიჰე"  ბერძნული ეკლესია წალკაში, არისტოტელეს ბიუსტი მთავარ ქუჩაზე.ახალი საავადმყოფო – ჰოლანდიელი და ჯუმბერ ლეჟავა მყავდა მიყვანილი.

წალკა – თბილისი
ყველაზე ცუდი ასფალტის საფარი მთელს მარშრუტზე ( ხულო–გოდერძის უღელტეხილი– ადიგენს თუ არ ჩავთვლით) წყნეთშია.

თბილისი
ყველაზე ნაკლები ხალხი ჩვენს დასახვედრად გამოსული, ყველაზე ნაკლები.

 

No comments: