Thursday, January 15, 2009

წავა, რა..



წავა რა.. - ეს გამოთქმა ინდიფერენტულ-იმედიანი სახით ითქმება, თანაც ყოვლისმცოდნე, გამოცდილი კაცის ინტონაციით, ხშირად თვალის ჩაკვრის ან თითქმის ჩაკვრის თანხლებით.

-მე ვიცი, მე შენზე მეტი ვიცი, მე იმათზე მეტიც ვიცი ვინც კანონებსა და ინსტრუქციებს მიწერს.
მე მეტი ვიცი!რატომ? საიდან? იმიტომ რომ გამოცდილი ქართველი ვარ. ქართველობაში გამოცდილი ქართველი ვარ.


წავა, რა ..
იფიქრა 1980? წელს
ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ”, იმ დროს თბილისის სატელეფონო ქსელის ერთერთმა “მესვეურმა” და ახალდაყენებულ თბილისის სატელეფონო კვანძის მთავარ აპარატში პლატინის მოზრდილი დეტალი ვერცხლისათი შეცვალა..
არ წავიდა. მას შემდეგ თითქმის 20 წელი, ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიების შემოსვლამდე მილიონ თბილისელს მუდმივად უწევდა არასწორ აბონენტთან რეკვა, შეცდომით გამოპარული ზარის გამო ტელეფონთან მისვლა, საკუთარ მოსაუბრესთან ერთად სხვა წყვილის საუბრების და ზოგჯერ კი ტროლეიბუსების აჩქარება-შნელებას ამყოლი ზუზუნის სმენა.


წავა, რა..
იფიქრა 1990 წელს
ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ” (დარწმუნებული ვარ ამ კაცს დღესაც ასეთი სახელი აქვს ძმაკაცებსა და კოლეგებში) და გადაწყვიტა სასიკეთო კვალი დაემჩნია ქართული ფეხბურთისათვის და მაშინ, როდესაც საქართველო, ქართული გუნდები პირველად დამოუკიდებელი საქართველოს სახელით დაუშვეს ევროპის ჩემპიონთა, უეფასა და თასების მფლობელთა გათამაშებაზე,

და როდესაც თბილისის დინამოსთან ერთად ევროპაში ძალების მოსინჯვა სოხუმის "ცხუმსაც" უწევდა,

ამ კეთილმა კაცმა უეფას რომელიღაცა თანამშრომელს ქრთამი შეაძლია და შედეგად ის მივიგეთ, რომ ... ქართული გუნდები მთლიანად მოიხსნეს ყველა ევროპული გათამაშებიდან.


არადა, არადა ექნებოდა თუ არა მნიშვნელობა ჩვენი შემდგომი ისტორიისათვის იმას რომ,საქართველოს სახელით, სოხუმის სახელით ქართულ გუნდ "ცხუმს" ეასპარეზა?


წავა, რა..

თქვა ერთერთმა ქართველმა ხელოსანმა/ელექტრიკოსმა როცა თბილისის ლოკომოტივის სტადიონის სათადარიგო გენერატორების შენობის ფანჯარაში ვენტილატორს ამონტაჟებდა. არა, კი იეჭვა ამ ფრთებს გარედან შიგნით უნდა შეეწოვა ჰაერი თუ შიგნიდან გარეთ, მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე კაცი ინსტრუქციაში ხომ არ ჩაიხედავდა, იფიქრა და გადაწყვიტა რომ ჰაერი შიგნიდან გარეთ უნდა გამოედენა, როგორც ტუალეტში ჰქონდა. გულმა კი გაჰკენწლა, რამეს ხომ არ ვაშავებო, მაგრამ ბოლოს თქვა - წავა,რა.. და გააკეთა კიდევაც. გააკეთა როგორღაც. ჩააბარა, ჩაიბარეს.


მაგრამ არ წავიდა. საქათველო რუსეთის შორის ურთიერთობა იმ დროის მაშტაბებით მაქსიმალურად იყო დაძაბული, რუსეთი ასე პირდაპირ მტრად არ გახსენებდა როგორც ეს დღესაა, მაგრამ თავის სიბოროტეს სრული სვლით ახორციელებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იმ დროს ერთადერთი ნათელი წერთილი ქართველი რეგბისტები და მათ მიერ რუსეთის გუნდის არაერთხელ დამარცხება იყო.

და.. ჯერი ქართველ ფეხბურთელებზე მიდგა. საქართველო და რუსეთი ერთ ქვეჯგუფშია, თბილისში ამ საღამოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ხვდებიან. მთელი საქართველო სულგანაბული ელოდება ამ თამაშს, მოახერხებენ ჩვენი ფეხბურთელები დაანახონ რუსეთს, რომ მათთან ომების სამ გზის წაგების მიუხედავად ქართველები ჯერ ცოცხლები არიან და პოლიტიკაში თუ მათი სათამაშოები ვართ, სპორტში მაინც დარჩა ის სული რაც მომავალში იქნებ პოლიტიკაშიც გამოჩნდეს.

მაგრამ.. ეს სირცხვილი ყველას გვახსოვს.


თამაში სავსე ტრიბუნების და ომახიანი გულშემატკივრობის ფონზე დაიწყო. ერთი 20 წუთი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ერთი-ორი დამაიმადებელი შეტევა ჩვენებმაც განახორციელეს და ..
სტადიონზე განათება ჩაქრა,
40 ათასი მაყურებელი და ფეხბურთელები უკუნმა მოიცვა. ორჯერ აინთო მას შემდეგ სინათლე, ორჯერ განახლდა თამაში მაგრამ მესამედ საბოლოოდ ჩაქრა სინათლე.
თამაში ჩაიშალა. ...საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა ერთი მოედნის 90 წუთით განათება.
რუსული ტელე გადაცემები ირონიულად გვითანაგრძნობდნენ, ქართული არხები მონდომებით ეძებდნენ მსოფლიოში ასეთივე პრეცენდენტებს. ახსენებდნენ თურქულ ფირმას, რომელმაც სტადიონის სათადარიგო ელქტროგენერატორი დაამონტაჟა, მაგრამ გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული იყო.

გენერატორის დამმონტაჟებელმა თურქულმა ფირმამ კი თბილისში თავისი სპეციალისტები მოავლინა მიზეზის დასადგენად. გენერატორი ამუშავდა, აღმოჩნდა რომ გენერატორი ორჯერ დამცავმა გამორთო, დამცავი კი იმიტომ ამუშავდა, რომ შენობაში ტემპერატურამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა.
შენობა კი იმიტომ გადახურდა, რომ შენობის ვენტილატორის ფრთები უკუღმა აღმოჩნდა დაყენებული. თურქები ჯარიმას გადარჩნენ, ქართველები კი (ქართველები კი არა, ქართველობა) სამუდამოდ შევრცხვით.

რუსეთმა კი დაინახა რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩასაქრობად ერთი სულის შებერვაღა აკლია. რაც არ უნდა სინათლის ქალაქები ვაშენოთ ახლა, ყველა რუსს ეს შთაბეჭდილება კიდევ დიდხანს გაჰყვება.



წავა რა, იფიქრა ერთმა ხელოსანმა როცა ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში გაზის გამათბობელ ნიკალას ამონტაჟებდა.
აჰა, მე კი მივუერთე გაზს კლიენტის ნაყიდი "ნიკალა", გაზი ანთია და სითბოც იქნება მაგრამ საკვამური არა აქვს ნაყიდი და როცა იყიდის თვითონ დააყენოს, რა ვქნა".

წავა რა.
იფიქრა ამ ერთი ჩვეულებრივი ბინის ჩვეულებრივმა პატრონმა, რომელიც ამ ბინის გაქირავებას აპირებდა და მდგმურიც ეს ესაა იშოვა "წავა რა, კაცია და თვითონ დააყენებს საკვამურს, რემონტი გავუკეთე თან ხომ არ გადავყვები".

არ წავიდა! ამ ბინაში ქართველოს პრემიერმინისტრი და მისი მასპინძელი მხუთავი გაზით გაგუდვით გარდაიცვალნენ. გარდა იმისა რომ საქართველომ ერთერთი უჭკვიანესი ლიდერი დაკარგა, სამარადჟამო სასირცხვილო/ მოუცილებელი საეჭვო ფაქტი ჩაეწერა ისტორიაში.

სულ, სულ მანამდე კი -
წავა, რა..

("წავა, რა" თუ არა, ძველ ყაიდაზე - "არცა რა უჭირსო") გაიფიქრა 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს სპეციალური მივლინებით გერმანიაში მყოფმა ჩინოსანმა და .. გადაუმოწმებლად შეიძინა ქართულ არმიაში არსებული 20 კალიბრიანი ქვემეხებისათვის 22 კალიბრიანი ყუმბარები.

არ წავიდა...

2 comments:

Dv0rsky said...

საღოლ, მაგარი პოსტია!
მადლობთ საინტერესო ინფორმაციისთვის

russi said...

xaindravas ki imedi aq xelisufals isev chamoagdebs da xmamagla moityua mokleso premieri. vin ra izis ramoxda sinamdvileshi. me ase vityvi chemsas mivigebo. wava ra...