Wednesday, July 8, 2009

ყველაზე გულადი არსება მსოფლიოში

ეს? არა!





რამდენიმე თვის წინ ერთერთ ქართულ ბლოგზე ასეთ პოსტს გადავსწყდი "ჰანიბაგერი - ყველაზე მამაცი არსება ცხოველთა შორის".
მაშინ ვიდეოც ვიხილე და ავტორს დავეთანხმე. ეს პატარა ცხოველი მართლაც შესაშური აგრესიით, შეუპოვრობით და სიმკვირცხლით არ უშინდება და ერევა კიდევაც აგრესიულობით განთქმულ მტაცებლებს.

დღეს კი, დისქავერზე ჩემთვის გასაოცარი რამ ვნახე.
თქვნეც ნანახი გექნებათ ასეთი შემზარავი კადრები: უზარმაზარი ზვიგენი პატარა და დაუცველ სელაპს წყალში როგორ დაითრევს კუდით, როგორ ახათქუნებს აქეთ-იქით, საზეიმოდ წყლიდან ამომხტარი გათიშულს ზედ რომ დაენარცხება, მძლავრი კუდის ამოკვრით შორს გადასტყორცნის და შემდეგ ჭამს, ნთქავს ჯერ კიდევ ცოცხალს.

მოკლედ , ზვიგენი ბოროტი, ძლიერი სისხლისმსმელი მტაცებლის ჰიპერბოლური სიმბოლოა, სელაპი კი უსუსური, ამაოდ მოფართხალე შიშით ელდანაცემი მსხვეერპლის.
ყოველთვის გულს მიკლავდა ეს სცენა - ცივსისხლიანი უტვინო თევზის- ზვიგენის მიერ ჩემიანის, გონიერი (გაიხსენეთ დელფინარიუმები) ძუძუმწოვრის ასეთი უპირობო დაჩაგვრა, დაშინება და გადასანსვლა.

არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე.
დღეს დისქავერზე ვნახე.
თურმე ინტელექტი ბევრ სელაპს შველის, თანაც, თანაც ოღონდ, უშიშრობასთან კომბინაციაში.

აღმოჩნდა რომ ზვიგენის უპირატესობა მხოლოდ მისი ძალა და ზომა არ არის, სიჩქარეცაა.
ზვიგენი აუცილებლად დაეწევა და დაიჭერს სელაპს თუკი სელაპი გაექცა (სელაპებში მსოფლიოს ჩემპიონიც კი ვერ დაუსხლტება ზვიგენს სისწრაფეში).
თურმე, მას შემდეგ. რაც ზვიგენი სელაპს სანადიროდ მისაწვდენზე მიეპარება, ამ ორ არსებას შორის იწყება რთული, საფეხურებიანი ბრძოლა.
ერთ მხრივ ზვიგენია თავისი ძალით, აგრესიით, ყბებითა და საუკეთესო მკვლელის რეფლექსებით, მეორე მხარეს კი სელაპი, რომლისათვის გადარჩენის ერთადერთი შანსი მტრის დაღლა და მხოლოდ შემდეგ გაქცევაა.
სელაპს ორი უპირატესობა აქვს:
სწრაფი მოხვევის უნარი და .. ნებისყოფა (ამ შემთხვევაში უშიშრობა).

ნებისყოფა ავალებს სელაპს არ გაექცეს მასზე 10-ჯერ დიდ მტერს, რომელსაც ყბებში ერთ ლუკმად გაეტევა.
და ნებისყოფა ავალებს სელაპს არათუ გაექცეს, არამედ წავიდეს ზვიგენზე,
მიუახლოვდეს მას რაც შეიძლება ახლოს, გაახელოს ის, აიძულოს გააკეთოს გადამწყვეტი ნახტომი უშედეგოდ.

და ასე რამოდენიმეჯერ, ზვიგენი რომ დაიქანცოს.
სელაპი, ყველაზე გულადი არსება მსოფლიოში.ნახეთ!
!

დიახ, თურმე ასეა, ეს ჩვენთვის "პანიკაში მოფართხალე დიდთვალება განწირული მსხვერპლი" თურმე სინამდვილეში უკიდურესი უშიშრობის, მოხერხებულობის, ნებისყოფისა და გამძლეობის ბრძოლაშია ჩაბმული თავისზე გაცილებით ძლიერთან, ბოროტთან და სწრაფთან.
სამწუხაროს სელაპებს ყოველთვის ვერ შველით გონებრივი აღმატებულობა და მოქნილობა.

მაგრამ...
როგორც ჩანს მაინც შველით, უმეტესობას შველით.
იმიტომაც არიან ბევრნი. მრავლდებიან და არ წყდებიან.

5 comments:

Anonymous said...

ძალიან საინტერესო პოსტი იყო! ისე, ნეტა, შენც ის იგულისხმე, რაც მე წვიკითხე? :)

cartwheel said...

unaamarga
შენ რა იგულისხმე?
ის, რასაც ვგულისხმობ, ხშირად აიხსნება იმ პოსტებით, რომელსაც ლაბელ "ანალოგიაში" ვუყრი თავს. ეს პოსტიც "ანალოგიაშია".

Anonymous said...

ხოდა, მეც დამებადა ანალოგია მაგ პოსტს რომ ვკითხულობდი! მეზობელთან ანალოგია.

cartwheel said...

მეც მაქვს ანალოგია მეზობელთან.
ოღონდ მეზობელ და ჩემს ქვეყანას შორის ანალოგია.
ერთხელ გადმოვახტუნეთ გაგვკრა და გავუსხლტით, დავუძვერით ასე თუ ისე.
კიდევ ორჯერ თუ გადმოვახტუნეთ მერე გვეშველება!

Anonymous said...

აუ, მგონი, შენც ისე აბოდებ (გ)ველურ ბუნებაზე, როგორც მე :))
პირადად მე BBC–სა და National Geographic-ზეც ბევრი მინახავს ეგეთი.
Gol.ge–ზე დევს Planet Earth ფილმების ციკლი. თუ ნანახი არ გაქვს, უახლოესი დღის წესრიგში ჩასვი და არ წააგებ.
ისე კი ძალიან საინტერესო პოსტი იყო. თურმე, რამდენი რამ არ მცოდნია ;)