Friday, December 11, 2009

ზვიგენები და პირანიები ქალაქში


ფონდის “ღია საზოგადოება - საქართველო” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის საგრანტო კონკურსის ”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში” კოორდინატორებს

პროექტი “ზვიგენები და პირანიები ქალაქში” (არასაკონკურსო)


გავეცანი კონკურსის ”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში” მიზნებსა და პირობებს. გამეხარდა, რომ ასეთი საჭირო და აქტუალური მიზანი დაგისახავთ და იმედი მაქვს გამარჯვებული პროექტის შესრულების შემდეგ ახალი, დემოკრატიული საქართველოს საფუძველში ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი ქვა ჩაიდება.
მიუხედავად იმისა რომ 7 პროექტი მაქვს შესრულებული და შესაბამისად პროექტების წერის გამოცდილებაც მაქვს, პატივს ვცემ პროექტის პროტოკოლსა და სქემას, მაინც პირველი ნაბიჯი, რაც ჩემგან მინდა რომ დაინახოთ, ეს თქვენს წინაშე წარდგენილი არაფორმალური წერილია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი “ზვიგენები და პირანიები ქალაქში” კონკურსის მიზანს -დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას საქართველოში საუკეთესო ეფექტით შეძლებს, ის არ იქნება დაყრდნობილი მოცემული ამოცანის – ქართული ისტორიული დემოკრატიის პრომოციაზე.
მეორე მინუსი ჩემს პროექტს აცდებოდა, კონკურსის სათაური რომ ყოფილიყო
”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში!” და არა
”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში”.
ანუ, რომ ყოფილიყო გათვლა მოსახლეობისათვის დემოკრატიული ფასეულობების თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს შესაბამისი მოთხოვნების შეთვისებაზე და არა მხოლოდ ისტორიული, სამწუხაროდ მწირი მაგალითების გახსენებით დემოკრატიის უპირატესობების პრომოციაზე.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით გადავწყვიტე პროექტი მოგაწოდოთ არა არსებული კონკურსის, არამედ არასაკონკურსო ფორმატში. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. ოპტიმალური (და ოპტიმისტური) გათვლით, თქვენგან ველი პროექტის რეკომენდაციას OSGF-ის ხელმძღვანელობასთან და შემდგომ პროტეჟირებას.
ჩემი პროექტი მეტად ამბიციურია, მისი ეფექტის საფუძველი კონკურსის ამოცანის (მოსახლეობისათვის იმ აზრის გათავისება, რომ დემოკრატია ქართული სახელმწიფოსათვის ისტორიული თანამდევი იყო და შესაბამისად დემოკრატია არ არის ყოველივე ქართულის მეტოქე) მსგავსად არის დემოკრატიის დაფუძნების წინაპირობის შექნმა მოსახლეობაში გავრცელებული მენტალური კლიშეების შეცვლის გზით, ოღონდ წინმდებარე პროექტი ფოკუსირებულია არა ისტორიული თვითშეფასების შეცვლის, არამედ პიროვნებასა და სოციუმს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხარისხის გაზრდით.
თუკი ბოლო წინადადება ზედმეტად არაკონკრეტული, იდეალისტური და პათეტიკური მიგაჩნიათ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემს ბლოგში www.cartveli.blogspot.com * თემაში “ძირს პათეტიკა” დღემდე 53 წერილი მაქვს დაწერილი, პიროვნულად ვეწინააღმდეგები პათეტიკის გამოვლებებს ჩემს გარშემო და მიმაჩნია რომ განვითარებული საზოგადოებაში პათეტიკა არა დეკლარაციული, არამედ მთელი ერის “ჩუმ ნატვრაში” და ერთობლივ მცდელობაში უნდა იყოს ტრანსფორმირებული.
ვთვლი რომ ჩემი პროექტი არის შემძლე მოსახლეობის მენტალიტეტი მნიშვნელოვნად შეცვალოს დემოკრატიისათვის მზაობის მიმართულებით.
ჩემს რწმენას მიძლიერებს 2006 წლის გ. ნოდიას, გ. თევზაძის, გ. ზედანიასა და დ. დარჩიაშვილის კვლევა “საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები”
ეს კვლევა აბათილებს იმ ზედაპირულ, სტანდარტულ წარმოდგენას, რომ დემოკრატიის შემობიჯება ჩვენს ყოფაში უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ დეკლარირებულ და კარგად რეკლამირებულ თანასწორ უფლებებს ერების, რასების, უმცირესობების, რელიგიურ ჯგუფების თითოეული წარმომადგენლისათვის. კვლევაში ქართული საზოგადოებისათვის მთავარ წინაღობად დემოკრატიული ქვეყნის შენების გზაზე დასახელებულია უნდობლობა და თანამშრომლობის დაბალი დონე ინდივიდსა და სოციუმს შორის.

კონკურსის ”დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში” პრობლემის განსაზღვრაში სწორადაა დასმული ძირითადი საკითხი –ესმის თუ არა მოსახლეობას დემოკრატიის რაობა.
ვთვლი რომ დღეს ქართული საზოგადოება მეტადაა მზად ტოლერანტობისა და შემწყნარებლობისათვის (ეროვნულ, რასობრივ, გენდერულ, პოლიტიკურ თუ თუნდაც სექსუალურ უმცირესობსათნ მიმართებაში), და ნაკლებადაა მზად დემოკრატიული საზოგადოების იმ აუცილებელი საყრდენების შესაქმნელად, რასაც წარმოადგენს ერთობლივი პასუხისმგებლობა, ურთიერთნდობა და ურთიერთთანამშრომლობა.
ჟურნალ “SCIENS &VIE JUNIOR”-ის რუბრიკაში “100% მეცნიერება – ქცევა” სტატიაში “ნუთუ ყველანი არამზადები ვართ” ლუდოვიკ ფერი აანალიზებს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ფსიქოლოგთა გამოკვლევებს და ასკვნის, რომ უპასუხისმგებლობა, უწესობა და კრიმინალიც კი ჩნდება იქ, სადაც ადამიანს უწესობის პრეცედენტი ხვდება. დაუსჯელი უწესობა კი უწესობების რაოდენობას სწრაფად აორმაგებს, ერთვება მექანიზმი- “უფლება გვაქვს არ დავიცვათ წესი, თუკი სხვები არ იცავენ მას”. თუკი ევროპელმა ფსიქოლოგებმა მოწესრიგებულ და მშვიდ ევროპულ ქალაქებში ლოკალური მაპროვოცირებელი აქციებით შეძლეს წესიერი ევროპელებისაგან უწესო ქმედების მიღება, რაღა უნდა მოვთხოვოთ საქართველოს მოსახლეობას, რომლის 90% ყოველ 200 მეტრში აწყდება არათუ უწყინარ უწესობებს, არამედ აშკარა შეურაცხყოფას.
მოსახლეობა ფაქტიურად ყოველდღიურად ეჯახება სხვადასხვა მასშტაბის შეურაცხყოფის, დაჩაგვრის, დაშინების, დასწრება-გადასწრების, წესის დარღვევისა და დაუსჯელობის ფაქტების მთელ ნაკადს. არც ეს არის პათეტიკა, ეს ჩვენი ქუჩების ყოველდღიური ცხოვრებაა.

საქმე იმაშია, რომ 10% თავხედის მიერ მოწყობილი შეურაცხყოფები არ ისმის ჩვენს ქუჩებში, ის სხეულის ენაზეა, უფრო სწორედ ავტომანქანათა მოძრაობის ტრაექტორიის სხეულის ენაზეა, მოქალაქეთა 90% კი, რომელსაც წესიერი ადამიანები წარმოადგენენ ამ შეურაცხყოფებს ჩუმი ბრაზით უყურებს და ვერ ეწინააღმდეგება.
-ფეხითმოსიარულე მოხუცი ქალი, რომელიც Dშიშით შესცქერის შუქნიშნის ყვითელ სიგნალზე აბღუებულ და დაძრულ მანქანას და ემუდარება თავხედ მძღოლს, აცალოს კიდევ 3 წამი მოძრაობის დასასრულებლად, ჩუმადაა.
-თავის ხაზზე მიმავალი მძღოლი, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მარჯვნივ ხაზზე მოძრავი მანქანა ტაატით, მაშუქის გარეშე გადმოდის მის ხაზე და აიძულებს მკვეთრად დაამუხრუჭოს, რომ არ შეეჯახოს, ჩუმადაა.
-მანქანების უწყვეტი ნაკადი გზაჯვარედინს კვეთს მწვანე შუქზე, ამ დროს მათთან ზურგშექცეული ახალგაზრდები გზაჯვარედინს დიაგონალზე კვეთენ. მანქანების მწკრივი ირევა, წინა ამუხრუჭებს, უკანა მიზეზს გვიან ხედავს და უცაბედად სხვა რიგში გადადის, მათ უკან დამუხრუჭებულ 3 მანქანათაგან მესამე მეორეს ეჯახება. სიტყვებში მხოლოდ მეორე და მესამე მძღოლების სათქმელი გადაიზრდება, არადა რამხელა პრელუდია არ გაისმა?

ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, ინდოეთსა და ჰაიტიშიც ყველას თავისი გზა ჰგონია პრიორიტეტული. განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნების ისედაც მწირი ბიუჯეტის დიდი წილი მიდის ავტომეთუნუქეთა და… .. ავარიებში დასახიჩრებულთა მკურნალობის ხარჯებში.
იმისათვის, რომ მძღოლმა და ქვეითმა დაიცვას ქუჩაში მოძრაობის წესები, საკმარისი არ არის გამოცდის ჩასაბარებლად მოძრაობის წესების სწავლა, ამასთანევე აუცილებელია მძღოლმაც და ქვეითმაც გაითავისოს თავისი როლი სოციუმში, ჰქონდეს პატივისცემა სხვა ადამიენების უფლებებისა და მოვალეობების მიმართ, კონკრეტული მანავრისას შეძლოს საკუთარი ადგილის როგორც ჯგუფის, ნაკადის ერთერთი წევრის დანახვა.
განვითარებულ ქვეყნებში მოზარდი, რომელიც პირველად ხდება საავტომობილო ან ქვეითი ნაკადის წევრი, ათწლეულებით ჩამოყალიბებული წესები ხვდება. განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში კი, საავტომობილო და ქვეითი მოძრაობის ახალ მონაწილეებს ჯუნგლების კანონი ხვდება –იმარჯვებს სწრაფი, ძლიერი და თავხედი. ქუჩაში მოძრაობა ხდება ტაქტიკური ჭიდაობა წინ და გვერდზე მყოფ ობიექტებთან, ეს ტაქტიკური ბრძოლა სრულიად აბნელებს მანქანათა ნაკადის სტრატეგიულ მონახაზს, რის გამოც ქუჩაში მოძრაობა საბავშვო ატრაქციონის რეზინის ბამპერიანი ელექტრომობილების ქაოსს ემსგავსება – იკვრება მანკიერი წრე, რომლისაგან ეს ქვეყნები კიდევ ერთი საუკუნე ვერ დააღწევენ თავს. ჯორჯ ორუელის “84”-ის ანალოგიით, ქუჩაში ყოველდღიურად მიღებული შეურაცხყოფის, დაუსჯელობის, უნდობლობის დოზა ხდება ის “სიძულვილის საათი” რომელიც ჩვენს პირობებში მუდმივ გადაულახავ კედლად აღუდგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოსახლეობის განვითარებულ საზოგადოებად გარდაქმნის პროცესს.
პროექტის “ზვიგენები და პირანიები ქალაქში” მიზანია ქართული საზოგადოება მიუახლოვოს განვითარების იმ საფეხურს, რომელიც კონკრეტულ, ყოველდღიურ საქმიანობაში საერთო პასუხისმგებლობისა და ურთიერთნდობის უპირატესობების ჩვენებით, წინაპირობას შექმნის, რომ იგივე მოდელი (საზოგადო პასუხისმგებლობა, ნდობა, დელეგირება და თანამშრომლობა) მათვე, ჩვეულებრივ მოქალაქეებს უპირატესობას მიანიჭებთ სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა ასპექტშიც.
პროექტის “ზვიგენები და პირანიები ქალაქში” ამოცანაა ხანმოკლე ფილმებით (კლიპებით) და მულტფილმებით თვალსაჩინოდ დაანახოს მოსახლეობას ქუჩაში მოძრაობის პერიპეტიები, დაანახოს მათ თავისი თავი გვერდიდან, როგორც ქუჩის ნაკადის მონაწილისა, დაანახოს ცალკეული მანავრის/ქცევის პასუხისმგებლობა, დაანახოს ის უპირატესობა, რომელიც მიიღწევა წესების ერთობლივი დაცვით და ურთიერთნდობით.
თუკი თვლით, რომ რაც აქ ითქვა, კარგია, მაგრამ სამწუხაროდ მიუღწევადია, რომ მრავალ ქვეყანაში გაკეთებული მსგავსი პროექტები და მათი ეფექტი საეჭვოა, მეც დაგეთანხმებით. დიახ, მართლაც ასეა – მენტორული დიდაქტიკური ფილმები იმის შესახებ, რომ გზაჯვარედინი ქვეითმა მაშინ უნდა გადაკვეთოს, როცა ავტომობილებს წითელი შუქი უნთიათ და რომ მარჯვნიდან გასწრების ტრაექტორის გადახაზული ისარის ჩვენება მართლაც არ არის საკმარისი ეფექტის მქონე. ტელემაყურებელი მართლაც არ არის განწყობილი “ისწავლოს” და დაუჯეროს იმპერატიულ დირექტივებს. პირიქით, ქართულ თანამდეროვე ფოლკლორში- ანეგდოტებში არაერთხელაა დაფიქსირებული ქართული სინამდვილის თანამდევი კლიშე – თუ ხარ პატრიოტი დაარღვიე წესი, ვინ კითხავს გარბაჩოვს!
ჩვენი შემოთავაზებაა ისეთი ნოვატორული, საცნობარო-საგანმანათლებლო ფილმების შექმნა, რომელიც ტელემაყურებელს არა აგრესიული დირექტივების, არამედ თვალსაჩინო, “დეტექტიური მარცვალის” მქონე, საინტერესო ფილმებით/მულტფილმებით შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას.


დემოკრატიის ერთერთი დაუწერელი და ზოგ შემთხვევებში დაწერილი წესია პერსონალური სივრცის ხელშეუხებლობა “პერსონალ სპიეს” ეკუთვნის ადამიანს ბანკის რიგში, ესკალატორზე, და ქუჩაში მოძრაობისას.
პერსონალური სივრცე ავტომანქანებსაც აქვთ და ის თითქმის იმეორებს სამუხრუჭე დისტანციის ზომასა და ტრაექტორიას, ოღონდ მშვიდი დამუხრუჭების შემთხვევაში. საქართველოში ავტომობილები, ქვეითად მოსიარულეები, ქვტომობილები ქვეითად მოსიარულეებსა და ქვეითები ავტომობილებს უთმობენ ძალიან ცოტა პერსონალურ სივრცეს. ეს პერსონალური სივრცე გაცილებით პატარაა მშვიდი დამუხრუჭების დისტანასთან შედარებით და თითქმის უტოლდება საავარიო დამუხრუჭების მანძილს და შედეგადაც ყველა გზა და გზაჯვარედინი ჩვენთან დრამატული დამუხრუჭებების კოლექტორი ხდება.
პერსონალური სივრცე, რომელიც ეთმობა საავტომობილო ნაკადის მონაწილე ავტომობილებს ცვალებადია:
თუკი ის კიდესთან გაჩერებული ავტომობილისთვის 1 მეტრია, შუქნიშანთან 3 ხოლო მოძრაობის შემთხვევაში 10 მეტრამდე იზრდება. სწრაფი ნაკადისას პერსონალური სივრცე შეიძლება 40 მეტრიც კი გახდეს და სწრაფადვე შემცირდეს დასახლებულ პუნქტში შესვლისას. ეს წარმოსახვითი პერსონალური სივრცე (რომელიც კლიპში ზვიგენის სახით უნდა გამოისახოს) ყოველთვის წინმიმართული არ არის, მოხვევის მაშუქის ჩართვისას ეს სივრცე წინასწარ უხვევს მოსახვევი მიმართულებით და აფრთხილებს უკან მიმავალთ, რომ ის ადგილი წინ, მისია და ნუ ჩაუჭრიან მას, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის შენელება მოუწევთ.
წარმოიდგინეთ ქუჩის მოძრაობის მონაწილეთა ყველა პირადი სივრცე ვირტუალური ზვიგენების სახით (თავისი ცვალებადი ზომით, ცვალებადი მიმართულებებითა და ერთმანეთის გადაკვეთისას ჩხუბის, კბენის დემონსტრირებით). თუ კარგად წარმოიდგინეთ, ასევე გთხოვთ გაიხსენოთ საავტომობილო მოძრაობა ჩვენთან და განვითარებულ ქვეყნებში – შეადარეთ ერთმანეთს. თვალასჩინო გახდება რომ ჩვენი ქუჩების ვირტუალური ზვიგენები გაუთავებელ კბენას, ღრენასა და სისხლისღვრაში იქნებიან, განვითარებული ქვეყნების ზვიგენები კი ღირსეულად და ურთიერთპატივისცემით იმოძრავებენ, ერთმანეთის გადაუკვეთავად.
პროექტის ამოცანა იქნება დანერგოს მოსახლეობაში ისეთი პერსონალური სივრცის კულტურა, რომელიც არამარტო ღირსებას აღუდგენს საავტომობილო მოძრაობის მონაწილეთ, არამედ გადაარჩენს ადამიანებს მოსალოდნელი ავარიებისაგან.
დღეს კი საავტომობილო ნაკადის წესიერ მონაწილეთა ღირსება პერმანენტულად ილახება.
ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ღირსების გრძნობა დამარცხებულია აგრესიული თავხედი უმცირესობის მიერ. დემოკრატიისათვის დახშულ კარს ვერ გახსნის ვერც წარსულის მაგალითი და ვერც ქართველთა ისტორიული ტოლერანტობის დემონსტრირება. დემოკრატიისკნ გზაზე აუცილებლად მოსაგები ომი სწორედ ქუჩაში ღირსების აღდგენაა, რომელსაც ჩვენი ცვალებადი საზოგადოება ამ პროექტის დახმარებით შეძლებს. პროექტის შედეგად შეიქმნება ვიზუალური პროდუქტი, რომელის ეფექტურობა უნივერსალური იქნება სხვა განვითარებადი ქვეყნებისათვისაც. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხანმოკლე ფილმები- კლიპები.

დავანახოთ მოსახლეობას ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთა “პირადი სივრცეები” ნახევრად გამჭვირვალე ზვიგენების სახით ავტომობილებისათვის და პირანიების სახით ქვეითად მოსიარულეთათვის.
უწესო, უპასუხისმგებლო მანევრი (ხაზის ჩაჭრა, გზაჯვარედინის სიღრმეში გაჩერება, ქვეითის ტროტუარიდან ჩამოსვლა და სხვა) იწვევს სწრაფ დამუხრუჭებას, ხაზის საავარიო შეცვლას, შიშს, ადრენალინის გადმოსროლას ორგანიზმში და ტაქიკარდიას. იქნებ გინებასაც ოღონდ ვტომობილის შიგნით). ჩვენ ვგეგმავთ ზოგიერთი ასეთი, ხშირად განმეორებადი სტრესული ქმედებები გადავიღოთ როგორც ზვიგენებისა და ზვიგენებისა პირანიებთან ბრძოლის სახით.
მაგ:
მარჯენა ხაზზე თანამიმართულებით მოძრაობს მანქანა რომელიც უცაბედად იკავებს მარცხენა ხაზს, რომელზედაც სხვა მანქანა სწრაფად მოძრაობდა და უკან მიმავალ მძღოლს აიძულებს ავარიას მუხრუჭით აცდეს. ჩვენს ფილმში ასე გამოჩნდება - ზვიგენი გვერდიდან კბენს მესამე ხაზზე სწრაფად მოძრავ დიდ, გრძელ ზვიგენს, ასისხლიანებს და აიძულებს დაპატარავდეს, დამოკლდეს.
ფილმი თვალნათლივ დაანახებს მაყურებელს, რომ საავტომობილო მოძრაობის წესები იძულებით შესასრულებელი რიტუალი კი არაა, არამედ მისსივე, როგორც საავტომობილო ნაკადის ერთერთი წევრის ინტერესების დამცველი მექანიზმია.
ფილმები მიიღებს სტილიზებული, ვიზუალური იგავ-არაკების სახეს, რომელიც თვალნათლივ დაანახებს მოსახლეობას იმ შეცდომებს, რომელიც დღესდღეისობით ძალიან გავრცელებულია ჩვენს გზებზე. პროექტი ხელს შეუწყოფს როგორც ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთ, ასევე მთელ მოსახლეობას, შეითვისონ პასუხისმგებლობა საზოგადოზე, შეიძინონ სამოქალაქო ღირსების გრძნობა.

პროექტის ხანგრძლივობა იქნება 10 თვე, რომელთაგანაც 6 თვე დაეთმობა ფილმების შექმნას, 4 თვე კი წამყვან ტელეარხებზე ჩვენებას.

დაგეგმილია 5 1 წუთიანი ფილმის გადაღება:
1. საცობისწინა მდგომარეობა, საცობის შექმნა.
2. მარჯვნიდან გასწრება.
3. გვერდზე მოხვევის მაშუქი.
4. გზაჯვარედინი.
5. უყურადღებო ქვეითი.
ერთი ფილმის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს სიტუაციების დოკუმენტურ ვიდეოგადაღებას, კომპიუტერული ვიზუალის შექმნას (გამოსახულების შერწყმა ციფრულ ზვიგენებსა და პირანიებთან), მონტაჟს, გახმოვანებას და დაარქივებას შეადგენს 2500 USD

5 ფილმის ბიუჯეტი იქნება 12500 USD

ადმინისტრირება 800 USD ყოველთვიურად, რომელიც მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ხარჯს პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასის, საკანცელარიო და სატრანსპორტო ხარჯების ჩათვლით.
ადმინისტრირების ყოველთვიური ხარჯის 800 USD დან 300 USD იქნება ფონდ “რეანიმას” ხარჯი.
OSGF ფონდისაგან მოთხოვნილი თანხა ადმინისტრირებისათვის შეადგენს
500X10=5.000 USD
ადმინისტრირების თანხა რომელიც ფონდ “რეანიმას” რესურსი იქნება პროექტში არის - 300X10=3.000 USD
სულ ადმინისტრაციული ხარჯი იქნება
10X800=8.000 USD




ბიუჯეტი:
5ფილმიX2500 =12.500 UშD
ადმინისტრირება 10თვეX800=8.000 USD
დაუგეგმავი ხარჯისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სრული ბიუჯეტის 5% =1025 USD
პროექტის სრული ბიუჯეტი 20.500+1.025=21.525 USD
ფონდ “რეანიმას” წვლილი 3000 USD

OSGF -ისგან მოთხოვნილი თანხა სულ:
21.525-3000=18.525 USD
P.შ. ვთვლით რომ პროექტის აქტუალობა განსაკუთრებით მაღალია ახლა, როდესაც თბილისის გზაჯვარედინების განტვირთვის მიზნით თბილისის მერიის მიერ დაწყებული ორიგინალური და ნაწილობრივ მოულოდნელი პროექტი _ ხაზების გამყოფი ზღუდეები და ქვეითთა კუნძულები, ახლა იწყებს პირველი შეფასებების მიღებას მოსახლეობისაგან. იმიედისმომცემია ისიც, რომ ეს შეფასებები, თავდაპირველი საყოველთაო სკეფსისიდან ამ ეტაპზე გადაიზარდა ნაწილობრივ მოწონებასა და იმედიან მოლოდინში.

1 comment:

Anonymous said...

Havіng rеаԁ this Ι
believed іt was νerу еnlightening. I
аpprеcіatе you taκing the time anԁ energy to put this infoгmation togethеr.
ӏ once agаіn find myself personally spenԁіng
a significаnt аmount of tіme both reading and poѕtіng comments.
But ѕo what, it ωаs still ωorthwhilе!
http://hgcinematic.worԁprеss.
сom/
My weblog Pinoy Videographer