Friday, December 18, 2009

ექიმი vs პაციენტი



ექიმსა და პაციენტს შორის ბრძოლას საქართველოში დიდი და სახელოვანი ტრადიცია აქვს.

სახელს ამ ბრძოლაში წარმატებით მოიხვეჭდნენ ხოლმე კომპარტიული ფუნქციონერები, სამინისტროების ბიუროკრატები და…. . გამჭრიახი ჟურნალისტები. “თავდაუზოგავად” შეარღვევდნენ ხოლმე პაციენტსა და ექიმს შორს არსებულ ინტიმურ, ნდობით, ეჭვითა და იმედით შემოსილ სფეროს.

არადა, ძველისძველი საექიმო ანდაზის მიხედვით ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში სამი მონაწილე იბრძვის:
დაავადება, პაციენტი და ექიმი.
რომელ მხარეზე დგას ავადმყოფი?

გამარჯვება იმის მხარეზეა, ვინც ძლიერია. თუ ავადმყოფი ექიმის მხარეზეა მას გამარჯვების მეტი შანსი აქვს, თუ ავადმყოფი ექიმს არ ენდობა ავადმყოფობას გამარჯვების მეტი შანსი ეძლევა.
“შავი ლაქები თეთრ ხალათზე” – ეს ბრეჟნევისდროინდელი შევარდნაძის მიერ გაფუებული კომპანია იყო ფულისამღები ექიმების საწინააღმდეგოდ.
მაგრამ მაშინაც კი არ ყოფილა ექიმების იმდენად აშკარა Dდადანაშაულება ეშმაკის მოციქულობაში, როგორც ეს დღესაა. თუმცა ეს დღე ექიმებისათვის უკვე 5 წელია გრძელდება.
დროა შევაჯამოთ ამ საჯარო ხანგრძლივი ორთაბრძოლის შედეგები. ვინაა მოგებული?

კურიერი, დროება თუ მოამბე ერთმანეთს ეჯიბრება პაციენტის უფლებების დაცვაში. რატომაც არა, შევა ადამიანი საავადმყოფოში, გამოჯანმრთელება უნდა, არადა დრო გადის და ვერ რჩება, იქნება ხანგრძლივი ძვირი მკურნალობის შემდეგ მოკვდეს კიდევაც და ოჯახი ვალებით დატოვოს.
რას აკეთებს საავადმყოფო, სად იყურება? გულქვა ექიმები,
მაგათ მხოლოდ ფული უნდათ და ფეხის ფეხზე გადადება, აი ჩავრთო ჩემი დიქტოფონი, ნახავენ როგორ მაცდევინონ რიგში შემდეგ რომ მოვალ.

ტრაგიკული ფაქტი, რომელიც პაციენტის სიკვდილით მთავრდება ჟურნალისტებისთვის უებრო საჩუქარი ხდება, რატომ უნდა იყიდოს ტელეკომპანიამ ლათინური საპნის ოპერა? აგერ არა აქვს კეთილისა და ბოროტის შებრძოლება, თანაც დოკუმენტური, რეალური ბოროტებისა და ჩაგრული კეთილების მონაწილეობით?
ამისგან შეიძლება კარგი სერიალი გამოვიდეს, ზოგი ისტორია 3 სერიას ვერ ცდება, ზოგი კი 10 რეიტინგულ სერიასაც კი გაქაჩავს.
სერიალის ბოლოს იქნებ დრამატურგიის კანონებშიც ჩავჯდეთ და სამართლიანობის ზეიმიც ვიხილოთ. იაფია, რეიტინგულია, სასახელოა, ხელმძღვანელობისგან დაფასებული და წახალისებულია.
ასეთი სერიალები გვახსოვს ხომ?
-ფოთელი ოფთალმოლოგი რომლის კონსულტირებული ავადმყოფი სხვადასხვა საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ჩირქოვანი მენინგიტით გარდაიცვალა.
-თვალის ექიმი, რომლის ოპერაციაზეც ბავშვი გარდაიცვალა.
-თბილისელი ქირურგი კომბუსტოლოგი , რომლის დანიშნულმა ახალმა ანტიბიოტიკმა ავადმყოფი ბავშვი ვენაში შეყვანისთანავე მოკლა.
-თბილისელი ბავშვთა ყელყურცხვირის ექიმი, რომლის დანიშნულებით სახლში გაშვებული მოზარდი 3 დღის შემდეგ მომაკვდავი შეიყვანეს საავადმყოფოში.
-სასწრაფოს ექიმი, რომლის მანქანაშიც ნაავარიები პაციენტი საავადმყოფოდან საავადმყოფოში ტარებისას გზაში მოკვდა.
-ქუთაისელი რეანიმატოლოგი, რომლის გადასხმულმა სისხლმა ქუთაისელი ქალბატონი შიდსით დააავადა.

ეს სერიალები განსაკუთერბით დასამახსოვრებლები აღმოჩნდნენ და თითოეული 5 სერიას ასცდა.
თითოეული სერია წინასწარ იყო ანონსირებული და აქტიურად პრომოცირებული მოსახლეობაში: როგორ ხმას გამოსცემს ექიმის კაბინეტის კარი როცა მას შვილმკვდარი მამის წიხლები და გინება აზანზარებს, როგორ იფშვნება ექიმის სახლის ფანჯრები, როცა დაღუპულს ნათესავი ქალი მას ქვას ესვრის და ეს ყველაფერი კურიერული მუსიკალური ტონი ტრაქტორის თანხლებით.

მოდი დავფიქრდეთ ვინ რა ხეირი ნახა.
-გარდაცვლილი პაციენტის მხარე ხეირშია, მათი პროტესტი ქვეყანამ იხილა, მათი უბედურება მთელმა ქვეყანამ გაიზიარა, სამართლიანობაც აღადგინეს – ექიმი დასაჯეს.
-იხეირა სახელმწიფო მანქანამ – კონკრეტულ შემთხვევაზე დაუყოვნებელი “მკაცრი მაგრამ სამართლიანი” სასჯელის გამოტანით მოსახლეობას დაანახა, რომ მათი დამცველია და “არ დაუშვებს საექიმო შეცდომებსა და გულგრილობას”.

მაგრამ
ყველაზე დიდი ხეირი ტელეკომპანიებმა ნახეს – სუპერრეიტინგული 5 სერია ერთ ფაქტზე.

არის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც თქვენც ალბათ ნახეირებში ჩათვლით.
ეს მხარე მთელი მოსახლეობაა.
ალბათ თვლით რომ მოსახლეობაც ხეირშია:
რატომაც არა? ტონუსში ყოფნა ყველა საქმეს ჭირდება, იყვნენ ტონუსში ექიმებიც, არაფერი უჭირთ. ექიმები მართლაც ტონუსში არიან, ვეღარ გაბედავენ გულგრილობას, არაპროფესიონალიზმსა და .. ბავშვების მოკვლას.

ხეირობს თუ არა მოსახლეობა იმისგან, რომ ექიმები “ტონუსში არიან”?
ხეირობს თუ არა მოსახლეობა იმისგან, რომ თვითონ, პაციენტად მყოფი “ტონუსში არის”?

ფაქტი სახეზეა, პაციენტსა და ექიმს შორს არსებულ ინტიმურ, ნდობით, ეჭვითა და იმედით შემოსილ ატმოსფეროში ახლა წამყვანი ადგილი ეჭვმა დაიკავა.

პაციენტი ეჭვობს ექიმის პროფესიონალიზმსა და გულითადობას, ექიმი არამარტო ეჭვობს მკურნალობის გამოსავალს არამედ პაციენტს უყურებს როგორც საფრთხეს მისი კარიერისა და ბიოგრაფიისათვის.
თითქოს ასეც უნდა იყოს, ეს ხომ პროფესიული სიფხიზლის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.


იქნებოდა კიდევაც, ჟურნალისტებს რომ არ დაერღვიათ ბუნებრივად რთული წონასწორობა.

დღეს წონასწორობა დარღვეულია და მკურნალობის პროცესში ჩაკვეტებულია ჟურნალისტთა დანერგილი თამაშის წესები.

-ეს წესები კი უკრძალავს ექიმს ისეთი წამლის დანიშვნას, რომლის უეფექტობის შემთხვევაში მკურნალობა სხვა, უფრო ძვირი წამლით უნდა გაგრძელდეს. დაუშვებელია მკურნალობის დაგეგმვა ორ ეტაპად. მეორე ეტაპი შეიძლება ჩხუბითა და ჩივილით დაიწყოს.
-ეს წესები აიძულებს ექიმებს ისე გაძეძგოს დანიშნულება, რომ მასში სხვა ექიმმა (რომელსაც ეჭვიანი პაციენტი აუცილებლადმიაკითხავს) ახალი წამალი ვეღარ ჩააკვეტოს.
-ეს წესები აიძულებს ექიმებს ცალყბად შესთავაზოს პაციენტს ის ოპერაცია, რომელიც პაციენტისთვის აუცილებლად გასაკეთებელია.
-ეს წესები აიძულებს ექიმს დაელოდოს იმ კონდიციას, როცა პაციენტი ტკივილით დატანჯული და მუდარის გამომეტყველებით შესთხოვს ექიმს ოპერაციის გაკეთებას. თვითონვე მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, სადაც წერია, რომ ოპერაციას შეიძლება ახლდეს გართულება და ის თანახმაა ოპერაციაზე გართულების ალბათობის მიუხედავად.


რას აკეთებს “ტონუსში მყოფი” ექიმი?

- ნიშნავს არა პირველი რიგის, არამედ ყველაზე ძლიერ და ძვირ ანტიბიოტიკს.
-სთავაზობს ჰოსპიტალიზაციას ავადმყოფს, რომლის მკურნალობა ბინაზე შეეძლო დაეწყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეთავსებინა საავადმყოფოში, თუ 95%-ში ეფექტური მკურნალობა ამჯერად არასაკმარისი აღმოჩნდებოდა.
-აკეთებს იმ ანალიზებსა და გამოკვლევებს, რომელიც მას დასჭირდება არა მკურნალობის დასაგეგმად, არამედ შესაძლო პრეტენზიების მოსაგერიებლად.
-აყოვნებს ოპერაცია მანამდე, სამნამ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები შეეხვეწებიან ოპერაციის გაკეთებას.

რა ხდება “ტონუსში მყოფი” პაციენტის თავს?
ავადმყოფი ღებულობს ბევრ, ძლიერ და ძვირ წამალს, მკურნალობს საავადმყოფოში მაშინ, როცა მისი მკურნალობა სახლშიც შესაძლებელი იქნებოდა, ურთულდება და უმწვავდება ქრონიკული ავადმყოფობა, ხანგრძლივდება ავადმყოფობისა და კრიტიკული მდგომარეობის პერიოდი, იკეთებს არააუცილებელ გამოკვლევებს, მკურნალობა ხდება უფრო ხანგრძლივი, საფეხურობრივი და ძვირი.

რას აკეთებს “ტონუსში მყოფი” აბიტურიენტი?

საქართველოში სტაბილური ტრადიციის მიუხედავად, სამედიცინო ინსტიტუტში მისაღებად კონკურსი 5:1 ზე კი არა 1,5:1 ზე იყო და შედეგადაც ჩარიცხულთა IQ არ აღემატებოდა სხვა ინსტიტუტებში ჩაბარებულ აბიტურიენტთა ინტელექტუალურ მონაცემებს.

მოგებაშია თუ არა პაციენტი და ქვეყანა ანტიექიმური კამპანიების შედეგად?
თქვენ თვითონ განსაჯეთ.


3 კვირის წინ კურიერმა ახალი მამხილებელი გულისშემძვრები კადრებით გამოგვკვება:
დაჭრილი ახალგაზრდა კაცი საკაცეზე მწოლიარე შველას ითხოვს, მის გარშემო კი არავინაა. ავადმყოფი კვდება დახმარების დაგვიანების გამო.
როგორ?
ნუთუ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ გულქვა ექიმებისთვის ცეცხლის შენთება?
სად არის ჟურნალისტების მიერ გამოწვრთნილი “საექიმო ტონუსი”? რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი საექიმო სერიალები მკვლელი ექიმების გადამრჩენ ექიმებად გადასაქცევად?

რეტროხედვა: შეხედეთ ყველა ამ სულისშემძვრელ ფაქტს ჩემი თვალით.
მე როგორც ღუდუშაურის სავადმყოფოს ემერჯენსის რეანიმატოლოგი შევეცდები პათეტიკის გარეშე შევაფასო ეს გახმაურებული შემთხვევები:
ჩემს საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში:
-ფოთელი ოფთალმოლოგი ნეიროქირურგს გამოიძახებდა და მოკვდებოდა თუ არა პაციენტი (თუმცა გადარჩენიოს შანსი მეტი იქნებოდა) ოფთალმოლოგი ქალი ბრალდებებსა და გასახლების მუქარებს ასცდებოდა.
-ქირურგ-კომბუსტოლოგის დანიშნულებას 350 ლარ ხელფასიანი კონკურს და ტრენინგ გავლილი ახალგაზრდა ექთანი შეასრულებდა და არა 60 ლარ ხელფასიანი 70 წლისა და ბავშვი გადარჩებოდა.
-სასწრაფოს ექიმზე ვეღარ გააკეთებდნენ სერიალს და ნაავარიები ახალგაზრდა ქალიც გადარჩებოდა, იმიტომ რომ ჩემს საავადმყოფოში არსებობს ემერჯენსი განყოფილება, სადაც გადაუდებელი დახმარება ყველას უტარდება, იმის მიუხედავად, არის თუ არა საავადმყოფოში ადგილი.
-იმავე მიზეზით ვერ გადაიღებდნენ ლიფტის წინ გაჩხერილ დაჭრილ ავადმყოფს რომელიც დახმარებას ამაოდ თხოულობს. ჩემს საავადმყოფოში მას გადარჩენის გაცილებით დიდი ალბათობა ექნებოდა, თუმცა გადარჩებოდა თუ არა, ეს ჭრილობის სირთულეზე იქნებოდა დამოკიდებული.
სულაც არ ვთვლი რომ ჩემს საავადმყოფოში უფრო კარგი ადამიანები ვართ ვიდრე ის ექიმები, ვისაც პიროვნულ ტრაგედიას – პაციენტის სიკვდილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი ექსორიის სერიალები დაატყდათ თავს.

საქმე იმაშია, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და რაც გინდა რომ მოხდეს ან გინდა რომ არ მოხდეს, უნდა იფიქრო, გადაწყვიტო, იზრუნო, ააშენო და რაც მთავარია უნდა დახარჯო:
უნდა ააშენო ემერჯენსები, უნდა აღჭურვო რაციებით “03”-ის სამსახური და ყველა პაციენტს დისპეტჩერირება გაუწიო საავადმყოფოში მიყვანემდე, უნდა იხადო რეანიმატოლოგებისა და ემერჯენსის კვალიფიცირებული ექთნების მაღალი ხელფასები, უნდა იხადო ექიმებისა და ექთნების ტრენინგების, 03-ის მანქანების აღჭურვილობისა და ათასი სხვა საჭიროების ფასი.
და.. აღარ გეყოლება მკვლელი ექიმები ქვეყანაში.
საქმე იმაშია, რომ ყველა ეს ხარჯი მოქალაქემ კი არა, სახელმწიფომ, სამინისტრომ, საავადმყოფომ უნდა გაიღოს.
მაგრამ, უღირს კი სახელმწიფოს 5-10 შენარჩუნებული სიცოცხლე და ამდენივე მწყობრში მყოფი ექიმი ამხელა ხარჯად?
იქნებ ანტისაექიმო სერიალებით გადაიაროს? იაფია და ბრბო-ელექტორატისათვის თავის მოქონვის საშუალებასაც იძლევა - ბოროტი ნაპოვნია! ბოროტს აუციელებლად დავსჯით!.
თუმცა, არ მინდა რომ მხოლოდ ცალმხრივ ვიმსჯელო.
როგორც ვთქვი გადარჩენადი ავადმყოფების გადარჩენის გზა სწორ ორგანიზებასა და ბევრ ფულზე, დიდ ხარჯზე გადის. ექიმები მარტივად რომ ვთქვა “არ დაგზარდებიან” გადარჩენას, მთავარია პირობა შეუქმნა და სწორი ორგანიზება გაუკეთო. მართალია გახმაურდა 10-მდე შემთხვევა, როცა სიცოცხლის შანსის მქონე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ნუ დავუკარგავთ ამაგს იმ ხალხს, ვინც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კრიტიკულ ავადმყოფთან სრულიად უუნარო 03, შეცვალა ახალი 033-ით რომლის რეანიმობილებმა, რეანიმაციულმა ბრიგადებმა, რაციებით აღჭურვილმა სადისპეტჩერო სამსახურმა უამრავ მძიმე ავადმყოფს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.
მადლობა ეკუთვნით მათ, ვინც უკეთებს ორგანიზებას, ხელმძღვანელობს თუ უშუალოდ მკურნალობს გადაუდებელ ავადმყოფს საქართველოში მომრავლებულ ემერჯენსი განყოფილებებში.

მადლობა ეკუთვნით აგრეთვე თბილისი გორის ავტობანის მშენებლებსაც. ჩვენი წინასწარი შიშის საწინააღმდეგოდ ამ გზის გახსნის შემდეგ მკვეთრად შემცირდა ავარიებისა და დაშავებულების რიცხვი. მედიკოსები არ არიან, მაგრამ მათაც უამრავ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, ჩემთვის ეს ემპირიული ჭეშმარიტებაა.
საქმე იმაშია, რომ გადარჩენილებს არავინ დათვლის, რეიტინგული თემა არ გამოვა.

ადამიანები მოკვდავები ვართ. ექიმით თუ ექიმის გარეშე, აუციელბლად მოვკვდებით. ექიმებიც მოვკვდებით. სხვათაშორის ექიმთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არაექიმთა სიცოცხლის ხანგრძლივობას არ აღემატება. ეს იმიტომ რომ, ჩვენი ორგანიზმის უპირატესობას, მიიღოს საჭირო დახმარება საჭირო დროს, აბათილებს ექიმობის თანმხლები სტრესებით მოყენებული ჭრილობები. ჭრილობები კი ყველა ექიმს გვაქვს, მედიცინა მათემატიკა არ არის, სიკვდილი და ფიზიკა ყოველთვის ამარცხებს სიცოცხლესა და ბიოქიმიას, ეს ბუნების წესია.

P.შ. მშრალი ფაქტები: მე პირადად ვიცნობდი 2 ექიმს უკიდურესად წესიერ ადამიანებს, და ვიცი კიდევ 1 შემთხვევა, როცა ექიმს პაციენტის სიკვდილისა და ბრალდებების კორიანტელის შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში კიბო დაემართათ და გარდაიცვალნენ. ვმეგობრობდი ექიმთან რომელმაც პაციენტის სიკვდილის შემდეგ დეპრესიის პიკზე სიცოცხელე თვითმკვლელობით დაასრულა, მე-6 სართულიდან გადმოხტა, თუმცა არავინ აბრალებდა იმ ლეიკოზიანი ბავშვის სიკვდილს.




ვისაც დღეს ჩემს მიერ მოყოლილი ექიმ -პაციენტის ურთიერთობის პერიპეტიები გაშფოთებთ გეტყვით, მეც მაშფოთებს და შემაშფოთებს კიდევაც, სანამ ერთი ექიმი მაინც იქნება საქართველოში აღნიშნული "ტონუსის" ქვეშ. ისინი არიან, მაგრამ ყველა ექიმი არა ვართ "ტონუსში". უმეტესობა ვცდილობთ საკუთარი თავით ვიფიქროთ და არა დასჯის შიშით.
პაციენტთა "ტონუსში" ყოფნას კი ვერაფერს მოვუხერხებთ, ისინი ხომ ავად (სიტყვიდან ავი) არიან, თავისი გასჭირვებიათ.

თქვენ კი ჩემო მცირერიცხოვანო ელიტავ (მკითხველებო), ჯანმრთელობას გისურვებთ და უარეს შემთხვევაში მოდუნებულ (დამკიდებელ) ექიმს. თქვენც მიმიხვდებით რისგან მოდუნებულსა და რის დამკიდებელს.

7 comments:

tskaro said...

ძალიან მაგარი სტატიაა, დიდი ხანი მაწუხებდა ხალხის ესეთი დამოკიდებულება ექიმებზე, იმიტომ რომ მეც სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას და არ მომწონს როცა, ყველაფერს (დაავადების მიერ გამოწვეულსაც კი) ექიმს აბრალებენ

Anonymous said...

გასაგებია შენი პოზიცია, მაგრამ ვერც იმას უარყოფს ვინმე, რომ არაპროფესიონალიზმი ამ სფეროში საკმაოდ აქტუალურია. მე არ ვიცი, ეს ცუდი განათლების თუ კიდევ რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, დიაგნოზის სწორად დასმას ვერ ახერხებენ უმეტეს შემთხვევაში. მარტო გადაუდებელი ოპერაციები ხომ არაა, 1 და 2 შემთხვევა ყოფილა ისეთი, როცა ადამიანს სულ სხვა რაღაც სჭირდა და სულ სხვაზე მკურნალობდნენ?! ყველა ასეთი შემთხვევა სიკვდილით რომ არ დასრულებულა, დიდი ვერაფერი შეღავათია. ფაქტია, რომ თითოეულ დარგს ერთი-ორი კარგი სპეციალისტი ჰყავს და თუ თავი გეცოდება, სხვასთან არ უნდა მიხვიდე! მეეჭვება, ამას მარტო აპარატურის შეცვლამ უშველოს.

cartwheel said...

unaamarga
ეს პოსტი ექიმთა დასაცავად არ დამიწერია. პირიქით, თუკი ვინმეს შეუძლია მე სუბიექტურობაში "მამხილოს" ექიმებია.
ამ პოსტში მე ისეთი ბრალდებები მაქვს დადებული "ტონუსში მყოფი" ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც მოსახლეობამ არც იცის.

მაგრამ პოსტის მთავარი სათქმელი მაინც სხვა არის: ვინ დარჩა მოგებული ანტისაექიმო პროპაგანდით, ქვეყანა, პაციენტი თუ ტელეკომპანიები?

ზოგადად ექიმების ადვოკატირებას არ ვაპირებ. ეს უბრალოდ ჩემი რაკურსიდან დანახული რეალობაა.
რაც შეეხება იმ მოარულ თეზებს, რომ რამდენიმე სანდო ექიმია ქალაქში, და მხოლოდ მათთან უნდა იმკურნალო, თორემ სხვები დაგაზარალებენ, მოგატყუებენ, სწორი არ არის და იგივე ანტისაექიმო ომის ერთერთი შედეგია რომლითაც... ისევ პაციენტი ზარალდება.

რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციას და დიაგნოზების დასმის უნარს, გეტყვი.
მედიცინა საქართველოში გაცილებით მაღალ დონეზეა ვიდრე მეცნიერება, თავდაცვა, სპორტი, განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა სოციალური მარკერები.
მაღალ დონეზეა ძირითადად ექიმების ინდივიდუალური მონდომების და არა აპარატურის ხარჯზე.
რარასწორ დიაგნოზებსა და საექიმო შეცდომებზე კი მთელ მსოფლიოში უამრავი წიგნი გამოიცემა, რომელსაც ისევ ექიმები ყიდულობან და კითხულობენ, რომ არ გაიმეორონ.

Anonymous said...

პატივს გცემ როგორც უფროს კოლეგას და გეთანხმები თითქმის ყველაფერში... მაგრამ ძალიან გთხოვ ნუ ილაპარაკებ სამედიცინოს ყველა სტუდენტზე ასე... მართალია კონკურსი დაბალი იყო და ვინც ბარიერს გადასცდა ყველა მოხვდა, მაგრამ ყველა ვინც მოხვდა ბარიერგადაცდენილები არ ვართ... არიან სამედიცინოში ისეთი სტუდენტებიც რომლებიც თავის სიტყვას კიდევ იტყვიან მედიცინაში... ზუსტად ამ სათაურის პოსტი მიწერია მეც... მართალია ასე ვრცლად არა მაგრამ აზრი იგივეა...

Anonymous said...

Wonderful goods fгоm уou, mаn.
Ι've keep in mind your stuff prior to and you are just too magnificent. I really like what you have received right here, really like what you are stating and the way in which wherein you say it. You'rе making іt entеrtaining and уοu continue to care fοr tο keеp it wіse.

I can't wait to read much more from you. That is actually a wonderful website.http://hgcinema.co.nr/
Here is my website - Save the Date

Anonymous said...

Good post. I learn something totally new and challenging on sites I stumbleupon on
a daily basis. It will always be exciting to
read through articles from other authors and practice something
from other sites.
Here is my blog ; english premier league latest transfer news

Anonymous said...

It's very straightforward to find out any topic on net as compared to books, as I found this post at this site.
My webpage ... current transfer news for arsenal