Monday, March 1, 2010

კალაშები




ის ის იყო, კოლინ ფარლის შესახებ ვეძებდი მონაცემებს, ის იყო ალექსანდრე დიდის როლის შემსრულებელი, მანამდე კი ერთერთ ნიუიორკულ ფილმში მთელი 2 საათი დაშინებულ თავზარდაცემული ქუჩაში, ტელეფონის ჯიხურში ელაპარაკება სნაიპერს, რომელიც მას სიკვდილით აშინებს და აიძულებს შეკრებილ ხალხს (მათ შორის მის ცოლს) ღალატის შესახებ მოუყვეს. ეს კაცი ერთ ფილმში საუკეთესო თავხედი იმპერატორია, მეორეში კი სასოწარკვეთილი მშიშარა.
თანაც ჯერ იდეალური მშიშარა იყო და შემდეგ მიიწვიეს იდეალური უშიშარის როლზე.


იქნებ მეშლება მეთქი, www.answers.com-ზე ვეძებდი მსახიობის გვარით, ვერ ვიპოვე და გადავედი ალექსანდრე პირველზე და აი რა ვიპოვე:

ალექსანდრე დიდის იმპერიის უკიდურეს აღმოსავლეთ კიდეში, ამჟამინდელი პაკისტენის დასავლეთ მთიანეთში, ჰინდიკუშის მთიან პროვინციაში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრის ნაწილი ჩარჩენილა და.. გამრავლებულა კიდევაც.
კალაშები სულ 6000-ნი არიან.
მათი სურათები მათი გენების შესახებ ჩემს გარეშეც ნათლად მეტყველებენ.





ორიათასასამასი წლის წინანდელი სტუმრების გენები დღესაც ისეთივე ფენოტიპს ქმნის, როგორსაც მაშინ.



ამ ფაქტის შემხედვარე (ფაქტია, აბა რა არის, ბერძნები არიან) მიკვირს, ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელმა ხალხმა როგორ ვერ მოახერხა 23 საუკუნის განმავლობაში რაიმე ღირებულის შექმნა უცხო მიწაზე, პაკისტანელების გარემოცვაში?
მათი დედაქალაქი ხომ ერთერთი ჩამორჩენილი დასახლებული პუნქტია პაკისტანური საზომითაც კი.

პასუხი (ჩემი აზრით) ამ ბოლო სურათშია:

კალაშებმა აითვისეს პაკისტანის მთიანეთეისთვის იშვიათი კარგი სახნავ-სათესი მიწები, აამუშავეს ირიგაცია, მდინარის ნაპირთგამაგრება და იმ შორეულ ისტორიაში მეზობელთათვის საოცნებო სიმდიდრეს მიაღწიეს.

ცხოვრება წინ წავიდა, კალაშები კი თავისი პირვანდელი წარმატების ტყვეობაში დარჩნენ.

ასეთი წარმატება ლუდით სადღეგრძელებელია (ისევე, როგორც უმუშევრისთვის დაბალი დონის სამსახურის შოვნა),

პარიზი ზამთარში




ზამთარი ზოგადად არაკომფორტული ტემპერატურის დროა
(კომფორტული ტემპერატურა ადამიანის ფიზიოლოგიაში 16 დან 28 გრადუსამდეა, როცა არც გცივა და არც გცხელა).
ზამთარში დათვს, ბუზს და ხვლიკს სძინავს, ადამიანებს ვინ დაგვაცლის დაძინებას, მაგრამ ამ დროს ბუხრის წინ ყვინთვა და ტახტზე კოტრიალი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
პარიზი ზამთრის კურორტი არ არის, პარიზის ხსენებაზე ადამიანებს ალბათ ვერსალის აყვევებული ბაღები, შადრევნები და მოშიშვლებულდეკოლტიანი ლუდოვიკოებისდროინდელი ქალები გვახსენდება.

ზამთარი ამ სტერეოტიპული პარიზისგან გაშორებს, გგონჯა რომ ზამთრის პარიზი იმედებს გაგიცრუვებს.

ზამთრის პარიზის უპირატესობებს კი მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ აღმოაჩენ:
-ზამთარში პარიზში ბევრი ტურისტია, მაგრამ 3ჯერ ნაკლები, ვიდრე ზაფხულში
-შესაბამისად ზამთარში ქუჩაში ნაკლები ქაოსია და მუზეუმებსა და სანახაობებზეც ნაკლები, გაცილებით ნაკლები რიგებია.
-ქუჩაში უმეტესობა პარიზელი გხვდება, ტურისტებიც კი ფრანგები არიან ძირითადად. ისინი ალბათ პარიზის მონახულებას ზამთარში ამჯობინებენ ზაფხულის ყველა ჯურის ტურისტების ტაბუნების შემხედვარენი.
-ზამთარში თუკი ქალაქში რაიმე ადილს ეძებ და ვერ პოულობ, დიდი ალბათობით შენი შეკითხვის ადრესატი პარიზელი იქნება და არა ტურისტი და შესაბამისად ადგილს სწორად მიგასწავლის.
-ზამთარში პარიზში მოგზაურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ფასებია.
ახალი წლების შემდეგ იაფდება ავიაბილეთები, სასტუმრო და მაღაზიებშიც დიდი სეილებია.

ფორუმზე პარიზის თემაში ბევრი პოსტი ეწერა პარიზის დანაგვიანებულობაზე, ზამთარში ქალაქი
მეგაპოლისის კვალობაზე სუფთაც კია, რამდენჯერმე გადავაწყდით გადავსებულ ნაგვის ყუთებს და წარმოვიდგინე რომ ზაფხულობით ალბათ მართლაც შეუძლებელი ხდება მილიონობით ტურისტის მიღება და მათი თანხლები ნაგვის დროული გატანა წვრილი ქუჩების უზარმაზარი ქსიდან, ამ მხრივაც ზამთარს უპირატესობა აქვს.


ზამთრის კიდევ ერთი ედვენტიჯი ისაა, რომ უფოთლო ხეები ულამაზეს სახლებს ვერ მალავს.



გაუმარჯოს პარიზის მერიას: ეს სკამები ორანჟერეის მუზეუმის წინ როგორც გინდა ისე შეგიძლია მიატრიალო და დაღლილი ზამთრის მზეს მიეფიცხო.
P.S.წასვლის წინ ტელევიზია იუწყებოდა "ევროპაში რეკორდული ცივი ზამთრის" შესახებ.
ჩვენი პარიზული ზამთარი კი +4 გრადუსს არ ჩამოსცილებია. მშრალი უქარო ამინდები იყო.

Thursday, February 25, 2010

რჩევები, რომელთაც ვერასდროს ვეტყვი ადრესატებს.






-კბილები იმკურნალე, სუნი გაქვს.
-ხშირად დაიბანე, სუნი გაქვს.
-ნუ იგინები, არ გიხდება.
-ვისაც ელაპარაკები თვალებში უყურე,
-გაიმართე,
-ოფლიანი ნუ გადამკოცნი.
-ეგ წვერი ან მოუშვი, ან იპარსე.
-ხურდა ზუსტად დაუბრუნე.
-დაბალწელიან შარველს ნუ იცვამ, ნურასოდეს ჩაიცვამ.
-გასაყიდ პურთან ნუ ეწევი.
-აბა გავიქეცი-ს ნუღა იტყვი.
-წიგნი წაიკითხე, სულ ერთია რომელი, ერთერთი მაინც.


რჩევები, რომელთაც ვერასდროს ვეტყვი ადრესატებს.
ვერ გავბედავ.

კბილები იმკურნალე, სუნი გაქვს.
ამის გამო ბევრი გერიდება და ზურგს უკან დაგცინის.
ჟვაჩკა იხმარე.
ადვილია და იაფი.

ხშირად დაიბანე, სუნი გაქვს.
შენ ვერ გრძნობ, ჩვენ ვგრძნობთ.

ნუ იგინები, არ გიხდება.
თითქმის რესპექტაბელური ხარ, რომ არ ჩავთვალოთ ეგ შენი გინება.

ვისაც ელაპარაკები თვალებში უყურე,
ნუ აცეცებ, ნუ იბღვირები დამნაშავესავით.


გაიმართე,
ხერხემალი სულის სარკეაო.

ოფლიანი ნუ გადამკოცნი.
საშინელებაა წინასწარ რომ იცი, გაოფლილ გაზეპილი რომ გადამკოცნი. არ მჭირდება.

ეგ წვერი და თმა ან მოუშვი, ან იპარსე.
მოუწესრიგებელი ადამიანები ეჭვს ბადებენ, რომ საქმეს ვერ დაასრულებენ.


ხურდა ზუსტად დაუბრუნე.
ხო გგონია, რომ ფულიანია და შენს 10 თეთრს არ მიაქცევს ყურადღებას, არადა როგორ მიაქცევს, რომ იცოდე, მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

დაბალწელიან შარველს ნუ იცვამ, ნურასოდეს ჩაიცვამ.
დაბალი ფეხები გაქვს ისედაც, და ამ შენი წელის გამოჩენით ადასტურებ, რომ იქ, სადაც ჩემი კეთილგანწყობილი წარმოსახვით ტაკო უნდა გქონდეს, თურმე წელი გაქვს. გაუშნოებს.

გასაყიდ პურთან ნუ ეწევი.
პურს სიგარეტის სუნი მალე აჰყვება. და შენგან აღარ იყიდიან.

აბა გავიქეცი-ს ნუღა იტყვი.
არ გიხდება ამხელა კაცს.

წიგნი წაიკითხე, სულ ერთია რომელი, ერთერთი მაინც.
თვალებზე გაწერია რომ ჩერჩეტი ხარ, ორი წიგნიც კი გეყოფა, რომ თვალები თევზისა აღარ გქონდეს.
არასდროს მოიხსენიო უცნობი ადამიანი სიტყვით პიროვნება.

ნურასოდეს ჩემოეყრდნობი მანქანას გარედან მანქანაში მჯდომიერე ბიჭთან ლაპარაკისას, საერთოდ ნუ დაელაპარაკები მანქანაში მჯდომიარეს, გადმოვიდეს და ისე დაგელაპარაკოს.


ღიპი დაიგდე, არ გიხდება.


/სამწუხაროდ ზოგი რჩევა მეც მეკუთვნის;(/


თქვენც დაამატეთ ანონიმური რჩევები

Wednesday, February 24, 2010

უიკენდი სიღნაღში

სიღნაღი უთოვლო ზამთარში.

კიდევ ერთი უიკენდი. შაბათს სიღნაღში ვიყავი.

საერთოდ მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საუკეთესო უიკენდების პერიოდი გაზაფხულია, როცა ბალახი უკვე მწვანეა და სანამ გადახრუკვა მოუსწრია.

სიღნაღიც კარგი იქნება გაზაფხულზე, მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ ზამთარში წასვლა იმან გადაგვაწყვეტინა, რომ სიღნაღს შორი, კავკასიონის ხედები ამშვენებს, [აქედან მარცხნივ სადღაც კავკასიონის ძირში ყვარელია, როცა დედამისი ილია ჭავჭავაძეს აჩენდა ამ მთების ჩრდილოეთიდან ლეკები გადმოვიდნენ და ყვარელი ააოხრეს, ილია დედამისმა ეზოში მდებარე კოშკის მესამე სართულზე შეხიზნულმა გააჩინა.
აქედან მარცხნივ ასევე მთის ძირში ლაგოდეხია და აზერბაიჯანი. ფეხქვეშ (ფერხთქვეშ) კი ვაქირი, წნორი და ალაზნის ველი]

ეს ხედები კი ზამთარშია უფრო ლამაზია (დათოვლილია) და თანაც ზამთარში, როცა როცა ჰაერი ცივია, უფრო გამჭვირვალეა. შორს მდებარე ობიექტი ახლოს და კარგად ჩანს. ამ გათვლებმა გაგვიმართლა. სიღნაღიდან ხედი მართლაც ულამაზესი იყო. კავკასიონის დათოვლილი მთები მართლაც გაცილებით უფრო ახლოს და დეტალურად ჩანდა, ვიდრე ზაფხულში. ხედი სიღნაღის გადაკიდებული რესტორნიდან.
სიღნაღის გალავანი.


მე მგონი, ერთ ორ კვირაში, როცა ალაზნის ველი ამწვანდება და ჯერ კიდევ სიგრილე იქნება სიღნაღიდან ხედი (ალაზნის ველი და დათოვლილი მთები ერთად) ყველაზე კარგი იქნება. მაშ დაირაზმეთ!




სიღნაღის მუზეუმმა ეს ლუვრახალმოვლილი კაცი მაინც გამაოცა.
მუზეუმის პირველ სართულზე ჩვ. წ. აღ. მდე მე-5 , მე-3 მილენიუმის დერგები, მინუს 25-ე საუკუნის ოქროს ლომი (საქართველოსთვის ეს ლომი იგივეა, რაც ლუვრისთვის მონალიზა) და რამაც გამაკვირვა მინუს მე-15 საუკუნის ხელოსანთა ინდივიდულაური შტამპები (რომლითაც თავის ნახელავებს ნიშნავდნენ, ბრენდ ნიშანს ადებდნენ).
ერთმანეთის გვერდით მინუს მე-15 საუკუნეში გაკეთებული 3 მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალური დიზაინ სიმბოლოა ბრინჯაოში ჩამოსხმული:
სვასტიკა, მშვიდობის სიმბოლო და ჯვარი (ჩვენმა მჩხიბავმა "ექსპერტებმა" ჯვაროსნულ ჯვარად რომ მონათლეს). და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა არავინ იცოდა თუკი ეს სიმბოლოები 35 საუკუნის შემდეგ ფაშიზმის , ასევე 35 საუკუნის შემდეგ მშვიდობის და 15 საუკუნის შემდეგ ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცეოდნენ.




.და... მინუს მე-10 საუკუნის ცხენებშებმული ურემი თავისივე ურმის ბორბლებით CartWheel/ქართვილ/.

Monday, February 22, 2010

ორსეს მუზეუმი, პომპიდუს მუზეუმი, ორანჟერეა, ბათუმის რკინიგზის სადგური





ორსეს მუზეუმი, რომელიც ლუვრის შემდეგვ პარიზის უმთავრესი მუზეუმია, აშენდა როგორც პარიზის რკინიგზის სადგური,  სადგურის შენობა სენის ნაპირზე ააშენეს, ლუვრის გადაღმა. შენობა ძალიან ლამაზი გამოდგა, უზარმაზარი შუშით გადახურული სივრცე, მოჩუქურთმებული ქვის სვეტებით, მაგრამ  ეკონომიკამ, მოთხოვნამ და მიწოდებამ თავისი სიტყვა თქვა. სადგური გაუქმდა. ულამაზესი შენობა მსოფლიოს უღირსშესანიშნავეს ადგილას უპატრონო ეკლესიას დასმსგავსა. წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, მისი მფლობელები ხან გაყიდვას უპირებდნენ, ხან დაშლას. მხსნელი გადაწყვეტილება მოგვიანებით მოვიდა.

1977 წელს პრეზიდენტმა ჟისკარ დესტენმა გადაწყვიტა 1848 დან 1914 წლამდე შექმნილი ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმის განთავსება ორსეს ყოფის რკინიგზის სადგურის შენობაში.
მუზეუმი1986 წელს ფრანსუა მიტერანმა გახსნა.
პარიზს და ადამიანებს მას შემდეგ გვაქვს უმშვენიერესი მუზეუმი- ორსეს მუზეუმი. 
თუმცა ამ მუზეუმში ყოფნისას ისეთი ნახატები გაქვს სანახავი, რომ მუზეუმის გრანდიოზულობა გავიწყდება და ერთი სურათიდან მეორეში მოგზაურობ. აქ იმპრესიონისტების უმდიდრესი კოლექციაა. 
ლუვრის შემდეგ აუცილებლად სანახავია. 
თუკი წინადღით ჩემსავით ლუვრში მინუს 40 საუკუნიდან გამოყევი კაცობრიობის დიდ და მიხვეულ-მოხვეულ მსვლელობას ჰარმონიის მისაღწევად, შენთვის ცის გახსნასავით იქნება ორსეს მუზეუმის კოლექცია. პირველი დარბაზი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ფერწერას ეძღნება. ეს ჯერ კიდევ კლასიკაა, აქ ერთადაა კლასიკური ჰარმონიული ტექნიკა და კლასიკას დამატებული ახალი სათქმელი, ახალი შინაარსი. და.. გადადიხარ იმპრესიონისტების დარბაზში, დარბაზებში.

და პირველ აღტაცებას იმის გამო რომ ცნობილ ნახატებს რეალში ხედავ, რომ ეს ნახატები მართლაც მაგრებია, ძლიერი და ნოვატორული ტექნიკით, აღმოაჩენ  რომ, ეს რაღაც ახალია, ეს ლუვრშიც კი არ განგიცდია- იღლები იმ ემოციებისგან, რომელსაც ეს სურათები შენგან მოითხოვს.  იმპრესიონისტები გითრევენ, შენგამ დამოუკიდებლად გითრევენ. შენ ხდები მონაწილე იმ მცირე ფილმებისა, რომლებიც კედლებზე მოოქროვილ ძველებურ ჩარჩოებშია მოქცეული. 
ალბათ ესაა ის გრძნობა, რომელსაც ვიღაც ჩემდღეში მყოფმა დაარქვა ხელოვნებასთან ზიარება. 
ლუვრიდან აღტაცებული გამოხვალ, აღტეცებული იმ ადამიანებით, ვინც საუკუნოვანი მიზანი - ჰარმონია იპოვეს და აითვისეს, ორსედანაც აღტაცებული გამოხვალ. აღტაცებული იმით რომ ცოტა ხნით იყავი მანე,რენუარი,ვან გოგი და გოგენი. 




პარიზის დათვალიერების პირველი 3 დღე შეიძლება ისე გაატარო, რომ 200 წელზე ახალს მხოლოდ ერთეულ შენობას გადააწყდე. ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ხნის განმავლობაში ისტორიაში ცხოვრობ. სადაც არ უნდა გაიხედო ისტორიაა, მიხვედი, ნახე და რეალობას დაუბრუნდი კი არა, არამედ მიხვედი და დღეების განმავლპბაში დარჩი მსოფლიო ისტორიის უმნიშნელოვანეს და ულამაზეს პეროიოდში - ბაროკო- როკოკოში.
ამ ქალაქს ეტლების პერიოდის სტუმარის თვალით უნდა შეხედო, არადა მართლაც ასეთია პარიზი ეტლების პერიოდიდან მოყოლებული - დიდებული, ლამაზი, რთული და ყველაზე ყველაზე. .


პარიზის ფილიგრანული არქიტექტურისა და ლუვრის ჰარმონიის მწვერვალების შემხედვარე ხვდები, რომ არ შეიძლება ეს სილმაზე ასეთი დიდი და ყოვლისმომცველი დიდხანს შეგინარჩუნდეს თავში. გული რაღაც სხვას გთხოვს, არეულს, ქაოსურს, ემოციურსა და ნაღდს. პარიზში როგორს ჰარმონიის მწვერვალებია, ასევე იდეალური ჰარმონიის მოყირჭების საწინააღმდეგო ამბოხის მწვერვალებიცაა - იმპრესიონიზმი და მოდერნიზმი. ორსეს მუზეუმი, ორანჟერეა და პომპიდუს ცენტრი.


ხო, ზუსტად ეს სიტყვა მიტრიალებდა, მოყირჭება.
ალბათ მოყირჭების ტალღაზე წარმოიქმნა იმპრესიონიზმი და შედევრები დაგვიტოვა.
იმპრესიონისმისგან მოჯადოებული დავრჩი.
იმპრესიონიზმი ახალი ჰაერია, ახალი ინტერაქციაა, და მას მხოლოდ ორსეს მუზეუმში და ორანჟერეაში ნახავ. მათ გარეშე პარიზიდან არ უნდა წამოხვიდე.

მაგრამ, იმავე მოყირჭების ტალღაზე წამოჭრილი ტალღის გაგრძელება - მოდერნიზმი, რომელიც პომპიდუს მუზეუმშია განთავსებული, იმის მიუხედავად რომ მსოფლიო ავტორიტეტების გვარებითაა დახუნძლული (პიკასო, მალევიჩი, შაგალი) ხვდები, რომ ხელოვნების განვითარების ჩიხია. ევოლუციის ყრუ შტო. მოდერნიზმმა ჩემზე განჯადოების ეფექტი იქონია: არანაირი ემოცია და ინტერაქცია, ჩემთვის ფერწერის ეს ნაწილი სრულიად უსარგებლო ისტორიული, ჩავლილ მოდის ექსპონატებად გადაიქცა.




ბათუმის რკინიგზის სადგური, რომელიც მახინჯაური-ბათუმის გზაზე შენდებოდა აჟამად უფუნქციოა. ბათუმის სადგური მახინჯაურში მუშაობს, მშენებარე სადგური კი უფუნქციოდაა დარჩენილი. 
არადა დიდი, ლამაზი შენობაა. თითქმის დასრულებული. 
ამ შენობის ისტორია პარიზის ორსეს მუზეუმის ანალოგიით დაიწყო, მაგრამ როგორ გაგრძელებდა სრულიად უცნობია. 
       

ფრანგი პარიზელები



წინასწარი შაბლონური ინფორმაცია, რომელიც ფორუმიდან მომყვებოდა და რომელსაც უცნობისადმი ზოოლოგიური შიში მიმკვეთრებდა, იყო რომ პარიზელები გულცივი და ქდდმაღალი ხალხია, რომ ისინი
დემონსტრაციულად არ დაგელაპარეკებიან თუკი ინგლისურად მიმართე.
არადა ჩვენი იქ ყოფნის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ალბათ 10ჯერ გვიწევდა გამვლელებისათვის სხვადასხვა სირთულის შეკითხვით მიმართვა.
ყველა ჩვენი ადრესატი გილისხმიერი, თავაზიანი და სწორედაც რომ დემონსტრაციულად კეთილგანწყობილი აღმოჩნდა.
ძალიან გულისხმიერნი და თავაზიანნი არიან. პირველივე ადამიანი, რომელსაც ქუჩაში შეეკითხები გიპასუხებს, მიგასწავლის, შეეცდება დაწვრილებით აგიხსნას თუ როგორ მიხვიდე დანიშნულების ადგილას, გაგიღიმებს, გაგრძნობინებს რომ გითანაგრძნობს. ახალგაზრდებიც არ დაგზარდებიან, მაგრამ ხნიერი პარიზელები ცალკე მყავს მოსაფერებლები.

ძალიან კეთილგანწყობილები, ტაქტიანები და სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ.
ქართველებს გვანან მეთქი დავწერე.
პასუხი ზოგმა ინგლისურად გაგვცა, ზოგმა კი ფრანგულად, მაგრამ ისეთი ჟესტიკულაციით, რომ გაგვაგებინა როგორ უნდა მიგვეღწია დანიშნულების ადგილემდე.
ინგლისური ძირითადად მოხუცებმა არ იციან მაგრამ პასუხს არასდროს დაგზარდებიან.
საერთოდ პარიზელი ხნიერი ხალხი ცალკე თემაა. უმრავლესობა კარგად ჩაცმული, ღირსეული გამომეტყველების მქონე ადამიანია. ქუჩაში უამრავ ჯან გაბენს, ივ მონტანსა და ჯან მარეს შეხვდებით გრძელი პალტოებითა და კაშნეებით კინოვარსკვავებს გვანან.მათთვის სრულიად უსარგებლო ერთწუთიან საუბარში არ გაქვს გრძნობა, რომ შენ მათთვის უცნობი გადამთიელების უწყვეტი ნაკადის 1/ 30 000000 (ერთი 30 მემილიონედი) ხარ. ეს ქალაქი წელიწადში 30 მლნ ტურისტს მასპინძლობს, და მოსახლეობის თანდაყოლილი ზრდილობისა და კულტურის დახმარებით კარგადაც მასპინძლობს.




სპონტანური ურთიერთობები:



-ჩვენს თვითმფრინავს პარიზში ჩაფრენა დააგვიანდა ვინაიდან პრაღაში დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად 4 საათი გავჩერდით, გარეთ -24 გრადუსი იყო და თვითმფრინავის ფრთებს სპეციალური სითხით დამუშავება დასჭირდა. ჩვენი თანამგზავრი ერთერთი ქალბატონი, რომელსაც ბილეთი ჰქონდა პარიზი ლიონის თვითმფრინავზე, ძალიან ნერვიჯლობდა, ვაითუ ჩემს რეისს ვერ ჩავუსწროო, არადა არც ფრანგული იცოდა და არც ინგლისური.ლიონში შვილებთან მიდიოდა.
ლიონის რეისი მართლაც გაფრენილი დაგვხვდა. ჩვენ ქალბატონს პარიზის აეროპორტის მოსამსახურესთან მივყევით. ცნობათა ბიუროში არაბი შუახნის მამაკაცი დაგვხვდა, გულისხმიერად მოგვისმინა, დაგვამშვიდა, მიგვასწავლა თუ რომელი პორტისთვის უნდა მიეკითხა ქალბატონს და გვითხრა, ამ საქმეს ფორ ჰანდრით დოლარს დასჭირდებაო.
სანამ მე გუნებაში ვრწმუნდებოდი, რომ ფორ ჰანდრითი ოთხასია და არა ორმოცი, ჩემი მეგობარი გამოერკვა და შეუბრუნა "იუ არ ჯოუკინგ, იეს?" არაბმა სერიოზი სახით დააპირა თამაშის გაგრძელება, რომ მისივე თანამშრომელმა ცისფერთვალა ქერა ქალმა, რომელიც გვერდითა ფანჯარაში პასუხობდა მგზავრებს და რომელსაც საკუთარ სკამზე ჰქონდა მიყუდებული ხელჯოხი, აიღო ეს ხელჯოხი, და გაბრაზებულმა მოუქნია არაბს, დასარტყამად არა, საკუთარი ბრაზის სადემონსტრაციოდ, რომ მისი კოლეგა პარიზში ჩასულ შეშინებულ გადამთიელებს ეკაიფებოდა. არაბი გატყდა და გაიცინა. ქალბატონს ახალ თვითმფრინავზე ბილეთი უფასოდ გამოუწერა . შეპასუხება მეც შევეცადე, "იტს ნოტ ფერსთ ოფ ეიპრილ" მეთქი, სიცილით ვუთხარი, იმით გახარებული, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯსაც ავცდით და ლამარას შემდგომ პატრონობასაც.
ორივენი კარგები იყვნენ, არაბი რომელიც კეთილგანწყობილი ღიმილით გაგვეხუმრა და მისი მეზობელი ქალბატონიც, რომელმაც არაბის ხუმრობას დროზე მოუღო ბოლო, ვიდრე შეწუხებას მოვასწრებდით.


-კონსიერჟის სასახლის მეთერთმეტე საუკუნის კედლის საათის ახლომახლო, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გვერდზე ვიწრო ქუჩა უნდა გადაგვეკვეთა, მე წინ ვიყავი და ტროტუარიდან გზაზე ფეხჩადგმულმა ჩემიანებს დაველოდე, ამასობაში დავინახე, რომ ამავე გზაზე გზაჯვარედინს კვეთდა და შემოდიოდა ფრანგული პოლიციის ლურჯი მიკროავტობუსების კოლონა, დაახლოებით 10მდე მანქანა მიჯრით.
მე ეს რომ დავინახე, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ავბრუნდი და ჩემ თანამგზავრებს დაველოდე.
კოლონა გაჩერდა, მე ჩავთვალე რომ საპირისპირო მხროდან მოძრავ მანქას უთმობდა გზას, მაგრამ აღმოჩნდა რომ კოლონა ჩვენ გვითმობდა გზას, დაბნეულობა რომ შეგვატყო პირველი მანქანის მძღოლმა, ღომილით, ხელით მაჩვენა - გადაბრძანდითო. გადავედით და კოლონა მერე შევიდა თავისივე სამინისტროში.ა, ეს კოლონაა, გუგლერსში ვიპოვე, იმავე ადგილას.

-ეიფელის ლიფტების რიგში ლიფტიორი ქალბატონი გამოგველაპარაკა - ჩვენზე ამბობენ, რომ გულცივები ვართ და ძალიან ვწუხვარო, იქით შეიქნა ჩვენი სანუგეშებელი - ყველაფერს ვხედავთ, ძალიან კარგები ხართ მეთქი. შევპირდი პარიზელების გულისხმიერების შესახებ ჩემს ბლოგზე დავწერ მეთქი.
აჰა, ვუსრულებ.

Re.:თავიდან "ქეთო და კოტეს" გავლენით მეხამუშებოდა მეთქვა ფრანგული სიტყვები - მეგონა ფილმებისმიერი ირონია, მარიაჟობა გამომივიდოდა , მაგრამ იმ მოხუცის "პაღდონ" ის შემდეგ აღარ მოვრიდებულვარ, პარდონ, ბონჟურ, მერსი თურმე ჩვეულებრივი სიტყვებია თანაც მიხვდები ამ რომ ამ ქალაქში აუცილებელი.


p.s.ის ის იყო გრძელ, წაბლისფერ პტოებში ჩაცმული მოხუცდბი ჩემთვის უკვე რესპექტაბელური, ღირსეული სიბერის სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, რომ გუშინ აქ ვაკის პარკის წინ გაჩერებაზე ავტობუსიდან ზუსტად ასეთივე პალტოში გამოწყობილი ქართველი მოხუცი ჩამოვიდა. მისი ფრანგი თანატოლებისგან განსხავებით იმდენად შეწუხდბული სახე ჰქონდა, რომ შევწუხდი.
ვოცნებობ საქართველოზე. სადაც ხნიერ მამაკაცებს ისეთივე ღირსეული იერი და გამომეტყვება ექნებათ, როგორიც დღეს პარიზელ ხანშიშეშულებს აქვთ.

ქვა პარიზში



6 დღე პარიზის ისტორიულ ცენტრში ვიტრიალე.
ტერიტოტიულად ეს ადგლი თბილისზე ბევრად პატარა არ არის. წარმოდგინე თბილისისხელა ღირსშესანიშნაობა, სანახაობა. ისტორიული პარიზში შეღებილ სახლს თითქმის ვერ ნახვ, ყველა სახლი ულამაზესი ქვის ჩიქურთმებიანი ზედაპირითაა შემოსილი. თითეული სახლის სილამაზე უზარმაზარი შრომის ფასადაა მიღწეული, მითუმეტეს ათასგვარი ინსტრუმენტის, ბენზინის თუ ელექტო ძრავიანი ქვის სამტვრევი- საბურღი საპრიალებელის გამოგონებამდე.
ეს ისტორიული პარიზია, აქ ყველაზე ახალი ნაგებობა მეოცე საუკუნემდეა აგებული, ზოგი პატარა უბანი კი , მეთხუთმეტეში. საშუალო, გადაუჭარბებელი შეფასებით ის ალაქი, რომელშიც დადიხარ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტეს დასაწყისშიც ასეთი იყო უკვე.
წარმოიდგინე ეტლებისა და ქუჩის ფარნების ეპოქა და... ეს ქალაქი. მე ახლა პირდაფჩენილი დავდიოდი და მაშინდელი პარიზის სტუმარი ხომ საერთოდ დაკარგავდა მეტყველების უნარს.
ამ ქალაქში იანვარშიც კი ქვა რომლითაც შემოსილია სახლები თბილი და რბილია, გრანდიოზულ კომფორტულ და ჩახუჭუჭებულ ავეჯს გავს.
ჩვენი ნიკორწმინდისა და სვეტიცხოვლის მნახველსაც კი გააკვირვებს ის, თუ რა სუბსტანციად შეძლეს გარდაექმნათ ქვა ფრანგებს. ეს ქვა რბილი, წელვადი და დრეკადია .
ალბათ ოფლში და ფანტაზიაში უნდა ჩაალბო ასეთად რომ იქცეს.
გაოცებს ამ სილამაზის მასშტაბურობა და უწყვეტობა, შეიძლება ჩიხის ჩიხში ისეთი ნაგებობა აღმოაჩინო შენი ქალაქის სიმბოლოდ რომ იქცეოდა აქ რომ ყოფილიყო.