Friday, September 19, 2008

თამადა


გუშინ მარტვილის რაიონის სოფელ ნახარებაოში ვიყავი.
ჩემი ნათესავის გელა ჭედიას ორმოცზე.
გელა სამხედრო იყო, 26 წლის ასაკში მაიორიც გამხდარიყო. მოვლილი ჰქონდა კოსოვო და ერაყი.
ცხინვალთან დაიღუპა ბრძოლაში.

გასვენებაში ვერ წავედი, საქართველო მაშინ შუაზე იყო გადაკეტილი.
თბილისიდან მარტვილში მეორე ცდაზე, წალკის გავლით ჩაასვენეს ძმებმა, რომლებიც მისთან ერთად იბრძოდნენ.

გელას ორმოცზე მისი სამხედრო თანამებრძოლები, დაახლოებით 50 კაცამდე იყო ჩასული. სამხედრო ფორმებით, ჰაილუქს ტოიოტებით.
ორმოცის სუფრა ეზოში დიდ სეფაში იყო, დაახლოებით 200 კაცზე.
გელას მამის თხოვნით თამადობა ერთ კაცს, მურმანს დაევალა.
თამადა მართალია დაბალი იყო და მისი ხმა 200 კაცისთვის საკმარისი იმპერატივი არ იყო, მაინც ახერხებდა სუფრის სრული ყურადღების მიპყრობას.
კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ზომიერად პათეტიური, ტრადიციულიც და ინდივიდუალისტურიც.
სუფრის მთავარი ადრესატი და აუდიტორია და სტუმარიც გელას სამხედრო მეგობრები იყვნენ.
თამადამ მათ ბევრი საქებარი და მოსაფერებელი სიტყვა უთხრა, არც პატრიოტული ცეცხლი და კატეგორიულობა დაკლებია მის სიტყვებს და ..
თამადამ წინასწარი შესავლით, ვეფხისა და მოყმის ქვეყანა ვართო და .. მტრის დაღუპულების მოსახლენებელი შესვა. ოსების, რუსები არ უხსენებია.
აზუზუნებული სუფრა გაისუსა, ყველამ ჯარისკაცებისკენ გააპარა თვალები.

წამოდგნენ, შესვეს.


ყველა წამოდგა :არასამხედროები, დამხვედრები, სტუმრები, ერთი ორი გაბრაზებული შეძახილი გაისმა დაახლოებით ასეთი "მე ჩვენებს ვუდგები ფეხზე, თამადის გასაგონად ვამბობო, ამან დაგვღუპა, კიდევ ისენი უნდა გვაცოდებოდნენო?"
გელა ჭედიას ოჯახში, 40-ის სუფრაზე, გელას მშობლების, გელას ცოლის, წლინახევრის ლუკასა და 3 თვის ლანას, თანამებრძოლი ძმებისა და 50 მდე თანამებრძოლის სუფრაზე ეს სადღეგრძელო, დაღუპული ოსების მოსახსენებელი სადღეგრძელო ფეხზე ამდგარი დაილია.

6 comments:

Dv0rsky said...

სიტყვები არ მაქვს.

ანდა რა უნდა ვთქვა?

ყველა ადგა ფეხზე, და ალბათ ბევრმა თავისებურად დალია - არა ოსების, არამედ ჩვენი წასულების.

ხოდა, რაზე ვომობთ რუსებთან?

ოსეთის დაბრუნებაზე ხომ? ნუ, ადრე რომ სამაჩაბლო იყო, იმის ხომ?

ხოდა ჩვენი მიწაა ხომ? და იმ მიწაზე მცხოვრები ოსებიც ჩვენები გამოდიან...

ბატონ მურმანს ჩემი ღრმა პატივისცემა, ხოლო ბატონ გელას - ხსოვნა...

Anonymous said...

sulitxorcamde shemzra am nawerma.......natelshi amyofos gmertma gelas suli.....
tqven ki ugrmesi madloba.

Secrets said...

kai xalxi yofilan.

Anonymous said...

ძალიან კარგი პოსტია.

მზარავს ადამიანები, რომლებიც ითხოვენ "რუსი მოკლუბების სურათებს და ვიდეოებს რომ გული გაიხარონ" (არიან ასეთები ფორუმზე).

რა შუაშია ოსი, რუსი ქართველი. მკვდარი მკვდარია. და იმათი ცოლ-შვილიც ისევე დასტირიან, როგორც ამათი...

lexuss said...

გამაჟრიალა, და ცრემლები მომადგა თვალებზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად დიდსულოვანი ერი ვართ.დიდი მადლობა .

Anonymous said...

დამბურძგლა მაგარია
ღმერთმა გაანათლოს და ნუგეში მის ოჯახს და მეგობრებს