დღეს ჩემს ათას ერთ სირცხვილს ერთი მიემატა.
სრული უფლება მაქვს მრცხვენოდეს, მოვალე ვარ მრცხვენოდეს. მრცხვენოდეს დანარჩენ 3 თუ 4 მლნ ქართველთან ერთად. ვინაიდან რაზეც ახლა მოგითხრობთ კიდევ ერთი ქართული სირცხვილია.
თანაც ახალი, ფსევდოძველი სურნელით. ეს სურნელი გაცილებით უარესია ვიდრე მოჩვენება კასპერის მეგობარ მოჩვერნებებს შეუძლიათ დააყენონ. ღია მწვანე კი არ არის, არამედ გახუნებული მუქი მწვანეა, როგორ ფერ ცხენზე უნდა ამხედრდეს აპოკალიფსის მხედარი ბიბლიის მიხედვით (თუ სწორად მახსოვს -ორივე რელიგიის მიხედვით). ეს სუნი ოფლის კი არა, დაუბანელობისაა, წვერულვაშიანობის კი არა, გაუპარსაობისაა, ქართული ფოლკლორის კი არა, მეასე ხინკლისაა, ბერი თევდორესი კი არა, ოხროხინესია...
დღეს გადავშალე ჟურნალ "ლიბერელის" ბოლო ნომერი. გამოწერილი მაქვს, სახლშიც დროზე მომიტანეს, მაგრამ აქამდე ვერ ჩავუჯექი. დღეს კი სტატიაში "კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი" ისეთი რამ შევიტყვე, რომელმაც გულწრფელად შემაწუხა.
ეს ამბავი ღალატია. ეს დიდი ღალატია და დიდი გაუტანლობა. ეს არის იგავარაკად საჩვენებელი ისტორია, რომლითაც მტყუან-მართალი ბავშვმაც უნდა გაარჩიოს, და ამ იგავის დედაარსი კი ის უნდა იყოს, რომ ცუდი ადამიანი დაწერილ კანონებს გარეთ ყველაფერს იკისრებს, კარგი ადამიანი კი, დაწერილთან ერთად (ერთად და არა ნაცვლად) აუცილებლად უნდა შეასრულოს დაუწერელი კანონები.
ხო, ამბავი ამაზეა - დაირღვა დაუწერელი კანონი.
ეს კანონი აქამდე არა მხოლოდ დაუწერელი არამედ იქნებ ნათქვამიც არ იყო, მაგრამ საქართველოში მოქმედებდა და მოქმედებს. რაც ყველაზე საოცარია ეს კანონი არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს, არამედ ისტორიული გაჭენებული და გამოჭენებული, საინგილო-ტაოკლარჯეთიანი საქარტველოს ტერიტორიაზეც მოქმედებს, და თანაც დღევანდელი საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო პრინციპულდ და ჩვენთვის სასარგებლოდ.
საქართველოს გარეთ, ტაო-კლარჯეთში უამრავი ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ყველაზე გამორჩეული ტაძარი დგას.
მიადგები რომელიმე ასეთ სოფელს, რომელშიც 800 წელია ქართული სახელმწიფო აღარ არის და რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნეა ქართველი ადამიანი აღარ სახლობს და დაინახავ, რომ ადგილობრივ თურქულ უსახურ სახლებსა და მომცრო მეჩეთს თავს გადმოდგომია ჩვენი სიამაყე ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა და ბევრი სხვა. გადმოჰყურებს მათ მთებში გამოკეტილ სოფლებს 3 -4 თავით მაღლა ატყორცნილი ქართული კამარები, გუმბათები, სიფრიფანა ფრესკები, მიკარგ-მოკარგული ქართული ორნამენტები და ქართული უძველესი წარწერები.
ამ ხალხმა - მუსლიმმა თურქებმა ამ გარემოში უბნელესი ფეოდალიზმი გამოიარეს. გამოიარეს ხანა, როცა ფაქტის წინაშე დაყენება ყველაზე წარმატებული, გაუპროტესტებელი და ურისკო ტაქტიკა იყო. მხედველობაში მაქვს, რომ ოტომანთა თურქეთში არავინ იყო ხელის შემშლელი უბრალო მოსახლისათვის დაეშალა და გადაეწყო ჩვენი უმნიშვნელოვანი ტაძრები თავის მეჩეთად ან სულაც სასახლედ. გაერო მაშინ არ იყო, იუნესკო და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ატეხავდა გნიასს.
თვითონ არ დაანგრიეს თავს წამომდგარი დამთრგუნავი სილამაზის ტაძრები, რომლებიც მათ სოფლებში სხვის ღმერთს ადიდებდნენ.
დღეს დავინახე ის, თუ რასაც შეიძლება დამსგავსებოდა ჩვენი ტაძრების ნატიფი კამარები თურქები დაუწერელ კანონს რომ არ ემორჩილებოდნენ.
გინახავთ ნათალი ქვის დიდი კამარა, რომელსაც ... ეს კამარა მოარღვიეს?
რაც ქართულ ტაძრებზე მეშინია რომ ვნახო,
"ლიბერალში" ვნახე:
სოფელ ფლატეში ზარზმელი ბერების შეძახილით ქართველებს მიტოვებული მეჩეთის კამარა მოურღვევია და ზარზმის მონასტრის თუ კელიების ახალ მიშენებაში გამოუყენებიათ.
ეს ვანდალიზმი ვიღაცას (არ არის მითითებული, ხელისუფალს თუ საეკლესიო ხელმძღვანელობას) შეუჩერებია, მაგრამ მიტოვებული მეჩეთის კამარა დღესაც შემზარავი შესახედავია. გაიძულებს კიდევ და კიდევ წარმოიდგინო ის ჰარმონია, რომელიც ამ რკალის მშენებლებმა რუდუნებით, მართლაცდა ოფლითა და რწმენით შექმნეს, და რომელიც დღეს.. ამპუტირებულია.
ვანდალები დაწერილ კანონებს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც ეს მეჩეთი:
ა. მიტოვებული იყო
ბ. არ შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დამტკიცებულ ნუსხაში.
დაუწერელი კანონი, რომელმაც ქართული არქიტექტურის მწვერვალები თურქეთში შემოგვინახა, აქ დაირღვა.
ეს მეჩეთი მართლაც მიტოვებულია და არც არქიტექტურული მწვერვალია, მაგრამ .. სწორედ იმითაა პატივისცემის ღირსი, რომ უნივერსალური ცოდნისა და შესაძლებლობების პერიოდში კი არა, არამედ მანამდეა ხელით ნაშენი.
იმ ეპოქაში, როცა თითო ქვის გამოთლას ერთი კვირა მუშაობა სჭირდებოდა მუსულმანებმა არ მიითვისეს მათ ღარიბ სოფელში მდგარი სხვისი უპატრონო (თანაც საუკუნეებით უპატრონო) და უპასუხო (არავინ განიკითხავდათ) ქვები.
ჩვენ კი, XXI საუკუნეში, როცა ქვის გამოთლის ენერგია ოფლსა დას რწმენას კი არ მოითხოვს, არამედ ელექტროენერგია და სამხერხაო დაზგა ჰყოფნის, ძველთაძველი ქვები მოვიპარეთ.
მატერიელისტი ვარ, ათეისტი სხვანაირად. ერთადერთი რითაც მარადიულობას ვუკავშირდები ჩემი შვილები და საქართველოა. გამოვტყდები რომ ზარზმის მონასტერში ბერთა ცხოვრების გაზიარებაზე არასდროს მიფიქრია, არც განსაკუთრებული იმედები ჩამიდია იმაში, რომ იქ ჩემზეც ლოცულობენ. მაგრამ ამ ისტორიის შემდეგ ცხადად შევიგრძენი რომ სადღაც მივიწყებული ძალა რომელიც თურმე მქონდა და რომელიც იქნებ დამხმარებოდა კუსმაულის სუნთქვის დროს, აღარ მაქვს, უფრო სწორედ შემიმცირდა. შემიმცირდა იმით, რომ ზარზმის მონასტრის ლოცვა ჩემამდე არ მოაღწევს, მე ვამბობ მასზე უარს.
Tuesday, October 6, 2009
კამარა ამპუტირებულია
Posted by cartwheel at 3:58 PM
Labels: თურქეთი, მე ათეისტი, საზოგადოება, უწესობები, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
იცით,რაზეც თქვენ წერთ ცოტა საჩოთირო მგონია...ის რომ დღეს თურქეთში ჩვენი ძეგლები დგას და "მოვლილია", სულაც არ ნიშნავს მუსლიმთა ტოლერანტობას. საუკუნეთა მანძილძე ისინი მეჩეთებათ იყო გამოყენებული და ამიტომ აც დგას.რომ არ წაქცეულიყო თვითნებურად მინაშენებსაც უკეთებდნენ(იხ.იშხანი).ტუმცა დღეს იშხანი ყველაზე დაცული და მოვლილია ადგილობრივების მიერ, რადგან მასში ტურიზმის განვითარების და მათივე მიყრუებული სოფლების განვითარების ერთგვარ საფუძველსაც ხედავენ; ჩვენ ამშემთხვევაში მადლიერების მეტი რა დაგვრჩენია, მაგრამ ნახეთ ხახული.იქ ისევ მეჩეტია და ადგილობრივი მოლა ყველაფერს აკეთებს დაინტერესებული ქართველების ფილტრაციისთვის-თვით ასკერების გაოძახების ჩათვლით... სავალალოა ოშკის მდგომარეობაც. მე მომსწრე ვარ, ქართველი მომლოცველების შემდეგ,როგორ უშვებენ უფროსები ბავშვებს ტაძარში სანთლების ერთიანად ჩასაქრობად .მაგრამ თურეთში ამ მრავალი ცივილიზაციის მემკვიდრე ქვეყანაში,ისე არ დგას ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის საქმე,როგორც საჭიროა. თქვენ გსურთ ქრთველთა ვანდალიზმის გასამძაფრებლად (რაც, მართლაც სამარცხვინოა),გააფეტიშოთ თურქთა დამოკიდებულება და ტოლერანტობა. თვითკრითიკა , იცოცხლეთ კარგია, მაგრამ დღევანდელისედაც დაკომპლექსებულ ქართველობას,რომელიც წარა -მარა ერთი უკიდურესობიდა ნ მეორეში ვარდება, ასეთი არასწორი-ფაქტისგან შორს მყოფი "ჭეშმარიტებები"აღარ სწირდებათ!
ვაითუ თქვენგან გულაჩუყებულებმა ერთგვარი ხარაკირი მოიწყონ და საკუთარის ნაცვლად სხვის დაცვას მიჰყონ ხელი....
მადლობა გამოხმაურებისთვის.
მინდა ბევრ რამეში დაგეთანხმოთ, მაგრამ ყველაფერში ვერა.
ამბობთ რომ ჩემი მოსაზრება "მეორე უკიდურესობაა" და თვლით, რომ "ვაითუ ჩვენებმა საკუთარის ნაცვლად სხვისი დაცვა დაიწყონ"
ეს კი ჩემი გაცხადებული მიზანია ამ შემთხვევაში.
დიახაც რომ!
ჩვენ უნდა დავიცვათ მეჩეთები,რათა თურქებმა დაიცვან ეკლესიები. ეს დაუწერელი კანონია.
ამ სიტყვებს მე ვერ ვიტყოდი ერთ ეკლესიაზე მაინც რომ მენახა ასე უღმერთოდ მორღვეული თაღი, თანაც რომ მცოდნოდა, რომ ეს ქვები სადღაც გვერდზე მეჩეთშია ჩაყოლილი.
არ ქნეს ეს თურქებმა სწორედ რაღაც ირაციონალურის პატივისცემით. არ გვინდა ახლა მხოლოდ მერკანტილური მოტივებით ამის ახსნა. არ არის სწორი.
ჩვენი ეკლესიები ქრონომეტრაჟის 99,99% ისევ თურქი გლეხების კეთილგანწყობაზე არიან დამიოკიდებულნი, ისინი ჩვენი მძევლები არიან.
ჩვენ კი, ტურისტები 0,01% დროს ვსეირნობთ ამ ეკლესიების ეზოებში.
ამ პოსტთან რა შუაშია, მაგრამ დაგთაგე: http://unaamarga.wordpress.com/2009/10/08/%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/
didi madloba gamoxmaurebistvis, me ,,liberalshi" gamokveynebuli statiis ert-erti avtori var.
It's actually very complex in this full of activity life to listen news on TV, thus I simply use the web for that purpose, and get the latest information.
My website - arsenal transfer news sky sports
Post a Comment