Monday, February 9, 2009

საბედისწერო უწესობა


საბედისწერო უწესობებზე დავწერე პოსტი ცოტა ხნის წინ,

საქართველოსთვის საბედისწერო უწესობებზე. უწესობებზე, რომლებიც უცნობმა ჩვეულებრივმა ქართველებმა ქართულ-ჯიგრულად იკისრეს, თქვეს ალბათ - წავა რაა-ო მაგრამ არ წავიდა. დედა გვიტირა მათმა უწესობამ.


ხოდა ახლა კიდევ ერთი უწესობა გამახსენდა ამავე კალიბრის, ერთი დებილის ჩვეულებრივი უწესობა, რომელიც საბედისწერო გახდა საქართველოსთვის.


1991 წელია. სსრკ ჯერ დგას და ძველებურად იბღვირება. საქართველოშიც "ვრემია" გადის ყველა არხზე საღამოს 10 სთ-ზე.
გუმბარიძის დანიშნულ არჩევნებში ერთმანეთს კომუნისტები და "არაფორმალები" დაუპირისპირდნენ.

ეროვნული მოძრაობა გაყოფილია, გამსახურდია, ნათაძე, კიდევ ვიღაცეები არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ.


ჭანტურია, წერეთელი და კიდევ ვიღაცეები ალტერნატიულ მთავრობას, ალტერნატიულ პარლამენტს -" ეროვნულ კონგრესს" ქმნიან და ყველა დანარჩენს მოღალატეებს უძახიან.

მოკლედ საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობი რამ, წინასაარჩევნო კომპანია თავდება, ხვალ არჩევნებია.

კანონმდებლობით არჩევნების წინა დღეს პროპაგანდა აკრძალულია.
ტელევიზიაც ამ წინასაარჩევნო დღეს ისეთი მშვიდია, "განვითარებულ სოციალიზმში" გეგონება დავბრუნდით ამ გაგანია "პერესტროიკიდან".

ხალხი დაძაბული და ამავე დროის იმედიანია.
(აი, მიიღებენ 9 აპრილის მომწყობები, აი გავხდებით დამოუკიდებლები და მსოფლიო აღმოგვაჩენს, აი...)
ამომრჩეველი მაინც ჭრელია: ზოგს სიახლე ეშინია, ზოგს ძველი არ ეთმობა, ზოგს ერთი ლიდერი ესიმპატიურება, ზოგი მეორეზე დებს თავს. მოკლედ, საქართველოში 20 განსხვავებული დროშა ფრიალებს, ავტონომიებთან ურთიერთობა ფრთხილად და პრინციპულადაა გასარკვევია.


დავუბრუნდეთ ისევ იმ წინასაარჩევნო (ბოლო სოციალისტურ) საღამოს.

პოლიტიკური პროპაგანდა შეწყვეტილია მაგრამ...
(ქართველები მაინც სხვა ყალიბის კრეტინები ვართ და..)
საღამოს 7 საათზე, როცა ყველა სახლში ნერვიული მოლოდინით ტელევიზორს მისჩერებია და ხვალინდელ არჩევნებზე ფიქრობს ტელეეკრანზე სამი ჯეელი ჩნდება მოულოდნელად.
მანამდე მიმდინარე გადაცემის შეწყვეტითა და შემცბარი დიქტორის წინასწარი განცხადებით, რომ ვინაიდან "ეროვნული კონგრესი" არ მონაწილეობს კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში, მათ არ ეხებათ პოლიტიკური ერთდღიანი მორატორიუმი, და უფლება აქვთ, რაც მოესურვებათ განაცხადონ.
"კონგრესელების" მოთხოვნით წინასაარჩებნო ტელეეთერი 10-20 წუთით ეთმობათ სამ ლიდერს: ირაკლი წერეთელს, რუსლან მიქაბერიძესა და მესამეს (ვერ ვიხსენებ ვის).


საქართვგელოს მოსახლეობას იმ დროს არ შეეძლო აერჩია ტელეპროგრამა. ყველგან ერთი არხი მაუწყებლობდა.

სტუდიაში სამ სკამზე (მაგიდის გარეშე) სამი პრიალა შავტყავკურტკიანი წვერიანი მოღვაწე დაჯდა.

სურათი 1937 წლის ტროიკას ინსცენირებას გავდა.

ილაპარეკეს თანმიმდევრობით. ერთი შინაარსით.
ცუდად ლანძღეს გამსახურდია, მოღალატე ეძახეს. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, უმაღლესი საბჭო სატანური ორგანიზაციააო (მოკლედ, აუნ სინრიკიოსთვის სანსეები იყვნენ).


ამ დროს მე, ჯერ კიდევ სტუდენტი ბავშვთა საავადმყოფოში ვმორიგეობდი საკუთარი სურვილით, გამოცდილების დასაგროვებლად. ამ გამოსვლას მიმღებში ვუყურე, უამრავი ადამიანით გარშემორტყმულმა.


შედეგი გითხრათ?


თუ გამოიცანით უკვე..

ხო, ეგრე მოხდა.
ყველამ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ხმის გამსახურდიასთვის მიცემა.
ყველამ; სანიტარმა, პროფესორმა, ავადმყოფის პატრონმა თუ თანმხლებმა ერთხმად თქვეს რომ ამ ხალხს საკუთარ მმართველად ვერ მოითმენდნენ და ერთადერთი საშუალება მათ შესაჩერებლად იყო გამსახურდიას არჩევა.


ასეც მოხდა.

საქართველომ გამსახურდიას მისცა მეტი ხმა, ვიდრე ეკუთვნოდა.
მრგვალ მაგიდას აღარ ჰქონდა საპირწონე, აღარ ჭირდებოდა მოლაპარეკებები და გათვლები.

იქნებ ის შეცდომებიც აქედან იყო, რომელიც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას დაედო არგუმენტად.


არადა...
არადა იქნებ ვიღაც უცნობი ტელევიზიის იმ საღამოს რედაქტორი (თუ პასუხისმგებელი მორიგე რედაქტორი) რომ ყოფილიყო საკმარისად წესიერი და საკმარისად პრინციპული, იქნებ, იქნებ...


იქნებ...

No comments: