2001 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საზღვრის პატრულირების ჯგუფის ექიმი ვიყავი.
ეს ჯგუფი(ჯგუფები) მუდმივად პატრულირებდნენ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე ჩეჩნეთის გადმოღმა.
მისიის მიზანი იყო დაედგინა, მართლა ეხმარებოდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო ჩეჩნებს და გადმოდიოდნენ თუ არა ჩეჩნები საქართველოში ჩრდილოეთი საზღვრიდან.
მისია შეიქმნა რუსეთის ბრალდების პასუხად, რომ საქართველო ჩეჩნებს ეხმარება იარაღით, აძლევს მათ სამხედრო წვრთნების ჩატარების პირობებს.
ეს სურათი შატილის ზემოთაა გადაღებული. უკან რომ ჩანს დიდებული (საქართველოს მთიანეთისათვის) შენობა ეუთოს მისიის ცენტრალური ოფისი იყო საზღვარზე.
ამ შენობაში ცხოვრობდნენ ევროპელი დამკვირვებლები როტაციიდან როტაციამდე.
როტაცია კი დაახლოებით კვირაში ერთხელ ასეთი ვერტმფრენებით ხორციელდებოდა.
ეუთოს შატილის გარდა წერტილები ჰქონდა ხევსურეთის, თუშეთისა და კახეთის რამდენიმე სოფელში, მაგრამ შატილის ოფისი მათ შორის საუკეთესო იყო.
თანამედროვე შენობა სრული კომფორტით, დასვენების კარგი პირობებით.
დასვენება კი ამ ხალხს აშკარად ეკუთვნოდათ, პატრულირების მარშრუტები ხომ ყოველდღიურად მანქანითა და უმეტესად ფეხით მთებში გადიოდა.
დღეში 10-20 კმ-ის ფეხით სიარული გვიწევდა.
მოკლედ რომ ვთქვა, შატილის ოფისით ეუთოელები ამაყობდნენ, სიხარულით აჩვენებდნენ შენობას სხვადასხვა კალიბრის დელეგაციებს. თვითონაც უხაროდათ, თუ ბაზირება შატილში მოუწევდათ და არა სხვაგან.
ეუთოს პატრულებს ქართველი ჯარისკაცები ყავდათ დაცვად.
ეს დაცვა საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობა იყო იმ მისიაში, რომლის არსებობა პირველ რიგში საქართველოს ჭირდებოდა.
ჯარისკაცებს ნაწილი მოშორებით ჰქონდათ, უშუალოდ შენობის გვერდით კი კარავში მორიგეობდნენ.
ერთხელაც შატილში ჩაგფრენილებს ეუთოს სანაქებო ოფისის წინ დიიდი მჭახე მწვანე ფერის სოფლის ტუალეტის (უბორნიის) კონსტრუქციის, ოღონდ 3 ჯერ უფრო დიდი ხის ნაგებობა დაგვხვდა.
ეუთოს დაცვის სამსახურს აუშენებია თავისი ჯარისკაცებისათვის, კარავის ნაცვლად.
..
ეუთოელები სახტად დარჩნენ, ერთმანეთს ნერვიული სიცილით ანიშნებდნენ ამ შენობაზე. ყველას ერთი აზრი გაუჩნდა, რომ ეს ნაციონალური თავისებურებაა ამ ტუზემცების, რომელსაც ისევე პატივისცემით უნდა მოექცე, როგორც ხევსურულ ადგილის დედებს და ხატებს. (ყველა ასეთი ადგილი ევროპელებს მონიშნული ჰქონდათ და ახლოს გავლისას ხევსურულ წესებს იცავდნენ: უხმაუროდ გაივლიდნენ, ახლოს არ მიდიოდნენ, მოკლედ მთიელთა (ხევსურები, თუშები) განწყობას ითვალისწინებდნენ.
ევროპელთათვის გასაგები ხდებოდა, რომ ამ შენობის ამშენებელი სახელმწიფოც ასევე კრძალვას და თანაგრძნობას მოითხოვდა, როგორც მთიელთა იზოლირებული თემები.
შეურაცხოფა გვერდზე გადადეს და ქირქილი ატეხეს , ეს რა ჯღანი ჩაგვიდგესო.
მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, ხორვატი დრაჟანი აღშფოთდა, შატილში დამხვდრ თავის კოლეგებს აუყვირდა - თვალები სად გქონდათ ამას რომ აშენებდნენო.
-ჩვენ რა შეგვეძლოო, უპასუხეს.
-რა და ხელიდან გამოვგლეჯდი იმ ჩაქუჩსო.
ეს პოსტი გგონიათ რომ:
2001 წლის ქართულ უღირსებო სახელმწიფოზეა?
ქართულ და ევროპულ კულტურულ სხვაობაზეა?
არა.
ეს პოსტი ხორვატებზეა
პატარა ევროპულ ახალდამოუკიდებლობა მოპოვებულ ნაომარ ერზე.
მცირერიცხოვან ერზე რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ გამარჯვების, ღირსეული ევროპული ქვეყნის, ღირსეული ადამიანების ქვეყნის მფლობელობის ღირსია.
ყოველთვის, როცა ხორვატების სპორტული წარმატების შესახებ ვიგებ (არადა ეს ძალიან ხშირად ხდება) დრაჟანი მახსენდება, თვითონაც ყოფილი სპორტსმენი, ალპინისტი.
კაცი რომელიც ქართველ ბედოვლათებს ხელში ხელს ჩაარტყამდა და ამ სიმბოლო-სიმახინჯეს არ დაადგმევინებდა, შეუსწორებდა, გაუუმჯობესებდა.
ალბათ კანონზომიერიცაა რომ დრაჟენი ხორვატული სპორტის ერთერთი უცნობი, იქნებ წარუმატებელი წევრი იყო. ასეთი ჟილკიანი ხალხი უნდა გყავდეს მასად, ბაზად, რომ მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოზარდო თითქმის ყველა სპორტში, რაც ყველაზე ძალიან მშურს მათი - გუნდურ სპორტებში (ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში, ფრენბურთში)
ჩვენ ქართველებს ხორვატების ჟილკის 20% რომ მოგვცა, იქნებ აღარ ვიფართხალოთ გაუთავებლად.
გაუმარჯოს დრაჟანს და ხორვატიას!
Tuesday, February 3, 2009
ერთი ფოტოს ისტორია.
Posted by cartwheel at 11:29 AM
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ხევსურეთი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე თქვენს პოსტებს... ხორვატების 'ჟილკაზე' არ შეგედავებით, მაგრამ თავად ხორვატია საქართველოსათვის ვერ იქნება კარგი მაგალითი: ქვეყანა რომელმაც ნაცისტურ წარსულს თვალი ვერ გაუსწორა, ქვეყანა, რომელმაც ბალკანეთის ომებისას უამრავი დანაშაული ჩაიდინა (თუნდაც სერბსკა კრაინას ეთნიკური წმენდა რად ღირს), ქვეყანა, რომელშიც ორგანიზებული დანაშაული სახელმწიფო სტრუქტურებში ღრმად აღწევს.... ეს არაა თანამედროვე სახელმწიფო, ეს უფრო ჟილკიან თანამოაზრეთა ბანდაა. საქართველოსთვის უკეთესი მინდა.
tvals cremli momadga
Post a Comment