Thursday, May 14, 2009

ვითომ რუსეთი არც არსებობს



"ჩვენ ქართველები " ვინ ვართ?
დღეს, როცა დაბნეული ქართველობა საყრდენ ორიენტირებს თვალების ცეცებით ეძებს, უფრო და უფრო ხშირად აკითხავს ეკლესიას. მართლმადიდებელ ჩვენს ეკლესიას.
პატრიარქი ლამისაა პოლიტადვოკატებზე ხშირად ჩანს ეკრანზე.
ჯერ გამოსდის..
გამოსდის ხრამის პირზე სიარული: ამბობს იმას, რაც არცერთი ძალის ინტერესებში არ შედის და რაც მთავარია იმას, რაც... ერთი შეხედვით არ უნდა თქვას.
არ შეიძლება პატრიარქმა ის მოითხოვოს, რაც არ ასრულდება. სტატუსის ამბავია.
მე როგორც ქართველი ათეისტი მას ვგულშემატკივრობ. მინდა შეუმცდარი იყოს. ეს საქართველოს სახელმწიფოს ჭირდება.
ბეწვის ხიდზე გადის მეთქი აი, ამაზე ვამბობ:
თქვა სახელმწიფომ ძალა არ უნდა გამოიყენოსო - იმუშავა.
"ტოპ-10ეულში" წმინდანები არ უნდა იყვნენო - არ გაუვიდა.
ჟურნალისტის მცემელი ხულიგნები გამოუშვითო - იმუშავა.
დიალოგია საჭირო ხელისუფლება-ოპოზიციას შორისო - იმუშავებს? მცდელობა იყო, ყოველ შემთხვევაში.

რისკავს!

ალბათ ის დუმილი აწუხებს, რომელიც 1991 წელს დაიცვა. ალბათ მაშინ ჩათვალა რომ არ უნდა წაეგო, არ უნდა დარჩენილიყო წაგებულის მხარეზე, ან თავისი სიტყვის ფასი უმნიშვნელო ეჩვენა და.. გაჩუმდა.

დღეს რისკზე მიდის. ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ამ ხელისუფლებამ მინიმუმ ორჯერ დიდი ვაივაგლახით შეინარჩუნა წონასწორობა. ორივეჯერ პატრიარქს შეეძლო დესტრუქციული ყოფილიყო, არ ქნა.
მართალი რომ გითხრათ, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მით უფრო 1991 წლის შემდეგ.


თავიდან დავინახე ეს კაცი.
დავაფასე.

აი, გუბაზი, ბათიაშვილი, გრეჩიხები, ნათელაშვილი და სხვები კონსერვატიულები (ლამაზად რომ ვთქვათ) აღმოჩნდნენ, პატრიარქი კი - პატრიოტი და მოდერნისტი.

ვისურვებ რომ ასევე გაეგრძელებინოს. ძალიან შევწუხდები, თუკი ერთხელაც მისი ძალაუფლება დესტრუქციული გახდება. ერთ შეცდომასაც კი შეუძლია მისი ეს დღევანდელი როლი ყველას დაავიწყოს და ისტორიაში შევიდეს ერთი დესტრუქციული ფრაზით, რომელსაც ქვეყნის აყირავება მოჰყვება. ჩვენი ქვეყანა ხომ ქანქარის რეჟიმში აგრძელებს არსებობას.


ეს შესავალ ფრაზას მოყოლილი აზრებია. დღევანდელი პოსტის სათქმელს კი ახლა ვიტყვი.
დღეს myvideo.ge-ზე ეს ჩანაწერი ვნახე.

რომელი ხართ უფრო ქართველი ამ აჭარელ ბიჭზე?
თუნდაც უფრო კონსერვატიული, წარსულის პატივისმცემელი და პატრიოტი?
ქართველებმა ერთმანეთი უნდა დავინახოთ:-ქრისტიანებმა მუსულმანები,
-მოდერნისტებმა ტრადიციონისტები,
-უმრავლესობამ უმცირესობა,
-უმცირესობამ უმრავლესობა,
-მორწმუნეებმა მატერიალისტები,
-მთავრობამ ხალხი,
-52%-მა 48%,
-48%-მა 52%,
-ხალხმა მთავრობა,
-გრეჩიხისტებმა მიშისტები,


მოკლედ ქართველებმა ქართველები უნდა დავინახოთ.

ოღონდ, ცოტა მეტი თანაგრძნობით.
ცოოტა მეტი თანაგრძნობით.

დღეს კი ერთმანეთს ვერ ვხედავთ
.


არ თქვათ ახლა მთავრობის ბრალიაო, ასე ვართ უკვე 20 წელია.
ეს საქართველო ხომ ყველასი ამათია თანაბრად.

ჯერ ჩვენ უნდა ავაშენოთ ყველა ამათი ერთიანი ქვეყანა რომ მერე ამ ქვეყანაში მოვიწვიოთ ოსები და აფხაზები ჩვენიანის სტატუსით. სხვა გზა არ არის, არც არასდროს ყოფილა.
ვითომ რუსეთი არც არსებობს, ისე უნდა ავაშენოთ ახალი სახელმწიფო.ან.. შევეგუოთ იმ ვაშლის ნაჭამში ცხოვრებას , "უცნობი" რომ გვიბეჭდავთ თავში.

P.S.ეს ვიდეო მეორეჯერაც ნახეთ (მოუსმინეთ), და მოუსმინეთ ბოლო ფრაზას, და.. გასკდი გულო.

No comments: