Saturday, May 23, 2009

მე და ჩემი ლიფტი

2002 წელს, როდესაც ჩემი სადარბაზოს ორიდან ერთადერთი მომუშავე ლიფტი თითქმის ყოველთვიურად ერთი-ორი დღით ჩერდებოდა დენის გადაუხდელობის გამო, როცა მცირე რემონტის საჭიროებაც ულიფტოდ გვტოვებდა კვირების განმავლობაში, როცა ხალხური ფოლკლორის ჰიტი-მარგალიტები იყო "მე ლიფტით არ დავდივარ", "მაშინ ნაგავი სანამ ჩემამდე არ ამოვა ნაგვის ფულს არ გადავიხდი", "ყოველთვიურად სამი ლარი რა ამბავია, მდიდრდებიან მეზობლების ხარჯზე", აი ასეთ დროს გადავწყვიტე მთელი ჩემი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა მომეკრიბა და ლიფტში ავტომატი დამეყენებინა.

ეს ავტომატები უკვე ერთი თუ ორი წლის გამოჩენილი იყო ქალაქში და ერთხელ "ევრონიუსის" რეპორტაჟშიც კი მქონდა ნანახი, როგორც თბილისის ღირსშესანიშნაობა.
საწყისი მონაცემები საიმედო იყო:
ლიფტის მუდმივი ხარჯი იყო დენი დაახლოებით 30 ლარი და ლიფტიორი 25 ლარი.

ჩემი ვარაუდით 12 სართულიან სადარბაზოში ავტომატს ყოველთვიურად 100 ლარი უნდა დაეტოვებინა. ყოველთვე 50 ლარი დიდი ფული იყო (2002 წელს განსაკუთრებით)

მეზობლებში იდეის პრომოცია ჩავატარე: შიდა განათებას გავაკეთებთ (არ გვქონდა), ეზოში ერთ პროჟექტორს გადავკიდებ, ჩამოსასვლელ კიბეს (რომელიც ყინულივით იყო დამდნარი) აღვადგენ, ლიფტს დავასუფთავებინებთ, ერთი კედელი, რომელიც ვიღაცის წიხლის შემდეგ 4 წლის ბავშვის ზომაზე იყო გამონგრეული (წლების განმავლობაში), და რომლის შიშითაც მეგობარმა ჩემთან სტუმრად მოსასვლელად თავისი ბავშვი ვერ დაითანხმა , გავაკეთებთ, სადარბაზოს წინ პალმას დავრგავ, ეზოში ონკანს გავიყვან. ..
მეზობლები უნდობლად მიყურებდნენ. მინდოდა ვინმეს ჩემთან ერთად აეღო პასუხისმგებლობა ამ საქმეზე. ეს საჭირო იყო საქმისათვისაც (მე მაშინ 3 სრულ შტატზე ვმუშაობდი ექიმად) და უაზრო ეჭვების დასაძლევადაც. ვერავინ დავიამხანაგე. ის ქალები, რომლებიც თითქმის ყოველთვიურად კრეფდნენ სადარბაზოში ლიფტის ფულს, რისთვისაც თითქმის ყოველთვე უწევდათ უაზრო კამათი და პრეტენზიების მოსმენა მეზობელთაგან, არ წამომყვნენ. ჩვენ ამ ხალხს ვერ გავუძლებთო. მე კი უსაზღვრო ოპტიმიზმი მქონდა, დაინახავენ თავისი თვალებით რაცაა და როგორცაა, მიხვდებიან რომ ეს მათთვის სასიკეთოდ კეთდება და მერე მომეხმარებიან მეთქი. თავიდანვე არ შევუშინდი მოსალოდნელ ეჭვებს ჩემს მიმართ ლიფტის საერთო ფულის მოტეხვის შესაძლებლობაზე. ჯერ ერთი, ჩემს და ჩემი წინაპრების ოჯახს იცნობდნენ, ვერ უნდა ეეჭვათ ჩემგან უნამუსობა და მეორე, ვაპირებდი სამ თვეში ერთხელ დეტალური ფინანსური ანგარიში ამომებეჭდა და დამერიგებინა ყველა ოჯახისათვის.

მოკლედ, ავიღე ჩემ თავზე წვალებაც და ხარჯიც (ფულს თანდათან დავიბრუნებ მეთქი) დავხარჯე 320 ლარი (დიდი ფული) და სალარო აპარატი დავაყენე.

სალაროს ორი ბოქლომი შევაბი, ერთი მე მქონდა, მეორე კი მეზობელს ცალცალკე ვერცერთი ვხსნიდით. კვირაში ორჯერ შევიკრიბებოდით, გავხსნიდით ერთობლივად აპარატს, ამოვიღებდით ხურდას, დავთვლიდით და ხელს ვაწერდით.

თანხა სავარაუდოზე მეტი ამოვიდა!
აი ახლა დამაფასებენ რომ ნახავენ რა ყოჩაღი ვყოფილვარ მეთქი, რომ დაინახავენ განათებულ (მანამდე ჩაწკვარამებულ) ეზოს მეთქი.
მაგრამ დაიწყო დასანანი წვრილმან მსხვილმანი დროებითი "შეფერხებების" მთელი სერიალი.
ლიფტის კარის მოტორი დაიწვა, სათადარიგო ტროსი გაცვდა, ლიფტის მოტორის დეტალი მოიპარეს ლიფტის მოტორის ოთახიდან. ამ საქმეში ჩემი ოჯახიდან გასულ თანხას ამოღება აღარ ეღირსა კარგა დიდი ხნით, პირიქით, ყველა ამ ავარიის დროს ისევ ჩემს ფულს ვხარჯავდი ერთბაშად დასახარჯად და მერე 10-20 ლარებით ვიბრუნებდი.

აღარ დადგა ჩემი დაპირებების აღსრულების დრო. ერთადერთი რაც თავიდანვე შევძელი იყო ლიფტის კაბინის რეგულარული დასუფთავება და გამონგრეული კედლის შეკეთება.

ლიფტის ყველა გაფუჭება კი მთელი სამეზობლოს თვალში ჩემი ბრალი იყო, არადა ხშირად ფუჭდებოდა 25 წლის ლიფტი.
მირეკავდნენ, პასუხს მთხოვდნენ, მოითხოვდნენ, ხომ ვიხდითო ორჯერ 50 თეთრიასნიც კი ჩავაგდეო და ა.შ.

ჩემი ენთუზიაზმი ამ გამოცდას უძლებდა. გაუძლო მას შემდეგაც რაც ეს აპარატი ... მოიპარეს.

ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი გამიხდა: ახალი აპარატი, ახალი ხელოსანი, 2 კვირა უფასოდ მგზავრობის ხარჯის ვალი..
ავაწყვე თავიდან, ჩემს ხარჯებს უკვე აღარ ვუყურებდი, უნდა გავსულიყავი ჩემი პირობების შესრულების კონდიციამდე. ათჯერ მეტი დრო წამართვა ვიდრე ვფიქრობდი. (ყველაფერი საქმე გახდა: ფულის გადახურდავება, გადახერხილი ბოქლომების შეცვლა, რომ ვერ გადავხერხეთ ერთერთი ძალით გაფუჭებული ბოქლომი, მოსაჭრელად ელიავადან შემდუღებლის მოყვანა, 30 დეკემბერს 30 პროფილაქტიკისა და საწყობის დარბენა რაღაც მითიური ლიფტის კარის დეფიციტური შკივისთვის. ლიფტის შახტაში ხანძრის გამო კაბელის დაწვისა და შეცვლა, ვერ მოვთვლი ყველას..

6 თვის მერე ქალაქგანათების "კალათა" ვიქირავეთ და ეზოში განათები გავაკეთეთ. 3 ნათურა სამი სადარბაზოს წინ. ჩემი სადარბაზოს წინ ვერ გააკეთეს, მეზობლის ტალავერმა შეუშალა ხელი.
რაღაც ჯადოთი ეს ლამპიონის ნათურები ხშირად იწვებოდა. თავიდან მივდიოდი ხელოსნებთან, ვეჯღანებოდი, გიჟი ვეგონეთ ალბათ.
ეს ყველაფერი კი იმ მონოტონურ ფონზე რომ, სალაროში ფული ხან იჭედებოდა (წინასწარ ჩაგდებული ნაგვის, ასანთების, პლასტიკატების გამო) ან ვარდებოდა და ყლაპავდა (ანუ ლიფტი არ მოძრაობდა).
გამოიძახა კაცმა ლიფტი, მოვიდა ჩაჯდა, უნდა ზემოთ ავიდეს და.. ვერ ადის.. ჩემს გამო. ასე იდგა საკითხი.

"მოვხსნათ რაა", "შეიკრიბება ეს ოხერი ფული", "ხომ იკრიბებოდა ადრე არაა", "მოიგონებენ რაღაც -ობას".

გაჩნდა უფრო თამამებიც, სად მიაქვს ამდენი ფული?
(მხოლოდ 5 და 10 თეთრიანი ვარდებოდა და ისიც მხოლოდ ასვლაზე). ჩამოსვლა უფასო იყო, მაგრამ ეჭვიანები მაინც გამოჩნდნენ.


2 წლის თავზე ბაზრობაზე პატარა პროჟექტორი ვიყიდე და აივნიდან გადავკიდე, მთელ ეზოს მისწვდა, კუნაპეტი აღარ იყო.

ამასობაში ლიფტის დენის ხარჯი 30 ლარიდან 70 ლარი გახდა, ლიფტის დასუფთავება 8 ლარიდან 20 ლარამდე დამიჯდა (მეზობლის უმუშევარი ქალი ამ საქმეს ისე გულმოდგინედ შეუდგა, რომ მერე სხვა მეზობლები გადმომცემდნენ მის დანაბარებს, მომიმატოს ფულიო, მოვუმატე).
ლიფტის ძრავის ოთახს რკინის კარი შევაბით, ხარჯი იყო ესეც.

კიდევ ბევრი, ვერ ვიხსენებ ახლა.

ფულს ყოველთვის კაპიკ-კაპიკ ვწერდი და ანგარიშს (შემოსავალი, გასავალი, ნაშთი) ამობეჭდილს ვაბარებდი მეზობლებს.
ლიფტიორს, ლიფტის გაფუჭების შემთხვევაში მხოლოდ მე ვურეკავდი მობილურით. ახლაც არ იციან მეზობლებმა ხელოსნის მობილური, ბევრმა არ იცის. მე მირეკავდნენ სახლში, ჩემები მობილურზე რეანიმაციაში, სადაც თვეში 16 დღეს ვმორიგეობდი და მე იქიდან ვურეკავდი ლიფტიორს,თითქოს მე ვყოფილიყავი მოცლილი. კარგი სერვისია არა, და მუდმივი ტვირთი იმისა რომ ეს ხალხი მე მთვლის პასუხისმგებლად ლიფტის გამართულ მუშაობაზე.


ერთხელ ერთერთ ანგარიშში დავუწერე კიდევაც, მე არც ჯადოქარი ვარ და არც ლიფტიორი, მე არ ვარ ლიფტის მუშაობაზე პასუხისმგებელი, მე გპირდებით რომ ამ საქმეს, აკრეფვას, განაწილებას, მისვლა მოსვლას, მოყვანას, დროის ხარჯვას გავაკეთებ, და გავაკეთებ ისე რომ ჩემს ოჯახში აქედან კაპიკი არასდროს არ შევა, მაგრამ.. არასოდეს შეგპირებივართ რომ ლიფტი იმუშავებს მეთქი.
2005 ში ჩემი მბჟუტავი ეზო მერიამ გააბარჩხალა, მთელი ღამე 8 ლამპიონი ანთია, ჩამოსასვლელი კიდეები ახალი ბეტონით გააკეთა და მუაჯირიც გაუკეთა , შუა ეზოში ნაგავსაყრელად დარჩენილი ამოღებული გრუნტის ნაცვლად სპორტული მოედანი გააკეთა, თავისი განათებით, წყლის ფანტანიც დადგა, ბავშვთა სასრიალო-საქანაოც და კვირაში ერთხელ 5-10 მეეზოვეც "შემოუსია" დასალაგებლად. ამ მეეზოვეებმა ისეთი კუნჭულებვიც კი დამოწმინდეს, არასდროს რომ არ დაგვილა.


აი პალმა კი არ დაურგიათ, ფიშტი მათ.


სალარო აპარატი კი მეორედაც მოიპარეს და მეც გავთავისუფლდი, ერტერთი ვარ, ერთერთი მგზავრი, კრიბონ, იხადონ, არემონტონ, უჩემოდ!

ალბათ სამოცდაათმა პროცენტმა გრეჩიხას მისცა ხმა.
იქნებ მეტმაც.

6 comments:

Anonymous said...

არადა რას ერჩოდი შენს თავს )))
ქართველებში ეგ ჩვეულებრივი ამბავია
გვინდა ფეხი ფეხზე გადავიდოთ, და მშვიდად ვიცხოვროთ. პასუხისმგებლობა სხვებს ავკიდოთ, სხვებმა აკეთონ ჩვენი საქმე
რაც მთავარია მერე ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ ის ადამიანი
რა თქმა უნდა არ უნდა ვიმუშაოთ, მარა ბევრი ფული მაინც უნდა შემოგვდიოდეს...
მარაზმ...
ყოველ ახალ პრეზიდენტს იმიტომ მისდევენ კუდის ქიცინით, რომ იმედი აქვთ, ის ეგეთ ცხოვრებას მოიტანს
მაგიტომ მოიყვანეს მიშა და გრეჩიხაც მაგიტომ უნდათ

Anonymous said...

იმიტომაც არ გვეშველება არაფერი!

Carrie said...

ასეა რა... გამოდიან პროფესორები, იმას არ უყურებენ, რომ ვიღაც შენ მაგივრად ანძრევს ხელს.
ჩემი მეზობლები იყვნენ ამერიკელები და (სანამ ეს მიშები მოვიდოდნენ) ერთ დღესაც ცამოვიდნენ ეზოში მთელი ოჯახი, გამოიტანეს გადაგდებული პაკრიშკები, ეზოს ანაგვიანებდა, შეღებეს და მიწაში ჩაარჭეს. მთელი საღამო მეზობლობა იმაზე ჭორაობდა, ნეტა რათ უნდოდათო. მეორე დღეს კიდევ ბავშვები ისე გაერთნენ ამ პაკრიშკებზე ხტუნვით, რომ სახლში ამოსვლა არ უნდოდათ. ნაგავიც მოაშორეს, არც დაწვეს იმიტომ რომ ეკოლოგიას გაუფრთხილდნენ და ბავშვებიც გაახარეს... ესეა რა.
შენ კიდევ +++ კარგი ბლოგისთვის, ამის მერე შენი სტუმარი ვიქნები ხოლმე სულ :)

ნინი said...

რა დაუნახავი მეზობლები გყოლია, უიმე! ისე, რაღაც ჩემი ლიფტის ფულის ამკრეფი მეზობელი ყოველ თვე ზრდის სტავკას და ხო არ დავინტერესებულიყავი მეც?! :)

Keti said...

და ასეთ მოსახლეობიანი ქვეყნის მართვა როგორი იქნება...

Anonymous said...

Hi are using Wordpress for your site platform?
I'm new to the blog world but I'm trying
to get started and set up my own. Do you need any html coding knowledge to make your own blog?
Any help would be greatly appreciated!

Review my homepage buy followers on instagram