Tuesday, January 5, 2010

bavshvi.ge

დედამიწაზე მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს.
ღმერთმა ამრავლოთ, მე რას მიშლიან. მეც არ ვუშლი მათ არსებობას. ზოგზოგიერთს ვშველი კიდევაც უფრო ცოტას კი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით დასაკარგი სიცოცხლის შენარჩუნებაშიც ვეხმარები. პროფესია მაქვს ასეთი- რეანიმატოლოგი.

სხვათა შორის ეროვნების, სქესის, ასაკისა და მრწამსის მიუხედავად.
დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ მომიწიოს პუტინის,არძინბას,კოკოითის თუ ბეღაფშის გადარჩენაში მონაწილეობა, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. იმიტომ რომ ჯერ ადამიანი ვარ და მერე ექიმი.

თუ მკითხავთ, იქნებ ადამიანობასა და ექიმობას შორის ქართველობას აქვს ადგილიო, დაგეთანხმებით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მე ქართველი ექიმი ვალდებული ვარ, ვიყო ჯერ ადამიანი და მერე ჯარისკაცი.
ეს პაციფიზმი არ არის. ვყოფილვარ ჯარისკაცი, და მიოცნებია გამარჯვებაზე, ანუ მტრის დამარცხებაზე. მაგრამ ახლა, სანამ ექიმი ვარ, მოხარული ვიქნები თუკი თუნდაც მტერს სიკვდილს ავაცილებ.
08.08.08 მორიგე ვიყავი ღუდუშაურში. პირველი დაჭრილი, რომელიც საავადმყოფოში შემოგვივიდა ოსი იყო - ქოქოშვილი, კოკოითის მოგვარე. გულმკერდში იყო დაჭრილი, პლევრა გორის საავადმყოფოში ჰქონდა დრენირებული და მართვით ანუ აპარატულ სუნთქვაზე იყო. აპარატულ სუნთქვაზე ავადმყოფს უნდა ეძინოს, თუკი ექიმი შეატყობს რომ პაციენტი იღვიძებს და შეიძლება აპარატს შეებრძოლოს აგზნებული, უნდა შეუყვანოს დამაძინებელი წამალი.
საავადმყოფოში შემოსვლისას ქოქოევი მძინარეს გავდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეღვიძა, მაგრამ მონდომებული ცდილობდა თავი მომაკვდავად მოეჩვენებინა.
იცოდა ალბათ, რა პასუხისმგებლობა აიკიდეს კიდევ ერთხელ მისმა ნათესავებმა, როცა ქართველებს კიდევ ერთი ომი დაატეხეს.
გადარჩა კარგად არის სადაც არის, იმედია.
მანამდე 2002 წელს ცხინვალში ჩემი პროექტით 1000ც. "დედის კალენდარი - სახელმძღვანელო მშობელთათვის" ჩავიტანე და ოს ქალებს სამშობიეროებში დავურიგე. ძალიან გამეხარდება თუკი დღესაც ოსურ ოჯახში ჩემი სახელმძღვანელოთი ზრდიან ბავშვებს.

bavshvi.ge
აქ არის ქართული ოსური და რუსული ვერსიები. აფხაზურიც მაქვს, მაგრამ ვერ ჩამისვეს პროგრამისტებმა რატომღაც.




არადა სულ სხვა პოსტის დაწერასდ ვაპირებდი,,

No comments: