Tuesday, January 19, 2010

შუალედური ანდერძი




ათეისტი ვარ. ჭიები შემჭამენ. სიკვდილი აუცდენელი რეალობაა, ის მოვა.
როდის? უცნობია ჯერ.
მე თვითონ მის მოახლოებას არ ვაპირებ, არც ასაკით მიწევს, მაგრამ დღეს ისეთ იშტაზე ვარ შუალედური ანდერძი უნდა დავწერო. (ხომ არის შუალედური არჩევნები).
არა იმიტომ, თითქოს ცელი დამენახოს სადმე, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი რომ ყველა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა დაწეროს პერიოდულად, მიუხედავად იმისა რა ქონების ოპატრონია და აპირებს თუ არა სიკვდილს.

თანაც რომანტიული მიზეზი მაქვს ანდერძის დასაწერად - პარიზში მივფრინ-მოვფრინავ. ეკუთვნის ამ მოვლენას ჩემგან დაფასება. სენტიმენტებმა არ გძლიონ, იცოდეთ რომ ამ პოსტს თვითკმაყოფილების ზენიტში ვწერ.


ქონებას აქ არ დავწერ, ნოტარიუსთან იხილეთ (სინამდვილეში ჯერ არ ვაპირებ არც სანოტარიუსო ანდერძის წერას).

აქ სხვა ქონების განკარგვის დალაგება მინდა (ჩემს შემდეგაც და ახლა ჩემთვისაც).
ეს ჩემი სუბიექტური ქონებაა. ეს ისაა, რაც სიკვდილის შემთხვევაში უპატრონოდ მრჩება და არ მინდა რომ გაქრეს.
სუბიექტური ქონება იმიტომ დავარქვი, რომ ის ჩემი პირადია, პირადი პოზიციის ჟილკის, მონდომების შედეგია და არა პროფესიულ-სოციალური.
მხედველობაში ის მაქვს, რომ არც ჩემი პროფესია და კარიერა და არც ოჯახურ-მრავალშვილიანი (3 მრავალია?) სტატუსი არ მთხოვდა დამეხარჯა დრო და ფული, მქონოდა სამყაროს შეცვლის ჩემი გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად ჩემს გარშემო, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში შემეცვალა გარემო თუნდაც ერთი გოჯით, ოღონდ სწორი მიმართულებით.

კი შევცვალე. ერთი ადამიანის კვალობაზე ცუდი შედეგი არ არის.
არ მაქვს მხედველობაში ის, რომ ჩემი პროფესიის შესაბამისად ადამიანიების სიცოცხლის შენარჩუნებაში, პროცესში რომელიც სტრუქტურას (სავადმყოფო) ადამიანებს (სამედიცინო პერსონალი, ბევრი კარგი ადამიანი) და აპარატურას (ძვირიან, ძალიან ძვირიან აპარატურას) თხოულობს , მეც მიმიღია მონაწილეობა და ბევრჯერ მთავარი საქმე (ფიზიკურიც და საპასუხისმგებლო გადასაწყეტიც) მე გამიკეთებია.
ასეთ საქმეს რომ მოგანდობენ ნემსის ყუნწში უნდა გაძვრე, ცხრა პირი ტყავი გადაიტყავო და უნდა შეასრულო, ეს მარტივი არჩევანია. ეს პროფესიულ-კარიერული სტანდარტული ბილიკია, ამიტომ მასზე არ ვილაპარაკებ.
სხვა მაქვს საქმელი-საანდერძო.
შუა გზაში მაქვს მიტოვებული საქმეები, რომელთაც თქვენ უნდა გაუძღვეთ. ეს საქმეები მომავალში უფრო მეტ მნიშვნელეობას შეიძენენ, ან უკვალოდ დაიკარგებიან თუ არ მიეშველეთ. სხვისმა ბამბამ რამდენიც უნდა იმდენი იჩხრიალოს, მე ჩემი ოქროს ბედი მაწუხებს, ჩუჩუნებს, არ ჩხრიალებს, არადა ოქროა.

ბერნის ხელშეკრულების შესაბამისად თქვენ , ჩემო შვილებო *უფლება გაქვთ გამოსცეთ "დედის კალენდარი" და "ერთიდან 7 წლამდე" პირველი გამოცემიდან 50 წლის განმავლობაში. "ძიძის სახელმძღვანელოც" ნაწილობრივ ჩემი კოპირაითითაა გამოცემული.
საიტი bavshvi.ge, რომელშაც დღეს 60 მკითხველი აკითხავს ყოველდღიურად ასევე მისახედია.
ანდერძად არა, რჩევად კი გეტყვით - შეგიძლიათ გამოსცეთ ფორუმზე ჩემი თემა "შემეკითხეთ, გიპასუხებთ" ოღონდ წინასიტყვაობაში უნდა მიუთითოთ რომ "მამა პრეზიდენტის პირადი ექიმი კი იყო, ოღონდ თქვენთვის არასდროს უთქვამს ათანხმებდა თუ არა მიშასთან თავის პოსტებს" (ინტრიგაა ერთგვარი).
თუკი მოგენატროთ, სევდა-კაეშანს ნუ მიეცემით, ჩემი ბლოგი წაიკითხეთ, ან ფორუმზე ნახეთ ჩემი თემები.
და კიდევ, ნუ შემიცოდებთ, ბედნიერი კაცი ვარ და იმედია სიცოცხლის ბოლო წამს იგივე გრძნობა მექნება. იმედია იმ მომენტში მადლობელი ვიქნების ღმერთის რომ ვიყავი და რომ მყავდით, თანაც კარგები.
ცოტა ხანი არ მიცოცხლია, სიცოცხლეს "წუთისოფლად" ანუ უსამართლოდ ხალმოკლედ არ ვთვლი, პირიქით ჩემი ორიენტირია სიტყვა "საუკუნე" და არა სიტყვა "წუთისოფელი" .ადამიანისთვის 100 წელი იმდენად დიდი დროა, რომ იმის უკან უკუნია, დავიწყებული უკუნი, იმის წინაც უკუნია, წარმოუდგენელი უკუნი. მართალია ცივილიზაციამ კაცობრიობას მეტი სიცოცხლის ამბიცია გაუჩინა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ხანგრძლივი და შინაარსიანი ცხოვრება უკვე მაქვს ზურგსუკან. წინ ბონუსია.

P.S.ქელეხი არ გადამიხადოთ თუ რატომღაც ოდესმე მთვრალმა ავარია გავაკეთე და მოვკვდი.
ნუ დამმარხავთ, ლეშად ვეგდო ტყეში თუკი რატომღაც ოდესმე სიმთვრალის გამო ავარია გავაკეთე, მოვკვდი და სხვაც შევიწირე.
P.P.S....





ჩემო შვილებო *
ჩემი შვილები ამ ბლოგს არ წყალობენ ჯერ, ასე რომ თუკი მართლა ისინი წაიკითხავენ ამ სიტყვებს, დიდი ალბათობით მართლაც მონატრებული ვეყოლები:(.

No comments: