Monday, December 20, 2010

სუფთა სისხლის  და არამარტო სუფთა სისხლის ქართველებს.


 
ანუ ქართველებს,რომელთაც წინაპრებში არაქართველი არ ეგულებათ და იმათ ვისაც წინაპრებში არაქართველები ჰყავთ. 

ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, გამოვიარეთ და შორსაც არ გამოვცდენილვართ დროს, როდესაც ტელევიზორში დღეში ერთხელ  გაიგებდი ერთერთს ამ ფრაზათაგან:
ქართველი კაცი ყოველთვის, 
ქართველი კაცი, 
ქართული ჯიში,
ქართული სისხლი, 
ქართული გენი, 
სუფთა ქართული,
წმინდა ქართული,


იმავე დროს ხშირად მოისმენდით, რომ რომელიმე მოღვაწე ( პოლიტიკოსი, ხელოვანი, საზოგადო მოღვაწე)  რომელიც ქართველია გვარით, საქმიანობით, ენით, თურმე სომეხია, ებრაელია, ოსია. რომ თურმე მას დედა ან ბებია ან ბაბუა ნაღდი სომეხი ჰყავს, ან გაიგებდით რომ მისი გვარი სომხურია, ოსურია და ა.შ. 
აქ ამ ადამიანის შეფასება თავდებოდა და იგულისხმებოდა რომ, რა თქმა უნდა ის ცუდია და საქართველოსთვის უსარგებლოა, ან სულაც საფრთხეა, ქართულ გვარს ამოფარებული მტერია.
მოსაზრების ავკარგიანობის შესაფასებლად მისი ავტორის ბაბუა ბებიის გვარიშვილობის მოჩხრეკვამ ხეირი არ დაგვაყენა. 
მაგრამ შლეიფი მაინც დატოვა, ადამიანების სუფთა ქართველებად და შენიღბულ ქართველებად დაყოფის მანკიერი მიდრეკილება ჯერაც არაა დავიწყებული პრაქტიკა. 
თუკი 150 მილიონიან რუს ერს შეუძლია უპრობლემოდ მიიწეპოს ათასი არარუსი ადამიანი რუსად, ჩვენ რა  ყირაზე ვართ, რომ არაქართველს კი არა ნახევრად მეოთხედად, მერვედად და მეთექვსმეტედად არაქართველ ქართველსაც პირველ საიდენტიფიკაციო ნიშნად მის სომხობას, ოსობას, რუსობას და ა. შ. მივიჩნევთ? 

და ვინ ვიცით ჩვენი საკუთარი გენები და ამ გენების ეროვნულობა 4-5 თაობის იქით?
ალბათ არავინ, ზოგიერთი გერბიან გენიალოგიურ ხიანის გამოკლებით. 
გენიოლოგიას რომ შევეშვათ და სარკეში ჩახედვისას მეტი ლოგიკა მოვიშველიოთ, მივხვდებით, რომ კახელებს სპარსული გენი მეტი გვყავს ვიდრე დანარჩენ საქართველოს, აჭარლებს თურქული, თუშებს დაღესტნური, ხევსურებს ჩეჩნური, თბილისელებს რუსული, სომხური, ებრაული, ახალციხელებს სომხური, ქართლელებს ოსური. მთელ საქართველოში შეხვდებით მონღოლურ გენს, რომელიც ჩანს, ნაკლებად ჩანს მაგრამ ასევე უდავოდ იქნება ჩვენში ბერძნული, აზერბაიჯანული, ხეთური და ურარტულ, ბაბილონური გენები. 
ვერავინ ვიტყვით რომ წარმომავლობით თბილისელი ვართ და სუფთა ქართული სისხლისანი ვართ. არცოდნა (საკუთარ გენებში არაქართველის არცოდნა) სუფთა სისხლის ქართველად არ გაქცევს. 
მე მაგალითად არავინ ვიცი ჩემს წინაპრებში არაქართველი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვიღაც მყავდა ან რუსი ან ევროპელი, ალბათ უფრო რუსი, ეგ ცალკე საკითხია. 

როგორ ვუყურებ მე ვთქვათ იმ ჰიპოთეტურ არაქართველ წინაპარს ჩემში, როგორც ჩემს ნაკლს, რომელიც უნდა მივაჩუმათო, თუ პატივს ვცემ როგორც სხვა წინაპრებს წინაპრების უსასრულო ჯაჭვიდან, რომელთაგანაც ერთერთიც კი, რომ არ ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მე და ჩემი შვილები არ დავიბადებოდით.

ჩემგან განსხვავებით ჩემი მეზობლის, მტკიცე მართლმადიდებლის და ჯიუტი პატრიოტის, სახელად არმაზის ოჯახმა იცის, რომ მათ გენში კოკოევის სისხლიც ტრიალებს.
მე მინდა, რომ მას არ ჰქონდეს გაორებული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელიც მას ძალიან უყვარს.

ასევე არ მინდა, რომ ჩემ სამშობლოს ჰქონდეს მის მიმართ გაორებული დამოკიდებულება,
მარტივი საქმეა - ქართველი ქართველია.

და მიტუმეტეს დღეს, კაცი თუ ქართველობს, ესეიგი უამრავ ტკივილს იღებს საკუთარ თავზე, და დააფასეთ, ნუ კი იუკადრისებთ.

080808 ომის პირველ ღამეს საავადმყოფოში ომიდან პირველი დაჯრილი ქოქოშვილი სემომივიდა. ის მაშინ ქართველი მსხვერპლი იყო, ის რუსეთის ფრონტის გადაღმა მყოფი მოგვარე - კოკოევი/კოკოითის ნასროლი ყუმბარის ნამსხვრებით კვდებოდა.
ჩოჩიშვილი ქართული გენის დიდებაა - ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში, ჩოჩიევი ქართული გენის მტერი, ეთნოწმენდის მთავრობის წევრი.
გუცაევმა ის გოლი გაიტანა, რომლის განმეორებითი ჩვენებაც ქართველებს მეოცე წელია არ გვბეზრდება, მან აფხაზი დარასელიას გაქვითული გოლი აქცია მოგებად.
ჩემი კამანდირი გუმისთაზე მოხალისედ წასული სარქისოვი იყო,ჩემგან ერთ კილომეტრში ვოვა სელიპანოვი, ისიც სომეხი ბიჭი მოკლეს აფხაზებმა, ერთი დღის შემდეგ აზერბაიჯანელი "პიკროი".

დავუბრუნდეთ თითქმის სუფთა ქართველებს.
მეც ასეთი ვარ,მიუხედავად იმისა, რომ არავინ ვიცი არაქართველი ჩემ გაენებში, უბრალოდ არ ვიცი.
მე და თქვენ ერთნი ვართ, ნუ დაგაკომპლექსებენ ავყია მეწვრილმანეები.

ზემოთ გერბიან გენიალოგიური ხის მქონენი ვახსენე, ანუ ადამიანები, რომლებმაც თავისი წინაპრების 10 თაობა მაინც იციან, ისინი სახელოვან თავადაზნაურთა ან სულაც სამეფო გვარის წარმომადგენლები არიან და... მათ გენებში აუცილებლად ჰყავთ არაქართველები.

1 comment:

Anonymous said...

Hi there, I do think your blog could possibly be having browser compatibility issues.

When I take a look at your blog in Safari, it looks fine
but when opening in IE, it's got some overlapping issues. I just wanted to provide you with a quick heads up! Other than that, excellent website!
Look into my page : man utd transfer news 2011