Friday, December 17, 2010

ათი წლის წინ

ბოლო 7-მა წელმა ერთი ამოსუნთქვით გაირბინა, ვარდების რევოლუციის შემდეგ რაც მოხდა, თითქოს ყველაფერი გუშინ იყო.
იყო იმედებისა და იმედგაცრუებების, ქმნისა და ნგრევის, მშვიდობისა და ომის, თანაგრძნობისა და პრინციპულობის, ხავილისა და დოღრიალობის, მაგისტრალებისა და ხრამის კიდეზე სიარულის, ახალი სიამაყისა და ახალი მარცხების კოლაჟი ან..  აჯაფსანდალი.

მალე 2010 წელი გაილევა და მე მინდა ჩვენი 10 წლის წინანდელი ცხოვრება გავიხსენო.






2000 წელი:
თავი დავანებოთ იმას, რომ მასმედია კარგა 2-3 თვე გვართობდა მოსალოდნელი ციფრული კატასტფოფის შესახებ პროგნოზებით, რომელიც კალენდარში პირველ ციფრად 2-იანის აღმოჩენით უნდა დამდგარიყო, და რომელიც ჩვენ აგვცდებოდა, იმიტომ რომ ( აქ სიამაყე უნდა ჩაგვერთო, იმიტომ რომ) საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებს ბევრი არაფერი ესაქმებოდათ, არც მატარებელი დადიოდა კომპიუტერული პროგრამის მიხედვით და არც ელექტროენერგია ნაწილდებოდა  კომპიუტერით. 

2000 წელს ყველაფერი ისეთად დარჩა, როგორიც წინა წლებში იყო, დუნე, ცუდი და კანონზომიერი. 






კურიერი იწყებოდა რეპორტაჟებით ზუგდიდის, ოზურგეთის, ლაგოდეხის ან ქუთაისის მოედნებიდან, სადაც მარშრუტკის მძღოლები ან მოკლულის სამეზობლო, ან პენსიონერები ან ლტოლვილები შეკრებილიყვნენ და გულდათუთქულები და აღშფოთებულები ყვიროდნენ მათ თავის დატეხილი უსამართლობის გამო. ყვიროდნენ ხმამაღლა და მონოტონურად.  
როგორ შევასმინო ამ საწყალ ხალხს, რომ მიკროფონს რომ მოგიშვერენ, აღარ გჭირდება ყვირილი, ისაუბრეთ თავდაჯერებულად და მშვიდად, ასე უფრო საშიში იქნებით მთავრობისთვის თქო, გავიფიქრებდი ხოლმე, თან ვუთანაგრძნობდი, თან ყურებს ვხუჭავდი რათა მათი პრობლემები არ მიმეღო, ყოველ შემთხვევაში ამ შეფუთვით (ფეოდალური ჯანყის ელფერით).

აეროპტიდან ქალაქამდე გზა 20-40-ით, ზიგზაგებითა და მუხრუჭებით უნდა გევლო. 
ავლაბრიდან დაღმართზე მთავრობა აშენებდა და აგერუკვე მეორე წელია ვერ დაემთავრებინა კლდეში შეწრილ  ბეტონის უსახელო და გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობას, რის გამოც მეორე წელია დაღმართზე ერთი ხაზი გადაკეტილი იყო წითელკანტიანი თეთრი ( ოდესღაც თეთრი) მესერით. 

არ მქონდა კომპიუტერი, შესაბამისად არც ინტერნეტი. 
 არც მანქანა მყავდა და არც ხელფასი, ექიმ რეანიმატოლოგს ხელფასი 70 ლარი იმდენ ხანს არ მომცეს, რომ საბოლოოდ დაახლოებით 600 ლარი ვალი (70 ლარობით ნაგროვები) დღესაც ასაღები მაქვს იმ საავადმყოფოდან, საიდანაც 2002 წელს გადავედი.
ტანსაცმელს ვყიდულობდი სექენდ ძონძებში, ოღონდ ჩაწყობით, ფუთის გახსნისას, ჩემი ცოლის მეგობრის გამჭრიახობით. ქალაქში არცერთი ზებრა არ ემჩნეოდა გზას, ახალწელს კი პარლამენტის წინ ასლან აბაშიძის ნაჩუქარ ჩინურ ფსევდო ნაძვისხეს უკვე მეექვსეჯერ დგამდნენ, ქუჩის საახალწლო განათებები კი სოცტრუდის დამკვრელების მიერ იყო გაკეთებული შორეულ 80-იან წლებში. 
მარშრუტკები და ტროლეიბუსები მუშაობდა, არაუშავს, მეტროც. 
ოღონდ თუ მიაღწევდი ვაგონამდე, კიბეებზე ცალკე ცხოვრება ჩქეფდა-ხელბოსტან-წინდა-პლასტმას- წიგნების ბაზრობა. 

მენაგვეები, რომელთაც ბუნკერის ნაგავის გატანა ევალებოდათ, უცებ გამოიკვლევდნენ სამშენებლო ნაგვის ჩამომყრელის ვინაობას და ფულის გამოსართმევად აკითხავდნენ, კარებზე თვეში ორ- სამჯერ გვიკაკუნებდნენ: თელასის ხალხი, რომლებიც მთვლელი" შოჩიკის " გაჩერებას, თბილგაზის ხალხი, რომლებიც გაზის მთვლელის გაჩერებას, აიეტის ხალხი, რომლებიც აიეტიდან გამოსვლას და მასთან პირადად ნახევარ ფასად ანგარიშსწორებას გვთავაზობდნენ. 
სავალუტე ჯიხურებში ვითომ შემთხვევით ათ ლარს გაკლებდნენ, მერე უი, გადავითვალოო და 30 ლარ ნაკლულს გაჩეჩებდნენ, თუ მიუხვდებოდი, უცებ მოცვივდებოდნენ მისნაირი ვალუტჩიკი მებუტკე მეზობლები ტექსტით- აბა რა უნდა ექნა მთავფობაა თვითონ აფერისტიო. 
ბიჭები. ქუჩაში ვინმე მინისტრს რომ შეაგინებდნენ კორუფციული მაქინაციისთვის, მერე ინტიმური ხმით გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს- შენ რა, მაგის ადგილზე ეგრე არ იზამდი? აბა ამათ (თითი ზემოთ) არ მოუტყან დედისტრაკიო? 

თუკი ვინმე ოდესმე ციხეში იყო ნაჯდომი, აუცილებლად ერთი თავით უკეთ ცხოვრობდა ვიდრე წესიერი მუშაკი.

ქურდების და პარლამენტარების  ძმაკაცობა ყველაზე დიდი წამახალისებელი პირობა იყო ბიზნესის დასაწყებად . 


რიტუალების სასახლე, რომლის დაწეულ-ამოზნექილ კიბეებზე ბოლო დროს მეფე-დედოფალს   სურათის გადასაღებადაც არ აჩერებდნენ - ზემოდან რკინის დეკორატიული დეტალი ქანაობს, არ ჩამოვარდესო, პატარკეციშვილს მიჰყიდეს პირად საცხოვრებელ სახლად. 
კახი კალაძის მშობლებს მეხუთე ცრუ წერილი მიუვიდა აფერისტებისგან- ჩვენ გვყავს თქვენი შვილი, ფული აქ დადეთო. 
საქართველოში ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მორიგ ვიზიტს გეგმავდნენ, 
კოდორში საქართველოს პრემიერმინისტრი ორი კვირით  დატყვევებული ჰყავდათ "მონადირეს" მებრძოლებს, ვინმე ხორგუანი თუ გასვიანი თავის ხეობაში მდგარ რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის გადმომცემ ხაზებს იმდენჯერ ცხრილავდა, რამდენჯერაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძებდა, 
იმ წელს ვიღაც ღვთისნიერმა აკაკი წერეთლის ძეგლის გარშემო ლიფების და ნასკების გაყიდვა აკრძალა და მხოლოდ  სასკოლო წიგნებისა დაუშვა. 

რუსმა პილოტმა საქართველოში სამხედრო ვერტმფრენით გამოისეირნა და სოფელ ახიელის კოშკს ორი ჭურვი გაარტყა. 

გაგარინის მოედანზე პოლიციელს, რომელმაც ჩეჩნურ მანქანას , რომელშიც სავარაუდოდ (თქმულების მიხედვით) დუდაევის ცოლი მგზავრობდა, გაჩერება მოსთხოვა, ჩეჩნებმა ის მიწაზე განართხეს და ბეჭზე მუხლი დააბჯინეს. 

ყვაოდა პოლიტიკური თოქშოუები

დავანებოთ თავი ჩვენებურ მაზალოებს და მსოფლიოში გავიხედოთ
როგორი იყო მაშინ განვითარებულ მსოფლიოში ის, რამაც შემდეგ წლებში მსოფლიოსთან გადაგვაჯაჭვა, დაგვაახლოვა და ცივილიზაციის დიდი პროცესის მონაწილედ გვაგრძნობინა თავი - ინტერნეტი. 
როგორი იყო ინტერნეტი 2000 წელს, ათი წლის წინ? 
არ იყო ფეისბუქი, იუთუბი?, გუგლი, სკაიპი, ტვიტერი, ბლოგი, ვორდპრესი, სიტყვა ბლოგი, სიტყვა  

სამაგიეროდ იყო yahoo,  
google?გუგლი არ მახსენდება ,

ინტერნეტის გადაცემა ხდებოდა სატელეფონო ხაზებით, სიჩქარე იყო .. 
ტელეფონი უნდა გამოგერთო ინტერნეტის ჩასართავად.

1 comment:

Anonymous said...

Hello there, just became aware of your blog through Google, and found that it's truly informative. I am gonna watch out for brussels. I'll appreciate if you continue this in future.
Many people will be benefited from your writing. Cheers!
Review my web page :: transfer news about football