Monday, December 27, 2010

პიკოლინას

პიკოლინას საიტი გაუკეთებია, კარგი საიტი. კითხვები ჰქვია.
რომელსაც ახლა ვერ ვპოულობ (და ჩავსვამ აქ, თუ პიკოლინა მიკარნახებს).


შეგიძლია კითხო და ის პასუხებს არ დაგზარდება. ფსიქოლოგი ყოფილა და მისი პასუხები ყველას გამოგვადგება საქართველოში მცხოვრებთ.
სრული სერიოზულობით ვამბობ, არ გეგონოთ რომ ირონიას ვურევ (ძალიან პათეტიური გამოვიდა პიკოლინას საიტის ჩემეული რეკლამა და ამიტომ ვხსნი, რომ ირონია არ გეგონოთ).

კარგი პასუხები აქვს. მის საიტზე კი მისივე ბლოგიდან მოვხვდი, სადაც ეს წერილი "არ მჭირდება გმირი მამა" წავიკითხე.


აქ ჩემი შეკითხვებია, ოღონდ შეკითხვები, რომელიც მის მიმართ მისი პირადი ბლოგის წერილმა აღმიძრა.
ეს შეკითხვები მას ეკუთვნის და პასუხს არ ითხოვს, იმიტომ რომ რიტორიკულია. თუმცა, თუ არ დაიზარებს და მიპასუხებს, ჩემთვის მისი პასუხი მნიშვნელოვანი იქნება.


მაშ ასე, პიკოლინა! ჩათვალე, რომ პირველ პირში მოგმართავ, უბრალოდ ამხელა პოსტს კომენტად ვერ დაგიტოვებდი, ამიტომ ვწერ ჩემთან და ამიტომ, ტექსტი მესამე პირშია.


კითხვები (რიტორიკული კითხვები):


რა არის სინდისი, საიდან ჩნდება?

რა არის სინანული, საიდან ჩნდება?

რა არის თანაგრძნობა, საიდან ჩნდება?

რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე, რითი ყალიბდება?

რა არის ერის სიძლიერე, საიდან ჩნდება? 



პიკოლინას მამა  გაგრაში დაღუპულა, იქიდან გამოქცევისას ვნახე ბოლოსო, 
არ მინდა გმირი მამის შვილობა, ცოცხალი მამის შვილობა მირჩევნიაო. 
მე მამამისზე იღბლიანი აღმოვჩნდი, გაგრაში არ მიბრძოლია, მაგრამ სოხუმის თავზე, შრომა ახალშენის მიდამოებში, ჩემს ახლომახლო მებრძოლი ბევრი კარგი ადამიანის (რაზმიდან 6-ის ბატალიონიდან 32-ის) ხვედრი ამცდა, მართალია სულ ცოტათი, მაგრამ ამცდა. 
გულახდილად გეტყვი, რომ მოვმკვდარიყავი მაშინ, მეც გმირს დამარქმევდნენ პოსტფაქტუმ, და ჩემს შვილსაც (ოღონდ სამს კი არა, ერთს, უფროსს, მომდევნოები მერე გაჩნდნენ 1995 და 2005-ში) გმირის შვილი ერქმეოდა, დღეს ექნებოდა  უფრო რთული სქოლიოზი,  ნაკლები ცოდნა და ალბათ არ ექნებოდა მოვლილი გერმანია, ესპანეთ-პორტუგალია. და რაც მთავარია, არ ეყოლებოდა ორი ვარსკვლავივით ძმა, ეყოლებოდა დღევანდელზე უფრო მოხრილი სევდიანი დედა. 

შარშან მას განმუხურის ბანაკში მიიწვევდნენ და არ წავიდოდა, ანდა რატომაც არ წავიდოდა, მანამდე ხომ მხოლოდ სამჯერ იქნებოდა ზღვაზე  ნამყოფი. 

უნდა ჰყოლოდა თუ არა ჩემს შვილს გმირი მამა და არ უნდა დაბადებულიყვნენ თუ არა ნიკა და  სანდრო?

პასუხი თქვენც იცით ხო, ჩემი პასუხი თქვენც იცით ხო?

მართალია - მათი მამა უნდა გადარჩენილიყო. 

და უნდა გადარჩენილიყო პიკოლინას მამაც, მაგრამ, ომი ეს პროცესი არ არის მარტო, ეს ადგილია, ეს ადგილია, სადაც საკუთარი ფეხით მიდიხარ. 

ომი ადგილია, სადაც უნდა დადგე, სულ ერთია ვინ ხარ, რემბო თუ ჰარი პოტერი, გიორგი სააკაძე თუ ერთერთი ხერხეულიძე, სინოპტიკოსი თუ ბიბლიოთეკარი. 

უნდა მიხვიდე და დადგე არა მოსაკლავად, ხანჯლის ჩასაცემად, გულის გასაგმირად, სულის ასართმელად,

დასაცხრილად, მისაშვებად, ასაფეთქებლად, დასაბრედად, მისაწვენად, გასასაღებლად, გასატრუპად არამედ შენიანებისა და შენი მიწის გადასარჩენად. 
მამაშენს ორივე მიზანი ჰქონდა, თავისიანების გადარჩენა და თავისი მიწის დაცვა. 
ის დადგა იქ, ტერიტორიულად მივიდა იქ, სადაც  მტერს უნდა გამოევლო. ის წავიდა მტრის დასახვედრად. მერე რა რომ სამხედრო არ იყო და ალბათ ავტომატიც სიმბოლურად ჰქონდა (ისევე როგორც მე, ამაზე ცალკე), მთავარი იმ მომენტში იყო ის, რომ მდგარიყო იქ სადაც უნდა მდგარიყო. 



ადვილი იყო ოჯახთან დაბრუნება, ძნელი დარჩენა, მაგრამ მან დარჩენა აირჩია. 

მე მაგალითად გამოვიქეცი, მაყვლის ბუჩქებს აღმართში თავს ვევლებოდი, ბუშლატს მივაფენდი, ზედ გადავაფოფხდებოდი და მერე ვიბრუნებდი ბუშლატას. რომ ახლა სხვა ბუჩქზე გადამეფინა, მაგრამ მანამდე ის ერთადერთი მჭიდი კალაშნიკოვის ავტომატისა მიხარჯული მქონდა, დიახ ასე გამწირა ჩემმა სახელმწიფომ - ნამდვილი ფრონტის ხაზზე ერთი მჭიდით აღმოვჩნდი (არადა ეს ფრაზა პათეტიურ-ირონიულია, მეორე მჭიდი რომ მქონოდა მე ალბათ ვერ წამოვიდოდი და ალბათ მოვკვდებოდი).
ალბათ მამაშენს ზედმეტი მჭიდი აღმოაჩნდა, ან ჩემ მტრებზე უკეთესი მსროლელი მტრები შეხვდა, მე კი გამიმართლა. 
სანამ გაქცევას გადავწყვეტდი, უფრო სწორედ სანამ გაქცევის ბრძანებას მივიღებდი, მთავარ საქმედ, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა იყო, რომ მკვდარი ზურგში მოხვედრილი ტყვიით არ ვყოფილიყავი, ჩვენი ბრძოლა წაგებული იყო, 
სამნი დავრჩით ათიდან, მე ტყვია აღარ მქონდა, მტერი ბევრი იყო, მრავალფეროვანი იარაღებით გვესროდნენ, გვხედავდნენ და გვესროდნენ. 
ჩვენ კი ზურგსუკან ეკლიანბუჩქებიანი გრძელი აღმართი გვქონდა, რომელსაც მტერი კარგად ხედავდა, აკონტროლებდა ომის ენით.   
მაშინდელი ჩემი აზრები ახლაც ცოცხლად მახსოვს - არ მოვკვდე ზურგში ტყვიით და ბოლო გრზნობა, ჩემი ცხოვრების ბოლო გრძნობა არ უნდა ოყოს შიში და სასოწარკვეთა, და შედეგად, ალბათ გიჟის თვალებით, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით ვიღიმებოდი. 
მე ბევრი იღბლიანი დამთხვევის ხარჯზე გადავრჩი. მათ შორის იმითაც, რომ ჩემგან 4-5 მეტრში მიწაში ჩარჭობილი ჭურვი ტანკსაწინააღმდეგო აღმოჩნდა და კლდის ქანებში შეიფრქვა და არა ზემოთ.         
და ამითაც, რომ ჩემმა მეთაურმა ზურა სარქისოვმა მე და დათო ლოლაძეს, რომელსაც ბრძოლის ერთი წუთის ტყვიებიღა ჰქონდა დარჩენილი, უკანდახევა, გაქცევა  გვიბრძანა. თვითონ მთელი კორპუსით დადგა და ერთი მჭიდი დააცალა შეტევაზე ფეხით მომავალ მტერს. გავიქეცით, ოღონდ შინაარსით, რეალურად კი მთაზე ჯაგებში მივფორთხავდით აღმართზე, ისინი გვხედავდნენ და გვესროდნენ. ეგ ეფექტი ჰოლივუდმა ერთი ორი წილია რაც აითვისა, როგორია ტყვიის მოხვედრა შენგან ძალიან ახლოს, რა გესმის, როცა ტყვია "ჩაგიწუილებს" (თურმე სულაც არ წუის, უფრო  ზმუის რრრრრრ-ს თანხლებით) რას ხედავ შენსკენ ტრასირი რომ მოფრინავს და ბოლოს თითქოს უხვევს.

მამაშენიც რომ ჩემსავით გადარჩენილოყო, ჩემს გვერდზე ბევრი კარგი ადამიანიც რომ გადარჩენილიყვნენ ვიფიქრებდი, რომ ომს თავისი სამართლიანი კანონი აქვს, მაგრამ .... სინამდვილეში არ აქვს, ომი მსხვერპლს კანონზომიერებით არ ირჩევს, მხოლიდ ადგილით. ზოგს იღბლიანი ადგილი გვხვდება ზოგს უიღბლო.
ყველანი კი ომში საკუთარი ფეხით მივდივართ. 
აქ კი გავიმეორებ თავში დასმულ შეკითხვებს




რა არის სინდისი, საიდან ჩნდება?

რა არის სინანული, საიდან ჩნდება?

რა არის თანაგრძნობა, საიდან ჩნდება?

რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე, რითი ყალიბდება?

რა არის ერის სიძლიერე, საიდან ჩნდება? 

და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ
მამაშენის გადაწყვეტილების შედეგად დარჩი ობოლი, მშიერი და შეცივნული იმ დაწყევლილ 90-იანებში, აღარ გაგიჩნდა უმცროსი და-ძმა, ყველაფერსს არ მოვთვლი, ვერც. მოვთვლი, მაგრამ ..
იცი თუ არა რის შედეგად გაჩნდი? 
გიფიქრია თუ არა,  რამდენმა შენმა უცნობმა წინაპარმა შეაკლა თავი მტერს შენ რომ დაბადებულიყავი, იმათთვის, ჰიპოთეტური შთამომავალი?
ამას პათეტიკით არ ვწერ, ფაქტი მომყავს.  ომი იყო და იქნება. არსებობს დაუწერელი და ზოგჯერ უთქმელი კანონი, რომლებიც ერს ომის და ომისუნარიანობის მიხედვით მიუჩენს ადგილს მზისქვეშეთში. ომისუნარიანობა კი პირველ რიგში არის იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც მზად არიან მოკვდნენ სამშობლოსთვის. ერი, რომლისთვისაც არავინ არის მზად მოკვდეს, კვდება. იმ ადამიანებმა ვინც საქართველოსთვის მოკვდა ჩემს ერს ღირსება შეუნარჩუნა .   




არც ისინი წავიდნენ ომში გმირობის ჩასადენად, უბრალოდ დადგნენ იქ, სადაც უნდა შეენარჩუნებინათ ქვეყნის ღირსება და შთამომავალთა არსებობის უფლება. 

ეს მთელი ტირადა იმისთვის დავწერე, რომ მამაშენზე არ იყო გაბრაზებული. მას შენ არ გაუწირიხარ ობლობისთვის, ის "უბრალოდ" მივიდა და დადგა. გთხოვ არ ჩათვალო ეს მისი გადაწყვეტილობა შეცდომად. 

მე მქონდა მომენტი ომში, როცა ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბოლო წუთია და მაშინ ბევრი პათეტიური აზრი ეჯახებოდა ერთმანეთს ჩემს თავში, მათ შორის ერთი, განსაკუთრებით ჰიპერბოლური ის იყო, რომ თითქოს ქართველობა რომ გაიგებდა მე (მეც) მომკლეს, გაბრაზდებოდა, ერთად დადგებოდა და ომს მოიგებდა, აი ახლა უშვებთ საბედისწერო შეცდომას აფხაზებო მეთქი ვფიქრობდი (არ გაგიკვირდეს დენთის და აფეთქებული მიწის სუნში და 3დ მოციმციმე ტრასირების შუაგულში, ფრონტის ხმაურში ტვინი სამ პლასტზე ერთად იწყებს მუშაობას, კიდევ ბევრ ჩემ იმდროინდელ ნაფიქრს არ ვყვები), მე იმ დროს არ ვიყავი უბედური, მე მაშინ მნიშვნელოვანი ვიყავი და მაშინ ამ ჩემს სამ პლასტად მიმდინარე ფიქრებში ერთიც რომ ყოფილიყო, რომ მე ჩემი შვილი ( მაშინ 2 წლის მარიამი) მომავალში იქ დგომას შეცდომად ჩამითვლიდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უბედური ვიქნებოდი, მაგრამ არ მწვევია ეს აზრი. იმედი მაქვს მამაშენსაც. 
გაგრასთან ქართველები რომ მოკვდნენ იმიტომ წავედი და დავდექი გუმისთასთან, გუმისთასთან რომ ვკვდებოდი იმიტომ უნდა დამდგარიყვნენ ჩემს შემდეგ ვიღაც უცნობი კაცები სოხუმის დასაცავად. ასე რომ მე და მამაშენი ერთ ჯაჭვში ვიყავით. ჩვენი ბრალი არ არის ეს ჯაჭვი რომ გაწყდა და სოხუმი ვერ შეინარჩუნა. 
გთხოვ იმავეს, რასაც ვთხოვდი ჩემს შვილს იმქვეყნიდან, მაშინ რომ მოვმკვდარიყავი. არ ჩამითვალო ომში წასვლა შეცდომად და იყავი იმაზე მაგარი ვიდრე რეალურად ხარ, შენი ობლობა შენი მონაწილეობაა იმ ომში,  მერე რა რომ წაგებულ ომში. 
ფსიქოლოგი ყოფილხარ, მიპასუხე რა განარჩევს ერთმანეთისგან 90 კგ-იან ადამიანს, ამავე წონის ზაქის,ზვიგენის ან დათვისაგან? 
რა არის ღირსება და შეიძლება თუ არა მისი არქონა?
რა არის პიროვნული ღირსება და რა არის ეროვნული ღირსება? 
რითი შენდება ეთნოფსიქოლოგია? 

უფრო სწორედ, ნუ მიპასუხებ,ესეც რიტორიკული კითხვებია. მათზე პასუხი მხოლოდ ომში თავის ადგილზე მიმსვლელმა ადამიანებმა იციან, ოღონდ იმათაც ქვეშეცნეულად, პათეტიური ლოზუნგების გარეშე.
პატივისცემით cartveli.

აფხაზეთი


4 comments:

piccolina said...

მადლობა. მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ დამანახე მისი მხარე და მადლობა გულწრფელი პოსტისთვის
არა მარტო ჩემგან, სხვებისგანაც, ვინც ჩემსავით ფიქრობდა
მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო

misho said...

კარგი ხარ, თან ძალიან კარგი...

Anonymous said...

If you would like to get a great deal from this piece of writing then you have to apply
these methods to your won blog.
Feel free to surf my web blog ; english soccer transfer news

Anonymous said...

I have read a few just right stuff here. Definitely price bookmarking
for revisiting. I wonder how so much effort you set to make the sort of wonderful informative site.
Review my web site ; transfer news for arsenal