Friday, August 7, 2009

ვინ შეჭამა ჩემი ხაბიზგინა?

1989 წელს, როცა თბილისიდან ცხინვალში მიტინგის ჩასატარებლად ასეულობით ავტობუსი გაემართა, მეც ერთერთში ვიჯექი.
სამედიცინო ინსტიტუტის წინ იდგა, მალე გავაო და მე და ჩემი ძმაკაციც შევახტით.
მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომუნისტური მმართველობას კომუნიზმ-სეპარატიზმის დროშა ახალი აფრიალებული ჰქონდა. გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის სოციალისტური რესპუბლიკა და სსრკ-ს აღიარებისათვის მიმართეს.

ავტობუსებით ცხინვალზე მარშში, საშუალო შეფასებით 10.000 ადამიანი მონაწილეობდა.
თუმცა "მარში ცხინვალზე" მას ჯერ არ ერქვა, მანამდე კი "მშვიდობიანი მსვლელობა შერიგებისთვის" მაშინდელ გუმბარიძისდროინდელ პრესაშიც იყო ანონსირებული.
შემდეგ ამ ყველაფერს გამსახურდიას იმპულსური და გაუთვლელი მარში დაერქვა. 20 წლის შეგდეგაც ეს მარში ქართული საზოგადოების მიერ დაგმობილია როგორც პროვოკაციული, არარაციონალური, ემოციური, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად როგორც უშედეგო და კონტრპროდუქტიული.

ავტობუსების კოლონა უწყვეტი იყო, თავი და ბოლო არ უჩანდა. ყველა ამ ავტობუსში კი ხალხს ერთი სათქმელის ჩატანა უნდოდა ოსებისთვის - ჩვენ ვარსებობთ,ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი სსრკ-ს კლანჭებს და შევქმნათ ერთობლივი საქართველო.
დიდი გადახვევია-ჩახუტების იმედი არ გვქონდა ოსებისგან, მაგრამ ყველას ერთი სურათი წარმოგვედგინა, როგორ ვეტყოდით და მოვისმენდით მათ ნათქვამს.
არავის ჰქონია გეგმად ან თუნდაც გულში ადგილობრივთა დაჩაგვრა, შეურაცხყოფა, გაძევება, მათი საცხოვრებელების დაკავება ან რაიმე სხვა ექსტრემიზმი. იმავე საღამოს უნდა დავბრუნებულიყავით თბილისში.
ჩემს ავტობუსში ერთი ოსი ქალი გვპირდებოდა, უნდა დაგაძღოთ ცხინვალური ხაბიზგინებითო.
მაშინ ცხინვალის შესასვლელში გზა 50-მდე აქტივისტმა და 50-მდე სახალისოდ გამოსულმა ბავშვმა გადაგვიკეტა, წინ ლენინის დროშები და ბიუსტები ეჭირათ, უფრო წინ კი საბჭოთა ავტომატიან-მუზარადიანი ჯარისკაცების ერთი მწკრივი ედგათ.

ჩამსვლელთა დელეგაციის (ეროვნულ-განმანათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები) და დამხვდურთა შორის მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად გაგრძელდა, დიდი პაუზებით. თუ არ მეშლება ამ მოლოდინში 24 სთ ვიდექით.
მათ (რუსებმა და სეპარატისტებმა) გაიმარჯვეს, ჩვენ უკან გამოვბრუნდით. უშედეგოდ, "კონტრპროდუქტიულად" როგორც შემდეგ გაგვიმარტეს.

ჩემი 20 წლის წინ შესაჭმელი ხაბიზგინა კი წელს მედვედავმა შეჭამა.


სათქმელი კი სხვა მაქვს.
ტყუილად აიბზუეთ 4,500.000 მინუს 10.000-მა ქართველმა მშვიდობიან შესარიგებელ მარშზე ცხვირი. ყველაფერი სპირალურია, მოვა ისევ მშვიდობიანი მარშის დრო, ოღონდ რაოდენობა ხარისხში რომ გადაიზარდოს ისეთის.


მე კი 9-ში ჩემი ნათესავის, მაიორ გელა ჭედიას წლისთავზე მიდივარ მარტვილში. შარშან ცხინვალის მახლობლად დაიღუპა


გელა youtube.com-ზე

3 comments:

Katiée.Ge said...

როგორი მშვიდი და არააგრესიული პოსტია ამ თემაზე...

cartwheel said...

არააგრესიულობა ამათგან ვისწავლე
http://cartveli.blogspot.com/2008/09/gusin-martvilis-raionis-sofel.html


აქ კი "ცხინვალის მარშის" ნოდარ ნათაძის აღწერილი მოგონებაა, დღეს ფორუმზე ვნახე.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33998924

Alexander said...

იმ წლებში საქართველოში არ ვიყავი... არ ვიცი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ. არ მგონია რომელიმე ავტობუსში აღმოვჩენილიყავი, და რა რექაცია მექნებოდა მაშინ ამ ყველაფერზე არ ვიცი. არც მაშინ და არც დღეს მყვირალა პოლიტიკოსები, რომელთაც რეალურად ხელში არაფერი უჭირავთ, ჩემში სიმპათიას არ იწვევენ. მახსოვს, რომ ძალიან განვიცდიდი იმ ყველაფერს რაც საქართველოში ხდებოდა და რუსებთან ამ ყველაფრის ფონზე მარტო მიწევდა გამკლავება. სხვათაშორის მშვენივრად გამომდიოდა, მაშინდელი ჩემი "ავტორიტეტი" მოქმედებდა ეტყობა, მაგრამ აი ჩემს გვერდით 1–2 ოსი იყო, 1–2 თამარაშენელ–ერგნეთელი ქართველი, და ამ თემაზე მათთან ლაპარაკს ვერ ვახერხებდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რით მენუგეშებინა. ჩამოვედი საქართველოში 91–ის ზაფხულის დასაწყისში და ის რაც მანამდე ხდებოდა, ლოგიკურად გაგრძელდა დაუსრულებელ მარაზმში...
ხაბიჟგინები ძალიან მიყვარს და ცუდია, რომ იმ ხალხის გაკეთებულს ვერ ვჭამ, ვისთანაც თავის დროზე გამისინჯია.
პესიმისტი არ ვარ, მაგრამ არ თავდება მარაზმები ჩვენს ქვეყანაში, ცხოვრება კი მიდის...