Tuesday, February 16, 2010

ისევ H1N1


თავიდან გადავწყვიტე, რომ პარიზული სერიალი დამემთავრებინა და მერე გადავსულიყავი სხვა თემაზე, პარიზულები ჯერ კიდევ მოსაყოლი მაქვს, მაგრამ ერთი საკითხი, რომელიც დღესვე მინდა დავწერო ეს ავადსახსენებელი H1N1ია .
აქამდე მის შესახებ არაფერი მითქვამს, იმის მიუხედავად, რომ ყოველ მორიგეობაზე თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 10-20 ასეთი ავადმყოფის მიღება მიწევდა, და იმ ოთხ ადმყოფთაგან, რომლებიც მე დავაინტუბირე, ველაპარაკე, ავუხსენი რომ მათთვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა აუცილებელი იყო, მათივე თანხმობით დავაძინე და აპარატულ სუნთქვაზე გადავიყვანე, 2 მოკვდა, ორივე ორსული. დაახლოებით ორი კვირა იცოცხლეს რეანიმაციაში, საშინელი ფილტვებით.
ორივესთან ურთიერთობა კინოსავით მახსოვს, ჩემი ახსნა და დაპირება, მათი ქოშინით დაღლილი და იმედიანი თანხმობა. ჩემი პირობა ვერ შესრულდა, მათი სიცოცხლე დღევანდელმა მედიცინამ საუკეთესო აპარატურითა და პერსონალით, ვერ იხსნა, მხოლოდ უმნიშვნელოდ გაახანგრძლივა.
გუშინ, როდესაც ჩათვლილი გვქონდa, რომ ეს ვირუსი ისტორიას ჩაბარდა, რომ თავისი მსხვერპლი უკვე მიღებული აქვს, ახალი შემთხვევა მოგვივიდა, 19 წლის ორსული, ყველაზე მძიმე ფორმით მათ შორის ვინც საავადმყოფოში შემოსვლის მომენტში იყო აქამდე.
ისიც ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანე, ისიც წინასწარი ახსნა-დათანხმების შემდეგ.
...
ძალიან მცირე შენსი აქვს გადარჩენის, ძაალიან მცირე.
ცალი თირკმელი აქვს, ისიც დაავადებული.


აქამდე ამ ვირუსზე არაფერი მითქვამს, ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზია ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს, ჩვენ ექიმებიც ხშირად ტელევიზიიდან ვგებულობდით სიახლეებს.
გუშინ გავიხსენეთ იანვრის ტალღის ბოლო რეპორტაჟი, თებერვალში ისევ იქნება ახალი ტალღა, ოღონდ შედარებით სუსტიო.
გუშინდელი შემთხვევა ალბათ იმ პროგნოზირებული ტალღის პირველი პაციენტია, ოღონდ უკვე ძალიან მძიმე.

ეს ვირუსი ამორჩევით ებრძვის ორსულებს, ძალიან ცუდ დღეში აგდებს. ბევრი ორსული უპრობლემოდ მორჩა, ზოგი სახლშიც კი, მაგრამ ვინც სირთულის ზღვარი გადალახა ვერცერთი გადარჩა.


საერთოდ ეს ვირუსი მართლაც ასეთი იყო, სუსტი, ვითომც არაფერი, მაგრამ ზოგიერთისათვსი უმძიმესი ფორმებით მიმდინარე.

ხომ გახსოვთ სეზონური წუწუნები, "ეს რა ჯანდაბა ვირუსია, 5 დღე თავს ვერ ვწევ, მოვრჩი შემიბრუნა, ყველაფერი მტკივა", H1N1 ასეთი არ არის, სუსტი ვირუსია, ზურგს უკან დამალული ცელით.
ხოდა ჩემო მკითხველებო, გააფრთხილეთ ორსულები თქვენს გარშემო, ისევ ნიღბების აკვრის დროა, კიდევ ერთი თვე იყავით ფრთხილად, თუ გაციება შეატყეთ თავს, ექიმთან წასვლა არ გადადოთ.

7 comments:

Lalena said...

ის 19 წლის ორსული გოგონა როგორ არის?

cartwheel said...

უკეთეს შემთხვევაშ ერთ ორ კვირაში გაუმჯობესდება.
შევთანხმდეთ,აქ დავწერ.

ნან said...

სასარგებლო პოსტია.

მე მქონდა მგონი ეგ ვირუსი. მთალდ დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ასე ივარაუდეს. პირველი ორი დღე ვიყავი ცუდად, მერე ძაან ყოჩაღად გადავიტანე :)

piccolina said...

უი :/
მე დღეს ამტკივდა ყელი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყელიდან ჰაერი არ ჩამდის, მარა სხვა არანაირი სიმპტომი არ მაქვს, ნე სტრაშნა ხო?
წარმატებები ორსულ გოგოს და შენ ავადმყოფების მკურნალობაში ;)

cartwheel said...

piccolina ნუ შეშინდები და ნურც მოუყრუებ. ანუ, თუ რამე სხვაც დაგერთო (ვირუსის ნიშნები +ჰაერის უკმარისობა...) აუცილებლად მიდი ექიმთან.

მანამდე კი ც ვიტამინი და ბევრი სითხე. ყელი რახან გტკივა თბილი (ჩაი, რძე, კომპოტი) ოღონდ ბევრი.

cartwheel said...

უკეთ არის, გაცილებით უკეთ, ვიდრე სხვები იყვნენ მის მდგომარეობაში.
დღეს მერვე დღეა აპარატულ სუნთქვაზეა.

cartwheel said...

ბოდიში დაგიგვიანეთ პასუხი. ორი კვირაა რაც გაეწერა. გადარჩა.
ორსულობის შეწყვეტა მოუწია.