Saturday, May 8, 2010

მილიონიან დემონსტრაციაზე მინდა!

საქართველოს მასშტაბების ქვეყანაში ეს შესაძლებელია, მაგალითი ჩეხეთი და ბალტიისპირეთია.





ერთხელ მინდა ცხოვრებაში მილიონიან დემონსტრაციას მოვესწრო საქართველოში. ოღონდ ერთი პირობით ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად უნდა იდგნენ.
პრაღის ხავერდოვანი რევოლუციისას პრაღაში დემონსტრაციაში მილიონი ადამიანი იდგა ერთად.
ჩვენთან იმ დროს, დროს რომელიც ახლა ფასდება როგორც ქართველთა ყველაზე დიდი კონსენსუსის პერიოდი, თბილისში 10-20 ათასიანზე ხალხმრავალი მიტინგი არ გამართულა.
ცხრა აპრილის შემდეგ დღეებში, როცა კომენდანტის საათი მოქმედებდა და ქალაქში ტრანსპორტი არ დადიოდა ვაკესაბურთალოს აღმართდაღმართი ქვეითებით იყო სავსე. ასევე აღმადაღმა მოსიარულე მსუბუქი ავტომობილები აღმართს შემდგარ ბებია- ბაბუებსა და ბავშვიან ქალებს არ უჩერებდნენ და აღმართზე აყვანას არ სთავაზობდნენ.
ეს მე მაშინ ძალიან მიკვირდა.

მაგრამ მერე, 3 წლის შემდეგ, უკვე სამოქალაქო ომის შემდეგ როცა ქალაქი ტრანსპორტის გარეშე არა ერთი კვირით, არამედ წლებით დარჩა, როცა ვაკე-საბურთალოს აღმართი კვლავ ქვეითებით აივსო, აღარ გამკვირვებია ავტომფლობელთა ინდიფერენტულობა.
რომელ თანაგრძნობასა და უსასყიდლო დახმარებაზე იყო ლაპარაკი, მაშინ ხომ პოლირიკოსებმა მტრებად დაგვყვეს და ერთმანეთთან კეთილგანწყობილი გახედვაც აგვიკრძალეს.
ამ ინსტრუქციას დღემდე ვასრულებთ, დღემდე დაბღვერილები დავდივართ და უცნობ ადამიანთან პირველი კონტაქტის დასკვნად ვცდილობთ ადამიანს ცუდი ვუპოვოთ და მისი გაიძვერობა არ გამოგვეპაროს.
სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება საქართველოში არ იქნება მილიონიანი დემონსტრაცია.
ჩეხეთში მილიონიანი დემონსტრაცია რუსეთის იმპერიისაგან დახსნის მიზნით შეიკრიბა.
მილიონიან დემონსტრაციას საქართველოშიც სამწუხაროდ იგივე მიზანი აქვს , რაც ჩეხებს 20 წლის წინ ჰქონდათ. ჩვენ მაშინაც არ ვიყავით საკმარისად კონსოლიდირებულები. დღეს, 20 წლის შემდეგ პირიქით ვართ, ბანაკებად დაშლილი და ერთმანეთზე ზიზღის გუნდების მსროლელი.
მტერს შეუძლია მშვიდად იყოს, მილიონიანი დემონსტრაცია საქართველოში არ იქნება. არ იქნება კიდევ დიდხანს.


ჩვენ გვაქვს მუხტი, პროტესტი და ენერგია მილიონიანი კი არა, 4 მილიონიანი მიტინგის სამყოფი, მაგრამ არაგვაქვს ერთმანეთის სიყვარული, რომლითაც თუნდაც ერთი მილიონი ქართველი ერთად დადგება.

იმ ხალხმა კი, რომლებმაც მიტინგები მხოლოდ ზიზღითა და აგრესიით კვებეს, თავის მაქსიმუმს მიაღწიეს - 60 ათას კაცს.

ვინ მოგვცემს ერთმანეთის სიყვარულს?
იქნებ ჩვენვე ვიპოვოთ?

No comments: