Showing posts with label პარიზი. Show all posts
Showing posts with label პარიზი. Show all posts

Monday, March 29, 2010

გამარჯვებაზე ძვირფასი



"არაფრად ღირს სიცოცხლე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია". ფრანგული ანდაზა
პარიზში ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე:
ადამიანს ისტორია იმ ადგილს მიუჩენს, რასაც მას მისი ერი მიაწერს. 
ნაპოლეონი თავისი სამხედრო ავანტიურიდან ყველა ფრონტზე წაგებული გამოვიდა. პარიზის ყველა კაფე-სამიკიტნოს კარი რუსმა სალდატმა ჩექმით შეაღო და იღრიალა, ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი! მას შემდეგ კაფეებს პარიზძი ბისტროები ქვია. თვითონ ნაპოლეონი კი ინგლისელებმა დაატყვევეს და აფრიკის დასავლეთით მდებარე პაწაწინა კუნძულზე გადაასახლეს, საფრანგეთში კი კაცი აღარ დარჩა რათა შინელი ჩაეცვა.
 ნაპოლეონის მიერ გაღებულმა ფრანგი ჯარისკაცების სიცოცხლეებმა და ევროპელი ხალხების დამარცხებამ საბოლოოდ საფრანგეთს ნულოვანი შედეგი მოუტანა. ფრანგებს სრული უფლება ჰქონდათ ნაპოლეონი ტირანად და ბოროტ გიჟად შეერაცხათ და მისი სახელი მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე გაეხსენებინათ. 
ფრანგებმა  სხვანაირი შეფასება ირჩიეს, მათ წმ. ელენეს კუნძულიდან გადმოსვენებული ნაპოლეონი ტრიუმფალური არკის ქვეშ გამოატარეს და ინვალიდების სასახლეში 6 კუბოიან აკლდამაში დაკრძალეს. ნაპოლეონის საფლავი მას შემდეგ პარიზის ყველა სტუმრის აუცილებელი მონახულების ობიექტია და ყველა ეს სტუმარი  ნაპოლეონის თაყვანისცემის რიტუალუს უნებური მონაწილე ხდება.
ფრანგების ამაღლებული დამოკიდებულება ნაპოლეონის მიმართ მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. ასევე უცვლელად გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში ფრანგების ჰიპოთეტური ლანძღვა და სირცხვილი.

მაგრამ არა, ფრანგები თავის წაგებულ იმპერატორს პატივს სცემენ.

თავში მოყვანილი ფრაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ,  არაფრად ღირს გამარჯვება კაცისა, რომელსაც გამარჯვებაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია. 

და რა არის გამარჯვებაზე ძვირფასი, ეს ჩვენ ქართველებმა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვეძებოთ. 
იმედია ოდესმე ვიპოვით. ვიპოვით იმას, რაც ღირსეულმა ერებმა საუკუნეების წინ იპოვეს.   
 

Friday, March 5, 2010

რჩევები პარიზში წამსვლელებს, ანუ თქვენ

*პარიზ-პარიჟ-პაღიჟ
*პარიზი ზამთარში
*პარიზელები. მოქალაქეთა ექსტერიერი
*ფრანგი პარიზელები
*პარიზის ქუჩები: ქუჩაში მოძაობის წესები.
*ქვა პარიზში
*პარიზის მეტრო
*მრავალფეროვანი პარიზი
*პარიზი - ინგლისი
*პარიზი-რუსები
*ლუვრი
*პირველი ინსტრუმენტები
*ორსეს მუზეუმი, პომპიდუს მუზეუმი, ორანჟერეა, ბათუმის რკინიგზის სადგური




/მე მგონი გავედი ფინალში - ამ პოსტით პარიზის თემას ვხურავ ერთად 16 წერილი გამოვიდა. პარიზი/


ნუ მიიღებთ ჩემგან რჩევებს რაღაც იმპერატივად, თქვენ თქვენს პარიზს ღმოაჩენთ, შეიძლება ჩემი პარიზისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულს. მეც შეიძლება მეორე ჩასვლაზე (თეორიაა) სხვა პარიზი აღმოვაჩინო. აქ იმ რჩევებს დავდებ, რომლებიც ჩემმა ერთ კვირიანმა ამ ქალაქში ცხოვრების გამოცდილებამ მომცა.
პირველ რჩევად უნდა დამეწერა,  პარიზში წასვლამდე გუგლერსში მონიშნეთ (ზემოთ ჭიკარტი რომ აქვს იმით) მოსანახულებელი ადგილები მეთქი, მაგრამ აგერ არა მაქვს? აგერ თქვენ პარიზის შპარგალკა.  


დასახლდით ცენტრში, ლუვრთან ახლოს. თუნდაც რიშელიეს ქუჩაზე და თუნდაც "ჰოტელ მალტე ოპერაში" სადაც მე ვცხოვრობდი. ამ ადგილს რამდენიმე უპირატესობა აქვს: ბევრ მისასვლელს ფეხით აღწევ,
ხო, პარიზში ფეხით სიარული ისედაც ერთერთი მთავარი სანახაობა და თავგადასავალია.ფეხით სიარული კი პარიზში ისეთი რამაა, რაც მე მაგალითად, დიდ უკმარისობად დამრჩა 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 5 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ.
წინასწარ განეწყეთ, რომ თქვენს ფეხებს ჯაფა დაადგება , მაგრამ პარიზი დოპინგია, შეუმჩნეველად გაივლით დღეში 3-5 მარშრუტს. ლუვრის დათვალიერების დღეს თვითონ ლუვრის შენობაში ალბათ ათი კილომეტრი ვიარეთ, ერთ დღეში შემოვიარეთ. გისურვებთ ერთზე მეტი დღე გქონდეთ ლუვრისთვის. 
პარიზის ყოველი დღის ბოლოს ცხელი აბაზანა უნდა მიიღო. ეს აუცილებელია მეორე დღისათვის კუნთები რომ არ გეტკინოს. გირჩევთ ამას როგორც ექიმი. 
ჩემი მეუღლე და ჩვენი მეგობარი ოჯახი (ერთ სასტუმროში ვიყავით) თავიდან უკადრისობდნენ ცხელი აბაზანის მიღებას იმ საბაბით, რომ "იქ ხომ ათასი ჯურის ტურისტს უბანავია" მაგრამ როცა აღმოაჩინეს რომ მეორე დღეს მე მართლაც აღარ მტკიოდა კუნთები თვითონაც გატყდნენ. ბოლოსდაბოლოს აბაზანის შემდეგ კიდევ  დაიბან, თუკი ზანგები და ჩინელები გელანდება შენს აბაზანაში. სასტუმრო მართალია 3 ვარსკვლავიანი იყო, მაგრამ არათუ ყოველდღე აწკრიალებდნენ, ცვლიდნენ სააბაზანო ნივთებს, არამედ თეთრეულსაც ცვლიდნენ.
პარიზში წადით მეგობრებთან ერთად, საუკეთესო ვარიანტია მეგობარ ოჯახთან ერთად. თანაც თუ ეს ოჯახიც შენსავით (არადა ვინც აქამდე კითხულობთ, ნაღდად ამ კატეგორიაში გადიხართ) მზად იქნება მოინახულოს ყველა პარიზული ლეგენდა, თაყვანი სცეს დიდ ფრანგ ხალხსა და მათ წინაპრებს, კაცობრიობის ისტორიას, რომლის ცხელი გულიც პარიზში, ლუვრში ასვენია, მაშინ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ შემძახებელი "რა დროს დაღლილობაა, როდენის მუზეუმი აქვეა, ნაპოლეონის საფლავიდან 50 მეტრში". ჩვენ გაგვიმართლა ჩვენი მეგობრები მართლაც საუკეთესო მეგზურები აღმოჩნდნენ. დღის ბოლოს ნომრებში განცალკევების წინ ერთმანეთს დაღლილები ვეხუმრებოდით - არ ვეცით თაყვანი ფრანგებს თქო, თუმცა  იმ ქვეტექსტით, რომ რასაც თაყვანი ვეცით (ანუ რისთვისაც ძალიან დავიღალეთ) ამას იმსახურებდა.

მუზეუმები

ლუვრი

ორსეს მუზეუმი, ორანჟერეა, პომპიდუს ცენტრი

მუზეუმ კარტა
საფარანგეთში ვერსად ნახავ ინგლისურ წარწერას. ერთადერთი ნივთი, რომელზეც ინგლისური წარწერა აღმოვაჩინე მუზეუმკარტა იყო. მუზეუმ კარტა სპეციალურად ტურისტებისათვის განკუთვნილი ბილეთია, რომლითაც ერთი, ორი ან ოთხი დღის განმავლობაში პარიზის ნებისმიერ მუზეუმში შედიხარ, თანაც ურიგოდ, სპაციელური "ელიტარული" შესასვლელით. ჩვენ 45 ევროიანი მუზეუმკარტები ვიყიდეთ, 4 დღიანი და ბოლოს რომ გამოვთვალეთ მოგებულები დავრჩით, თანაც ერთი გენახათ რა სიამაყით ჩავუვლიდით ბურჟუა ევროპელების რიგებს, ამოვიღებდით "იზ შიროკიხ შტანინ" ამ ბილეთს და ყველა კარი უმალ იღებოდა. ჰოდა ამ მუზეუმკარტას მოყვება ორგვერდიანი თაბახი მუზეუმების ჩამონათვალით, იქაც კი ფრანგული შავად ეწერა, ქვემოთ კი ინგლისურად, ოღონდ ღია ვარდისფრად ძლივს რომ წაგეკითხა.

აუდიოგიდი.წიგნები.
  
სად ვჭამოთ.

სასტუმროებში მინიმუმ ერთი კვება, საუზმე ალბათ გექნებათ. შვედური მაგიდის პრინციპით. საუზმე ჩვენთან ძალიან კარგი იყო. გინდათ თუ არა, საუზმე ვალდებული ხართ დაუზარლად მიირთვათ
ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც მოსტაცე და ირბინე (ანუ ჭამე ნა ხოდუ)პრინციპით საკმაოდ იაფად შეგიძლიათ შიმშილი დროებით მიაძინოთ.
დღეში ერთხელ მაინც რესტორანში შესვლა მოგიწევთ. აირჩიეთ რესტორან-კაფეებით დახუნძლული პატარა ქუჩები. დააკვირდით სტუმრობს თუ არა მას ხალხი. გირჩევთ შეხვიდეთ თუთქმის გაჭედილში და არა თითქმის ცარიელში.
სასურსათო მაღაზიაში პირველივე დღეს იყიდეთ მშრალი სასუსნავი, წვენები. დიდი ალბათობით გამოგადგებათ. მიეცით თავს უფლება გასინჯოთ უცნაური ხილი სასურსათებიდან. პატარა მწვანე ბანანები კი ქალაქში სირბილისასაც წაგადგებათ. 


 
შოპინგი
საერთოდ ყიდვას რაც ეხება, ამაში გაგვიმართლა. ზამთარი (ოღონდ არა ახალწლებზე) დიდი სეილების პერიოდია. 
თითქმის ყველა ტანსაცმლის მაღაზიას წარწერა აქვს - SALE 30%,50%,70%,
ჩვენ წინასწარ გეგმაში "შოპინგი" არ გვქონია, მაგრამ პირველივე მაღაზიაში იმდენად კარგი ფასები დაგვხვდა, რომ მერეც ხშირად შევდიოდით. საბოლოოდ ოჯახის ყველა წევრისთვის 2-3 ნივთი,  ტანსაცმელი შივიძინეთ. 
უკანა გზაზე პრაღაში 8 საათი გვქონდა, იქაც გავიარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ პრაღა პარიზზე ძვირია ამ მხრივ.

სუვენირები. გამოცდილება, ჩემ შემთხვევაში მწარე გამოცდილება ისაა, რომ ცოტა ეიფელი ვიყიდე. ახლა რომ მოვთვალო სუვენირებში (წვრილ-წვრილ საჩუქრებში) ალბათ 50-70 ევრო დავხარჯე, და აქედან ეიფელებში (პატარა ბრელოკებში) მხოლოდ 4. დიახ ამ ფასად ვიყიდე ეიფელის გზაზე ტროკადეროზე აკიდებული არალეგალი ზანგისგან 10 ცალი. 3 ერთ ევროდ, 4 ერთ ევროდ, 5 ერთ ევროდო,  მომსდევდა და მევაჭრებოდა ავდექი და 10 ვიყიდე, მეგონა ბევრი, აქ კი აღმოჩნდა რომ ცოტა. რამდენიმე დასასაჩუქრებელი ადამიანი კი გეგულება და მათთვის ყიდულობ საჩუქრებს, მაგრამ თურმე უნდა გაითვალისწინო შენიანი კარგი ხალხის დიდი პლასტი, რომელიც თბილისში დაბრუნებისას სიამოვნებით მიიღებს შენგან რაღაც პარიზულს. არ ვიცი არალეგალი ზანგების (ფრანგულსაც ძლივს რომ ამტვრევენ)  გაყიდული ეიფელები "ნაკურთხია" თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დროული და იაფიც კია.
მაგნიტები არ გამოგრჩებათ, რა  თქმა უნდა. მე ბევრი ნიყიდე. მათ შორის მაგნიტების ნაკრები პარიზის ღვთიშობლის ტაძარში მართალია 18 ევროდ, მაგრამ 24 ცალი. ღირს.



ტრანსპორტი ქალაქში 
( მეტრო პარიზში).

აეროპორტში ჩაფრენისას ქალაქში ტაქსით წამოხვალთ, ავტობუსის ძებნა ალბათ არ ღირს, თანაც ჩანთებაკიდებული. 
უკანა გზაზე სასტუმროდან წინა საღამოს უნდა დაიბარო (გამვლელ ტაქსს ვერ აიყვან). თანაც დროის ისეთი მარაგით, შემთხვევით საცობს რომ გადააწყდეთ აეროპორტის ტრასაზე. არადა ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არაბი თუ ინდუსი მძღოლი გვიხსნიდა, 3 ამბავი ხდება ახლაო, ავტოავარიაა წინო, ტაქსისტების გაფიცვა და გზის სამუშაოებიც მიდისო. მოკლედ გზას დაგეგმილი 40 წთ-ის ნაცვლად 1 სთ დასჭირდა.
წაიკითხეთ მეტრო პარიზში.

სასტუმრო
ჩემი ქუთაისელი თანამშრომლის ქუთაისური ხუმრობა გამახსენდა, როცა გაიგო ვაკეში ვცხოვრობდი,მითხრა -აუფ,ვაკეში ვცხოვრობდე და სულ არ ვჭამ საჭმელსო. 
ჰოდა პარიზში ვცხოვრობდე, და თუნდაც სენაზე კარავში (ტურისტად, სამუდამოდ არა, რა თქმა უნდა).
ჩემი სასტუმროსი კმაყოფილი ვარ. ძალიან კმაყოფილი. 
პირველ რიგში მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო: ყველა სანახაობის შუაში, ბევრ დანიშნულების ადგილთან ფეხით სავალზე. მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სასახლე, რომელსაც ჩვენი ქუჩა ებჯინებოდა პერპენდიკულარულად,  ჩვენგან  დაახლოებით 100 მეტრში, თვით ლუვრი, ლუვრის ერთერთი კოშკი იყო.
სასტუმრო რიშელიეს ქუჩაზეა, ქვია "ჰოტელ მალტე ოპერა" 3 ვარსკვლავიანია. ფასში შედის ძალიან გემრიელი , პარიზის შესაბამისი (მეტროსგან განსხვავებით) საუზმე შვედური მაგიდით.
ზამთარში სასტუმროზე (ისევე როგორც ფრენაზე) დიდი ფასდაკლებაა. 
შეიძლება გათვალო უფრო იაფ სასტუმროზეც, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, მოიგებ თუ არა თუკი ყველა მისასვლელთან ტრანსპორტი დაგჭირდა და თუკი საუზმობა ქალაქში მოგიწია.
ჩვენ ჩვენი არჩევანით კმაყოფილები დავრჩით. 
სასტუმრო თბილისში, "ინტერტურში" გვირჩიეს, დაგვიჯავშნეს, რისთვისაც მადლობა მათ. კარგი რჩევა აღმოჩნდა.
 
 
ხო, ფოტოაპარატი.
ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ფოტოაპარატის ქონა.
ჯობია აქედანვე წაიღოთ დიდი მახსოვრობა . ჩვენ მაგალითად 6 გიგაბაიტი არ გვეყო. ფოტომაღაზიაში DVD-ზე გადავაწერინე და 12 ევრო დამიჯდა. ჯობდა ამ ფასის ჩიპი აქედანვე წამეღო.
სურათები ბევრი გადაიღეთ. მუზეუმებში ფოტოგადაღება დაშვებულია, ოღონდ არა ფლეშით.

გადაიღეთ მინი ვიდეოები - 15 -20 წამიანი, ოღონდ ბევრი.
გადაიღეთ სურათები, როცა ერთ კადრში ორი სიუჟეტია მოქცეული (მაგალითად პარიზის ხედი გვერდზე ქიმერებით, ეიფელი გვერდზე ზანგი სუვენირის გამყიდველით).

გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.. როცა იქნება, ოღონდ აუცილებლად, ერთხელ მაინც.


P.S.ამ ქალაქში პარდონ, ბონჟჯრ, მერსი ჩვეულებრივი და თანაც აუცილებელი სიტყვებია.თქვენ გახდებით ამ სიტყვების ადრესატი. უპასუხეთ თქვენც.
პატარა სასაუბრო რომ მეყიდა წინასწარვე, უხერხულობის გრძნობა ნაკლებად დამეუფლებოდა, როცა ფრანგი საფრანგეთში ინგლისურად გიხსნის, შენთვის დროს კარგავს, შენ კი მადლიერების აღსანიშნავად არ შეგიძლია 2ფრანგილი სიტყვა უთხრა.




Paris 2010 - Funny videos are here

კარგი ლინკი, ათი აუცილებელი სანახავი ადგილი პარიზში
http://www.squidoo.com/top10-things-to-do-Paris-France

ლუვრი

ადგილი სადაც კაცობრიობის ცხელი გული ასვენია.
სახლში რაც თავი მახსოვს ერთი სქელტანიანი მეწამული ფერის ფრანგული ალბომი მაქვს. ალბათ მამიდაჩემს აჩუქა ვინმემ. ან შეიძინა ძალიან ძვირად "დახლქვეშიდან" აბა მაშინ, ბრეჟნევის დროს ასეთი წიგნები არ იყიდებოდა.
ამ წიგნის ილუსტრაციებით ვიცი მე კაცობრიობის ისტორია, ეს წიგნი ლუვრის ატლასია, ჩემს მიერ ათასჯერ დათვიერებული და სამწუხაროდ ვერწაკითხული. თუმცა ამ ბოლო გარემოების წყალობით ირაციონალუ რი თაყვანისცემის ობიექტად  ქცეულლი. 
იმ დილას ლუვრისკენ გზაზე გავიაზრე რომ ლუვრი მხოლოდ უდიდესი მუზეუმი, ან თუნდაც მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი კი არ არის, არამედ კაცობრიობის მუზეუმია, ჰომო საპიენსის ისტორიის მუზეუმია. 

ლუვრიდან გამოსვლისას ეს გრძნობა გამიმძაფრდა, ადამიანმა რომ მოინდომოს სამყაროს აჩვენოს თავიისი მზეუმი და ეს მუზეუმი მთვარეზე ააშენოს, იქ ლუვრი უნდა გადაიტანოს.
დიახ სრულიად კაცობრიობის მუზეუმი უკვვე არსებობს. ის ფრანგებმა დააარსეს და საუკუნევების განმავლობაში ზარდეს.
ლუვრის დათვალიერებისათვის მხოლდ ერთი დღის დახარჯვა იმ დღეში გაგდებს როგორშიც იქნებოდი კლაუდია და ნაომი ერთდროულად რომ გისრულებდნენ თავხედ ოცნებებს, შენ თვალახვეული იყო და თანაც დარწმუნებული, რომ ეს ქალები პოსეიდონის ნგრევა სგადარჩენილი ზემო იმერელი ბანოვანები. ძნელი ალეგორიაა, მაგრამ დოკუმენტური. მართლა მეუფლებოდა ასეთი განცდა, როდესაც დარჩენილი სანახავი მარშრუტის სიდიდის გათვალისწინებით აჩქარებულები  რუსთაველზე სეირნობის სიჩქარით ჩავუვლიდი ისეთ ექსპონატებს, რომელზეც ერთი დღე თუ არა, ერთი საათი მაინც უნდა დაგეხარჯა, გეცქირა გაშტერებულს, წაგეკითხა მისი შექმნის, აღმოჩენისა და ლუვრში გადმოტანის ისტორია. 
ვერ ჩამოვყვები აუცილებლად სანახავ ექსპონატებს. ამის ნაცვლად გირჩევთ ლუვრის სტუმრობის წინა დღეებში შეიძინოთ ლუვრის შესახებ წიგნი. საერთოდ მუზეუმების წიგნები აუცილებლად უნდა შეიძინოთ და თუ საშუალება გექნათ ძვირიანი და დიდი. 
თუ თქვენ ჩემსავით პირველივე საღამოს სეირნობისას აღმოჩნდით ლუვრის ეზოში, ლუვრის შუშის პირამიდაში ჩადით და მოითხოვეთ უფასო სქემები ტურისტებისათვის, რომელსაც ლუვრში შესვლის წინა საღამოს გადახედეთ, მერე რომ არ დაიბნეთ.
ჩვენ გიდი არ გვყოლია და მისი აყვანის მიზანშეწონილობაზე ვერაფერს გეტყვით. 
მსმენია რომ ძვირია, 200-თუ 300 ევრო. თუ საშუალება გაქვთ ან ჯგუფთან ერთად ხართ, უნდა აიყვანოთ. უამრავ საოცარ და მნიშვნელოვან ამბავს შდიტყობთ და ჩემსავით ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დაგრჩებათ. 
მაგრამ თუ გიდი გამოირიცხა, 
მუზეუმში წაიღეთ  წინასწარ ნაყიდი წიგნი ლუვრის ატლასი. ლუვრში წარწერები მხოლოდ ფრანგულია და ძნელი ამოსაცნობი. მაგალითად მიშელ ანჟელ მიქელანჯელოა, დელაკროიქსი დდლაკრუა, წარწერები ინგლისურად რომც იყოს საკმარისი არ არის.
მე აუდიოგიდი ავიღე, 6 ევროდ, თუმცა სანამ გავერკვიე უკვე მესამე დარბაზში ვიყავით, შემდეგ კი ბატარია ორჯერ დამიჯდა, და საათების განმავლობაში უსარგებლოდ მეკიდა კისერზე.  აუდიოგიდი ყოველ დარბაზში მხოლოდ  1-3 ექსპონატის შესახებ მოგითხრობს. თუმცა არ წამიგია, რა ინფორმაციაც მომცა აუცილებლად მოსასმენი აღმოჩნდა.

პ. ს. კაცობრიობის ერთობლივ მუზეუმს რაც შეეხება ჰიპერბოლა ვიხმარე. ლუვრს აკლია ჩინეთი იაპონია, ინდოეთი და მაიას მარგალიტები, ჩვენი ოქროს ფონდის ანტიკური კოლექციაც ერთ დიდ დარბაზს ღირსეულად დაიჭერდა სხვა სუპერექსპონატების გვერდით. 
არადა კავკასია იქ ერთადერთი სომხური ხაჩკარით- ქვის მოჩუქურთმებული ჯვრით არის წარმოდგენილი. 

Monday, March 1, 2010

პარიზი ზამთარში




ზამთარი ზოგადად არაკომფორტული ტემპერატურის დროა
(კომფორტული ტემპერატურა ადამიანის ფიზიოლოგიაში 16 დან 28 გრადუსამდეა, როცა არც გცივა და არც გცხელა).
ზამთარში დათვს, ბუზს და ხვლიკს სძინავს, ადამიანებს ვინ დაგვაცლის დაძინებას, მაგრამ ამ დროს ბუხრის წინ ყვინთვა და ტახტზე კოტრიალი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
პარიზი ზამთრის კურორტი არ არის, პარიზის ხსენებაზე ადამიანებს ალბათ ვერსალის აყვევებული ბაღები, შადრევნები და მოშიშვლებულდეკოლტიანი ლუდოვიკოებისდროინდელი ქალები გვახსენდება.

ზამთარი ამ სტერეოტიპული პარიზისგან გაშორებს, გგონჯა რომ ზამთრის პარიზი იმედებს გაგიცრუვებს.

ზამთრის პარიზის უპირატესობებს კი მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ აღმოაჩენ:
-ზამთარში პარიზში ბევრი ტურისტია, მაგრამ 3ჯერ ნაკლები, ვიდრე ზაფხულში
-შესაბამისად ზამთარში ქუჩაში ნაკლები ქაოსია და მუზეუმებსა და სანახაობებზეც ნაკლები, გაცილებით ნაკლები რიგებია.
-ქუჩაში უმეტესობა პარიზელი გხვდება, ტურისტებიც კი ფრანგები არიან ძირითადად. ისინი ალბათ პარიზის მონახულებას ზამთარში ამჯობინებენ ზაფხულის ყველა ჯურის ტურისტების ტაბუნების შემხედვარენი.
-ზამთარში თუკი ქალაქში რაიმე ადილს ეძებ და ვერ პოულობ, დიდი ალბათობით შენი შეკითხვის ადრესატი პარიზელი იქნება და არა ტურისტი და შესაბამისად ადგილს სწორად მიგასწავლის.
-ზამთარში პარიზში მოგზაურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ფასებია.
ახალი წლების შემდეგ იაფდება ავიაბილეთები, სასტუმრო და მაღაზიებშიც დიდი სეილებია.

ფორუმზე პარიზის თემაში ბევრი პოსტი ეწერა პარიზის დანაგვიანებულობაზე, ზამთარში ქალაქი
მეგაპოლისის კვალობაზე სუფთაც კია, რამდენჯერმე გადავაწყდით გადავსებულ ნაგვის ყუთებს და წარმოვიდგინე რომ ზაფხულობით ალბათ მართლაც შეუძლებელი ხდება მილიონობით ტურისტის მიღება და მათი თანხლები ნაგვის დროული გატანა წვრილი ქუჩების უზარმაზარი ქსიდან, ამ მხრივაც ზამთარს უპირატესობა აქვს.


ზამთრის კიდევ ერთი ედვენტიჯი ისაა, რომ უფოთლო ხეები ულამაზეს სახლებს ვერ მალავს.



გაუმარჯოს პარიზის მერიას: ეს სკამები ორანჟერეის მუზეუმის წინ როგორც გინდა ისე შეგიძლია მიატრიალო და დაღლილი ზამთრის მზეს მიეფიცხო.
P.S.წასვლის წინ ტელევიზია იუწყებოდა "ევროპაში რეკორდული ცივი ზამთრის" შესახებ.
ჩვენი პარიზული ზამთარი კი +4 გრადუსს არ ჩამოსცილებია. მშრალი უქარო ამინდები იყო.

Monday, February 22, 2010

ორსეს მუზეუმი, პომპიდუს მუზეუმი, ორანჟერეა, ბათუმის რკინიგზის სადგური





ორსეს მუზეუმი, რომელიც ლუვრის შემდეგვ პარიზის უმთავრესი მუზეუმია, აშენდა როგორც პარიზის რკინიგზის სადგური,  სადგურის შენობა სენის ნაპირზე ააშენეს, ლუვრის გადაღმა. შენობა ძალიან ლამაზი გამოდგა, უზარმაზარი შუშით გადახურული სივრცე, მოჩუქურთმებული ქვის სვეტებით, მაგრამ  ეკონომიკამ, მოთხოვნამ და მიწოდებამ თავისი სიტყვა თქვა. სადგური გაუქმდა. ულამაზესი შენობა მსოფლიოს უღირსშესანიშნავეს ადგილას უპატრონო ეკლესიას დასმსგავსა. წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, მისი მფლობელები ხან გაყიდვას უპირებდნენ, ხან დაშლას. მხსნელი გადაწყვეტილება მოგვიანებით მოვიდა.

1977 წელს პრეზიდენტმა ჟისკარ დესტენმა გადაწყვიტა 1848 დან 1914 წლამდე შექმნილი ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმის განთავსება ორსეს ყოფის რკინიგზის სადგურის შენობაში.
მუზეუმი1986 წელს ფრანსუა მიტერანმა გახსნა.
პარიზს და ადამიანებს მას შემდეგ გვაქვს უმშვენიერესი მუზეუმი- ორსეს მუზეუმი. 
თუმცა ამ მუზეუმში ყოფნისას ისეთი ნახატები გაქვს სანახავი, რომ მუზეუმის გრანდიოზულობა გავიწყდება და ერთი სურათიდან მეორეში მოგზაურობ. აქ იმპრესიონისტების უმდიდრესი კოლექციაა. 
ლუვრის შემდეგ აუცილებლად სანახავია. 
თუკი წინადღით ჩემსავით ლუვრში მინუს 40 საუკუნიდან გამოყევი კაცობრიობის დიდ და მიხვეულ-მოხვეულ მსვლელობას ჰარმონიის მისაღწევად, შენთვის ცის გახსნასავით იქნება ორსეს მუზეუმის კოლექცია. პირველი დარბაზი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ფერწერას ეძღნება. ეს ჯერ კიდევ კლასიკაა, აქ ერთადაა კლასიკური ჰარმონიული ტექნიკა და კლასიკას დამატებული ახალი სათქმელი, ახალი შინაარსი. და.. გადადიხარ იმპრესიონისტების დარბაზში, დარბაზებში.

და პირველ აღტაცებას იმის გამო რომ ცნობილ ნახატებს რეალში ხედავ, რომ ეს ნახატები მართლაც მაგრებია, ძლიერი და ნოვატორული ტექნიკით, აღმოაჩენ  რომ, ეს რაღაც ახალია, ეს ლუვრშიც კი არ განგიცდია- იღლები იმ ემოციებისგან, რომელსაც ეს სურათები შენგან მოითხოვს.  იმპრესიონისტები გითრევენ, შენგამ დამოუკიდებლად გითრევენ. შენ ხდები მონაწილე იმ მცირე ფილმებისა, რომლებიც კედლებზე მოოქროვილ ძველებურ ჩარჩოებშია მოქცეული. 
ალბათ ესაა ის გრძნობა, რომელსაც ვიღაც ჩემდღეში მყოფმა დაარქვა ხელოვნებასთან ზიარება. 
ლუვრიდან აღტაცებული გამოხვალ, აღტეცებული იმ ადამიანებით, ვინც საუკუნოვანი მიზანი - ჰარმონია იპოვეს და აითვისეს, ორსედანაც აღტაცებული გამოხვალ. აღტაცებული იმით რომ ცოტა ხნით იყავი მანე,რენუარი,ვან გოგი და გოგენი. 




პარიზის დათვალიერების პირველი 3 დღე შეიძლება ისე გაატარო, რომ 200 წელზე ახალს მხოლოდ ერთეულ შენობას გადააწყდე. ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ხნის განმავლობაში ისტორიაში ცხოვრობ. სადაც არ უნდა გაიხედო ისტორიაა, მიხვედი, ნახე და რეალობას დაუბრუნდი კი არა, არამედ მიხვედი და დღეების განმავლპბაში დარჩი მსოფლიო ისტორიის უმნიშნელოვანეს და ულამაზეს პეროიოდში - ბაროკო- როკოკოში.
ამ ქალაქს ეტლების პერიოდის სტუმარის თვალით უნდა შეხედო, არადა მართლაც ასეთია პარიზი ეტლების პერიოდიდან მოყოლებული - დიდებული, ლამაზი, რთული და ყველაზე ყველაზე. .


პარიზის ფილიგრანული არქიტექტურისა და ლუვრის ჰარმონიის მწვერვალების შემხედვარე ხვდები, რომ არ შეიძლება ეს სილმაზე ასეთი დიდი და ყოვლისმომცველი დიდხანს შეგინარჩუნდეს თავში. გული რაღაც სხვას გთხოვს, არეულს, ქაოსურს, ემოციურსა და ნაღდს. პარიზში როგორს ჰარმონიის მწვერვალებია, ასევე იდეალური ჰარმონიის მოყირჭების საწინააღმდეგო ამბოხის მწვერვალებიცაა - იმპრესიონიზმი და მოდერნიზმი. ორსეს მუზეუმი, ორანჟერეა და პომპიდუს ცენტრი.


ხო, ზუსტად ეს სიტყვა მიტრიალებდა, მოყირჭება.
ალბათ მოყირჭების ტალღაზე წარმოიქმნა იმპრესიონიზმი და შედევრები დაგვიტოვა.
იმპრესიონისმისგან მოჯადოებული დავრჩი.
იმპრესიონიზმი ახალი ჰაერია, ახალი ინტერაქციაა, და მას მხოლოდ ორსეს მუზეუმში და ორანჟერეაში ნახავ. მათ გარეშე პარიზიდან არ უნდა წამოხვიდე.

მაგრამ, იმავე მოყირჭების ტალღაზე წამოჭრილი ტალღის გაგრძელება - მოდერნიზმი, რომელიც პომპიდუს მუზეუმშია განთავსებული, იმის მიუხედავად რომ მსოფლიო ავტორიტეტების გვარებითაა დახუნძლული (პიკასო, მალევიჩი, შაგალი) ხვდები, რომ ხელოვნების განვითარების ჩიხია. ევოლუციის ყრუ შტო. მოდერნიზმმა ჩემზე განჯადოების ეფექტი იქონია: არანაირი ემოცია და ინტერაქცია, ჩემთვის ფერწერის ეს ნაწილი სრულიად უსარგებლო ისტორიული, ჩავლილ მოდის ექსპონატებად გადაიქცა.




ბათუმის რკინიგზის სადგური, რომელიც მახინჯაური-ბათუმის გზაზე შენდებოდა აჟამად უფუნქციოა. ბათუმის სადგური მახინჯაურში მუშაობს, მშენებარე სადგური კი უფუნქციოდაა დარჩენილი. 
არადა დიდი, ლამაზი შენობაა. თითქმის დასრულებული. 
ამ შენობის ისტორია პარიზის ორსეს მუზეუმის ანალოგიით დაიწყო, მაგრამ როგორ გაგრძელებდა სრულიად უცნობია. 
       

ფრანგი პარიზელები



წინასწარი შაბლონური ინფორმაცია, რომელიც ფორუმიდან მომყვებოდა და რომელსაც უცნობისადმი ზოოლოგიური შიში მიმკვეთრებდა, იყო რომ პარიზელები გულცივი და ქდდმაღალი ხალხია, რომ ისინი
დემონსტრაციულად არ დაგელაპარეკებიან თუკი ინგლისურად მიმართე.
არადა ჩვენი იქ ყოფნის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ალბათ 10ჯერ გვიწევდა გამვლელებისათვის სხვადასხვა სირთულის შეკითხვით მიმართვა.
ყველა ჩვენი ადრესატი გილისხმიერი, თავაზიანი და სწორედაც რომ დემონსტრაციულად კეთილგანწყობილი აღმოჩნდა.
ძალიან გულისხმიერნი და თავაზიანნი არიან. პირველივე ადამიანი, რომელსაც ქუჩაში შეეკითხები გიპასუხებს, მიგასწავლის, შეეცდება დაწვრილებით აგიხსნას თუ როგორ მიხვიდე დანიშნულების ადგილას, გაგიღიმებს, გაგრძნობინებს რომ გითანაგრძნობს. ახალგაზრდებიც არ დაგზარდებიან, მაგრამ ხნიერი პარიზელები ცალკე მყავს მოსაფერებლები.

ძალიან კეთილგანწყობილები, ტაქტიანები და სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ.
ქართველებს გვანან მეთქი დავწერე.
პასუხი ზოგმა ინგლისურად გაგვცა, ზოგმა კი ფრანგულად, მაგრამ ისეთი ჟესტიკულაციით, რომ გაგვაგებინა როგორ უნდა მიგვეღწია დანიშნულების ადგილემდე.
ინგლისური ძირითადად მოხუცებმა არ იციან მაგრამ პასუხს არასდროს დაგზარდებიან.
საერთოდ პარიზელი ხნიერი ხალხი ცალკე თემაა. უმრავლესობა კარგად ჩაცმული, ღირსეული გამომეტყველების მქონე ადამიანია. ქუჩაში უამრავ ჯან გაბენს, ივ მონტანსა და ჯან მარეს შეხვდებით გრძელი პალტოებითა და კაშნეებით კინოვარსკვავებს გვანან.მათთვის სრულიად უსარგებლო ერთწუთიან საუბარში არ გაქვს გრძნობა, რომ შენ მათთვის უცნობი გადამთიელების უწყვეტი ნაკადის 1/ 30 000000 (ერთი 30 მემილიონედი) ხარ. ეს ქალაქი წელიწადში 30 მლნ ტურისტს მასპინძლობს, და მოსახლეობის თანდაყოლილი ზრდილობისა და კულტურის დახმარებით კარგადაც მასპინძლობს.




სპონტანური ურთიერთობები:



-ჩვენს თვითმფრინავს პარიზში ჩაფრენა დააგვიანდა ვინაიდან პრაღაში დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად 4 საათი გავჩერდით, გარეთ -24 გრადუსი იყო და თვითმფრინავის ფრთებს სპეციალური სითხით დამუშავება დასჭირდა. ჩვენი თანამგზავრი ერთერთი ქალბატონი, რომელსაც ბილეთი ჰქონდა პარიზი ლიონის თვითმფრინავზე, ძალიან ნერვიჯლობდა, ვაითუ ჩემს რეისს ვერ ჩავუსწროო, არადა არც ფრანგული იცოდა და არც ინგლისური.ლიონში შვილებთან მიდიოდა.
ლიონის რეისი მართლაც გაფრენილი დაგვხვდა. ჩვენ ქალბატონს პარიზის აეროპორტის მოსამსახურესთან მივყევით. ცნობათა ბიუროში არაბი შუახნის მამაკაცი დაგვხვდა, გულისხმიერად მოგვისმინა, დაგვამშვიდა, მიგვასწავლა თუ რომელი პორტისთვის უნდა მიეკითხა ქალბატონს და გვითხრა, ამ საქმეს ფორ ჰანდრით დოლარს დასჭირდებაო.
სანამ მე გუნებაში ვრწმუნდებოდი, რომ ფორ ჰანდრითი ოთხასია და არა ორმოცი, ჩემი მეგობარი გამოერკვა და შეუბრუნა "იუ არ ჯოუკინგ, იეს?" არაბმა სერიოზი სახით დააპირა თამაშის გაგრძელება, რომ მისივე თანამშრომელმა ცისფერთვალა ქერა ქალმა, რომელიც გვერდითა ფანჯარაში პასუხობდა მგზავრებს და რომელსაც საკუთარ სკამზე ჰქონდა მიყუდებული ხელჯოხი, აიღო ეს ხელჯოხი, და გაბრაზებულმა მოუქნია არაბს, დასარტყამად არა, საკუთარი ბრაზის სადემონსტრაციოდ, რომ მისი კოლეგა პარიზში ჩასულ შეშინებულ გადამთიელებს ეკაიფებოდა. არაბი გატყდა და გაიცინა. ქალბატონს ახალ თვითმფრინავზე ბილეთი უფასოდ გამოუწერა . შეპასუხება მეც შევეცადე, "იტს ნოტ ფერსთ ოფ ეიპრილ" მეთქი, სიცილით ვუთხარი, იმით გახარებული, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯსაც ავცდით და ლამარას შემდგომ პატრონობასაც.
ორივენი კარგები იყვნენ, არაბი რომელიც კეთილგანწყობილი ღიმილით გაგვეხუმრა და მისი მეზობელი ქალბატონიც, რომელმაც არაბის ხუმრობას დროზე მოუღო ბოლო, ვიდრე შეწუხებას მოვასწრებდით.


-კონსიერჟის სასახლის მეთერთმეტე საუკუნის კედლის საათის ახლომახლო, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გვერდზე ვიწრო ქუჩა უნდა გადაგვეკვეთა, მე წინ ვიყავი და ტროტუარიდან გზაზე ფეხჩადგმულმა ჩემიანებს დაველოდე, ამასობაში დავინახე, რომ ამავე გზაზე გზაჯვარედინს კვეთდა და შემოდიოდა ფრანგული პოლიციის ლურჯი მიკროავტობუსების კოლონა, დაახლოებით 10მდე მანქანა მიჯრით.
მე ეს რომ დავინახე, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ავბრუნდი და ჩემ თანამგზავრებს დაველოდე.
კოლონა გაჩერდა, მე ჩავთვალე რომ საპირისპირო მხროდან მოძრავ მანქას უთმობდა გზას, მაგრამ აღმოჩნდა რომ კოლონა ჩვენ გვითმობდა გზას, დაბნეულობა რომ შეგვატყო პირველი მანქანის მძღოლმა, ღომილით, ხელით მაჩვენა - გადაბრძანდითო. გადავედით და კოლონა მერე შევიდა თავისივე სამინისტროში.ა, ეს კოლონაა, გუგლერსში ვიპოვე, იმავე ადგილას.

-ეიფელის ლიფტების რიგში ლიფტიორი ქალბატონი გამოგველაპარაკა - ჩვენზე ამბობენ, რომ გულცივები ვართ და ძალიან ვწუხვარო, იქით შეიქნა ჩვენი სანუგეშებელი - ყველაფერს ვხედავთ, ძალიან კარგები ხართ მეთქი. შევპირდი პარიზელების გულისხმიერების შესახებ ჩემს ბლოგზე დავწერ მეთქი.
აჰა, ვუსრულებ.

Re.:თავიდან "ქეთო და კოტეს" გავლენით მეხამუშებოდა მეთქვა ფრანგული სიტყვები - მეგონა ფილმებისმიერი ირონია, მარიაჟობა გამომივიდოდა , მაგრამ იმ მოხუცის "პაღდონ" ის შემდეგ აღარ მოვრიდებულვარ, პარდონ, ბონჟურ, მერსი თურმე ჩვეულებრივი სიტყვებია თანაც მიხვდები ამ რომ ამ ქალაქში აუცილებელი.


p.s.ის ის იყო გრძელ, წაბლისფერ პტოებში ჩაცმული მოხუცდბი ჩემთვის უკვე რესპექტაბელური, ღირსეული სიბერის სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, რომ გუშინ აქ ვაკის პარკის წინ გაჩერებაზე ავტობუსიდან ზუსტად ასეთივე პალტოში გამოწყობილი ქართველი მოხუცი ჩამოვიდა. მისი ფრანგი თანატოლებისგან განსხავებით იმდენად შეწუხდბული სახე ჰქონდა, რომ შევწუხდი.
ვოცნებობ საქართველოზე. სადაც ხნიერ მამაკაცებს ისეთივე ღირსეული იერი და გამომეტყვება ექნებათ, როგორიც დღეს პარიზელ ხანშიშეშულებს აქვთ.

ქვა პარიზში



6 დღე პარიზის ისტორიულ ცენტრში ვიტრიალე.
ტერიტოტიულად ეს ადგლი თბილისზე ბევრად პატარა არ არის. წარმოდგინე თბილისისხელა ღირსშესანიშნაობა, სანახაობა. ისტორიული პარიზში შეღებილ სახლს თითქმის ვერ ნახვ, ყველა სახლი ულამაზესი ქვის ჩიქურთმებიანი ზედაპირითაა შემოსილი. თითეული სახლის სილამაზე უზარმაზარი შრომის ფასადაა მიღწეული, მითუმეტეს ათასგვარი ინსტრუმენტის, ბენზინის თუ ელექტო ძრავიანი ქვის სამტვრევი- საბურღი საპრიალებელის გამოგონებამდე.
ეს ისტორიული პარიზია, აქ ყველაზე ახალი ნაგებობა მეოცე საუკუნემდეა აგებული, ზოგი პატარა უბანი კი , მეთხუთმეტეში. საშუალო, გადაუჭარბებელი შეფასებით ის ალაქი, რომელშიც დადიხარ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტეს დასაწყისშიც ასეთი იყო უკვე.
წარმოიდგინე ეტლებისა და ქუჩის ფარნების ეპოქა და... ეს ქალაქი. მე ახლა პირდაფჩენილი დავდიოდი და მაშინდელი პარიზის სტუმარი ხომ საერთოდ დაკარგავდა მეტყველების უნარს.
ამ ქალაქში იანვარშიც კი ქვა რომლითაც შემოსილია სახლები თბილი და რბილია, გრანდიოზულ კომფორტულ და ჩახუჭუჭებულ ავეჯს გავს.
ჩვენი ნიკორწმინდისა და სვეტიცხოვლის მნახველსაც კი გააკვირვებს ის, თუ რა სუბსტანციად შეძლეს გარდაექმნათ ქვა ფრანგებს. ეს ქვა რბილი, წელვადი და დრეკადია .
ალბათ ოფლში და ფანტაზიაში უნდა ჩაალბო ასეთად რომ იქცეს.
გაოცებს ამ სილამაზის მასშტაბურობა და უწყვეტობა, შეიძლება ჩიხის ჩიხში ისეთი ნაგებობა აღმოაჩინო შენი ქალაქის სიმბოლოდ რომ იქცეოდა აქ რომ ყოფილიყო.

პარიზის მეტრო



პარიზის მეტროს უამრავი სალანძღავი ეპითეტი ეძღვნება. ალბათ ყველა ქვეყნის ინტერნეტფორუმშია თემა პარიზზე და ალბათ ყველა ამ თემაში პარიზის მეტრო მოხსენებულია როგორც უშნო,ბინძური და პარიზისათვის შეუფერებელი. იქნებ ეს მართლაც ასეა.
ჰარმონიის მწვერვალებს (როგორებითაცაა დახუნძლული მიწისზედა პარიზი) მიწისქვეშ ცვლის გაჭირვებულ-ტექნოკრატიული, მომჭირნედ რაციონალური მეტროსადგურები.


პარიზის მიწისქვეშეთი უზარმაზარი, რთული, ძნელად ასათვისებელი , ვიწრო და დაბალჭერიან გვირაბებიანი ქსელითაა დაფარული.
პარიზის ცენტრში მეტროსადგურები მართლაც უხერხულობის გრძნობას ბადებს:
მიწისქვეშ გვირაბები 3-4 სართულად კვეთს რომლებიც ერთმანეთს ვიწრო საქვეითო გვირაბებითა და კიბეებით უკავშირდება.
მეტროსადგურის დარბაზები ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ სხვადასხვა ქალაქში გგონია რომ ხვდები.
თუმც მეტროსა და ქალაქის უნიფიცირებული რუკები ყველგანაა გაკრული და რეალობაში გაბრუნებს. რუკებზე სხვადასხვა ხაზებს არაბული ციფრი და კონკრეტული ფერი შეესაბამება.

ვაგონის კარები უმეტეს მატარებლებზე გარედანაც და შიგნიდანაც შენ თვითონვე უნდა გააღო. ღილაკს უნდა დააჭირო, ან ძველებურ ომნიბუსური სახელური ასწიო. თუ გასვლა ვერ მოასწარი და უკან დაბრუნება მოგიწია ამისათვის (უკანა ხაზზე გადმოსაჯდომად) შეიძლება 4 განსხვავებული კიბის, 3 მოკლე ესკალტორისა და.. 1 ბილეთისჩასაგდები კარების გავლა მოგიწიოს. ხო, ბილეთი არ უნდა გადააგდო მეტროდან ამოსვლამდე, იგივე ბილეთი შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე ხაზთაშორის კარებში.

ახლა ვაგონსშიგნით. ვაგონები საბჭოთასთან შედარებით ვიწროა და ცალკეული შემადგენლობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია სილამაზით, კომფორტით, სართულთა რაოდნობითაც კი (არსებობს ორსართულიან შემადგენლობები).
მეტროს ესკალატორი, მეტროს ვაგონები ეს უნივერსალური ადგილია მთელს მსოფლიოში სადაც ადამიანებს ლეგალური უფლება აქვთ ურცხვათ მიაშტერდნენ ერთმანეთს და წინასწარგანსაზღვრული გაგრძელებისარმქონე წამიერი ურთიერთობაც კი დაამყარონ უცნობებთან.
პარიზის მეტროში პორტრეტებად ხედავ იმ ხალხს, ვისაც მიწისზემოთ მხოლოდ ჩაურბენ. ძირძველი პარიზელები, ფრანგულენოვანი ჩინელები, ზანგები და არაბები. მაქმანებიანი უსიმპატიურესი ბებიები (რომლებიც გვერდზე გავლისას გეტყვიან - პაღდონ*) და რასტაკამანი ყვითელთვალება უშავესი ზანგები რა თქმა უნდა ვოქმენითა და სიმღერასაყოლილი რითმული წაზმუვლებით.

საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანს გაცილებით დიდი პერსონალური სივრცე ეთმობა, ვიდრე ჩვენთან, მეტროს ვაგონში ეს სივრცე ძალიან პატარავდება მაგრამ ნაწილობრივ მაინც რეგულირდება - ვაგონებში თითქმის ყველა სკამი აკეცვადია და თუკი ვაგონში ხალხი მატულობს მსხდომიარენი ფეხზე დგებიან, რათა დასადგომი ადგილები მეტი დარჩეს.
ძველ პარიზში მეტროს ჩასასვლელებს Hector Guimard-მა Alfred Mucha**- ს სტილში გააკეთა 1899-1905 წლებში, რაც ჩემთვის იმის დასტური ხდება რომ ეს სადგურები და თვითონ მეტრო ძალიან ძველია და შესაბამისად მე მას ვპატიობ სივიწროვეს, არასტანდარტულობას და სირთულეს.




ერთი პლიუსი, რაც პარიზის მეტროს აქვს ჩვენს მეტროსთან შედარებით არის ის,რომ მეტროთი ფაქტიურად ყველგან მიხვალ, სადგურები ჩვენსაზე უფრო ახლოახლოა და ამით მოხერხებულია.

ჩახვიდეთ თუ არა მერტოში თქვენი გადასაწყვეტია: მე მაგალითად 2 დღე დამჭირდა გაშინაურებისათვის და შემდეგი 3 დღე თანხაც დავზოგე და დასამახსოვრებელი ფსევდოურთიერთობებიც წამომყვა პარიზელებთან, რაც მე ახლა "ტკბილად მახსენდება". რაც შეეხება თანხის დაზოგვას - პარიზში ტაქსი ძვირია და თანაც ძალიან მოუხერხებელია, ტაქსში მხოლოდ ტაქსის გაჩერებაზე შეგიძლია ჩაჯდე, ეს გაჩერებები კი შორშორსაა და ძნელი მისგნებია (შეიძლება ერთი მეტროს გაჩერება გაიარო სანამ ტაქსის გაჩერებას მიადგები). ავტოუსზე კი ვერაფერს გეტყვით არასდროს ვმჯდარვარ. ყველაზე რაციონალური რჩევა კი ის იქნება რომ ჩემსავით ცენტრში დასახლდეთ (ანუ არ დაზოგოთ) და ფეხით იაროთ (ანუ დაზოგოთ). პარიზში ხომ ფეხით სიარულია მთავარი თავგადასავალი.



*
თავიდან "ქეთო და კოტეს" გავლენით მეხამუშებოდა მეთქვა ფრანგული სიტყვები - მეგონა ფილმებისმიერი ირონია, მარიაჟობა გამომივიდოდა , მაგრამ იმ მოხუცის "პაღდონ" ის შემდეგ აღარ მოვრიდებულვარ, პარდონ, ბონჟურ, მერსი თურმე ჩვეულებრივი სიტყვებია თანაც მიხვდები რომ აუცილებელი.


**

მრავალფეროვანი პარიზი





პარიზი მრავალფეროვანია, ჯერ მარტო აუცილებელი სანახავი ღირსშესანიშნაობები აქვს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული 10 მდე. სასურველი სანახავი კი უამრავი.
არქიტექტურული თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავებულია ცენტრი, მონპარნასი, მონმარტრი და თანამედროვე უბნები.
თუმცა ჩემი სათქმელი ამ შემთხვევაში პარიზის არქიტექტურული
მრავალფეროვნება არ არის.
მე ამჯერად პარიზის იმ მრავალფეროვნებაზე ვკლაპარაკებ, რომელიც პარიზის არქიტექტურულ მრავალფეროვნებას ჩრდილავს.
ეს მრავალფეროვნებაა ხალხის მრავალფეროვნება:
მეგაპოლისში რომ ხალხი ჭრელი უნდა იყოს ადვილი გამოსაცნობია, მაგრამ პარიზი სიჭრდლით მაინც გაგაოცებთ.
ქუჩაში შემხვედრთა დაახლოებით 30% ჩინელია, 15 - 20 ზანგი, 10 არაბი და დანარჩენი ევროპელი, მათში უმეტესობა კი იმედია (ზამთარში მაინც) საკუთრივ ფრანგი. შევეცადე ეს პროპორცია ტურისტების გარეშე დამეთვალა.
პარიზის მეტროს ვაგონებში ამ სიჭრელეს ყველაზე თვალსაჩინოდ ნახავ.
20-25 წლის წინ ერთერთ ფრანგულ ფკლმში, რომელიც რასიზმის პრობლემისადმი იყო მიძღვნილი, ფრანგი
ახალგაზრდები ბრაზობენ არაბებზე, რომლებიც ფრანგ გოგოებს ეცეკვებიან დისკოტეკაზე - ზანგები რომ იყონ კიდევ არაფერს ვიტყოდით, ზანგები ხომ ცეკვისთვის არიან გაჩენილნი, მაგრამ ეს არაბები ვიღა არიანო. ეს ფრაზა იმიტომ გავიხსენე, რომ არაბები ქუჩაში (ყოველ შემთხვევაში დღეს) ძირძველ ფრანგებს წარმოადგენენ, თუმცა იმიგრანტთა შედარებით ახალი ნაკადებიც სრულად ადაპტირებულები ჩანან, ჩინელები ერთმანეთს ფრანგულად ეჩხუბებიან, ვოქმენიანი ზანგები ფრანგულ რეპებს ღიღინებენ და რაც ყველაზე მნიძვნელოვანია ყველა ერთ წესს, პარიზში ცხოვრების წესს ემორჩილება.
იმ ფილმის პერსონაჟებს ალბათ ვერ წარმოედგინათ, რომ საფრანგეთის "არაფრანგებით" დაკომპლექტებული ნაკრები ბრაზილიას მოუგებდა ფინალში და თანაც არაბი ბიჭის ორი თავური გოლით.
ფილმის პერსონაჟებისა რა გითხრათ და ხალხი კი ალბათ რამდენიმე თაობაა მზადაა მრავალფეროვნებისთვის.
ბოლოსდსბოლოს ყველა ფრანგი ერთხელ მაინც ნამყოფია ლუვრში, სადსც საკუთარი თვალით უნახავს უძველესი ეგვიპტელი ზანგებისა და მონგოლოიდების ძეგლები, მოუსმენია დარიოს მეფის ჩანაფიქრის შესახებ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი აეშენებინა ბაბილონური, საკუთრივ სპარსული და ეგვიპტური სამშენებლო და დიზაინ ტრადიციების შეზავებით.
ფრანგებსაც აქვთ პრეტენზია მსოფლიო დედაქალაქის პატრონობაზე და იციან რომ პარიზის ამ სტატუსს დიდი მასშტაბები და დემონსტრაციული გახსნილობა ჭირდება. ამიტომაცაა ამ ქალაქში ჩერჩილისა და კენედის ქუჩები, მეტრო სტალინგრადი,ტროკადერო და ა.შ.
დღევანდელმა ფრანგმა პატროიტული მიზნის, მსოფლიო დედაქალაქის პარიზში დაფუძნებისათვის კარი გაუღო ჭრელ მსოფლიოს, ის არამარტო ცხოვრების უფლებასა და პირობებს აძლევს ძალიან განსხვავებული კულტურული ბექგრაუბდის მქონე ხალხს, არამედ უშურველად უთმობს თავის ელიტარულ გენებს ახალგამოჩეკილ ფრანგებს. მომავლის ფრანგები არ იქნებიან ტრადიციული თეთრკანიანი ევროპელები, შორი დამემკვიდრების, ჰეტეროზისის უპირატესობები მათ საშუალებას მისცემთ უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ფენოტიპი შექმნან, ამის წარმატებული მაგალითებიც ხომ აქვთ ისტორიაში: რუსეთი (სლავები და მონღოლები), სამხრეთ ამერიკა. ახლა ფრანგები ცდილობენ ზერასის შექმნას. რამოდენიმე სასკოლო ექსკურსიას შევხვდი პარიზის მუზეუმებში. მოსწავლეთა 90% შერეული რასისა აღმოჩნდა. 2-3 თაობის შემდეგ თუკი სკოლაში კლასიკური ევროპული ექსტერიერის მქონე მოსწავლე ისწავლის, ალბათ უმრავლესობა მას ეჭვით შეხედავს, ალბათ პრინციპული რასისტების შთამომავლი არისო.
ფრანგისათვის საფრანგეთის წარმატების მოდელი ლუვრშია, სადაც თვალნათლად ხედავ, რომ კაცობრიობის ისტორიაში, ისტორიის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ზესახელმწიფოს არსებობის უცვლელი პირობა დივერსიფიკაცია და ტოლერანტობაა.
ევროპისა და მსოფლიოს სტადიონებზეა, სადაც საფრანგეთი ახალი გენების წყალობით საფეხბურთო გრანდი გახდა.
პარიზისა და მსოფლიოს პდიუმებზეა, სადაც ფრანგული სააგენტოების სახელით სილამაზის ეტალონებად ათასი ჯიშ-ჯილაგის წარმომადგენელი ლამაზმანები წარმოგვიდგებიან.

Monday, February 15, 2010

პარიზი - ინგლისი



პირველი რასაც თბილისში პარიზში წასვლის მსურველი გებულობ ის არის, რომ იქ ინგლისურად არავინ დაგელაპარაკება.
ქვემოთ ნახავთ ჩემს ქება დიდებებებს ფრანგების, მათი სტუმართმოყვარეობის, თავაზიანობის და ტაქტიანობის შესახებ.
ინგლისურ შეკითხვაზე ყველა გამვლელი შეეცდება გიპასუხოს, ინგლისური თუ არ იცის საკმარისად, ფრანგულად გაგაგებინებს.
აქ სხვა პლასტზე მაქვს ლაპარაკი, საფრანგეთი - ინგლისი ორი უდიდესი ურთიერთ მოქიშპე, მტერი, მეტოქე და მსოფლიო ბატონობაზე კონკურენტი ერია.
მათი ისტორია მართლაც აკინძულია ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, თუმცა რევერანსებიც ერთმანეთისთვის ნიჭიერად და უხვად უსრულებიათ.
ბოლო პირუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდათ.
მას შემდეგ რაც საფრანგეთმა პარიზი და საფრანგეთის უმეტესი ნაწილი ჰიტლერს დაუთმო და მთავრობა შიდა ემიგრაციეში გადავიდა პროვინციაში, ბრიტანეთის ფლოტმა საფრანგეთის ფლოტს, რომელიც იმ დროს ალჟირის ნაპირებთან იყო დისლოცირებული ულტიმატუმი წაუყენა, ან დაეთმოთ ხომალდები მათთვის, ან გაენადგურებინათ თვითონვე. ჩერჩილს ეშინოდა, რომ უმეთაუროდ (უქვეყნოდ) დარჩენილი ფლოტი ჰიტლერს ჩაუვარდებოდა და ბრიტანეთს შემოუტევდა.
ფრანგებმა არცერთი წინადადება არ მიიღეს, ინგლისელებმა ისინი გაანადგურეს, მაშინ 1000 ფრანგი მეზღვაური იქნა მოკლული.
4 წლის შემდეგ 1000-ზე მეტი ინგლისელი გმირულად დაიღუპა საფრანგეთის მიწაზე საფრენგეთის ფაშისტებისაგან გასანთავისუფლებლად.
ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ისტორიული მეტოქეობა მართლაც ირეკლება საფრანგეთზე, პარიზზე.
საფრანგეთი შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად ეწინააღმდეგება ინგლისური ენის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო სტატუსს.
საფარანგეთში ვერსად ნახავ ინგლისურ წარწერას. ერთადერთი ნივთი, რომელზეც ინგლისური წარწერა აღმოვაჩინე მუზეუმკარტა იყო. მუზეუმ კარტა სპეციალურად ტურისტებისათვის განკუთვნილი ბილეთია, რომლითაც ერთი, ორი ან ოთხი დღის განმავლობაში პარიზის ნებისმიერ მუზეუმში შედიხარ, თანაც ურიგოდ, სპაციელური "ელიტარული" შესასვლელით. ჩვენ 45 ევროიანი მუზეუმკარტები ვიყიდეთ, 4 დღიანი და ბოლოს რომ გამოვთვალეთ მოგებულები დავრჩით, თანაც ერთი გენახათ რა სიამაყით ჩავუვლიდით ბურჟუა ევროპელების რიგებს, ამოვიღებდით "იზ შიროკიხ შტანინ" ამ ბილეთს და ყველა კარი უმალ იღებოდა. ჰოდა ამ მუზეუმკარტას მოყვება ორგვერდიანი თაბახი მუზეუმების ჩამონათვალით, იქაც კი ფრანგული შავად ეწერა, ქვემოთ კი ინგლისურად, ოღონდ ღია ვარდისფრად ძლივს რომ წაგეკითხა.
ლუვრში, სადაც ყველა ექსპონატი 3D თვალებით შესაჭმელია და გინდა რომ მის შესახებ ყველაფერი შეიტყო, ინგლისურ წარწერას ვერ ნახავ. ფრანგული დასახელებები კი რებუსებს ჰგავს - მიშელ ანჟელ, დელაკროიქს არკვიე შენ ვინაა.

ფრანგებს ალბათ იგივე სჭირთ რაც ჩვენ რუსებთან მიმართებაში.
ჩვენ რუსეთს სამხრეთ-ჩრდილოეთ კავკასიის რაკურსით ვუყურებთ, ფრანგები კი ინგლისს როგორც ლამანშის გადაღმა მდებარე ამწუთას დროებით აღზევებული მეტოქეს.ამასობაში სარკოზი მანჩესტერს გულშემატკივრობს.

Wednesday, February 10, 2010

პარიზი-რუსები


ზამთარში პარიზში სტუმრობას კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს- ზამთარში იქ ცოტა რუსია, ალბათ ზამთარში თუკი წასვლაა სითბოში წასვლას ამჯობინებენ.
პლიუსი მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ მათ თვითკმაყოფილ ფიზიონომიას იშვიათად ნახავ.
ერთადერთი ჯგუფი მახსენდება მონალიზას დარბაზში შემოცვივდნენ, წინ მიუძღვოდათ ჩირაღდანივით ზეაწეული დახვეულ გაზეთიანი
გიდი, რომელმაც შემოსვლისთანავე ყველას გასაგებად განაცხადა - "ზდეს პიაწ მინუტ, ნი ბოლშე!"
("ნუ ი ჩტო, უ ნას ვ მასკვე მეტრო" გამახსენდა ერთი რუსი ტურისტის ნათქვამი საქართველოში, ანტიკური ქალაქის ციხეგოჯის გვირაბში ჩასვლისას რომ განაცხადა).
რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა საუკუნოვან გადაჯაჭვულ ისტორიას მოიცავს.
ამ ქვეყვებს დიდი სიყვარულისა და დიდი სიძულვილის ტალღების შემდეგ ერთმანეთის მიმართ რაციონალური პატივისცემა ჩამოუყალიბდათ.
ლუვრის დათვალიერებისას გახსენდება რომ ერმიტაჟი, პეტერბურგის გრანდიოზული, უმდიდრესი მუზეუმი თვითონ ლუვრისმნახველმა რუსებმა ერმიტაჟად-ფრანგულად პატარა ოთახად მონათლეს.
ნაპოლეონის დროს, ევროპის მუდმივი ამრევი ამბალის- რუსეთის ჭკუაზე მოსაყვანად მთელი ევროპა გაიწია აჰა შენ ნაპოლეონო, და აჰა რუსეთი თუ შეგიძლია მას ეჭიდავეო.
ეს ისტორია კი იმით დამთავრდა, რომ დამარცხებულ ნაპოლეონს გამოკიდებულმა რუსმა ჯარისკაცმა პარიზის ყველა სამიკიტნოს კარი ჩექმით შეაღო და დაიყვირა "ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი" და აქიდან წამოვიდა სიტყვა ბისტრო, Bistrot ფრანგულ მანერზე. დღესაც კაფეების მესამედს ბისტროტ აწერია.
პარიზის ცენტრში მგებარე, ყველაზე პომპეზური, მოოქროვილი და ულამაზესი ხიდი ალექსანდრეს ხიდი, ეძღვნება ალექსანდრე მესამეს, რუსეთის იმპერატორს და რუსეთ საფრანგეთის მეგობრობას, ეს ხიდი ნიკოლოზ მეორემ გახსნა.
ნაპოლეონი კი, ავანტიურისტი, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო საფრანგეთი, რომლის მმართველობის შემდეგ "საფრანგეთში შინელის ჩამცმელი ადამიანი აღარ დარჩა ცოცხალი", ულამაზეს სარკოფაგში, ულამაზეს სასახლეში 6 კუბოში განისვენებს. მე მგონი ნაპოლეონს კრახი იმიტომ აპატიეს, რომ მიზეზი მიეცათ ნაპოლეონის მიერ აღებული ქალაქების ჩამონათვალში, რომელიც ნაპოლეონის კუბოს გარშემოა ამოტვიფრული (austerlic, ვარშავა,rivol, iena ..) მოსკოვიც ეწეროს. და აწერია კიდევაც - მოსკოვი ნაპოლეონის მიერ აღებული ქალაქი.

სდღეს ისტორიის გათვალისწინებით, საფრანგეთი (რიმელიც მესიანისტურ-ექსპანსიურ მიზნებს ისედაც შეჩვეულია) თავის თავზე იღებს რუსეთის მორჯულებას. ჯერ არვიცი შეწირავს თუ არა ამ მისიას საფრანგეთი საქართველოს, მაგრამ "მისტრალის" მიყიდვა რომ ამ ისტორიის ერთი ხვეულია ჩემში ეჭვს არ იწვევს.
mere davamTavreb, ar mcalia:(

Monday, February 8, 2010

პარიზის ქუჩები: ქუჩაში მოძაობის წესები.






ქუჩაში მოძრაობის მიღებულ (და არა ოფიციალურ) წესებს განვიხილავ როგორც მასში მონაწილე ხალხის ზოგად ეთნო თუ ქალაქური ფსიქოპორტრეტის მთავარ მაჩვენებლად. არაერთხელ დამიწერია გაბრაზებულს ჩვენი ქალაქის უზრდელ მოქალაქეებზე სწორედ ქუჩაში მოძრაობის თბილისური რეალიების შემხედვარეს.
პროექტისც კი დავწერე ამ თემაზე(თუმცა ჯერ ვერ დავაბინავე).
პარიზში წასვლამდე მქონდა წარმოდგენა, რომ ქუჩაში მოძრაობის მონაწილე ობიექტები (მანქანები/მოტო/ველო ტრანსპორტი და ქვეითები) განუხრელად უნდა ემორჩილებოდნენ შუქნიშნებსა და ქუჩის სტოპხაზებს. ყოველთვის ვბრაზდებოდი, როდესაც თბილისში ვაწყდებოდი ავტომობილის მძღოლსა და ქვეითს შორის ნებისმიერი სახის ურთიერთობას (მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქვეითის მუდარიანი თვალები მძღოლის მიმართ- მაცალე გზაჯვარედინის გადასვლაო, ან მანქანის დაძვრისწინა ქვეითის წვივზე მიგდება, უკანა მანქანის სიგნალი შუქნიშნის გაყვითლებისთანავე არის ურბანულ-ტრანსფორმირებული რატომღაც შერჩენადი დედის გინება და საერთო ჯამში ჩემი ერის სირცხვილი).

მაინტერესებდა, როგორ ხერხდება ქალაქში, რომელსაც ამ საკითხში თბილისთან შედარებით 10-ჯერ მეტი ობიექტური პრობლემა აქვს (მოსახლეობის რაოდენობა, ავტოსთან ერთად მოტო და ველო ტრანსპორტის სიმრავლე, სხვადასვა კულტურის ტურისტთა ტაბუნების ნიაღვარი და სხვა) ავტო და ქვეითთა მოძრაობის რეგულირება ცივილიზაციის ფარგლებში.
მაინტერესებდა როგორ ინარჩუნებს ღირსებას ქვეითი და მძღოლი, რა ჯადოსნური ელექსირი აქვს ამისთანა ფრანგულ ჟანდარმერიას, რომ ასეთ ქალაქში მოძრაობა დაარეგულიროს.
პირველივე დღეს გავერკვიე. მოძრაობა მართლაც დარეგულირებულია, თითქმის იდეალურად დარეგულირებული, იმდენად იდეალურად, რომ ქაოსს ჰგავს, მაგრამ იდეალურ წესრიგზე უფრო ეფექტურია.
აღმოჩნდა რომ ქუჩაში მოძრაობას პოლიცია არ არეგულირებს. ქუჩაში პოლიციელი ერთადერთ პაწაწინა რატომღაც უშუქნიშნო გზაჯვარედინზე იდგა და ქვეითებს ეხმარებოდა, ქვეითთა უპირობო პრივილეგიას კიდევ უფრო ზრდიდა.

მაშ ასე, პოლიციელები არა. მაშ რა?
ჩამოვთვლი:
-შუქნიშნები თითქმის ყველა 50 მეტრშია,
-გადასასვლელი ასევე ყველა 50 მეტრშია და აუცილებლად დახაზულია.
-ქვეითებს აუცილებლად, ყველა გზაჯვარედინზე აქვთ შუქნიშანი.
-ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთაგან პრივილეგირებულნი არიან ქვეითები.
ეს აქამდე სტანდარტულ ცივილური, ახლა კი კონკრეტრულად პარიზული -
-ავტომობილები განუხრელად ემორჩილებიან შუქნიშნებს, მაშინ როდესაც ქვეითს შეუძლია გადაირბინოს ქუჩა ქვეითთათვის წითელ შუქზე ერთი პირობით, თუკი ავტო/მოტო/ველოს არ მოუწევს მოძრაობის შენელება თავისივე კუთვნილ მწვანე გზაზე, არათუ დამუხრუჭება, შენელებაც კი დაუშვებელია.
-ქვეითებს შეუძლიათ ისარგებლონ თავისი უპირატესობით, მაგრამ ამ სარგებლობასაც თავისი "ბოდილენგვიჯის" წესების დაცვა ჭირდება. მაგალითად, თუკი ერთი ფეხი მაინც ჩამოდგმული გაქვს ტროტუარიდან და გადასვლას აპირებ, გზა შენია, მაგრამ თუკი ტროტუარიდან გზაზე ჩამოსული კეთილგანწყობილი ჟესტით მანქანას უთმობ გზას, მძღოლი დაიბნევა, შეწუხებული ფრთხილად გაგივლის და შეიძლება უკმაყოფილომაც მოგაბურტყუნოს რამე.


ერთი შეხედვით ქუჩა ხალხს და მანქანებს +მოტოციკლებსა+ველოსიპედებს ვერ იტევს , პერიოდულად ეს ყველაფერი ქაოსს დას უწესრიგობას ემსგავსება, მაგრამ მთავარი წესი ყოველთვის შენარჩუნებულია.

-მთავარი ერთი წესი, რომელიც ქუჩაში მოძრაობას არეგურირებს მაინც ერთია - ერთმანეთის პატივისცემა ქვეითთა უპირატესობის მუდმივი დემონსტრირება.

შედეგად 6 დღის განმავლობაში ჩვენ საცობი არ გვინახავს, არც შეურაცხყოფილი ქვეითი. სიგნალები არის, იშვიათად გაბმულიც, მაგრამ უფრო გამოფხიზლების მიზნით, ვიდრე შეგინების.
გადაჭედილ და უხვ შუქნიშნიან ვიწრო ქუჩებში მხოლოდ მოტოციკლები დაქრიან პირუეტებით (ხაზებს ადვილად და ოსტატურად იცვლიან) მაგრამ გზაჯვარედინების სიახლოვეს არათუ მოტოციკლები, ველოსიპედებიც საერთო წესს ემორჩილებიან.

Sunday, February 7, 2010

პარიზელები. მოქალაქეთა ექსტერიერი





ზამთარში პარიზში ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეთაგან დაახლოებით 20% ჩინელია, 20% ზანგი, 15 პროცენტი არაბი და.. 45% საკუთრივ ფრანგი.
და... ამ 45% ფრანგში კი სადღაც 25% ქართველია. ააა??
ხო. არ მოგესმათ, ქართველი.
ექსტერიერზე მაქვს საუბარი, სინამდვილეში ქართველი არცერთი არ შემხვედრია ერთი კვირის განმავლობაში.

ეს ფაქტი გამაოცებელთაგან პირველი იყო ჩემთვის - ფრანგები ძალიან ჰგვანან ქართველებს,
იმდენად ჰგვანან, რომ თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მიმემართა ამ კაცისთვის უცხოურ ენაზე და არა ქართულად.

ბაქოში ჩახვალ,ერევანში, მოსკოვში თუ პრაღაში სწრაფადვე მიხვდები, რომ ეს ხალხი შენი ჯიშისანი არ არიან და მათ მათსავე ენაზე უნდა ელაპარაკო, აი პარიზში კი ეს გრძნობა არ გაქვს, 5 კაცში ერთს სუფთა ქართული გარეგნობა აქვს, ლუი დე ფიუნესი, ანუკ ემე, ჟან გაბენი ვარიაციებით.
ეშმაკმამც დალახვროს, თვალები მოვიფშვნიტე - მეტროსადგური სტალინგრადი

Friday, February 5, 2010


ეს მაგიდა პარიზში მონტერგუელის ქუჩაზეა, კაფე "ლა ეპიკერიაში"
ზედ სამი ფურცელი ფრანგი უცნობი გამვლელ, გამყიდველების მიერ ჩვენთვის მიმასწავლებელი ბარათებია. ვინ თქვა რომ ფრანგები ცივი, ქედმაღალი და უყურადღებო ხალხია, რომ ინგლისურ შეკითხვაზე არც კი გიპასუხებენ და სხვა ათასი "შეთქმულების თეორია".
ვაღიარებ, ეს ხალხი - ფრანგები, პარიზელები ჩემზე უფრო ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი, და დახმარებისთვის მუდმივად მზადმყოფი და სტუმართმოყვარეა.
ზაფხულისგან განსხვავებით ზამთარში პარიზის ქუჩებში მოსიარულე ხალხის უმეტესობა პარიზელებია, ტურისტების დიდი ნაწილი კი ფრანგები.

ეს მაგიდა მონპარნასზე მდებარე კაფე "როტონდას" ეკუთვნის, ამ ჭიქებში ცხელი შოკოლადი ესხა, რომელიც მე გეახელით. ხურდა კი როტონდას გარსონისაა, მე დავუტოვე ისე როგორც ეს გვიანდერძა ამ კაფეში ხშირად მყოფმა ჰემინგუეიმ (ოღონდ "ფიესტაში" - აუციელბლად დაუტოვეთ ხურდა ოფიციანტებს მით უფრო თუ იმ კაფეში ოდესმე შეიძლება მოგიხდეთ დაბრუნებაო).ცხელი შოკოლადი ძალიან კარგი გამოდგა, მოდილიანის სურათები კი ასლები, მაგრამ მაინც კარგი იყო

პირველი ინსტრუმენტები

ჩემი პარიზული შთაბეჭდილებები დიდია, ქაოტური, მრავალმხრივი და ჩემთვის იშვიათი ნამდვილი პათოსით გაჯერებული.
მინდა დავალაგო ჩემთვის და თქვენთვისაც, მინდა დამრჩეს და არ გახუნდეს.
ჯერ ცალკეულ თემებს ჩავყრი უსისტემოდ, მერე იქნებ გავაერთიანო.
დღევანდელი თემა დამწერლობამდელი ადამიანია, რომელსაც მე ლუვრში გავეცანი.
იმ შორეულ მინუს 20 საუკუნამდელ ეპოქაში, როცა ადამიანის მთავარი საზრუნავი ჯერ კიდევ ძალითა და მოხერხებულობით მასზე აღმატებული ვეფხვების, მგლებისა და დათვების მოგერიება, ცეცხლის ანთება და შენახვა, წვიმის, ქარის, ღამის უკუნისა და ზამთრის უნაყოფობის გადატანა იყო, როცა პირველი ღვთაებები მორცხვად შემოაბიჯებდნენ გამოქვაბულებსა და ბუნაგებში, თურმე მაშინ ის ადამიანები ჩემზე ნაკლები ინტელექტის მქონენი არ ყოფილან.
ეს მძიმე დასკვნა იყო ჩემთვის, აქამდე მეგონა რომ ისტორიისა და ცივილიზაციის პარალელურად ადამიანიც მნიშვნელოვნად განვითარდა, პრიმიტიული კატეგორიებით მოაზროვნე დაშინებული არსებისაგან დღევანდელ ტექნოკრატიულ არსებად იქცა.

ლუვრის პრეანტიკური დარბაზების თვალიერებისას კი მე აშკარად დავინახე, რომ ის ადამიანი იმ დროს ჭკვიანი, იმედიანი და ნიჭიერი იყო. რას ვიზამდი მე, იმ დროს რომ დავბადებულიყავი? დიდი ალბათობით ვერცერთ ბაიტ ინფორმაციას ვერ დავტოვებდი მათგან განსხვავებით.
მადლობა მათ, უსახელო ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს ქმნა, არა მარტო კეთება, არამედ ქმნა.

ლუვრში ჩემთვის გასაკვირად ფოტოგადაღება დაშვებულია(ოღონდ ფლეშგანათების გარეშე). აქ ჩემი გადაღებული სურათებია. ხარისხით მაინცადამაინც ვერ დავიკვეხნი, ეს არის რაც არის.ყველა ამ სურათზე ადამიანების მიერ შექმნილი პირველი ინსტრუმენტებია, განყენებული აზროვნების პირველი უტყუარი საბუთები.
ამ სურათებზე გამოსახული ყველა ნივთი მინუს 20 საუკუნეზე ადრინდელია
პირველი ტრაფარეტი

პირველი მაკეტი

პირველი ასანთი

პირველი ეტალონი

პირველი კამათელი

პირველი ვიოლინო

პირველი სარკე

პირველი ხელოვნური სათამაშო კოჭები







პირველი სალარო აპარატი

პირველი სტამბა

და ყველა ინსტრუმენტზე ზემდგომი - პირველი დამწერლობა

პირველი ილუსტრირებული ისტორიულ-დოკუმენტური მოთხრობა