"ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"
"არა, ეს კუჭის კანონია, - სერიოზულად მომიგო, - ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, - შეუდგა ახსნას, - ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი - ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის - მწვავეს, მადიანს, ველურს - უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია... მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ - ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? - დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ... ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც,
მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ - რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! - კუჭის კანონია ეს, გერასიმე."
და კიდევ, უფრო მაგარი.
ისევ
"ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"
"წვიმისას, გერასიმე,- ათვალწუნებით ამომცქეროდა, -ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი სუფთა.
და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვის ბრალი - იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი კი, წესიერად რომ მიაბიჯებს იმიტომ გამოიყურება მეორეზე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამე ხინჯი მემჩნევა ისევ შენ გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობაა, იცოდე.ჩვენ ადამიანები მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ გგონია, მარტო,
რადგან დიდი სიტყვა - ერი გვქვია"
Thursday, April 2, 2009
გურამ დოჩანაშვილი
Posted by cartwheel at 10:31 AM
Labels: ადამიანები, ანალოგია, მერფის კანონები, ხალხი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
როგორ მიყვარს როგორ :* ნებისმიერ დროს, ნებისმიერი განწყობით, სადაც გადავშლი იქიდან ვკითხულობ დოჩანაშვილს :*
Post a Comment