ზიზღის კლების მიხედვით.
უწესო არაკაცი ქართველი
რუსი იარაღიანი ჩემს მიწაზე
ჯიუტი სეპარატისტი აფხაზი
ჯიუტი სეპარატისტი ოსი
პირველზე მოგახსენებთ
მე ის მძულს, მეზიზღება, მინდა შუაზე გავხიო.
დღეს გადავეყარე ერთს.
ვიწრო ქუჩაზე მანქანიდან გადმოვიდა ქალი და ბავშვი გადმოიყვანა.
მთელი ამ დროის მანძილზე უკანა მანქანა გაბმულად უსიგნალებდა.
რომ ჩამიარა მივაყვირე, რა უნდა ექნა, ფანჯრიდან გადმოეგდო ბავშვი მეთქი?
არ გაჩერებულა ისე ჩამიარა.
წითელი ნომრები ეკეთა და მგზავრი ჰყავდა.
ანუ მანქანაში დიპლომატი იჯდა.
კიდევ ერთმა ადამიანმა (იქნებ მისი მეშვეობით სულაც კიდევ ერთმა ქვეყანამ) მიიღო კატეგორიული დასტური, რომ ეს ქვეყანა დებილების სბროდია და ევროპაში კი არა მათი ადგილი ევრაზიაშიც არაა.
Monday, January 30, 2012
ჩემი მტრების შკალა
Posted by
cartwheel
at
10:34 AM
0
comments
Monday, October 11, 2010
რჩევები არიფ მძღოლს
ანუ შენ
იყურე შორს გაითვალისწინე სამუხრუჭე მანძილი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სიჩქარით მიდიხარ.
გაჩერებული ავტობუსის გასწრებისას უყურე ბორბლებში, ვინმე ხომ არ გადმოდის?
დაიცავი ხაზი, შეიცვალე ხაზი პასუხისმგებლობით, გვერდითი მოხვევის მაშუქების გამოყენებით.
ტრასაზე გასწრების პირველ ეტაპზე გადადი მარცხნივ, კარგად დაინახე გზა და შემდეგ, თუ საშუალება გაქვს სწრაფად გაასწარი, თუ არა, დაუბრუნდი შენს რიგს.
გასწრების დასაწჰისში მთელი კორპუსით მარცხნივ გადასვლის უპირატესობა არის აგრეთვე ის, რომ შემხვედრი თავიდანვე ხედავს, რომ შენ ასწრებ და არა მხოლოდ აპირებ გასწრებას. ანუ შემხვედრი შორიდანვე შეანელებს რათა შენ მანევრი დაგასრულებინოს.
გზაჯვარედინებზე გავლისას იყურე ორივე მხარეს
ნუ გააჩერებ მანქანას გზაჯვარედინის კუთხესთან 5 მეტრზე ახლოს
მწვანიდან ყვითელზე მოძრაობის დასრულების უფლება გაქვს.
წითლიდან ყვითელზე გასვლის - არა.
ანუ უპირატესობა მისია, ვინც მოძრაობდა.
თუმცა ეს უპირატესობა სულ რაღაც ერთ ორ წამს გრძელდება.
გზაჯვარედინზე ტრაექტორიების გადაკვეთისას თმობს ის, ვინც მძღოლს (მძღოლის მხარეს) ეჯახება.
ნუ შეაშინებ ქვეითებს
მკვეთრი დამუხრუჭება მაქსიმალურად სწორად.
დაღმართზე მართვის დაკარგვის მეტი რისკია, დროზე შეანელე
დანგრეულ გზაზე ჯობია მეჩეჩზე ბორბლით გადაიარო, ვიდრე მეჩეჩი ბორბლებსშორის მოიქციო,
გააჩერე ისე, რომ ადვილად გამოხვიდე. მერე შეიძლება სხვა მანქანები დადგნენ იქ სადაც ახლა მანევრის საშუალება გაქვს
თუ ჩქარობ, იჩქარე სწორ მონაკვეთებზე, ტრასაზე, სწრაფი მოძრაობის მონაკვეთებზე.
ნუ ეცდები გონკაობას ვიწრო, მიხვეუს მოხვეულ გზებზე, მაინც ბევრ ვერაფერ დროს მოიგებ (ვთქვათ 60ის ნაცვლად 70-ით ივლი, დიდი არაფერი ხეირია).
ტრასაზე დაგეგმე გაჩერებები იქ, სადაც სწრაფად ვერ იმოძრავებ, უღელტეხილზე, ქალაქში.
არ დაჯდე საჭესთან თუ უძილო ხარ.
ფრთხილად იარე ნაწვიმარ გზაზე, განსაკუთრებით ფრთხილად ახალნაწვიმარ გზაზე.
ძროხას აუარე უკნიდან, კაცსაც. ქალი და ძაღლი შეიძლება უკან დაბრუნდეს, კაცი და ძროხა არა. შინაური ფრინველისთვის ნუ შექმნი საავარიო სიტუაციას, გადაუარე.
ყოველთვის დაიცავი დისტანცია, გუნებაში იქონიე სამუხრუჭე მანძილი
თუ თავს ატყპბ, რომ გეძინება ან ძალიან გადაღლილი და უძილო ხარ, გააჩერე და წაიძინე თუნდაც 10 წუთი. მანქანის მართვა განაგრძე უფეხსაცმლოდ. პედლებზე უფეხსაცმლო ფეხის დაჭერა და მართვა იმდენ აფერენტაციას იძლევა, რომ რულმორეულს ძილს დაგიფრთხობს, მაგრამ გარანტირებულად ვერ გიშველის. ამიტომ ჯობია გამოიძინო, წაუძინო მაინც.
გაითვალისწინე, საჭესთან ჩაძინების გარდა კიდევ არსებობს საჭესთან მყოფის გათიშვის საფრთხეც. გათიშვა ემართებათ გადაღლისა და უძილობის შემთხვევაში და ის წამის განმავლობაში დგება, ყოველგვარი წინასწარი ძილის მორევის გარეშე. გათიშული ადამიანს თვალები ღია აქვს და ერთი წუთის წინ შეიძლება სალონში გაბმულ საუბარშიც მონაწილეობდა, მაგრამ ახლა " აქ არ არის", მექანიკურად ზის მძღოლის სავარძელზე. მისი ტრანსიდან გამოყვანა ადვილია, შეძახება საკმარისია, მაგრამ მგზავრის ყურადღება ვერ გასწვდება მძღოლის ყოველწამიერ შეფასებას, მითუმეტეს, რომ გათიშულს თვალები ღია ექნება და შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სანამ მანქანის ტრაექტორია არ გახდება სახიფათო; გზის კიდისკენ მარჯვნივ ან მოწინააღმდეგე ხაზზე მარცხნივ.
აქედან დასკვნა თუკი დაღლილი და უძილო ხართ დაკარგეთ დრო, დააგვიანეთ, მიიღეთ საყვედური , მაგრამ აუცულებლად წაიძინეთ. გახსოვდეთ გათიშვა ძილი არ არის და მას შესავალი არ ჭირდება და თუკი იტყვი, რომ უძილო და დაღლილი კი ხარ, მაგრამ ჯერ არ გეძინება, იცოდე რომ გათიშვის კანდიდატი ხარ, დიდი ალბათობით მკვლელი და თვიKვლელი ხარ.
აღმართზე შეჩერებისას დაიცავი დისტანცია წინა მანქანასთან, შეიძლება მას დაძვრისას დაუგორდეს.
ივარჯიშე აღმართზე დაძვრაში ხელის მუხრუჭით და ხელის მუხრუჭის გარეშე.
უკან მოსაბრუნებლად შენივე ხაზზე უკან დაიხიე და უკუსვლით მართი კუთხით შედი მარჯვნივ. მეორე მომენტად გამოდი გზის მართობულად და მარცხნივ გაუხვიე.
თუ მართობულად მარცხნივ ჩახვევა გინდა და შემხვედრი ნაკადი დიდი და სწრაფია, თუ უკანაც სწრაფი ნაკადი მოგდევს, გადადი მარჯვნივ გზიდან და დაელოდე გზის გათავისუფლებას.
მგზავრი ბავშვები ყოველთვის უკანა სავარძელზე დასვი, მოზარდი თუკი წინა სავარძელზე ზის აუცილებლად ღვედით უნდა იყოს დაბმული.
ნურასდროს დაჯდები ნასვამი საჭესთან, საქმე იმაში არაა, რომ შენ შეიძლება თავხედობა ჩაიდინო, არა, საქმე იმაშია, რომ ნასვამს რეაქცია შენელებული გაქვს და შესაძლო თუნდაც არადრამატულმა ავარიამ შეიძლება ბიოგრაფია უარესობისკენ შეგიცვალოს.
იხმარე ღვედი, ტრასაზე აუცილებლად.
იყიდე მანქანა, რომელსაც აქვს აირბაგები.
ქართული ლეგენდა, რომ აირბაგი უარესია თუკი ღვედი არ გაქვს შეკრული, არასწორია.
გაითვალისწინე, კანონი კრძალავს ცეცხლსასროლი იარაღისა და თუნდაც პატარა დანის ტარებას ჯიბით. ადამიანი იარაღით პოტენციური მკვლელია და კანონი მას აპატიმრებს.
შენი ავტომობილი გაცილებით მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ვიღაც უცნობი ადამიანისათვის, ვიდრე დანა შენს ჯიბეში. როცა საჭესთან ზიხარ პოტენციური მკვლელი ხარ, ფლობ გაცილებით ძლიერ იარაღს ვიდრე დანა და პისტოლეტია. ეს იცის სახელმწიფომაც მაგრამ არ გაპატიმრებს, იმიტომ რომ გენდობა. ჩაიბარა შენგან ფსიხო, მართვის გამოცდები და გენდობა რომ ამ ტონანახევრიან რკინას, ჩაქუჩს, ნაჯახს, უროს, ხერხს, უთოს, საბრტყელებელს, მაჩეტეს, იატაგანს გაქანებულს და ზებუნებრივი სისწრაფისა და ინერციის მქონეს შუა ქალაქში ფრთხილად ატარებ.
შენ გენდობიან სხვა ავტომობილთა მფლობელები და ქვეითები. ყველას აქვს იმედი, რომ შენ წესებს დაიცავ.
ხოდა დაიცავი. ნუ დააშინებ ნურც სხვა ავტომობილების მძღოლებს, ნურც ქვეითებს.
თავაზიანობა, ზრდილობა, ტაქტი, ეტიკეტი მხოლოდ შენობის შიგნით დამოსაყენებლად არ მოუგონებიათ, ის ქუჩაში უფრო მნიშვნელოვანია. აცალე დაასრულოს გზის გადასვლა ბებოს და შემდეგ დაძარი მანქანა. მადლობას გეტყვის გულში, მადლია. უკან მომდგარი 3 აბღუებული მანქანის სიგნალს გადაწონის.
საავაროი სიტუაციაში ნუ იფიქრებ იმ მძღოლზე, რომელიც უცაბედად შენ გზას იკავებს ან გიკვეთავს (ბოროტია, მტყუანია, მთვრალია, თავხედია, საგინებელია...) იფიქრე მხოლოდ შენთვის დარჩენილ სამუხრუჭე ან გასაზვრომ ტრაექტორიაზე. მობილიზდი მხოლოდ ამ ტრაექტორიის უზადოდ შესრულებაზე.
დღეღამე ტრასაზე საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანის გასაფრთხილებლად (მაცალე დავასრულო გასწრება, ცოტა შეანელე) იხმარე ფარები და არა სიგნალი. სიგნალი მას არ ესმის.
ღამე გასწრების დაწყება შენ წინ მიმავალ მანქანას ასევე ფარებით შეატყობინე.
თუ მართვა დაკარგე (ანუ მანქანა მოცურდა და უკონტროლოდ მოძრაობს) გზაზე დასაბრუნებლად ძალიან სწრაფად და მკვეთრეად მოუხვიე შენი გზისკენ.
და კიდევ, ყოველთვის მზად იყავი მკვეთრი მუხრუჭისათვის. მკვეთრი დამუხრუჭებისას ეცადე სანამ ჩქარა მოძრაობ სწორად იმოძრაო და მხოლოდ მას შემდეგ მოუხვიო, როცა შენელების ადგილი აღარ გაქვს და მოხვევის გარეშე შეეჯახები.
ანუ უნდა მოუხვიო მაქსიმალურად დასაშვები შენელების შემდეგ.
გაითვალისწინე, არცერთი ავარია არ მოხდებოდა დედამიწაზე მძღოლებს ორი სამი წამით უფრო ადრე რომ ეფიქრათ შესაძლო საავარიო სიტუაციის განმუხტვაზე.
აჩუქე შენს თავს + 2-3 წამი სიფრთხილე- აუშვი გაზს ფეხი.
და იგივეა, აჩუქე შენს თავს 2-3 წამი, აჩვენე გასწრებისას საწინააღმდეგო მხრიდან შენკენ მოძრავ მანქანას, რომ მანევრის დასასრულებლად მისგან შენელებას ითხოვ. 99%-ში შემხვედრი მანქანა შეანელებს თუკი შენი ბოდილენგვიჯი იქნა მკვეთრი და კონკრეტული (მთელი კორპუსით საპირისპირო გზაზე დგომა, ფარების აცომციმება).
საწვავი ჩაასხი ბევრი. ღმერთმა ჯანზე გამყოფოს და შენს ბიოგრაფიაში და ამ მანქანით ერთ ტონაზე ნაკლები ბენზინი არ უნდა დაწვა, ასე რომ რაც ნაკლებ ჯერზე ჩაასხამ ამ ერთ ტონას მით ნაკლები გაჩერება და დროის კარგვა ( თუნდაც ხურდის ჩუქება) მოგიწევს.
იგივე ითქმის შაქარზე, ზეთზე, საპონსა და ტუალეტის ქაღალდზე, თუმცა მათ საყიდლად ნაკლებ დროს დაკარგავ, მაღაზიაში ისედაც ხშირად მოგიწევს მისვლა სხვა პროდუქტისთვის.
ნურასდროს გააჩერებთ მანქანას სწრაფი მოძრაობის ხაზზე.
თუ სწრაფი მოძრაობის ხაზზე საავარიო გაჩერება ან მნიშვნელოვანი შენელება გიწევთ და არის ალბათობა, რომ იმავე ხაზზე სწრაფად მომავალი მანქანა წამოგეწიოთ, ჩართეთ საავარიო მაშუქი.
Posted by
cartwheel
at
10:44 PM
0
comments
Labels: სასარგებლო, უწესობები, ქუჩა
Sunday, October 3, 2010
+2 უწესობა
აგერ მარჯვნივ სვეტში თემებია, მათში უწესობები, რომელშიც დღემდე 19 წერილი იყო. მოდი ოცი იყოს.
აბასთუმანში სტუმრობისას ორი ისტორია შევიტყე.
1992 წელს,მოგეხსენებათ იმ დროს იარაღი ათამდე ორგანიზებულ და 100-მდე ნაკლებორგანიზებულ ჯგუფს ეჭირა ხელში, და ყველა მათგანი ერთმანეთს უმისამართო სროლაში ეჯიბრებოდა, თან რატომღაც პიკით ღამის 3-5 საათზე, ძილში მაინც რომ არ დაგსიზმრებოდა თავი მშვიდ ქვეყანაში.
ხოდა იმ დროს ვიღაც იარაღიან პატრიოტს არ დაზარებია და აბასთუმნის მაღლობზე მდგომი შოთა რუსთაველი სამიზნედ მიუჩნევია და არაერთი ცდის შემდეგ ქვედა ყბაში მოურტყამს, ძეგლი დაიშალა. მოგვიანებით კი მადლიერმა შთამომავლობამ საგოზავით შეაწება და დღესაც დგას აბასთუმნის შესასვლელში რუსთაველის ყველაზე უშნო ძეგლი-კარიკატურა.
1994 წელს კი ადგილობრივმა გამგებელმა, ბავშვებზე ზრუნვით, არ შესცივდეთ სკოლებშიო, ის ხე მოუჭრია, რომელიც აკაკი წერეთელს დაურგია და აბასთუმნის ერთერთ (და აბასთუმნისთვის უიშვიათეს ქართულ) ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.
აბასთუმნის გარშემო კი უსიერი ტყეა, ფიჭვნარ-ნაძვნარი. აკაკის ხის კუთვნილი ადგილი კი სკოლის ფეჩში ყოფილა.
Posted by
cartwheel
at
3:00 PM
5
comments
Monday, July 5, 2010
მე და/თუ ჩვენ. თქვენ ვისკენ ხართ?
თავიდან მინდოდა ეს სურათები NO COMENT დამედო.
მაგრამ მერე გავითვალისწინე, რომ ინფორმაცია უნდა დამემატებინა, ისე ვერ მიხვდებოდით, უფრო სწორედ ვერ წარმოიდგენდით, რომ ის უაზრო მისახვევ-მოსახვევი გვირაბიდან ჩაქვამდე, რომლის გამო ყოველდღე 2 ათას მძღოლს უწევს საავარიო დამუხრუჭება და ადრენალინის მონელება, ერთი ადამიანის ახირების შედეგია. გლეხმა არ დათმო თავისი მიწა. როგორც მითხრეს 100.000-ს და ბინას დაპირდნენ, მაგრამ არ დათმო. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მიიცვლება და მისი შთამომავლები (თუ ჰყავს) მაინც აღმოჩნდებიან მოქალაქეები.
ძაან მაინტერესებს როგორ ეტყოდა უარს ასლან აბაშიძეს.
თუ ეს სურათი რუსეთშია გადაღებული ეს კაცი, ამ მანქანის პატრონი მომწონს, თუ ამერიკაში - ვერ ვიტან.
რატომ ვერ ვიტან? იმიტომ რომ მისი სამყარო ამერიკაშიც რუსეთით შემოიფარგლება.
Posted by
cartwheel
at
6:00 PM
9
comments
Labels: მძიმე კითხვები, უწესობები, ძირს პათეტიკა, ხალხი
Tuesday, October 6, 2009
კამარა ამპუტირებულია
დღეს ჩემს ათას ერთ სირცხვილს ერთი მიემატა.
სრული უფლება მაქვს მრცხვენოდეს, მოვალე ვარ მრცხვენოდეს. მრცხვენოდეს დანარჩენ 3 თუ 4 მლნ ქართველთან ერთად. ვინაიდან რაზეც ახლა მოგითხრობთ კიდევ ერთი ქართული სირცხვილია.
თანაც ახალი, ფსევდოძველი სურნელით. ეს სურნელი გაცილებით უარესია ვიდრე მოჩვენება კასპერის მეგობარ მოჩვერნებებს შეუძლიათ დააყენონ. ღია მწვანე კი არ არის, არამედ გახუნებული მუქი მწვანეა, როგორ ფერ ცხენზე უნდა ამხედრდეს აპოკალიფსის მხედარი ბიბლიის მიხედვით (თუ სწორად მახსოვს -ორივე რელიგიის მიხედვით). ეს სუნი ოფლის კი არა, დაუბანელობისაა, წვერულვაშიანობის კი არა, გაუპარსაობისაა, ქართული ფოლკლორის კი არა, მეასე ხინკლისაა, ბერი თევდორესი კი არა, ოხროხინესია...
დღეს გადავშალე ჟურნალ "ლიბერელის" ბოლო ნომერი. გამოწერილი მაქვს, სახლშიც დროზე მომიტანეს, მაგრამ აქამდე ვერ ჩავუჯექი. დღეს კი სტატიაში "კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი" ისეთი რამ შევიტყვე, რომელმაც გულწრფელად შემაწუხა.
ეს ამბავი ღალატია. ეს დიდი ღალატია და დიდი გაუტანლობა. ეს არის იგავარაკად საჩვენებელი ისტორია, რომლითაც მტყუან-მართალი ბავშვმაც უნდა გაარჩიოს, და ამ იგავის დედაარსი კი ის უნდა იყოს, რომ ცუდი ადამიანი დაწერილ კანონებს გარეთ ყველაფერს იკისრებს, კარგი ადამიანი კი, დაწერილთან ერთად (ერთად და არა ნაცვლად) აუცილებლად უნდა შეასრულოს დაუწერელი კანონები.
ხო, ამბავი ამაზეა - დაირღვა დაუწერელი კანონი.
ეს კანონი აქამდე არა მხოლოდ დაუწერელი არამედ იქნებ ნათქვამიც არ იყო, მაგრამ საქართველოში მოქმედებდა და მოქმედებს. რაც ყველაზე საოცარია ეს კანონი არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს, არამედ ისტორიული გაჭენებული და გამოჭენებული, საინგილო-ტაოკლარჯეთიანი საქარტველოს ტერიტორიაზეც მოქმედებს, და თანაც დღევანდელი საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო პრინციპულდ და ჩვენთვის სასარგებლოდ.
საქართველოს გარეთ, ტაო-კლარჯეთში უამრავი ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ყველაზე გამორჩეული ტაძარი დგას.
მიადგები რომელიმე ასეთ სოფელს, რომელშიც 800 წელია ქართული სახელმწიფო აღარ არის და რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნეა ქართველი ადამიანი აღარ სახლობს და დაინახავ, რომ ადგილობრივ თურქულ უსახურ სახლებსა და მომცრო მეჩეთს თავს გადმოდგომია ჩვენი სიამაყე ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა და ბევრი სხვა. გადმოჰყურებს მათ მთებში გამოკეტილ სოფლებს 3 -4 თავით მაღლა ატყორცნილი ქართული კამარები, გუმბათები, სიფრიფანა ფრესკები, მიკარგ-მოკარგული ქართული ორნამენტები და ქართული უძველესი წარწერები.
ამ ხალხმა - მუსლიმმა თურქებმა ამ გარემოში უბნელესი ფეოდალიზმი გამოიარეს. გამოიარეს ხანა, როცა ფაქტის წინაშე დაყენება ყველაზე წარმატებული, გაუპროტესტებელი და ურისკო ტაქტიკა იყო. მხედველობაში მაქვს, რომ ოტომანთა თურქეთში არავინ იყო ხელის შემშლელი უბრალო მოსახლისათვის დაეშალა და გადაეწყო ჩვენი უმნიშვნელოვანი ტაძრები თავის მეჩეთად ან სულაც სასახლედ. გაერო მაშინ არ იყო, იუნესკო და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ატეხავდა გნიასს.
თვითონ არ დაანგრიეს თავს წამომდგარი დამთრგუნავი სილამაზის ტაძრები, რომლებიც მათ სოფლებში სხვის ღმერთს ადიდებდნენ.
დღეს დავინახე ის, თუ რასაც შეიძლება დამსგავსებოდა ჩვენი ტაძრების ნატიფი კამარები თურქები დაუწერელ კანონს რომ არ ემორჩილებოდნენ.
გინახავთ ნათალი ქვის დიდი კამარა, რომელსაც ... ეს კამარა მოარღვიეს?
რაც ქართულ ტაძრებზე მეშინია რომ ვნახო,
"ლიბერალში" ვნახე:
სოფელ ფლატეში ზარზმელი ბერების შეძახილით ქართველებს მიტოვებული მეჩეთის კამარა მოურღვევია და ზარზმის მონასტრის თუ კელიების ახალ მიშენებაში გამოუყენებიათ.
ეს ვანდალიზმი ვიღაცას (არ არის მითითებული, ხელისუფალს თუ საეკლესიო ხელმძღვანელობას) შეუჩერებია, მაგრამ მიტოვებული მეჩეთის კამარა დღესაც შემზარავი შესახედავია. გაიძულებს კიდევ და კიდევ წარმოიდგინო ის ჰარმონია, რომელიც ამ რკალის მშენებლებმა რუდუნებით, მართლაცდა ოფლითა და რწმენით შექმნეს, და რომელიც დღეს.. ამპუტირებულია.
ვანდალები დაწერილ კანონებს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც ეს მეჩეთი:
ა. მიტოვებული იყო
ბ. არ შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დამტკიცებულ ნუსხაში.
დაუწერელი კანონი, რომელმაც ქართული არქიტექტურის მწვერვალები თურქეთში შემოგვინახა, აქ დაირღვა.
ეს მეჩეთი მართლაც მიტოვებულია და არც არქიტექტურული მწვერვალია, მაგრამ .. სწორედ იმითაა პატივისცემის ღირსი, რომ უნივერსალური ცოდნისა და შესაძლებლობების პერიოდში კი არა, არამედ მანამდეა ხელით ნაშენი.
იმ ეპოქაში, როცა თითო ქვის გამოთლას ერთი კვირა მუშაობა სჭირდებოდა მუსულმანებმა არ მიითვისეს მათ ღარიბ სოფელში მდგარი სხვისი უპატრონო (თანაც საუკუნეებით უპატრონო) და უპასუხო (არავინ განიკითხავდათ) ქვები.
ჩვენ კი, XXI საუკუნეში, როცა ქვის გამოთლის ენერგია ოფლსა დას რწმენას კი არ მოითხოვს, არამედ ელექტროენერგია და სამხერხაო დაზგა ჰყოფნის, ძველთაძველი ქვები მოვიპარეთ.
მატერიელისტი ვარ, ათეისტი სხვანაირად. ერთადერთი რითაც მარადიულობას ვუკავშირდები ჩემი შვილები და საქართველოა. გამოვტყდები რომ ზარზმის მონასტერში ბერთა ცხოვრების გაზიარებაზე არასდროს მიფიქრია, არც განსაკუთრებული იმედები ჩამიდია იმაში, რომ იქ ჩემზეც ლოცულობენ. მაგრამ ამ ისტორიის შემდეგ ცხადად შევიგრძენი რომ სადღაც მივიწყებული ძალა რომელიც თურმე მქონდა და რომელიც იქნებ დამხმარებოდა კუსმაულის სუნთქვის დროს, აღარ მაქვს, უფრო სწორედ შემიმცირდა. შემიმცირდა იმით, რომ ზარზმის მონასტრის ლოცვა ჩემამდე არ მოაღწევს, მე ვამბობ მასზე უარს.
Posted by
cartwheel
at
3:58 PM
5
comments
Labels: თურქეთი, მე ათეისტი, საზოგადოება, უწესობები, ძირს პათეტიკა
Wednesday, July 15, 2009
რითი ჯობია ერთი რუსი ერთ ქართველს?
67-იანი ვარ. თუ ჩემს ახლომახლო ასაკში ხარ, ეს ფაბულა შენც გამოვლილი და უკვე დავიწყებული გექნება.
"გაფურჩქნული" და "აყავებული სოციალიზმის" ფაზაში მყოფ მოზარდს რა თქმა უნდა გქონდა პროტესტი იმ მითიური მიზნისკენ მსვლელობის გამო, რომელსაც კომუნიზმი ერქვა, და რომელშიც ყველა ერი უნდა არეულიყო და "ნაციონალური რუდიმენტი" საბილოოდ მოეცილებინა.
ვბრაზდებოდი რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, რუსეთის მიერ იმართებოდა და რუსეთს კი გაცხადებულ საოცნებო მიზნად ჩემი ეროვნების წაშლა ჰქონდა.
მათი გათვლებით ეს საოცნებო ეტაპი უკვე "განვითარებული სოცალიზმის" შემდგომ უნდა დამდგარიყო.
მართალია სკოლაში სასწავლი ისტორიის მხოლოდ ერთ სემესტრს იტევდა საქართველოს ისტორია, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ საქართველოს რეალურ ისტორიას, დამატარებდნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების სანახავად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მაკითხებდნენ, მესაუბრებოდნენ,, ერთი სიტყვით მასწავლიდნენ საქართველოს სიყვარულს. მინერგავდნენ სიამაყეს ქართველოსბის გამო.
ფაბულა ვახსენე, ახლა გამახსენდა რატომღაც.
ამ ფაბულის მიხედვით მე მოვლენებს მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობის გათვალისწინებით ვაფასებდი.
მაგალითად :
-5 მილიონმა ქართველმა შექმნა თბილისის "დინამო", რომელიც სსრკ ჩემპიონატში ხშირად პირველ - მესამე ადგილებს იყოფს, აი ქართველები რომ 150 მილიონი ვყოფილიყავით, როგორც რუსები, მაშინ ქართული ფეხბურთი რუსულს 30-ჯერ აჯობებდა.
-ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე სსრკს მიერ ჭიდაობაში მოპოვებული მედლების ნახევარს ფლობენ. ე. ი. ზოგადად ქართველი მოჭიდავეები რუსეთის მოჭიდავეებს 30:1-ს უგებენ.
ასეთივე წიაღსვლები მქონდა ქართველების უპირატესობაზე რუსეთთან შედარებით კინოხელოვანთა , მხატვართა, მეცნიერთა და თქვენ წარმოიდგინეთ პოლიტიკოსთა შესახებაც.
მოკლედ, ეს თანაფარდობა 5:150 მლნ მშველოდა ქართველობით სიამაყეში.
მიმაჩნდა რომ 5 მლნ ქართველი 5 მლნ რუსს 30 ჯერ ჯობნის.
ახლა კი რა, აღმოვაჩინე რომ ..
ბევრ საკითხში 5 მლნ სადღაც ნორილსკსა თუ სარატოვში მცხოვრები რუსი 5 მლნ ქართველს გვჯობია.
თანაც ოდნავ კი არა, ორი თავით გვჯობია.
რითი გვჯობია ერთი რუსი ერთ ქართველს?
იცით?
ხვდებით?
Posted by
cartwheel
at
10:52 AM
3
comments
Labels: რუსეთი, საზოგადოება, უწესობები
Thursday, June 4, 2009
ვაკე საბურთალოს დაღმართი
ავარიების უმეტესობა არის ორივე მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის შედეგი.
click.
აქედან დასკვნა!
ნუ ენდობი სხვას, შენ იარე წესიერად და აცდები ავარიას.
თუმცა, მარტომაც შეიძლება ივაჟკაცო. აგერ დასტური, ვაკე საბურთალოს დაღმართი.
არასრული გალერეა.
Posted by
cartwheel
at
1:47 PM
2
comments
Friday, May 29, 2009
თავხედი ბებრები
მანქანების მართვის ქართულ ეროვნულ ტრადიციას ყველანი ვხედავთ.
ერთმანეთის უპატივცემულობა, შეშინება, მიჩმორება, თვითკმაყოფილება, უმიზეზო და უმიზნო რისკი, თანაც სხვისი სიცოცხლის. მოკლედ სამარცხვინო ასოციალურობა, ახალს არ ვამბობ.
მე ერთი ქვეთავისებურება მინდა მოვყვე. ბებერი თავხედები.
არა, ახალგაზრდა, ლაწირაკი რომ თავის ადრენალინს ვერ თრგუნავს, გამოუცდელი როა და თავისი მგზავრი ძმაკაცის წინაშე რომ უნდა სტატუსი შეინარჩუნიოს ეს მე, როგორც მინიმუმ მესმის. ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ჰორმონებისა და უტვინობის კომბინაცია. მე სხვა მაქვს სათქმელი.
ბებერი თავხედი მძღოლები მაცოფებენ.
2002 წელს ეუთოს მისიის ექიმი ვიყავი და რამოდენიმეჯერ მომიწია ეუთოს მანქანით, ეუთოს ევროპელი ოფიცრის მძღოლობით მგზავრობა. სხვა დროს იყოს...
მას შემდეგ დამჩემდა, ჩვენ გზას უცხოელის თვალით ვუყურებ.
ბებერი თვხედები მაცოფებენ. ეს ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ამ ქვეყნის განვითარებულობის და მოსახლეობის IQ-ს.
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება 40 წელი საჭესთან გაატარო და ასე ტავხედურად და თანაც არხეინად ატარო მანქანა.
ერთი უცხოელი ოფიცერი, რომელმაც უმიზეზოდ მის (ჩვენ) ხაზზე გადმობოდიალებული მოხუცი მძღოლის მართული მანქანა დაინახა და გაჭირვებით შეინარჩუნა ხაზი, მერე უკან გაჰყვა, გვერდით ამოუდგა და კარგად დააკვირდა, მე მკითხა როგორც ექიმს, ხომ კარგად არისო, დიაბეტი ხომ არ აქვს ან გულის შეტევაო, ძალიან შეწუხებული იყო იმ მძღოლის ჯანმრთელობით. ვერ წარმოიდგინა რომ ასეთი ჭაღარა და ჭკუადამჯდარი ჰაბიტუსის მქონე ადამიანი უზრდელი იქნებოდა.
იმავე ოფიცერმა ერთი წლის შემდეგ მიმიყვანა აეროპორტიდან სახლში, უკვე გათვითცნობიერებული იყო გარემოში, თქვენს ქუჩებში მე კომპიუტერულ თამაშს ვთამაშობ, ექსტრიმ ტურისტი ვარო.
მას შემდეგ წარმოვიდგენ ხოლმე საკუთარ მანქანაში მჯდომ პოტენციურ უცხოელ ინვესტორს, რომელიც ბიზნესგეგმით დაინტერესდა და ... შემდეგ ქუჩაში მოძრაობისას ასეთ ბებერ თავხედებს დაინახავს. როგორ? იკითხავს ის, როგორ შეიძლება ქალაქში კაცმა ათეული წელი მანქანა ატაროს და თეორიით თუ არა, ცდისა და შეცდომის წესით მაინც ვერ ისწავლოს წესიერი მართვა?
აჰაა, აღმოაჩენს ის, ეს ხომ ის ქვეყანაა სადაც შეგიძლია გზებზე 40 წელი ითავხედო და შეგრჩეს, არასდროს დაისაჯო.
და შედეგად "ხაჭაპური, ანანური, ხინკალი, გულიანი ჯიგრები ხართ, და..
მე სომხეთში წავალ"...
რაღაც ჩემი თაობა ვერ ყოჩაღობს მიტინგებზე, რატომღაც ჭაღარები და ტინეიჯერები ჭარბობენ.
ჩემი თაობით კი ვერასდროს ვიამაყებ, დაკარგული და დამპალი თაობაა, მრავალგზის "ნამხედრიონალ", "ნასაძმოარ", "ნაჩხერალ", "ნახიშტარი" და .. წაგებული. მაგრამ, შედეგად როგორც ჩანს ბებრებსა და ტინეიჯერებზე უფრო მეტად გამოცდილი და აცრილი.
ჰა?
იქნებ უბრალოდ თავის ნაცნობ თამაშის წესებს ელოდებიან? ტაში და მიკროფონი მათი საქმე არ არის.
Posted by
cartwheel
at
10:57 AM
9
comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები, ხალხი
Friday, May 1, 2009
LUCKYMAN
-----------------------------------"შოკოლადში ვარ"...
მე, როგორც ფორუმიდან იძულებით გადასახლებაში მყოფს (ჩემი IP დაბლოკილია) ფორუმში შეჭყეტვა მხოლოდ იშვიათად მიწევს. გუშინ სტუმრადყოფნისას შემთხვევით აღმოვაჩინე რომ..
ლაქიმენი, ფორუმის ერთერთი კარგი ადამიანი, იქნებ საუკეთესოც, "ვარსკვლავების აკადემიის" შენობის ჩამონგრევას შეეწირა. ერთერთი მემონტაჟე (თუ ოპერატორი) ყოფილა იმ ორთაგან, რომელნიც ამ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
2 წლის შვილი დარჩა.
ფორუმზე ას ამბავი ყველა თემაში იგრძნობა.
ელდა გადავლილია, მაგრამ ტკივილით კი ყველას ტკივა.
ძალიან ბევრს თავისი ავატარი ლაქიმენის ავატარით -ტუტანხამონის ოქროს სარკოფაგის სახით შეუცვლია.
ასევე ძალიან ბევრს თავისი ავატრის ნაცვლად შავი , სამგლოვიარო კუბი უდევს.
მეც ძალიან შევწუხდი.
პატივს ვცემდი ამ ადამიანს, დაუსწრებლად .
თქვენ წარმოიდგინეთ - გოგო მეგონა.
რატომ?
მის საიტზე გადავედი და რაღაც მცირე ფილმები დამხვდა გოგოების მონაწილეობით, ერთერთი მეგონა.
საინიჩა ჰქონდა "შოკოლადში ვარ",
და რაც მთავარია - ძალიან უბოროტო და გაწონასწორებული იყო. ენამოსწრებული და პრინციპული. შეეძლო თავისი აზრი, რომელიც მასის აზრისგან განსხვავდებოდა ეთქვა და დაეცვა.
გუშინ დაასაფლავეს.
წავაო, ალბათ თქვა იმ დედანაქინძმა ინჟინერმა ვინც იმ საყრდენ კედლებს შეეხო
(ასე იყო ალბათ. ბოდიში თუ უბედური შემთხვევა იყო და არა სხვისი სიცოცხლეების გარისკვა).
არ წავიდა.
არ წავიდა ისე როგორც ...ბევრი დავწერე ასეთ ამბებზე, როცა ქართველებს გვეგონა რომ წავიდოდა, მაგრამ საბედისწერო გახდა.
უწესობა ჩვენი მთავარი მტერია.
გვეშველება?
ღმერთმა აცხონოს LUCKYMAN-ი.
და რა ვიფიქრე იცით?
ასი წლის (რატომ მეტის არა) შემდეგ როცა ყველა ფორუმელი გამოტირებულები ვიქნებით, ფორუმი და მისი თემები იქნებ ისევ არსებობდეს, რას ეტყვის ის შთამომავლებს?
ლაქიმენის შვილი ალბათ ლაქიმენების დინასტიას გააგრძელებს, საამაყო დასაწყისი გარანტირებული აქვს.
-----------------------------------"შოკოლადში ვარ"...
Posted by
cartwheel
at
10:40 AM
0
comments
Labels: forum.ge, ადამიანები, უწესობები
Monday, February 9, 2009
საბედისწერო უწესობა
საბედისწერო უწესობებზე დავწერე პოსტი ცოტა ხნის წინ,
საქართველოსთვის საბედისწერო უწესობებზე. უწესობებზე, რომლებიც უცნობმა ჩვეულებრივმა ქართველებმა ქართულ-ჯიგრულად იკისრეს, თქვეს ალბათ - წავა რაა-ო მაგრამ არ წავიდა. დედა გვიტირა მათმა უწესობამ.
ხოდა ახლა კიდევ ერთი უწესობა გამახსენდა ამავე კალიბრის, ერთი დებილის ჩვეულებრივი უწესობა, რომელიც საბედისწერო გახდა საქართველოსთვის.
1991 წელია. სსრკ ჯერ დგას და ძველებურად იბღვირება. საქართველოშიც "ვრემია" გადის ყველა არხზე საღამოს 10 სთ-ზე.
გუმბარიძის დანიშნულ არჩევნებში ერთმანეთს კომუნისტები და "არაფორმალები" დაუპირისპირდნენ.
ეროვნული მოძრაობა გაყოფილია, გამსახურდია, ნათაძე, კიდევ ვიღაცეები არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ.
ჭანტურია, წერეთელი და კიდევ ვიღაცეები ალტერნატიულ მთავრობას, ალტერნატიულ პარლამენტს -" ეროვნულ კონგრესს" ქმნიან და ყველა დანარჩენს მოღალატეებს უძახიან.
მოკლედ საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობი რამ, წინასაარჩევნო კომპანია თავდება, ხვალ არჩევნებია.
კანონმდებლობით არჩევნების წინა დღეს პროპაგანდა აკრძალულია.
ტელევიზიაც ამ წინასაარჩევნო დღეს ისეთი მშვიდია, "განვითარებულ სოციალიზმში" გეგონება დავბრუნდით ამ გაგანია "პერესტროიკიდან".
ხალხი დაძაბული და ამავე დროის იმედიანია.
(აი, მიიღებენ 9 აპრილის მომწყობები, აი გავხდებით დამოუკიდებლები და მსოფლიო აღმოგვაჩენს, აი...)
ამომრჩეველი მაინც ჭრელია: ზოგს სიახლე ეშინია, ზოგს ძველი არ ეთმობა, ზოგს ერთი ლიდერი ესიმპატიურება, ზოგი მეორეზე დებს თავს. მოკლედ, საქართველოში 20 განსხვავებული დროშა ფრიალებს, ავტონომიებთან ურთიერთობა ფრთხილად და პრინციპულადაა გასარკვევია.
დავუბრუნდეთ ისევ იმ წინასაარჩევნო (ბოლო სოციალისტურ) საღამოს.
პოლიტიკური პროპაგანდა შეწყვეტილია მაგრამ...
(ქართველები მაინც სხვა ყალიბის კრეტინები ვართ და..)
საღამოს 7 საათზე, როცა ყველა სახლში ნერვიული მოლოდინით ტელევიზორს მისჩერებია და ხვალინდელ არჩევნებზე ფიქრობს ტელეეკრანზე სამი ჯეელი ჩნდება მოულოდნელად.
მანამდე მიმდინარე გადაცემის შეწყვეტითა და შემცბარი დიქტორის წინასწარი განცხადებით, რომ ვინაიდან "ეროვნული კონგრესი" არ მონაწილეობს კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში, მათ არ ეხებათ პოლიტიკური ერთდღიანი მორატორიუმი, და უფლება აქვთ, რაც მოესურვებათ განაცხადონ.
"კონგრესელების" მოთხოვნით წინასაარჩებნო ტელეეთერი 10-20 წუთით ეთმობათ სამ ლიდერს: ირაკლი წერეთელს, რუსლან მიქაბერიძესა და მესამეს (ვერ ვიხსენებ ვის).
საქართვგელოს მოსახლეობას იმ დროს არ შეეძლო აერჩია ტელეპროგრამა. ყველგან ერთი არხი მაუწყებლობდა.
სტუდიაში სამ სკამზე (მაგიდის გარეშე) სამი პრიალა შავტყავკურტკიანი წვერიანი მოღვაწე დაჯდა.
სურათი 1937 წლის ტროიკას ინსცენირებას გავდა.
ილაპარეკეს თანმიმდევრობით. ერთი შინაარსით.
ცუდად ლანძღეს გამსახურდია, მოღალატე ეძახეს. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, უმაღლესი საბჭო სატანური ორგანიზაციააო (მოკლედ, აუნ სინრიკიოსთვის სანსეები იყვნენ).
ამ დროს მე, ჯერ კიდევ სტუდენტი ბავშვთა საავადმყოფოში ვმორიგეობდი საკუთარი სურვილით, გამოცდილების დასაგროვებლად. ამ გამოსვლას მიმღებში ვუყურე, უამრავი ადამიანით გარშემორტყმულმა.
შედეგი გითხრათ?
თუ გამოიცანით უკვე..
ხო, ეგრე მოხდა.
ყველამ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ხმის გამსახურდიასთვის მიცემა.
ყველამ; სანიტარმა, პროფესორმა, ავადმყოფის პატრონმა თუ თანმხლებმა ერთხმად თქვეს რომ ამ ხალხს საკუთარ მმართველად ვერ მოითმენდნენ და ერთადერთი საშუალება მათ შესაჩერებლად იყო გამსახურდიას არჩევა.
ასეც მოხდა.
საქართველომ გამსახურდიას მისცა მეტი ხმა, ვიდრე ეკუთვნოდა.
მრგვალ მაგიდას აღარ ჰქონდა საპირწონე, აღარ ჭირდებოდა მოლაპარეკებები და გათვლები.
იქნებ ის შეცდომებიც აქედან იყო, რომელიც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას დაედო არგუმენტად.
არადა...
არადა იქნებ ვიღაც უცნობი ტელევიზიის იმ საღამოს რედაქტორი (თუ პასუხისმგებელი მორიგე რედაქტორი) რომ ყოფილიყო საკმარისად წესიერი და საკმარისად პრინციპული, იქნებ, იქნებ...
იქნებ...
Posted by
cartwheel
at
3:19 PM
0
comments
Labels: 1991 წელი, ვინიგრეტი, ოპოზიცია, ტერორი, უწესობები, ძირს პათეტიკა, ხალხი
Thursday, January 22, 2009
მიკროფონში მაგინებელს
თუ შენ გულწრფელად ჩათვალე რომ სააკაშვილი 96%-ით არჩევის შემდეგ განმათავისუფლებელიდან ტირანად იქცა, თუ შენ გეგონა რომ მთელი მოსახლეობა შენსავით ფიქრობს და ერთი სული აქვს ტირანი გადააგდოს, თუ შენ თვლიდი, რომ ტირანი შენი გინებით შეშინდებოდა და გაიქცეოდა, იქნებ გეპატიოს ეს გინება სამ მიკროფონ ჩაბღაუჭებული რომ გაჰყვიროდი ტელეკამერების წინ მთელი საქართველოს გასაგონად.
მაგრამ დღეს, როდესაც მიუხედავად შენი განცხადებებისა რომ არჩევნები გააყალბეს, შენ მაინც ხომ
იცი რომ აგინებდი ამ ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ პრეზიდენტად არჩეულ კაცს, პრეზიდენტს, რომელსაც თურმე ნოემბრის აქციების დროს შენგან განსხვავებით ხალხის უმეტესობა ენდობოდა და შენგანვე განსხვავებით მისი პრეზიდენტობიდან გადადგომა სულაც არ უნდოდა.
შენ ამ ხალხს საჯაროდ შეუგინე პრეზიდენტი ე. ი. მიაყენე შეურაცხყოფა. შენ გაქვს ამბიცია რომ პოლიტიკოსი იყო და რამდენიმე პარტიის გაერთიანების სახელით ილაპარაკო?
რას ეუბნები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას?
წესიერი ადამიანი ამ დროს ბოდიშების კოტიანტელს უნდა აყენებდეს.
5 იანვრის არჩევნების 53% ოპზიციისათვისაც წაგებაა და ხელისუფლებისათვისაც. არჩევნების შედეგად საქართველოს ჰყავს უფრო სუსტი ხელისუფლება ვიდრე ჰყავდა 2008 წლამდე. ახლა საქართველოს უფრო მეტს გაუდებავენ ვიდრე უბედავდნენ. გაუბედავენ არა მარტო შინაური ოპოზიცია, არამედ შიდა და გარე მტრებიც.
კონფლიქტების პრევენციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დაპირისპირებულმა მხარემ თავისი ქცევით არ გააბედინოს მოწინააღმდეგეს აგრესია. მე ასე მგონია 20002 წელს საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩის დროს განათება რომ არ ჩამქრალიყო, 2004 წელს ის ძალა რომელმაც დაგეგმა საქართველოსათვის გაზისა და დენის შეწყვეტა ამას არ გაბედავდა.
მე ეჭვი მაქვს რომ დღევანდელ საქართველოს წინ დიდი უსიამოვნებები ელის იმ ძალებისაგან ვინც აქამდე ეგუებოდა საქართველოს სიძლიერეს, ხალხის კონსოლიდირებულობას და ხელისუფლების პრინციპულობას.
2008 წლის 27 03, სამშაბათი, 5:45:34
ხოდა, ამ მიკროფონში მაგინებლებს ვუტყდები,
მაშინ და მას შემდეგ ყველა თქვენ ეკრანზე გამოჩენას გინებით ვხვდები, თქვენ გაგინებთ.
Posted by
cartwheel
at
7:38 PM
0
comments
Thursday, January 15, 2009
წავა, რა..
წავა რა.. - ეს გამოთქმა ინდიფერენტულ-იმედიანი სახით ითქმება, თანაც ყოვლისმცოდნე, გამოცდილი კაცის ინტონაციით, ხშირად თვალის ჩაკვრის ან თითქმის ჩაკვრის თანხლებით.
-მე ვიცი, მე შენზე მეტი ვიცი, მე იმათზე მეტიც ვიცი ვინც კანონებსა და ინსტრუქციებს მიწერს.
მე მეტი ვიცი!რატომ? საიდან? იმიტომ რომ გამოცდილი ქართველი ვარ. ქართველობაში გამოცდილი ქართველი ვარ.
წავა, რა ..
იფიქრა 1980? წელს
ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ”, იმ დროს თბილისის სატელეფონო ქსელის ერთერთმა “მესვეურმა” და ახალდაყენებულ თბილისის სატელეფონო კვანძის მთავარ აპარატში პლატინის მოზრდილი დეტალი ვერცხლისათი შეცვალა..
არ წავიდა. მას შემდეგ თითქმის 20 წელი, ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიების შემოსვლამდე მილიონ თბილისელს მუდმივად უწევდა არასწორ აბონენტთან რეკვა, შეცდომით გამოპარული ზარის გამო ტელეფონთან მისვლა, საკუთარ მოსაუბრესთან ერთად სხვა წყვილის საუბრების და ზოგჯერ კი ტროლეიბუსების აჩქარება-შნელებას ამყოლი ზუზუნის სმენა.
წავა, რა..
იფიქრა 1990 წელს
ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ” (დარწმუნებული ვარ ამ კაცს დღესაც ასეთი სახელი აქვს ძმაკაცებსა და კოლეგებში) და გადაწყვიტა სასიკეთო კვალი დაემჩნია ქართული ფეხბურთისათვის და მაშინ, როდესაც საქართველო, ქართული გუნდები პირველად დამოუკიდებელი საქართველოს სახელით დაუშვეს ევროპის ჩემპიონთა, უეფასა და თასების მფლობელთა გათამაშებაზე,
და როდესაც თბილისის დინამოსთან ერთად ევროპაში ძალების მოსინჯვა სოხუმის "ცხუმსაც" უწევდა,
ამ კეთილმა კაცმა უეფას რომელიღაცა თანამშრომელს ქრთამი შეაძლია და შედეგად ის მივიგეთ, რომ ... ქართული გუნდები მთლიანად მოიხსნეს ყველა ევროპული გათამაშებიდან.
არადა, არადა ექნებოდა თუ არა მნიშვნელობა ჩვენი შემდგომი ისტორიისათვის იმას რომ,საქართველოს სახელით, სოხუმის სახელით ქართულ გუნდ "ცხუმს" ეასპარეზა?
წავა, რა..
თქვა ერთერთმა ქართველმა ხელოსანმა/ელექტრიკოსმა როცა თბილისის ლოკომოტივის სტადიონის სათადარიგო გენერატორების შენობის ფანჯარაში ვენტილატორს ამონტაჟებდა. არა, კი იეჭვა ამ ფრთებს გარედან შიგნით უნდა შეეწოვა ჰაერი თუ შიგნიდან გარეთ, მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე კაცი ინსტრუქციაში ხომ არ ჩაიხედავდა, იფიქრა და გადაწყვიტა რომ ჰაერი შიგნიდან გარეთ უნდა გამოედენა, როგორც ტუალეტში ჰქონდა. გულმა კი გაჰკენწლა, რამეს ხომ არ ვაშავებო, მაგრამ ბოლოს თქვა - წავა,რა.. და გააკეთა კიდევაც. გააკეთა როგორღაც. ჩააბარა, ჩაიბარეს.
მაგრამ არ წავიდა. საქათველო რუსეთის შორის ურთიერთობა იმ დროის მაშტაბებით მაქსიმალურად იყო დაძაბული, რუსეთი ასე პირდაპირ მტრად არ გახსენებდა როგორც ეს დღესაა, მაგრამ თავის სიბოროტეს სრული სვლით ახორციელებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იმ დროს ერთადერთი ნათელი წერთილი ქართველი რეგბისტები და მათ მიერ რუსეთის გუნდის არაერთხელ დამარცხება იყო.
და.. ჯერი ქართველ ფეხბურთელებზე მიდგა. საქართველო და რუსეთი ერთ ქვეჯგუფშია, თბილისში ამ საღამოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ხვდებიან. მთელი საქართველო სულგანაბული ელოდება ამ თამაშს, მოახერხებენ ჩვენი ფეხბურთელები დაანახონ რუსეთს, რომ მათთან ომების სამ გზის წაგების მიუხედავად ქართველები ჯერ ცოცხლები არიან და პოლიტიკაში თუ მათი სათამაშოები ვართ, სპორტში მაინც დარჩა ის სული რაც მომავალში იქნებ პოლიტიკაშიც გამოჩნდეს.
მაგრამ.. ეს სირცხვილი ყველას გვახსოვს.
თამაში სავსე ტრიბუნების და ომახიანი გულშემატკივრობის ფონზე დაიწყო. ერთი 20 წუთი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ერთი-ორი დამაიმადებელი შეტევა ჩვენებმაც განახორციელეს და ..
სტადიონზე განათება ჩაქრა,
40 ათასი მაყურებელი და ფეხბურთელები უკუნმა მოიცვა. ორჯერ აინთო მას შემდეგ სინათლე, ორჯერ განახლდა თამაში მაგრამ მესამედ საბოლოოდ ჩაქრა სინათლე.
თამაში ჩაიშალა. ...საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა ერთი მოედნის 90 წუთით განათება.
რუსული ტელე გადაცემები ირონიულად გვითანაგრძნობდნენ, ქართული არხები მონდომებით ეძებდნენ მსოფლიოში ასეთივე პრეცენდენტებს. ახსენებდნენ თურქულ ფირმას, რომელმაც სტადიონის სათადარიგო ელქტროგენერატორი დაამონტაჟა, მაგრამ გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული იყო.
გენერატორის დამმონტაჟებელმა თურქულმა ფირმამ კი თბილისში თავისი სპეციალისტები მოავლინა მიზეზის დასადგენად. გენერატორი ამუშავდა, აღმოჩნდა რომ გენერატორი ორჯერ დამცავმა გამორთო, დამცავი კი იმიტომ ამუშავდა, რომ შენობაში ტემპერატურამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა.
შენობა კი იმიტომ გადახურდა, რომ შენობის ვენტილატორის ფრთები უკუღმა აღმოჩნდა დაყენებული. თურქები ჯარიმას გადარჩნენ, ქართველები კი (ქართველები კი არა, ქართველობა) სამუდამოდ შევრცხვით.
რუსეთმა კი დაინახა რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩასაქრობად ერთი სულის შებერვაღა აკლია. რაც არ უნდა სინათლის ქალაქები ვაშენოთ ახლა, ყველა რუსს ეს შთაბეჭდილება კიდევ დიდხანს გაჰყვება.
წავა რა, იფიქრა ერთმა ხელოსანმა როცა ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში გაზის გამათბობელ ნიკალას ამონტაჟებდა.
აჰა, მე კი მივუერთე გაზს კლიენტის ნაყიდი "ნიკალა", გაზი ანთია და სითბოც იქნება მაგრამ საკვამური არა აქვს ნაყიდი და როცა იყიდის თვითონ დააყენოს, რა ვქნა".
წავა რა.
იფიქრა ამ ერთი ჩვეულებრივი ბინის ჩვეულებრივმა პატრონმა, რომელიც ამ ბინის გაქირავებას აპირებდა და მდგმურიც ეს ესაა იშოვა "წავა რა, კაცია და თვითონ დააყენებს საკვამურს, რემონტი გავუკეთე თან ხომ არ გადავყვები".
არ წავიდა! ამ ბინაში ქართველოს პრემიერმინისტრი და მისი მასპინძელი მხუთავი გაზით გაგუდვით გარდაიცვალნენ. გარდა იმისა რომ საქართველომ ერთერთი უჭკვიანესი ლიდერი დაკარგა, სამარადჟამო სასირცხვილო/ მოუცილებელი საეჭვო ფაქტი ჩაეწერა ისტორიაში.
სულ, სულ მანამდე კი -
წავა, რა..
("წავა, რა" თუ არა, ძველ ყაიდაზე - "არცა რა უჭირსო") გაიფიქრა 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს სპეციალური მივლინებით გერმანიაში მყოფმა ჩინოსანმა და .. გადაუმოწმებლად შეიძინა ქართულ არმიაში არსებული 20 კალიბრიანი ქვემეხებისათვის 22 კალიბრიანი ყუმბარები.
არ წავიდა...
Posted by
cartwheel
at
12:47 PM
2
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები
Tuesday, July 15, 2008
ვინ უფრო მაგარია - ქართველი თუ გერმანელი
ქუჩა...
ჩვენში გავრცელებული ცრუ კლიშეების მიხედვით ქართველები ფიცხი, ამაყი, მოხერხებული, რისკიანი ხალხი ვართ.
ვერ ვიტანთ მანქანის ჩანჩალით ტარებას.
ჩვენთვის ჩვეულებრივი მგზავრობაც კი შეჯიბრი და თავგადასავალია. აუცილებლად ვიყენებთ მინიმალურ საშუალებასაც კი, რათა დავწინაურდეთ და უკანმომავალი არ გავატაროთ, თუნდაც ამისთვის წესების დარღვევა მოგვიწიოს.
ჩვენი მანქანის ტარება ადრენალინს და რამდენიმესაფეხურიან გათვლებს საჭიროებს.
ჩვენს წარმოდგენაში გერმანელები კანონმორჩილი, წყნარი, აუღელვებელი ხალხია. მათ ჩვენგან განსხვავებით შეუძლიათ ერთი საათი იდგნენ ავტობანის საცობში და არ გადავიდნენ გვერდზე თავისუფალ ხაზზე, რომელსაც ღერძულა ხაზი კვეთს.
ქუჩაში მოძრაობის წესებს არასდროს დაარღვევენ. შეუძლიათ ქალაქებში საუკეთესო ასფალტზე მანქანის მართვის 50 კმ/სთ სიჩქარიეს ცხოვრებაში ერთხელაც არ გადააჭარბონ. მანქანის ტარებისას 2-3 საფეხურიანი კომბინაციის გათვლა იშვიათად უწევთ, და თუ ვინმემ თავისი მანევრით თუნდაც ერთხელ დაამუხრუჭებინა ან ხაზი შეაცვლევინა წითლდებიან და აღშფოთებას არ მალავენ.
მაგრამ...
მაგრამ, formula-1 ავტორბოლაში სადაც ადამიანებს სპეციალურად დათქმული აქვთ პირობა - მაქსიმალურად სწრაფად, მაქსიმალურად მრავალსაფეხურიანი გათვლებით, ბევრი ადრენალინით, რეალური ხიფათითა და მაღალი რისკით მანქანის ტარება, ერთი მიზნით - გაასწრო ყველას, გერმანელები ქართველებს 10 თავით გვჯობიან. თანაც იმათ მხარეზე ერთი ჩემპიონი და ჩვენს მხარეზე ერთი დამარცხებული კი არაა. იმათ მხარეზე ბევრი ჩემპიონია, ჩვენს მხარეზე კი - მონაწილეც არ გვყავს.
აქედან დასკვნა - გერმანელები ქართველებზე გაცილებით უფრო რისკიანი, ფიცხი, მოხერხებული და სწრაფი გათვლების უნარის მქონე ხალხია, თუ მოინდომეს და როცა საჭიროა..
ჩვენს გზებზე მძღოლების მიერ იმპროვიზაციის, სისწრაფისა და რისკიანობის უნარების გაუთავებელი დემონსტრირება უბრალო უწესობაა და არა ხასიათის თავისებურება.
ხასიათი და უნარები გერმანელებს აქვთ.
Posted by
cartwheel
at
10:43 PM
1 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები, ქუჩა, ხალხი
Friday, May 30, 2008
წესიერი ქვეყანა
ჩემი მეგობარი მიშას ხსენებაზე წითლდება, იფოფრება და ავტომატივით აყრის; გიჟი, სულელი, გადარეული.
ლესელიძიდანაა.
გაეკიდები ხელზე საკოცნელად მეთქი, ვეუბნები ხოლმე გასაღიზიანებლად.
აბა ბიჭო, მეტი საქმე არა მაქვს მე მაგას გავეკიდოო.
არ წარმოუდგენია აფხაზეთში დაბრუნება.
მიაჩნია, რომ რაც ხელისუფლების მიერ კეთდება, მისთვის არ კეთდება, მისი მიზნის - სახლში დაბრუნებისათვის არ კეთდება.
მე კი პირიქით მგონია
საქართველოში რაც კეთდება ხელისუფლების მიერ, კეთდება ერთი მიზნით აფხაზეთში დასაბრუნებლად.
დიახ ყველაფერი!
საქართველო უნდა გახდეს წესიერი ქვეყანა.
პრეზიდენტი 2003 წლიდან მოყოლებული ერთს თხოულობს საკუთარი მოსახლეობისაგან - წესიერებას.
შანსს არ უშვებს რომ შეაქოს ხალხი ორგანიზებულობისა და წესიერების მცირე გამოვლინებისათვის.
მხოლოდ წესიერ საქართველოს გაუჩნდება მიზიდულობა აფხაზებისა და ოსებისათვის.
ისე, როგორც ჩვენ გვიზიდავს წესიერი ევროპა, წესიერ საქართველოც გაუჩნდება გულშემატკივრები და თეთრად, თუნდაც შავად მოშურნეები.
საქართველომ წესიერებით, დემოკრატიულობით, პროფესიონალიზმითა და სამართლიანი შიდა კონკურენციით უნდა აჯობოს რუსეთს, და არა სიმდიდრითა და სამხედრო ძალით.
შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი თანხა გაიღოს აფხაზეთისათვის, რასაც გაიღებს რუსეთი.
შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი ტანკი და თვითმფრინავი იქინიოს, რაც რუსეთს აქვს.
საქართველოს შანსი წესიერი ქვეყნის შექმნაშია.
და პირიქით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მითიურ დამოუკიდებლობაზე უარი თქვეს, საქართველოსთვის მთავარი წინააღმდეგობა თავის სეპარატისტულ რეგიონებთან მისი უწესობა, ანარქიულობა და წინასწარგანუსაზღვრებლობაა.
ჩვენ მძიმედ, ნელა, ზიგზაგებით, მაგრამ მაინც მივდივართ წესიერი ქვეყნისაკენ. ეს სვლა ძალიან შენელდა 2007 წლის ნოემბრის აქციებით, მაგრამ მტერი უარესსაც გეგმავდა .
-საქართველოს უწესობის კი არა, ანარქიის ჭაობში უპირებდა ჩახრჩობას. არ გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერ.
ხელისუფლების მიერ ყველაფერი წესიერი საქართველოსათვის კეთდება. წესიერი ქვეყნის აშენების მიზნით გადაიმტერა, შეგნებულად გადაიმტერა თავისი მოქალაქეები: ყოფილი პოლიციელები, მებაჟეები, გარე მოვაჭრეები, გარაჟ-ლოჯიების მფლობელები, კორუფციული ბიზნესის მფლობელები, პრივილეგირებული კრინინალები.
ეს არის ომი.
ეს არის ომი საქართველოდ გასაერთიანებლად. უსისხლო ომი, სისხლიანი ომის რაციონალური ალტერნატივა.
ამ ომში კარგი ადამიანები არ კვდებიან, ამ ომში საეჭვო ადამიანები საეჭვო ქონებას და საეჭვო თავფისუფლებას კარგავენ.
უსამართლობები ხდება?
ხდება! გეთანხმები.
ადამიანები კვდებიან?
არა! არც ქართველი, არც აფხაზი და არც ოსი ა დ ა მ ია ნ ე ბ ი არ კვდებიან!
ამ სტრატეგიამ ყინულში ბზარები უკვე გააჩინა – სანაკოევს წარმოიდგენდით ადრე?
შეგიძლია წარმოიდგინო, რას ეტყვის სანაკოევი უბრალო ოს გლეხს სადღაც ჯავაში თავის აზრზე გადმოსაყვანად?
Posted by
cartwheel
at
10:49 AM
0
comments
Labels: აფხაზეთი, პრეზიდენტი, რუსეთი, საზოგადოება, უწესობები, ხალხი
Friday, May 2, 2008
კანალიზაციის ხუფები
ზიზღზე ვლაპარაკობდი.
ხო.
არ მიყვარს სიტყვები "მეზიზღება", "ვერ ვიტან".
მიმაჩნია რომ ზედმეტად ემოციური და ნეგატიურია.
ჩემს შვილებს ავუკრძალე ეს სიტყვები და მიჯერებენ.
"არ მომწონს", "არ მიყვარს", "ცუდია" უკეთესი სიტყვებია.
მაგრამ არის სიტუაციები რომელთაც მოლოდ ეს ცუდი სიტყვები შეესაბამება.
მეზიზღება ის ადამიანები ვინც კანალიზაციის ხუფებსა და სასაფაოს ალუმინებს იპარავს და მოუპარია.
მეზიზღება ის ადამიანები ვინც ამ ხუფებსა და სასაფლაოს რკინებს იბარებს და ამით თავის ბინძურ ჯიბეს 3-5 ლარს უმატებს.
ჩემს საავადმყოფოში 3 ადამიანი, ჩემი 3 ავადმყოფი მოკვდა ღია ჭების მიზეზით. ორი ახალგაზრდა ავტოავარიით, ერთი მოხუცი კი ჩავარდა.
სხვაც მახსოვს ჩავარდნილი. უცხოელი. მართალია ნეკნების მოტეხილობით გადარჩა, მაგრამ ისე იყო გაოცებული ამ თავგადასავალით, რომ საქართველოსკენ albaT აღარ გამოიხედავს. მასპინძლები ძალიან შეწუხებულები იყვნენ, ინვესტორს ვკარგავთო.
ამ ხალხს ცოტა ხანს ვუმასპინძლე. ებრაელი ექიმები არიან, ძალიან საინტერესო ტრენინგები ჩაგვიტყარეს 3 დღიანი. უსასყიდლოდ.
1993 წლიდან გაემგზავრნენ უზბეკეთიდან ისრაელში.
ლენინის თავმა და 07ჟიგულები თურმე კიდევ რომ კეთდება და მითუმეტეს იყიდება, ძალიან გაახალისათ.
მანქანიდან გადმოსვლილას კინაღამ ჭაში ჩავარდნენ და .. ეს კი ვეღარ ავუხსენი მსუბუქი თვითირონიით. უბრალოდ შემრცხვა.
და კიდევ. მეზიზღება ის ადამიანები ვინც ჩემი სადარბაზოს ლიფტის ძრავი და მეზობელი სადარბაზოს ლიფტის კაბელი მოიპარა.
Posted by
cartwheel
at
11:23 AM
0
comments
Tuesday, April 29, 2008
ვინ მოგცა უფლება დასცინო !?
კიდევ ერთი საჭირო სტატია "ცხელ შოკოლადში".
აპრილის ნომერში წავიკითხე წერილი P.S.-სა და საერთოდ, რუსთავი 2-ის შესახებ - "analitikuri oxvra".
მხილებული იყო რუსთავი 2-ს პოლიტიკა - სკანდალური ამბები მოეთხრო მონაწილე პირების სახელებისა და მისამართების მითითებით. რითაც საინფოემაცი ო საშუალებამ სამუდამო დამღა დაასვა გაუპატიურებულ გოგონას.
ეს ერთი კონკრეტული კრიმინალური რეპორტაჟი და კონკრეტული სარედაქციო შეცდომა იყო. შეცდომა რომელსაც ადამიანის ბედის წახდენა შეუძლია.
მაგრამ..
მაგრამ რა ვუყოთ ჯეოსტარსა და მის ანონსებში ერთი კი არა დაწუნებულ კონკურსანტთა მთელ გალერეას, რომელთაც დაუშურებლად აცნობდა მთელ საქართველოს რუსთავი2 !?
აქაოდა ნახეთ, ჩვენს ჟიურის როგორ ამბიციურ და უნიჭო ადამიანებში მოუწიათ მონაწილეთა შერჩევაო.
მეც კოლიზეუმის რომაელივით დავცინოდი დასაცინად გამოყვანილ ახალგაზრდებს, რომელთაც ზოგს ნოტი ეშლებოდა, ზოგს ტექსტი და ზოგს დგომის მიმართულება.
ვინ გკითხავს შენ რუსთავი2 ხარ თუ ჯეოსტარი, უცნობი ახალგაზრდა თავის რაიონში თავისივე მეგობრებმა სუფრაზე ნამღერისათვის შეაგულიანეს, შენ იქ ჩააკითხე რაიონში და მანაც გარისკა, შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. არ გამოუვიდა, ვერ დააკმაყოფილა კონსერვატორიის კრიტერიუმები და არც თვითნაბადი მარგალიტი აღმოჩნდა მეგობრების ნაქები მისი ნიჭი.
იქნებ ეს კაცი მომავალში თავისი ენერგიისა და ამბიციის დახმარებით თავისი რაიონის გამგებელი, ან პარლამენტერი, ან სულაც საქართველოს პრეზიდენტი ხდება.
ვინ მოგცა უფლება საქართველოს მასშტაბით დასცინო.
გააკეთო მისი მონაწილეობით, მისი ნებართვის გარეშე საღადაო-სარეკლამო კლიპები.
იყო მსგავსი ბოროტი გადაცემა - "ატალანტი" სადაც გულუბრყვილო ადამიანები თავის შემოქმედებას სრულიად საქართველოს აცნობდნენ. გადაცემის მიზანი კი ამ შემოქმედების ტირაჟირება კი არა, იმ ირონიის შენარჩუნება იყო, რაც მაესტროს პოპ ესტრადის ნიჰილისტ მაყურებელს უნდა გასჩენოდა ამ უადგილოდ მონდომებული ადამიანების შემხედვარეს.
"ჯეოსტარის" შესარჩევი ტურების უიღბლო მონაწილეთა შემხედვარეს, სურვილი მიჩნდებოდა ადვოკატი ვყოფილიყავი და ამ დაჩაგრული ადამიანებისათვის მორალური ზარალის ასანაზღაურებლად "რუსთავი2"-სა თუ "ჯეოსტარისათვის" დიდი თანხა წამერთმია. მომავალში მაინც რომ აღარ გაეგრძელებინათ ადამიანების აბუჩად აგდება და მათთვის სასაცილო დამღის დასმა. მეგონა ესესაა შევიტყობ ასეთი სასამართლო პროცესის შესახებ მეთქი, მაგრამ არა, ჩვენი ადვოკატები ხომ უფრო მნიშვნელოვანი საქმით - პოლიტიკის კეთების ამბიციით აღმოჩნდნენ აჭრილები.
დღეს საქართველოში ტელევიზიას შეუძლია მორალური ზიანი დაუსჯელად მოგაყენოს.
ადვოკატები კი, რომელთაც კონკრეტული ადამიანების ღირსების დაცვა არ ადარდებთ, პოლიტიკაში ისეთივე ღირსების გრძნობით იბადრებიან, როგორც გულუბრყვილოები "ატალანტში".
Posted by
cartwheel
at
12:05 PM
0
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", ადვოკატი, ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები
Sunday, April 27, 2008
გარემო - სანაგვე
განვითარებული ადამიანის მანქანის კარების უჯრაში (თუ ჯიბეში) ნაგავი დევს. განვითარებული ადამიანი ელოდება ნაგვის სანაგვეში გადაგდების შესაძლებლობას.
განუვითარებელი ადამიანის მანქანის კარის უჯრაში არასდროს არ მოხვედრილა ნაგავი.
მისთვის მთელი გარემო სანაგვე არაა?
Posted by
cartwheel
at
10:12 AM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები, შადრევანი, ხალხი
Friday, April 4, 2008
შინდისფერი ნომრები
საქართველოში შინდისფერი ნომრები დიპლომატიური აკრედიტაციის მქონე ავტომობილებს აქვთ.
2003 წლამდე ეს მანქანები ორ დიამეტრულად განსხვავებული სტილით დადიოდნენ.
ან ძალიან თავხედურად,
ან ძალიან წესიერად და ჩვენებური შეფასებით გაუბედავად.
მიხვდით ალბათ თავხედები უცხოელების ქართველი მძღოლები იყვნენ, მათ ხომ პოლიცია არ აჩერებდათ (შეიძლება არც ჰქონდა პოლიციას მათი გაჩერება აკრძალული მაგრამ რატომ გააჩერებდნენ, შარი იყო და ხეირი არა).
გაუბედავები მძღოლები კი თვითონ უცხოელი დიპლომატები იყვნენ.
ყველა ევროპელი, რომელსაც საქართველოში მანქანის ტარება მოუწია გეტყვით რომ ქართველები უწესო ხალხი არიან.
ჩვენც, ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ უწესობას ვაწყდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ჩვენც დავიჯერეთ რომ უწესოები ვართ, და ის ხალხიც კი რომელიც ბუნებითა და საქმით წესიერები ვართ, თითქოს ვამართლებთ სხვების უწესობას და ამ თვისებას თითქმის ქართულ საამაყო მახასიათებლადაც ვთვლით (ამაყი, ინდივიდუალისტი, შეუპოვარი, ვინ კითხავს გარბაჩოვს?).
ამ "რომანტიკით" აღჭურვილი უწესოები კი უფრო და უფრო თავხედდებიან,
სიამაყით ყვებიან როგორ დაამტვრიეს ამ თვეში მეორედ მანქანა,
როგორი მთვრალი იყო მანქანაში დასაჯდომად მასპინძლები დაეხმარნენ, როგორ კარგად ჰქონდა აწყობილი საქმე სამსახურში ადრე “ტრანშზე 3% პირადად რომ არ დამრჩენოდა ძმაკაცები ჩმორად ჩამთვლიდდნენ”, “რა გინდა ძმაო, შენ რომ ყოფილიყავი მინისტრი რა ნაკლებს შეჭამდი?”, “აუ ერთი დღე მამყოფა მაგათ ადგილზე და მეორე დღესვე დავტყდები აქედან მილიონებით”..
დღეს კაცები, რომლებიც ერთმანეთს გულს გადაუხსნიან, თუ რა კარგი ვარიანტი აქვთ ფულის საშოვნად, ბოლოს დააყოლებენ ხოლმე " მაიცა რა, გინდა რომ გამატელევიზორონ?" (ანუ დაიმჭირონ და შეამრცხვინონ).
ეს ტექსტი ერთი წლის წინ დავწერე და ახლა ვამატებ:
ის ხალხი ვისი ციტატებიც ზემოთაა მოტანილი დღეს ამბობს “ერთი ეს გიჟები მოგვაცილებინა და ვინმე ხომ მოვა ნორმალური”.
კიდევ ბევრი ნაძირალა ელოდება ამ ქვეყანაში დიდი და მცირე არაკაცობის უშიშრად კეთების შანსს.
Posted by
cartwheel
at
5:22 PM
2
comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები, ხელისუფლება
Sunday, March 23, 2008
18 ნომერი ტროლეიბუსი.1994 - 95 წ.
ნომერი18 ტროლეიბუსი
View Larger Map">MAP
1994 თუ 95 წლებში ვაკეში ტროლეიბუსების სპილენძის მავთულები მოიპარეს და საბურთალოდან მომავალი ტროლეიბუსი ნომერი18-ის მარშრუტი შეამცირეს ვაკის პარკამდე. ე. ი. საბურთალოდან მომავალი მგზავრი ვაკის პარკთან უნდა ჩამოსულიყო და სხვა ტრანსპორტით, მრშრუტკით ან ავტობუსით გაეგრძელებინა გზა.
ეს ის წლები იყო როცა უდენობას, ულიფტობას, უწყლობას, უგაზობას, უტრანსპორტობას კბილზე კბილის დაჭერით ვუძლებდით, ან ვერ ვუძლებდით. მიტინგები და მანიფესტაციები ვიღას ახსოვდა, ხალხი გაოგნებული იყო ომების წაგებითა და მხედერიონი-გვარდია თუ რაღაც ჯანდაბა საძმოების თავხედობით.
ჰოდა ეს დროა და წყნეთის ქუჩიდან ამოსვლისას რამოდენიმეჯერ დავინახე, რომ ვაკე საბურთალოს აღმართიდან ვაკის პარკისკენ ადამიანების დიდი ჯგუფები, თითქმის დემონსრტაციები მოძრაობდნენ.
არა, განწყობით მანიფესტანტებს არ ჰგავდნენ; ჩვეულებრივი დაბოღმილი სახეები, ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, უმეტესობა რაღაც ჩანთებს მოათრევდა საწინააღმდეგო გვერდზე გადახრილი, ეს სცენა პირველად რომ დავინახე მართლაც მანიფესტაცია მეგონა მაგრამ რამდენიმეჯერ რომ განმეორდა დავინტერესდი და სიმართლეც შევიტყვე.
18 ნომერი ტროლეიბუსი, რომელსაც მგზავრები ვაკის პარკამდე მოჰყავდა უკან დღევანდელი "ქართუბანკის " შენობასთან ბრუნდებოდა. ეს შენობა მაშინ მხედრიონის იყო და თავის მანქანებსაც ამ შენობის წინ აჩერებდნენ. ტროლეიბუსები შემობრუნებისას თითქმის ებჯინებოდნენ მათ მანქანებს და ხშირად უკან დახევაც უწევდათ შემოსაბრუნებლად. თურმე ერთხელ ერთი ტროლეიბუსი იქ გაჩერებულ მხედრიონელის მანქანას დაჯახებია. რაც მოყვებოდა ამ ამბავს ადვილი წარმოსადგენია. მძღოლი უცემიათ და ტროლეიბუსების იქ მობრუნება აუკრძალიათ (სიტყვიერადაც საკმარისი იქნებოდა) მას შემდეგ ტროლეიბუსების მარშრუტი კიდევ უფრო დამოკლებულა და ტროლეიბუსები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს აღმართის ზედა მხარეს უკან ბრუნდებოდნენ. მგზავრებს (ხნიერს თუ ახალგაზრდას , ქალს თუ კაცს, ტვირთიანებს თუ უტვირთოებს, ბავშვებსა და ორსულებს) 400 მეტრი მანძილის ფეხით გავლა უწევდათ.
ის ბოღმა რაც ამ ადამიანებს თვალებში ედგათ ახლაც მახსოვს. ითმენდნენ, ბოლომდე მოითმინეს, გულშემატკივარი და წინამძღოლი ავტორიტეტები მაშინ ყველა ერთბაშად იმ მხედრიონის ქებაში იყვნენ და .. იარეს ასე 6 თვე დაახლოებით სანამ ვაკეში მიმავალი ტროლეიბუსის მარშრუტი არ აღდგა.
Posted by
cartwheel
at
1:24 PM
3
comments
Labels: 1991 წელი, საზოგადოება, ტერორი, უწესობები
Monday, February 25, 2008
CO-თი მოწამვლა
ბუნდოვნად მახსოვს რომ: COთი დაღუპვის შემთხვევები ბევრი იყო ზურაბ ჟვანიას დაღუპვამდე. შემდეგ ამ თავზარდამცემმა ფაქტმა და პოსტფაქტუმ ტელევიზიით მოსახლეობისათვის გამაფრთხილებელი TV ჩანართებისა და ბაზრობის ხელოსნებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამ COთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა და კვლავ გაიზარდა 2007-წლის შემოდგომიდან.
მე მგონია რომ მოსახლეობა ენდო ამ დროს ტვ ეთერით ზურაბ ჟვანიას "მკვლელობის მამხილებელი" ფილმის პათოსს. ამ ფილმის მიხედვით ზურაბ ჟვანია შეუძლებელია COთი მომკვდარიყო. ჩვენ გვახსოვს იმ სახლის მაცხოვრებელთა და იმ უბნის გაზის გამანაწილებელთა განცხადებები რომ იმ საღამოს გაზის წნევა განსაკუთრებულად მაღალი იყო. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის რომელსაც რამოდენიმეჯერ ჰქონია საქმე COთი მოწამვლის იმ შემთხვევებთან, რომლის მიზეზად პაციენტები გაზის მაღალ წნევას ასახელებენ, ზურაბ ჟვანიას შემთხვევა დასანან უბედურ შემთხვევად აღიქმება.
Posted by
cartwheel
at
12:56 AM
0
comments