კიდევ ერთი საჭირო სტატია "ცხელ შოკოლადში".
აპრილის ნომერში წავიკითხე წერილი P.S.-სა და საერთოდ, რუსთავი 2-ის შესახებ - "analitikuri oxvra".
მხილებული იყო რუსთავი 2-ს პოლიტიკა - სკანდალური ამბები მოეთხრო მონაწილე პირების სახელებისა და მისამართების მითითებით. რითაც საინფოემაცი ო საშუალებამ სამუდამო დამღა დაასვა გაუპატიურებულ გოგონას.
ეს ერთი კონკრეტული კრიმინალური რეპორტაჟი და კონკრეტული სარედაქციო შეცდომა იყო. შეცდომა რომელსაც ადამიანის ბედის წახდენა შეუძლია.
მაგრამ..
მაგრამ რა ვუყოთ ჯეოსტარსა და მის ანონსებში ერთი კი არა დაწუნებულ კონკურსანტთა მთელ გალერეას, რომელთაც დაუშურებლად აცნობდა მთელ საქართველოს რუსთავი2 !?
აქაოდა ნახეთ, ჩვენს ჟიურის როგორ ამბიციურ და უნიჭო ადამიანებში მოუწიათ მონაწილეთა შერჩევაო.
მეც კოლიზეუმის რომაელივით დავცინოდი დასაცინად გამოყვანილ ახალგაზრდებს, რომელთაც ზოგს ნოტი ეშლებოდა, ზოგს ტექსტი და ზოგს დგომის მიმართულება.
ვინ გკითხავს შენ რუსთავი2 ხარ თუ ჯეოსტარი, უცნობი ახალგაზრდა თავის რაიონში თავისივე მეგობრებმა სუფრაზე ნამღერისათვის შეაგულიანეს, შენ იქ ჩააკითხე რაიონში და მანაც გარისკა, შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. არ გამოუვიდა, ვერ დააკმაყოფილა კონსერვატორიის კრიტერიუმები და არც თვითნაბადი მარგალიტი აღმოჩნდა მეგობრების ნაქები მისი ნიჭი.
იქნებ ეს კაცი მომავალში თავისი ენერგიისა და ამბიციის დახმარებით თავისი რაიონის გამგებელი, ან პარლამენტერი, ან სულაც საქართველოს პრეზიდენტი ხდება.
ვინ მოგცა უფლება საქართველოს მასშტაბით დასცინო.
გააკეთო მისი მონაწილეობით, მისი ნებართვის გარეშე საღადაო-სარეკლამო კლიპები.
იყო მსგავსი ბოროტი გადაცემა - "ატალანტი" სადაც გულუბრყვილო ადამიანები თავის შემოქმედებას სრულიად საქართველოს აცნობდნენ. გადაცემის მიზანი კი ამ შემოქმედების ტირაჟირება კი არა, იმ ირონიის შენარჩუნება იყო, რაც მაესტროს პოპ ესტრადის ნიჰილისტ მაყურებელს უნდა გასჩენოდა ამ უადგილოდ მონდომებული ადამიანების შემხედვარეს.
"ჯეოსტარის" შესარჩევი ტურების უიღბლო მონაწილეთა შემხედვარეს, სურვილი მიჩნდებოდა ადვოკატი ვყოფილიყავი და ამ დაჩაგრული ადამიანებისათვის მორალური ზარალის ასანაზღაურებლად "რუსთავი2"-სა თუ "ჯეოსტარისათვის" დიდი თანხა წამერთმია. მომავალში მაინც რომ აღარ გაეგრძელებინათ ადამიანების აბუჩად აგდება და მათთვის სასაცილო დამღის დასმა. მეგონა ესესაა შევიტყობ ასეთი სასამართლო პროცესის შესახებ მეთქი, მაგრამ არა, ჩვენი ადვოკატები ხომ უფრო მნიშვნელოვანი საქმით - პოლიტიკის კეთების ამბიციით აღმოჩნდნენ აჭრილები.
დღეს საქართველოში ტელევიზიას შეუძლია მორალური ზიანი დაუსჯელად მოგაყენოს.
ადვოკატები კი, რომელთაც კონკრეტული ადამიანების ღირსების დაცვა არ ადარდებთ, პოლიტიკაში ისეთივე ღირსების გრძნობით იბადრებიან, როგორც გულუბრყვილოები "ატალანტში".
Tuesday, April 29, 2008
ვინ მოგცა უფლება დასცინო !?
Posted by cartwheel at 12:05 PM
Labels: "ცხელი შოკოლადი", ადვოკატი, ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment