Sunday, April 13, 2008

ვერ გაუსწრებს


ერთი წესიერი თბილისელი კაცი რუსული ფესვებით მიმტკიცებდა, 5 წელიწადში რუსეთი ამერიკას გაუსწრებსო (იხმარსო- სიტყვასიტყვით).



მსოფლიოში ნავთობპროდუფტების ფასების ზრდა და პერსპექტივაში ამ ზრდის მოსალოდნელობა, ნავთობპროდუქტების მარაგით სიმდიდრე, განათლებული, ტექნოლოგიების ამთვისებელი, ამ ტექნოლოგიების წესების დამცველი და ზოგადადაც კანონდამჯერე მოქალაქეთა სიმრავლე, მათი დომინანტობა საზოგადოებაში ადვილად პროგნოზირებადს ხდის რუსეთის მომავალ წინსვლასა და გძლიერებას.

რუსეთს თავი ქუდში აქვს!
მას შემდეგ, რაც რუსეთი შეუდგა გზას ჩრდილო კორეის მსგავსი ქვეყნისაგან სამხრეთ კორეის მსსგავსი ქვეყნისკენ, ამ ქვეყნის ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა.

გახსოვთ ალბათ მოარული შეფასებები, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა რუსეთი შიმშილობს და კორუფციის ჭაობში ფშვინავს. ეს შეფასებები იმ დროინდელია როცა ქართულ მაღაზიებსა და შესაბამისად ქართულ მაცივრებში არანაირი რუსული პროდუქტი არ ჭაჭანებდა (შეიძლება რუსული ფქვილით გამომცხვარი პური მოხვედრილიყო ქართულ სუფრაზე, ისიც ეპიზოდურად).
დღეს ქართული ბაზარი რუსული პროდუქტითაა გადაძეძგილი. მათ დახლებზე ადგილი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ეს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი, კარგად შეფუთულ და რეკლამირებული პროდუქციაა. მათი წარმოშობის გეოგრაფია მთელ რუსეთს მოიცავს - ჩრდილო კავკასიის ზეთითა და რძის პროდუქტებით დაწყებული და შორეული აღმოსავლეთის თევზის პროდუქტებით დამთავრებული. მყიდველმა იცის რომ რუსული ნაწარმი მისი დასახელების მიუხედავად (ელექტროსადენი იქნება თუ რძის ფხვნილი) საუკეთესო არა, მაგრამ ხარისხის საკმაოდ კარგი სტანდარტის შესაბამისი იქნება.

გამოვიარეთ ათწლეული როცა რუსული ტელეარხები თავისი რუსული შოუბიზნესით ქართულ ტელესივრცეს ვერ აინტერესებდა. ახლა ქართული მაცივრების მსგავსად ქართული ტელევიზორების პირველი ოცეული რუსული არხებითაა გადაძეძგილი.
შიდა ნაციონალური სიჭრელის მიუხედავად სეპარატიზმის საფრთხე დიდი ხნით მოხსნილი აქვს . ყველა ავტონომიაში (დაღესტნისა და ჩეჩნეთის გარდა) ეროვნულ უმრავლესობას რუსები შეადგენენ.


თუ 20 წლის წინ რუსეთის მხოლოდ ეშინოდათ და ამიტომ სცემდნენ პატივს, დღეს ამ შიშის გარდა არის აგრეთვე რუსული ეკონომიკის ექსპანსია მსოფლიოში და პირველ რიგში ევროპაში. დღეს რუსეთი დიდი შვიდიანის (უკვე რვიანის) წევრია და მას განსაკუთრებულ სტუმრად იწვევენ ევროკავშირისა და ნატოს სამიტებზე.

რუსეთი თანდათან იბრუნებს პოლიტიკურ გავლენას.

და .. უამრავი ბერკეტი აქვს საქართველოს გაცამტვერებისათვის, დაქუცმაცებისა და საუკეთესო ტერიტორიების მიერთებისათვის, დარჩენილი ვაშლის ნაჭამის ფორმის საქართველოს მარიონეტად ქცევისათვის.

რა ვქნათ, ჩვენი ხელით გავითხაროთ საფლავი და მიწაც მივიყაროთ, რომ უმტკივნეულო იყოს?





ამერიკა კანადის შემდეგ ზომით მეორე სახელმწიფოა ჩრდილოეთ ამერიკაში და მოსახლეობით რიგით მე-3 მსოფლიოში ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ.

ეს სახელმწიფო გავლენიანია იმის მიუხედავად რომ, არ არის უდიდესი ტერიტორიულად და მოსახლეობით, არ არის სტრატეგიულ ადგილას, არ ფლობს ენერგომატარებლების განსაკუთრებით დიდ მარაგს და ამერიკულ ნავთობზე თუ გაზზე არავინაა დამოკიდებული.
მაგრამ რუსეთი მაინც ვერასოდეს, რა კატაკლიზმაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ვერ გახდება მსოფლიოს ლიდერი. რატომ? იხილეთ პოსტში "თვალები"

No comments: