Wednesday, April 23, 2008

ნინო ბურჯანაძე გვერდზე გადგა


დღეს ნინო ბურჯანაძემ,
რომელიც ხელისუფლების პარტიის №1 კანდიდატი იყო საპარლამენტო არჩევნებში, უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამით ჩემი რომანტიკული წარმოდგენა ახალ ქართულ ტოლერანტობასა და გუნდური თამაშის ახალ უნარებზე დასრულდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრისაგან განსხვავებით ვთვლიდი, რომ სამი ძლიერი და უნარიანი ლიდერის ერთად ყოფნა ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსათვის. ქვეყანა იქნებოდა უფრო მდგრადი და სტაბილური. "ბეჭდების მბრძანებელს" ვიშველიებდი. როგორც ფროდოს მეგობრები არიან განსხვავებულნი, მაგრამ ერთი იდეის მატარებელი გმირები, ასევე სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვანად განსხვავდებიან, მაგრამ მიზანი, საქართველოს ფეხზე დაყენება მათ უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ვიდრე პირადი ამბიციები.
მე გულწრფელად ვთვლიდი, რომ ერთი სტრატეგია და სამი ძლიერი ტაქტიკოსი საქართველოს განსაკუთრებულ ძალას მისცემდა.
ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო საქართველოს სახელმწიფოს სიმყარე და სტაბილურობა მნიშვნელოვნად მოაკლდა. მამხილებლურ-პროპაგანდისტური ფილმების მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
მას შემდეგ ტრიუმვირატიდან დარჩენილი ორი ლიდერის თავზე ათასმა ქარტეხილმა გადაიარა. ზოგჯერ მათ უწევდათ რთული და დანაკარგებიანი ბრძოლის გადატანა იქ, სადაც ზურაბ ჟვანია პირწმინდად მოიგებდა. საქართველო დაემსგავსა სამაფრიან გემს, რომელსაც ერთი, სტაბილიზატორი აფრა მოტეხილი აქვს. ასეთ პირობებში დანარჩენ ორ აფრას უფრო რთული მოქმედებები დაევალათ, რაც მათ ყოველთვის უნაკლოდ ვერ შეძლეს. თუმც ვერც ერთი წუთით, ვერ იფიქრებდი რომ ისინი მცდელობას აკლებდნენ და ბოლომდე გულწრფელად არ ცდილობდნენ ქვეყნის ერთი გეზით ტარებას.

და გუშინ ნინო ბურჯანაძე ყველასათვის მოულოდნელად გვერდზე გადგა.
ანუ ორიდან ერთი აფრა თავისივე სურვილით დაიკეცა. ამ ნაბიჯმა ხელისუფლების პოზიცია მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვნად შეასუსტა. ასევე უდროო იყო ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო სახისათვის ქართულ-რუსულ-აფხაზური ომისწინა მდგომარეობის ფონზე.

ხალხი ცდილობს ბურჯანაძის მოტივები გამოიცნოს, ზოგი ამბობს საარჩევნო სიაში თავსი სასურველი კანდიდატები ვერ ჩასვა და გაბრაზდაო, ზოგი მას ოპოზიციაში გადასვლას და ოპოზიციის ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.

მე კი მგონია რომ, ნინო ბურჯანაძე, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, გატყდა.
1. ვერ გაუძლო ლანძღვა-გინებას.
2. უარი თქვა მოსალოდნელ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის პასუხისმგებლობაზე.
3. დღევანდელი ქართულ-რუსულ-აფხაზური დაძაბულობიდან დემონსტრაციული განდგომით საქართველოს ოში გამარჯვების, და შესაბამისად ომში მონაწილეობის შანსები შეუმცირა.
4. ამით მან თავისი შვილი ააცილა განსაცდელს.

არის კიდევ ერთი, უფრო ბოროტი ახსნა.

ბურჯანაძემ ოპოზიციის ნაცადი ტაქტიკა არჩია. შეატოვა პრეზიდენტი დიდ რისკებს, ვნებათაღელვას და უკმაყოფილებას, რათა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე გზა გაკაფული დახვდეს.

No comments: