Wednesday, April 23, 2008

ჩვენ ჰოლივუდი არა გვაქვს რომ..


ერთერთ წინა პოსტში ჰოლივუდის ინდუსტრიის მიერ ერთი მტკივნეული სოციალური პრობლემის დარეგულირების მცდელობის შესახებ დავწერე.

სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ადამიანის (პოლიციელი, სამხედრო) მიერ უდანაშაულო მოქალაქის შემთხვევით მოკვლის თემა ბევრ ფილმშია ნაჩვენები.
ყველა ამ შემთხვევას მაყურებელი პოლიციელის თუ სამხედროს თვალით ხედავს, უთანაგრძნობს მის განცდებს, სინანულს და ფილმის ბოლოს კმაყოფილია როცა ეს დაკომპლექსებული და ღამის კოშმარებით გათანგული პოლიციელი დაძლევს თავის სისუსტეებს და ერთი, ყველაზე საჭირო გასროლით მოკლავს ნამდვილ ბოროტმოქმედს.

ამ ფილმების ქვეტექსტია სახელმწიფოსათვის უდანაშაულო მოქალაქის მოკვლის პასუხისმგებლობის აცილება ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმ პოლიციელისა თუ სამხედროს შენარჩუნება, რომელის გაწვრთნაზე სახელმწიფომ უკვე დახარჯა ფული და დრო.

არ ვიცი ეს სცენები სახელმწიფოს შეკვეთით ტირაჟირდებოდა თუ არა,

მაგრამ ფაქტია, რომ ეს დილემა 3 თუ 4 ფილმში მაქვს ნანახი.

მეორე სოციალური პრობლემა, რომლის შესახებაც ჰოლივუდი დაახლოებით 10-20 წლის წინ ერთნაირ ფილმებს აცხობდა, იყო დიდი კონცერნისა და მიწის კერძო მესაკუთრის შორის დავა, ზოგჯერ ომი.
ამ ფილმებში წყნარ პასტორალს მოხუცებისა ან მარტოხელა დედის ოჯახებს ურღვევდა რომელიღაც ღიპიან- სომბრეროიანი კონცერნის მფლობელი, რომელიც მოსყიდვით, დაშინებითა და ტერორით ცდილობდა ადგილობრივთა გასახლებას თავისი ქარხნის, ნავთობის ჭაბურღილისა თუ გზატკეცილის მშენებლობისათვის.

ყველა ეს ფილმი კერძო მესაკუთრის თვალითაა გადაღებული და ბოროტი ბურჟუა აუცილებლად მარცხდება.

ეს აშკარა პროპაგანდისტულ-აღმზრდელობითი სქემაა.

საქმე იმაშია, რომ სწრაფად და ინტენსიურად მშენებარე ამერიკაში ეს პრობლემა ბევრ რეზიდენტს ეხება. მართლაც ადგება თავზე თავისთვის მშვიდად მცხოვრებ მოქალაქეს ბიზნესი და მართლაც ტყუილ მართლით ცდილობს დაისაკუთროს მისთვის საჭირო ფართი.

ამ ფილმებით საზოგადოება ეუბნება კერძო მფლობელებს რომ ესმის მათი აღშფოთება, ცნობს მათ უფლებას დაიცვას თავისი კერძო საკუთრება, კერძო მიწა.

მაგრამ რეალობა ამ ფილმების ჰეფი ენდებისაგან განსხვავდება.
სინამდვილეში ყველა დიდი მშენებლობა ახერხებს საჭირო ფართის გათავისუფლებას ძველი მფლობელებისაგან.
ჩვენ ჰოლივუდი არა გვაქვს, ეს ემოციები მრავალმილიონიანი ფილმებით რომ დავაცხროთ. რას ვიზამთ, უნდა შევასკდეთ ერთმანეთს კერძო მესაკუთრენი და ბოროტი ბურჟუები.
იქნებ ჩვენთან მაინც, ქართული თავისებურებებიდან გამომდინარე მართალმა კაცმა გაიმარჯვოს დამპალ კაპიტალიზმზე.

მერე რა, რომ მილიონიანი ინვესტიციები სხვა ქვეყანაში გადამისამართდება.

ჩვენ დიდი კულტურის ქვეყანა ვართ, იქით ვასწავლოთ ახლახან წამოყვინჩილებულ ამერიკას "ჩემის" გატანა "ჩვენის" წინააღმდეგ.

No comments: