Thursday, April 3, 2008

ჯერ გამოუცდელი ტკივილი


კომპიუტერთან ვზივარ და ზურგს უკან, ტელევიზორიდან ახალი ამბები მესმის, მართალი გითხრათ ნატოს სამიტის შესახებ მიომდოდა დამეწერა, მაგრამ ეს ფრაზა, უკვე მეათასეჯერ გაგონილი ფრაზა ისევ მესმის, სადღაც ახალგაზრდები საყვირებით მიტინგს მართავენ და აცხადებენ "დაისაჯოს ვაზაგაშვილის, გვირგვლიანის, რობაქიძის მკვლელები!!"

რა არის აქ სალაპარაკო, მოიქნიე ერთი 20 კაცი ციხეში და გააჩუმე ეს ხალხი.
ისედაც იმას არ ჩივიან, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა ათასობით გაიზარდა და ბევრი მათგანი უდანაშაულოდაა დაჭერილი?

ასე ადვილადაა საქმე?

მე ვერ შევეხები ვაზაგაშვილისა და გვირგვლიანის საქმეებს, ამ საკითხებზე ჯერ კიდევ იმდენი რეალური ფაქტია ჩემთვის უცნობი, რომ მტყუანსა და მართალს ვერ ვარჩევ. ვაღიარებ.

რაც შეეხება რობაქიძის მკვლელობას აქ თითქოს მდგომარეობა უფრო ნათელია.
მოვყვები რაც მომისმენია ტელევიზიით.

გადაცემა "პატრულმა" აღწერა შემთხვევა. მათი ტექსტით პატრულის ჯგუფი გადააწყდა ყაჩაღებსა და სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლა, ყაჩაღებს აღმოაჩნდათ ავტომატი.

შემდეგ სიუჟეტში გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ მათი შვილის კრიმინალებთან კავშირს.
შემდეგ სიუჟეტში რობაქიძესთან ერთადმყოფმა ახალგაზრდებმა აღწერეს რომ პატრულთან შეხვედრის შემდეგ რობაქიძე გაიქცა და შემდეგ ხელები მაღლა ასწია, რასაც მოჰყვა სროლა პატრულის თანამშრომლის მხრიდან.

ამ სიუჟეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გადაცემა პატრულისაგან უარყოფა აღარ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია.

ეს გარემოება მაფიქრებინებს რომ საქმე ისე იყო როგორც აღიწეა რობაქიძის მეგობრის მიერ.

მოხდა ტრაგედია. პოლიციელის მიერ მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა!

საქართველო ახალგაზრდა, ახალთვალებახელილი ქვეყანაა. ისევე როგორც კონტრაბანდისტი სოფლების აწიოკების, გარე მოვაჭრეთა აყრის, შენობების ნგრევის თუ ხელებგადაგრეხილი ჩინოვნიკების ტელევიზორში ნახვა, პოლიციელის მიერ უდანაშაულო ადამიანის მოკვლაც ჩვენთვის ჯერ გამოუცდელი ტკივილია.

სახელმწიფომ გამოავლინა მიზანმიმართული (და ძალისმიერი ოპერაციებით გამტკიცებული) აგრესია კორუმპირებული საბაჟოს, გამგეობების, კონტრაბანდისტების თუ ქურდული სამყაროს წინაშე. ამ ტალღის შემხედვარე ხალხს გაუჩნდა იმის განცდა რომ სახელმწიფომ ასევე მიზანმიმართულად მოკლა რობაქიძე.

ადამიანი როდესასც საჭესთან ჯდება მას უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და გავლილი უნდა ჰქონდეს "ფსიქო" შემოწმება. ავტომობილი პოტენციური მკვლელობის იარაღია. ის საფრთხეს უქმნის როგორც გარშემომყოფებს, ასევე მძღოლსა და მის მგზავრებს. მძღოლს მოეთხოვება საგზაო წესების ცოდნა და დაცვა, სიფხიზლე და მობილიზებულობა. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევით 300ზე მეტი ადამიანი კვდება. მძღოლი რომელიც შემდეგ სხვა ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა ავარიამდე 1 წუთით ადრე არ თვლიდა რომ მილიონის ფასად შეეძლო სხვა ადამიანის განზრახ მოკვლა. რაც ვერ მოხდებოდა განზრახ, მოხდა შემთხვევით, უბედური შემთხვევით.


დავუბრუნდეთ იმ უბედურ საღამოსა თუ ღამეს. პატრული ახალი შექმნილია, ხალხი ინტერესითა და იმედით უყურებს ამ ცვლილებას. მაშინდელი სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი პატრულის ახალი ავტომობილებით, იარაღითა და ფორმებით აღჭურვაზე დაიხარჯა. მასმედია ნთქავს პატრულის მიერ გამოვლენილი სიყოჩაღის ფაქტებს. პოლიციელები უპირატესად ახალგაზრდა და გამოუცდელია. წინამორბედებისაგან განსხვავებით მათ კაბურაში მზესუმზირა კი არა უყრიათ, ახალი იარაღი უდევთ. ბნელა, "თუ არ დაასწარი დაგასწრებენ" შიში და ავტომატიზმი ერთად ამოტივტივდა და საბედისწერო გასროლაც მოხდა..

.. მე პირადად 3 თუ 4 ჰოლივუდური ფილმი მაქვს ნანახი სადაც პოლიციელის მიერ უდანაშაულო ადამიანის მოკვლაა აღწერილი. სამივე (თუ ოთხივე) ტრაგედია პოლიციელის თვალითაა დანახული, ნაჩვენებია პოლიციელის განცდები, სიტუაციის სირთულე, უძილობები და კოშმარები. ეს ფილმები შეთანხმებულებივით თავდება ამ პოლიციელის გასროლით რითაც ის ნამდვილ ბოროტმოქმედს მოკლავს და ამით კომპლექსს - არ ესროლოს არავის, თუნდაც ბოროტმოქმედს, საბოლოოდ ამარცხებს.
მე მგონი ეს ფილმები დიდი, ძლიერი, მდიდარი და განათლებული ქვეყნის პასუხია ისეთ სიტუაციებზე რომლებიც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ადამიანის მიერ უდანაშაულო მოქალაქის მოკვლა იწვევს.
პოლიციას იარაღი უნდა ჰქონდეს, ჯერ არ არის გამოგონილი დისტანციაზე ეფექტური და უსაფრთხო (ყაჩაღმა რომ არ დაგასწროს სროლა) გაუვნებელყოფა. ყველა ქვეყნის კანონს ჯერ კიდევ ცეცხლსასროლი იარაღი იცავს.
უბედური შემთხვევები კი ხდება..

საქართველოს ჰოლივუდი არ აქვს, ქართულ მედიას კი არ შეუძლია ასეთ შემთხვევებში მედიატორობა (მას უფრო წაქეზება ეხერხება).
ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გულწრფელად, საჯაროდ უნდა აღიაროს და გულწრფელად უნდა უთანაგრძნოს გარდაცვლილის ოჯახს. კონკრეტულად რობაქიძის ოჟახს კი პლიუს დიდი, ძალიან დიდი საკომპენსახციო თანხა უნდა გადაუხადოს გარდაცვლილის ყაჩაღად გამოცხადების გამო.



მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ, მოქალაქეები ვინც ამ ტრაგედიით შეწუხებულები ვართ გავიხსენებთ რომ ქართველებს გვაქვს მსოფლიო ფოლკლორში უნიკალური "ვეფხი და მოყმე" და გავიხსენებთ რომ მეორე მხარესაც არის ტკივილი და სინანული, დანგრეული ბიოგრაფია და საშვილიშვილო დამღა.

მე როგორც რეანიმატოლოგმა, რომელსაც ავტოავარიების შედეგად უგონო, სისხლიანი, ბენზინს, მანქანის ზეთსა და პარპრიზიას ნაფშვენებში არეული ადამიანების გადარჩენა ან გადარჩენის ბოლომდე მცდელობა მევალება შემიძლია გითხრათ.
ნარკომანი და მთვრალი მძღოლი, ადამიანი რომელიც თავისი მუცლის ამოყორვისა თუ კაიფისთვის სხვა ადამიანს, თუნდაც საკითარ მგზავრს კლავს არის ათჯერ უფრო მეტად დამნაშავე ამ შემთხვევის მონაწილე ტრაგიკულად შემცდარ პოლიციელზე.

No comments: