Thursday, December 27, 2007

როგორ მიყიდა ბადრი პატარკაციშვილმა

უტრირება - რაიმე საგნის ან მოვლენის ერთერთი მხარის გაზვიადება, აგრავაცია.
როგორ მიყიდა ბადრი პატარკაციშვილმა
პირველი შთაბეჭდილება ამ კაცის არსებობის შესახდებ პირველად 5 თუ 7 წლის წინ შევიტყვეთ. მაშინ ბინძურ, ნაცრისფერ ნახევრად ჩაბნელებულ თბილისის ქუჩებში ერთბაშად გამოჩნდა ბრდღვიალა ბილბორდები ყველასთვის გაუგებარი წარწერით – "კუტიკტაუ". ეს ბილბორდები ქალაქს ორი თუ სამი თვე “ამშვენებდა”. მოქალაქეები მხრებს იჩეჩავდნენ, ვის დასჭირდა ჩვენი ყურადღების საყიდლად დიდი ფულის დახარჯვა, ჩვენ კი მაინც ვერაფერი გაგვიგიაო. სიმართლე 2-3 კვირაში გავრცელდა და იმ დროის რეალობებიდან გამომდინაერე ყველა დამშვიდდა. ეს ის ბადრი ყოფილა, გვარად პატარკაციშვილი რომელსაც რუსეთის ტელეარხებზე, ბერეზოვსკის მამხილებელი სატელეფონო ჩანაწერში ჩეჩენ მეთაურთან საიდუმლო საუბარში რომ ახსენებდა ბერეზოვსკი და ფინანსური საკითხების მოგვარებას ბადრისთან პირდებოდა. ეს ბადრი ბერეზოვსკის მარჯვენა ხელი და თვითონაც მილიონერი (მაშინ არ ვიცოდით რომ მილიარდერი) ყოფილა, და ამ თბილისური ბილბორდებით თავის ყაზახ მეგობარს ულოცავდა დაბადების დღეს. მას შემდეგ კუტიკტაუს ყველა დანახვაზე ჩვენ ვფიქრობდით რომ ვიღაც უზნეო თავის მიზნებს ისე ახორციელებს რომ თბილისელების აზრი არც ჭირდება და არც აინტერესებს, პირიქით თბილისელების უპასუხო ინტერესი პატარკაციშვილის პრეზენტს მეტ ეგზოტიკურობას და ინტრიგას მატებდა. მაშინ წაქცეულ, მაფიოზურ, ღატაკ და დემაგოგიით მიძინებულ საქართველოში ასეთი უზნეო ადამიანების არსებობა არავის არ გაკვირვებია და როგორც გითხარით – ყველა დავმშვიდდით. მაგრამ პირველი შთაბეჭდილება, უარყოფითი შთაბეჭდილება მაინც დარჩა.
მეორე შთაბეჭდილება უფრო უარესი აღმოჩნდა. ბერეზოვსკის რუსეთიდან გაქცევისა და პატარკაციშვილზე რუსეთის სამართალდამცავების მიერ ძებნის გამოცხადების შემდეგ, პატარკაციშვილმა ისარგებლა საქართველოს მოქალაქეობითა და საქართველოს ხელისუფლების კონფორმისტობით, რომელმაც პატარკაციშვილის ფინანსური შესაძლებლობებით (მაშინ მისი ფული რამოდენიმეჯერ აჭარბებდა საქართველოს ბიუჯეტს) იმედმოცემულმა და რუსეთის მიერ იგორ გიორგაძის შეფარებით გაღიზიანებულმა ხელშეუხებლობა და რუსეთისგან დაცვა აღუთქვა პატარკაციშვილს. ამით გაღიზიანებული რუსეთი, რომელიც მთელ მაშინდელ ჩეჩნურ წარუმატებლობას საქართველოს აბრალებდა კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა – “ჩვენ ბადრის გამოვიყენებთ”. “მე საქართველოს გამოვიყენებ” – ამ დროს ფიქრობდა ბადრი. “საქართველო და ეუთოს დამკვირვებლები კი ამტკიცებენ რომ საქართველო ჩეჩნებს არ ეხმარება, მაგრამ საქართველომ შეიფარა მაფიოზი პატარკაციშვილი, რომელმაც რუსეთის ფულები მოიპარა და ჩეჩნებს ეხმარებოდა, ესე იგი საქართველო უნდა დაისაჯოს” – ფიქრობდა 150 მილიონი რუსი. მე რას ვფიქრობდი ამ საკითხზე იმ დროს ბუნდოვნად მახსოვს, თუ არ ვცდები რუსეთის ჩვენ სეპარატისტებთან მეგობრობით გაღიზიანებულს, ეს მათი პროტესტები გულს ძალიანაც არ მომხვედრია.
ჩემი მესამე უარყოფითი შთაბეჭდილება სხვა საკითხს უკავშირდება. თბილისს მეტეხთან, ნარიყალასთან და ქართლის დედასთან ერთად კიდევ ერთი ახალი სიმბოლო ჰქონდა – რიტუალების სასახლე, ქორწინების სახლი. ის ნახევარი თბილისიდან ჩანს და ნახევარ თბილისს იქ აქვს საქორწილო ხელმოწერა გაკეთებული. ის აშენდა რათა ახალშექმნილ ოჯახებს ზეიმი ეგრძნოთ ქორწილში და შემდეგ ამ სასახლის დანახვისას გაეფიქრათ რომ ამ სასახლის მეფე და დედოფალი ერთ მშვენიერ წუთს თვითონაც იყვნენ. პატარკაციშვილმა ეს სასახლე იყიდა და მცირე რევერანსის შემდეგ - “საქორწილოდ ვარემონტებ, აგერ 4 ქორწილს ერთდროულად ვმასპინძლობო” და საჩვენებელი ქორწილების შემდეგ .. სასახლეს მაღალი გალავანი შემოავლო. მას შემდეგ სამოქალაქო ქორწილები კი არა, საქართველოს კანონებიც იშვიათად აღწევდა ამ გალავანს შიგნით არსებულ განცალკევებულ სახელმწიფოში, რომლის სახელიც სულ ახლახანს გავიგეთ – “არკადია”. და თუ ეს შენობა მანამდე არქიტექტურულად თავისი პირველი დანიშნულებით, ამაღლებული, სიმბოლური, დასამახსოვრებელი, ცოტათი ფალოსის და შესაბამისად ნაყოფიერების კულტის სასახლეს წააგავდა და მაინცდამაინც არ მაღიზიანებდა, მას შემდეგ რაც მასში ეს საეჭვო წარსულის კაცი მოკალათდა, მისი დანახვისას რატომღაც სულ საკულტო სერიალი “აგენტი 007” და მისი უცვლელი ფინალები მახსენდება სადაც გამჭრიახი და უშიშარი ჯეიმს ბონდი დიდი ბრძოლისა და წინააღმდეგობების შემდეგ, საბოლოოდ როგორღაც შეაღწევს უბოროტესი და უძლიერესი მტრის ეგზოტიკურ სასახლეში, რომელსაც დიდი ფულის, ნაყიდი მეცნიერებისა და ხელში ჩაგდებული მსოფლიო ტელევიზიების საშუალებით მთელი მსოფლიოს დაჩოქება განუზრახავს და წამები არის დარჩენილი მისი მზაკვრული გეგმის სისრულეში მოსაყვანად.
ეს ასოციაცია წლების განმავლობაში თან მდევდა და კარგ ხასიათზე მყოფი წარმოვიდგენდი კიდევაც ჩემს მახსოვრობას შემორჩენილ ცისფერ დარბაზებში როგორ დაცურავენ ზვიგენებისა და პირანიების გუნდები მოძრავ აქვარიუმებში, როგორც ეს ხსენებულ სერიალშია. ეს არის ჩემი მეორე უარყოფითი შთაბეჭდილება ბადრი პატარკაციშვილზე.
მეოთხე შთაბეჭდილება აღარ იყო ასეთივე უარყოფითი. პატარკაციშვილმა ტელევიზია დააარსა. რატომაც არა, გავიფიქრე მაშინ დააბანდოს ფული საქართველოში, თუნდაც ტელევიზიაში. არ მომეწონა რომ ფულს უშუალოდ ბიზნესში, წარმოებაში არ აბანდებდა, მაგრამ იქნებ შემდეგ ნაბიჯად ფული იქნებ რეალურ საქმეში ჩადოს და ვიღაცა დაასაქმოს მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც არ მშორდებოდა. წარმოვიდგენდი ხოლმე ამ კაცს თავისი დემონსტრაციულ ეგზოტიკური ულვაშებითა და ფსევდო პათეტიკური გამონათქვამებით, წარმოვიდგენდი როგორ ამბობს თავისი ტელევიზიის ფსევდოპათეტიურ სახელს “იმეედი” და მეღიმებოდა. ჩემი ტელევიზორის 50 საკაბელო არხს შორის “იმედს” სადღაც 40-ის შემდეგ მივუჩინე ადგილი და სტუმრების შეკითხვაზე, “იმედი” ასე შორს რატომ გაქვსო ვპასუხობდი - მეშინია ამ ტელევიზიამ იმ საკითხებში, სადაც მის პატრონს ინტერესები აქვს ინფორმაცია ისე არ მომიზილოს, როგორც მის პატრონს უნდა და არ შემაცდინოს მეთქი (მაშინ რას ვიფიქრებდი რომ, ამ კაცის ინტერესები და შესაძლებლობები ჩემს ცხოვრებას და მთელ ქვეყანას გადაწვდებოდა).
აი აქიდან იწყება ჩემი მოსყიდვა პატარკაციშვილის მიერ. ის მე ქრთამად ბრჭყვიალა “qronikebs” და “დროებებს” მჩუქნიდა. ყველა გადაცემა საშუალებას მაძლევდა მსოფლიოს რომელიღაც საინტერესო ქვეყანაში, საინტერესო ადგილას მესეირნა “იმედის” ჟურნალისტთან ერთად, მენახა საქართველოც მისი ღირსშესანიშნაობებითა და გაჭირვებით, მეამაყა იმითა რითაც უნდა ვიამაყო და თანამეგრძნო იმისთვის ვინც ჩემს თანაგრძნობას იმსახურებდა, შემდეგ იყო ოლიმპიადის ტრანსლაცია ათენიდან და ბევრი სანერვიულო თუ სასიხარულო წუთი და.. ჩემს ტელევიზორში “იმედმა” ორმოცდარომელიღაც ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა. მას შემდეგ სხვა ჟურნალისტებთან ერთად ჩემი ოჯახის ვირტუალური წევრი გახდა ნიჭიერი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, რომელსაც ციკლური ცხოვრება აქვს – კარგი ჟურნალისტი, ცუდი პოლიტიკოსი, ცუდი ადამიანის, ასლან აბაშიძის უპირველესი საიმიჯო სახე, კარგი ადამიანი კარგი ჟურნალისტი “დროების” წამყვანი, ცუდი ადამიანის, ბადრი პატარკაციშვილის უპირველესი საიმიჯო სახე. არ ვიცი კიდევ რამდენი როლის შესრულება მოუწევს მას მომავალში, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ მომავალშიც წარმატებით გამოიყენებს თავის ფოტოგენურ თუ აუდიოგენურ მონაცემებს. ყოველ შემთხვევაში მე, სანამ “დროების” მაყურებელი ვიყავი არ მახსოვდა მისი აჭარული მოღვაწეობა. ასე გაგრძელდა ჩემი ყიდვა პატარკაციშვილის მიერ. მართალია 2 ნოემბრამდე და მით უფრო2 დან 7 ნოემბრამდე “იმედის” მიზანმიმართულმა მუშაობამ ჩემი ძველი ეჭვი გამახსენა რომ კრიტიკულ პერიოდში ეს ტელევიზია ისე მომიზელდა ფაქტებს, როგორც ეს მის მფლობელს სურდა, მაინც ვერ შეველიე “იმედს” და ჩემი ტელევიზორის მეოთხე არხი ერთი თვით ცარიელი დავტოვე “იმედის” დაბრუნების იმედით. დღეს 26 დეკემბერს “იმედი” უკვე მეორედ გაითიშა ამჯერად იმ სკანდალზე პასუხად, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილი ყოველგვარი ეჭვების გარეშე წარმოჩინდა ნამდვილი სახით. ჩემი ირონიული ასოციაციები ახდა, “არკადიის” მბრძანებელი მართლაც კინოში გადასაღები ძლიერი, ჭკვიანი და ბოროტი აღმოჩნდა. მე არ მგონია რომ “იმედი”, არხი რომელიც დიდი ვალების მიუხედავად მაინც არსებობდა აღდგეს. გუშინდელი “თავნებობის“ შემდეგ არა მგონია პატარკაციშვილმა კვლავ ჩადოს ფული ასეთ საეჭვო ინსტრუმენტში, თუმცა რა ვიცი, რას გაუგებ უზომო ფულს. სხვა, მითუმეტეს უცხოელი პატრონისთვის არ ვიცი რამდენად მიმზიდველი იქნება სახელგაფუჭებული ბრენდი “იმედი” მაგრამ ჩემს ტელევიზორში კვლავ ჯიუტად შიშინებს მეოთსე არხი და კვლავ “იმედის” დაბრუნებას ელის. აი ასე მიყიდა მე პატარკაციშვილმა.
ველოდები მოვლენების განვითარებას და თქვენს კონმენტარებს საიტზე www.cartveli.blogspot.com

Saturday, December 22, 2007





ველოსიპედის წესი

სამი- ოთხი -ორი.
სამთვლიანი ველოსიპედიდან ორთვლიანზე გადასვლა თუ გინდა ისწავლო,დროებით ოთხთვლიანზე უნდა გადახვიდე.
ანუ ორთვლიანი ველოსიპედის მართვის სასწავლად სამთვლიანის შემდეგ ოთხთვლიანის მართვა უნდა აითვისო.



ინექციის (ნემსის გაკეთების) წესი

თუ გაიმეტე არ ეტკინება.თუ არ გაიმეტე, ეტკინება.თუ შეგეცოდა, ატკენ.



სიარულის სწავლის წესი

თუ ჩვილ, ბანცალა ბავშვს მტკიცე ხელით ჩაბღუჯულს ატერებ, სიარულს გვიან ისწავლის.


მოჭრილი ხელფასი

მოჭრილი ხელფასი ადამიანს აზარმაცებს, გამომუშავებით ხელფასი კი მატყუარას ხდის.
გამოსავალია მოჭრილი ძირითადი ხელფასი + სიმბოლურზე ცოტა მეტი გამომუშავება.


ბუზის გაფრენის კანონი


წინ+ წინ+ წინ=0, წინ+ უკან +წინ= წინ

თუ ფანჯრის მინაზე მცოცავ ბუზს წინ (გარეთ) უნდა გაფრენა, ვერაფრით ვერ გაფრინდება სანამ უკან არ დაიხევს და მეორე, ღია ფანჯარაში არ გაფრინდება.

Monday, December 17, 2007

წავა? - არ წავა!





ერთი, ორი და სამიიიი


წავა რა.. იფიქრა 1990 წელს ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ" (დარწმუნებული ვარ ამ კაცს დღესაც ასეთი სახელი აქვს ძმაკაცებსა და კოლეგებში) და გადაწყვიტა სასიკეთო კვალი დაემჩნია ქართული ფეხბურთისათვის და მაშინ როდესაც საქართველო, ქართული გუნდები პირველად დამოუკიდებელი საქართველოს სახელით დაუშვეს ევროპის ჩემპიონთა, უეფასა და თასების მფლობელთა გათამაშებაზე და როდესაც თბილისის დინამოსთან ერთად ევროპაში ძალების მოსინჯვა სოხუმის "ცხუმსაც" უწევდა, ამ კეთილმა კაცმა უეფას რომელიღაცა თანამშრომელს ქრთამი შეაძლია და შედეგად ის მივიგეთ, რომ --- ქართული გუნდები მთლიანად მოიხსნენ ყველა ევროპული გათამაშებიდან. არადა, არადა ექნებოდა თუ არა მნიშვნელობა ჩვენი შემდგომი ისტორიისათვის იმას რომ, საქართველოს სახელით, სოხუმის სახელით ქართულ გუნდ "ცხუმს" ეასპარეზა?
წავა რა.. თქვა ერთერთმა ქართველმა ხელოსანმა/ელექტრიკოსმა როცა თბილისის ლოკომოტივის სტადიონის სათადარიგო გენერატორების შენობის ფანჯარაში ვენტილატორს ამონტაჟებდა. არა, კი იეჭვა ამ ფრთებს გარედან შიგნით უნდა შეეწოვა ჰაერი თუ შიგნიდან გარეთ, მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე კაცი ინსტრუქციაში ხომ არ ჩაიხედავდა, იფიქრა და გადაწყვიტა რომ ჰაერი შიგნიდან გარეთ უნდა გამოედენა, როგორც ტუალეტში ჰქონდა. გულმა კი გაჰკენწლა, რამეს ხომ არ ვაშავებო, მაგრამ ბოლოს თქვა - წავა, რა და გააკეთა კიდდვაც. მაგრამ არ წავიდა. საქათველო რუსეთის შორის ურთიერთობა იმ დროის მაშტაბებით მაქსიმალურად იყო დაძაბული, რუსეთი ასე პირდაპირ მტრად არ გახსენებდა როგორც ეს დღესაა, მაგრამ თავის სიბოროტეს სრული სვლით ახორციელებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იმ დროს ერთადერთი ნათელი წერთილი ქართველი რეგბისტები და მათ მიერ რუსეთის გუნდის არაერთხელ დამარცხება იყო. და ჯერი ქართველ ფეხბურთელებზე მიდგა. საქართველო და რუსეთი ერთ ქვეჯგუფშია, თბილისში ამ საღამოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ხვდებიან. მთელი საქართველო სულგანაბული ელოდება ამ თამაშს, მოახერხებენ ჩვენი ფეხბურთელები და ანახონ რუსეთს, რომ მათთან ომების სამ გზის წაგების მიუხედავად ქართველები ჯერ ცოცხლები არიან და პოლიტიკაში თუ მათი სათამაშოები ვართ, სპორტში მაინც დარჩა ის სული რაც მომავალში იქნებ პოლიტიკაშიც გამოჩნდეს. მაგრამ.. ეს სირცხვილი ყველას გვახსოვს. თამაში სავსე ტრიბუნების და ომახიანი გულშემატკივრობის ფონზე დაიწყო. ერთი 20 წუთი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ერთი-ორი დამაიმადებელი შეტევა ჩვენებმაც განახორციელეს და .. სტადიონზე განათება გამოირთო, 40 ათასი მაყურებელი და ფეხბურთელები უკუნმა მოიცვა. ორჯერ აინთო მას შემდეგ სინათლე, ორჯერ განახლდა თამაში მაგრამ მესამედ საბოლოოდ ჩაქრა სინათლე და თამაში ჩაიშალა. საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა ერთი მოედნის 90 წუთით განათება. რუსული ტელე გადაცემები ირონიულად გვითანაგრძნობდნენ, ქართული არხები მონდომებით ეძებდნენ მსოფლიოში ასეთივე პრეცენდენტებს. მაგრამ გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული იყო. რუსეთმა დაინახა რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩასაქრობად ერთი სულის შებერვაღა აკლია. რაც არ უნდა სინათლის ქალაქები ვაშენოთ ახლა, ყველა რუსს ეს შთაბეჭდილება კიდევ დიდხანს გაჰყვება.
წავა რა.. იფიქრა ერთმა ხელოსანმა როცა ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში გაზის გამათბობელ ნიკალას ამონტაჟებდა. "აჰა, მი კი მივუერთე გაზს კლიენტის ნაყიდი "ნიკალა", გაზი ანთია და სითბოც იქნება, მაგრამ საკვამური არა აქვს ნაყიდი და როცა იყიდის თვითონ დააყენოს, რა ვქნა." წავა რა იფიქრა ამ ერთი ჩვეულებრივი ბინის პატრონმა, რომელიც ამ ბინის გაქირავებას აპირებდა და მდგმურიც ეს ესაა იშოვა "წავა რა, კაცია და თვითონ დააყენებს საკვამურს, რემონტი გავუკეთე თან ხომ არ გადავყვები" არ წავიდა! ამ ბინაში ქართველოს პრემიერმინისტრი და მისი მასპინძელი მხუთავი გაზით გაგუდვით გარდაიცვალნენ. გარდა იმისა რომ საქართველომ ერთერთი უჭკვიანესი ლიდერი დაკარგა, სამარადჟამო სასირცხვილო/საეჭვო ფაქტი ჩაეწერა ისტორიაში.
წავა რა.."წავა რა" თუ არა, "არა უჭირსო" გაიფიქრა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს ერთერთმა ჩინოსანმა 1920 წელს და გადაუმოწმებლად შეიძინა ევროპაში ქართულ არმიაში არსებული 20 კალიბრიანი ქვემეხებისათვის 22 კალიბრიანი ყუმბარები. არ წავიდა...

ასე არ წავა! თქვა ერთმა უცხოელმა,ფინელმა ნიკომ ეუთოს მისიის დამკვირვებელმა 7კაციანი ჯგუფის თიმლიდერმა, რომელიც საქართველო - ჩეჩნეთის საზღვარს პატრულირებდა (რათა დაედგინა საქართველო მართლა აიარაღებდა ჩეჩნებს, როგორც ამა რუსეთი ამბობდა თუ არა. მის დაქვემდებარებაში მყოფმა 7-მა სხვადასხვა ეროვნების ოფიცერმა და ერთმა ექიმმა (me) წინა ღამე შატილის ზემოთ მთებში გაათიეს და ახლა ეუთოს ქართულ ვერტმფრენს ელოდებიან, რათა შატილის ბანაკში დაბრუნდნენ, იბანაონ, ისადილონ და დაიძინონ. იღბალი მათ მხარეზეა, წინა მოღრუბლული დღეებისაგან განსხვავებით, დღეს თითქმის კარგი ამინდია და იმედია რომ ვერტმფრენის პილოტები შეძლებენ ამ რეისის შესრულებას. ასაფრენი ადგილი არ არის .მფრინავებს კარგი ამინდი ესაჭიროებათ როგორც აქამდე ხეობებში გამოსაფრენად, ასევე მთის კიდესთან ვერთმფრენის ისეთ ადგილას დასაკიგებლად, საიდანაც ჩვენ შევძლებთ ჰაერში მყოფ ვერტმფრენში ამუნიციის (ზურგჩანთები, კარვები, რაციები..) შეყრას და შეხტომას. ჩვენ აქა-იქ გაფანტულ ღრუბლებს ჩვენს სიმაღლეზე ვხედავთ და იმედი გვაქვს რომ ჩვენსკენ არ გამოფრინდებიან და არ დაგვფარავენ. ასეთ შემთხვევაში ვერთმფრენი ვერ ამოფრინდება, და თუ ერთ ღრუბელს აქ ასე ჩვეული სამდღიანი არასაფრენი ამინდი მოჰყვა, ჩვენც აქ მოგვიწევს აკეცილი კარვების გაშლა და შემდეგი დღეების გატარება.ასეთი პერსპექტივა კი არავის არავის ახარებს. ესაა ვისაუზმეთ ტურისტულ/ალპინისტური OSCE-s საუზმით რაც მოიცავდა კონსერვებსა და მდუღარე წყალში ჩასადებ პაკეტებს სუპით. ეს პაკეტები და კონსერვები ისეთი მასალითაა გაკეთებული რომ უკვალოდ იწვის და შესაბამისად ნაგავი არ რჩება. ესესაა ცეცხლი წავუკიდეთ ჩვენ ნარჩენებს, ეჭვით შევხედეთ ცას რომელიც ფრენის საშუალებას იძლევა, მაგრამ ხეობებში ჩაბუდებული ნისლი და ნიავი მაინც სათუოს ხდის ჩვენს დღევანდელ გამგზავრებას. ჯერი ფინელ თიმლიდერზეა, რაციით უნდა მოითხოვოს ვერთმფრენის გამოფრენა. ის კი არ ჩქარობს, ელოდება კონსერვებისა და პაკეტების ბოლომდე, უკვალოდ დაწვას. სიცივესა და სისველეში ცეცხლი დუნედ იწვის და ჩვენც იძულებულები ვართ საგულდაგულოდ შეკრული ზურგჩანთები გავხსნათ, გაზეთბი და ხელსახოცები ცეცხლს შევუკეთოთ და ბოლომდე დავწვათ ჩვენი ნარჩენები. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ტიმლიდერი დარწწმუნდა რომ პირიქითა ხევსურეთის ალპური ზონის კლდიანი მთების ერთერთ არაფრით გამორჩეულ კვადრატულ მეტრზე ჩვენი ნაგვის ნამცეცი არ რჩებოდა, გამოიძახა ვერტმფრენი.

Saturday, December 15, 2007

წარსდექ მშიერი, არა შიშველი





ეს არის უძველესი ქრისტიანული შეგონება. საქართველოს ისტორია ამ შეგონებით ცხოვრების ისტორიაა. წარსდექ მშიერი არა შიშველი ნიშნავს შეზღუდული რესურსების პირობებში იზრუნო არა საკუთარ კუჭზე, საკუთარი ფიზიოლოგიის კომფორტზე, არამედ იზრუნო შენს ადგილზე სოციუმში, ღირსებაზე, იზრუნო მომავალზე, პერსპექტივაზე. წარსდექ მშიერი არა შიშველი ნიშნავს აიცილო სირცხვილი და ამით შეინარჩუნო ავტორიტეტი და ადგილი გარემოში. საქაართველოს ისტორია ეს არის ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების შენების ისტორია და დღეს როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან თავს ვიწონებთ ამდენი უმშვენიერესი და ულამაზესი ეკლესიითა და მტკიცე გალავნებით, ეს ხალხი, სტუმრები კითხულობენ - კი მაგრამ სად არის თქვენი ფეოდალებისა და მეფეების სასახლეები? სად არის იმ ხალხის სასახლეები, რომელთაც ჰქონდათ რესურსი და ცოდნა V საუკუნეში აეგოთ ანჩისხატი და ჯვარი, XI-ში სვეტიცხოველი და ალავერდი? და რა არის ქართული ისტორიის პასუხი მსოფლიო ცივილიზაციისათვის. ის რომ შეზღუდული რესურსების პირობებში ქართველები ზრუნავდნენ სულიერებას, მომავალსა და გადარჩენაზე და არა სასახლეებსა და "ხორცის ლხენაზე".
დღეს გაისმის ბევრი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმაზე რომ ხელისუფლება ხალხს პატივს არ სცემს, რომ ხელისუფლება რესურსებს ხარჯავს გარეგნულობაზე და არა ხალხის დაპურებაზე და გაისმის საქართველოს ისტორიისთვის უცხო შეგონებები: არ მინდა შეღებილი სახლი, შადრევნები, მოასფალტებული და განათებული ეზო, სპორტული მოედანი. არაფრად მიღირს თუ ჩემი ქვეყნის ჯარის, საზღვრის დაცვის, პოლიციის, კულტურის ძეგლთა აღდგენის, გზათა მოვლის ბიუჯეტი გაოთხმადგა თუ გახუთმაგდა და ზოგ შემთხვევაში გაათმაგდა, არაფრად არ მიღირს, მე მინდა სოსისი საკუთარ მაცივარში. მე, მე მომცენ ფული რომ ვიყიდო ძეხვი და ნუ ააშენებენ ქვეყანას, ნუ იზრუნებენ ქვეყნის მომავალზე, ღირსებასა და წარმატებაზე. დღეს ჩვენ თითქმის გამოვიარეთ ის ძნელი ეტაპი, რომელსაც საქართველოს დაგვა, დასუფთავება, განათება და წაქცეული მდგომარეობიდან წამოდგომა ჰქვია. ახლო მომავლის ხარჯებს მოაკლდება ცენტრალურ ქუჩებზე სახლების ფასადების შეღებვის, გზების, წყალგაყვანილობისა და ელექტრო ქსელების აღდგენის ხარჯები, რადგენაც ეს საქმე უკვე გაკეთებულია. მომავალში სახელმწიფოს მეტი რესურსი გამოუნთავისუფლდება სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გავიხაროთ იმით რაც საერთო, საზოგადო და საქვეყნო წინგაგადგმული ნაბიჯი იქნება. წარსდექ მშიერი არა შიშველი! 2 ნოემბერს 100 000 ქართველი მოითხოვდა შეჩერებულიყო შენება, ღებვა, დაგება, დაყვანა, აღდგენა, დაჭერა, გამოძიება ანუ შეჩერებულიყო ყველაფერი ის, რაც არის სახელმწიფო. ისინი მოითხოვდნენ სახელმწიფოს რესურსის დარიგებას მათივე ბინის შიგნით მოსახმარად. და.. სახელმწიფო თუნდაც შიშველი დარჩენილიყო.
“დავამთავროთ ეს ხელისუფლება!”. “ჩვენ მოვედით! სააკაშვილი არ არსებობს!” და.. საქართველოს “მოაზროვნე საზოგადოების” დიდმა ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ამ უწესო მოწოდებებს. ავრტორიტეტული ქართველები უკვე მეორედ დადგნენ საქართველოს ამყირავებელთა იდეურ მედროშეებად! საქართველოს საზოგადოება ძალიან სუსტი და დესტრუქციული აღმოჩნდა ამ მარტივი ამოცანის წინაშე. მათ არჩევანი არა სახელმწიფოს არამედ ოლიგოკრატიის სასარგებლოდ მიიღეს. ნოემბერში ხელისუფლებამ დაასწრო “უწესო ხალხის რევოლუციას”, სახელმწიფო გადატრიალება არ შედგა. პრეზიდენტმა მთავარ არბიტრად ხალხი მოიწვია და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. რა იქნება 5 იანვარს და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ხალხის გადასაწყვეტია.
მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.

15 დეკემბერი

Thursday, December 6, 2007

საკუთარი სარკმელიდან



ამ დღეებში ახალი წარწერები გაჩნდა კედლებზე "მახსოვს 7 ნოემბერი"

ძალიანაც კარგი რომ გვახსოვს, მაგრამ ერთი თვის ხანგრძლივობის მახსოვრობა რა საამაყოა.

თუ ტვინი გიჭრის იქნებ 16 წლის წინანდელი 1991 წელი გაიხსენო.

სიძულვილი

წინასაარჩევნო ბასტიბუბუ სრული სიჩქარით მიექანება.
ყველა კანდიდატმა ჩაატარა ხალხმრავალი შეხვედრები და სატელევიზიო მიმართვებით მიმართა საქართველოს..

და რა?

ჩვენ არ ვიცით რას გააკეთებენ ეს ოპოზიციური კანდიდატები მათი გაპრეზიდენტების შემთხვევაში.

ერთადერთი რაც ვიცით არ გაიმეორებენ სააკაშვილის "შეცდომებს": არ მოიძულებენ გარე მოვაჭრეებს, ელიტარული კოლეჯების აბიტურიენტებს, გარაჟებისა და მიშენებული ლოჯების პატრონებს, ცნობილ სპორტსმენებს, ავტორიტეტებსა და ქურდებს, კვიციანს, აბაშიძეს და ოქრუაშვილს.


და მაინც, რატომ მისცემს მათ (ოპოზიციურ კანდიდატებს) ხმას ბევრი ქართველი?
ერთადერთი მოტივით - სააკაშვილის სიძულვილით.

საიდან მოდის ეს სიძულვილი იმ ხალხში რომელმაც ის 95%- ით აირჩია პრეზიდენტად?

პასუხი ალბათ ყველას გაქვთ:

80.000 გარე მოვაჭრე + 80.000 ყოფილი პოლიციელი + 5.000 კონტრაბანდისტი + 5.000 მებაჟე+20.000 პატიმარი+ 50.000 პოტენციური პატიმარი+5.000 ქონება ჩამორთმეული+ 100.000 ფიზიოლოგიური ფატალისტი + 5.000 ყოფილი მხედრიონელი+ 3.000 გამსახურდიას წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი +1.000 პარტიზანი +2.000 ასლან აბაშიძის პირადი ჯარისკაცი+ 2.000 დანგრეული ლოჯებისა და გარაჟების პატრონები = ერთად 359.00 და მათი ოჯახები სულ დაახლოებით (ერთი ოჯახი - 3 კაცი) 1.077.000 ადამიანი, თუ მხოლოდ საკუთარი სარკმელიდან შეხედავს ამ ქვეყანას ხმას არ მისცემს სააკაშვილს.

Wednesday, December 5, 2007

ზოგადი უნარები და გაერთიანებული ოპოზიცია


დღეს 5 დეკემბერია. არჩევნებამდე დარჩა ერთი თვე.
საგანგებო მდგომარეეობა მოიხსნა და ოპოზიცია კვლავ აპირებს მიტინგობანას.

ამასთან დაკავშირებით მე ისევ ვუფიქრდები იმას, თუ ვინ არიან ისენი, რა უნდათ და რა ამბიცია აქვთ ასეთი ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის.


ზოგადი უნარები საქართველოსთვის ახალი ხილია, ეს არის სწრაფად საპასუხო შეკითხვები, რომელთა ამოხსნისათვის გამოსაცდელი პირმი მინიმუმ ორ საკითხში უნდა გაერკვეს, დააკავშიროს ეს საკითხები ერთმანეთს, გაანალიზოს და სწორი პასუხი მოძებნოს. შთაბეჭბილება მექნება რომ ჩვენს ოპოზიციას (ან მისი გაერთიანების შედეგაგ მიღებულ საბჭოს) ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების უნარი არა აქვს.


გამოცდაზე რომ შეხვდეთ ეს შეკითხვები ყველა მიხვდებით რა პასუხს გასცემენ. ვცადოთ.. ტესტები ოპოზიციის მმართველებს:


*შენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ხარ, შენი მთავარი მტერი ქვეყნის პრეზიდენტია, რომელმაც ენერგიული რეფორმების გატარებით უამრავი უკმაყოფილო ადამიანი დაიგროვა. შენს ქვეყანაში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს პრეზიდენტი და არა პარლამენტი, მთავრობას ნიშნავს პრეზიდენტი . როგორ უნდა მოიქცე შენ?


ერთი პასუხი სწორია.


ა) მოითხოვო პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის შემოკლება 8 თვით.

ბ) მოითხოვო პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა არ შემცირდეს, იმის მიუხედავად თუ პრეზიდენტი რატომღაც ვადის შემოკლებაზე თანახმაა.

გ) მოითხოვო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 6 თვით ადრე იმის მიუხედავად რომ, ეს გამოიწვევს საპრეზიდენტო მმართველობის გახანგრძლივებას 8 თვით.



*შენ ოპოზიციის ლიდერი ხარ. შენს ქვეყანაში წინა პრეზიდენტი რევოლუციის შედეგად გადადგა. (2003 წლის 22ნოემბერს ხალხი პარლამენტში შეცვივდა და პრეზიდენტი კი გაიქცა მაგრამ რევოლუციის დღე 22 ნოემბერი კი არა, არამედ 23 ნოემბერია, როცა მორალურად გატეხილი მოხუცი პრეზიდენტი გადადგა. დიახ გადადგა , განაცხადა გადავდექიო). შენს ქვეყანას ახლა ახალგაზრდა ამბიციური და ენერგიული პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც წინა პრეზიდენტისაგან განსხვავებით ბევრი სატრაბახო აქვს და სახელმწიფო მანქანასაც სრულად აკონტროლებს. რომელმაც განაცხადა რომ არ აპირებს გადადგომას და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს. შენ შეძელი მრავალრიცხოვანი მიტინგის შეკრება. შეძელი მიტინგისათვის მიგეცა დღეების ხანგრძლივობა. რა უნდა ქნა შენ?

ერთი პასუხი სწორია.
ა) ისარგებლო ხალხის სიმრავლით და შეიჭრა პარლამენტსა და კანცელარიაში, მასმედიაში განაცხადო რომ ქვეყანას ახალი პატრონი ჰყავს და ის შენ ხარ. პრეზიდენტი არ აპირებს გადადგომას მაგრამ ძალიათ დაიქვემდებარო სახელმწიფო სტრუქტურები. მართალია ამ შემთხვევაში მსოფლიო საქართველოს მთავრობას (ანუ შენ) აღიქვამს როგორც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსულს. საქართველოს დაატყდება ახალი მხედრიონისა და ომიანობის წლები.


ბ) ვისარგებლო ხალხის სიმრავლითა და მასმედიის ყურადღებით და პრინციპულად მოვითხოვო კიონკრეტული, რეალურად გაკეთებადი ცვლილებები შიდა პოლიტიკაში და ამით მოსახლეობის კეთილგანწყობას მივაღწიო.



*შენ ხარ ოპოზიციის ლიდერი და გესმის რომ საყოველთაო არჩევნებში შენ ამჟამდელ ხელისუფლებს ვერ მოუგებ. ამასობაში შენს მიერ ორგანიზებუკლი მიტინგმა ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო, შენ გაქვს მასმედიის ყურადღება, ერთი პოპულარული არხი 24 საათი შენს ვერსიას აშუქებს და მოსახლეობას ახალისებს. სამომავლო, შენ გაქვს ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ერთერთი ოლიგარქისაგან. რა უნდა ქნა შენ?

ერთი პასუხი სწორია.

ა) ისარგებლო მიტინგის მასშტებითა და ფინანსური დახმარებით და მოვახდინო სახელმწიფო გადატრიალება.


ბ) რჩები ჩვეულებრივ პოლიტიკოსად, რომელმაც მცირე მიზნის მისაღწევად შეძლო დიდი მიტინგის ორგანიზება და მომავალში უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.



*შენ ხარ ოპოზიციის ლიდერი. შენს მიერ ორგანიზებული მიტინგები და არეულობა 5 დღეს გაგრძელდა და ის მთავრობამ პოლიციური ოპერაციით დაშალა. მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო რომელიც 2 დღის წინ დამთავრდა.. მიუხედავად იმისა რომ შენ 100 000 ათას კაციანი მიტინგის შეკრება შეძლე, მაინც ვერ გაიმარჯვებ სამართლიან არჩევნებში რომელიც შენს მიერ მოწყობილ არეულობაზე პასუხად პრეზიდენტმა ვადაზე 1 წლით ადრე, თვენახევარში დანიშნა. არჩევნები აჩვენებს რომ შენ არ ხარ წარმოადგენ “მთელ ხალხს”, შენ მოსახლეობის 50%-ზე გაცილებით ცოტა გემხრობა. არჩევნების წაგების შემთხვევაში შენ შერცხვენა გელის. დაგერქმევა მოძალადე რომელიც მიტინგის მანიპულირებით ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალებას. რას მოიმოქმედებ შენ?

ერთი პასუხი სწორია.
a)სხვადასხვა აქტივობებით შევეცდები მომიტინგეთა სისხლის დაღვრას მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით.

b)არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს და შევეცდები ახალი მიტინგებით მივაღწიო საწადელს g)შევეცდები არჩევნებამდე მოვახდინო პრეზიდენტის ლიკვიდაცია.

d)შევეგუები დამარცხებას და შევეცდები თანმიმდევრული პოლიტიკით სამომავლოდ მოვიზიდო ელექტორატი.



ჩვენ ეს ხალხი უკვე გავიცანით. ალბათ ყველა გამოვიცნობთ მათ პასუხებს მაგრამ ყველას ერთი პასუხი არ გვექნება ერთ შეკითხვაზე:
წინა შეკითხვებიდან გამომდინარე ვინ არიან ეს ხალხი?

ერთი პასუხი სწორია.

a)გულანთებული პრინციპული და თანმიმდევრული მომავლის პოლიტიკოსები.

b)გულანთებული ეგზალტირებული ექსტრემალები.

g)ჭკუადამჯდარი მოღალატეები.


ცოტა დრო კიდევ გვინდა ამ შეკითხვაზეც რომ ერთ პასუხი გვქონდეს ყველას.

Thursday, November 15, 2007

უწესო ხალხის რევოლუცია


დღეს 25 ნოემბერია, მალე საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება და აგერ ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ქართველებს (პირველ რიგში მასმედიას) ახალი რეალობის მიღება, შეგვიძლია თუ არა ცვლილებებს მივყვეთ და გავერკვეთ მასშტაბებში.

მე ვეჭვობ რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კვლავ დაგვიმზადებენ სიძულვილის პილულებს ტელევიზიები. კვლავ უნდა ვისმინოთ ვითომ პრინციპულ, ვითომ თავისუფლების მოყვარულ, ვითომ ჩვენს დამცველ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში ეშმაკსაც შეეკვრებიან რომ მოიგონ. მე არ მიმაჩნია ობიექტურ ადამიანებად არცერთი ოპოზიციონერი ლიდერი.
ვის უნდა დავუჯერო? "რესპუბლიკელები" მეჩვენებოდნენ კანონზე ორიენტირებულ, კონსტიტუციის დამცველ, შედარებით გაწონასწორებულ და განათლებულ ადამიანებად, მაგრამ ნოემბრის მიტინგებით გამოჩნდა რომ: ისინი არ არიან გაწონასწორებული და პრინციპული, თვრებიან ძალაუფლებით (20 ათასი კაცის მეთაურობამ 3 დღის განმავლობაში ისინი გარყვნა - არჩევნების თარიღის გადმოტანის მოთხოვნა უცებ გადაზარდეს ანტიკონსტიტუციურ მოთხოვნაში - პრეზიდენტი წავიდეს, პრეზიდენტი ჩვენ არ გვყავს. სწრაფადვე შწექმნეს ყველა ქართველისთვის (ყველა არა, იმათი ვისაც 15 წლის მახსოვრობის უნარი მაინც აქვს) საძულველი ორგანო "სახელმწიფო საბჭო", როგორც ჩანს კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის იდეები ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველთა მოკლე ტვინებში. მოკლედ "რესპუბლიკელებიც" ჩამოცილდნენ ჩემს საიმედო სამომავლო უკეთეს საქართველოს.
არადა ჩვენ ბევრნი ვართ, წესიერი და ამავე დროს პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უკეთესი გვინდა იყოს, ჩვენც ბევრ რამეს არ ვეთანხმებით, ჩვენი წარმოსახვითი იდეალური მთავრობა ამ ქვეყანას იქნებ ბევრ საკითხს სხვანაირად გაძღოლოდა. ე. ი. მზადა ვართ რომ მივემხროთ, ვუგულშემატკივროთ იმ პოლიტიკურ მოზრაობას რომელიც ააშენებს ისეთ საქართველოს რომელსაც ჩვენ ვოცნებობთ: არა მარტო ძლიერი და გამთლიანებული, არამედ კონსოლიდასციაზე და არა დაჩაგვრაზე ორიენტირებული, ვეტერანებისა და პენსიონერების პატივისმცემელ საქართველოს.
ვოცნებობთ წესიერ საქართველოზე, წესიერი კანონდამჯერე მოქალაქეების ქვეყანაზე, მოწესრიგებულ და ორგანიზებულ ქვეყანაზე. ვინაიდან ასეთი საქართველოს მშენებელი ძალა არ ჩანს იძულებული ვარ ავირჩიო მათში ვინც არის და რას ვხედავ?

არ დატკბე მიღწეული შედეგით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და შენი პოლიტიკური მომხრე თუ შენს მიერ დანიშნული მოხელე ამხილო და გაასამართლო, თითო თითოდ "გააფუჭო" ქურდები და ამით დასცე ქურდების აქამდე ხელშეუხებელი ავტორიტეტი, შექმნა პოლიცია რომელიც ხალხს არ სძულს და პატივს ცემს, შექმნა ჯარი რომლის სიძლიერე შენს მტერს შეაშინებს, მოიზიდო ინვესტიციები, მოაწესრიგო საზღვარი და საბაჟო, გაზარდო ბიუჯეტი იმდენად რომ, საქართვგელოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში რაღაცა , თუნდაც მცირე გააკეთო, ხელი დაატყო.
ეს შეძლო სააკაშვილმა.
ამიტომ, და კიდევ იმიტომ ,რომ მე წესიერი ადამიანი ვარ და მზად ვარ ქვეყნის მიერ არჩევნებით არჩეულ ადამიანს ვუწოდო პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში, მე პრეზიდენტის მომხრე ვარ.
მე მიხარია რომ "უწესო ხალხის რევოლუცია " არ შედგა.

საქართველოს ყოფაქცევაში მინუსი დაეწერა, მაგრამ მინუსი უკეთესია ვიდრე კლასიდან გაგდება და ზუსტად ასე გაგვაგდებდნენ ევროპული ოჯახიდან წესიერი ევროპელები, როგორც შეგვიკედლეს.
არ მოგწონთ ჩემი პოზიცია? მომწერეთ! მე თქვენს აზრს (ვინც აქამდე კითხვა შეძლო) პატივს ვცემ.

Thursday, November 8, 2007

კობა დავითაშვილი

" ისენი ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთ! " ტყვიით მოკლული ზ. გამსახურდია 1991 წ.

კობა დავითაშვილი
დღეს 8 ნოემბერია გუშინ მზად ვიყავი ეს კაცი მეცემა. ის ამაზრზენად იქცეოდა მიტინგებზე. იბღინძებოდა ქვეყნის ბატონ პატრონივით, აგულიანებდა ხალხს საქართველოს აყირავებისკენ, სამ მიკროფონ ჩაბღუჯული ტელეკამერების წინ აგინებდა პრეზიდენტს. ტელეეკრანზე მის ყველა თვითდაჯერებულ იდიოტურ გამოჩენას ჩემგან გინება მოჰყვებოდა, მიიღებ ცხვირში მეთქი ვუთვლიდი, მაგრამ..
ამ ამბავს სანერვიულო გაგრძელება მოჰყვა. 8 ნოემბერს, საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს, დილით გავიგე ჩურჩულით ნათქვქმი სამწუხარო ამბავი, რომ კობა დავითაშვილი მკვდარია.. ეს ამბავი უკვე მოსდებობა თბილისს და ახალშეხვედრილი ადამიანები უკვე ერთმანეთს უდასტურებდნენ ამ ამბის სიმართლეს. საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად მოჰყავდათ ის ფაქტები რომ დღეს დილიდან საინფორმაციო გადაცემები აიკრძალა და ქალაქის დიდი ქუჩები ავტობუსებით იყო გადაკეტილი. მეც დავავიჯერე რომ ასეა, ძალიან შევწუხდი. ძალიან შემეცოდა ეს მსუქანი, ენერგიული, ხშირად მომღიმარი, კარგად მეტყველი და უბრალო ხალხის დამცველი კაცი, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებდი, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შემიტანია. ერთია რომ შემეცოდა კობა, მეორეა რომ შემეცოდა მიშა. ისინი ხომ ერთმანეთის მეგობრები და ნათელმირონები იყვნენ განხეთქილებამდე. და ახლა რომელიღაცა უშიშროების უსახელო მუშაკებმა, პრეზიდენტისათვის, თუ თავის უშუალო უფროსისათვის თავის მოსაწონებლად იმდენად უმოწყალოდ ცემეს კაცი რომ შემოაკვდათ. საწყალი ერთი დღის ნაშიმშილარი იქნებოდა მეთქი, გავიხსენე წინა დღის მისი შიმშილობის დაწყება. დაახლოებით 3 საათი მე მისი სიკვდილი შემდგარი ფაქტი მეგონა. ჩემი პირადი გეგმები გადავდე, სახლში დავრჩი, დავწექი, გადასაფარებელში შევძვერი და ეს სამი საათი ჩუმად ვიყავი, ჩემთვის ვფიქრობდი მომავალ ცხოვრებაზე, მთავრობაზე, ოპოზიციაზე, ხალხზე, ჩამესმოდა ჟურნალისტების მიერ მოზელილი ფრაზები: "მკვლელების ბრიგადები ძალას იკრებენ, შენ იქნები შემდეგი", "არ არის კაცი, არ არის პრობლემა. პრეზიდენტმა მკვლეობის ბრძანება გასცა", "ჟვანია, დავითაშვილი, რომელია რიგში.." "ძირს ძალადობა, მკვლელები, მანქურთები, სააკაშვილები, ბოკერიები, მერაბიშვილები..". წარმოვიდგინე რომ მიშაც გატეხილია, დანაშაულის გრძნობა და სინანული ჭამს. იქნებ სულაც ფიქრობს აჰა თქვენ ,ვიღაცეები ხართ , ეს საქართველო რომელსაც მე ვერაფერი დავანახე, რა სიკეთეც დავგეგმე ყველაფრის შესასრულებლად ძველ წყობას მორგებული ადამიანების მოძულება მომიწია, მე წავედი ამ ტკივილზე, რაღაცა გავაკეთე კიდევაც მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი თავი სწორედ ჩემგან დაზარალებულებს მიაკუთვნა და ვერ გაიგო, რომ ეს ცვლილებები მე მათთვის და მათი შვილებისათვის გავაკეთე. მომბეზრდა ამდენი ბრალდებების მოსმენა და თავის მართლება, ახლა ჟვანიას სიკვდილსაც მე მომაწერენ. არ გამოვიდა, წავიდე ჯობია შორს ამ საგიჟეთიდან..."
და ვინ რჩება ქვეყანაში იმედია ნინო ბურჯანაძე შეძლებს პრეზიდენტობას, მაგრამ მის ხელში კვლავ თავს წამოყოფენ მაქინატორები, ქურდები ასეთი ენერგიით აღარ გაგრძელდება არაპოპულარული რეფორმები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს პრობლემებს უქმნის მაგრამ აუცილებელი ჩასატარებელია.
უარეს შემთხვევაში ძალაუფლებას ეს ოპოზიცია ჩაიგდებს. ყველა უბედურაბასთან ერთად ერთი 3 წელი დასჭირდებათ ერთმანეთში საომრად. მოკლედ რა..
და კიდევ ბევრი სისულელე თუ სიჭკვიანე დამიტრიალდა თავში სანამ არ გავიგე და მერე ჩემი თვალითაც ვნახე რომ, კობა დავითაშვილი ცოცხალია ერთი მაგის..

შიშისუფლება
2007წლის 8 ნოემბერი
გუშინ მთავრობამ რუსთაველი გაწმინდა.
გუშინდელი დღის ამბები ერთი თვის საინფორმაციო საშუალებებს ეყოფოდა.
დასკვნის გამოტანა და შეჯამება ძნელია, მაგრამ შევეცდები გუშინდელი დღის შედეგი თითო-თითო წინადადებებით ჩამოვწერო (ჩემთვის გავითვალო)..

სახელმწიფომ აჩვენა ხალხს ვინ არის თამაშის წესების დამწესებელი ქვეყანაში.
სახელმწიფომ აჩვენა ქართველებისათვის ჯერ ნაკლებად დამახასიათებელი დისციპლინა, ოირგანიზებულობა, კოორდინირებულობა და შეძლო კონკრეტული მიზნის სუფთად შესრულება (მსხვერპლის გარეშე). ოთხივე შეტაკებამ (ოპერაციამ) ძირითადად გადაცდენების გარეშე ჩაიარა თუმც ზედმეტ უხეშობასაც ხშირად ვხედავდით.
შანტაჟმა არ გაჭრა დღევანდელ საქართველოსთან.
საქართველოს ჰყავს მეთაური, რომელიც რთულ შემთხვევაში რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს.
მე ასე მგონია (იმედი მაქვს) რომ, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ და პრეტენზია აქვთ რომ ჩემი ცხოვრება უნდა მართონ, თანაც ჩემ დაუკითხავად, მომავალში, თუ თავისი ტვინი არ მოასვენებთ ახალი სისულელეების წამოწყებისაგან, ხალხს მაინც არ გარევენ კანონსაწინააღმდეგო ავანტიურებში. ვინც სახმო იოგებს იხევს ყვირილით, ყოველთვის სამართლიანი არ არის.

Sunday, November 4, 2007

განმუხური 2007 წლის 30 ოქტომბერი


განმუხური 2007 წლის 30 ოქტომბერი

საქართველოს პრეზიდენტისათვის 30 ოქტომბერი ერთ მშვიდობიან და სასიხარულო მოვლენაში მონაწილეობით დაიწყო. დილის ათი საათიდან ესტუმრა ლილოში მდებარე ახალ ამოქმედებულ პლასტმასისა და სამშენებლო მასალის ქარხანას, საზეიმოდ გახსნა ეს ქარხანა, მისთვის ჩვეული ქება და წამახალისებელი სიტყვები არ დაიშურა ქარხნის პერსონალისათვის და დაახლოებით 12:30 კანცელარიაში გამოემგზავრა რა თქმა უნდა ექსკორტის თანხლებით. თბილისში შეწმოსვლისას, ე. ი. მგზავრობის დაწყებიდან დაახლოებით 4-6 წუთში ესკორტმა ბრძანება მიიღო მიმართულება შეეცვალა აეროპორტისაკენ. პირადი დაცვის წევრებმა, რომლებიც პრეზიდენტის მანქანაში არ ისხდნენ ჩათვალეს რომ პრეზიდენტს მოესურვა აეროპორტის მიმდებარე რკინიგზის სადგურის მონახულება, რომლის გახსნაც მომავალ დღეს იგეგმებოდა.
მაგრამ შეცდნენ, პრეზიდენტისა და ესკორტის ავტომობილები თბილისის აეროპორტის ვერტმფრენების სადგომში გაჩერდა. პრეზიდენტი , მისი პირადი დაცვა, ქარხანაში პრეზიდენტის თანმხლები თბილისის მერი გიგი უგულავა, სასწრაფოდ აეროპორტში გამოცხადებული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების თანხლებით ზუგდიდისაკენ გაფრინდა 3 ვერტმფრენით.
დაცვის ვერტმფრენში ხმა გავრცელდა რომ განმუხურის პოლიციის 5 კაციანი დანაყოფი მტერმა დაატყვევა და განმუხურის ბანაკში პოზიციები დაიკავა ბეტეერებითა და სხვა შეიარაღებით. ითქვა ისიც რომ განმუხური თავისი თავდამსხმელებითურთ ალყაში ყავს ჩვენს ჯარს და ჩვენი სამხედრო ვერტმფრენები გარემოს აკონტროლებენ.
ზუგდიდის მახლობლად ვერტმფრენების ჩაფრენის შემდეგ პრეზიდენტი და მისი ამალა სასწრაფოდ გაემართა განმუხურისაკენ წინასწარ მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეების რამოდენიმე ჯიპით ადგილობრივი სპეცდანიშნულების რამოდენიმე ეკიპაჟის თანხლებით.
ფაქტი #1 პრეზიდენტმა განმუხურში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღო დაახლოებით 5 წუთში ანუ იმ დროში სანამ ესკორტი ლილოდან თბილისამდე ჩამოვიდოდა.
განმუხურში პრეზიდენტის მისვლის, დაახლოებით 14:30, მომენტისათვის იმყოფებოდა მოწინააღმდეგის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი 4 ბტრ-ი შეიარაღებული ეკიპაჟებით დაახლოებით 50-70 კაცი. რუსებს ადგილობრივ ბორცვებსე 2-2 სნაიპერი ეჯდათ და ყველა ბუჩქის ძირსაც 2-2 ჯარისკაცი იწვა მიზანში ამოღებული იარაღებით და ბრძანებას ელოდა.
განმუხურის მთელ ტერიტორიაზე, როგორც რუსების მიერ კონტროლირებულ, ასევე მის გარშემოც უწესრიგოდ ტრიალებდნენ ქართველი ადგილობრივი ძალოვნები, ხალხი და რამოდენიმე ჟურნალისტი. პირველი 5 პოლიციელი კვლავ რუსების ზედამხედველობის ქვეშ რჩებოდნენ.
ფაქტი #2 რუსები განმუხურის პატრიოტთა ბანაკს აკონტროლებდნენ დაახლოებით 11:00-დან პრეზიდენტის ჩასვლამდე დაახლოებით 14:30 -მდე. სავარაუდოდ, მათ გეგმაში ჰქონდათ აქ პოსტის გახსნა და ბანაკის გაუქმება. გაიხსენეთ რუსი და აფხაზი პოლიტიკოსების მოსაზრებები ამ ბანაკზე.
პრეზიდენტი რუსების მიერ გამაგრებულ ტერიტორიაზე შევიდა პირადი დაცვის ამარა, მოითხოვა სამშვიდობოების პოლკოვნიკის მოსვლა. პრეზიდენტის დანახვაზე ბანაკში მყოფი ქართველები გააქტიურდნენ, ყველა შეიარაღებულ რუსს წინ დაუდგნენ და ჩხუბით, ყვირილითა და ჯიკავით აიძულეს უკან დაეხიათ, თუმც ტერიტორიაზე ბოლომდე დარჩნენ მათი ბტრ-ები შეიარაღებული ეკიპაჟებით, ამ ეკიპაჟებს ჩვენებმა აიძულეს მსუბუქი იარაღი: ავტომატები და ტყვიამფრქვევები ბტრ-ში ჩაეყარათ და კორპუსზე მსხდომნი უიარაღოდ ყოფილიყვნენ. რუსმა პოლკოვნიკმა რომელიც პრეზიდენტთან ერთად გაეროს სამხედრო ფორმაში ჩაცმული დამკვირვებლები დაინახა რამოდენიმეჯერ გასცა ბრზანება თავის მებრძოლებს არ ესროლათ, მაგრამ მდგომარეობა მაინც ფეთქებადი რჩებოდა და გაეროს დამკვირვებლები სასწრაფოდ ჩასხდნენ თავიანთ ბრონირებულ ჰამერებში. ამ ჩხუბის უწესრიგო მოძრაუბებისა და უამრავი იარაღის შუაში პრეზიდენტი ერთდროულად იძლეოდა ბრძანებებს და დროს პოულობდა ინტერვიუს მისაცემად.
დანარჩენი თქვენც იცით
ტყვეების გათავისუფლებისა და სამშვიობოების თავის ადგილზე დაყენების შემდეგ პრეზიდენტი ზუგდიდში დაბრუნდა, ისადილა და შეხვდა სპონტანურად შეგროვილ ხალხს. "ასეთი უნდა პრეზიდენტი ხედავ რა ჩქარა ჩამოვიდა" ამბობდნენ ერთმანეთში ზუგდიდელები.
ფაქტი #3
ამ ინციდენტის ასეთ, ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულებაში საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენეს არა მარტო პრეზიდენტმა არამედ ადგილობრივმა ქართველებმა, ადგილობრივმა 'სპეცნაზმა", ადგილობრივმა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ, სამეგრელოს გუბერნატორმა გოროზიამ, ერთერთმა ახალაიამ (ბრტ-ზე შემხტარი ეჩხუბებოდა ჩეჩენს - შენ რა შენი სამშობლოს მოღალატე ხარო?), გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილმა და დათო კეზერაშვილმა, პრეზიდენტისა და მინისტრერბის პირადმა დამცველებმა. ხალხმა, კაცებმა.
ვისაც ენა უბრუნდება , ამ ამბავს სპექტეკლი დაარქვას ის მინდა ვნახო ამის მსგავს მდგომარეობაში.

Saturday, November 3, 2007

უწესო ხალხის რევოლუცია

წინ იყურეთ, ხალხო!

ბევრი ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას და... თვლიან რომ იპოვეს

ბევრი პინგვინი თხოულობს თევზს.




samarTlianobis maZebari avtomatic sayvarelia



პინგვინი + საყვარელი ავტომატი = 1991 წლის სუნი.


დღეს 2007 წლის 3 ნოემბერს თბილისში დიდი რიარიაა. თავი სხვა ქვეყანაში მგონია, ან უფრო სწორედ იმ გამოუცდელ და სულსწრაფ ქვეყანაში , რომელიც იყო 1991 წლის საქართველო.

მაშინაც ვიღაც ხალხმა გადაწყვიტა რომ, უფლება ჰქონდათ ჩემი ცხოვრება შეეცვალათ ჩემი თანხმობის გარეშე და ასეც ქნეს.. დაამხეს არჩეული ხელისუფლება რომელიც ისედეაც დარღვეული და დასუსტებული იყო და .. დაამყარეს თავისი წესრიგი - სახელმწიფო საბჭო- ყაჩაღების ბრბო, რომელმაც მე და მთელ საქართველოს 15 წელი სიცოცხლე მოგვიწამლა, მათ მე ეს წლები წამართვეს. დედაჩემი, მამიდაჩემი და ბებიაჩემი უბედურები წავიდნენ ამ ქვეყნიდან 1993 და 2000 წლებში.

დღევანდელი სიტუაცია მე ვარდების რევოლუციას კი არა, არამედ 1991 წლის უტვინო რიარიას მაგონებს.
რა განსხვავებაა ვარდების რევოლუციასა და 2007 წლის ნოემბრის მიტინგებს შორის. 2003 წელს ქუჩაში გამოვიდა არჩევნებზე მოტყუებული მოსახლეობა, რომელთა არცერთ ნაცნობსა და არცერთ ნაცნობის ნაცნობს მოქალაქეთა კავშირისათვის არ მიუცია ხმა, მაგრამ არჩევნები გააყალბეს და შემდეგი 4 წელი და შემდეგი საპრეზიდენტო ჩაწყობილ არჩევნებში გამაერჯვებული ვინმე არაკაცის პრეზიდენტობის ხანაში ისევ ჭაობში უნდა ეცხოვრა.


2007 წელს ქუჩაში ხალხი გამოიყვანა ქვეყნის რადიკალური რეფორმების თანმდევმა გაჭირვებამ და საქართველოს "ყველა მინუს ერთმა" პოლიტიკურმა პარტიამ. ანუ ყველა მართველი გუნდისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ. პატარკაციშვილის დაფინანსებითა და პატარკაციშვილის აქამდე რეიტინგული ტელეარხის მიზანმიმართულმა პროპაგანდამ.

დღეს პრეზიდენტს ბევრი ქუჩური სალანძღავი სიტყვა გაუბედეს სამ სამი მიკროფონ ჩაბღუჯულმა ყოფილმა თანამებრძოლმა პოლიტიკოსებმა. აქედან მე ორი დასკვნა გამომაქვს;

ერთი რომ მეც და სხვა ყველა ადამიანიც, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებს შეურაცხყვეს,

მეორე - ამ ადამიანებმა მიტინგის მაშტაბების შემხედვარეთ ნარკოტიკული თრობა დაემართათ. თავში აუვარდათ ის მცირე ძალაუფლება რაც მათ ორი დღის განმავლობაში მოიპოვეს 20000 ადამიანზე. და თუ როდესმე 5 მილიონის მმართველები გახდებიან, ხომ სულ დაკარგავენ თავს ამ ძალაუფლებისაგან?
რა ვიცი , მომწერეთ რამე. თორემ სხვა ქვეყანაში, სხვა ეპოქაში გადაგდებულად ვთვლი თავს.



,,

Thursday, October 18, 2007

ხევსურეთი














დიდი სურათები იხილეთ www.roshka.mylivepage.com
2007 წელი.
ამ ზაფხულს, ივნისში ხევსურეთში ვიყავი
ეს ფოტოები არის სოფ. როშკასა, აბუდელაურის ტბებსა და ჭაუხების დალაშქვრისას გადაღებული.
მე ვოლონტიორ-ექიმად წავყევი ჩემი შვილის მარიამის სკოლის გუნდს ამ მოგზაურობაში. თუმცა მოგზაურობა მე მეგონა, ბავშვები და მათი მასწავლებელი გერმანელი ფრანკ შრაიერი კი თურმე ნამდვილი ალპინისტური ასვლისთვის ემზადებოდნენ. და .. მართლაც ავიდნენ უამინდობის /ნისლების მიუხედავად მწვერვალ ვაჟა ფშაველაზე, რომელიც ჭაუხების მწვერვალთაგან ერთერთია. გუნდის ნათლობა ასვლის დღეს შედგა. ნათლია ფრანკმა გუნდს "მაინცები" დაარქვა ვინაიდან გუნდმა მაინც დაიპყრო ეს მწვერვალი ნისლის მიუხედავად.

საქართველო 2:0 შოტლანდია

საქართველო 2:0 შოტლანდია


გამარჯობა ქართველო, გამარჯვებას გილოცავ.

ეს იყო გუშინ, წაგებების ყურება იმდენად მომბეზრდა, რომ ამ თამაშს პირველ გოლამდე მხოლოდ ვუსმენდი, კომპიუტერთან მჯდარი. გოლის შემდეგ კი ვუყურე და ძველებურად ვისიამოვნე.
მე მგონი ეს თამაში იმიტომაც მოვიგეთ რომ ნაკრებსა და მის ახალგაზრდა შემადგენლობას არავინ არ უსაყვედურებდა წაგების შემთხვევაშიც.

Monday, October 15, 2007

ძირს პათეტიკა. გაუმარჯოს საქართველოს!

ჩემ(ვენ)ზეა ნათქვამი
ერთერთი მე ვარ


ჰე ჰე ჰე ჰეი, ქართველე ბ ო ო!
ქართ ველებო ("cart whel"-ებო) ე. ი. ურმის ბორბლებო, მეც ერთერთი თქვენთაგანი ვარ, ერთერთი ურმის ჭრაჭუნა ბორბალი. თქვენსავთ ვწვალობ, ვტრიალებ, ვწრიალებ ხან წრეზე ხან დაღმართში, ხან აღმართში და ხანაც სპირალურად..

ჩემი დევიზებია:


ძირს პათეტიკა


გაუმარჯოს საქართველოს!


გაუმარჯოს ცივილიზაციას!

დატოვე კვალი!


თქვი, რომ გაგიგონონ!


ადექი, რომ დაგინახონ!


გაუმარჯოს იდეალისტებსა და მატერიალისტებს,

ორჯერ გაუმარჯოთ იდეალისტ-მატერიალისტებს!


ძირს ექსტრემიზმი, ძირს საიქიო ილუზიები!


გაუმარჯოს სიცოცხლეს!


გაუმარჯოს ღირსებას!


ძირს ბინძური პოლიტიკა!


გაუმარჯოს იდეალისტების პოლიტიკას!


გაუმარჯოს წესიერ ხალხს (რომლებიც წესებს იცავენ)!


ძირს უწესო თავხედები!





ვტრიალებ და.. რა გამოდის აქედან? რა გ ა მ ო გ ვ დ ი ს აქედან? ამის გაგებაში თქვენ მომეხმარეთ, მოდი ერთად ჩავყაროთ ამ ურემში ჩვენი ჭკვიანური, გაბრაზებული ან თუნდაც "ისე რა" აზრები და მერე ვიბუჯაროთ, იქნებ ზოგიერთი მართლაც ჭკვიანური გამოდგეს.