Showing posts with label მე ათეისტი. Show all posts
Showing posts with label მე ათეისტი. Show all posts

Thursday, September 12, 2013

მთვარე და კიორლინგი

ეს რასა* ასე ერთობა. მერე ასე თამაშობს და შედეგად... მთვარეზე (მთვარის ორბიტაზე) უშვებს თანამგზავრს. იხითხითეთ კიორლინგზე. მე კი ის, დედამიწიდან გაშვებული რაკეტის მთვრის ორბიტაზე გასვლას მაგონებს. Apollo 13 Trajectory რასა* – ზერასა: რუსები და ამერიკელები.

Wednesday, August 29, 2012

And no religion too



ლონდონის ოლიმპიადის დახურვაზე ეს იმეჯინ მთელ ოლიმპიადად მიღირს.

ის ხომ მთელმა მსოფლიომ ნახა და მთავარია ..  მოისმინა.


Imagine there's no heaven
It's easy if you try
No hell below us
Above us only sky
Imagine all the people living for today

Imagine there's no countries
It isn't hard to do
Nothing to kill or die for
And no religion too
Imagine all the people living life in peace

You, you may say 
I'm a dreamer, but I'm not the only one
I hope some day you'll join us
And the world will be as one

Imagine no possessions
I wonder if you can
No need for greed or hunger
A brotherhood of man
Imagine all the people sharing all the world

You, you may say 
I'm a dreamer, but I'm not the only one
I hope some day you'll join us
And the world will live as one

Monday, July 9, 2012

იქსიკი და ნოლიკი

რელიგია და ღმერთის ბოზონი.


 ........................................კოლაიდერი ნოლიკია.












 ........................................რელიგია–ჯვარი იქსიკია.













ეს თასწლოვანი თამაშია იქსიკ ნოლიკს შორის, უფრო სწორედ, მეცნიერებასა და რელიგიას შორის.








ნოლიკმა თვისი გლობალური ტემპელი აღაგო – კოლაიდერი.
და..
დასკვნა დადო – ღმერთის ნაწილაკი ნაპოვნია და ბოზონია  მისი სახელი.

მოემზადეთ უღმერთო მსოფლიოსთვის.

ბოზონი ყველაფერს ხსნის, ამ იქსიკ ნოლიკში ნოლიკი იმარჯვებს, მისი ბოლო სვლა ცინიკური ხითხითის თანხლებით წარიმართება– ღვთიური ნაწილაკი, თვალებანთებული მარცვლავს მეცნიერი.
ეს იქსიკ ნოლიკი 23 საუკუნეა მიმდინარეობს, გამარჯვებულს 2015 წელს გამოაცხადებენ. მანამდე აცლიან იქსიკიანებს, თვითონვე მიხვდნენ გამარჯვებულის ვინაობას.

აი, ეს მონაზონი უკვე ენდობა  მეცნიერებას  ტექნოლოგიას და ცივილიზაციას.

Wednesday, April 25, 2012

პატრიოტიზმი და/vs რელიგია



ბოლო დღეებში ილია მეორე თავის ქადაგებებში სულ უფრო და უფრო ზრდის პატრიოტულ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ თემას.

ამ თემის წილი ჩვენი სამღვდელოების ქადაგებებში ისტორიულად დიდი იყო. 

სამღვდელოება ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. თუმც ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში აქვთ საკუთარ ქრისტიანულ ეკლესიას ისტორიული და გადამწყვეტი როლი შესრულებული, საქართველო მაინც განსაკუთრებულია. 

საქართველოსთვის ქრისტიანობა სხვა უმრავლეს ქრისტიან სახელმწიფოსგან განსხვავებით არამხოლოდ ეკლესია, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალება ( სამოთხე ომში დაცემულ გმირებს) იყო, არამედ თვითიდენტიფიკაციისა ( ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ერთად, ჩვენს გარშემო მტრებია) ტერიტორიის შემოსაზღვრის საშუალებაც ( ამ მიწაზე ლოცვა ქართულად შეიწირვის) 

ამ ხელშესახებ ფაქტორებს ( ჩვენ მართლმადიდებლები-ქართველები მტრებით ვართ გარშემორტყმულები და ჩვენი მიწა მართლმადიდებელი მიწაა, დავიცვათ) ემატებოდა ლეგენდარული მუდმივი კატალიზატორები: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, საქართველოში ქრისტეს კვართი ასვენია, ომში ქრისტეღმერთი მიგვიძღვება ურჯულოთა წინააღმდეგ. 
მშვენიერი კარკასია სახელმწიფოს ასაშენებლად და ფუნქციობისათვის. 

იმუშავა ამ კარკასმა, ახლაც მუშაობს. 

უმრავლეს ქვეყნებში საკუთარ რელიგიას არ აქვს ამდენად მნიშვნელოვანი როლი.
კერძოდ, რელიგია შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენ - ჩვენი მტრები პოლუსების თანმხლები. 

თუ ჩვენ მართლმადიდებლები - მტრები მუსულმანები ჩვენთან ათასწლეულით განმტკიცებული უპირობო კავშირი იყო, ჩეხისთვის, ესპანელისთვის, ფრანგისთვის, გერმანელისთვის მტერიც და მისი სიცოცხლის დამცველიც ერთი რელიგიის ჩვენ ჯგუფის წევრი იყო. მათთვის გარშემომყოფი ( მეზობელთა) მიწები მათივე ღმერთის განგებაში იყო. 

ანუ მათ პატრიოტიზმს რელიგია ბევრს ვერაფერს მატებდა ( თუ არ ჩავთვლით უკვე ნახსენებ ჯარისკაცის თავგანწირულობის მატებას).
საქართველო სხვაა.

მეხუთედან მეჩვიდმეტემდე ურჯულოებს ვებრძოდით და ბიზანტიას ვსაყვედურობდით, უფრო მტკიცედ რომ არ კიდებდა ხელს ჩვენს პროტექტორობას. მეჩვიდმეტეში კი ახალი ბიზანტია გამოგვიჩნდა - რუსეთი, რომელიც პოლიტიკურად მტერი აღმოჩნდა, მაგრამ ასეთად ვერ ჩავთვალეთ, ის ხომ ჩვენს რელიგიურ ჩვენ ჯგუფში იყო. 

მისი ტერიტორია ჩვენი ღმერთის გამგებლობაში იყო, ჩვენს მიწას სხვა ღმერთის გამეფება და ჩვენი ღმერთის გაძევება აღარ ელოდა. 

იქ, სადაც ერების 90% იყვირებდა - ის მტერია, ჩვენ გავჩუმდით და დიდ ჩვენ ჯგუფში გადავბარგდით, ნებაყოფლობითი ასიმილაცია დავიწყეთ რუსეთთან. 

დღეს საქართველო დამოუკიდებულია, მართალია ნაწილობრივ დაპყრობილია, ოკუპირებულია, მაგრამ აქ თბილისში აზროვნების, წერის, ბეჭდვისა და გამოსვლის თავისუფლება გვაქვს. რუსი ამ ტერიტორიაზე მაინც აღარ გვიზის ცენზორად. 

ჩვენ ახლა ნაღდები ვართ, ანუ ვართ ის რაც ვართ. მართალია უკანასკნელი ოცწლეულის ომებით, წაგებებით, შეურაცხყოფებით დაკომპლექსებული და შეკუმშული, მაგრამ მაინც ცენზურის გარეშე დარჩენილი და საკუთარი თავის მეყუდნე. 


და რას ამბობს დღეს კრებით სახელ საქართველოს მოსახლეობაში გაერთიანებული მასა?
რას ამბობს იმ პირობაში, რომ მისი მიწის საუკეთესო ნაწილი, გული და ხერხემალი მტერს აქვს მავთულხლართით და რაკეტებით შემოღობილი? 

12 საუკუნოვანუ უპირობო რეფლექსი - მტერი ჩემს ღმერთს ებრძვის, ვერ შეცვალა სამი საუკუნის თვალსაჩინო სტატუსმა - მტერი მეზობელი სახელმწიფოა, მისი რელიგიის მიუხედავად. 
ანუ ჩვენ თითქმის 3 საუკუნე გვქონდა იმისათვის, რომ გვესწავლა პატრიოტიზმი გლობალური მნიშვნელობით - რელიგიის მიუხედავად. მაგრამ არ გვეყო ეს 3 საუკუნე. 

კვლავ რელიგიას - ეკლესიას მივიჩნევთ ჩვენი პატრიოტიზმის ეპიცენტრად, და.. ვცდებით. 

მოდით წარმოვიდგინოთ ერთერთი ქრისტიანული ქვეყანა ქრისტიანულ გარემოში, რომლის ისტორიაში არცერთხელ ყოფილა წინასაომარი მოწოდება - დავიცვათ ჩვენი ღმერთის წილხვედრი მიწა ურჯულოებისგან, ცრუღმერთის ბატონობისაგან, დავიცვათ ჩვენი ოჯახები უღმერთობისაგან და ჯოჯოხეთის პერსპექტივისაგან. 

რა აბრძოლებდათ ამ ქვეყნებს? ამ ხალხს? რატომ კლავდნენ საკუთარივე რელიგიის წარმომადგენელ მტერს? რატომ აკლავდნენ თავს?

ალბათ პასუხისმგებლობა საკუთარი მიწის, ოჯახის, მომავლის, მეფის, ისტორიის წინაშე. 
იბრძოდნენ ღირსებისთვის, სახნავ სათეს საძოვრებისთვის, და.. 

ამ ხალხებმა ჩვენზე უკეთესი სახელმწიფოები ააშენეს. 


მათ პატრიოტული ტრიბუნა წიგნებში უდგათ ( ისტორიაში, მოგებულ ომებში, აშენებულ ციხესიმაგრეებში, მსხვერპლში და მათ საფლავებში) ჩვენ პატრიოტული ტრიბუნა კი ჯერ კიდევ ეკლესიაში გვიდგას. რა ვქნათ, გვეშინია ევროპული გაგებით პატრიოტული ტრიბუნის დადგმის. 1991 წელს პოლიტიკაში გადმოტანილი პატრიოტული ტრიბუნა ერთი წლის თავზე დავამხეთ, ზედმეტად ძნელი და პათეტიური გვეჩვენა. დღეს 2012-ში ისეთივე ხელის ფშვნეტით ვუყურებთ სააკაშვილის ეპიზოდურ, ფრთხილ მცდელობებს -პატრიოტული ტრიბუნა პოლიტიკაში გადმოიტანოს. გარეკე? რას გიგავს ნერვები, რას გვიყვირი შე კაცო, აი ეპითეტები რასაც ვიმეტებთ ტელევიზორებსწინ მოკალათებულები. 


აი, ეკლესიაში მყოფი პატრიოტიზმის ტრიბუნა კი გულს სალბუნად გვედება - ღმერთი ჩვენთანაა, ღვთიშობელიც, არ გაგვწირავს, ჩვენს რწმენას მტერი არ შებღალავს ( ისიც ჩვენიანია) და სხვა რა გვინდა? 
თაყვანი ვცეთ ღმერთს, ლოცვა გავაძლეროთ, ჩვენს თავში მოვსპოთ ერეტიკოსი, ათეისტი, ლიბერალ-დემოკრატი, თვითმარქვია წინამძღოლი სატანა, გავამრავლოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, დავნათესავდეთ 300.000 ოჯახი, სასოებით ჩამოვიტანოთ გარდმოსული ცეცხლი, ღმერთს შევთხოვოთ კარგად გვიმყოფოს პატრიარქი, ჩემი მოძღვარი, რომელიც ჩემზე ჭკვიანია, და ... საქართველო გაბრწყინდება. 


ღმერთი ხომ გწამს, ხოდა აუცილებლად გაბრწყინდება. აი ის მწვალებლები მივაჩმოროთ და უფრო ადრე გაბრწყინდება. 

როდის შემოვა ჩვენში ზოგადი განათლება იმ დონეზე მაინც, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რელიგია როგორც მცნება და პატრიოტიზმი როგორც მცნება. გავარჩიოთ ბევრი სხვა ქვეყნის საინტერესო ისტორიის, გეოგრაფიის, გმირული წარსულის, ერის წინამძღოლთა ცნობით და ცოდნით. 


ჩვენც გვყავს ისტორიაში კაცი, რომელიც შეგეძლო გვყოლოდა ერის წინამძღოლად, პატრიოტიზმის მამად , მაგრამ ის ეკლესიამ მიიტაცა და ილია მართალი დაარქვა.

კაცი, რომელმაც სარწმუნოებას წინ დაუყენა ენა და მამული, დღეს თვითონაა სარწმუნოების ხატად ქცეული, მისი ხატი მისსავე ნათქვამ ენა მამული სარწმუნოებას ატრიალებს - სარწმუნოება, ენა , მამული თანმიმდევრობით.


ექნებოდათ თუ არა ინგლისელებს ის სიამაყა რაც მათ აქვთ მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მამის ჯონ ლოკის ყოლის გამო, იმ შემთხვევაში, ლოკი ერთერთ წმინდანად რომ მიეღო ინგლისურ პროტესტანტულ ეკლესიას?

ალბათ კი, მაგრამ ჩვენთვის ეგ კაკალი ზედმეტად მაგარი აღმოჩნდა. ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალია, პატრიოტიზმის ტრიბუნა ისევ ეკლესიაში დგას.

ყველა მოგებულია? 

ეკლესიას ავტორიტეტი, 
მოქალაქეს გაბრწყინების გარანტია ( თუ ჯერ არ გავბრწყინებულვართ, ესეიგი სატანისტები გვმართავენ, გადმოვაგდებთ და სულმნათებს დავისვამთ) 

სახელმწიფოს? სახელმწიფო თუ რჩება მოგებული ამ საყოველთაო, ოღონდ რელიგიურად განსაზღვრული სხვას ( ღმერთს) გადალოცილი პასუხისმგებლობით?

მოვკვდებით , სამოთხეში წავალთ
სატანისტებს მოვიცილებთ მმართველობიდან , გავბრწყინდებით. 




მე კი, საქართველოსთვის იაპონელთა, გერმანელთა, თურქთა, იტალიელთა პატრიოტიზმი მინდა, უფრო სწორედ მათი პატრიოტიზმის ნატამალი მინდა ამ მიწაზე: მათ წაგებულებმა, მას შემდეგ რაც საკუთარი ისტორიული მძლავრი იმპერიების ქონით გულმოცემულებმა ზერასად ჩათვალეს თავი და ფაშისტურ კოალიციაში შევიდნენ, და შემდეგ მწარედ დამარცხდნენ მსოფლიოსთან, რომელსაც სამუდამო ბატონობას უპირებდნენ, მათ წაგებულებმა საკუთარი ეროვნული ენერგია - პატრიოტიზმი ჰომოსაპიენსის ყველაზე ღირსეული ბრძოლის ასპარეზზე გადაიტანეს: ააშენეს წესიერი ქვეყნები, ავტომობილები, რომლებიც მთელი დანარჩენი მსოფლიოს ავტოპარკის 80% შეადგენს, რობოტები, რომლებიც მსოფლიო რობოტთა ( ავტომშენებლობის მმოქმედ რობოტთა და არა მხოლოდ სარეკლამო პოპულარულთა) 90% მათ დაამზადეს. 

ჩაღუნეს თავი და გააკეთეს უკეთესი, უსწრაფესი მანქანების ბრენდთა 90% ამ ქვეყნებზე მოდის, იპოვეს მტერი საკუთარ თანამოქალაქეში, რომელიც მანქანიდან ნაგავს ყრის, და მკაცრად დასაჯეს, დასამახსოვრებლად, 

მათ სრული რევანში შეძლეს სამხედრო მარცხის შემდეგ.

მათი რევანში მძაფრი და საფუზვლიანია. 
ჩვენ დანარჩენები მათ ვენდობით, მათ ნახელავში ფულს ვიხდით და ოჯახებს ვანდობთ, მათ qვეყნებში გვინდა ცხოვრება, დასვენება, მუშაობა. 

საკუთარი იმპერიის ქონის ისტორიის მქონე ერებმა საკუთარი არამილიტარისტული უნარი წამოწიეს წინ - და.. გახდნენ ზეადამიანები. 

არ გჯერათ? 

ტალია- უსწრაფეს ავტობრენდებში 5 დან 3 მათია
საუკეთესო ავტობრენდების ათეულში 5 გერმანულია, 4 იაპონური
საოჯახო ტექნიკის 10 საუკეთესო ბრენდშიც მსგავსი თანაფარდობაა
მუსიკალური ტექნიკა და ტელევიზორები, იგივე სურათია. 
თითქოს კორეა, ოღონდ სამხრეთ კორეა არღვევს ამ კანონზომიერებას, ის დიდი წილით არის წარმოდგენილი ავტომრეწველობაში, მობილურ ტელეფონებში და მსოფლიო აღიარებული ლიდერია გემთმშენებლობაში.რამ აიძულა გამარჯვებული, კომუნისტურ- სოციალისტურ კლანჭებს გამოგლეჯილი კორეელები საკუთარ თავში ეპოვნათ ზეადამიანი, რომელიც გააკეთებდა იმას რაც სხვისთვის მიუღწევადია? რატომ ჩართეს გამალებული წარმატების რეჟიმი სამხრეთ კორეელებმა? არღვევს თუ არა სამხრეთი კორეა ინტელექტური რევანშის თეორიის კანონზომიერებას? არადა არ არღვევს ისინიც დაპყრობილები აღმოჩნდნენ, ამერიკელებმა ისინი იძულებით მოწყვიტეს ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში ბუნებრივ დისციპლინირებულ იერარქიას და დემოკრატია მოახვიეს თავს.სამხრეთ კორეწლები იგივე მდგომარრობაში აღმოჩნდნენ, რომწლშიც დასავლეთ გერმანელები, ისინი ცივილიზირებულმა მსოფლიომ დაიპყრო და იმპერიალისტურ მილიტარისტული ოცნებები გადაუბელა. და.. სამხრეთ კორეელებმა შეძლეს ის, რაც შეძლეს დასავლეთ გერმანელებმა 30 წლის წინ - მათ აიღეს რევანში, დაუმტკიცეს ცივილიზებულ სამყაროს რომ მაგარი ხალხია.უომრად, ჩუმ ზამბარად შეკუმშულობით, უწესობისა და უხარისხობისადმი ბრაზით, შიდა კონკურენციით. და რაც მთავარია მთავარი ქვეშეცნეული ფაქტორით - პატრიოტიზმით, ოღონდ არა ჩვენებური დემონსტრაციულ, ნამღერ, ნალოც, ნაგალობებით, ზოოოპტიმიზმით, არამედ პატრიორიზმით ამ სიტყვის დაუმახინჯებელი, მოუვარაყებელი მნიშვნელობით - საკუთარი მიწისა და წინაპრების სიყვარულით, ერთობით, მარადისობასთან საკუთარი შექმნილ-აშeნებულით დაკავშირებით. 
როდის იტყვიან საქართველოში თავის სიტყვას ათეისტი პატრიოტები? როდის შეიძენენ წონას?
ზუსტად იგივე შეკითხვაა - როდის გვეშველება?

ერთდროულად მოხდება ეგ.
ქიმერებისგან თავის დაღწევა = შველას, საქართველოს გაბრწყინებას, ოღონდ ცივილიზებული ინტელექტით და ენერგიით.

შორია ჯერ?

Wednesday, March 28, 2012

ჩემი სიკვდილი, ეხლავეთ


ეს შეცხადება განსაკუთრებულ ინტონაციას საჭიროებს.
არ ვიცი, შეიძლება ისტორიის განვლილ ეტაპზე ის ძალიან გულწრფელი იყო და ნამდვილ მწუხარებას და ელდას  გამოხატავდა, მაგრამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარსა და მითუმეტეს 21-ს დასაწყისში მას მხოლოდ ირონიულ დემონსტრაციული ფუნქციაღა შერჩა. 
ადამიანები სიკვდილს გავუშინაურდით. 

მახსოვს 1982 წელს მთელი თბილისი 6 თვე ვგლოვობდით თბილისელ  ბიჭს, რომელიც წყნეთში დააყაჩაღეს, ჯინსების გახდა მოთხოვეს და ჩხუბში მოკლეს. მისი სახელი ყველამ ვიცოდით და წასულების სადღეგრძელოში ვიხსენებდით. 
თბილისის ომი, სამაჩაბლო, აფხაზეთი, მანამდე ვიდეო საშინელებათა ფილმები, მერე საინფორმაციო გადაცემებში ყველა არასაწოლში სიკვდილის დოკუმენტურად ჩვენებამ ჩვენი აგზნებადობის  ზღურბლი რამდენიმეჯერ აამაღლა. 
თუკი მაშინ შეგვძრავდა 100 მიკროვატიანი ნეგატიური  ისტორია, დღეს იგივე ეფექტი მხოლოდ მეგავატი ნეგატივით   მიიღება.
მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულს რადიო ( ე. წ. ხაზის რადიო) აწეულ ხმაზე მხვდებოდა და წლების განმავლობაში იმ რადიოში სხვადასხვა რადიოდადგმების ქრონოლოგიის 80% ვიღაც ქალი სულისშემძვრელად მოსთქვამდა. 
მაგრამ ამაში არაფერი იყო საშიში და განსაცდელი. მაშინდელი რადიოგანცდების 100% ჩვენი ცხოვრებისა არ იყო, იქ კიოდა ბოლშევიკის, პარტიზანის,  მშიერი პროლეტარის ცოლი. ან მემამულისგან  ნამუსწაგვრილი ქალი. 
ის კივილები რეალური მსუქანი ცხოვრებისგან კონტრასტირების კარგ ასპარეზს წარმოადგენდა მსახიობი ქალებისათვის და ისინიც ოლიმპოს სიმაღლეებს იპყრობდნენ ამ საქმეში. 

ჩვეულებრივი მოქალაქე ქალებიც ხვდებოდნენ ამ როლებში და ისინიც მაღალი ოსტატობით ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს ოჯახის წევრის პანაშვიდებსა და გასვენებაზე ხდებოდა. 
ხედავ რა კარგად იტირა რუსიკომ მამამისი, რა კარგი გოგოა. ქებას არ იშურებდნენ მეზობლები. 
ზოგ თვითნაბად ფოლკლორულ ტალანტს სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი და მას შორეულ გასტროლებზეც უშურველად იწვევდნენ. ამ გასტროლებს რა თქმა უნდა ჰონორარი არ მოჰქონდა, მაგრამ საერთო აღტაცება და დაფასება საკმარის ანაზღაურებად იქცეოდა. 
მაშინ, როდესაც კომუნისტების მიერ მოსჯილი გვქონდა ვყოფილიყავით ბედნიერები ათეისტები და მხიარულები, ეს ქართული  ექსპრესიული დატირება რაღაც წარმართულ რიტუალად იყო ქცეული, დაუმორჩილებლობის და ეროვნული თვითიდენტობის ქვეშეცნეული გამოვლინება.

გავიარეთ. 
დღეს გულცივები ვართ, ერთ თვეში იმდენ დოკუმენტურ ტრაგედიას ვადევნებთ თავს, რამდენიც ადრე 99 წლის ასაკამდე არ მოგიწევდა. 



მაგრამ



ტრადიცია სჯულზე უმტკიცესია და, რეალურ ცხოვრებაში სიკდილთან შეხებისას ისევ იმ ბრეჟნევისდროინდელ ზასტოისდროინდელ ნაბიჯებს ვდგამთ: 
გასვენება მხოლოდდამხოლოდ საკუთარი სახლიდან ან კიდევ უარესი ეკლესიიდან. 
თუ კაცი სახლის გარეთ მოკვდა, მაგალითად საავადმყოფოში, იწყება მისი მოგზაურობა კიბეებით ზემოთ და 4 დღეში იმავე კიბეებით ქვემოთ, და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ადამიანთა კუნთების რესურსით. ცივილიზაცია და ტექნიკა ამ საქმეში უღონოა.
სასაფლაოები გაცილებით ძვირი უნდა იყოს ვიდრე ოჯახის ბიუჯეტს შეეფერება, ქელეხებიც. 

მაგრამ

მე კიდევ ერთი, და ამ საკითხში უმთავრესი საკითხი მაქვს განსასჯელი. 

ეს არის დამოკიდებულება ღრმა მოხუცის და ღრმა ავადმყოფის  სიკდილისადმი. 

ჩვენ მათ ისევ საავადმყოფოში მივაპწიალებთ, გადავულოცავთ რეანიმატოლოგებს და ამით " ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად" 
გვავიეყდება რომ სიკვდილს გადარჩენა მხოლოდ ლიტერატურული გამოთქმაა  სინამდვილეში სიკვდილის გადავადება იგულისხმება. 
ოღონდ, თუ ახალგაზრდას სიკვდილს 60 წლით გადაუვადებს, ღრმა მოხუცს მხოლოდ 3 დღით. 
მთავარი შეცდომა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ, ახლობლები ვუშვებთ, არის ის, რომ შვენ ვთმობთ მოხუცთან ურთიერთობის ბოლო შანსს. 
მომაკვდავი ავადმყოფი არამარტო რეანიმაციაშია და ოჯახთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს, არამედ ხელოვნურ სუნთქვაზე და მედიკამენტოზური ძილის ქვეშაა. მისი სოციალური არსებობა იმ მომენტიდან წყდება, როცა ის რეანიმაციაში შეაბიჯებს. 
რეანიმაციული აპარატურა და გაწვრთნილი პერსონალი წარმატებით მოახერხებს აცოცხლონ გულფილტვი უფრო ხანგრძლივად, ვიდრე  ეს საავადმყოფოს გარეთ ეწერა ავადმყოფს, მაგრამ სოციალურ ურთიერთობათა ბოლო რეზერვი საბოლოოდ დაიკარგება. 
არადა
ის ბოლო ურთიერთობა რომ წარიმართოს ექიმის ზედამხედველობით, ურთიერთობის უნარის სტიმულაციითა და თუ საჭიროა საკმარისი ანალგეზიით, მაშინ... 
რამდენი ოქროს სიტყვა ითქმება კიდევ. 
რამხელა სიყვარული და სითბო დარჩება და წაყვება მომაკვდავს. 
ეგ როლი ჩვენ გველოდება. 
თუკი  ყოველდღიურ რუტინაში ვართ და ექიმკ, არქიტექტორი, პოლიციელი, მამა, შვილი, მეუღლე, მგზავრი, დამსვენებელი, მოქალაქე, ამომრჩეველი, მაყურებელი, მკითხველი, მსმენელი, ქვეითი, მძღოლი, მეზობელი და მეგობარი, კიდე ერთი როლი, რომლის შესრულებაც აუცილებლად მოგვიწევს ესაა - მომაკვდავი. 
ეს აუცილებლად 
მოხდება, ისევე აუცილებლად, როგორც ერთდროს იყავი ახალშობილი და ძუძუმწოვარა. 
როგორ უნდა შევასრულო მე ჩემი ეს ანონსირებული და ვერასაცდენი როლი? 

პირველ რიგში, თუკი ჩვენი ობიექტების - ღრმა მოხუცების კატეგორიაში გავედი, მაშინ ვისურვებდი: 
ბოლო 3 დღე ჰოსპისში, ოღონდ კარგად მოწყობილში, სასურვია დიდი ფანჯრით დიდ სივრცეზე, სასურველია შორს ჩანდეს გზა ან მდინარე ან ორივე ერთად. მინდა მოხერხებული ფუნქციონალური ( ადვილად წამოსაჯდომი) საწოლი, პამპერსები და ნარკოტიკი ზომიერად. 
მინდა მყავდეს ძაღლი, რომელიც ხელს ამილოკავს და ჩემებს (მეც) ყურადღებას გადაგვატანინებს საკუთარ მოულოდნელ სენტიმენტებზე. 
მინდა, ნუ ეს ყველაზე ადვილია, ყველას მოვეფერო, ვიყო კეთილგანწყობილი, შემრჩეს იუმორი, რაღაცა მქონდეს მორჩენილი ანდერძად (სიტყვიერ ანდერძად) სათქმელი. მინდა შევძლო დავარწმუნო ჩემები რომ ბედნიერი მივდივარ. მინდა ვიყო კმაყოფილი, რომ ამ ქვეყნად ვისადაც ვრჩები, კარგად არიან. 

მინდა მუსიკა, ფილმოთეკა, ალბათ ტელევიზორიც.
სიკვდილის შემდეგ არ მინდა სახლში აყვან-ჩამოყვანა. სარიტუალო ცენტრიდან მინდა გასვენება, გრაუნდ ფლოოდან. 
მინდა ხალხი მოვიდეს, ამით ჩემებიც უკეთ იქნებიან. 
მინდა ბალახი საფლავზე, ან ზღვის კენჭები, როგორიც მაქვს უკვე.

ქელეხი მინდა ფურშეტად. სკამები მაგიდისგან მოშორებით.  კარგი  ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკოს. თამადა შეიძლება. 



და


 პრინციპით "უსურვე სხვასაც ის რასაც საკუთარ თავს უსურვებ", მე დღეიდან 2012 წლიდან კიდევ ათწლეულები ვერ ვიქნები დაკმაყოფილებული, იმით, რომ ვერ ვუსურვებ დღევანდელ მომაკვდავს ასეთ გზას. 
მარტივი მიზეზით.
დღეს საქართველოში ასეთი ტიპის ჰოსპისები არ გვაქვს. 
ცადეს ექიმებმა, მაგრამ მოსახლეობის ფართო მასების მოთხოვნით ისინიც ჩვეულებრივ სამკურნალო რეანიმაციებად იქცა - მილებით ტრაქეაში, ვენაში, შარდის ბუშტში და..  ცნობიერების გარეშე.


აქედან დასკვნა. უნდა გავძლო კიდევ ერთიორი ათწლეული.
საანდერძო ხუმრობაა.
            
            

Friday, September 16, 2011

1687 წლის წინ სტამბულში, რომელიც მაშინ არ იყო




2011–324=1687
324 წელს, 1687 წლის წინ უცნობ ისტორიულ გეოგრაფიულ პუნქტ ქრისოპოლისში ,
ამჟამად სტამბულის უბან უშკუდარში, მაშინ როცა თურქების წინაპრები ჯერ კიდევ მონღოლეთსა და უზბეკეთს შორის ხედნიდნენ ცხენებს, დიდი ომი მოხდა. ამ ომით რომის ორი იმპერატორის 10 წლიანი ომები დასრულდა. ერთი, ლიცინიუსი, რომელმაც მანამდე რომის იმპერია თითქმის გააორმაგა, დამარცხდა.
მეორე კონსტანტინე გამარჯვებული გახდა. მან ლიცინიუსი საპყრობილეში გაუშვა. კონსტანტინეს ცოლი ლიცინიუსის ძმა იყო, კონსტანტინეს ლმობიერება კი მხოლოდ ერთი წლის ხალგრძლივობის.
კონსტანტინემ ტუსაღი ლიცინიუსი ერთი წლის შემდეგ მოკლა.
მანამდე კონსტანტინე და ლიცინიუსი ერთად მართავდნენ იმპერიას, მას შემდეგ რაც ლიცინიუსს კიდევ ერთი თანაიმპერატორი გელარიუსი მოუკვდა.
კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსტანტინემ მის ძმასა და ლიცინიუსს შორის მეგობრული კავშირები დაინახა. კონსტანტინეს ძმა კი კონსტანტინეს ტახტის არასანდო კონკურენტი იყო.

ამ სისხლიან ბოროტ ხალხს შორის ერთერთი ბოროტის გამარჯვება, ეს გამარჯვება ქრისოპოლისში კაცობრიობის მთელი შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.


როგორ?

რომის იმპერიას სათავეში კონსტანტინე ჩაუდგა, პირველი ქრისტიანი იმპერატორი.

დედამიწა მას შემდეგ გახდა ქრისტიანების.


რომ არა კონსტანტინე და მის არსში სადღაც შორს მბჟუტავი იდეალიზმი, ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები, მაჰმადიანობაც არ იარსებებდა, იუდაიზმი კი იქნებოდა, მაგრამ ებრაელებს არ ეყოლებოდათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი – ქრისტე.

დედამიწა კვლავ ძველი რომაული პრინციპით – ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ*, იმოქმედებდა.

ცხოვრება გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა.

*homo mominis lupus est. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.

Friday, August 12, 2011

როდის არის ავატარი ავატარი?




კინოფილმი ავატარი მაქვს ნაგულისხმები.

პასუხია; სულ ბოლოს, როცა დედა ღმერთის – ეივას დახმარებით სულების ხის ქვეშ მომაკვდავი ჯეიკის სული ჯადოსნური ძალიით მის პანდორელ 3 მეტრიან ჯანმრთელ სხეულში გადასახლდება.

სხეულში, რომელიც მანამდე მხოლოდ მისი ტვინის იმპულსებით უზადოდ მოქმედი უცხო ინსტრუმენტი იყო.
ინსტრუმენტი რომელიც ჯეიკის საწოლოსგან შორს ცხოვრობდა და იბრძოდა ჯეიკის სურვილით.




ეს კი ღმერთ ვიშნუს ავატარებია:
Vishnu is the Hindu god of goodness. He has come to Earth when needed in the past in a series of so-called descents or avatars. These are incarnations. Tradition says there will be ten of them, nine of which have already passed:

A dwarf who saved the world from a demon.

Prince Rama, defender of the good.

Krishna, the poet and warrior who reestablished the principles of religion.

A fish that rescued the first man, Manu, from a worldwide flood.

A tortoise.

A boar.

A man-lion.

A warrior hero.

Prince Gautama, the Buddha.

Yet to come: A messiah with a sword of flame who will come at the end of the fourth period of the world to save the righteous and destroy the wicked. He will be riding a white horse.
მისი ათი ავატარიდან 9 უკვე მოევლინა დედამიწას, ერთი კი მოვა – მესია ცეცხლოვანი მახვილით თეთრ ცხენზე, გადაარჩენს მართლებს და შემუსრავს ცოდვილთ.

მე რა შუაში ვარ, ბჰაგავად გიტაში უწერიათ ინდუისტებს.

Sunday, July 10, 2011

ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა დღევანდელ (10.07.11) პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში


ილია ჭავჭავაძე - უფლება ბუნებითად მინიჭებული

ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონეგახსნილ კაცისაგან. იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე, ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა. … ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას. … ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის? ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა აკადემიური გამოცემა, XIII ტომი, თბ. ილიას ფონდი, 2007 წ. გვ. 303–307 ტფილისი, 19 მარტი, 1897 წ.








კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
1905 წ.
ვაჟა–ფშაველა


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.










ვეეერაფერი ვისწავლეთ ილიასგან და ვაჟასგან.
ფეოდალიზმში ვართ.

Thursday, June 23, 2011

რაშია ერის ნათელი მომავალი? 





ეკლესია მონასტრების მშენებლობაში! 
გვასწავლის ტელევიზორი. 
რატომაც არა. ქართველნო, ერთად ღვთისკენ! ეს გამოცდილი გზაა, საქართველოში განსაკუთრებით. 
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს  ბიბლიაში ერები, ქვეყნები, საზღვრები, სახელმწიფო იერარქიები ფაქტიურად იგნორირებული ჰყავს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უმნიშვნელოდ თვლის, ქართველებისთვის, საქართველოსთვის რელიგია სახელმწიფოებრიობის ღერძი იყო თითქმის 2 მილენიუმის განმავლობაში. 
სახელმწიფო მოითხოვდა იერარქიას, სუბორდინაციას, თავგანწირვას, თვითიდენტიფიკაციას- მტრისგან განსხვავებულობას. ჩვენი რწმენა საუკეთესო ინსტრუმენტი იყო ერის სახელმწიფოს სამსახურში ჩასაყენებლად. 
ქართულ სახელმწიფოს უჭირს, იმპერიის კოლონიობიდან პირდაპირ შეაბიჯა ღარიბ, ათგზის წაგებულ, ტერიტორიებ შემოჭმულ ქვეყნობაში. 
ბოლო ოცი წელია საქართველოს ბედს მნიშვნელოვნად საზღვრავს ხალხის საქციელი, და ეს საქციელი ხშირად იმპულსური, აგზნებული, წინდაუხედავი და საბოლოო ანგარიშით მავნეა. 

ერის ნათელი მომავალი ეკლესია მონასტრების შენებაშია. 

იქნებ ხელისუფლებაც ხეირში დარჩეს და სახელმწიფოც? 

ასე არ იყო საუკუნეები? 



ახლა რა ჭირი გვეტაკა, იმდენ ეკლესია მონასტერს ვაშენებთ და ვამოქმედებთ,  ჯორდანო ბრუნომდე რომ არ აშენებულა. 





 ნათელი მომავალი კი მაინც შორსაა, ერი კვლავ ბორგავს, ფორიაქობს და სპასტიურ პარეზიანივით* საკუთარ თავს ეჭიდავება. 



*/სპასტიური პარეზი ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ავადმყოფს კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთები ერთად, ერთდროულად აქვს დაჭიმული, და შედეგად მოძრაობებს ძნელად, შენელებულად, არაკოორდინირებულად აწარმოებს/. 

ზუსტად ასე ვართ, გაორებულები და უსარგებლოდ, საზიანოდ დაჭიმულები. 

იქნებ მართლაც ეკლესია მონასტრებშია ჩვენი ერის ნათელი მომავალი. 


რელიგია, და ქრისტიანული რელიგია განსაკუთრებით, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე პროგრესული და კონსტრუქციული ფაქტორი იყო. იქნებ სულაც ისაა განმსაზღვრელი დასავლური, ევროპული კულტურის წარმატებისა მსოფლიო მასშტაბით? 

ქრისტიანულმა რელიგიამ სხვა რელიგირბთან შედარებით უკეთესი პირობა შექმნა მეცნიერების განვითარებისათვის, რამაც საბოლოოდ მოიტანა პროგრესი, სიმდიდრე, გამრავლება, კომფორტი, ძალა,გავლენა. 


მეცნიერებამ არაერთხელ დააყენა რელიგია უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთის ადგილს მაინც ყოველთვის ტოვებდა. 

21-ე საუკუნის დასაწყისში ცერნის ლაბორატორიაში ფიზიკოსებმა ღმერთის ადგილი აღარ დატოვეს, თუმცა ამას მერე იტყვიან, მას შემდეგ, რაც მათი კვლევის შედეგები სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხვდება. გვიან, მაგრამ აუცილებლად იტყვიან და სამყაროს წარსულს და მომავალს 3D-ში დაგვიხატავენ. 
დაგვაჯერებენ. 
ჩვენ მაშინ უარს ვიტყვით რელიგიაზე, მაგრამ ბოლშევიკური სსრკსგან განსხვავებით მადლობით გავისტუმრებთ სუბკულტურის ნაჭუჭში. 
რელიგია თავის მეგა როლს კაცობრიობის ისტორიაში დაასრულებს და დასჯერდება უწყინარი პოზიტიური აუტოტრენინგის ნიშას. 
ასე ცხოვრობს დღეს ჩეხეთი. 
ქვეყანა ევროპის ცენტრში, რომელსაც დიდი ცდუნება ჰქონდა კომუნისტური ოკუპაციური ცენზურისგან განთავისუფლებულს შუასაუკუნოვანი რელიგიური მწვერვალები მოეძებნა ორიენტირებად, მაგრამ ასე არ მოიქცა. 
დიდი ნაბიჯით გაუსწრო დროს და .. უშუალოდ მის კბილა სლოვაკეთს, სადაც რელიგიური სენტიმენტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 

დღეს ჩეხეთი ერთადერთი  პოსტსოციალისტური ქვეყანაა, რომლის მიერ ნაწარმოებმა ავტომობილმა დასავლელთა აღიარება დაიმსახურა. 

და ამ ქვეყანაში ეკლესია უსუსტესია, თითქმის ისეთი, როგორიც იქნება მომავალ გაბრწყინებულ მსოფლიოში. 
სუსტი ისეთი, როგორიც იქნება მომავალ გაბრწყინებულ საქართველოში, თუკი უწერია საქართველოს გაბრწყინება. 

გაბრწყინებულ საქაეთველოში წინაპართა დიდი პატივისცემა ექნებათ. 
წინაპართა და საქართველოს სიყვარულის სეანსებს ეკლესიათა მონახულებისას ან თუნდაც დანახვისას მიიღებენ. 
ოღონდ მოუწევთ გაარჩიონ, ეს ეკლესია, რომელსაც ხედავენ, ხუროთმოძღვართა, კირითხუროთა, ქვისმთლელთა, კურტნის მუშათა ოფლითა და სისხლითაა აშენებული, თუ მე 20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ეს დასაწყისში ბეტონის პომპებით ჩამოსხმული.

ერის ნათელი მომავლის ერთერთი  ბურჯი წინაპართა, წინაპართა შრომის, ბრძოლისა და კულტურის პატივისცემა იქნება. 

კიდევ ორი, იქნებ  სამი ბურჯი დასჭირდება ერის ნათელ მომავალს, სხვანაირად წაიქცევა. 

რა ერქმევათ მათ, ერის ნათელი მომავლის დანარჩენ ბურჯებს? 

Wednesday, January 19, 2011

კატეგორიული რწმენა და უტაძრო მატერიალისტები.

თუ შენ რიხიანად ამბობ, რომ ღმერთი გწამს და წესიერი მართლმადიდებელი (მუსულმანი, იეღოველი, პროტესტანტი, დუხობორი, ბუდისტი, ინდუისტი და ა. შ.) ხარ, ესე იგი იცი უკვდავების გზა, მარადიული პირუთვნელი სამსჯავროს გზა, რომელიც ამქვეყნიურ ყველა შემთხვევით უბედურობებს, უიღბლობებს და უსამართლობებს გამოასწორებს. და თუ ამასთან ერთად შენ ოდნავ მაინც კაცთმოყვარე ხარ, უნდა იყო მისიონერი, ანუ შენი ცხოვრების მთავარ საქმედ,  მთავარ ლოზუნგად გზასაცდენილი და დასაღუპად განწირული გიაურების, კერპთაყვანისმცემლების, ურწმუნოების, არასწორ რწმენიანების შენს რელიგიაზე მოქცევა უნდა დაისახო. 


ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს, შენთვის ჯერაც უცნობ ადამიანებს სამუდამო ბედნიერების კარი მიასწავლო. 
ამ საქმისთვის თვითონ იმ ჩერჩეტი ურწმუნოსთვის უმჯობესია მისი ახალი, ჭეშმარიტი რწმენისთვის ომში თუნდაც დაკარგოს ხელი, ფეხი, თვალი და ქონება, ოღონდ მოექცეს და სულის უკვდავებას და სამუდამო სამოთხეს ეზიაროს, ჯოჯოხეთს აცდეს.
წუთისოფელი სულაც რა სახსენებელია, მე შევიკერავ შახიდის ქამარს, მოვიტაცებ თვითმფრინავს, ჰაერში ავწევ ერთ ავტობუს ხალხს, ჯობია ერთერთ თვინსს, და მერე ღმერთმა გაგვსაჯოს მე გა ჩემი მსხვერპლები, ისინი იქ მეტყვიან მადლობას, მოწამებრივი სიკვდილით ურწმუნოობის ცოდვა რომ გაუბათილდებათ. 


  
მადლობა ღმერთს, 
ეს დრო კაცობრიობამ გამოიარა, როცა ექსპანსიის ერთერთი მოტივი ურჯულოთა მოქცევა იყო. ჭეშმარიტი რელიგიის გასავრცელებლად იპყრობდნენ ქვეყნებს ქრისტიანები, მუსულმანები და სხვები თავ თავისი მასშტაბების შესაბამისად.
მაშინ მეფეები თავის ლაშქრებიანად  ისევე ფიქრობდნენ, როგორც დღეს მხოლოდ ტერორისტები ფიქრობენ. 


დღეს ადამიანები შეიცვალნენ, უკვე 200 წელია ინერგება თეზა რელიგიური შემწყნარებლობის აუცილებლობის შესახებ. 
განვითარებულმა ქვეყნებმა და გაერომ საბოლოოდ დააფიქსირეს ადამიანთა უფლება ჰქონდეს ის რელიგიური წარმოდგენა, რომელსაც თვითონ აირჩევს (ანუ უხშირესად, რომელი კონფესიის მიმდევარიცაა მისი პოპულაცია). 
რას ნიშნავს ეს? 
1.ან კაცობრიობა (მისი დომინანტური ნაწილი) მიხვდა, რომ ღმერთი არანაირი სახით არ არსებობს, და ამქვეყნიური  მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროგრესული რელიგიის დომინანტობა.
2.ან კაცობრიობის იგივე დომინანტური ნაწილი გულგრილია, არ ადარდებს, ფეხზე ჰკიდია დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც მის (ჭეშმარიტ) რელიგიას არ იზიარებს, და მათ სულებს 
სიკვდილის ან ჯოჯოხეთისთვის სწირავს.

ამ ორიდან რეალური მოტივი ისაა, რაც ფართოდაა დეკლარირებული:
ანუ
"ადამიანებს, რელიგიებსა და სახელმწიფოებს შორის რელიგიური უთანხმოებების გამო კონფლიქტების აცდენა და მშვიდობის დამყარება უმთავრესი, დომინანტური მიზანია". 
თუმცა
ამ საერთაშორისოდ მიღებული პრინციპის საერთაშორისო არტიკულაციას (დეკლარაციას) ნაგულისხმები საწყისი ფრაზა აკლია - "ღმერთი არანაირი სახით არ არსებობს და შესაბამისად..".



ქართველებს ერთერთი სიამაყე ის გვაქვს, რომ ჩვენ რელიგიურად შემწყნარებლები ვართ, რომ ჩვენთან ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რელიგიის ტაძარი გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობს. 
და ჩვენ, ქართველები, როდის ვართ გულწრფელნი და კაცთმოყვარენი? 
როცა ვამაყობთ მართლმადიდებლობით, თუ როცა ვამაყობთ რელიგიური შემწყნარებლობით? 
შეიძლება თუ არა ერთიდაიგივე პიროვნება ორივე სიამაყეში იყოს გულწრფელი, და ამავე დროს იყოს კაცთმოყვარე? 

მე მგონი არა, 
მართლმადიდებლობით მოამაყე კეთილი ადამიანი  უნდა იყოს რადიკალი, ტოლერანტობით მოამაყე კეთილი ადამიანი უნდა იყოს ათეისტი.
ამათგან განსხვავებით: მართლმადიდებლობით მოამაყე ბოროტი ადამიანი შეიძლება ასევე ამაყობდეს რელიგიური ტოლერანტულობით. მისთვის ტოლერანტულობა ნიშნავს მეტ თავისუფალ ფართს სამოთხეში და მეტ უცხოტომელ-უცხორწმენელს ჯოჯოხეთში.

ტოლერანტობით მოამაყე (ანუ ათეისტი) ბოროტი ადამიანი შეითვისებს მართლმადიდებლობით სიამაყეს, თუკი ეს მისი კომუნის სხვაზე უპირატესობაში დაეხმარება. 

ტოლერანტობით მოამაყე (ანუ ათეისტი) კეთილი ადამიანი შეითვისებს მართლმადიდებლობით სიამაყეს, იმ შემთხვევაში, თუკი ის წინაპრების ისტორიულ ღვაწლს აფასებს, ზოგადად რელიგიას და კონკრეტულად ქრისტიანულ რელიგიას კაცთმოყვარე პრინციპებისთვის სცემს პატივს და თუნდაც იმ საშუალებისთვის, რომ დომინანტი რელიგიური უმრავლესობის წიაღში თავი ათეისტად მყოფმა გაიტანოს (რეპრესიების და წნეხების გარეშე). 



მე რომელი ვარ ამათგან? 
ვცდილობ რომ ბოლო ვიყო, მთლად სუფთად არ გამომდის, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჩემი უმრავლესობისთვის (მე ვარ სტანდარტული ქართველი, ანუ მართლმადიდებელი ქართველი) სხვაზე დომინირების მოხერხებულ, იოლ, საუკუნობით  დამკვიდრებულ, ანუ ჩემი პასუხისმგებლობის არმომთხოვნ საშუალებად მეგულება.  
ანუ უფრო კეთილი ვარ, ვიდრე ბოროტი. 
მაგრამ სრულებით კეთილი მაშინ ვიქნებოდი, ჩემი კომუნის რელიგიით მოპოვებულ ბონუსებზე რომ შემეძლოს უარის თქმა.

       
ზოგადი დასკვნა: 
თუ ჭეშმარიტი მორწმუნე რელიგიური ტოლერანტობით ამაყობ, ბოროტი ხარ. 
ან.. თუ ტოლერანტობით ამაყობ , არ ხარ ჭეშმარიტი მორწმუნე.  

ავტობუსის მძღოლმა, რომელმაც დაინახა, რომ წინ უცაბებად  ხიდი ჩაინგრა, იმდენად ძლიერი მუხრუჭი უნდა დაარტყას,  რომ მგზავრებმა ცხვირები დაიტეხონ, ოღონდ ისინი  სიკვდილს გადაარჩინოს. ასევე ჭეშმარიტი მორწმუნე არ უნდა მოერიდოს ურწმუნოთა ცხვირების დამტვრევას მათივე გადარჩენისთვის. 
რელიგია კატეგორულობაა. 
ყველა რელიგია მებრძოლია, ყველას უნდა შეცდენილი სულების სამუდამო ნავთსაყუდელამდე გზის გაგნებაში დაგეხმაროს.

ათეისტს მორწმუნეთათვის ხსნის გზის ჩვენება არ შეუძლია, მაქსიმუმი ხეირი,  რაც მან შეიძლება იქადაგოს, ეკლესიის რიტუალებისაგან გათავისუფლებაა, მაგრამ სულის სასრულობის ხარჯზე.  ანუ ერთი ნაბიჯი წინ, 10 ნაბიჯი უკან, იქნებ ასიც, ან რატომ არა 1000. 

მაშ როგორ ძლებს ურწმუნო? როგორ ცხოვრობს ხრამის კიდეზე? 
რატომ ამბობს უარს პოზიტიური აუტოტრენინგის იმ საუკუნობით დახვეწილ, ურთულესი, უძვირესი  და უძვირფასესი აქსესუარებით აღჭურვილ, მისთვის მუდამ ღია სამყაროზე, რასაც რელიგია ჰქვია?


ალბაათ იმით, რომ სიკვდილის შიშს რაღაც სხვა გზით ამცირებს, სულის უკვდავობის გარეშე.  
ნეტა რითი? 
რითი შეუზლია ათეისტს აღიაროს თავისი სასრულობა? 
ალბათ იმით, რომ მარადიულობას რაღაც თავისი დაუტოვოს, შთამომავლები ან გაკეთებული საქმე,
სულ ეს ორია, მაგრამ თითოეულს ბევრი განტოტება აქვს, თითეული ტოტი, კი იმდენად შეიძლება განსხვავდებოდეს გვერდზე მყოფი ტოტისგან, როგორც ბალახი სექვოიისგან. 
მხედველობაში ის მაქვს, რომ ჩემთვის უცნობმა მე-14 საუკუნელმა წინაპარმა, ყველა იმ დროს მცხოვრებმა წინაპრებმა, ყველამ დატოვეს იმდენად ჯანმრთელი შთამომავლები, რომ იმათაც შეძლეს შთამომავლობის დატოვება და ასე დღემდე.
შედეგად მე ვარსებობ და ჩემი შვილები.
სამყაროსთვის ჩვენ არაფერი ვართ, მაგრამ ჩემთვის, ჩვენთვის, ჩემი წინაპრების ღვაწლი მთელი სამყაროს ჩუქებაა.

ანუ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ჩემი მეთოთხმეტესაუკუნელი წინაპარი მე სახელით არ ვიცი, ეჭვი მეპარება რომ რაიმე მატერიალური კვალი არსებობს მისი ამქვეყნად ყოფნის (მაგალითად შეეძლო უბისაში ფრესკის საღებავი გაეკეთებინა, იქნებ ორნამენტი მოეხატა, ან ბაგრატის ჩუქურთმა ექანდაკებინა, ან რომელიმე სოლომონ მეფის ხმალი გამოეჭედა) მაგრამ მე ვარ მისი (მათი)  დუხჭირი ცხოვრების შედეგი და თუკი საქართველოს სხეულში მისი აქამდე შთამომავლები სასარგებლო კუნთი იყვნენ (+ 18 თაობა) ან მერე იქნებიან სასარგებლონი, ჩემს შემდეგ, ეს სულ მისი დამსახურება იქნება. 
ანუ მარადიულობასთან დაკავშირება ყველაზე ხელშესახებია შთამომავლობის დატოვებით. ეს ერთი სიკვდილის შიშის დამძლევი წამალია ათეისტებისთვის.
მეორე კი გაკეთებული საქმეა, ამჯერად არა მხოლოდ ის საქმე, რომელმაც უნდა გარჩინოს, არამედ ისიც რომელიც საზოგადო, საერთო სხეულის - სახელმწიფოს და ზოგ შემთხვევაში კაცობრიობასაც სასიკეთოდ დაემჩნევა (მაგალითად არისტოტელე, ჰიპოკრატე, და ვინჩი, მარტინ ლუთერი, გარიბალდი, ლოკი, გალილეო, ვოლტერი, მორზე, ვოლტა, დიზელი, მანდელა, ბობ დილანი და ა. შ.).
მაგრამ ყველაზე მთავარი, რითაც ათეისტთა 99,99% მარადიულობას უკავშირდება ეს არის საკუთარი ქვეყნის აშენებაში მონაწილეობა, მის დაცვასა და გაძლიერებაში, გამდიდრებასა და განვითარებაში მონაწილეობა. 
ეს ათეისტისთვის სიკვდილისშიშის საწინააღმდეგო მეორე მთავარი წამალია. 
თუკი (ლევ ტოლსტოის დავუჯეროთ) რწმენას მოაქვს ოპტიმიზმი, ხოლო ცოდნას პესიმიზმი, გამოდის, რომ მატერიალისტები პესიმისტები უნდა იყვნენ. 
თუმცა 
მათაც აქვთ რწმენა, რწმენა რომელიც მათ ოპტიმიზმს უბრუნებს - ეს რწმენაა მატერიალურსვე სამყაროში სამუდამო კვალის დატოვება (შთამომავლობით, ნამუშევრით,დაცულით,შენარჩუნებულით, გადაცემულით ..), კვალი სახელიანი ჯობია, მაგრამ ანონიმურიც შეიძლება. მაგალითად მე, თუკი წელიწადში 450 ავადმყოფის გამოჯანმრთელებაში ვმონაწილეობ, მე საქართველოს კვალს ვამჩნევ, მერე რა რომ "ავტორი უცნობია". 
რაც უფრო მეტად აქვს ათეისტს რწმენა, რომ მისი კვალი მნიშვნელოვანია, მით უფრო ოპტიმისტია ის და მით უფრო მეტ კარგ საქმეს აკეთებს. 

ათეისტთა რწმენას თავისი ტაძრები აქვთ ათეისტურ განვითარებულ ქვეყნებში. 

ათეისტური ტაძრები არის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები თავისი დინოზავრებითა და ფიტულებით, თავისი თმის ყალყზე დამაყენებელი დამმუხტავი სფეროებით, ფიხიკისა და ქიმიისა და ასტრონომიის თვალსაჩინოებებით. 

ათეისტებს თავის ათეისტურ ქვეყნებში ათეისტური რწმენის ტელე ლოცვის სეანსებიც აქვთ, ეს დისქავერი, ჰისტორი, ნეშენალ გეოგრაფიკი, რეალტივი და თრეველია. 
ამ არხებზე გასულ სიუჟეტებს შრომის, ინჟინერიის, მეცნიერების, აღმოჩენების, ომების, ტექნოლოგიების და ამ ყველაფრის ისტორიის შემხედვარენი მუხლებზე დაჩოქილები შეჰმადლიან მატერიალისტები.
მათ ნამდვილი რელიგიური აღტკინება და თაყვანისცემა აქვთ შრომის მიმართ, შრომის ორივე განშტოებას, ხელით შრომას და ინტელექტუალურ შრომას თაყვანს სცემენ. რელიგიური ლეგენდაც მოუგონეს, პურიტანები არიან ჩვენი წინაპრწბიო, რომლებიც პირველები მიხვდნენ შრომის მადლს და სიკეთესო. 
დისქავერზე მაგალითად 5 სერიალი გადის შრომაზე; ნივთების კეთებაზე, გაფუჭებულის აღდგენაზე, ბინძურ საქმეზე, რთულ კონსტრუქციებზე, ჯართისგან მანქანის აწყობაზე, ჩვეულებრივი მანქანის არაჩვეულებრივ მანქანად გადაკეთებაზე, ოჯახურ საამქროში მოტოციკლეტების აწყობაზე,  ჰისტორიზე  ხელსაწყოების ისტორიაზე, არქიტექტურის ისტორიაზე, იარაღის ისტორიაზე.


ამ ახალ რელიგიას სახელი აკლია, შინაარსით კი შრომის თაყვანისცემა. 
ჩვენ ძალიან შორს ვართ მატერიალისტთა ახალი ოპტიმიზმისგან, იმიტომ რომ; 
1. ჩვენ კომუნისტებმა დამახინჯებული ეკონომიკით, შრომის ანაზღაურებისათვის ფული - ხელის ჭუჭყი არ მოითხოვოთო, ხალხის 70 წლიანი დამუნათებით და მორიან ლენინიანი წითელი შაბათობებით ადამიანები შრომაზე აცრეს. 
შრომა ჩვენთვის სირცხვილია, დაბალი დონის, გაუნათლებელი ხალხის საქმეა, შრომის ყოველი დამატებითი საათი სისუსტისა და დაჩაგრულობის ერთი საათია, საქმეზე დამატებითი ფიქრი იმ დროის კარგვაა, რომელიც საქართველოს და იქნებ მსოფლიოს მართვის შენეული წესრიგის მოფიქრებაში უნდა დაგეხარჯა. 


2.აქ ათეიტებს ოპტიმიზმი გვაკლია იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენი ტაძრები - ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები, 
3.არ გვაქვს არცერთი ქართული წარმოების დოკუმენტური ფილმი ბუნებათმცოდნეობისა და შრომის შესახებ.
პარდონ, აჭარა tv-ზე და ... საპატრიარქოს არხზე გადის ხოლმე ფილმები შრომაზე ეთნოგრაფიული რაკურსით, მაგდამ თვითონ წარმოდგენილ ნაკეთობათა პრიმიტიულობა ადამიანის ინტელექტით აღტაცების საშუალებას არ გაძლევს, უფრო მშრომელი კარგი ადამიანების სიყვარულს გინერგავს, რაც ძალიან კარგია. ანალოგიური მიმართულების დისქავერის გადაცემაში ვნახე მეცამეტე საუკუნის ხის საწნახელი, რომელიც ხის დგუშითა და ხის უზარმაზარი სპირალურ კბილანიანი ჭანჭიკით მუშაობს, აი იმ ადამიანების ინტელექტით კი აღტაცდები. ფრანგები მეცამეტე საუკუნიდან ხმარობენ სიტყვა press, რაც დამწნეხი ხელსაწყოს გამოგონებას მოჰყვა. 

ვინ გაგვიმტკიცებს ოპტიმიზმს ჯიუტ მატერიალისტებს? 
ჩვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უიმედო არ არის.

მარტივი რჩევები, სანამ ჩვენთვის და ჩვენი ძვლებისთვის ტაძარი-მუზეუმი აუშენებიათ: 
ტვ ში პირველ 10-ეულში განალაგეთ: დისქავერი, დისქავერი საიენს, ნეშენალ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, ენიმალ პლანეტი და სხვა საცნობარო არხები. 


მათ გარეშე მატერიალისტები საშიშნი ხდებიან:

          

Monday, January 17, 2011

მე რომ პატრიარქი ვიყო





ჩემს ბავშვობაში გაზეთში მუდმივი რუბრიკა იყო - მე რომ რაიკომის მდივანი ვიყო, სადაც გსსრ-ს კომუნისტი და არაკომუნისტი მოქალაქეები თავის მიგნებებს წერდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა მათ რაიკომის მდივანს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

მე როგორც მტკიცე ათეისტს, არ მაქვს აღებული პასუხისმგებლობა უპირობო შეფოფინებით ვუყურო საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსს. მე მას როგორც მოქალაქეს სრულიად არაოაზროვანი დიდი პატივისცემით ვეპყრობი, მინდა დიდხანს იცოცხლოს და უკეთეს საქართველოს მოესწროს. 
მიმაჩნია რომ მას არათუ მხოლოდ დიდი გავლენა აქვს საქადთველოს სოციალ- პოლიტიკურ- კულტურულ და სულიერ ცხოვრებაზე, არამედ ის ერთპიროვნულად იყო  რამდენიმე საბედისწერო გზაჯვარედინზე საქართველოსთვის მიმართულების ამრჩევი.

თუმცა ახლა, ამ წერილის თემა მის პოლიტიკურ პოზიციას კი არ ეხება, არამედ მისი ე. წ. ბალანსისა  და კალთის ქვეშ მყოფ უძრავ ქონებას - ეკლესიებს. ეკლესიებს, რომლებიც ჩემიცაა (ახლების გარდა) ვინაიდან ჩემი წინაპრების შემოქმედების, შრომისმოყვარეობის, კულტურულობის, სულიერების ძეგლებს წარმოადგენენ. 
ჩემი ბიოგრაფიის ბოლო ათ-თხუთმეტწლეულის ტელევიზია ხშირად გვთავაზობდა მონაწილეობას სხვადასხვა ეკლესიის მშენებლობაში. მხოლოდ ბოლო ერთი წელია, რაც ვხედავთ მოწოდებებს მონაწილეობა მივიღოთ ისტორიული დაზიანებული ძეგლის აღდგენაში, და ეს მე ძალიან მახარებს. 
ეს არათუ საჭირო და სასწრაფო საქმეა, არამედ სამართლიანიც. 
ჩემთვის, როგორც პატრიოტი მატერიალისტისთვის ათჯერ მეტი მადლია ძველი ტაძრის აღდგენა, ვიდრე ახლის ჩამოსხმა.
მე რომ პატრიარქი ვიყო:
 
1. დროებითი დეკრეტით შევწყვეტდი ახალი ეკლესიების მშენებლობას, რათა ხალხის ისედაც მწირი, შეზღუდული რესურსი უფრო საშური და მადლიანი საქმისათვის დახარჯულიყო. 
დავასწრებდი გრავიტაციას, ეროზიას, წვიმას, ქარს და აღმართულებს შევინარჩუნებდი ისტორიულ ტაძრებს, მეცნიერული ცოდნის მოშველიებით ჩავუტარებდი კონსერვაცია-გამაგრების სამუშაოებს.

2. ეკლესიის  რესურსის დიდ ნაწილს მივმართავდი ტაო კლარჯეთის ტაძრების რესტავრაციაზე. 
მსმენია, რომ თურქულ მხარეს ტაოკლარჯეთის ძეგლების აღდგენის წინაპირობად ბათუმში მუსულმანური კულტურული ცენტრის- მუზეუმის აგების უფლება უთხოვიათ და უარი მიუღიათ საქართველოს პატრიარქისაგან. 
მე რომ პატრიარქი ვიყო ამ პირობაზე დღესვე დავთანხმდებოდი და უცილობელი ჩამოქცევისგან გამოვიხსნიდი ჯერ კიდევ მდგარ ქართულ ბუმბერაზ ეკლესიებს. 
მუსულმანობა ქართველობის მტერი არ არის, ის მისი ერთერთი სახეა, არ მიმაჩნია, რომ მუსულმანური კულტურის ცენტრი ბათუმში საქართველოს ხიფათს მოუტანს, პირიქით ჩვენვე, ქართველებმა უნდა ავაშენოთ ასეთი დაწესებულება, არათუ საჩუქრად მივიღოთ. 

3. ავკრძალავდი კუბოს სამჯერ დატრიალებას და კარებზე მიჯახუნებას.

4. გავანთავისუფლებდი მორწმუნე მგზავრებსა და მძღოლებს ვალდებულებისგან პირჯვარი გადაიწერონ ყოველი ეკლესიის გვერდზე  ჩავლისას. ნებას დავრთავდი პირჯვარის გადაწერისა მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გულში მაიც ღმერთს სიტყვიერად  მიმართავენ ან ლოცულობენ. მძღოლებს კი ავუკრძალავდი მანქანის ცალი ხელით მართვისას მეორე ხელით პირჯვარის გადაწერას. 

5. თბილისში საჭოჭმანო მფლობელობის ეკლესიებს, რომლებიც ქართველებსა და სომხებს ვერ გაგვიყვია, მივაკუთვნებდი სომხებს, თბილისის გარეთ იგივე საკითხს გადავჭრიდი ისტორიული რეალობის სკრუპულოზური გამოძიების შედეგების გათვალისწინებით. 

6. უკან მეჩეთში დავაბრუნებდი ზარზმელი ბერების მიერ მეჩეთის ნამსხვრევებიდან ზარზმის ტაძარში ატანილ ქვებს

7. ტაო კლარჯეთის იმ სოფლების თურქი მოსახლეობისათვის სადაც ქართული ეკლესიებია, სისტემატიური ურთიერთობის, მეგობრობის, სტუმრობა- მოპატიჟების, ეკლესიების მოვლისათვის ფინანსური დაინტერესების რეჟიმს შევქმნიდი (ამასთანავე ყოველგვარი მისიონერული ზრახვების გარეშე). 

8. შევქნმიდი საქართველოსა და ტაო კლარჯეთის ყველა ეკლესიის ფრესკების მაღალი რეზოლუციის ახლო ახლო რაკურსით ფოტო-ვიდეო უნიფიცირებულ, სტანდარტიზირებულ არქივს. 
 
9.ეკლესიებში დავრთავდი ნებას ამ ეკლესიის ფრესკებისა და ეკლესიის ისტორიიის LCD ეკრანზე ჩვენებისა (იხილე პუნქტი #8). 

10. დავუშვებდი კრემაციას იმ მკვდართათვის, ვინც ამაზე სიცოცხლეში წინასწარ, თანხმობა განაცხადა.

11. დავუშვებდი პანაშვიდებს სპეციალური სარიტუალო შენობიდან, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და ამით შევამცირებდი აუცილებლობას, საავადმყოფოში გარდაცვლილი ადამიანი საკუთარ ბინაში აასვენ-ჩამოასვენოს მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებელმა მგლოვიარე ოჯახმა. 

12. ნებას დავრთავდი და წავახალისებდი სიკვდილისშემდგომ ორგანოთა დონორობას.





და დამერწმუნეთ, ვფიცავარ, თავს ვდებ, თავს ჩამოვდივარ, წყალი არ გაუვა, ჩემი მეგარეფორმების შედეგად საქართველოში მართლმადიდებლობა გაძლიერდება, საქართველოც.

ღმერთმა გვიცოცხლოს პატრიარქი, როგორიც არის. იყოს უკეთ,იყოს კარგად. 
მე ჩემ წილ საქართველოს ვერ ავუდივარ, წავალ მივხედავ.                
 

Wednesday, December 29, 2010

my favorite online games

თამაშების ეს ჩამონათვალი ჩემი და ჩემი შვილების დიდი და ხანგრძლივი "კვლევის" შედეგია.
აქ მხოლოდ ის თამაშებია, რომლებიც მომწონს გრაფიკით, შინაარსით და აზარტულობით.













flood-runner

dino-run

fancy-pants-adventure-1

fancy-pants-adventure-2

hotel-skeleton

forest-temple

crush-the-castle-2

monkey-snowfight

monkey-lander

flomo

ice-breaker

raft-wars

candy-and-clyde

gateway

magic-pen

Thursday, December 23, 2010

რა სარგებლობა მოაქვს შამანს?







 მგელი ადამიანის ისტორიული ძლიერი მეტოქეა, ადამიანს უძველესი ხანიდან აქვს მგლის არამარტო შიში და მტრობა, არამედ პატივისცემაც. 
მგლი კაცობრიობის  ერთერთი უძველესი ტოტემი, ანუ ღმერთია. 
მას თაყვანს სცემდნენ, აქანდაკებდნენ, ხატავდნენ, მუხლს უხრიდნენ და.. სწავლობდნენ. 
ადამიანებმა ვიცით, რომ მგელი განსხვავდება მთელი ფაუნისგან. 
ის ქმნის მყარ ოჯახს, ერთს  მთელი ცხოვრების განმავლობაში. 
უსაზღვრო ამტანობით და შეუპოვრობით ძლევს დღეში 50 კილომეტრს მშიერი, და ასე შეუძლია ერთი კვირა არ გაჩერდეს, 
მას უყვარს შვილები, დიდხანს ზრდის მათ და პატარებს  კვებავს საკუთარი შეჭმული  ლუკმა- თაგვებით,  რომელთაც  მონადირების შემდეგ ლეკვების წინ იღებს. 
მგელს რთული, მრავალსაფეხურიანი კომბინაციების ჯაჭვით შეუძლია მსხვერპლის დაჭერა, ის საუკეთესო  მებრძოლი ტაქტიკოსია.


მგელს არ აქვს ხელი და არ შეუძლია საკუთარი ძალისა და სიზუსტის გაორმაგება როგორც ადამიანს, მავრამ შეუპოვრობით, სისწრაფით, დაუღლელობით ზოგჯერ ადამიანის უპირატესობებს ძლევს. 
მგელს აქვს ღირსება, ის არ იწვრთნება. ადამიანმა  ვერ აიძულა მგელი გაეკეთებინა ის, რაზეც დაიყოლია ლომი, დათვი და ვეშაპი. 
ადამიანმა მხოლოდ მგლის  ვოლიერში გამომწყვდევა შეძლო, სადაც მგელი მოდმივად ბორგავს და ძუნძულებს, არ ეპუება ტყვის ბედს. 

ადრეული ნეოლითის მცხოვრებ ადამიანსა და მგელს თანაბარი ძალის მქონე მტაცებლებად შეაფასებდა უცხოპლანეტელი მკვლევარი. მასინ იყვნენ კიდევაც თანაბარი ძალისანი. მთავარი კონკურენტები იყვნენ ნადირის ხელში ჩასაგდებად.

შემდეგ ადამიანმა მკვეთრი ნახტომი გააკეთა პროგრესისკენ, მან ის ბორბალი აღძრა, რომელმაც  მუდმივი განვითარების ხარჯზე ადამიანისა და მგლის შესაძლებლობები ადამიანის სასარგებლოდ მუდმივი დაშორების რეჟიმში გადაიყვანა - ადამიანმა ევოლუცია დაასრულა და პროგრესი განაგრძო. 
და როდის მოხდა ეს? 
ვერსიები ხომ გაქვთ, მაგალითად ასეთი: 
ადამიანმა აითვისა და შეინახა ცეცხლი
ან
ადამიანმა მოიგონა ბორბალი
ან 
ადამიანმა მოიგონა მშვილდისარი
ან
ადამიანმა ჩაიცვა ტყაპუჭი
ან 
ადამიანმა სამომავლოდ გადაინახა საჭმელი
ან
ადამიანმა ინფორმაცია სიტყვებს დაუკავშირა და ისწავლა ლაპარაკი
ან 
პოლიგამიიდან გადავიდა მონოგამიაზე
ან
შეიქმნა რელიგია
ან
შეეშინდა სიკვდილისა და მკვდრების შურისძიების
ან
შეიქმნა ტაბუ საკუთარი სექსუალური საქციელისათვის
ან
ფეხზე დადგა და წინა კიდურები ხელებად განივითარა
ან 
ხელის მტევანზე ცერი მართობულად განივითარა, რითაც ნივთებით რთული მანიპულირება შეძლო. 
ან 
შეიწყალა, მოეფერა, აჭამა და აცოცხლა მოხუც ადამიანს, რომელმაც პირადი გამოცდილებით მოპოვებული და გადმოცემული სიბრძნეებით მოამარაგა ადამიანთა ჯოგი. 



ყველა აქ ჩამოთვლილ ფაქტორს შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა პროგრესის დასაწყებად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოხუცებისათვის სოციალურ იერარქიაში ადგილის მიჩენა იყო. 
მაშინ ხანდაზმულმა ადამიანებმა, რომლებიც მანამდე უსარგებლონი და შესაბამისად განწირულნი იყვნენ,  ჯერარნახული კრეატივიზმი გამოავლინეს, გახდნენ შამანები  და მოიპოვეს მნიშვნელობა მღვიმელთა შორის. 


შამანობის გაჩენა ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ გარდატეხად მიმაჩნია კაცობრიობის ისტორიაში. 
ამით ადამიანი  პრინციპულად აღემატა მგელს, რომელმაც ვერ შეძლო გამოცდილი მგლისგან ხეირის მიღება და პირველივე ამცდარი ნახტომის შემდეგ ჩამოწერა ბელადობიდან. 

ბელადები ადამიანისა და მგლის გარდა თითქმის ყველა მტაცებელს ჰყავს, ლომს, სპილოს, აფთარს, გორილას, ბაბუინს. ბელადები იერარქიის ორგანიზებას ცხოველებშიც ახერხებენ, მაგრამ ცხოველებს არა ჰყავთ შამანი, რომელიც მათ გამოცდილებას შემოუნახავს, ტაბუებსა და რიტუალებს მოუგონებს და რომელიც დაუმტკიცებს მოგვარეებს, რომ პრაქტიკული უნარების გარდა ირაციონალური უნარებიც მნიშვნელოვანია. 

შამანებმა გაუხსნეს მღვიმის ტომს საფიქრალი თემები: 
სიკვდილი, სული, ნადირობის იღბალი, უზენაესის წყალობა, უზენაესი სამსჯავრო, ჯანმრთელობა, ამინდი, წესი, ტაბუ, ირაციონალური იერარქი, რომელიც ბელადზე ძლიერია და.... დაიბადა ადამიანი.



შამანები დღესაც არიან, თუ გინდა შეიხედო 200 საუკუნის უკან გამოქვაბულში შეყუჟულ ადამიანთა სადგომში
და იპოვო ის პირველი სხივი, რომლითაც მათზე ძლიერი, სწრაფი, მგრგვინავი მტაცებლებით გარშემორტყმულმა ადამიანმა პირველობა მოიპოვა, უნდა ნახო შამანები. 
ჩვენ გვასწავლეს, რომ ისინი შარლატანები, მატყუარები, განუვითარებლები, ამბიციურები და ცრურწმენებით შეზღუდულები არიან, რომ იქმნიან გამოგონილ სამყაროს და ამ სამყაროს სხვას ახვევენ თავზე ... 
მოკლედ, არიან ადამიანები. 

იყო დრო, როცა ისინი იყვნენ ადამიანები ცხოველების, ჰომო ერექტუსების გარემოცვაში. მათ ინტელექტით შეძლეს გავლენის და საზრდოს მოპოვება სოციუმში. 

ასე რომ, თუკი დროის მანქანა ადრეულ ქვის ხანაში გაგიფუჭდა და იქიდან ვერ გამოაღწიე, იცოდე, რომ მოხუცდები, თავი შამანობით უნდა გადაირჩინო. ასწავლე მათ განყენებული აზროვნება და.. თანაგრძნობა, შეაგნებინე საკუთარი უმნიშვნელოობა და სასრულობა, მიეცი მოზომილი იმედები და აღუთქვი ზენაარი სამსჯავრო, მირცი მათ მორალი და წესები, მოეფერე მათ ავადმყოფებს, უბედურება, უიღბლობა, სიკვდილი მათივე ბოროტებითა და უწესობით ახსენი და..
და ბედნიერ სიბერეს დაიმსახურებ.
ადვილია, ეს ხომ შენამდე მილიონ შამანს გაუკეთებია.




პ. ს. მე ალბათ ბოლო თაობა ვარ, რომელიც ბავშვობაში ავადმყოფობისგან მოჩიფჩიფე გამომლოცავ შამანს ( ჩემ შემთხვევაში ნადია ბაბუდას) მოურჩენია ნახშირით, დანით და ტრანსით, რომელშიც ადვილად ვვარდებოდი მაღალი სიცხის ფონზე. 
ჩემთვის ის რამოდენიმე ეპიზოდი ჩემდამი უდიდესი თანაგრძნობის და სიყვარულის სეანსები იყო. მათ გახსენებაზე სიყვარულით ვივსები ჩემი ბავშვობის ადამიანების მიმართ.  ნამდვილი შამანები ალბათ განუზომლად დიდი სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარის მქონენი იყვნენ. 

მივედი ჩემ მთავარ სათქმელთან. 
ადამიანი სიყვარულმა და თანაგრძნობამ გააჩინა. 

აი აქ ავმაღლდი ბერტრან რასელამდე, რომლის მიხედვით კაცობრიობა ვითარდება ნაკლები თანაგრძნობიდან მეტი თანაგრძნობის და მეტი შიშიდან ნაკლები შიშის მიმართულებით. 
შამანებამდე ადამიანს ჰქონდა უსაზღვრო შიში და მიზერული თანაგრძნობა, მომავლის დედამიწაზე ადამიანს ექნება მიზერული შიშები ( ყველაფერი გაკეთებული ექნება უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ჯანმრთელობისათვის) და მაქსიმალური თანაგრძნობა. 


აქედან ბოლო კომპონენტი ყველაზე იაფია, დღესვე მიღწევადია, და იქნებ ყველაზე მნისვნელოვანიც.

Friday, December 10, 2010

Thursday, November 4, 2010

მუზეუმი რაფაზე

Brad mehldau - blackbird by Claudio Vicente

ზღვიდან კენჭები მომაქვს, ყოველ წელიწადს 10-20 ცალი.
არ ვეძებ, უბრალოდ, თუ თვალში მომხვდა და მომეწონა, ვინახავ და მომაქვს.

თანაც მარტო კენჭები კი არა, არამედ კენჭადქცეული ბოთლის შუშები, ქვები, რომლებიც პემზაბლოკის დაქუცმაცების შედეგად დარჩა, შესახედად ჩვეულებრივი ქვა, რომელსაც შუაში სამშენებლო ბლოკის ნახვრეტი აქვს.

ეს ექსპონატები მე დროის მუზეუმისთვის მჭირდება, რომელიც ჩემი ბინის რაფებზე მაქვს მოწყობილი.

აი კენჭი, რომლის წითელი მხარე რკინისშემცველი ლავის ტალღისაა, იმავე კენჭის მწვანე მხარე კი მეორე ვულკანის, ახლა უკვე სპილენძისშემცველი ვულკანის ლავით გადაფარვის შედეგად დაედუღა წითელს, ეს ამბავი შორეულ 67 დან 58 მილიონ წელს შორის მოხდა, 30 საუკუნის წინ ჩემი კენჭი დიდი ლოდი იყო მერე გაცვითა ზღვამ და ახლა რაფაზე მიდევს.
აი, ზუსტად მისი მსგავსი ფორმის მეორე კენჭი, ოღონდ შუშის, ის შარშან წინ ბოთლი იყო, ლაზს ან თურქს ჰქონდა შენახული საბძელში როცა დიდმა წვიმამ საბძლიანად წყალდიდობას გაატანა და შავ ზღვაში ჭოროხის გავლით ჩამოახრიგინა.
აი, ქვა, რომელიც შარშან აქ მდგომი საცეკვაო კაფებარის ნარჩენია, ზედ საღებავიც ეტყობა, თაბაშირიც და ცემენტიც, გარედან კი ჩვეულებრივი ქვის ფორმა აქვს.

68 მლნ წელი, 20 საუკუნე, 5 წელი და შარშანდელი სეზონი, ასე ვუყურებ მე ამ კენჭებს და მგონია რაღაც საკრალურის მფლობელი ვარ.


ყველას გინახავთ (რეალში თუ არა წიგნში ან ტელევიზორში) ნამარხი ცხოველები, რომლებიც მილიონობით წლის წინ რბილ თიხაში მოკვდნენ და შემდეგ გარემოს გაქვავების შედეგად მუდმივი სარკოფაგი იშოვეს .
მეც შემხვდა ერთხელ ჩვეულებრივ ქვაში ფუღურო და იმ ფუღუროში რაღაც ტრილობიტი, რომელიც ქვის გაქანებაზე ჩხარუნობდა, მაგრამ მაშინ, 10 წლის წინ, არ ვიყავი განწყობილი მისთვის ექსპონატი დამერქვია და.. მივატოვე.
მას შემდეგ ჩვეულებრივ, ნაცრისფერ ქვებსაც ვაქცევ ყურადღებას, იქნებ ისევ შემხვდეს მილიონობით წლის წინ მაცხოვრებელი არსების ნაშთი, მაგრამ არ შემხვედრია.

აღარ შემხვედრია, მაგრამ გული მაინც არ მწყდება, ბოლოს და ბოლოს,
კი, თავისი ფორმა ვეღარ შეინარჩუნეს, მაგრამ


ცარცი,
ნავთი,
ნახშირი
ქარვა
მარჯანი
გრაფიტი
ტორფი








რომელიც ჩვენს გარშემო მილიონობით ტონობით მოიპოვება, რომელთაც ყოველთვის შევეხებით, როცა მოვინდომებთ, დავხარჯავთ კიდევაც, ხომ ნამარხებია.
მართალია ფორმა დაკარგული, მაგრამ მაინც 100%-ით ცოცხალი არსებების, მცენარეებისა და ცხოველების, სექვოიების, გვიმრების, მოლუსკებისა და დინოზავრების ნაშთები.

ვერცერთ პლანეტაზე ვერ ნახავთ მათ, ისინი ამ პლანეტის უხსოვარი ისტორიის განმავლობაში მოსახლე მოშრიალე, მცურავი, მღრინავი თუ მფრინავი არსებების შემადგენელი მოლეკულებია.

ანუ ჩემი რაფის დროის მუზეუმს უნდა ჩამოვუმწკრივო ცარცი, ქარვა, გრაფიტი, ალმასი(?), მარჯანი, ნავთი და ტორფი და ... ჩემი იქნება მთელი 70 მლმ წელი ჩვენამდე.