Showing posts with label 1991 წელი. Show all posts
Showing posts with label 1991 წელი. Show all posts

Thursday, April 16, 2009

"ფარაონი"

სახლში კომპიუტერი 2001 წლიდან მაქვს, პირველი სერიოზული თამაში, რომელსაც მთელი ოჯახი დიდი გატაცებით ვთამაშობდით "ფარაონი" იყო.
ისტორიული სტრატეგია ცივილიზაციის დასაწყისზე. ულამაზესი გრაფიკა ჰქონდა და კარგი გახმოვანება.


ჰოდა, მთელი ოჯახი ვუსხედით ხოლმე გარშემო ამ თამაშს.
ყველა თამაშს აქვს რაღაც გასაქცევი, ასაცილებელი სიტუაცია. ამ სიტუაციებს (ჩავარდნა, სიკვდილი, აფეთქება, აცილება) ყოველთვის თან ახლავს შესაბამისი იმედგაცრუების, დაცინვის, დაცემა, დანგრევის, კვნესის ხმები.


ეს ხმები შენთვის მთავარი სასჯელი ხდება. უნდა ეცადო რომ აღარ გაიგონო.


ფარაონში კი, თუკი ვერ იყავი ბრძენი მმართველი, ხალხი, ოჯახები თავის აშენებულ და გაუმჯობესებულ-გადაკეთებულ სახლებს ტოვებდა და სადღაც შორს გარბოდა, ცოლ-ქმარი, ატირებული ბავშვები ბოხჩებით ზურგზე, წელში მოხრილები.


ისე უნდა გეთამაშა, რომ ხალხი არ გაგქცეოდა.

ამ გაქცევების შემდეგ დაცარიელებული სახლები, რომლებიც მანამდე თვალს ახარებდა (ფერადი, სართულებიან-საჩრდილობლიან, ჭებიან-პალმებიანი)
დაბრახუნება-ჩამოქცევის ხმაზე მტვრის ბუღს აყენებდა და ნაგავ-ნანგრევებად, ნაცარტუტად იქცეოდა.


ეს სურათი გუშინ გადავიღე ახალციხისკენ გზაზე, ვერტმფრენიდან.



suraTs daaklikeT.

აი, ზუსტად ის ხმა გამახსენდა, "ფარაონის" სახლების ნაცარტუტად ქცევის -ბრახუნ-ბრაგუნი და ხრეშის ცვენის.


ის მტირალი ოჯახებიც გამახსენდა მობუზულები რომ გარბოდნენ სხვა ქვეყნებში.

კი, აგარაკებია, უსახლკაროდ არ დარჩენილან ამ სახლების ამშენებლები, მაგრამ რამდენი იმედი დაემსხვრათ, რამდენი შრომა, ნერვიულობა და ფული დაკარგეს, რამდენი ხე დარგეს, იხარეს ბავშვების ჭყლოპინით საკუთარ ეზოებში, სულ ტყუილად, თურმე.

ამ პოსტს 3 თემაში(labels-ში) ჩავდებ:
"1991", "ტერორი" და "საზოგადოება".

თქვენც იცით რატომ.

Monday, April 13, 2009

წუტი, ბითური?



ამ ლექსს გადავაწყდი

"დაიარება ქალაქში ძაღლი,
წუტი,
ბითური,
ისე მოკვდება ერთხელ არ შესძრავს მას მგლის ყმუილი"

თავიდან ყური მომჭრა ამ "წუტი, ბითური"-მ.
მაგრამ, მას შემდეგ რახც ამ ლექსის შინაარსი, მარტივი მაგრამ ძლიერი შინაარსი გაიხსნა ჩემს წინაშე მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც გაქუცულ, ნაგავში მძრომიალე, კუდამოძუებულ შეშინებულ თვალებიან ქალაქის ძაღლს შეესატყვისება.

"დაიარება ქალაქში ძაღლი,
წუტი,
ბითური,
ისე მოკვდება ერთხელ არ შესძრავს მას მგლის ყმუილი"


არადა რა ფასი აქვს იმ ძაღლის სიცოცხლეს, რომელსაც ერთხელაც არ შესძრავს მგლის ყმუილი?

ნოლი, არაფერი.


ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, მეც ხომ არ?


მეც ხომ ეგ წუტი, ბითური ძაღლი ხომ არა ვარ, ტელევიზორის წინ სავარძელში თბილად გატრუნული?

ჰაა?




ეს ადრე იყო, 16 წლის წინ, ჩემი "ერთხელ ცხოვრებაში მგლის ყმუილი" როცა მე და ჩემი ძმაკაცები გუმისთაზე ვიდექით, გადაღმა სოფლებში ღამე დავძვრებოდით, როცა ჩვენი პირველი ბრძოლა წავაგეთ და უკანდახევისას გუმისთა 4ჯერ გავტოპეთ, როცა ჩემიანი 4 და ჩვენიანი 35 ბიჭი მოკლეს, როცა ჩემები კამაზით სოხუმში ჩატანილ ჩვენიანთა გვამებში ჩემს ამოცნობას ჩემი ქალაქური ფეხსაცმელებით ცდილობდნენ. ეს იყო.

მაგრამ იყო 16 წლის წინ.

და რას ვაკეთებ მე ბოლო თექვსმეტი წელი?

იქნებ გავიქუცე და საინფორმაციო ნაგავში ვიქექები?

ან შენ?


დღეს ჩემს ქალაქს ახალი მგლეს ხროვა უპირებს შეჭმას. და ჩემს ქვეყანას.


მგელია, ჩემზე აგრესიულია, მიზანმიმართულია, ჯიუტია, მზადაა სხვისი და საკუთარი სისხლის დასაღვრელად, შია, ძალიან შია. უკან უნდა, ფეოდალურ ბუნაგში მექაჩება..

და რას ვფიქრობ იცი?

დროის მანქანა რომ მქონდეს მგლის ყმუილს ადრე უნდა შევხვედროდი, 1993-ში კი არა, არამედ 1991-ში.

რუსთაველზე, როცა ყლეებმა ჩემი ქვეყანა ააყირავეს და დააქციეს, მაშინ უნდა ვმდგარიყავი ჩემი სახელმწიფოს დასაცავად. მერე რა, რომ გამსახურდიასთვის არასდროს მიმიცია ხმა, არც ვეთანხმებოდი ყველაფერში.

ამაზე კაცურს რას ვიზამდი, რომ ერთი ორი ეგ დედაბოზი მომეკლა, რომლებმაც საქართველო დაამარცხეს, ჯართად გაყიდეს, დააქუცმაცეს, შემდეგ მტრის ჯარი "სამშვიდობოდ" დაიყენეს,

ვისი ტვინმძღნერობის გამო დედაჩემი, ბებიაჩემიო და მამიდაჩემი უიმედო უილაჯო ქვეყნიდან უბედურები წავიდნენ იმქვეყნად (ბებიაჩემმა სიკვდილის წინ, ლაპარაკი რომ ვერ შეძლო აჩხაბაჩხად დაგვიწერა "სოხუმი").


ჰოდა ჩემი ცხოვრების მგლები, რომელთაც მე წუტი-ბითური ძაღლივით დავემელე 91 წელს იყვნენ რუსთაველზე.

აფხაზები კი, არ მძულდნენ.

როცა იქ, ახალშენში, შრომა-კამანის თავზე დილის 5 საათზე რიჟრაჟში ომახიანი აფხაზური შეძახილებით ერთ კედლად წამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, როცა 50 კაცი სხვადასხვა სირთულის იარაღით მხედავდა და მესროდა მე ახალგამოღვიძებულსა და დაბნმეულს, ერთი მჭიდით აღმომჩდარს ნამდვილი ფრონტის ხაზზე, მე მათი პატივისცემით და არა შიშით მინდოდა იქით დამეძახა, " ჰეი შენ, აფხაზო, ნუ ისვრი, მოდი გავსხდეთ, ჯერ დავილაპარაკოთ".

მაგრამ ეს აზრი ორ წამზე მეტს ვერ გაჩერდა, იმიტომ რომ აფხაზურ "ჰაილალა აფსნი!"-ს ეგრევე მოყვა რუსული ყვირილი, ჩუვაკურ, პაცნურ, არმიული შეძახილები და მე მივხვდი რომ ჩემს წინ მტერი იყო და არა აფხაზი, რომელთანაც ჯერ დალაპარაკება მიმდოდა.


ჰოდა ასეა დღემდე.


ჩემი მგლები, რომელთანაც მე ვერ ვიძაღლე არ მასვენებენ
1991 წლის გადამყირავებლები და ავტომატიანი პაცან-ჩუვაკები ჩემს მიწაზე.


აფხაზებს რას ვერჩი, ახლაც პატივს ვცემ.


ანუ


ანუ ჩემდა სამწუხაროდ.

ჩემი მგლის წინააღმდეგ მე არ მიბრძოლია.
ჯერ არ მიბრძოლია.



ხოოდა, ახლა ყველაზე ძნელი.


ესენი, დღევანდელი მოღალატეები, დღევანდელი ოპოზიცია მე მგონი ორივეა, ხომ იცი შენ.

ორივე.

91-იც და რუსეთიც.


ხოდა იცოდნენ.

ისვრით?


გესვრით.
ვიშოვი როგორმე.

Tuesday, February 24, 2009












ეს მათთვის, ვისაც მახსოვრობა 7 ნოემბრის იქით აღარ უჭრის.


ამათაც ეგონათ რომ გათვალეს, რომ სხვაზე უკეთ გათვალეს, რომ სხვებზე მეტი პატრიოტები არიან, რომ სხვები მშიშრები არიან და.. ამ მშიშრების ნაცვლად თავი გარისკეს ნათელი მომავლისთვის.

Monday, February 9, 2009

საბედისწერო უწესობა


საბედისწერო უწესობებზე დავწერე პოსტი ცოტა ხნის წინ,

საქართველოსთვის საბედისწერო უწესობებზე. უწესობებზე, რომლებიც უცნობმა ჩვეულებრივმა ქართველებმა ქართულ-ჯიგრულად იკისრეს, თქვეს ალბათ - წავა რაა-ო მაგრამ არ წავიდა. დედა გვიტირა მათმა უწესობამ.


ხოდა ახლა კიდევ ერთი უწესობა გამახსენდა ამავე კალიბრის, ერთი დებილის ჩვეულებრივი უწესობა, რომელიც საბედისწერო გახდა საქართველოსთვის.


1991 წელია. სსრკ ჯერ დგას და ძველებურად იბღვირება. საქართველოშიც "ვრემია" გადის ყველა არხზე საღამოს 10 სთ-ზე.
გუმბარიძის დანიშნულ არჩევნებში ერთმანეთს კომუნისტები და "არაფორმალები" დაუპირისპირდნენ.

ეროვნული მოძრაობა გაყოფილია, გამსახურდია, ნათაძე, კიდევ ვიღაცეები არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ.


ჭანტურია, წერეთელი და კიდევ ვიღაცეები ალტერნატიულ მთავრობას, ალტერნატიულ პარლამენტს -" ეროვნულ კონგრესს" ქმნიან და ყველა დანარჩენს მოღალატეებს უძახიან.

მოკლედ საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობი რამ, წინასაარჩევნო კომპანია თავდება, ხვალ არჩევნებია.

კანონმდებლობით არჩევნების წინა დღეს პროპაგანდა აკრძალულია.
ტელევიზიაც ამ წინასაარჩევნო დღეს ისეთი მშვიდია, "განვითარებულ სოციალიზმში" გეგონება დავბრუნდით ამ გაგანია "პერესტროიკიდან".

ხალხი დაძაბული და ამავე დროის იმედიანია.
(აი, მიიღებენ 9 აპრილის მომწყობები, აი გავხდებით დამოუკიდებლები და მსოფლიო აღმოგვაჩენს, აი...)
ამომრჩეველი მაინც ჭრელია: ზოგს სიახლე ეშინია, ზოგს ძველი არ ეთმობა, ზოგს ერთი ლიდერი ესიმპატიურება, ზოგი მეორეზე დებს თავს. მოკლედ, საქართველოში 20 განსხვავებული დროშა ფრიალებს, ავტონომიებთან ურთიერთობა ფრთხილად და პრინციპულადაა გასარკვევია.


დავუბრუნდეთ ისევ იმ წინასაარჩევნო (ბოლო სოციალისტურ) საღამოს.

პოლიტიკური პროპაგანდა შეწყვეტილია მაგრამ...
(ქართველები მაინც სხვა ყალიბის კრეტინები ვართ და..)
საღამოს 7 საათზე, როცა ყველა სახლში ნერვიული მოლოდინით ტელევიზორს მისჩერებია და ხვალინდელ არჩევნებზე ფიქრობს ტელეეკრანზე სამი ჯეელი ჩნდება მოულოდნელად.
მანამდე მიმდინარე გადაცემის შეწყვეტითა და შემცბარი დიქტორის წინასწარი განცხადებით, რომ ვინაიდან "ეროვნული კონგრესი" არ მონაწილეობს კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში, მათ არ ეხებათ პოლიტიკური ერთდღიანი მორატორიუმი, და უფლება აქვთ, რაც მოესურვებათ განაცხადონ.
"კონგრესელების" მოთხოვნით წინასაარჩებნო ტელეეთერი 10-20 წუთით ეთმობათ სამ ლიდერს: ირაკლი წერეთელს, რუსლან მიქაბერიძესა და მესამეს (ვერ ვიხსენებ ვის).


საქართვგელოს მოსახლეობას იმ დროს არ შეეძლო აერჩია ტელეპროგრამა. ყველგან ერთი არხი მაუწყებლობდა.

სტუდიაში სამ სკამზე (მაგიდის გარეშე) სამი პრიალა შავტყავკურტკიანი წვერიანი მოღვაწე დაჯდა.

სურათი 1937 წლის ტროიკას ინსცენირებას გავდა.

ილაპარეკეს თანმიმდევრობით. ერთი შინაარსით.
ცუდად ლანძღეს გამსახურდია, მოღალატე ეძახეს. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, უმაღლესი საბჭო სატანური ორგანიზაციააო (მოკლედ, აუნ სინრიკიოსთვის სანსეები იყვნენ).


ამ დროს მე, ჯერ კიდევ სტუდენტი ბავშვთა საავადმყოფოში ვმორიგეობდი საკუთარი სურვილით, გამოცდილების დასაგროვებლად. ამ გამოსვლას მიმღებში ვუყურე, უამრავი ადამიანით გარშემორტყმულმა.


შედეგი გითხრათ?


თუ გამოიცანით უკვე..

ხო, ეგრე მოხდა.
ყველამ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ხმის გამსახურდიასთვის მიცემა.
ყველამ; სანიტარმა, პროფესორმა, ავადმყოფის პატრონმა თუ თანმხლებმა ერთხმად თქვეს რომ ამ ხალხს საკუთარ მმართველად ვერ მოითმენდნენ და ერთადერთი საშუალება მათ შესაჩერებლად იყო გამსახურდიას არჩევა.


ასეც მოხდა.

საქართველომ გამსახურდიას მისცა მეტი ხმა, ვიდრე ეკუთვნოდა.
მრგვალ მაგიდას აღარ ჰქონდა საპირწონე, აღარ ჭირდებოდა მოლაპარეკებები და გათვლები.

იქნებ ის შეცდომებიც აქედან იყო, რომელიც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას დაედო არგუმენტად.


არადა...
არადა იქნებ ვიღაც უცნობი ტელევიზიის იმ საღამოს რედაქტორი (თუ პასუხისმგებელი მორიგე რედაქტორი) რომ ყოფილიყო საკმარისად წესიერი და საკმარისად პრინციპული, იქნებ, იქნებ...


იქნებ...

Tuesday, July 15, 2008

ფოლკლორი 1995





ფოლკლორი 95


-მე ლიფტი არ მჭირდება, ფეხით დავდივარ და ლიფტის ფულს არ გადავიხდი.


-ლიფტის ფულს თუ არ გადაიხდიან ქვედა სართულელები, მაშინ მე ნაგვის ფულს არ გადავიხდი სანამ ბუნკერი ჩემს სართულამდე არ ამოვა.


-შოფერ, უკანა კარი გააღე! რა, უფულოდ რომ მინდოდეს ჩასვლა, წინიდან ვერ ჩავალ?

-გადაიწიეთ, შუაში თავისუფლებაა.


იუმორი 95

-შენი მკვდარი გვათხოვე, ჩვენ გავასვენებთ ჩვენს ქუჩაზე 3 კვირაა დენი არ ყოფილა და პანაშვიდების დროს მოგვცემენ.

-ოხ გავიყინე კაცი. ზაფხული მოვიდეს და ჩემდათავად ჩრდილში დამდგომის..

-ჩვენი უბნის ელექტრიკი მოკვდა, რა იცი?
აბა მესამე დღეა დენი არ გამოგვრთვია, ესე იგი ჩართო და მოკვდა.

ევრიკა95

3 ლიტრიანი "ონას" ქილას ქვემოდან გაუკეთეთ ნახვრეტები, შიგ ჩაყრილ ფიცრებს ცეცხლი წაუკიდეთ აივანზე და სადილიც შეგიძლია გააკეთო.

შუქის მოპარვა ეზოს განათებიდან - დაღამებისას ანკესით სადენის გადაგდება, დილით აღება და დამალვა. 6 ვატიანი ნათურები, რომელიც გამორთულ ქსელშიც ანათებს

ინდივიდუალური წყლის საქაჩები.

სუროგატები 95

დამჟავებული პურის ხაჭაპპური და აჩმა, ნამცხვარი სიგუა, სოიოს კატლეტი, პეჩენიის ტორტი-ჩინური ტორტი. კარტოფილის ჩაქაფული, კარტოფილის ხინკალი, სოიოს ყავა. ხორცის ჩირი, კვერცხის ფხვნილი.

Tuesday, May 13, 2008

გორის ცა






ფოტოაპარატის არქონა ორჯერ ვინანე.

ერთხელ როდესაც თბილისიდან ჭიათურაში მიმავალმა ხეობაში ჩამწკრივებული ფაცხა რესტორნების გვერდზე, სტუმრის მისაზიდად გალიებში გამომწყვდეული საცოდავი დათვების რიგის მანქანიდან ცალი თვალით თვალიერებისას გადავაწყდი ასეთ სცენას.

მწვანე ლორთქო ბალახიანი მოლი, ზედ ოჩიფეხებზე დადგმული გაურანდავი ტოტებისგან შეკრული გალია, ზომით დაახლოებით 2მეტრი X 1მეტრზე. გალია მიწიდან დაახლოებით ერთ მეტრზე იყო აწეული.

გალიაში გამწარებული ენაგადმოგდებული მგელი ბორგავს, გაუჩერებლად ტრიალებს. ბოლთას ცემს მეთქი, უნდა დამეწერა და მივხვდი, რომ ბოლთის ცემა უფრო ნელი და აუჩქარებელი პროცესია, მგელი კი ფაქტიურად გარბოდა ერთ ადგილზე.

და მთავარი!
ამ მწვანე ხასხასა მოლს, რომელზეც გალია იდგა 4-5 სარდელივით ვარდისფერი მსუქანი ღორი აუჩქარებლად ჩიჩქნიდა. მანქანაში რა თქმა უნდა არ მესმოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნებიერადაც ღრუტუნებდა რომელიმე ძირხვენასა თუ მატლის მოპოვებისას. არაფრად აგდებდნენ მგელსა და მის წრიალს. იქვე საქმიანობდნენ, გალიიდან 5 მეტრში.

ფოტოაპარატი არ მქონდა, მობილურები კი მაშინ, 1999 წელს ასეთი ჭკვიანები არ იყვნენ. ასეთ სცენას ვეღარ ვნახავ,

მას შემდეგ დათვებისა და მგლების დატყვევება და მათი წვალებით რესტორნის კლიენტების გართობა აკრძალეს.

მე კი, ეს სცენა აგერ ათი წლის შემდეგაც მახსოვს.

მეორე სანახაობა კი, რომელსაც ასევე "სასწრაფოთი" მგზავრობს დროს გადავაწყდი, იყო გორში 2002 წელს თუ არ ვცდები.

თურმე გორის უდენობით შეწუხებულ მოსახლეობას ასეთი გზა უპოვნია, სამხედრო მანქანაგენერატორებს ამუშავებდნენ და მისი გამომუშავებული დენი წვრილი სადენებით თითოეულ ოჯახში შეყავდათ. პირდაპირ ფანჯრებიდან რა თქმა უნდა. ასეთი ინდივიდუალური მავთულების გროვები კილომეტრებზე იყო გადაჭიმული და გორის უმეტეს ცას თითქმის ფარავდა.


მეგონა ახლა, 2008 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოში ენერგეტიკული კრიზისი და დაძლეულია და გორიც ცხინვალელების დასანახად საქართველოს მეორე სინათლის ქალაქადაა გამოცხადებული ამ სანახაობას ვეღარ ვნახავდი, მაგრამ ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია და გორელები თავის ამჯერად უფუნქციო მავთულხლართებს თურმე ვერ შელევიან და გორის შემოგარენის ცა ჯერ კიდევ ისე დაქსელილია.

ეს სურათები 2008 წელს გადავიღე. 2008 წელს 2002 წელი გადავიღე.

იმ ქვეყნის სურათებია, სადაც ადამიანებმა სახელმწიფოს გარეშე, ინდივიდუალური ენერგეტიკით ცხოვრება ისწავლეს.

Tuesday, May 6, 2008

1991 წლის აჯანყების იდეოლოგია


პოლუსები

1991 წელს ამბოხების იდეოლოგია, თუ იყო იდეოლოგია მაშინ საერთოდ, იდგა თბილისის ელიტის მოსაზრებებზე, ბუში უფროსის მხარზე ხელის თათუნის თანხლებით.

მაშინ თბილისში რამდენიმე აზრმა გაიმარჯვა:

#გამსახურდია არ არის დემოკრატი, საქართველო ევროპული დემოკრატიის ღირსია.

#გამსახურდია და ესე იგი საქართველოც მის გამგეობაში პათეტიკური იდეოლოგიის ტყვეობაშია.

#მათ გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა რუსეთის შესაშინებლად რითაც კარაქისა და ძეხვის გზა გადაკეტეს ჩემს მაცივრამდე.

#საქართველო და გამსახურდია მარტოა რუსეთისა და ამერიკის წინაშე. ე. ი. წაგებულია.

#გამსახურდიას მეუღლე ერევა სახელმწიფო საქმეებში. საქართველო მათ თავისი კანტორა ხომ არ გონიათ?

#მშიშარა გამსახურდიამ ძვირიანი დაჯავშნული მერსედესი იყიდა სახელმწიფოს ფულით, ჩემი ფულით.

#ის ხალხი ვინც გამსახურდიას გვერდზე ედგა, განუდგნენ მას, ალბათ ჩემზე კარგად იციან რომ გამსახურდიას პრეზიდენტობა არ შეიძლება.

#გამსახურდია თავის პირად მტრებს გია ჭანტურიას, გოგა ხაინდრავას, ჯაბა იოსელიანს სახელმწიფოს ძალით ციხეში სვამს.

#გამსახურდიას ხელისუფლებამ კინოს სახლთან მიტინგის დარბევისას იარაღი ისროლა და 3 ადამიანი დჭრა.

#გამსახურდია თავისი რიტორიკით გვიმხედრებს არაქართველებს.

მოკლედ, მე ამ მოსაზრებების კოლაჟში უმთავრეს ღერძად მიმაჩნდა თბილისის საზოგადოების ბუნებრივი, ლოგიკური პროტესტი ავტორიტარიზმზე.

ქართული საზოგადოებრივი აზრის ხერხემალს, ინტელიგენციას (მაშინ ძალიან უყვარდათ ეს სიტყვა) მართლაც შეეძლო ებრძოლა უფრო დემოკრატიული საქართველოსათვის, ებრძოლა რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით.
მაგრამ მაშინაც აზვირთდა ეგზალტირებულ-ისტერიულ-შურიანი მასა რომელმაც ეს ელიტის მიერ შექმნილი იდეოლოგია გამოიყენა სამხედრო გადატრიალებისათვის. ბრძოლის ბედის გადამწყვეტელი იარაღი კი რა თქმა უნდა რუსეთმა გაიღო.

ძალაუფლება ხელში ჩაიგდო არა თბილისის ელიტამ, არამედ სხვადასხვა კალიბრის ყაჩაღების ბრბოებმა, რომელთაც მოსვლის დღიდანვე დაიწყეს ომში სიცოცხლის რისკების კომპენსაცია ქვეყნის ათწლეულებით ნაკოწიწები ქონების, მრეწველობის, მეურნეობების საერთო საკუთრების ჯიბეებში გადანაწილებით.

შედეგი ყველას გვახსოვს, სიღატაკე, პურისათვის ღამეული რიგები, ავტომეტების გაუთავებელი კაკანი, ქარხნების გაყიდვა ჯართის ფასად, სახელმწიფო სტრუქტურების რღვევა და კორუფცია, წაგებული ომები და ნახევარი მილიონი ლტოლვილი..

სიკვდილები!
.
.
.

.. დემოკრატიის დაკონსერვება, სხვაგვარადმოაზროვნეთა მიტინგების ავტომატებით დახვრეტა, ცენზურა და რეპრესიები, "სეთურის ხალხის" იარლიყი ყველასათვის ვინც მათთან არ იყო, რუსეთის კლანჭებქვეშ გატრუნვა, რუსეთის ეკონომიკისათვის მართვის სადავეების მიცემა და ა. შ.

არავითარი დაახლოება ევროპა ამერიკასთან.
პირიქით საქართველომ დაიმსახურა ათწლიანი დამღა ევროპა-ამერიკის თვალში - ეს ბხუტუს ტომი ევროპის განაპირას, ისევ რუსეთმა ჯობია მართოსო.

მოკლედ, რას ვამბობ.

1991 წლის თბილისური აჯანყების იდეოლოგია: დემოკრატია, არაძალადობა, გახსნილობა, გამჭვირვალეობა, ევროპა-ამერიკაზე ორიენტაცია, საქართველოს 100%-ით საწინააღმდეგოდ მოუბრუნდა.

დღევანდელი ელიტის ("ცნობადი სახეები", ხელოვანი ავტორიტეტები, ჟურნალისტები, ე. წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები) იდეოლოგია: მეტი დემოკრატია, არაძალადობა, ნაკლები კლანურობა და სხვა, შეიძლება მართლაც გულწრფელი კეთილი სურვილები იყოს, მაგრამ დღევანდელი ოპოზიციის გამარჯვებით ისევ ის ხალხი მოვა სათავეში ვინც 1991 წლის შემდეგ ქვეყანას ძიძგნიდა და 2003 წლის შემდეგ თავის დროს კბილების კრაჭუნით ელოდება.

Friday, May 2, 2008

"გაიხსენე ახლო წარსული და ისე მიიღე გადაწყვეტილება".


ერთერთი ოპოზიციური დეპუტატობის კანდიდატის სარეკლამო სლოგანია "გაიხსენე ახლო წარსული და ისე მიიღე გადაწყვეტილება".

გამიჩნდა სურვილი ჩავკითხოდი, კერძოდ რომელი ახლო წარსული უნდა მივიღო ორიენტირად. საიდან უნდა მოვთვალო წარსული? ფარნავაზიდან, ერეკლე მეორიდან, გასაბჭოებიდან თუ პერესტრკიდან?

ჩემი არაკლასიფიცირებული, არაკვალიფიციური და სუბიექტური შეფასებით, როცა ლაპარაკი ქვეყნის წარსულზეა, ახლო წარსული 1991 წლიდან იწყება. მეც ამ კანდიდატის მსგავდ ვბრაზობ როცა ვაწყდები სიტუაციას სადაც ხალხს საკუთარი ახლო წარსული (ჩემ შემთხვევაში 1991 წლიდან მოყოლებული წარსული) დავიწყებია და მძიმე გამოცდილება წყალს უნდა გაატანოს.

მაგრამ ჩემგან განსხვავებით ამ ხსენებული კანდიდატის ახლო წარსული თურმე ლოზუნგის "არა ძალადობას" გამოჩენიდან იწყება.

ჩემთვის ის წარსული, რომელიც თურმე ჩემი გადაწყვეტილებისათვის ორიენტირად უნდა მივიღო ძალიან ხანმოკლეა.

ბავშვობის ბაკურიანიდან მახსოვს. მარხილის ცხენებს თვალებზე ისეთ ტყავის გაუმჭვირვალე სათვალეებს უკეთებდნენ გახედვა მხოლოდ წინ, მედროგის სასურველი მიმართულებით რომ შეძლებოდათ.



მე მგონი წინასაარჩევნოდ პარტიების უმრავლესობამ ეს ტაქტიკა აირჩია - შეაბან თვალთახედვის შემამცირებელი ტყავის სათვალეები ამომრჩეველს და ამით შეუმცირონ ანალიზის უნარი.

თითქოს 15 წელი ისეთ ქვეყანაში არ გვეცხოვროს, რომელიც ვერ ახერხებდა პოლიციელთათვის მებაჟეთათვის, სამხედროთათვის, პროკურორთა და მოსამართლეთათვის ხელფასის მიცემას, სადაც ყველა კერძო ინტერესი (გარაჟის მიშენება მრავალსართულიან სახლზე თუ სპორტული მოედნის ნარჩენზე) ყოველთვის იმარჯვებდა საერთო ინტერესზე. სადაც შიდა ომების მთელმა კასკადმა უამრავი ადამიანი შეიწირა და უამრავი ომგამოვლილი კი ომისშემდგომი დეპრესიითა და ნარკომანიით სამუდამოდ სოციალურ გვამად აქცია.
სადაც ქვეყნის ტაქტიკოსებმა და სტრატეგებმა საქართველოს სახელით ომები წააგეს და გამარჯვებულ სეპარატისტებს საზღვარზე რუსეთის მესაზღვრეები დაუკანონეს. რითაც დღეს საქართველო ხელფეხშებორკილი დატოვეს, სადაც პრეზიდენტობდა კაცი რომელმაც თქვა არ დავბრუნდები, გადაფურთხებულს არ ავლოკავო და.. დაბრუნდა. გამოაცხადა კაზინოებს დავხურავო და.. ვერ დახურა, თქვა აშენებულ სახლებს ხალხს ხომ ვერ წავართმევ, 37 წელი ხომ არ არისო და.. ვერც წაართვა. სადაც აჭარის საზღვარზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მანქანასა და იარაღს ატოვებინებდნენ, კოდორის ხეობაში კი პოლიციისა და ხელისუფლების გარეშე დარჩენილი შეიარაღებული და უკონტროლო ყაჩაღები წელიწადში 20-ზე მეტ ადამიანს კლავდნენ,სადაც სახელმწიფო თავზე ნაცარს იყრიდა, კი გაგაღატაკეთ, უსახლკაროდ დაგტოვეთ, მიწები დაგიკარგეთ, ხელფასს ვერ გაძლევთ და ჭაობშიც ყელამდე სტაბილურად ვართ ჩაძირულები, მაგრამ კეთილი ადამიანები ვართ და ხელს არ შეგიშლით ივაჭროთ გზაჯვარედინებზე, აიღოთ ქრთამი, შეჭამოთ ბაჟი თუ დეღეგე, დაგეგმოთ ბიზნესი მუდმივი კორუფციული გარიგებებითო.
ის რაც ჩემთვის სრული კოშმარი იყო, ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის, როგორც აღმოჩნდა დისკომფორტს არ ქმნიდა ახლო წარსულში.


მე აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში. შენ?

Tuesday, April 29, 2008

ტუბერკულოზური მენინგიტი







არ მიყვარს სიტყვები "მეზიზღება", "ვერ ვიტან".
მიმაჩნია რომ ზედმეტად ემოციური და ნეგატიურია.
ჩემს შვილებს ავუკრძალე ეს სიტყვები და მიჯერებენ.
"არ მომწონს", "არ მიყვარს", "ცუდია" უკეთესი სიტყვებია.

მაგრამ არის სიტუაციები რომელთაც მოლოდ ეს ცუდი სიტყვები შეესაბამება.



1993-1996 წლებში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ვმუშაობდი ავადმყოფ ბავშვთა დაახლოებით მესამედი ტუბერკულოზური მენინგითით იყო ავად. მათი დიდი ნაწილი იღუპებოდა, ზოგი სამუდამო ინვალიდად რჩებოდა.ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები იმდენად ხშირი იყო, რომ დიაგნოზებს ექიმის გარეშე, ექთნებიც სვამდნენ. დაავადებულები 1991 წლის შემდეგ იყვნენ დაინფიცირებულები და მათი ასაკი ჩვილობიდან 2-3 წლამდე მერყეობდა.


საქმე იმაშია რომ, იმ დროინდელმა ტერორისტულმა ცვედანმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ახალშობილთა აცრა ანტიტუბერკულოზური - კალმეტ-გერენის (ბეცეჟე) ვაქცინით.

აი ვინც იმ დროს ბავშვთა ვაქცინაციაზე იყო პასუხისმგებელი და ჯანდაცვის სამინისტროს კაბინეტის კარს სამუშაო დღის ბოლოს მშვიდად იხურავდა, ის ადამიანი მეზიზღება.

Sunday, April 6, 2008

ბუშები



მამა ჯორჯ ბუშმა 1990ში მოსკოვში ვიზიტისას გორბაჩოვის საამებლად განაცხადა გამსახურდია მდინარის აღმა მიცურავსო.

ამ განცხადებას მოჰყვა ქართული ინტელიგენციისა და ელიტის დარაზმვა გამსახურდიას წინააღმდეგ.

მართალია გამსახურდია სამხედრო აჯანყების შედეგად იქნა გადაგდებული, მაგრამ იდეოლოგიია ამ აჯანყებულებს სწორედ ბუშით ზურგმოცემულმა ამ ელიტარულმა ჯგუფმა შეუქმნა.


ამრიგად მამა ბუშმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა 1991 წლის სამხედრო გადატრიალების იდეოლოგიური წინაპირობების შექმნაში.

თავისთავად ჯორჯ ბუშის ამ განცხადებას აჯანყება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ქართულ ისტერიულ-ფატალისტურ ბუნებას დაემატა რუსული იარაღი აჯანყებულების ხელში და მან სწორედ ასეთი გაგრძელება ჰპოვა.

1991 წლის სამხედრო გადატრიალებამ საქართველო 15 წლით გადააგდო ქაოსსა და კორუფციაში.

2003 წელს თბილისს ჯორჯ ბუში, უკვე ჯორჯ ბუში უმცროსი ეწვია. ეს ვიზიტი საქართველოს რეიტინგის, მსოფლიოში ადგილისა და პერსპექტივისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ბუშმა ამ ვიზიტით 9 მაისს მსოფლიოს ლიდერების მასპინძელი პუტინი გაანაწყენა, 9 მაისს საღამოსვე გამოფრინდა მოსკოვიდან თბილისისკენ. მაშინ ვამბობდი შვილი ბუში ცდილობს მამის ცოდვის გამოსწორებას მეთქი.
დღეს, მას შემდეგ რაც ბუქარესტის ნატოს სამიტი დამთავრებულია, კვლავ ის ჩემი შეფასება მახსენდება - ჯორჯ ბუში უმცროსი მამის ცოდვის გამოსყიდვას აგრძელებს და.. იქნებ გამოისყიდოს კიდევაც.

დაველოდოთ.

რაც შეეხება ბუშის ადგილს მსოფლიო ისტორიაში, გავრცელებული სარკასტული და კრიტიკული რეპორტაჟების მიუხედავად, მე ამ ადამიანს ასე ცალმხრივად არ ვაფასებ.

ბუშმა 2 ისტორიული ომი მოიგო, ავღანეთთან და ერაყთან. ორივე ეს ქვეყანა მსოფლიოს კიბოდ იყო ქცეული ბოლო 20 წლის განმავლობაში. რუსები მათ დაუმარცხებლებად აფასებდნენ და ხელებსაც იფშვნეტდნენ
ამერიკის შესაძლო დამარცხების მოლოდინში.

ამერიკას ჯერ ძალიან ტკივა ეს ომები:

*ერაყთან ომში დაიღუპა 4000 (ოთხიათასი) ამერიკელი სამხედრო. 4000-მა ამერიკელმა თავისი ამერიკული სიცოცხლე თავისი ამერიკული პენსიის პერსპექტივით შესწირა ამ, ქართველოსთან 400 და ამერიკიდან 8000 კილომეტრით დაშორებულ ქვეყანაში ტირანიის დამარცხებას. მათ დაამარცხეს 1000000 მებრძოლიანი ფედაინების ერაყული არმია.


*დახარჯულია 800 მილიარდი დოლარი. ე. ი. თითოეულმა ამერიკელმა ერაყითვის გაიღო 2500 დოლარი.


*ამერიკელებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს დემოკრატიის აშენება ერაყში და ავღანეთში, მაგრამ სახელმწიფოს დონის ტერორიზმ-ფუნდამენტალიზმი ორივე ამ ქვეყანაში აშკარად აღკვეთილია.

ამერიკისა და ევროპის კომფორტული მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუშში ხედავს ამ პრობლემების, დიდ განცდებისა და ხარჯების მიზეზს, რაც მათ არაფერში არ სჭირდებათ.

მაგრამ, გმირს დრო აჩენს, აბელ არავიძეს კი არ უთქვამს პირველად.

შვილმა ბუშმა ამ უცაბედად დაპატარავებულ და საფრთხეებით აღსავსე მსოფლიოში ორი ომი მოიგო. მოქილიკე ჟურნასტები და ოპოზიციონერები ისტორიის სახელმძღვანელოში არ დარჩებიან.

Thursday, April 3, 2008

გადააგდება გადადგომა




გამსახურდია გადააგდეს და ქვეყანას საშინელი მსხვერპლი და შინაომები დაატეხეს. შევარდნაძე გადადგა, და ქვეყანამ ევროპული და მსოფლიო საზოგადოებისაგან მხარდაჭერა მიიღო. "ვარდების რევოლუციაზე" ერთი ადამიანიც კი რომ მომკვდარიყო, საქართველოს ესეთი მხარდაჭერა არ ექნებოდა.

ეს ერთი ადამიანი თვითონ შევარდნაძე რომ ყოფილიყო საშვილიშვილო სირცხვილსა და ცოდვას ავიღებდით არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ მთელი ერი.
ეს ისტორია ისეთივე სამუდამო დაღი იქნებოდა ქართველებისათვის როგორც ჩაუშესკუ რუმინელებისათვის, ჩარლზ Iდა კრომველი ინგლისელებისათვის, ნიკოლოზ II რუსეთისათვის.
მადლობელნი უნდა ვიყოთ რომ ამ ცოდვას ავცდით. ავცდით 4 პოლიტიკოსის ერთობლივი გონიერებით, პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით.

მოდი შევარდნაძესაც ნუ დავუკარგავთ ამ ნაბიჯს. ეს მისი ღირსეული ნაბიჯი იყო.

გადადგომის შემდეგ ის არ წასულა გენშერთან და იქიდან არ განუცხადებია - მე საქართველოში რაც განვაცხადე იმ დროს მარცხენა ხელზე "ნიჩურიკი” მქონდა და არ ითვლებაო.

ოქრუაშვილს შევარდნაძემდე ხომ ბევრი უკლია, პოლიტიკოსობაშიც და კაცობაშიც და აბდულა ოჯალანსაც ვერ მისწვდრბა კაცობით.

აბდულა ოჯალანი მხოლოდ სასიკვდილო განაჩენისა და ბნელ საკანში 6 თვე ჯდომის შემდეგ გატყდა და ქურთისტანის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე უარი განაცხადა.

Sunday, March 23, 2008

18 ნომერი ტროლეიბუსი.1994 - 95 წ.



ნომერი18 ტროლეიბუსი








View Larger Map">MAP



1994 თუ 95 წლებში ვაკეში ტროლეიბუსების სპილენძის მავთულები მოიპარეს და საბურთალოდან მომავალი ტროლეიბუსი ნომერი18-ის მარშრუტი შეამცირეს ვაკის პარკამდე. ე. ი. საბურთალოდან მომავალი მგზავრი ვაკის პარკთან უნდა ჩამოსულიყო და სხვა ტრანსპორტით, მრშრუტკით ან ავტობუსით გაეგრძელებინა გზა.



ეს ის წლები იყო როცა უდენობას, ულიფტობას, უწყლობას, უგაზობას, უტრანსპორტობას კბილზე კბილის დაჭერით ვუძლებდით, ან ვერ ვუძლებდით. მიტინგები და მანიფესტაციები ვიღას ახსოვდა, ხალხი გაოგნებული იყო ომების წაგებითა და მხედერიონი-გვარდია თუ რაღაც ჯანდაბა საძმოების თავხედობით.



ჰოდა ეს დროა და წყნეთის ქუჩიდან ამოსვლისას რამოდენიმეჯერ დავინახე, რომ ვაკე საბურთალოს აღმართიდან ვაკის პარკისკენ ადამიანების დიდი ჯგუფები, თითქმის დემონსრტაციები მოძრაობდნენ.

არა, განწყობით მანიფესტანტებს არ ჰგავდნენ; ჩვეულებრივი დაბოღმილი სახეები, ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, უმეტესობა რაღაც ჩანთებს მოათრევდა საწინააღმდეგო გვერდზე გადახრილი, ეს სცენა პირველად რომ დავინახე მართლაც მანიფესტაცია მეგონა მაგრამ რამდენიმეჯერ რომ განმეორდა დავინტერესდი და სიმართლეც შევიტყვე.



18 ნომერი ტროლეიბუსი, რომელსაც მგზავრები ვაკის პარკამდე მოჰყავდა უკან დღევანდელი "ქართუბანკის " შენობასთან ბრუნდებოდა. ეს შენობა მაშინ მხედრიონის იყო და თავის მანქანებსაც ამ შენობის წინ აჩერებდნენ. ტროლეიბუსები შემობრუნებისას თითქმის ებჯინებოდნენ მათ მანქანებს და ხშირად უკან დახევაც უწევდათ შემოსაბრუნებლად. თურმე ერთხელ ერთი ტროლეიბუსი იქ გაჩერებულ მხედრიონელის მანქანას დაჯახებია. რაც მოყვებოდა ამ ამბავს ადვილი წარმოსადგენია. მძღოლი უცემიათ და ტროლეიბუსების იქ მობრუნება აუკრძალიათ (სიტყვიერადაც საკმარისი იქნებოდა) მას შემდეგ ტროლეიბუსების მარშრუტი კიდევ უფრო დამოკლებულა და ტროლეიბუსები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს აღმართის ზედა მხარეს უკან ბრუნდებოდნენ. მგზავრებს (ხნიერს თუ ახალგაზრდას , ქალს თუ კაცს, ტვირთიანებს თუ უტვირთოებს, ბავშვებსა და ორსულებს) 400 მეტრი მანძილის ფეხით გავლა უწევდათ.

ის ბოღმა რაც ამ ადამიანებს თვალებში ედგათ ახლაც მახსოვს. ითმენდნენ, ბოლომდე მოითმინეს, გულშემატკივარი და წინამძღოლი ავტორიტეტები მაშინ ყველა ერთბაშად იმ მხედრიონის ქებაში იყვნენ და .. იარეს ასე 6 თვე დაახლოებით სანამ ვაკეში მიმავალი ტროლეიბუსის მარშრუტი არ აღდგა.

Thursday, March 20, 2008

გრამბლინგ, გრამბლინგ ენდ გრამბლინგ!




1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ერთადერთ რადიოში მოწვეული ჰყავდათ ამერიკელი პოლიტიკოსი სტუმარი. თემა იმდროინდელი საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ინტერვიუ სინქრონული თარგმნით მიდიოდა და ინგლისური ტექსტიც ისმოდა. ეს სიტყვა გრამბლინგ იმ დღეს ვისწავლე და ჯერ არ დამვიწყნია. შეკითხვაზე, რას გვირჩევ ქართველებსო სტუმარმა უპასუხა თქვენი ხსნა არისო გრამბლინგ, გრამბლინგ ენდ გრამბლინგ-ო. დავცქვიტე ყურები ეს რა ჯადოსნურ შელოცვას გვასწავლის ეს კაცი, სიმსიმ გაიღესავით სრულდება თქმისთანავე ალბათ მეთქი. მთარგმნელმა გაგვიმარტა "თქვენ ხსნაა ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო".
კაიფობს მეთქი ვიფიქრე, რა ენაღვლება დალაგებული მდიდარი ქვეყნის შვილს აქ ჩვენ რომ ნერვები უნდა დავიწყვიტოთ მეთქი. პირიქით მეგონა გვირჩევდა,- ყველა მხარემ დაიცავით ეთიკის ნორმები, არ მისცეთ მეტოქეს გაბრაზების საბაბი, გამოხატეთ კონსტრუქციულობა და სოლიდარულობა ქვეყნის ძირითადი გეზის მიმართ.
ეს მეგონა უნდა ყოფილიყო გულშემატკივარი მხარის გულწრფელი რჩევა და რა.. ამან ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო.
იმ დროს ბუზღუნი ნამდვილად აკლდა ჩვენს ყურებს. იყო საბრძოლო პატრიოტული, იმპერიის შემმუსვრელი პათეტიკა ერთ მხარეს და თბილისის ნაწილი და მოღალატე გვარდია მეორე მხარეს. ბუზღუნის უხეშ ენას ზრდილმა და პრინციპულმა ქართველობამ (ქართველობა რა შუაშია), რუსეთის მიერ შეიარაღებულმა ოპოზიციონერებმა ვაჟკაცური ომი არჩია და.. საქართველო ისტორიის სანაგვეზე გადააგდო 10 წლით.
დღეს ბუზღუნი აშკარად არ გვაკლია, გვაკლია კი არა ყელამდე ჩაფლულნი ვართ ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ უცნობი მორბენალი სტრიქონების ავტორთა უზრდელობითა და ღრიტინით. რა ვიცი იქნებ დღეს სწორედ ეს გვშველის?

Wednesday, March 19, 2008

აგრესიის პანდემია 1991-1993




ქართველებს არა გვაქვს ყველასთვის გასაგები და მარტივი არგუმენტები სეპარატისტების წინააღმდეგ. კოკოითი ამბობს - თქვენ, ქართველებს რომ არ დაგეწყოთ ომი ახლაც ერთად ვიცხოვრებდითო.

გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. საბჭოთა კავშირის ნგრევა მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. იმპერია რომელიც 4 თვის წინ მთელი დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა 6 თვიან გაფიცვას მართავდა, უცებ რეალური დაშლის წინააშე აღმოჩნდა.
მან ყველა რესპუბლიკაში წარმატებით შეძლო ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ახლა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ სსრკ რღვევის პარალელურად, ყველა რესპუბლიკის მიერ საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე ზრუნვა დროის მოთხოვნა იყო და არა ამბიციური ექსტრემალების აგორებული ტალლღა. საქართველოში განვითარებული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლად მართვა წარმოადგენდა, ასევე ბუნებრივი და დროის მოთხოვნით აღმოცენებული მოვლენა იყო. ეს პროცესები არ იყო მიმართული ეროვნული უმცირესობების საწინააღმდეგოდ, ის იყო მიმართული იმპერიის წინააღმდეგ.

ანალოგიური პროცესები განვითარდა მონოეთნიკურ ქვეყნებშიც; სომხეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ბელორუსში.

ეროვნებათაშორისი ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით ურთულესი ფენომენია და მის ჩამოყალიბებასა და დარეგულირებას განვითარებულ ქვეყნებშიც კი საუკუნეები დასჭირდა. ისტორიას მრავლად ახსოვს შიდა ომები დევნა და რეპრესიები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ბევრი სისხლი, აგრესია, ჩაგვრა და უსამართლობა გადააგორა საუკუნეების განმავლობაში იტალიურ-კორსიკულმა, ესპანურ-ბასკურმა, ინგლისურ-შოტლანდიურმა, ფლანდრიულ-გერმანულმა ურთიერთობებმა სანამ ამ ხალხებმა ის წავლეს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის უფლებების დაცვის საერთო პასუხისმგებლობა.

საქართველოს ქართველთა ბუნებრივი, ისტორიული ტოლერენტობის გათვასწინებით შეეძლო შედარებით მცირე დროში, უმტკივნეულოდ დაერეგულირებინა ურთიერთობები ავტონომიებთან მაგრამ რუსეთმა ჩვენ არ მოგვცა საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აგვემუშავებინა სახალხო დიპლომატია.

რუსეთმა თითქმის ყველა რესპუბლიკაში სადაც ავტონომიები იყო მოახერხა დაეყენებინა საკითხი ასე, ავტონომიებში რჩება კომუნისტური მმართველობა მოსკოვის ქვეშევრდომობაში, თქვენ რესპუბლიკებმა, ან უარი თქვით დამოუკიდებლობაზე, ან შეეგუეთ თქვენი სახელმწიფოს ავტონომიური რესპუბლიკების დაკარგვას. ავტონომიურ რესპუბლიკებში რა თქმა უნდა იყო სიახლის, ახალი უცნობი პოლიტიკური წყობის შიში, მაგრამ იმისათვის რომ ხალხს იარაღი აეღო ხელში და მკვლელობები და ქართველების საცხოვრებლიდან გამოყრა დაეწო რუსეთის წაქეზება დასჭირდა. ფაქტიურად საზღვარი რუსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის ავტონომიების საზღვრებს დაემთხვა.

საკუთარი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ყველა ადამიანის ისტორიული ვალია მთელს მსოფლიოში, და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უბრძოლველად დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. შეიძლებოდა თუ არა რომ ეს ბრძოლები წარმართულიყო უსისხლოდ, პოლიტიკურ ჩარჩოებში. გაიხსენეთ თქვენი მაშინდელი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ..
იმ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი სიმწვავით დადგა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხი და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნების დაპირისპირებული მხარეები უყოყმანოდ, შიდა აზრთა ჭიდილისა და განსჯის გარეშე გადაეშვნენ ძმათამკვლელ როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე ეროვნებათშორის ომებში. ასეთმა შიდა ომებმა 1990-1993 წლებში მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიის- პანდემიის (გადამდები დაავადების) სახე მიიღო. მან მოიცვა არა მარტო ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, არამედ აღმოსავლეთი ევროპა და აზია. პოლიტიკური გზით პრობლემის მოგვარება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეებისაგან მოითხოვდა ტოლერანტობას, მოთმინებას, დროს და თუნდაც ნაკლებად დრამატული შეცდომების გამოცდილებას, უარყოფილი იქნა არა მხოლოდ კავკასიაში ქართული, აფხაზური, ოსური, რუსული, ჩეჩნური, სომხური, აზერბაიჯანული, არამედ ევროპაშიც მოლდავური, სერბული, ხორვატული, ბოსნიური და სხვა საზოგადოებების მიერ.

ერთადერთი საზოგადოება, რომელმაც შეძლო სამხედრო დაპირისპირება აეცილებინა თავიდან იყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხეთის საზოგადოებაში და მთავრობაში არ გაიმარჯვა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით სამხედრო ქმედებების აზრმა. თუმც საღი აზრისაკენ ჩეხეთის საზოგადოებას რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა; მოპირისპირე მხარეს იდგა მრავალმლიონიანი, თითქმის თანაბარი მოსახლეობისა და ტერიტორიის მქონე სლოვაკეთი. ჩეხოსლოვაკეთი დასახელებიდანვე ჩანდა რომ იყო ორი თანაბარუფლებოვანი ქვეყნის გაერთიანება ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროდ საქართველოს ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა ვერ მოახერხეს ვერ გამოავლინეს სიმწიფის ის ხარისხი, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ ძმათამკვლელი აგრესიის პანდემიას.

ქართული საზოგადოების სისუსტეს რამდენიმე წინაომი განაპირობებდა. შიდაომებს წინ უძღვოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული რამდენიმე ძლიერი ფსიქოლოგიური ომი. ეს ომები იყო ხანგრძლივმომქმედ შედეგებზე კარგად გათვლილი. ამ ომების ერთერთი მიზანი ქართული საზოგადოებრიობის დასუსტება იყო. საზოგადოებას ავტორიტეტები წარმართავენ. სოციალისტურ პერიოდში არსებულ ელიტარული პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენცია მნიშვნელოვნად წარმართავდა საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი კვლავ საბჭოთა ფილტრში გატარებული ავტორიტეტების ხელში დარჩა. ამას დაემატა 9 აპრილი, რუსეთის სამხედრო ძალის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც 18 მოქალაქის, მათ შორის ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.

ეს ოპერაცია დღემდე არ დაგმობილა რუსეთის მიერ. ჩვენ მაშინ ვფიქრობდით რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გმობს 9 აპრილს ჯარის მოქმედებას, თვლიდა რომ ეს მძიმე შეცდომა იყო და ნანობდა, მაგრამ წლების გადმოსახედიდან ჩანს, რომ რუსეთმა ამ სამხედრო ოპერაციით დაგეგმა არამარტო მოედნის გათავისუფლება და პოლტიკურად აქტიური ხალხის დაშინება, არამედ მთელი მოსახლეობის პოლიტიკური რადიკალიზაცია, რევანშის იდეით დამუხტვა და შესაბამისად პოლიტიკური წონასწორობის დაკარგვა. სწორედ 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ რუსეთის მიზანმიმართული და უტიფარი ქმედებებით შეურაცხოფილი და იმედგაცრუებული მოსახლეობა წავიდა რადიკალურ ნაბიჯზე; თითქმის ერთხმად აირჩია პოლიტიკური სპექტრის ყველაზე რადიკალური წარმომადგენელი ზვიად გამსახურდია.


ამ დღიდან მოყოლებული ქართული საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას წინ ეღობებოდა;
გამსახურდიას ნაციონალისტური მთავრობა,
ავტორიტეტული ინტელიგენციის პოლიტიკური მოუმწიფებლობა და რადიკალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ,
მათ მიერ სამხედრო გადატრიალების დაშვება, წაქეზება და ხელშეწყობა,
შემდეგ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ტოტალური აგრესია და ტერორი. (ამ დროს მიტინგზე გამოსულ ადამიანებს ტყვიას ესროდნენ, ტელევიზიით კი სეთურის ხალხად მოიხსენიებდნენ.

შემდეგ საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალრიცხოვანმა შიდაპოლიტიკურმა თუ ეროვნებათშორისმა ომებმა, როცა სისხლმა და სიკვდილებმა ახალი ძალით დათრგუნეს განსხვავებული აზრი.

შემდეგ შევარდნაძემ რომელიც კაგებეს ხრიკების მეშვეობით ახერხებდა ავტორიტეტული ინტელიგენციის საკუთარ სამსახურში ყოლას.


საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 17 წლის შემდეგ, ქართულ საზოგადოებრიობას მხოლოდ 2-3 წლის ადგმული აქვს ფეხი (ადგმული აქვს რო?).

Monday, February 25, 2008

1993 წელსაც გვეგონა რომ

თუ არ იცი როგორ, შეიძლება ძირი გამიოთხარო და შენივე გათხრილში ჩავარდე

1993 წელსაც გვეგონა რომ ქართული გათიშულობა არ იქნებოდა გადამწყვეტი აფხაზებთან ომში, მაგრამ შევცდით - გადამწყვეტი აღმოჩნდა. დღეს ისევ ჩავერთეთ შიდა კინკლაობაში, წერას ატანილებივით ვცდილობთ ვატორტმანოთ საქართველო, თითქოს საქმე მობეზრებულ სერიალსა და მის პერსონაჟებს ეხებოდეს. მე მეშინია ამ ტორტმანის ერთერთ გაგრძელებად არ იქცეს ომი.
ოპზიციამ მოახერხა ხელისუფლების სამუშაო განრიგის აბურდვა, მოაკლო პრეზიდენტს თითქმის ორი წელი. მათ საქართველოს შემდგომ ბედზე უკვე იმოქმედეს იმედი მაქვს არა საბედისწეროდ.

Friday, February 22, 2008

მარგანცოვკისფერი "ფართუკები"


იმას ვინც შეწუხებული იყო საქართველოს უსუსურობით, ვისაც რცხვენოდა რომ ქართველ პოლიციელებს სექენდ ჰენდი გახუნებული, გაურკვეველი მარგანცოვკისფერი "ფართუკები" ეცვათ, რცხვენოდა რომ ქართველი ჯარისკაცები ცალცალი შინაური ფეხსაცმლით დადიოდნენ, რომ ქალაქების გზები ორღობეზე უარესი გასავლელი იყო, რომ ყველა ყოფილი სპორტმოედანი გარაჟებს ეკავა, რომ კერძო ადამიანების წვრილმანი ინტერესები (მივაშენო ლოჯი, ჩავდგა გარაჟი, დავაშენო სათავსო, ვიყიდო..) ყოველთვის იმარჯვებდა საზოგადოებრივ ინტერესებთან (შენობის, ქალაქის სილამაზე, გეგმარება, საბავშვო სკვერი თუ მოედანი ეზოებში). რომ ქვეყნის სახელით არაფერი არ შენდებოდა ( თუ არ ჩავთვლით დაუდგენელი დანიშნულების ბეტონის ნიშას ავლაბრის აღმართზე კლდეში რომელიც ერთი წელი შენდებოდა და ამის გამო ერთი წელი გზის ერთი ხაზი იყო გადაკეტილ). რომ ქვეყანას საბიუჯეტო დაწესებულებებში უხელფასო ე.ი. არაკომპეტენტური და კორუმპირებული მომსახურეები ჰყავდა. რომ სკოლებში ციოდა და მასწავლებლები მხოლოდ ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ინახავდნენ სკოლას, განათლებას როგორც ფენომენს. რომ ქართველი სპორტსმენები შიმშილის გამო საქართველოს ტოვებდნენ და სხვა ქვეყნების სახელით გამოდიოდდნენ. რომ საქართველოში ქუჩაში მოძრაობის წესებს არავინ იცავდა სამი მიზეზით 1.არ იცოდდნენ, 2.მართვის მოწმობა ნაყიდი ჰქონდათ, 3. თავხედები იყვნენ, ყოველ 30 მეტრში ერთხელ სხვა მძღოლის შეურაცხოფა ნორმა იყო, ვერ აზროვნებდნენ ,ვერ თვლიდდნენ 2-3 სვლიან კომბინაციას რათა წესიერად და ზრდილობიანად ევლოთ. რომ დედაქალაქის ერთადერთი შადრევანი თავისუფლების მოედანზე მხილოდ შაბათ კვირას ირთვებოდა და ისიც ჩავარდნებით. რომ ქვეყანაში უბრალო ხალხი ერთმანეთს ეუბნებოდა "მაგ მინისტრს რას ერჩი ძმაო შენ რომ იყო რა ნაკლებს მოიპარავდი?” ვისაც ეს ყველაფერი გაწუხებდათ დღეს რას ფიქრობთ?