10–17 მაისი.
ქუთაისი– ფოთი– ბათუმი– ხულო– ახალციხე– ახალქალაქი– წალკა– თბილისი
მონაწილეები:
ჰოლანდიელები: 40 ადამიანი, რომელთაგან ახალგაზრდა მხოლოდ 2-3- ს ეთქმის, უმეტესობა შუა ასაკში და ხანდაზმულია, ავტობუსში ადგილს რომ დაუთმობ. კაცები ქალებს ცოტათი აჭარბებენ, ვთქვათ 25: 15. ალკოჰოლი აიკრძალეს და არცერთს დაულევია. სიგარეტს ჩუმად ეწეოდა ერთადერთი ქალი. მხნეები, ხმაურიანები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ. ამტანები, პრინციპულები და კარგი ველომრბოლელები.
ქართველები – ვეტერანი და მოყვარული ბელოსიპედისტები – ალბათ 30 კაცი ( არცერთი ველომრბოლელი ქალი).
მე – ექიმი მანქანაში ორი სამედიცინო ზურგჩანთით. რომლის შემადგენლობაც საკმარისი არ აღმოჩნდა მონაწილეთა ყოჩაღად ყოფნისთვის, რის გამოც სამ სხვადასხვა ქალაქში შევიძინე წამლები.
მე კოლონას უკან მივდევდი მანქანით, სასწრაფს ლენდ კრუიზერით, და უკანა ჯგუფი, ანუ შედარებით ნაკლებ ამტანებს კარგად ვცნობ - მათგან მხოლოდ სამია ჰოლანდიელი, დანარჩენი ჩვენები.
ჩემთვის ახალი გეოგრაფიული პუნქტები/ დესტინეიშენები:
მახუნცეთი ხულომდე, ბათუმიდან სადღაც 35 კმ–ში, ულამაზესი ჩანჩქერით.
უნდა იკითხო, გზიდან არ ჩანს.
ხულო (ბათუმიდან ალბათ 100 კმ) ხულო– თაგო საბაგიროთი, ფანტასტიშ.
გოდერძის უღელტეხილზე აჭარული სოფლები
რაბათი ახალციხეში
პაციენტები:
ჯუმბერ ლეჟავას მარჯვენა ხელის ცერი აქვს მოტეხილი. ბათუმამდე არ დაუწუწუნია, ბათუმში ვახშმის წინ ცალყბად ჩემომჩივლა რაღაც მტკივა და გამისივდა ეს თითიო. სასწრაფოდ წავიყვანეთ საავადმყოფოში. სახსარშიდა მოტეხილობაა რათული. საოპერაციოა, პირველ რიგში კი თაბაშირია დასადები. ველორბოლის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი თქვა ექიმს თხოვს ისეთ პოზიციაში დაუფიქსიროს ხელი, რომ ველოსიპედის მართვა შეძლოს. შემდეგი საავადმყოფო - ახალციხე იქ განმეორებით კეთდება თაბაშირი, წინა გაცვეთილია, ჯუმბერი და ექიმი ახალ კონსტრუქციას პოულობენ თაბაშირისთვის, პრგრამა მინიმუმის შესასრულებლად - საჭის ჩაჭიდება და მუხრუჭისთვის ორი თითის მაინც მოძრაობის უნარის შენარჩუნება, იმავე მხარეს ველოსიპედს სიჩქარეების გადამრთველი აქვს, მაგრამ სიჩქარეების გადართვა ამ ხელით შეუძლებელია, თუმც უკვე შეეჩვია, მეოთხე დღეა სიჩქარეები მეორე ხელით რთავს, ამაზე ეხარჯება დრო, კარგავს სიჩქარეს, მაგრამ ახერხებს ტურის გაგრძელებას, მესამე თაბაშირი წაკლაში ახალ საავადმყოფოში. კმაყოფილია იმით,რომ საჭის ჩაჭიდების მიზანს თაბაშირის ეს ახალი ფორმა უფრო მიუახლოვდა. ტკივილგამაყუჩებლებს არ ღებულობს. სამაგიეროდ ჩვენი რეაბილიტოლოგი მასაჟისტები მისთვის საჩუქარია, პირველივე დღიდან აწუხებს ფეხის კუნთი, რომელზადაც მასაჟი ყოვდლ დღე უკეთდება.
კიდევ პაციენტები:
5-6 წვრილმანი საქმე რომ გამოვტოვო, დამრჩება სამი სტუმარი საშინელი დიარეით. ერთერთზე გადასხმა დამჭირდა. მხოლოდ მკურნალობის მესამე დღეს შეძლო ველორბოლაში მონაწილეობის გაგრძელება. სამივეს ჩემი ფულით ვუყიდე ენტეროლი და ლოპერამიდი. ერთერთს, ყველაზე შეწუხებულს (რომლისთვისაც გადასხმა მომიწია) სანდრა გულშემატკივრობს, მისი ამბის მოკითხვისას ორჯერ სახელითაც მომმართა, ბოლო კეთილია, მაგრამ ეს კეთილი ბოლო იგვიანებს და ცოტათი ნევროზულ სიტუაციას ქმნის. პაციენტი ჩემს მკურნალობას ჰოლანდიაში უთანხმებს ცოლს, ანტიბიოტიკიც დასჭირდა, ციპრო ვუყიდე და მხოლოდ მას შემდეგ დალია, რაც ჰოლანდიაში შეათანხმა. მანამდე მე ვთავაზობდი,დაველაპარაკები შენს ექიმს ავუხსნი მეთქი, გაეხარდა, მაგრამ აღარ დამალაპარაკა.
საბოლოოდ პაციენტებს ვიმეგობრებ, ხმაურიანი დემონსტრაციული პატივისცემის გამომხატველი მისალმებით მხვდებიან. რისთვისაც ჭირდება ველოტურს ექიმი - ტრავმების სამკურნალოდ, მხოლოდ ჯუმბერ ლეჟავაა. და ერთი ჰოლანდიელი, რომელსაც გადაყვლეფილი ხელის გამო ( აჭარაში წაიქცა) ანტიტეტანური ვაქცინაცია დასჭირდა და 72 სთ გათვალისწინებით თანხმობა მხოლოდ ახალქალაქში მოგვცა. ახალქალაქში საავადმყოფოში დაგვხვდა მთავარი ექიმი ნორიკა და ქირურგი რომლის სახელი არ ვიცი. სომხური კონიაკი დაგვალევინეს, უცხოელმაც მოწრუპა, აკრძალვის მიუხედავად, კარგი კონიაკი იყო.
ახალციხე.
რაბათი ახალციხეში. რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ ძირითადად თურქულია. დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც. ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება. სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი, ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით. საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული. ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან. აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია. მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.
ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო. სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა 1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.
ახალქალაქი
ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ. უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული. ხალხი იყო გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი. ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი. გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის რა რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული, სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი, ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან, მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა. პეიბოქსი ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის შეთავაზებებში. მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად. დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს. პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით. გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა. ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, ეხლა რომაა მოდაში " მიდი ბიჭო გიორგუნა " ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით. მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.
7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში. მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი. მე მოედნის უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს - " ფრეზიდენტ აა", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი ფეხით შემოიარა, მთელი ქალაქი აეკიდა. დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად. სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა. (ახალქალაქს თურქულ მანქანათა კოლონა სერავს და ხშირად თურქი მძღოლები სწორედ ამ ქალაქში ათევენ ღამეს ) .
წალკა
სუფთა სასტუმრო, რომლის არსებობა ეჭვქვეშ მედგა მთელი ველოტურის მანძილზე. სვანების რესტორანი "რიჰე" ბერძნული ეკლესია წალკაში, არისტოტელეს ბიუსტი მთავარ ქუჩაზე.ახალი საავადმყოფო – ჰოლანდიელი და ჯუმბერ ლეჟავა მყავდა მიყვანილი.
წალკა – თბილისი
ყველაზე ცუდი ასფალტის საფარი მთელს მარშრუტზე ( ხულო–გოდერძის უღელტეხილი– ადიგენს თუ არ ჩავთვლით) წყნეთშია.
თბილისი
ყველაზე ნაკლები ხალხი ჩვენს დასახვედრად გამოსული, ყველაზე ნაკლები.
Thursday, May 24, 2012
ველოტური
Posted by
cartwheel
at
6:24 PM
0
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, ხალხი
Wednesday, February 1, 2012
11.02.12 უნივერსიტეტში TED-ის საუბრები იმართება.
მესამე ივენთი რომელსაც დიდი სურვილის მიუხედავად ვერ დავესწრები.
პირველი ორი გავმაზე.
მეისი გრეის კონცერტი ბათუმში
ბრად მილდაუს კონცერტი თბილისში
11 თებერვალს უნივერსიტეტში ტედ-ის საუბრები იმართება.
TED.COM
სამივე ეგ ფაქტი საქართველოს ზრდის ჩემს თვალში, ანუ, მაინც ღირსია იმისა რომ ეგ ხალხი აქ ჩამოვიდნენ.
ტედის საუბრები სუპერადამიანების საკრებულოს პრეროგატივად მიმაჩნია.
მიხარია რომ თბილისში შემოუცდათ ფეხი. მაინტერესებს მაგრამ.. არ მცალია.
ჯილ ბოლტ ტეილორი
ბოლოს ნანახი სპიჩი, რომელიც მაგარი აღმოჩნდა, და.. რომელიც შუამდე ბანძობა მეგონა.
თუმცა თითქმის ყველა სპიჩი ეგეთია, კვანძი ბოლოში იხსნება.
Posted by
cartwheel
at
9:19 PM
1 comments
Labels: საზოგადოება, ხალხი
Friday, November 4, 2011
ორი საქართველო, არა, სამი საქართველო
კიდევ ერთი მცირე ბასტიონის კარები განიხვნა და ივანიშვილი შეუშვა თვისსა შინა.
ეს ბასტიონი არეშიძეა.
ცოტა ხნის წინ ასევე მცირე ბასტიონები, ანუ გარკვეული რეზისტენტობისა და ინდივიდუალიზმის მქონე ფიგურები, რომელთაგანაც ივანიშვილის მეტნაკლებად ობიექტურ შეფასდბას ველოდი, შალვა რამიშვილი და ლევან ბერძენიშვილი, გაბრძოლების ნიშნების გარეშე განერთხვნენ ბიძინას წინაშე და გუნდრუკის დიდი პარტია მოიმარაგეს.
ამ კაცს, არეშიძეს მე ვიცნობ როგორც ანალიტიკური ჭკუის პატრონს, პატრიოტს. მაგრამ იმდენად ბოროტ პრინციპულს არა, რომ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. ერთი გაფიქრება მისთვის მინდოდა ჩემი ხმის დელეგირება, იმდენად ვაფასებ.
მას შემდეგ რაც ივანიშვილმა 080808 მარტივად ახსნა, ჩვენი გიჟის შეცდომით, და ამით საქართველოს სამომავლო ისტორიულ სტრატეგიულ ანკესს, საჭირო ანკესს გადაგდება დაუპირა, განსაკუთრებით დამაინტერესა არეშიძის პოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ამ "აღმოჩენის" შესახებ.
მაესტროზე ვუყურე, ოღონდ არასრულად. არ ვიცი ახსენა თუ არა საერთოდ ივანიშვილის ის პოზიცია, არ ვიცი რა შეფასება მისცა,
მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს მისი აზრი ამ თემაზე, უფრო სწორედ, ნაკლებად მაინტერესებს.
რატომ? ივანიშვილზე ისაუბრა როგორც ხალხში იმედის გამღვიძებელ მშვიდ გაწონასწორებულ პოლიტიკოსზე. აშკარად გადაამატა ქება დიდება, ქარიზმა და სიმშვიდე მოუწონა, ირაციონალურ დონეზე ხალხის დამშვიდების, დაიმედებისა და დაკმაყოფილების უნარი აღმოუჩინა ( ხალხი ამბობს, არ ვიცი რა ილაპარაკა, მაგრამ კაი იყოო).
ხოდა, ეს ივანიშვილის სიმშვიდე უკვე რამოდენიმეჯერ რომ ახსენეს, მაინტერესებს დავიჯერო ამდენად რეალურია?
მე სულაც არ მიმაჩნია მშვიდად კაცი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვას, მითუმეტეს ღია ეთერში, კონტრკითხვებით, თანაც დამადანაშაულებელი კითხვებით და შეფასებებით პასუხობს, რომელიც აცხადებს რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რომელიც მესამე საჯარო გამოჩენას მესამედვე თავისი ზეაღმატებული სასახლიდან აწარმოებს.
არ მიმაჩნია მშვიდად პოლიტიკოსი რომელიც თვლის, რომ "სააკაშვილს რომ დაუჯერო 080808 ომი ჩვენ მოვიგეთ". საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომი ომახიანი რიტორიკის ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაცია ჟურნალისტს ეპატიება, პოლიტიკოსს არა, პრეზიდენტი კი ასეთი პოზიციით წაგებული ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
09 აქციებზე მიშამ თქვა ჩვენ ამ ოპოზიციურ ტალღას ( სიტყვასიტყვით არ მახსოვს) გადავლახავთ ისე, თითქოს რუსეთი საერთოდ არ არსებობდესო.
მინდა რომ საქართველოს სახელმწიფომ ეს ტალღაც ისე დაძლიოს , თითქოს რუსეთი საერთოდ არ არესებობს.
ანუ არ მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს კრემლის აგენტი და პროექტი ეძახონ. ხალხი დაიჯერებს და კრემლს ჩაბარდება, მობეზრდათ 20 წლის დამოუკიდებლობანა, ძნელია რუსეთისგან ქების გარეშე ყოფნა, რუსეთი ხომ სამყაროა ჩვენთვის.
და პრინციპულადაც, მინდა რომ პოლიტიკოსის ნათქვამ სიტყვას პოლიტიკოსის ნათქვამი სიტყვა დაუპირისპირდეს და მსაჯული ხალხი იყოს. როგორც იყო აქამდე.
ადრე მიშა ( და ზოგადად პრეზიდენტი, როგორც თანამდებობა)
პრარაბს, გიდს, სტრატეგიის გეიმერს, მასწავლებელს და ობობას შევადარე,
მიშას ობობად ყოფნა კარგად გამოსდის, თუმცა ივანიშვილის ამოფრქვევამდე კაი ხანი პრარაბი იყო. ახლა ისევ ობობაა, ფაქტიურად მიზერული მოძრაობები გააკეთა, არავითარი შეფასება, არავითარი შეპასუხება, მხოლოდ ის, რისი უფლებაც კანონით ჰქონდა - ჩამოართვა მის მიერვე მიცემული მოქალაქეობა კანონის შესაბამისად, შეუზღუდა ფულის მოძრაობა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე და ავტომატური იარაღი ჩამოართვა მის დაცვას. ძალიან გამიკვირდებოდა ამ შემთხვევებში სხვა რეაგირება რომ ყოფილიყო.
პოლიტიკა და მითუმეტეს რუსეთთან წაგებული ქვეყნის პოლიტიკა სპორტი არ არის, არც ქუჩური გარჩევაა, იანგულივით ცალი ხელი რომ შეიკრა და ისე ეჩხუბო, მითუმეტეს შენზე უფრო მდიდარს ( სეუ გავლენიანს, ძლიერს) პოლიტიკა ომების შემდეგ გაჩნდა დედამიწაზე და ომების საწინააღმდეგოდ შექმნეს ადამიანებმა.
მტერო, არ გაბედო არის პოლიტიკის მთავარი ღერძი.
არ გაბედო ომი ჩემს წინააღმდეგ, მე დასაცავი მაქვს საქართველოს ღირსება, რომლესაც ემუქრები, ამიტომ შეგებრძოლები, არ დაგითმობ.
ეს თავიდანვე უნდა იცოდეს ოპოზიციამ ( ოპოზიციამ მინუს დავითაიამ და პადოშამ, რომლებიც რუსეთისთვის პირის მობანვას არ აპირებენ)
აი, არეშიძე მეიმედებოდა, რომ მეტ პრონციპულობას გამოიჩენდა, მაგრამ რას ვერჩი, ისიც ივანიშვილის ხიბლშია ჩავარდნილი. ხიბლი ლიბრად ქცევია და ვერ ამჩნევს რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან ომზე ბოდიშის მოხდა. და პირიქით, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს პრინციპული პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში.
ოპოზიციის მიერ ამოტივტივებული ტერმინით რომ ვისარგებლო, წყალგამყოფი აქაა, ესაა წყალგამყოფი.
და აი რაა ეს წყალგამყოფი.
საქართველოს მოსახლეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ისინი ვინც თვლის რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, რომ ეს შესაძლებელია და ისინი ვინც საქართველოს გაერთიანებას ფუჭ ოცნებად თვლიან.
ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება პრინციპულია.
პირველნი თვლიან რომ საქართველოს ჭირდება დიდი წარმატება და არა წარმატება, ჭირდება მისი მონაწილეობა არამილიტარულ გაძლიერებაში (ექსტერიერის, ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი, სტატისტიკა, ასფალტი და კონცერტი მისთვის მნიშვნელოვანია) . ისინი თვლიან რომ ქვეყნის ღირსება ქვეყნის და მისი მოქალაქეების გლობალური სახეა.
მეორე ნაწილი თვლის რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებს მას, თუ იქნება მდიდარი, სამართლიანი, კეთილი, დემოკრატიული, ხელისუფლება იქნება რბილი, კრიმინალები არ დაიბადებიან, კორუფცია თავს არ წამოყოფს, პოლიცია ძალას არ გადაამეტებს, პრეზიდენტი იქნება ილია ჭავჭავაძე, ოღონდ 70 წლის, 50 წლამდე ილია ჭავჭავაძეს ისინი ვერ აიტანენ.
ღირსება მათთვის ქვეყნის საზღვრებს არ ცდება და პიროვნებათა სახეა და არა ქვეყნის.
არსებობს კიდევ მესამე ჯგუფი იქნებ ამ ორივეზე უფრო ხალხმრავალი, რომელსაც მხოლოდ ერთი დღით თუ გაუბედავ გლობალური არხების (ევრონიუსი, დისქავერი, ნიკელოდეონი, ნეშენელ ჯეოგრაჯიკი) მაუწყებლობის ინგლისურად გაშვებას და რუსულის თარგმნის დაბლოკვას, და ის დღე უნდა იყოს რუსეთ საქართველოს ომის ერთი წლისთავი, ერთი დღით (080809), მეტი ვერა.
ეგ ხალხი ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობს, საბჭოთა რუსეთში. ერთი ცოდვის პატიების გარანტია საკმარისია, რომ დაივიწყონ ისტორია, დაივიწყონ ბოლო 20 წელი და მიუბრუნდნენ რუსეთთან ქება- მოფერების რეჟიმს, სულერთია რა ფასად.
მაგალითად წინასწარ კასტრირებული ლტოლვილთა 5 %–ის დაბრუნებაც იკმარებს ინდულგენციად.
ღირსება მათთვის სამდიდრეში, სიმშვიდეში ზომიერ ლაგამში, "კუთვნილი" ბედნიერების ფლობაში ტრანსფორმირებული ამორფული მცნებაა.
რომელ ჯგუფშია ივანიშვილი?
რომელი ჯგუფის ორგანიზებას და წინამძღოლობას აპირებს?
უკვე ვიცი რომ პირველის არა.
Posted by
cartwheel
at
6:13 PM
2
comments
Labels: ადამიანები, პატარკაციშვილი, ხალხი
Thursday, June 16, 2011
რაც შენია, შენია!












ეს ქართული ფენომენია, ის ისეთი ძვირფასია, იმდენად საკრალურია, იმდანად ხელშეუხებელია, რომ შეგვიძლია მის დასაცავად ხელისუფლება ავაყირავოთ.
ვაშა შენებას!ვაშა შენებას!ვაშა შენებას!
Posted by
cartwheel
at
1:48 PM
0
comments
Thursday, June 2, 2011
დაიწონა- აიწონა

ამ მთავრობამ დაგვინგრია- აგვიშენა
დაგვინგრია:
ანდროპოვის ყურები
რესტორნები რიყეზე
პოსეიდონი
სახლი ათონელზე
ბათუმის მედეა
ბათუმის კოლხეთი
ბათუმის დაუმთავრებელი ბიზნეს რკალი
იმ ადგილებზე ააშენა:
გამოდის რომ სადაც მეტი დაანგრია, იქ მეტი ააშენა.
ხშირად გვესმის ამ მთავრობამ დაგვინგრია განათლების დისტემა, ჯანდაცვა,
რას აგიშენებს ჯერ კიდევ ნათელი არაა, იქნებ სწორედ ზემოთმოყვანილი პრინციპით აგვიშენოს ერთიც და მეორეც.
რაღაც ეტაპზე ამ ხელისუფლების ხელში დაშლილი იყო პოლიცია და საბაჟო. პერსონალი დათხოვნილი იყო და ანარქიამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი.
დღეს პოლიცია და საბაჟო აშენებულია.
კიდევ ერთი, რაც ამ მთავრობის მიერ დანგრეულთა ნუსხაშია შეტანილი, ეს ქართული ტრადიციული მეობა, მენტალიტეტი და კაცობაა.
თუმცა ტყუილად. ამ კატეგორიებს ჯერჯერობით ხელისუფლებამ ძვრა ვერ უყო.
მაგრამ რქებით კი ჰყავს დათრეული. უფრო ზუსტად გეტყვით, რქებით კიარა, ღვედით ჰყავს მიბმული ავტომობილის წინა სავარძლებზე. და წვეთწვეთ, ღვედის საკეტის ყველა გაჩხაკუნებით მასობრივად და გულცივად კლავს ჩვენში იმ ნეტარხსენებულ ქართველს.
დაიწონა-აიწონა გრძელდება:
აიღო სტალინი
დადგა მედეა
გადაიტანა აღმაშენებელი
გამოიტანა ოკუპაციის მუზეუმი
გაყიდა ქართული სახლი არბატზე
დადგა რუსთაველი რომში
გაამაგრებს ტაოკლარჯეთის ძეგლებს
ააშენებინებს მეჩეთს სამხრეთ საქართველოში
ჩამოიყვანა იგლისურის ამერიკელი მასწავლებლები
ჩამოიყვანს ბურებს
ჩაასხა ბადაგონი ტრაპში
აღკვეთა ღვინის ფალსიფიკაცია
დააკნინა ინტელიგენტთა ზეპური წრე
მიაკუთვნა აკადემიკოსებს მაღალი ხელფასი
ხელგაშლილად აფინანსებს პოპს და პიარს
(იხდის მილიონებს)
ძუნწად უმატებს პენსიასა და შემწეობებს
(ზოგავს ასეულ მილიონებს)
ყველგან და ყველაფერში შეყო ცხვირი
დაიკიდა საკუთარი მომხრე და ნეიტრალური მოსახლეობა, როდესაც ისინი 2008 წლის მომიტინგეების მიერ არაერთხელ იქნენ შეურაცხყოფილი, ნაცემი ან შეზღუდულნი.
to be continued...
Posted by
cartwheel
at
3:22 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ხალხი
Monday, May 23, 2011
დედამიწის ჭიპი ვართ თუ კლოაკა?
ცენტრში ვართ თუ პერიფერიაზე, ელიტაში თუ ნაძირალებში, ნათელში თუ ბნელში?
გეორგია გეოცენტრი
(აი, როგორ ვცდილობდი საქართველო დედამიწის ცენტრში მომექცია)
მაგრამ...
ბიჭი- წარმოდგება მონღოლური სიტყვიდან სიჩ - პენისი
გოიმი- წარმოდგება ებრაული სიტყვიდან - არაებრაელი
კაცო- წარმოდგება იტალიური სიტყვიდან -პენისი
კავკას- წარმოდგება სპარსული სიტყვიდან - პენისი
ჩათლახი- წარმოდგება სპარსული (თურქული?) სიტყვისგან - არა ალაჰის მორწმუნე
გურჯი- (რაღაც წასაძახებელი, არ ვიცი რა).
გურჯისგან - გრუზინ
აქედან:
ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ბიჭ"ობა და "კაც"ობა კარგია, სინამდვილეში სალანძღავი სიტყვებია, ჩვენ გვაგინებდნენ ამ სიტყვებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გოიმობა და ჩათლახობა ცუდია, სინამდვილეში ვართ ჩათლახები და გოიმები - არა მუსულმანები და არა ებრაელები.
ჰა, როგორია?
ჩვენი ადგილი მსოფლიოს კლოაკაშია, არ გჯერათ?
აჰა.
დღეის სწორს ინგლისში იორკსა და ლანკასტერს შორის დაწყებულ ომს (ომებს) შემდეგ "ვარდების ომი" დაერქვა.
"ვარდების ომმა" 30 წელი გასტანა და ინგლისისათვის ნულოვანი დადებითი შედეგით დასრულდა.
The White Rose of the House of York
The Red Rose of the House of Lancaster
ვარდების ომი 555 წლის წინ დაიწყო, 1455 წელს, დამთავრდა 30 წლის შემდეგ 1485 წელს.
ჩვენ უკვე მეოცე წელია ომების სერიალში ვართ, როდის მივალთ 1485 წლის ინგლისის დონემდე?
Posted by
cartwheel
at
10:51 AM
3
comments
Labels: ოპოზიცია, საზოგადოება, ხალხი
Wednesday, May 18, 2011
ისევ სტამბული. გენეტიკა
ქალებიცა და კაცებიც უმრავლესობა ქართველთაგან არაფრით განსხვავდება.
ეს ჩემთვის ნამდვილი სურპრიზი იყო. აღმოჩნდა რომ სტამბულში იმ ადამიანებს შორის, რომელიც ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით შეიძლება იყოს თურქი, ძალიან ბევრი დადის ადამიანი, რომელიც შეიძლება საქართველოში ქართველი გეგონოს, მაგრამ მთავარი გაკვირვება ადამიანთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გამოიწვია- სტამბულში დადიან ადამიანები, რომლებიც ჩემში წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინის მიხედვით მხოლოდ ქართველები შეიძლება იყვნენ, ენა გებორკება სანამ თავს აიძულებ იმ ადამიანებს ქართულად კი არა ინგლისურად დაელაპარაკო.
ქართული ექსტერიერი ჭრელია, მასში ხშირად შენიშნავ კლასიკურ მონღოლურ, რუსულ, სპარსულ, ევროპულ ნაკვთებს. თურქული ექსტერიერი იგივე ინგრედიენტებითაა შედგენილი, ოღონდ მეტი ამპლიტუდით. ანუ თურქები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ისინი უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან ვიდრე ქართველი ქართველისგან (მაგალითად ქიზიყელი ზემო იმერელისგან)
საერთოდ, ე. წ. შორი დამემკვიდრება ანუ ეროვნებების, რასების არევა გენეტიკურად მეცნიერულად დადასტურებულ გაუმჯობესებას იძლევა.
ამის მაგალითი უამრავი გვაქვს შოუ ბიზნესში, როცა სილამაზის ეტალონი ცხრა ეროვნება- რასის აღრევის შედეგად გაჩენილი ადამიანი ხდება
სოფი ლორენი, ნაომი კემბელი, კიანუ რივზი, ლენი კრავიცი საკმარისი მაგალითებია.
თურქები გენების ისტორიული (დროში) დაგეოგრაფიული (ტერიტორიებზე) ლაბორატორიის შედეგად შეიქმნენ, მაგრამ შორმა დამემკვიდრებამ მათი ექსტერიერი ვერ აქცია განსაკუთრებით მიმზიდველად.
რუსებისგან განსხვავებით, რომელთა გენები სლავური და მონღოლური გენების არევის შედეგად ჩამოყალიბდა და ძალიანაც ეფექტური გამოვიდა.
თურქების გარეგნობას ეს კეთილმყოფელი ფაქტორი დიდად არ ატყვია.
სამაგიეროდ ატყვია თვით გენებს.
ალბათ თურქებს ძალიან ძლიერი გენები აქვთ, რომელიც მათ საშუალება მისცა დაპატრონებოდნენ კონსტანტინოპოლს.
ამ ბოლო წინადადებას მხოლოდ სტამბულის მონახულების შემდეგ გამიგებთ.
რატომ? მხოლოდ საკუთარი თვალით აია სოფიას, ხორას, ტიბერიუსის გალავანის შემხედვარენი მიხვდებით.
Posted by
cartwheel
at
1:22 PM
0
comments
ისევ სტამბული. ხალხის ექსტერიერი:
თითქოს ძალიან ჭრელი, მაგრამ მაინც ფარგლებში მოქცეული.
ქალების 4 ჯგუფი
ჩვეულებრივი თბილისელთაგან განურჩეველი ქალები (უმრავლესობა)
დეკოლტეიანი აზიური ქალები თუთიყუშისმსგავსი ანუ რთული ვარცხნილობებით (ცოტა)
მკერდდახურული მოკლეკაბიანი ევროპული იერის (უფრო ცატა)
თავსაფრიანი გრძელ კაბაშარვლიან პლაშიანი მორწმუნე ქალები (არც ისე ცოტა)
ჩადრიანი ქალები (სულ 3 ვნახე 10 მილიონიან ქალაქში)
დასკვნები:
კონსერვატულობის ნიშანია ჯინსი, ზოგადად შარვალი ქალისთვის
დეკოლტეც კონსერვატულობის ნიშანია მინიკაბასთან შედარებით.
თბილისში ასეთი რანჟირება არ გვაქვს.
კაცები
ჩვეულებრივი, თბილისელთაგან განურჩეველი
უმეტესობა
თუთუყუშისებრი (რთული) ვარცხნილობით
ევროპელები
წვერულვაშ გაკრეჭილი შახაბას ანდაც ჩეხოვივით აზიელები
კონსერვატიულობის ნიშანი გაკრეჭილ- გაპარსული თხისებრი წვერი
ევროპელობის ნიშანი თმის შეჩეხილი ვარცხნილობა.
Posted by
cartwheel
at
1:17 PM
0
comments
Friday, December 24, 2010
რამდენი კაცია ერთი კაცი?





ღუდუშაურის საავადმყოფო ყველაზე ახლოა ამერიკის საელჩოსთან.
ამერიკის საელჩოს მშენებლობის დროს საავადმყოფოში რამდენჯერმე მომაკითხა საელჩოს მშენებლობის ქართველმა ექიმმა. მას ჩვენთან თურქი მუშები მოჰყავდა, რომელთაც ძლიერი ტკივილები აწუხებდათ.
მაშინ მთელი საქართველო აღრენილი იყო, ამერიკელებმა მშენებლობა ქართველი მუშებით დაიწყეს და ახლა თურქებით აგრძელებენო.
საელჩოს ექიმი ამბობდა, ესენი (თურქი მუშები) ადამიანები ხომ არ გგონია, ესენი ბულდოზერები არიან, ერთი კაცი ათის საქმეს აკეთებსო.
თურქები მართლაც ბულდოზერებივით იყვნენ, დაბლები, ჩასხმულები, კუნთების გროვები. ის ტკივილებიც ზედმეტი ფიზიკური დათვირთვისგან ჰქონდათ, რომელსაც მუშაობისას იღებდნენ.
იმ ექიმს რომ დავინახავდი, წინასწარ ვიცოდი , კიდევ მუშას მომიყვანდა, რომელიც სინამდვილეში ათი მუშა იყო.
ოღონდ ათი ქართველი მუშა.
რამდენია სინამდვილეში ერთი კაცი?
თუ ქართველი მუშა თურქი მუშის მეათედია, რამდენია ქართველი ექიმი, პოლიციელი, ფიზიკოსი, მძღოლი, ჯარისკაცი, მესაზღვრე, მებაჟე, მასწავლებელი, ინჟინერი თავისივე კოლეგა ინგლისელთან, გერმანელთან, ებრაელთან, ინდოელთან, ვიეტნამელთან, ზამბიელთან, ახალზელანდიელთან შედარებით?
ბევრზე ნაკლები და ცოტაზე მეტი ამ ჩამონათვლიდან.
მაგრამ ამ პოსტის თემა არც ქართველებია და არც მუშები.
ეს შესავალი იმიტომ დავწერე, რომ ინგლისელებზე, ფრანგებზე, გერმანელებზე, ესპანელებზე და იტალიელებზე ვილაპარაკოთ.
მსოფლიოში 6 მილიარდი ადამიანია და მათგან ამ ქვეყნებში დაახლოებით 250 მილიონია. მათ დავუმატოთ დაახლოებით 200 მლნ ევროამერიკელი.
გამოდის რომ 450 მლნ ადამიანი ქმნის კაცობრიობის სახეს. უფრო ობიექტური სურათისთვის მათ მივუმატოთ 100 მილიონი იაპონელი, ჩინელი და კორეელი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის უჩინარი მოსახლეობისგან განსხვავებით მსოფლიო სახეს მნიშვნელოვან შტრიხებს სძენენ.
მაშ ასე, მხოლოდ 550 მლნ ადამიანი 6 მილიარდი დედამიწელისგან.
ისინი ქმნიან, აწარმოებენ იმას რაც ჩანს და რაც არის, დანარჩენნი უჩინარნი ვართ, თავს ვინახავთ. 6.000.000.000-ში 500.000.000 შედის თორმეტჯერ. ანუ 1 განვითარებულ ქვეყნელი გადმოსცემს 12 უტყვი განუვითარებლის სათქმელს.
მაგრამ რეალურად იმ თორმეტს არ ძალუძს. ერთი ევროპელ იაპონელ კორეელ ჩინელის საქმის გაკეთება. 12-ს კი არა, იქნებ 24-საც არ შეუძლია იმის წარმოება, რასაც აკეთებს ერთი განვითარებული.
მაშ რამდენი საშუალოდედამიწელია სინამდვილეში ერთი ევროპელი, ამერიკელი, იაპონელი ან ჩინელი?
12? 24? იქნებ მეტიც.
ქართველები სადა ვართ? აღვემატებით თუ არა საშუალოდედამიწელს?
კარგი, იმ ხუთასმა მილიონმა მომცა მე ავტომობილი, მობილური, ლიფტი, წყალი, ხორბალი, კარაქი, სტაბილური განვითარების პოლიტიკური წესები, მშვიდობა, მაჩვენა მე დღეში 3 ახალი ფილმი, დამიდო მე 500 ბრძნული წიგნი და 500 გენიალური მუსიკალური ქმნილება, 500 უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოგონება, არქიტექტურა, ინჟინერია, გზა, თვითმფრინავი და ელექტროენერგია, მედიცინა და ასტრონომია.
კარგი, ისინი ზეკაცები არიან, მათ ეს შეძლეს.
ჩვენ? ჩვენ იმას მაინც მივხვდით რითი უნდა განვვითარდეთ რომ მათ დავემსგავსოთ? ცოტათი მაინც?
ალბათ ჯერ ვერა.
არ მინდა ნახევარ, მეოთხედ თუ მეთორმეტედკაცობა, არ მინდა მათზე ნაკლები ვიყო .
მირჩიეთ რა ვქნა.
პირველ რიგში პატივი ეცი მათ იმაში, რითაც დავალებული ხარ მათგან.
იცოდე, რომ არა ისინი, ჩვენ, დანარჩენი 12-ნი ვიცხოვრებდით ისე, როგორც ცხოვრობენ დღესც ამაყი მთიელი პაკისტანელები და ავღანელები,
Posted by
cartwheel
at
1:25 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა, ხალხი
Thursday, December 16, 2010
ფოლკლორი ტაო კლარჯეთიდან
ჩემი ბავშვობა სავსე იყო ფოლკლორით.
ტელევიზორში თითქმის უწყვეტ რეჟიმში, ყოველ შემთხვევაში დღის ჩაუგდებლად გვესმოდა და ვხედავდით ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ხშირად ტარდებოდა ფოლკლორული ფესტივალები. ყველა კუთხეს თავისი ფოლკლორული ანსამბლი ჰყავდა, რომელიც ფოლკლორულ ნიმუშებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.
ახალიწლის ყველა საღამო ერთგვარი შეჯიბრების სახე ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ გუნდებს შორის.
ერთ მხრივ მახარებდა და მეამაყებოდა ქართული სუმღერები, ცეკვები და ის, რომ გაგვიმართლა რომ ჩვენს ფოლკლორს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოუჩნდა გულშემატკივარი ხალხი, რომლებმაც ეს ხალხური ხელოვნება ჩაიწერეს, დავიწყებისგან იხსნეს და ჩვენამდე მოიტანეს.
მაგრამ იყო ერთი მაგრამ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემამდე მოსული ეს ფოლკლორული ნიმუშები დამქუშავებულ-შელამაზებული იყო, ზოგ მათგანს თანამედროვე ავტორი ჰყავდა და შესაბამისად სინმამდვილეში არ წარმოადგენდა ფოლკლორს.
ზოგჯერ იმდენად ბედნიერ-დემონსტაციული ხდებოდა ეს ფოლკლორი ჩვენს გარშემო, რომ გამიფიქრია, რომ ხელოვნების ეს პლასტი ჩემს გარშემო სინამდვილეში კომუნკსტური პროპაგანდის ერთერთი ეფექტური კომპონენტია, და სინამდვილეში ქართული ფოლკლორი მითია მეთქი.
ასეთ მომენტებში მჯეროდა, რომ, ერთეული ფოლკლორისტები, კომუნისტური ლეგენდა ხალხთა ბედნიერ თანაცხოვრებაზე, კომუნისტური საზეიმო ყრილობების დახურვის ატრიბუტი ნომრები და ხშირი ბრეჟნევისდროინდელი ფოლკლორული ფესტივალები რომ არა, ქართული ფოლკლორი საერთოდაც არ იარსებებდა.
მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აიხსნა რკინის ფარდა ჩვენსა და თურქეთს შორის, რის შედეგადაც ჩვენ ტაო- კლარჯეთი და ლაზეთი დავინახეთ.
დავინახეთ ხალხი, რომელთაც ისტორიის ქარტეხილების შედეგად არათუ ფოლკლორული მემკვკდრეობის შენარჩუნებაში დაეხმარა ვინმე, არამედ ქართული ენაც მხოლოდ შიდასაოჯახო ენად ჰქონდათ ქცეული საუკუნეების განმავლობაში.
ჩვენი ისტორიული ღვაწლმოსილი ფოლკლორისტები მათ ვერ ეწვივნენ იმ დროს, როცა სოფლად ხელოვნება მხოლოდ ფოლკლორი იყო და არა რადიო- ტელევიზიით კულტივირებული მსოფლიო ხელოვნება.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მიწებზე ფოლკლორი მაინც ცოცხალია 1990 წლისათვის.
ანუ ცოცხალია ბუნებრივად, სუბსიდიისა და ბიუჯეტის, პროპაგანდისა და ფესტივალების გარეშე.
მას შემდეგ მე ჩვენს, აქაურ ფოლკლორსაც მეტი პატივისცემით ვუყურებ. თუკი ადრე მიმაჩნდა, რომ ჩვენი ფოლკლორი ფანფარომნობამ გადაარჩინა, ტაო-კლარჯულ-ლაზური ფოლკლორი ჩემთვის იმის დადასტურება აღმოჩნდა, რომ ფოლკლორო და კერძოდ ქართული ფოლკლორი გაცილებით უფრო ძლიერი და ღრმა ფესვია, რომლის წაშლა-ამოძირკვა შეუძლებელი ყოფილა და შესაბამისად ჩვენი ძველი ბავშვობისდროინდელი ნასმენ-ნანახი ფოლკლორიც მუდმივი კატეგორიაა და არა პროპაგანით გაფუებული მოდერნიზებულ- რეტრო- ფოლკ სტილიზებული ნომრების ერთობლივობა.
ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის ფოლკლორმა მე აქაური ფოლკლორის პატივისცემა გამიძლიერა, და დამანახა, რომ ბავშვობაში მითებად. მოსმენილი ინფორმაცია თურქეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე და ტაოკლარჯეთზე, როგორც საზღვრის იქით დარჩენილ საქართველოზე, მითი კი არა, რეალობაა.
თუკი მანამდე ჩემთვის არსებობდა კახური ფოლკლორი, გურული ფოლკლორი, რაჭული, სვანური, მეგრული, თუშური, ქართლური და იმერული ფოლკლორი, ახლა მე აღმოვაჩინე, რომ არსებობს კიდევ სხვა ქართული კუთხური ფოლკლორი, კერძოდ ტაო-კლარჯული და ლაზური.
და შესაბამისად რომ არსებობს ქართული კუთხეები-ტაო კლარჯეთი და ლაზეთი, სადაც საკუთარი ქართული ფოლკლორი ისე შემოინახეს, რომ ამისთვის არც პატეფონიან-დიქტოფონიანი ფოლკლორისტი დასჭირებიათ და არც დაფინანსებული სოფლის კლუბები, გუნდები და ფესტივალები.
ის ფოლკლორი, რომელიც ქართულ ფოლკლორს 1990 წლის შემდეგ დაემატა არის ნაღდი, შეულამაზებელი, შეუფუთავი და... პრიმიტიული,ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოლკლორი.
თუ მას საუკუნოვან თურქულ მინარევებს მოვაცილებთ, დიდი შანსია 8 საუკუნის წინანდელი ქართული ხალხური შემოქმედება მივიღოთ. .
Posted by
cartwheel
at
11:02 PM
3
comments
Labels: თურქეთი, ძირს პათეტიკა, ხალხი
იმიგრანტი ჩემია

ამერიკელლებს ორი თეთრი, ბაკენბარდებიანი პრეზიდენტი ჰყავდათ ჯექსონი, მაგრამ ეს გვარი ყველაზე მეტად მაინც ზანგი მაიკლ ჯექსონით არის ცნობილი. მაიკლის წინაპრებმა გვარი ალბათ ჯექსონების მონობის გამო აირჩიეს, პრეზიდენტ ჯექსონებს ეს გვარი კი საუკუნებით მოსდგამდათ, ჯერ კოდევ ოკეანის გადმოღმა მყოფნი ამაყობდნენ თავისი გვარით, იღწვოდნენ, მსოფლიო ცნობადობა კი მათ გვარს პლანტაციებში მომუშავე გამწლიკული ჰარის, ბილის თუ თომასის შთამომავლებმა მოუტანეს.
ობამას გაპრეზიდენტებითი არცერთი ძირძველი ანგლოსაქსი გვარი არ არის ხეირში, მისი წინაპარი ამერიკაში არც კი ცხოვრობდა, ის მონათა მონადირეებს მოხერხებულად დაუსხლტა და თვითონ ერქვა ყოჩაღი მონადირე თავის სოფელში.
ქართველი მონადგაყიდულებს მაშინ მეტად უმართლებდათ, ისინი ხომ მდიდარი ქვეყნის, ოსმალეთის მიწაზე აგრძელებდნენ მონობას და არა აშშ-ს დაუსახლებელ ჯუნგლებსა და პრერიებში. შთამომავლები კი ზანგები უფრო უღბლიანები აღმოჩნდნენ, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ ორივეს (ქართველ და აფრიკელ მონებს) ერთი აქვთ საერთო, მათი სიყოჩაღე მონათმფლობელის შთამომავლებს ასახელებს, მათი შთამომავლები მონათმფლობელის ქვეყანას აშენებს.
თუკი ზანგის გამორჩევა ექსტერიერით მაინც არის შესაძლებელი, ქართველი მონები უკვალოდ და უსახელოდ აორთქლდნენ საქართველოსთვის, მხოლოდ საქართველოს შიდა მოხმარების ლიტერატურაში "მამლუქში" დატოვეს კვალი.
დღეს მონათმფლობელობა არ არის, მონას ვერ იყიდი, უბრალოდ... მიმზიდველი ქვეყანა უნდა ააშენო, რათა მონა თვითონ ჩამოვოვიდეს მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან, უბრალოდ მიმზიდველი ქვეყანა.
მაგრამ, მიმზიდველი ქვეყანა თუკი არა გაქვს, შენს მიწაზე მუშად, გლეხად და წვრილმან მოვაჭრედ ჩამოსული ახალაღმომჩენ ჩინელთა დიდი ნაკადი თითებსშუა გაგისრიალდება და მოგზაურობა-გამოკვლევა-მუშაობას სხვა ქვეყანაში განაგრძობს. იქ დაფუძნდება, სადაც დამხვდურებს საკმარისი გამჭრიახობა აქვთ, რომ მათში ხეირი დაინახონ და საკმარისი ტოლერანტობა, რომ უცხოტომელი აიტანონ გვერდზე, საკუთარ მიწაზე.
აი მართლა მონად რომ მოგვდიოდნენ ეგ ხალხი, არავის გაახსენდებოდა დემოგრაფია და წინაპრების მიერ დაღვრილი სისხლი, მივიღებდით 5 მილიონი 10 მილიონს და არავინ ვიფიქრებდით, რომ 3 თაობის შემდეგ ყველანი ერთი ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოქალაქეები უნდა გავმხდარიყავით, როგორც ეს ამერიკასა და ევროპაში მოხდა.
ასე იყო თუ ისე, სიხარბით ( და არა ტოლერანტობით) გაღებული კარით დასავლურმა ცივილიზაციამ გვარიანად იხეირა, თვალით დაინახა ეგ ხეირი და ... ტოლერანტობა დააკანონა, თვითონ გახდა მიმზიდველი სწორედ რომ პოტენციური იმიგრანტისთვის, რომელიც დღესაც ბედნიერი იქნება თუკი ამ ქვეყნებში მონად (ოფიციალურად დაქირავებულად) ეღირსა მუშაობა.
ჩვენ ეს ისტორიული გამოცდილება არ გვაქვს, პორიქით, აცრილი ვართ უცხოტომელის წინააღმდეგ, ძალიან მწარედ მოგვიბრუნდა არაქართველთა კომპაქტური დასახლებული ტერიტორიები ჩვენს მიწაზე და ტკივილით გონებადაბინდულებს, აღარ გვინდა ხეირი დავინახოთ იმიგრაციაში.
არადა ცოტა გვაკლია სასარგებლო ჯაჭვის დატრიალებამდე:
შემოუშვი უცხოტომელი,
ამუშავე შენი ქვეყნის სასარგებლოდ,
გახადე ქვეყანა მიმზიდველი,
შეუმცირე შიში შენი ქსენოფობიით შეშინებულ ისტორიული ეროვნული უმცირესობებს,
მოიწვიე მეტი შორქვეყნელი,
ამსახურე მიწაზე, ბიუჯეტზე და ჯარში,
გახადე ქვეყანა მიმზიდველი,
შემოირიგე მანამდე აღრენილი სეპარატისტი,
აწარმოე უფრო მეტი საჭმელი და ნივთი, აითვისე ხრიოკი,
გამდიდრდი და აძლიე შენს ძველებს და ახლებს ღირსეული პენსია,
მოიწვიე ტურისტები და იმიგრანტები და ა. შ.
და ამ ხრონგი ჯაჭვის დასაძრავად და ასამუშავებლად დღეს მხოლოდ ერთი რგოლი გვაკლია - მიიღე უცხოქვეყნელი შენს გვერდით, შენს მიწაზე. მიიღე, ის თვითონ მოვა და იმსახურე.
ადრე ამ ხეირისთვის ევროპელებმა ისტორიული ცოდვა აიკიდეს, დაატყვევეს და მონებად წაასხეს ზანგები. დღეს იმავე სარგებლისთვის საკმარისია მოსახლეობის ტოლერანტობა. ოღონდ ტოლერანტობა წესიერების თანხლებით.
არცერთი უცხოქვეყნელი ჩაგვითვლის კეთითილგანწყობად თუნდაც მათთვის გამართულ მათი ფოლკლორის ფესტივალს, თუკი ქუჩაში დაინახავენ, რომ მძღოლები საკუთარ ქვეითებს ცხვარივით დენიან.
Posted by
cartwheel
at
4:11 PM
6
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა, ხალხი
Saturday, November 27, 2010
საქართველოს ალტერნეტიული ისტორია
მეთექვსმეტეში
ყრმა კოლაელი პოეტი რომელმაც დაწერა მკრეხელური და მახვილგონიერი რუბაიები.
მე17-ში სტეფანე
მტბევარის საირიგაციო კოლექტორი
18 საუკუნეში სერაპიონ ევაგრესის ეტლის მუხრუჭი, დღევანდელი ველოსიპედის მუხრუჭის მსგავსი
კახა ლაკლაკი - პირველი ქართული ტრაქტატი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის შესახებ.
მეცხრამეტე საუკუნე კოზმან ძმისგულმა
დააპატენტა ჩაქუჩზე წვრილ მხარეს შუა ჭრილი ლურსმნების ამოსაღებად
ილია ჭავჭავაძე, პოემა სოციალურ უთანასწორობასა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ
ვაჟა ფშაველა მსოფლიოში პირველი გაადამიანებული - მეტყველი პერსონაჟები ცხოველთა სამყაროდან.
მეოცეში გაბრიელ იაშვილმა
გამოიგონა თერმოსტატის რელე.
ფებრონია ჯანაშიამ 1925 წელს გამიოყვანა სამკურნალო ფაგები
ლახტში ყველა ქართულ სკოლაში შიდაშეჯიბრებები ტარდება,
ლახტი რამდენიმე ქვეყანამ გადაიღო ფიზკულტურის გაკვეთილებებზე სათამაშოდ, ის აგრეთვე სავალდებულო შეჯიბრია 6 ქვეყნის ჯარში.
მსოფლიოში პირველად თბილისის გზებზე დაიხატა ქვეითთა გადასასვლელი ზებრა 1927 წელს. მას შემდეგ ზებრა მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ქართველიშვილი ავიაკონსტრუქტორი
მნაცაკან სარქისოვი ცელოფნის პარკის თარგის მიხედვით დამკეცავი და დამშტამპავი დაზგის გამომგონებელი.
ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება აღიარებულია მამაკაცი ბალერონების კლასიკად.
ელიზბარ გობრონიძე აქტიური მზის პერიოდის აღმომჩენი.
1983 წელი ჰიდროცეფალიის სამკურნო შუნტი ვიტალი ხარაძე.
როკოპერა "სალამურა" მე-16 სეზონია ბროდვეიზე იდგმება.
გიორგი შენგელაიას მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" ყველა დროის 10 საუკეთესო მუზიკლიში დაასახელა ჟურნალმა ტაიმმა.
ექსბიტლი რინგო სტარი უკვე 30 წელია საქართველოში ცხოვრობს და ადგილობრივ ტელევიზიაში მიჰყავს გადაცემა "ჩემოდანი".
ვასილ მეტრეველი კოლორადოს ხოჭოსგან დამცავი საუკეთესო და მსოფლიოში აღიარებული ქიმიკატი
ქართველი ამილახვარი დეგოლის მარჯვენა ხელი იყო და მისი ბრძოლების უცვლელი მონაწილე, შემდეგ პრეზიდენტ დე გოლის მმართველობისას პრემიერ მინისტრი იყო 5 წლის განმავლობაში.
რუსთაველის თეატრი ედინბურგში ბისზე 6 ჯერ გამოიყვანეს
გიორგი კაცაძე ორმხრივი სკოჩის გამომგონებელი
არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე ძველი ჭანჭიკი რომელიც ჩახრახნისთვის იყო დამზადებული
ქართველმა აგრონომ გენეტიკოსმა ვიქტორ მებონიამ გამოიყვანა ყინვაგამძლე ხორბლის ჯიში
ქართველი ავთო მუსიაშვილის ჯგუფი "მუსი" ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში, ხოლო მისი სიმღერა "აპრაისინგ" ძლიერი მებრძოლი სულის ჰიმნია, მას შესვენებებზე უკრავენ მთელი მსოფლიოს სპორტული შეჯიბრებების შესვენებებზე. რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ სოლიდარობის ისტორიულ კონცერტზე პრაღაში, ეს სიმღერა მუსიშვილთან ერთად 24-მა მეგა ვარსკვლავმა იმღერა. ამ სიმღერის ეს შესრულება მუსიკალური ტელევიზიების ამოჩემებული კლიპი გახდა.
2008 წლიდან ევროპაში სულ უფრო მოდაში შემოდის კენგას ახალი ხაზის პროდუქტი - მოდერნიზებული სვანური ქუდი.
ის მუდმივი იმიჯის შემადგენელ ნაწულად გაიხადა ბონომ. სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტს უპასუხა, ჩვენ საბრძოლოდ ვართ განწყობილი ბარსელონასთან შეხვედრაზეო და თითით თავის სვანური ქუდისკენ მიუთითა.
2002 წელს მასშტაბური გამოკვლევა- გამოკითხვით "ყველა დროის უჭკვიანესი 100 ქართველი" მესამე ადგილზე გავიდა მომღალი ბარდი ერეკლე ჩარკვიანი, რომელმაც 1962-2000 წლებში 300-მდე საავტორო სიმღერა იმღერა საკუთარ ლექსებზე. მისი რეპერტუარი ძალიან ფართო თემატიკას მოიცავდა სიყვარულსა და მსუბუქი ლირიკიდან დაწყებული და ღრმად ფილოსოფიური , სოციალური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური წიაღსვლებით.
მისი ბევრი სიმღერა ქოვერის, რემიქსის სახით თავიდან ააჟღერა ბევრმა თანამედროვე ქართველმა მომღერალმა.
ქართული ტელეარხი "დიფრელაქს ტვ", რომელიც მხოლოდ სანახაობებს გადმოსცემს და რომელშიც სიტყვები მხოლოდ სიმღერებში თუ გაისმება ისიც იშვიათად, რომელიც ნელი, თვალსასეირო სიუჟეტებითაა შევსებული (ცეცხლი ბუხარში, წყარო, ჩანჩქერი, კალატოზის მუშაობა, მესერის ღებვა, წყარო, ტალღები, ზღვისპირას სიარული, ბოდიალი პარიზის ან რომის ქუჩებში) მსოფლიოს 16-მა ქვეყანამ იყიდა.
რეკლამა ამ არხზე ხელოვნების ნიმუშია და თემატიკაში ჯდება.
თბილისის ზოოპარკი ლისის ტბაზე რეგიონში ყველაზე დიდია, მსოფლიოში კი მესამეა ფართობით, აქ ცხოველებსა და ადამიანთა ურთიერთობის ნოვატორული მეთოდები (გალიაში სპეციალური სკაფანდრით შესვლა, კარავში ცხოვრება ფარშევანგებსა და კენგურუებთან) დანერგეს, რის გამოც თბილისის ზოოპარკში საქართველოს ერთერთ მთავარ სანახაობად და სავიზიტო ბარათად იქცა,
კავკასიური ნაგაზი საუკეთესო ნიშანთვისებების წყალობით პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
მომღერალმა ქიშომ ლივერპულში სტადიონი გაავსო
1995 წელს საქართველოში შექმნილი ჯავშანჟილეტი პარიზის სამხედრო საერთაშორისო ბაზრობაზე წლის აღმოჩენად მიიჩნიეს, მის შესყიდვაზე კპნტრაქტი 8 ქვეყანასთან დაიდო.
თინათინ იმერლიშვილმა 1999 წელს დააპატენტა გულის არაპირდაპირი მასაჟის სკაფანდრი, რომელიც იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ჰოსპიტალების სტანდარტული კომპლექტაციის ნუსხაში შეიყვანეს
ჯულიეტა ბაშაძე 1973 წელს რაქუევ ველჩს უწევდა პარტნიორობას ფილმში მილიონი წელი ჩვენს ერამდე. ის, რაქველი, ბრიჯიტი და კლაუდია იმ პერიოდში აღიარებული სექსსიმბოლოები იყვნენ.
ქიმიკოსმა თენგიზ სიგუა 1978 წელს გამოიგონა შუქის ამრეკლი ქსოვილი, მას შემდეგ უამრავი ფორმა თუ საბავშვო ტანსაცმელი იკერება ამრეკლიზოლებით გაწყობილი.
რეზო გაბრიაძის შემეცნებით-იდეალისტური უსიტყვო მულტსერიალი 4 წლამდე ბავშვებისათვის "ენკი ბენკი" რომელმაც მთელი მსოფლიოს ტელევიზიები მოიარა. ჩინეთში ენკი ბენკის პერსონაჟების სათამაშოები ყოველწლიურად დაახლოებით 4 მლნ ცალი მზადდება.
1998წ.
კინოფილმი სალამურა, მთელმა მსოფლიომ ნახა დღის ბიჭი სალამურასა და ღამის გოგო ბაიას ისტორია.
ოლეგ კაჩმაზოვმა დააპატენტა სახურავის ჰიდროიზოლაციური მასალა, რომელიც გაზის ფარსუნკით ფიქსირდება
მეძმარიაშვილის ქოლგა ნასამ იყიდა, ექვსზე შეკვეტაა 2016 წლამდე.
აქ წარმოებული წებო "გეოფიქსი" 72 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
მიხეილ შილდელის კომპ ანტივირუსული პროგრამა ჯეოშილდი ყველაზე გავრცელებული ანტივირუსული პროგრამა იყო 1999-2002 წლებში.
ქართველი პედიატრების ჯგუფის მიერ შედგენილი კედელზე დასაკიდი "დედის კალენდარი" ათვისების მოხერხებულობის ხარჯზე იმდენად პოპულარული გახდა, რომ 18 ენაზეა თარგნმილი და დღემდე 2 მლნ ტირაჟითაა გამოცემული მთელს მსოფლიოში. იუნისეფი მისი საყოველთაო დანერგვის საკითხს განიხილავს.
2007 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი "ჯენის" რომელშიც მთავარ გმირს, ჯენის ჯოპლინს ქართველი სალომე კორკოტაშვილი განასახიერებს. ფილმის შემდეგ სალომე ძალიან პოპულარული გახდა, მას მსოფლიო ტურნეში ორიგინალურ სიმღერებთან ერთად ხალხი მუდამ ბისზე ასრულებინებს ჯენისის სიმღერებს. "ჯენის ის ბექ" უწერიათ ფანებს სტადიონებზე.
ქართული გუნდი კიორლინგში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
1994 წელი ელდარ ჯაფარიძემ გამოიგონა ბურთულიანი დეზოდორი
2005წ. "მილანისა" და თბილისის "დინამოს" ნახევარფინალური შეხვედრის ბედი პენალს უნდა გადაეწყვიტა, პენალი კალაძემ გაიტანა, ფინალში "მილანი" გავიდა, მაგრამ კალაძის ცრემლიანი თვალები მერე ევროსპორტზე ტიხარების ხშირი კადრი გახდა, იმის საჩვენებლად, რომ ეს სპორტი, ფეხბურთი გუნდური ბრძოლაა, და ქართველებსაც კი (ემოციურ სენტიმენტურ ხალხსაც) შეუძლიათ სპორტული პრინციპების დაცვა.
2006. მის საქართველო ზულფი ჯაფაროღლი მის ვიცე მსოფლიო გახდა
ფიზიკოსი ნობელის პრემია ზემტკიცე ზემსუბუქი კარბონის მასალის გამოგონებისთვის
ნობელი აგრონომს ტორფის საუკეთესო სასუქად გარდაქმნის ტექნოლოგიის შემუშავებისთვის
ჩემი თანამემამულე დვალი კოლაიდერის თეორიული მოდელის ავტორია.
ევგენი შილაკაძემ შემხვედრი თანამგზავრიდან მოპულსირე ატომური ბომბების ასინქრონული აფეთქებების გზით კომეტებისა და მეტეორების ტრაექტორიის შეცვლის ფორმულა გამოთვალა და უნივერსალური პროგრამა შეადგინა.
2009 წელს ნოკიამ იყიდა დავით ალავერდიშვილის ის პროგრამა IჩU - "აი სი იუ", რომელიც საშუალებას იძლევა ბლუთუს კონტაქტი გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შემთხვევით შეხვედრილ უცნობ ადამიანებს წინასწარ ჩაწერილი გამოკითხვა - ფსიქოტიპის შეფასება- სურვილების დამთხვევის შემთხვევაში ბლუთუსით აგზავნის ელექტრონული წყვილის ფოტოსურათს, რითიც უცნობ ადამიანებს ურთიერთობის გასაბმელად კარგი წინაპირობა ეძლევათ.
პროგრამა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნოკიას გაყიდვები პირველივე კვარტალში 20% ით გაიზარდა.
და დღეს მე ვარ ამაყი რომ ჩემი წინაპარის, ჩემი გენის:
ყრმა კოლაელის
სტეფანე მტბევარის
კახა ლაკლაკის
კოზმან ძმისგულის
ილია ჭავჭავაძის
ვაჟა ფშაველას
გაბრიელ იაშვილის
ფებრონია ჯანაშიას
მიერ კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიტყვები ითქვა.
ცივილიზაცია და პროგრესი ცოტათი მათაც წაუწევიათ წინ.
საქართველო ინტელექტუალური პოტენციალით აღემატება მასზე მრავალრიცხოვან და დიდ ქვეყნებს.
მაგრამ ეს სიამაყე მე მავალებს ასევე აღვემატებოდე სხვებს ქცევით, მე და ჩვენ საზოგადოება უნდა ვიყოთ ჩვენი დიდი წინაპრების ღირსები
კახა ლაკლაკის შთამომავლებს უფრო გათვითცნობიერებული უნდა გვქონდეს. ადამიანის უფლებები ვიდრე სხვას,
ქართველიშვილის შთამომავლებისგან კარგ პროექტებს ელიან
მიხეილ შილდელის თანამშრომლებისაგან ახალ კომპიუტერულ პროგრამას.
ჩემი სიმღერა ამჯერად ამერიკამ უნდა აღიაროს, ჩემი ფილმი ჰოლივუდმა, ჩემი დამზადებული დეტალი 100 წელს უნდა მუშაობდეს, ჩემი დაგებული გზა არ უნდა დაიბრიცოს, მასზე გამვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველომ - განვითარებული ხალხის ქვეყანას დროშა არ დაუშვია და თამასა არ ჩამოვარდნია.
ჩემი სიამაყის წყარო კაცობრიობის პროგრესია და იმისათვის, რომ პროგრესი დააფასონ, ამ ქვეყანაში ჩამოსულმა უცხოქვეყნელებმა უნდა დაინახონ, რომ პროგრესი, ცივილიზაცია, წესრიგი, განვითარებული საზოგადოება კარგია.
ნამდვილი ქართული სიამაყე არის მსოფლიო პროგრესსა და განვითარებულობაში საქართველოს არცთუ ისე მცირე წვლილ.
ქართული სიამაყე განვითარებულობის შენება და მსოფლიოსთვის დემონსტრირებაა საქართველოს ყველა კვადრატულ მეტრზე.
გაუმარჯოს საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ქართველებო, ასე განაგრძეთ.
საქართველოს ალტერნეტიული ისტორია
ანუ ალტერნეტიული (არარსებული) სიამაყის ისტორია.
Posted by
cartwheel
at
11:13 PM
2
comments
Thursday, October 28, 2010
ქართული ინჟინერიის მწვერვალები

არა, რაც სხვისი შექმნილი აგვითვისებია მასზე არ ვილაპარაკებ
ავტომობილის მართვაც ვისწავლეთ, ლოფტისაც, მაცივარისაც, მობილურისაც, მთლათ მწვერვალის - კომპიუტერისაც.
ჩვენ თვითონ რა მიგვიცია მსოფლიოსთვის მასზე მაქვს ლაპარაკი.
მეძმარიაშვილის ქოლგა,
სახლი კროსვორდი
ზემსუბუქი ჯავშანჟილეტი
ბაქტერიოფაგი
კატრექსი
მაგრამ ამ წერილის დაწერა ამ სიამ არ შთამაგონა,
გუშინ ელიავაზე ქართული ინჟინერული აზროვნების ჩანასახები დავინახე,
მართალია ეს ინჟინერია ხელოსნობაზე მაღლა სულ რაღაც მისხალით მაღლა დგას, მაგრამ ეს მისხალი აშკარად ახალია ჩვენს ყოველდღიურობაში:
ჟესტის ნარდი
ბორბლებიანი დახლი
ჭადრაკი მერხზე
და ჩვენ გვინდა რომ რუსებს ომი მოუგოთ, უფრო სწორედ გვინდა რომ ომით მოვუგოთ ომი?
მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 2 მოთამაშე არსებობს: მთელი მსოფლიო რუსეთის გარდა და რუსეთი.
მთელი მსოფლიოს სამხედრო მრეწველობა გამწარებული ლამობს შექმნას მსოფლიო ბაზრის დამპყრობი იარაღი, მაგრამ ეს ყველაზე კარგად მაინც რუსეთს გამოსდის.
მათი იარაღი ისევ საიმედო, გამძლე და გაცილებით იაფია. რის ხარჯზე არ იკითხავთ?
რაც არ უნდა იაფი იყოს რუსეთის ტექნიკური პერსონალი და ნედლეული, მთავარ უპირატესობას რუსულ იარაღს რუსული ინჟინერული ნიჭი აძლევს.
რუსი ოქრომჭედლების შეჯიბრის საფეხურები თუ გახსოვთ, ერთმა რწყილი რომ გააკეთა, მეორემ არ რწყილს ნალები რომ გაუკეთა ხოლო მესამემ ნალებზე სახელი დააწერა,
იცით თუ არა, რომ რუსების მიერ გამოშვებული 20 მდე ყველაზე ეფექტური სარაკეტო ძრავი ერთერთ რუსულ საწყობშია მიყრილი, ამერიკელები კი მათგან ერთერთის ხელში ჩასაგდებად რუსულ- ამერიკულ ერთობლივ კოსმპსურ პროექტს ახორციელებენ? ეს ახლა, წარსულში კი...
ფაუ-2 ეს მსოფლიოში პირველი რაკეტა ბომბაა, ანუ ბომბი, რომელიც ვერტიკალურად ფრინდება და ზუსტად ვარდება 500 კმ-ის იქით. სულ 2 ბომბის სროლა მოასწრეს გერმანელებმა, ერთი ლონდონს დაეცა და 5 ათასი ლონდონელი მოკლა, მეორე კი ანტვერპანს და 2 ათასი მოქალაქე შეიწირა. საბედნიეროდ გერმანიამ ამ იარაღის შექმნა მხოლოდ 1945 წლის დასაწყისში შეძლო. მოკავშირეებმა ფაუ-2ის ქარხანაში რომ შეაღწიეს, ის ასამდე ამ რაკეტის უკვე გამზადებული მოტორი დახვდათ, რომლის რაკეტად აწყობაც გერმანელებს ჯერ ვერ მოესწროთ. ის ქარხანა ებრაელი მონების შრომას იყენებდა და მის კედლებში 2000-მდე ებრაელი მუშა წამებით და შიმშილით იყო მოკლული. ეს ქარხანა გერმანელ ინჟინერ კონსტრუქტორს , ფონ ბრაუნს ექვემდებარებოდა.
როგორ გგონიათ, რა ქნეს ამერიკელებმა, ნიურბერგში გაამწესეს ფონ ბრაუნი?
არა.
ეშმაკს შეეკვრნენ და ფონ ბრაუნი თავისი 400 ინჟინრითურთ ამერიკაში წაასხეს, იქ ოფიციალურად პატიმრები დაარქვეს ცოტა ხნით, და შემდეგ პატივცემულ ამერიკელებად აცხოვრეს. რა დამსახურებისთვის?
იმ დამსახურებისთვის, რომ მთვარის დამლაშქრავი რაკეტა სწორედ ფონ ბრაუნსა და მის ჯგუფს გააკეთებინეს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ამერიკისთვის რუსეთის მოგება იმდენად პრინციპული იყო, რომ მორალურ კომპრეომისზე წავიდნენ.
რუსებმა კი რაკეტა მაინც მათზე ადრე შექმნეს და კაცი პირველებმა მათ გააფრინეს კოსმოსში.
ჩვენ გვინდა რომ რუსებს (ომი მოუგოთ, უფრო სწორედ გვინდა რომ) ომით მოვუგოთ ომი?
დავუბრუნდეთ საქართველოს.
ჩოჩიალა ურემი,
ხრიკა, ორშიმო, ნალია და წისქვილი ეთნოგრაფებს დავუთმოთ, დროა შევქმნათ რამე სასარგებლო, კაცობრიობისათვის სასარგებლო.
იქნებ ამით დავიწყოთ, მონდომებით და რუდუნებით, ცდისა და შეცდომის მეთოდით.
იდეები მერე დაიბადება. 
ამასობაში იმაზეც ვიფიქროთ, როგორ მოვუგოთ ომი რუსებს უომრად.
P.S. ჩოჩიალა ურემი კი ირონიით არ მიხსენებია, ნახეთ, გენიალურია, აღმართში ტვირთის ატანისას უკან (ქვემოთ) არ გორავს, მუხრუჭდება.
Posted by
cartwheel
at
9:53 AM
0
comments
Labels: რუსეთი, შადრევანი, ხალხი, ჯერარდაბადებული საქართველო
Tuesday, October 26, 2010
ისტორიული ექსკურსი ერთი რაკურსით.

კეიტ მოსი ცნობილი მოდელია, მეგა ვარსკვლავი თავის კოლეგა მოდელებში, ერთ ქართულ ბულვარულ ჟურნალში (ისეთში, როგორებსაც ყდაზე 3 როგორ და 4 რატომ აქვთ სათაურად) ერთერთ ნათარგმნ სტატიაში ამოვიკითხე კეიტ მოსის წარმატების საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა. ავტორი ვარაუდობდა, რომ კეიტ მოსის მიმზიდველობას განაპირობებს "სილამაზე იმ ძუძუებისა, რომლებიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აქვს".
ანუ,ავტორის თქმით ქეით მოსის წარმატება მის სილამაზეშია, რომელიც ისედაც არის, ძუძუების გარეშეც.ხოლო, რომ ჰქონოდა, ჩვეულებრივი იქნებოდა და არც ამდენად წარმატებული.
ნეტავ ღირსებების რა ჯადოსნურმა ნაზავმა მისცა საშუალება ქეით მოსს, განსაკუთრებულ სილამაზეში ჩაეთვალოს ის რაც.. აუცილებელია, მაგრამ არ აქვს?
საქართველოს სასახლეები არ აქვს.
Georgian national music adjaruli by iverino
როგორ შეიძლება ოდესმე ძლიერი ყოფილიყო ქვეყანა, რომლის არათუ ფეოდალებს, მეფეებსაც არ ჰქონდათ სასახლეები?
რითი იწყობოდა იერარქიული ვერტიკალი თუ არა სტატუსის ისეთი მარტივი დემონსტრირებით, როგორიც სასახლეა.
სკეპტიკოსი მეტყვის, აქ არაფერია რომანტიკული, ქართველებს სასახლეები ჰქონდათ უბრალოდ ... ვერ აშენებდნენ ლამაზ და გამძლე სასახლეებს და იმიტომაც არ შემორჩნენ, ალბათ ისეთივე ხრონგები იყვნენ, როგორიცაა ერისთავების სასახლე ახალგორში ან სამეფო უბნის პრიმიტიული ნაგებობები ქუთაისში, ან სულაც დიდი ბესედკები, როგორც ერეკლე მეორემ აიშენა (თანაც, ვინაიდან ეს ჩამოთვლილი ექსპონატები როგორც მინიმუმ შემოგვრჩა, შესაბამისად სხვებზე უფრო მტკიცე და ლამაზი უნდა ყოფილიყო).
და თუ ასეა, რატომ არ გადავიდა ულემაზეს და ურთულეს ეკლესიათა მშენებლობის ცოდნა და უნარი სასახლეების შენებაში?
რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი სასახლე, რომელიც უნდა მდგარიყო სამთავისი გვერდით, კვეტერას გვერდით, მარტვილის გვერდით, იშხანის გვერდით, ოშკის გვერდით?
რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი?


თუ გვაქვს 657 ურთულესი ეკლესია რომელთაგანაც 26 დღევანდელი ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეა, 75 - 4 სართულიანის, 278 კი 3 სართულიანის. და თუკი ეს ტაძრები მეფეთა გარდა მდიდარი ფეოდალების შეკვეთებით (ქტიტორობით) აიგო უძველეს დროს, რატომ არ აიშენეს იმ დალოცვილებმა თავისთვის სასახლეები?
დავიჯერო რომ ყველა პატრიოტი და იდეალისტი იყო, რომ რესურსს მხოლოდ ციხეგალავნებსა და ეკლესიების აგებას ახმარდა და არა საკუთარ ხორცის ლხენას, კომფორტსა და პრესტიჟს.
რა უდგა წინ ზარზმის ამგებ ხურციძეს მეთოთხმეტე საუკუნაში თავისთვის
ერთაწმინდის ამგებს
გრემის ამგებს
იდლეთის ამგებს
კვეტერას ამგებს
ატენის ამგებს
ერთი პატარა ბაზილიკისმსგავსი მოჩარდახებულ აივნიანი სასახლე თავისთვისაც აეგო?
რომ აეგო ხომ დარჩებოდა, გადაკეთებულ მიშენებული ან თუნდაც ჩამოქცეული, მაგრამ ხომ დარჩებოდა.
არ აუშენებიათ.
სრული რესურსი ხმარდებოდა სულის სიმტკიცესა და თავდაცვას.
გუშინ ჩამოვედი თელავიდან, სადაც აღმოვაჩინე, რომ ერეკლე მეფის სასახლე, რომელზედაც ქეთევან ბაგრატიონ- ორსინის მისმა ქმარმა, იტალიელმა ბარონმა უთხრა, ასეთი შენობა ბაბუაჩემს თავლად აქვსო, ისიც კი, ჩვენი საამაყო და ერთადერთი რუსებამდელი, ისიც კი არ ყოფილა ჩვენი, სპარსელ ხანს აუგია თავისთვის, მაგრამ აუგია იმ სამეფო ტერიტორიაზე, რომლის 3 ჰექტრიან ეზოს არჩილ მეფემ 5 მეტრი სიმაღლის გალავანი შემოარტყა სასახლის აშენებამდე ასი წლის წინ.
ანუ იქაც ზოგადქართული სურათია - სასახლის სამშენებლო რესურსზე 10-ჯერ აღმატებული რესურსია დახარჯული ციხესიმაგრეზე, სასახლე კი არჩილ მეფეს არ ჰქონია.
წინანდალშიც იპოვი პარალელებს, გარსევან ჭავჭავაძე ეკატერინა მეორის ნათლული პეტერბურგში დაბადებულა, მისი აღზევება ქართულ მიწაზე რუსული პოლიტიკის ჭკვიანური რგოლი იყო და არა ქართული სამშენებლო უნარის გამოვლინება.
ასე გვეცლება სათითაოდ თითზე ჩამოსათვლელი სასახლეების ჩვენთვის საამაყო ღირსებები.
ერეკლეს სასახლე- ხოსრო(?) სპარსის სასახლე
წინანდალი - ეკატერინე მეორის ნათლულის სასახლე
ლიკანი- რომანოვის სასახლე
აბასთუმანის სასახლეები თურქის, გერმანელის, რომანოვის,
ზუგდიდის დადიანის სასახლე, წამლად იქნებ ის მაინც იყოს ქართული.
თუ მოვჩხრიკო ისიც, იქაც რუსული იმპერიული კალთა იქნება გადაფარებული.
მაშ ასე, დაგვრჩა ქვეყანა ეროვნული სასახლის გარეშე.
მეთვრამეტე საუკუნემდელი ქართული სასახლის ჭაჭანება არ გვაქვს, მეცხრამეტესა და მეოცეს დასაწყისში სასახლეები არქიტექტურით და შინაარსითაც არაქართულია.
როდის შევიცვალეთ?
როგორ გარდაიქმნა ის ერი, როგორიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, იმ ერად, რომელზეც ანეკდოტი ამბობს, ქართველების დამარცხება თუ გინდა აგური და ცემენტი მიეცი და თავებს თვითონვე დაიხოცავენ შენებითო.
საქართველოს სიძლიერე სასახლეების არქონაში იყო, ისე როგორც კეიტ მოსის სილამაზე არარსებულ ძუძუებში.
სასახლეების არარსებობა საქართველოს განსაკუთრებულ ასკეტურ იერს აძლევდა, ეს ალბათ განსაკუთრებული თავსატახი იქნებოდა არაქრისტიანი დამპყრობისათვის, ფეოდალი, რომელიც მისი აშენებული ულამაზესი ეკლესიის ჩრდილში, ღარიბულ, სადა სახლში ცხოვრობს, ძნელი გადასაბირებელია.
მაგრამ ეს იყო.
იყო და აღარ არის.
დღეს ქართველი თავის ძირითად რესურსს სწორედ საწინააღმდეგო მიზნებში ხარჯავს.
ძვირი და პრესტიჟული მანქანა, რომელშიც ბენზინის ჩასხმის ფული არ გაქვს, ძვირი და პრესტიჟული მობილური, რომლის ანგარიშზე თანხა არ აქვს, ბინის რემონტზე დახარჯული 15 ათასი დოლარი, მაშინ როცა გარშემო სანაგვეა, ტრაქტორის ნაცვლად ნაყიდი მერსედესი, ბეტონის ნაცვლად დასვენება ანტალიაში, სასწავლო კურსის ნაცვლად ტელევიზორი, წიგნის ნაცვლად კაზინო, ფერმის ნაცვლად რესტორანი, ავეჯის საამქროს ნაცვლად ტურისტული ფირმა, სათბურის ნაცვლად მოტელი თურქი მძღოლებისათვის, ობლებს წიგნების ნაცვლად მამის მარმარილოს აკლდამა.
მოკლედ, სწორი ჟილკა გვაქვს დაკარგული .
როდის შევიცვალეთ?
ალბათ ბოლო 200 წლის განმავლობაში, როცა თავდაცვას, სამხედრო სამსახურს პატრიოტიზმი კი არა, მორჩილად გაწვევა- ჯარის მოხდა ჭირდებოდა მხოლოდ, სულიერების სადარაჯოზე კი რუსი ეგზარქოსები იდგნენ ხატებგადათეთრებულ ეკლესიებში.
როგორც ინსულინმომხმარებელი შაქრიანი დიაბეტიანი ავადმყოფი კარგავს ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავების უნარს, იმიტომ რომ მუქთად აქვს გარედან, ასევე დავკარგეთ ჩვენ ის მტკიცე ნება, რომელიც 10 ეკლესიის და 3 ციხის პატრონს კიდევ ერთ ეკლესიას ან ისევ ციხესიმაგრეს აშენებინებდა და არა სასახლეს. ანუ დავკარგეთ თავდაცვისა და სულიერი მდგრადობის მტკიცე ნება.
თუ თქვენ მკითხავთ, რატომ არ განვავრცობ ჩემს მსჯელობას მთავრობაზე და რატომ ვუკირკიტებ მხოლოდ ხალხს, ქართველებს, მოგახსენებთ.
მართლაც, ერთი შეხედვით ხელისუფლების გატაცება შადრევნებით, ფასადებით, ძეგლებით, თანამედროვე არქიტექტურული თვალსასეირობებით, ევროპაშიუგრძელესი პლიაჟ-ბულვარით, კოსმეტიკურ რემონტიანი ქალაქებით იქნებ სწორედ იმ ჩვენი არარაციონალურად ძვირფასი მობილურისა და ავტომობილის ყოლის გამოხატულებაა.
ჰა, რას იტყვით?
მე კი მგონია რომ. პირიქითაა, ბინისგარეთა ხარჯები (შადრევნები, ფასადები, ასფალტი, ბულვარები, კონცერტები) სწორედ რომ ისტორიული ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების მშენებლობის ექვივალენტია.
ბრჭყვიალა სიახლეები იმ ხალხს აწუხებს ყველაზე მეტად, ვისაც საერთო რესურსიდან თავისთვის უნდა უფრო დიდი ნაჭრის მოჭრა და საერთო რესურსი, მისი თავისთვის შეგულებული წილი არ ემეტება საერთოსთვის, მე, მე მომეცი ჩემი და აქვე მოვიწყობ შადრევანს, კონცერტს, რემონტს და ტურმოგზაურობას ჩემივე ოჯახში.
ანუ ბინისგარეთა მშენებლობის მოწინააღმდეგე სწორედ ის
ბოლო 200 წლიანი დუნე ტვინია, რომელიც ხელმისაწვდომ რესურსს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის ხარჯავდა, ვისაც ერთი ქვა არ აუტანია ციხის გალავანზე, ერთი ჩაქუჩი არ შემოურტყამს ეკლესიის ასაგებ ორნამენტზე, ერთი სადილი არ მიუტანია მშენებლებისთვის და ამ დროს საკუთარ საქმეს, სახლსა და ოჯახს მოკლებოდა.
ანუ მოქცეულიყო ისე, როგორც იქცეოდა ქართველი რუსებამდე, კონფორმიზმამდე, ღირსების მშვიდობაში გაცვლამდე.
მიმაჩნია რომ დღეს სწორედ ძვირიანი ზიზილპიპილოები ხრამივით სოციალური პროგრამების ნაცვლად არის ჩვენი ნაღდი, რუსებამდელი წინაპრების სულის ყივილი. კბილი კბილს დააჭირე და აშენე, აშენე მტრის ჯინაზე, აშენე ის, რაც მტერს თვალს მოსჭრის. იყოს ბრჭყვიალა, შხაპუნა,ჭყატალა, მბზინავი, თუნდაც ფუყე და ბაქია, მაგრამ იყოს.
შეწუხდი იმაზე რაც ჯერჯერობით მიუხედავი, ჩაობებული, დაჟანგული და უაკუმულატორობის გამო გაუქმებულია, დაიბოღმე თუ რამეში მეზობელი ქვეყნები გვჯობია. შეგშურდეს მისი და მოინდომე შენი საქმით შენ ქვეყანას შეეწიო, როგორც მინიმუმ ხელი არ შეუშალო.
იმისათვის რომ ჩვენი წინაპრების ტყავში ცოტათი მაინც ვიგრძნოთ თავი, საჭიროა მოვიკლოთ უპირველესი საჭიროების ხარჯები და ვაშენოთ საერთო სარგებლობის თუნდაც არაპრაქტიკული, არარაციონალური, ისევე როგორც ეკლესიები ისტორიულ საქართველოში.
დღეს ამ არარაციონალურმა ხარჯმა უნდა მისცეს საქართველოს სიცოცხლის ჟინი, ინვესტორებს ნდობა და მტერს ბოღმა.
და როგორც არარაციონალური სიმდიდრე - ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში რეალური შედეგის, ქვეყნის თავდაცვის, ერთიანობისა და სტაბილურობის მომტანი იყო, ისევე უნდა გახდეს სუფთა და მოწესრიგებული ექსტერიერი სუფთა და მოწესრიგებული ქვეყნის საფუძველი.
ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ძვირიანი სიახლეები ქართველების პრაქტიკული საჭიროებების ნაცვლად იქნება და არა მათ ზემოთ.
მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსრულდება უძველესი ღირსეული შეგონება - წარსდეგ მშიერი, არა შიშველი.
თუმცა საეჭვოა ავმაღლდეთ ისეთ სულით ძლიერ კომუნამდე, როგორიც საქართველოში სახლობდა მე-18 საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, როცა სახლები და სახლების შიგთავსი ფეოდალებისა და მეფეებისაც კი, უფრო სადა იყო, ვიდრე საერთო სარგებლობის ნაგებობები.
Posted by
cartwheel
at
9:01 AM
1 comments
Wednesday, July 28, 2010
საქართველოს მოქალაქეთა ფორუმი - მრგვალი მაგიდა

საქართველოს მოქალაქეთა ფორუმი - მრგვალი მაგიდა.
ამ გარდამავალ პერიოდში მშვენიერი სახელი იქნებოდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობისათვის, მასში შემავალი სამი მცნება საფუძვლიანად რომ არ გაეფუჭებინათ პოლიტიკაში უკვე მყოფ ადამიანებს.:
საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეთა კავშირმა)
ფორუმი (გუბაზ სანიკიძემ)
მრგვალი მაგიდა (ზვიად-ზვიადისტებმა)
არადა... თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, სულ პირველი შინაარსი ამ სიტყვებისა:
-რა უნდა იყოს ამაზე უფრო საპატიო, რომ იყო საქართველოს მოქალაქე, და იყო პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე და მხოლოდ შემდეგ ქართველი, უმრავლესობა, მოდუსი და ა.შ.,
-რა არის უფრო დემოკრატიული ცივილიზაციის ქმნილებებიდან ვიდრე ფორუმი (ამ სიტყვის ძველ ბერძნული და ინტერნეტ გაგებით),
-და რა უნდა იყოს მოქალაქეებზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე ზრუნვის უფრო დახვეწილი, თანასწორუფლებიანი და დემოკრატიული ფორმა ვიდრე მრგვალი მაგიდა. ოღონდ მრგვალი მაგიდა, რომლის ერთერთი სკამი ყოველთვის თავისუფალია შენთვის უცნობი და უსახელოსთვის.
მაგრამ რა ვუყოთ ჩვენს მარტივ სამყაროს. მარტივს იმიტომაც, რომ მასში აღარაა სიტყვები საქართველოს მოქალაქე, კავშირი, ფორუმი და მრგვალი მაგიდა?
უფრო სწორედ ეს სიტყვები არის, ხშირადაც იხმარება, მაგრამ საფუძვლიანად დაკარგული აქვს შინაარსი. და შედეგად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაც პრიმიტიულია, ხელფეხშეკრულია, შებოჭილია.
ვინ გაათავისუფლებს ამ მნიშვნელოვან, საზოგადო ორიენტირის პოტენციის მქონე სიტყვებს ტყვეობიდან.
ვინ გაწმანდს მას დათვის სამ-სამი ქურქისგან?
დიდი სიამოვნებით ვიმონაწილებდი "საქართველოს მოქალაქეთა ფორუმი - მრგვალი მაგიდა"-ს საქმიანობაში, რომ არსებობდეს.
თუ შენ
მიგაჩნია რომ:
ხალხი უფრო ჭკვიანია ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსები,
შენ სათქმელს არცერთი პოლოტიკოსი არ ამბობს,
მომავალში შეგრცხვება, რომ შენ ამ პრიმიტიულ საზოგადოებას ჩუმად ეგუებოდი,
შენი შვილების შეკითხვებზე გიწევს შემცდარი პოლიტიკოსების მართლება
მაშინ...
არ ვხუმრობ, დავრეგისტრირდეთ და ხალხს თავი გავაცნოთ, ისეთები როგორებიც ვართ აქ, ფორუმზე, ბლოგებზე.
ხელისუფლებაში ვერ მივალთ, მაგრამ, ამ სიტყვებს ხომ გავათავისუფლებთ?
Posted by
cartwheel
at
1:09 PM
0
comments
Labels: საზოგადოება, ძირს პათეტიკა, ხალხი
Monday, July 26, 2010
ბინძური პოლიტიკა და ალალი ხალხი?
ყველას გსმენიათ ფრთიანი გამოთქმა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, რომ პოლიტიკას სუფთა ხელებით ვერ გააკეთებ, რომ პოლიტიკაში იდეალისტების ადგილი არ არის.
კარგი და, ვთქვათ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და იდეალისტი სუფთა ხელებით დავსვით პოლიტიკის იერარქიის მწვერვალზე.
როგორ უნდა მართოს მან, იდეალისტმა ქვეყანა რომელის მოსახლეობის 5%-ა იდეალისტი, 95% არბიტრი და 100-ვე პროცენტი ფარული ჰომოსოვეტიკუსი?
080808 ომის წლისთავზე 1 დღე, მხოლოდ ერთი დღე გაგვიბედა საკუთარმა ხელისუფლებამ რუსული არხების გამორთვა და საერთაშორისო არხების (დისქავერი, გეოგრაჯიკი, ჰისტორი) დედანში (ანუ ინგლისურად) ჩვენება.
ისიც წინასწარ 3 დღე გავაფრთხილებდნენ, მხოლოდ ერთი დღე, პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად უნდა ვქნათ ეგრეო.
სულ რომ გათიშოს ეგრევე ნოღაიდელს დავიყენებთ წინ, გვიშველე ამ დრეკონისგან, რომელიც წყარომდე არ გვიშვებსო.
იქნებ ბრბოდ ყოფნა უფრო ბინძური საქმეა, ვიდრე პოლიტიკოსობა?
მითუმეტეს, თუკი იმ ბრბოს შინაარსით ჰომოსოვეტიკუსების ბრბო შეესაბამება სახელად.
რა უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენ ჩვენივე პულტებიანად რუსული ტელესივრციდან გამოვიდეთ?
ვთქვათ და , პოლიტიკა ბინძური საქმეა.
ჰომოსოვეტიკუს ბრბოობა აღარაა ბუნძური?
სსრკ ნგრევიდან 20 წლის მერეც?
ეს კი განსამუხტად.
თუმცა ქვეტექსტით, ეს რომ ბებიაჩვენებს თავის ახალგაზრდობაში ენახათ, დღეს ასეთი კატეგორიული პრიმიტივები აღარ ვიქნებოდით.
Posted by
cartwheel
at
10:00 AM
0
comments
Labels: რუსეთი, საზოგადოება, ხალხი
Sunday, July 11, 2010
წაგებულები



ეს ხალხი 105 წლის წინ გადაღებული სურათებიდან, ამ ქვეყნიდან წაგებულები წავიდნენ.
მათი "ცხოვრების საქმე" 1905 დან 1908 წლამდე გაგრძელდა და "ნიაგარის მოძრაობა" ერქვა
ნიაგარის მოძრაობა ზანგების მოძრაობა იყო რასიზმის წინააღმდეგ.
აცხვეს მემორანდუმები, კრიბეს ხელმოწერები, აგზავნეს პეტიციები, მიიღეს "ბრძნული" რჩევები, "რბილი" გაფრთხილებები და ცალყბა თანაგრძნობები.
და... დამარცხდნენ.
არ ვიცი, უწია თუ არა რომელიმეს მაინც სიბერემ იმ დროს, როცა 1954წ. მართინ ლუთერ ლინგის მიერ გაძღოლილი შავკანიანთა მანამდე უწესრიგო მღელვარებები რეალური შედეგის - სეგრეგაციაზე ოფიციალური უარის თქმით დამთავრდა.
ეს კაცი, W. E. B. Du Bois "ნიაგარის მოძრაობის" ერთერთი ხელმძღვანელი ღრმა მოხუცებულობისას იძულებული გახდა აფრიკაში, განაში გადახვეწილიყო და იქაური მოქალაქეობა მიეღო.
Posted by
cartwheel
at
5:02 PM
0
comments
Labels: ადამიანები, ხალხი
Thursday, July 8, 2010
წინაპრები. როგორები იყვნენ ისინი?
მინუს მილიონი წლიდან - მინუს 50 საუკუნემდე







..
მინუს 50 საუკუნიდან მინუს ერთ საუკუნემდე
..
დღეს
ეს ვიცით ხო, ადამიანის ევოლუცია პრეადამიანიდან ჰომოსაპიენსამდე.
თითქოს თანმიმდევრობა სრულია, მაგრამ.....
არის კიდევ ბოლო 3000 წელი. ეტაპი, რომელიც რომელიც ამ თანმიმდევრობაში არ მოხვდა.
ამ პერიოდის ადამიანები კი იყვნენ ჰომოსაპიენსები, მაგრამ ჩვენი ასოციაციების გადამკიდე, ასოციაციების, რომელთაც ხელოვნების განვითარების პარალელურად ვხედავთ ცვალებად ადამიანებს, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ისტორიული წინაპრები სხვანაირები იყვნენ - არამატერიალურები, გახუნებულ-მტვრიანები, არაპროპორციულები, შავთეთრნი. ერთი სიტყვით მარტივნი, სასაცილონი და არასრულნი.
მინუს 19-დან პლიუს 19 საუკუნემდე






-----------
1890 დან 1930 მდე


------------
1930-1970

1970-2000


არადა ეს სუბიექტური შლეიფი რომ დავძლიოთ, დავინახავთ ისეთივე ნამდვილ ადამიანს, როგორიც ჩვენ ვართ. მათ არაფრით ვჯობივართ, ნამდვილად იყვნენ, ვერ გადაიღო 5 მეგაპიქსელიანმა ფოტოაპარატმა, თორემ იყვნენ, ბევრს შრომობდნენ და სიკვდილზეც ხშირად მიდიოდნენ შთამომავლობის სასარგებლოდ.
ღირსებოდათ წინაპრებს კაი ციფრული ფოტოები, გვეყოლებოდნენ ახლაც ლოყებღაჟღაჟები და მნიშვნელოვანნი. არ გვყავს და .. ვერც აღვიქვამთ მათ ადამიანებად.
ძალიან მეცოდებიან.
ჩვენ კი დავრჩებით შთამომავლებს ცოცხლად.
და
ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.
2000-




Posted by
cartwheel
at
4:02 PM
2
comments
Labels: ვინიგრეტი, მადლობა, ძირს პათეტიკა, ხალხი

