
მე ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც.
ვისაც ჩემი წერილები გადაუხედავს, იცის რომ მე სააკაშვილს ვგულშემატკივრობ.
სხვანაირად რომ ვთქვათ ამ კაცის იმედი მაქვს.
ტერი დევისის, იუჩენკოს, სარკოზის გამარჯვებები იწინასწარმეტყველა და გაარტყა.
მაკკეინის თბილისში ვიზიტისას თქვა ეს კაცი ამერიკის მომავალი პრეზიდენტიაო და.. სხვისი არ ვიცი და ძალიან გამიკვირდა რომ პრეზიდენტად არა, მაგრამ რესპუბლიკელების რჩეულად რომ დაასახელეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
მას შემდეგ მაკკეინს ვგულშემატკივრობდი, იმ არგუმენტად, რომ მეთქვა აჰა, ჩვენ რომ ტყემალზე ვზივართ ამ კაცმა ამერიკის შემდეგი პრეზიდენტიც გამოიცნო 2 წლის წინ მეთქი.
ომის შემდეგ მაკკეინის სიტყვები - მე ვარ ქართველი, ჩემთვის ახალი სუნთქვის გახსნა იყო.
მას შემდეგ მაკკეინს კი არ ვგულშემატკივრობ, მიყვარს, ვაფასებ.
რატომაც არა, შეიძლება რომ სულაც ამ სიტყვებმა დაუკეტოს მას თეთრი სახლის კარი. შარი ამერიკელებსაც არ უნდათ.
თბილისის ფორუმზეც სიმპატიები შესაბამისად განლაგდა - ხელისუფლების მომხრეები მაკკეინს ემხრობოდნენ, ოპოზიციისა კი ობამას.
ობამას მომხრეთა მოტივი თავიდან ალბათ ის იყო, რომ მიშას ძმაკაცი არ იყო.
შემდეგ კი ობამას ნათქვამი თუ არ ნათქვამი ციტატა დაემატა - სააკაშვილი სუსტი პრეზიდენტია და ის უნდა წავიდეს (ვინ იცის სწორედ ამ ფრაზით მოიგოს არჩევნები ობამამ).
გავბრაზდი. "ა ეტო ნე ეგო უმა ძელო" მე კი არა, ნოვოდვორსკაიამაც თქვა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა (ვინ იტყვის რომ არა).
შევეცადე ჩემი პოზიცია ამ წინა ისტორიების ემოციური ბურუსის გარეშე დამეკავებინა.
ჰოდა
(ეს ჟურნალი ტვინს ხშირად მიტრიალებს) "ცხელი შოკოლადი" წავიკითხე. მარკ მალენის სტატია ობამაზე. ამ კაცმა ის თქვა, რაც მე ინტრიგანული ქვედა ზრახვებისთვის მქონდა შენახული იმედის ნაპერწკლად. თქვენც წაიკითხეთ. ლევან რამიშვილის მაკკეინის შესახებ სტატიაც მიაყოლეთ და შეაფასეთ,შეადარეთ.
ციტატებს არ მოვყვები, ჩემსას ვიტყვი.
ასეა თუ ისეა დღეს, არჩევნების დღეს მე ობამას გამარჯვებას ვისურვებ და აი რატომ:
გაუმარჯოს ამერიკას, საქართველოს ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს ამ დედამიწაზე.
ამერიკის, როგორც მსოფლიოს ენერგიული ადამიანების ნაკრების სტატუსი საფრთხეშია.
ჰიტლ.. (ბოდიში) პუტინის რუსეთი რჩოლაზეა, ძალაც აქვს. ექნება კიდევაც, სულ რომ გუთნისა და კავის ქვეყნად იქცეს ამ მსოფლიო კრიზისის (თუ შეთქმულების) შედეგად.
ჩვენი და ევროპის ერთად მომრევი სამხედრო ძალა მაინც დარჩება.
ჩვენი ხსნის გზა გადის ამერიკის ავტორიტეტის ამაღლებასა და რუსეთის ავტორიტეტის დამხობაზე თვითონ რუსეთის შიგნით.
ეს მაკკეინს არ შეუძლია.
ეს შეუძლია იმ ამერიკას, რომელიც დაიბრუნებს მსოფლიო ნაკრების, თითქმის გაეროს სტატუსის მქონე ქვეყნის სახელსა დას გავლენას.
მსოფლიოს 20 საუკუნეა ევროპული, ანგლო საქსური (თუ როგორიცაა) რასა მართავს. სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა გაეროს მმართველობაში ბუტროს-ბუტროსი, პანგი მუნი და სხვა ეგზოტიკური თავმჯდომარეები.
ბარაკ ობამაც მსოფლიოს რჩეულია. გენებით, ბიოგრაფიით, გეოგრაფიული წარმომავლობით.
ამერიკა აირჩევს იმ კაცს, ვინც ამერიკის საქმეს გააკეთებს ყველაზე კარგად.
შორი ანალოგიით - ისე, როგორც კორსიკელმა საფრანგეთის, გორელმა კი რუსეთის საქმეები აკეთეს.
ქარიზმატულიაო, იდეალისტიაო, პათოსს არ ერიდებაო.
მოკლედ შიზოთიმიკია ისევე როგორც მიშა.
ერთმანეთს გაუგებენ პირველივე შეხვედრაზე. და ერთად გააკეთებენ იმას, რასაც ვერ გააკეთებს მიშა და მაკკეინი.
ამის მჯერა.
ნუ, იმედები გამცრუებია, როგორ არა. მეც მიშასავით მაგარი კი ვერა ვარ პროგნოზებში, მაგრამ ჯერ ეს იმედი ძალაშია.
Tuesday, November 4, 2008
რატომ მინდა ობამას გამარჯვება
Posted by
cartwheel
at
5:05 PM
3
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", USA, ადამიანები, ანალოგია, აშშ, პრეზიდენტი, სააკაშვილი
Friday, May 23, 2008
"გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები"?!

დღეს 21 მაისის არჩევნების სამართლიანობაზე კამათი მქონდა.
_ყველაფერი წინასარ დაგეგმილი იყო, ნაციონალებმა თავისი პროცენტების ჩააწყობა არ იკმარეს, "თარგამაძე- ქრისტიან დემოკრატებიც" მესამე ადგილზე გაიყვანესო. სადაც რესპუბლიკელებმა 3,8% აიღეს, იქ "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები" 9%-ს როგორ აიღებდაო."
მოკლედ პროცენტების ასეთი განაწილება არჩევნების გაყალბების უცილობელ საბუთად მოჰყავდა.
ვერაფერს იტყვი, ლოგიკური ეჭვია. ლოგიკური ეჭვია იმ პირობებში თუ პირობად მივიღებთ, რომ ამომრჩეველიც ლოგიკური მასაა.
მე კი მიმაჩნია რომ, ჩემთვის სამწუხაროდ ქართული ელექტორატის თითქმის 10%-ს შეადგენენ უცნაური ინფანტილური ადამიანები.
ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უცნაურია პოლიტიკოსად აქციო ტელეეთერის მონატრებული დიქტორი რომლის პოლიტიკური წარსული სავსე იყო ოდიოზური ფეოდალ-ოლიგარქების თამაშებში ნიჭიერი მაგრამ არაგულწრფელი და არაერთგული მონაწილეობით.
ორი თვის წინ, როცა გიორგი თარგამაძეს უმუშევრად დარჩენილს ახალი საქმის ძებნა მოუწია, გადაწყვიტა თავისი მოწესრიგებული უსლუჟლივი გამომეტყველებისათვის დაემატებინა საქართველოს მართლმადიდებლური წარსული და ეს კომბინაცია შეეფუთა პოლიტიკური პარტიის გარსში. ცდაც ბევრი არ უწევდა, ორ თვეში ხომ არჩევნები იმართებოდა.
სერიალების, მათ შორის საინფორმაციო-საცნობარო სერიალების, (როგორიც იყო "დროება" იმედიტვ-ზე) მოყვარულები მზად აღმოჩნდნენ, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში საკუთარი ხმა ტელე კუმირისათვის დაეთმოთ.
რა ვიცი, რა ვიცი.
იმ, ჩემთან მოკამათე პატიოსან კაცს კი (სხვათა შორის ნაციონალების ამომრჩეველს), არჩევნები გაყალბებული ჰგონია და.
P.S. კლერიკალიზმის შემოტევაზე კარგი სტატია ეწერა "ცხელ შოკოლადში", 

მაგრამ მიმაჩნია რომ თარგამაძის ამომრჩეველისათვის სულერთი იყო, მათი საყვარელი გიორგი რაში შეფუთავდა თავის პარტიას. მიზანი იყო კვლავ ხშირად ეხილათ ტელევიზორში დროების ნიკელის მანქანის მფლობელი ჟურნალისტი.

Posted by
cartwheel
at
12:18 PM
2
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", ადამიანები, ოპოზიცია, საზოგადოება, ხალხი
Thursday, May 15, 2008
ფრაზა-ორიენტირი

ეს ფრაზა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ორი მიზეზის გამო:
ჯერ ერთი - ის ჭია რაც მე მაწუხებს და რის სათქმელადაც მე ამ ბლოგს უკვე მეშვიდე თვეა ვუკირკიტებ, ამ ორ წინადადებაშია ნათქვამი.
ეს ფრაზა ფაქტიურად არის კანონი, დემოკრატიული საზოგადოების კანონი.
დღევანდელი, ათასი სასტიკი ისტორიული სოციალური ექსპერიმენტის შესახებ უამრავი ნიჭიერი ფილმისა და მსოფლიო მაშტაბების პოლიტიკური ნიუსების მნახველი, გლობალური ისტორიული განვითარების გამოცდილების მქონე ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის საზოგადოებას თუ ეს საზოგადოება დემოკრატულია.
ანუ ეს ფრაზა დღევანდელი მსოფლიოში არის არა დემოკრატიული საზოგადოების, არამედ - საზოგადოების არსებობის კანონი.
მეორე- რაც ჩემთვის მართლაც გასაკვირი აღმოჩნდა, ეს არის ამ ფრაზის ავტორობა.
"ცხელ შოკოლადში" ლანა ღოღობერიძის "პარიზული დღიურების" განსხვავებული მიმართულების ჩანაწერების კითხვისას გადავაწყდი ამ ფრაზას. ფრაზას რომელიც ორჯერ წავიკითხე და.. გამეხარდა. ეს წინადადება სრულად ხსნის ჩემს სათქმელს, ის ჩემი საიტის სლოგანად გამოდგება.
და მთავარი! თვითონ ფრაზა.
“დემოკრატიის მანქანას სპეციფიკური საწვავი სჭირდება. ეს საწვავი სამოქალაქო ღირსების განცდაა.დემოკრატია, დემოკრატიული საზოგადოება აშენდება მაშინ, როცა მოინახებიან ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან რაღაც გაღონ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთლიანობაში გაიმარჯვოს.
დემოკრატია ვითარდება იქ სადაც არსებობს საზოგადოებრივი ზნეობა.”
ადრე ვწერდი სხვა ფრაზა-ორიენტირის შესახებ, რომლის ავტორი ნოდარ ნათაძეა.
ეს ფრაზაც ასევე ფრაზა-ორიენტირია. დიდი მადლობა ქალბატონ ლანას ერთერთი მკითხველისგან.
ბოლოსდაბოლოს მეც, სწორედ ასე არ ვფიქრობდი და ვფიქრობ, როცა უარი ვთქვი აფხაზეთში ნაბრძოლობის შეღავათების მიღებისათვის ვეტერანად დარეგისტრირებაზე?
მე ამ ჩემი ნაბიჯით ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ლარს ვკარგავ 2002 წლიდან (ანუ ჩემი ხელფასი ჩვეულებრივად იბეგრება და არა ვეტერანებისათვის მოგონილი შეღავათიანი სქემით).
მაგრამ დღეს კი არა, შევარდნაძისდროინდელი ექიმის 120 ლარიანი ხელფასიდან რომ ვუტოვებდი სახელმწიფოს 300 ლარს ყოველწლიურად, უფრო ამაყი ვიყავი, ვთვლიდი რომ ეს ფული 18 პენსიონერის ერთი თვის პენსია იმ ღატაკ სახელმწიფოს ჯობდა დარჩენოდა ჩემგან. იქნებ რამე საზოგადოდ სასარგებლო გაეკეთებინა ამ ფულით. კიდევ რა არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება დემოკრატიის სასარგებლოდ, ახლავე მოგიყვებით.
ღუდუშაურის ცენტრში ექიმები რთული გასაუბრებისა და საექიმო CV-ის გათვალისწინებით მიგვიღეს და 2002 წელს, იმ დროისათვის მეფური 1000 ლარიანი ხელფასები მოგვაკუთვნეს.
ღუდუშაურის კლინიკა მართლაც იყო ერთადერთი ასე ვთქვათ, ფანჯარა ევროპაში, ცივილიზაციაში. ყოველ შემთხვევაში ექიმებისა და საუკეთესო აპარატურის მეშვეობით გადარჩენილი ავადმყოფებისათვის. ხელფასის კუდი იმ დროს მომავალ ხელფასს წვდებოდა.
დღეს 2008 წელს ჩვენი ხელფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა და მსყიდველობითი უნარი კი მნიშვნელოვნად 2-3 ჯერ შემცირდა. ჩვენ სულ ალბათ 50-მდე კაცი ვიქნებით საქართველოში, რომელთაც ფაქტიურად იგივე ხელფასი გვაქვს, რაც შევარდნაძის დროს და თანაც მხოლოდ ხელფასზე ვცხოვრობთ.
და მიუხედავად ასეთი უსამართლობისა, მე ამ ხელისუფლების მომხრე ვარ.
ვაფასებ იმ შესრულებულ საქმეს რაც მათ საზოგადოებისათვის გასწიეს, საქართველოსათვის გასწიეს.
და არ ვაყენებ საკითხს ასე - "მერე მე აქედან რა? მე მომცენ ჩემი კუთვნილი და მერე დახარჯონ შადრევნებში"
ვიცი, ვიცი კი არა დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს უპირველესი ხარჯი უნდა იყოს ენერგეტიკა, საინვესტიციო გარემოს შექმნა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.
აქედან ყველა ის, მაცივრის გარეთა ხარჯი, რაც მოსახლეობას ზედმეტი გონია (გზები, ფასადები, ძეგლები, შადრევნები) აუცილებელია 1. ინვესტიციების მოსაზიდად 2. მოქალაქეთა თვითშეფასების, მოტივაციის ასამაღლებლად.
მე ჯერ არ მშია.
წელს რა ინვესტიციაც მიიღო საქართველომ, იგივე რომ მიიღოს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი, ექიმის ხელფასიც
გასამმაგდება
მოკლედ ჩემი წვლილი ამ საზოგადოებაში ის არის, რომ არ ვწუწუნებ და ხელისუფლების დამხობას არ ვცდილობ საერთო ქვაბიდან უფრო დიდი ლუკმის მოხელთების მიზნით.
Posted by
cartwheel
at
12:34 PM
0
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", ადამიანები, მადლობა, საზოგადოება, შადრევანი
Tuesday, April 29, 2008
მე და იმედია შენც



ისევ "ცხელი შოკოლადი"
ახალი ნომერი მივიღე, გამოწერილი მაქვს.
ჩემს ერთერთ წინა პოსტში გამოთქმული ჩემი პროგნოზი, ეს კარგი კაცი - მარკ მალენი მომავალ ანალიზს საქართველოს შესახებ ალბათ 5 წლის შემდეგ დაგვიწერს მეთქი, არ გამართლდა, აპრილის "ცხელ შოკოლადში" მისი ახალი სტატიაა "მიშას შემდეგ".
დღევანდელი სტატია უფრო კატეგორიული, მაგრამ მაინც კეთილგანწყობილი ჭკვიანი კაცის ნაწერია.
ბედნიერი ვიქნები ისეთ ქვეყანაში, ისეთ საქართველოში მომიწიოს ოდესმე ცხოვრება, რომელშიც ამ სტატიას სრულად დავეთანხმები.
ამ ანალიზში ბევრი რაციონალური და ლოგიკური წერია, ბევრ რამეს მეც უპირობოდ დავთანხმებოდი.
მაგრამ..
ჩემსა და მარკ მალენის მოსაზრებებს შორის ერთი პრინციპული სხვაობაა.
მისი სასურველი, საგულშემატკივრო საქართველო დემოკრატიის ოაზისია დედამიწის ამ ჭრელ რეგიონში. მისთვის დიდი სხვაობა არ არის ეს დემოკრატიის ოაზისი საქართველოს ფორმის იქნება თუ ვაშლის ნაჭამის. ანუ იმ ფორმის, რაც რჩება საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
ჩემთვის და იმედია შენთვისაც
ქართველო საქართველოა.
მე ამ საერთო მიწისათვის საკუთარი სიცოცხლე გავრისკე. მე და იმედია შენც, დავთმობთ კომფორტს, ამბიციებს, პირად კეთილდღეობას, იქნებ ჯანმრთელობასა და ღმერთმა ნუ ქნას, სიცოცხლესაც რომ
საქართველო ისეთი ფორმის იყოს, როგორიც საქართველოა.
დღეს საქართველო, რომელიც ღირსებას იბრუნებს და ტალახში სახით ჩამხობილი მდგომარეობიდან წამოდგომას ცდილობს, მას ხელ-ფეხში ჩაფრენილი ხაფანგები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოკალათებული სეპარატისტულ-იმპერიული ხაფანგები უფრო და უფრო უჭერს და ისევ ქვემოთ ექაჩება.
ჩემი სურვილია ქართველებმა აიღონ
ისეთივე პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი ქვეყნის წინაპრებისა და შთამომავალთა წინაშე, როგორიც აქვთ ებრაელებს, სომხებს თუნდაც მარკ მალენის თანამოქალაქეებს - ამერიკელებს.
Posted by
cartwheel
at
12:31 PM
0
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", აფხაზეთი, აშშ, რუსეთი, საზოგადოება
ვინ მოგცა უფლება დასცინო !?

კიდევ ერთი საჭირო სტატია "ცხელ შოკოლადში".
აპრილის ნომერში წავიკითხე წერილი P.S.-სა და საერთოდ, რუსთავი 2-ის შესახებ - "analitikuri oxvra".
მხილებული იყო რუსთავი 2-ს პოლიტიკა - სკანდალური ამბები მოეთხრო მონაწილე პირების სახელებისა და მისამართების მითითებით. რითაც საინფოემაცი ო საშუალებამ სამუდამო დამღა დაასვა გაუპატიურებულ გოგონას.
ეს ერთი კონკრეტული კრიმინალური რეპორტაჟი და კონკრეტული სარედაქციო შეცდომა იყო. შეცდომა რომელსაც ადამიანის ბედის წახდენა შეუძლია.
მაგრამ..
მაგრამ რა ვუყოთ ჯეოსტარსა და მის ანონსებში ერთი კი არა დაწუნებულ კონკურსანტთა მთელ გალერეას, რომელთაც დაუშურებლად აცნობდა მთელ საქართველოს რუსთავი2 !?
აქაოდა ნახეთ, ჩვენს ჟიურის როგორ ამბიციურ და უნიჭო ადამიანებში მოუწიათ მონაწილეთა შერჩევაო.
მეც კოლიზეუმის რომაელივით დავცინოდი დასაცინად გამოყვანილ ახალგაზრდებს, რომელთაც ზოგს ნოტი ეშლებოდა, ზოგს ტექსტი და ზოგს დგომის მიმართულება.
ვინ გკითხავს შენ რუსთავი2 ხარ თუ ჯეოსტარი, უცნობი ახალგაზრდა თავის რაიონში თავისივე მეგობრებმა სუფრაზე ნამღერისათვის შეაგულიანეს, შენ იქ ჩააკითხე რაიონში და მანაც გარისკა, შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. არ გამოუვიდა, ვერ დააკმაყოფილა კონსერვატორიის კრიტერიუმები და არც თვითნაბადი მარგალიტი აღმოჩნდა მეგობრების ნაქები მისი ნიჭი.
იქნებ ეს კაცი მომავალში თავისი ენერგიისა და ამბიციის დახმარებით თავისი რაიონის გამგებელი, ან პარლამენტერი, ან სულაც საქართველოს პრეზიდენტი ხდება.
ვინ მოგცა უფლება საქართველოს მასშტაბით დასცინო.
გააკეთო მისი მონაწილეობით, მისი ნებართვის გარეშე საღადაო-სარეკლამო კლიპები.
იყო მსგავსი ბოროტი გადაცემა - "ატალანტი" სადაც გულუბრყვილო ადამიანები თავის შემოქმედებას სრულიად საქართველოს აცნობდნენ. გადაცემის მიზანი კი ამ შემოქმედების ტირაჟირება კი არა, იმ ირონიის შენარჩუნება იყო, რაც მაესტროს პოპ ესტრადის ნიჰილისტ მაყურებელს უნდა გასჩენოდა ამ უადგილოდ მონდომებული ადამიანების შემხედვარეს.
"ჯეოსტარის" შესარჩევი ტურების უიღბლო მონაწილეთა შემხედვარეს, სურვილი მიჩნდებოდა ადვოკატი ვყოფილიყავი და ამ დაჩაგრული ადამიანებისათვის მორალური ზარალის ასანაზღაურებლად "რუსთავი2"-სა თუ "ჯეოსტარისათვის" დიდი თანხა წამერთმია. მომავალში მაინც რომ აღარ გაეგრძელებინათ ადამიანების აბუჩად აგდება და მათთვის სასაცილო დამღის დასმა. მეგონა ესესაა შევიტყობ ასეთი სასამართლო პროცესის შესახებ მეთქი, მაგრამ არა, ჩვენი ადვოკატები ხომ უფრო მნიშვნელოვანი საქმით - პოლიტიკის კეთების ამბიციით აღმოჩნდნენ აჭრილები.
დღეს საქართველოში ტელევიზიას შეუძლია მორალური ზიანი დაუსჯელად მოგაყენოს.
ადვოკატები კი, რომელთაც კონკრეტული ადამიანების ღირსების დაცვა არ ადარდებთ, პოლიტიკაში ისეთივე ღირსების გრძნობით იბადრებიან, როგორც გულუბრყვილოები "ატალანტში".
Posted by
cartwheel
at
12:05 PM
0
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", ადვოკატი, ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები
Thursday, April 3, 2008
ცხელი შოკოლადი

აპრილის "ცხელი შოკოლადს" * ვფურცლავდი და ერთ სტატიას შევუყევი ისე რომ ავტორის გვარი არ წამიკითხავს. "მიშას ობამიზაცია" კარგი, პროფესიონალური, მსოფლიო პარალელებით გაჯერებული და რაც მთავარია კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი მეჩვენა. სად იყო აქამდე ეს კაცი, როცა ჩვენ ამ ცრუ ექსპერტებისა და ცრუ პოლიტიკოსების პარალოგიკებში ვიხრჩობით, აქამდე რატომ არ გამოჩნდა მეთქი გავიფიქრე და ავტორის სანახავად დასაწყისზე გადმოვშალე.
იმედგაცრუება..
ქართველი არ არის, ამერიკელია - მარკ მალენი.
"მიშას ობამიზაციის" ავტორი ვერ გახდება ქართველი "ექსპერტი" და ალბათ მომავალ სტატიას საქართველოს შესახებ 5 წლის შემდეგ დაწერს.
მაგრამ.. იქნებ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენ თავში ეს გამჭრიახი მზერა. გულშემატკივარი მზერა შორიდან, გვერდიდან. აკი ასე გავიზარდეთ, სიამაყით გვასწავლიდნენ - ქართველი ბუნებით არტისტია, ის მუდამ სცენაზეა და აუდიტორიას ესაუბრებაო.
აუდიტორია უნდა ავარჩიოთ სწორად - ცივილიზებული მსოფლიო და არა მხოლოდ რუსეთი, აფხაზები და ოსები და არა მხოლოდ დაზარალებული ნაცნობები, ჩვენი შვილები და არა კაგებეს პენსიონერები, ქვეყანა და არა ჟურნალისტები.
*თუ ჯიბეში 7 ლარი გიდევს "ცხელი შოკოლადი" უნდა იყიდო.
Posted by
cartwheel
at
11:48 AM
0
comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", ადამიანები, აშშ, მადლობა, პრეზიდენტი, საზოგადოება
