Showing posts with label ძირს პათეტიკა. Show all posts
Showing posts with label ძირს პათეტიკა. Show all posts

Sunday, February 17, 2013

999–ე პოსტი


საიუბილეო, 999–ე პოსტი.
გადავრჩით.
დედამიწას იმაზე 10 ჯერ დიდი მეტეორი აცდა, ვიდრე დაეცა..

ცაში ახედე, რა ლლლამაზია... ჯერ.

Saturday, June 30, 2012

ლუი მზე მეთოთხმეტე მიშა სააკაშვილი



ლუი მზე მეთოთხმეტე
მიშა სააკაშვილი


ორივე მაღალი, ორივე უფრო გრძელ თმას ატარებს ვიდრე მათ  გარემოშია მიღებული
ორივე არქიტექტურას მიიჩნევს ქვეყნის სალაპარაკო ენად, ორივე გარეგნულობას უდიდესი სკრუპულოზურობით ეკიდება.
ორივეს მოსწონს ფუფუნებით იყოს გარშემორტყმული და ამით  შექმნას მოდელი თავისთვის და თავისი სტუმრებისთვის, რომ მისი ქვეყანა ასეთია.

ორივე ისტორიულ კვალს ტოვებს, მათი ნამოქმედარი ქვეყნის სავიზიტო ბარათი ხდება და ამით შორეულ პერსპეტივასი ქვეყანას დიდ ხეირს უტოვებს.




მაგრამ ახლო პერსპექტივით ლუის ზეაქტიურობამ ქვეყანა კრახამდე მიიყვანა.
ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ლუი მეთხითმეტემ ქვეყნის ბიუჯეტი გადახარჯა და რომ მისი მიზეზით საფრანგეთი მისი სიკვდილის შემდეგ გაკოტრდა.








რითი ჰგავს?

როცა ვერსალს აშენებდა ყველა სტუმარი მშენებლობაზე მიჰყავდა, და ვინაიდან
ვერსალი ჭაობის ადგილზე გაშენდა, თვით მეფე მზე და მისი სტუმრები ამ თვალსასეირო ტურის შემდეგ ტალახში ამოგანგლულები ბრუნდებოდნენ.
სტუმრები როგორც წესი არ იზიარებდნენ მეფის აღტაცებას და ჩუმი ქირქილით გადაუკრავდნენ თვალს ერთმანეთს, მეფეს კი მხოლოდ ხოტბას ასხამდნენ.

ტალახი მრავლადაა იმ ადგილებში, სადაც მიშას თავისი სტუმრები დაჰყავს.
თანაც საპატივცემო სტუმრები.

სვანეთი
ბათუმის ალი და ნინო
მშენებარე ოპერა მახინჯაურში



ერთიც და მეორეც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარეგნულ სახეს, ჩაცმულობას, ვარცხნილობას, შეიძლება დღეში ორჯერ გაიპარსოს,  მაგრამ სამშენებლო ტერიტორიაზე ტალახი მათტვის ნული ინფორმაციაა.

შეჯლაყუნდება და არც მოერიდება თუ სხვა ქვეყნის სტუმარი პრეზიდენტი ან მსოფლიო გრანდი მომღერალი მას უნდა მიჰყვეს პროტოკოლის მიხედვით.

ლუი მზე სტუმრებს არა მარტო ბაღების განაშენიანების პროცესს აჩვენებდა, არამედ განსაკუთრებით ხშირად  შადრევნებისთვის წყლის კოლექტორის სათავეს და ამ კოლექტორისა და შადრევნების მუშაობის პრინციპებზე ესაუბრებოდა.

დიდი ალბათობით ერთიდაიგივე ტექსტის არაერთხელ მოყოლა უწევდა.

გავს მიშას, ზოგჯერ ის ტურისტთა გიდი მგონია. ერთიდაიგივე სანახაობასთან  მეთხუთმეტე სტუმრის მიღებისას, შეიძლება რაღაცა შეცვალო ტექსტში, მაგრამ 90% იგივე დარჩება . არაერთხელ თქმული.


ლუი მზემ საფრანგეთს ვერსალი დაუტოვა, ვერსალს კი წელიწადში 20 მილიონი სტუმარი აკითხავს, ტოვებს ფულს და მიაქვს საფრანგეთის პატივისცემა სამშობლოში.

მაგრამ ლუიმ საკუთარი ქვეყანა გააკოტრა.  სიკვდილის შემდეგ სულ ცოტა ხანში.



მიშა ჰგავს ლუის.
მასაც სახელმწიფო ბიუჯეტის მასშტაბის იდეები აქვს.
 ბევრი გამოუვიდა, უფრო ბევრი გეგმაში აქვს.

გააკოტრებს თუ არა მიშა საქართველოს?

დიდი შანსია.
დიდი შანსია საქართველო გაკოტრდეს და ეს ყველაფერი მიშას მომდევნო ხელისუფალმა მიშას დააბრალოს.
ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო კურსს გადაუხვევს.
რომელ კურსს და ევროპისკენ და დემოკრატიისკენ კურსს, ნატოსკენ კურსს.

ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს მაპზე უკეთესს, თვით გაზსადენ ბაქოთბილისი ჯეიხანზე უფრო უკეთესს.
და რა შეიძლება იყოს დღეს საქართველოსთვის ბტჯეიხანზე უკეთესი?


რა და,

 ადგილი  გლობალურ ემოციურ დიალოგში.


ამ დიალოგში აშშ და ევროპა რუსეთს ეკამათება, ასწალის, ენას უჩლექს და საყვედურობს.
ეს დიალოგი ათეული წლების  ხანგრძლივობისაა,  საქართველოს ჩართვა ამ დიალოგში ამერიკის ინტერესია  60% ით, 40%- ით კი რუსეთის.
რუსეთს უნდა საქართვრლო იყოს სუსტი და ადვილად მოსასყიდი.
რუსეთს ეიმედება, რომ საქართველო მის არგუმენტად იქცევა.

მას უნდა ააყვავოს აფხაზეთი და ოსეთი ყველას დასანახად.


ამერიკას უნდა რომ საქართველო

ისევე როგორც ეს რუსეთს უნდა ოსაფხაზთა მიმართ, ოღონდ, რუსეთისგან განსხვავებით ამერიკას ეს.. შეუძლია.

ამერიკას ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველო იყოს წარმატებული, თუნდაც დემონსტრაციულად და ფანფარონულად, მაგრამ წარმატებული.
 ის ასეთად უნდა დაინახონ რუსებმა, შუააზიელებმა, არაბებმა, მუსულმანებმა, ამერიკელმა ამომრჩევლებმა, ევროპელებმა, ეგვიპტელებმა, სირიელებმა, ყირგიზებმა, ვენესუელებმა.
საქართველო ამერიკული ლეგენდაა, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა დასრულდეს, ჰოლივუდის მაყურებელი პუბლიკა ( ანუ მსოფლიო) სხვა ფინალს არ მიიღებს- ბოროტი და ძლიერი უნდა დაღონდეს და სხვა გზას დაადგეს. რუსეთს უნდა ტვალი მოეჭრას საქართველოს წარმატებების კაშკაშით.

ძნელია ასე ერთმნიშვნელად ლამაზი წარმატების მოძებნა, მაგრამ გაუთავებელი მცდელობების რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება.


ეს მიშას გეგმაა,
თუ ამერიკა ფეხზე დარჩა , და ჩვენი ჟილკა არ განელდა,
არ გავკოტრდებით.
ამერიკა არ დაუშვებს ამ ლეგენდის დიდაქტიკური წონის აორთქლებას, ძალიან არარაციონალური იქნება ეს.
ლეგენდა ჩვენ დაგვიცავს გაკოტრებისგან.
ჩვენი საფრთხე ამ ლეგენდის დაკარგვაა, ლეგენდისთვის საფრთხე კი ჩვენ ვართ.
სხვას არავის შეუძლია ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდის როლი თვითგადარჩენის რუტინაში ჩაფლული მოწიწებული კოლონიის როლით შეგვიცვალოს.

მოხდა ასე ჩვენზე 10- ჯერ დიდ უკრაინაში, მათ დაკარგეს ლეგენდა და  .. გულშემატკივრები, მაგრამ .. უკრაინას ასეთი ფუფუნების უფლება შეეძლო მიეცა საკუთარი თავისთვის - ის ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა ( რუსეთს თუ არ ჩავთვლით)
საქართველოს არ აქვს უფლება დაკარგოს ლეგენდა.
კარგი ისაა, რომ სხვას  არავის შეუძლია დაგვაკარგინოს ეს ლეგენდა.
მაგრამ ცუდი ისაა, რომ საკუთარ თავს შეგვიძლია დავუკარგოთ ეს როლი. როლი, რომელშიც  ათეულ  მილიარდს გვიხდიან.
მაგრამ სპექტაკლი გრძელდება, ჰონორარი მერე იქნება, თუკი ფინალში ტაშს დავიმსახურებთ და არა იმედგაცრუებას, როგორც უკრაინელებმა.


შემდეგ მოქმედებაში საქართველომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს,
შემდეგ მოქმედებაში საქართველო არ უნდა აჰყვეს ქვენა სურვილს, არ დაუთმოს ხელისუფალს საჭმელის ფული.
პირიქით, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საზოგადო დანიშნულების ხარჯებზე, რომელსაც ხელისუფლება მას პირადად არ აძლევს სარდელისთვის და თვითონ კი თავს იწონებს, აი რა მაგარი ავაშენეო.
ჩვენი მაცივრების  სიღარიბე და ქუჩების გარეგნული ელვარება ამ როლის მთავარი ატრიბუტია, როგორც ანჟელიკას ოსეინისთვის  კოჭლობა.


წარსდექ მშიერი, არა შიშველი.
საქართველო თავის ვერსალს აშენებს, ის აუცილებლად მოგვცემს გრძელვადიან ხეირს, და მოკლევადიანსაც.
თუ ჭკვიანად მოვიქეცით.          


Tuesday, June 19, 2012

საქართველო VS ქართველები





 


მას შემდეგ რაც დედამიწა ცივილიზებული პლანეტა გახდა, დაფუძნდა საერთაშორისო გლობალური წესები, ერთა ლიგა და გაერო,
ცხოვრება წვრილწვრილი ქვეყნებისთვის გამარტივდა.

მარტივი ჯუნგლებისა და ფეოდალიზმის კანონი - დიდი და ძლიერი იპყრობს და მართალია, შეიცვალა ცალკეული ქვეყნის საზღვართა ურყეობის პრინციპით.

ამ წესებმა სულზე მოუსწრეს პატარა ქვეყნებს.

გიგანტურ ქვეყნებს ატომური ბომბი რომ 30 წლით ადრე შეექმნათ, ალბათ დღეს დედამიწაზე 4 მეგაიმპერია იქნებოდა მხოლოდ.

დემოკრატი ჩერჩილი იმპერიალისტი და ფაშისტი იყო ინგლისელების სასარგებლოდ
დუჩე იტალიაში
ფრანკო ესპანეთში
მაო ჩინეთში
სტალინი რუსეთში


ყველა გლობალურ ჰეგემონიაზე ოცნებობდა.



ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვისი მიწების ფლობის ქავილი დაძლია ამერიკა აღმოჩნდა.


ამერიკამ უმთავრესი როლი ითამაშა დღევანდელი მსოფლიოს ფორმირებაში

მისი საგარეო პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული და ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე კოლონიების ტანჯვა და კონტროლი.

ამერიკა ზეიმპერიაა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ავრცელებს წესებს - იყავი დემოკრატი ქვეყნის შიგნით , ჩემი მეგობარი იქნები.
ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეგობრობა მცირე ქვეყნებისთვიდ უზარმაზარი სტიმულია გახდნენ დემოკრატიულები, მეორე მხრივ გადამთიელი და ოკეანსგაღმა ქვეყნის დემოკრატობა ასევე სასარგებლოს ამერიკისთვის.
- დემოკრატიული ქვეყანა არ იცვლის მეფის ხასიათის მიხედვით მეგობარს, ანუ ამერიკისადმი ერთგულება მით უფრო სტაბილური და ხანგრძლივია რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო
- მეგობარ ქვეყნებთან ვაჭრობა იწვევს ამერიკის ვალუტის სიმტკიცეს და ქვეყნის სიმდიდრის ზრდას.

ცალკეული ქვეყნის აგრესიულობის შემთხვევაში ადვილია მიიღო ბევრი მეგობარი ქვეყნის თანხმობა და დახმარება იმ ქვეყანათა დემოკრატიულობის  შემთხვევაში.

ამერიკის მეთაურობით დაწესებული ეს წესები პირველ რიგში სასარგებლო პატარა ქვეყნებისთვის აღმოჩნდა

ფეოდალური მცირე და დიდი ომები , სისხლის რეგულარული მდინარეები, რომელთა შედეგიც საბოლოოდ იმპერიების გამსხვილება და მცირე ქვეყნების კვდომა უნდა ყოფილიყო, შეჩერებული იქნა.

პოტენციურმა იმპერიებმა სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ შეძლეს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც მცირე სახელმწიფოებს შანსს აღარ უტოვებდნენ თავდაცვით ომში გამარჯვებისა.

საერთაშორისო კანონმდებლობამ თავდაცვის გმირული და უშედეგო ომები ააცილა უამრავ მცირე ქვეყანას.


თუკი საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანას, დიდსა და მცირეს თავისი მიწის ყველა გოჯისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა სუსტმა მიიღო საშუალება იარსებოს უპირობოდ ძლიერ მეზობელთან მშვიდობიან ურთიერთობაში.

საქართველო განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 1918  ? წელს, ერთა ლიგამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიად ის ისტორიულად საქართველოს მიწები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა რუსების მიერ წართმეული თურქეთისათვის, აგრეთვე აფხაზეთი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სულაც არ უნდოდა რუსეთს.

1921 წლიდან  სსრკს მიმართ შიშმა შეუნარჩუნა საქართველოს აჭარა.

ქართველებს საქართველო საჩუქრად გვერგო.

არ დასცალდათ აფხაზებს, ბორჩალოელებს, სომხებს, ოსებს იმ მიწების შემოსაზღვრა, რომლებზეც ( ზოგგან საუკუნეების განმავლობაშ)  დომინირებდნენ.

და როგორ მივიღეთ ეს საჩუქარი ჩვენ ქართველებმა?
მოგორც კუთვნილი. მარიამის წილხვედრი, მუხრანის გარითმული და კონსტანტინეს ბეჭედდასმული.
და..  მიიღეს ისე, როგორც ზარმაცმა შვილმა გულჩვილი დედისგან ერთი მანეთი, რომელიც შვილის სიზარმაცით განრისხებული მამისთვის უნდა ეჩვენებინა დღის ბოლოს, ვითომდა ოფლით ნაშოვნი ყოფილიყო.
მიიღო როგორც კუთვნილი და მიიღო როგორც .. წვრილმანი.
დღესაც ასე ვართ.
მტკიცედ გვწამს რომ ის მანეთი ( საქართველო) კუთვნილია და .. იმდენად წვრილმანია, რომ ბუხარში შეგდებულს,  ცეცხლში ( გასაერთიანებელ ომში) არ უნდა შევყვეთ.

ჩვენი ომები მოიგო: ამერიკამ, ინგლისმა, ევროპამ, რუსეთმა  პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. დავუძვერით თურქეთსაც და რუსეთსაც.
ისე გაგვიტკბა, ახლა ისევ ევროპას ვამუნათებთ, სისხლს ჩემთვის რატომ აღარ ღვრიო.
ისე გავზულუქდით, ავღანეთში და ერაყში ჩვენი ბიჭების სისხლს, ფულად ნაყიდ თავგანწირვად ვთვლით და არა  საქართველოს პოზიციის დაცვად.
არადა ეს ჩვენი უღონო მადლობაა მსოფლიოს მიმართ, რომ შეგვინახეს, რომ გვინახავენ და რომ  მომავალშიც დახმარებას გვიპირებენ.
მადლიერება კარგი გრძნობაა, სიკეთის მქნელსაც ასტიმულირებს შენი მადლობა.
პატარა ბავშვებივით ჭყლოპინობენ ამერიკელები და ევროპელები მათ ომში  ქართველთა  მონაწილეობაზე პასუხად.  ასე მგონია, ისევ მათ ჭირდებათ ძლიერი საქართველო და არა ჩვენ. გვზრდიან.  ქება ხომ დასავლურ კულტურაში აღზრდის მთავარი ინსტრუმენტია.  უხარიათ თუ საქებარი მისხალი დაინახეს ჩვენში.
ჩვენ კი ჯიუტად გვინდა გადავყაროთ ნაგავი მანქანის ფანჯრიდან და აივნიდან, დავაფერთხოთ ხალიჩა, ავყვეთ არარეალისტურ დაპირებებს, გავიხაროთ თუკი პრეზიდენტი ჩვენი მიცემული ხელფასით არ შეჭამს.
ოდესმე უნდა შევშინდეთ, ოდესმე უნდა დაგვესიზმროს საქართველო საერთაშორისო კანონმდებლობის გარეშე, რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენი მიწის ყველა გოჯის მიმართ.
მოდელირებული სიზმარი გვინდა, თანაც ტირაჟით 4.500.000.










ზოგადი უნარებიდან


პასუხი გამეც




შენ ხარ რუსეთი
ერთმა პუჭურა თავნება მეზობელმა, ბებერმა გოჭმა თავი გაცემინა
მოინდომა შენს ნისკარტებში (ორთავა ხომ ხარ, არწივი) მოქცეული მისი გემრიელი ხორცებიდან ერთერთის გამოგლეჯა და ხვანცალი დაიწყო.

 შენ ის სასტიკად დაკბინე და ის ხორცები/მიწები უფრო ღონივრად ჩაკბიჩე.
დღეს   ის პუჭურა აგრძელებს საწყალობლად ჭყვიტინს და მსოფლიომაც ტვინი წაიღო- გაუშვი ნუ ტკენ პატარასო.

ხვალ ის პუჭურა ( დებილი, ახლა ხომ მიხვდა რომ ფართხალით ვერ გამგლიჯავს პირიდან ლუკმებს) ბოდიშს მომიხდის, თავის გაფართხალებას საჯაროდ მოინანიებს, გაეროს ტრიბუნიდან შემპირდება იყოს უფრო ჭკვიანი და გაითვალისწინოს რეალობები: ჩემი რეალური ძალა, მისი დანაშაული ჩემს მიმართ და მთხოვს, დავუბრუნო 80 წლის მიზანმიმართული წვალებით მოპოვებული ორი უგემრიელესი ლუკმა

 აფხაზეთი, რომელიც მთელ დანარჩენ რუსეთზე უფრო ლამაზია, სამოთხეა, კურორტია, შენი წარსული ძლევამოსილების სიმბოლოა
და მეორე, სტრატეგიული კლანჭი მთელ მაგ პუჭურა ქვეყანის ხერხემალში, მისი ძირითადი არტერიის (ავტობანის) სამხედრო  კონტროლია, სიმბოლოა ჩრდილოკავკასიელთა მიმართ ერთგული დასაყრდენის - ოსების ეფექტური პატრონაჟის.
რას იზამ რუსეთო, დაუბრუნებ იმ ლუკმებს ჭყვიტინიდან (მიშა) კრუსუნზე (ბიძინა) გადასვლით გულაჩუყებული?


თუ პირიქით, ბოროტად დიპლომატიურად  ჩაიცინებ,  გაიხარებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - მსხვერპლს შენს მარწუხებში ძალა და ჟილკა გამოეცალა, მოდუნდა, დაიღალა და ახლა ყველა კანონზომიერების მიხედვით შემდეგ ეტაპზე გადავიდა -  სიკვდილისწინა უღონო მუდარიანი კვნესის - მაპატიე, გამიშვი.

მე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს, გაულღვება რუსეთს გული მონადირებული ბებერი  ჭყვიტინშეწყვეტილი გოჭის  მიმართ თუ არა.



და ჩემს პასუხსაც გეტყვით -
არ გაულღვება.
კანონზომიერ, რეალპოლიტიკურ,ბუნებრივ, მის მიერ ჯერ კიდევ 080808 აგვისტოში ნაიმედებ, მაგრამ რატომღაც დაყოვნებულ,  კაპიტულაციის პროცესის   გაგრძელებად ჩათვლის.
საქართველომ სიკვდილის წინ მუდარით უნდა აჰხედოს და ბოდიში  მოიხადოს.
(ნა კალენი! პერედ რასსიი. შამილის პორტრეტი გახსოვთ პეტერბურგში მუხლებზე მყოფი?).

ეს ყოველმხრივ კარგი შედეგი იქნება - ჯერ ერთი, ჭყვიტინი მოაკლდება შენს ყურებს,
ამ ჭყვიტინს აყოლილი ევროპა მსოფლიოს აღშფოთება შეშფოთებები ერთბაშად შეწყდება, მაგათაც მობეზრდათ შენთან ზუზუნი, იციან, გამოუცდიათ რომ გამძლეობა გრძელი გაქვს. ყოფილი სსრკ დაინახავს, რომ გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.
იფ, იფ რა გემრიელი წამები გაქვს წინ.

მაგრამ დღეს ეს ბებერი გოჭი ტვინს გიტყნავს, ვერსად დაემალე ამ საშინელ ჭყვიტინს, მალე გააფრენ, ამ ბებერი მეძავი ევროპის სოპლებმაც შეგაწუხა თავის ვირეშმაკი ამერიკიანად და გაეროიანად. ერთიერთზე გეუბნებიან, გვკიდია ეგ გოჭი, მაგრამ ტვინს ჩვენც გვიბურღავს მაგის ჭყვიტინიო.
მართალია ნისკარტებს ხანდახან კლანჭებით ცვლი, როცა დაგეღლება, მაგრამ მაინც დაგღალა, ვერ გადაყლაპე ჯერ ეგ ლუკმები, არ გეკუთვნის, გადმოაგდეო მთელი დარბაზი გიყვირის, მხოლოდ ნაურუსა და ვენესუელას აქვს წყალი გამზადებული, დააყოლე, გულზე არ დაგადგესო, მაგრამ ..
ვერ ვყლაპავ, მართლა გულზე გაქვს დადგომილი.
–ჰე გოჭო, დამყევი ახლა და გადამეყლაპე, თორე გულისრევას ვეღარ ვთრგუნავ, მალე ამოვარწყევ შენს მიწებს თუ ასე მიტრიალე თითები ხახაში.

და მეორე შეკითხვა
კვნესა თუ ჭყვიტინი?

კვნესა (ბიძინა)  თუ ჭყვიტინი (მიშა)?

Wednesday, March 28, 2012

ჩემი სიკვდილი, ეხლავეთ


ეს შეცხადება განსაკუთრებულ ინტონაციას საჭიროებს.
არ ვიცი, შეიძლება ისტორიის განვლილ ეტაპზე ის ძალიან გულწრფელი იყო და ნამდვილ მწუხარებას და ელდას  გამოხატავდა, მაგრამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარსა და მითუმეტეს 21-ს დასაწყისში მას მხოლოდ ირონიულ დემონსტრაციული ფუნქციაღა შერჩა. 
ადამიანები სიკვდილს გავუშინაურდით. 

მახსოვს 1982 წელს მთელი თბილისი 6 თვე ვგლოვობდით თბილისელ  ბიჭს, რომელიც წყნეთში დააყაჩაღეს, ჯინსების გახდა მოთხოვეს და ჩხუბში მოკლეს. მისი სახელი ყველამ ვიცოდით და წასულების სადღეგრძელოში ვიხსენებდით. 
თბილისის ომი, სამაჩაბლო, აფხაზეთი, მანამდე ვიდეო საშინელებათა ფილმები, მერე საინფორმაციო გადაცემებში ყველა არასაწოლში სიკვდილის დოკუმენტურად ჩვენებამ ჩვენი აგზნებადობის  ზღურბლი რამდენიმეჯერ აამაღლა. 
თუკი მაშინ შეგვძრავდა 100 მიკროვატიანი ნეგატიური  ისტორია, დღეს იგივე ეფექტი მხოლოდ მეგავატი ნეგატივით   მიიღება.
მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულს რადიო ( ე. წ. ხაზის რადიო) აწეულ ხმაზე მხვდებოდა და წლების განმავლობაში იმ რადიოში სხვადასხვა რადიოდადგმების ქრონოლოგიის 80% ვიღაც ქალი სულისშემძვრელად მოსთქვამდა. 
მაგრამ ამაში არაფერი იყო საშიში და განსაცდელი. მაშინდელი რადიოგანცდების 100% ჩვენი ცხოვრებისა არ იყო, იქ კიოდა ბოლშევიკის, პარტიზანის,  მშიერი პროლეტარის ცოლი. ან მემამულისგან  ნამუსწაგვრილი ქალი. 
ის კივილები რეალური მსუქანი ცხოვრებისგან კონტრასტირების კარგ ასპარეზს წარმოადგენდა მსახიობი ქალებისათვის და ისინიც ოლიმპოს სიმაღლეებს იპყრობდნენ ამ საქმეში. 

ჩვეულებრივი მოქალაქე ქალებიც ხვდებოდნენ ამ როლებში და ისინიც მაღალი ოსტატობით ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს ოჯახის წევრის პანაშვიდებსა და გასვენებაზე ხდებოდა. 
ხედავ რა კარგად იტირა რუსიკომ მამამისი, რა კარგი გოგოა. ქებას არ იშურებდნენ მეზობლები. 
ზოგ თვითნაბად ფოლკლორულ ტალანტს სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი და მას შორეულ გასტროლებზეც უშურველად იწვევდნენ. ამ გასტროლებს რა თქმა უნდა ჰონორარი არ მოჰქონდა, მაგრამ საერთო აღტაცება და დაფასება საკმარის ანაზღაურებად იქცეოდა. 
მაშინ, როდესაც კომუნისტების მიერ მოსჯილი გვქონდა ვყოფილიყავით ბედნიერები ათეისტები და მხიარულები, ეს ქართული  ექსპრესიული დატირება რაღაც წარმართულ რიტუალად იყო ქცეული, დაუმორჩილებლობის და ეროვნული თვითიდენტობის ქვეშეცნეული გამოვლინება.

გავიარეთ. 
დღეს გულცივები ვართ, ერთ თვეში იმდენ დოკუმენტურ ტრაგედიას ვადევნებთ თავს, რამდენიც ადრე 99 წლის ასაკამდე არ მოგიწევდა. 



მაგრამ



ტრადიცია სჯულზე უმტკიცესია და, რეალურ ცხოვრებაში სიკდილთან შეხებისას ისევ იმ ბრეჟნევისდროინდელ ზასტოისდროინდელ ნაბიჯებს ვდგამთ: 
გასვენება მხოლოდდამხოლოდ საკუთარი სახლიდან ან კიდევ უარესი ეკლესიიდან. 
თუ კაცი სახლის გარეთ მოკვდა, მაგალითად საავადმყოფოში, იწყება მისი მოგზაურობა კიბეებით ზემოთ და 4 დღეში იმავე კიბეებით ქვემოთ, და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ადამიანთა კუნთების რესურსით. ცივილიზაცია და ტექნიკა ამ საქმეში უღონოა.
სასაფლაოები გაცილებით ძვირი უნდა იყოს ვიდრე ოჯახის ბიუჯეტს შეეფერება, ქელეხებიც. 

მაგრამ

მე კიდევ ერთი, და ამ საკითხში უმთავრესი საკითხი მაქვს განსასჯელი. 

ეს არის დამოკიდებულება ღრმა მოხუცის და ღრმა ავადმყოფის  სიკდილისადმი. 

ჩვენ მათ ისევ საავადმყოფოში მივაპწიალებთ, გადავულოცავთ რეანიმატოლოგებს და ამით " ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად" 
გვავიეყდება რომ სიკვდილს გადარჩენა მხოლოდ ლიტერატურული გამოთქმაა  სინამდვილეში სიკვდილის გადავადება იგულისხმება. 
ოღონდ, თუ ახალგაზრდას სიკვდილს 60 წლით გადაუვადებს, ღრმა მოხუცს მხოლოდ 3 დღით. 
მთავარი შეცდომა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ, ახლობლები ვუშვებთ, არის ის, რომ შვენ ვთმობთ მოხუცთან ურთიერთობის ბოლო შანსს. 
მომაკვდავი ავადმყოფი არამარტო რეანიმაციაშია და ოჯახთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს, არამედ ხელოვნურ სუნთქვაზე და მედიკამენტოზური ძილის ქვეშაა. მისი სოციალური არსებობა იმ მომენტიდან წყდება, როცა ის რეანიმაციაში შეაბიჯებს. 
რეანიმაციული აპარატურა და გაწვრთნილი პერსონალი წარმატებით მოახერხებს აცოცხლონ გულფილტვი უფრო ხანგრძლივად, ვიდრე  ეს საავადმყოფოს გარეთ ეწერა ავადმყოფს, მაგრამ სოციალურ ურთიერთობათა ბოლო რეზერვი საბოლოოდ დაიკარგება. 
არადა
ის ბოლო ურთიერთობა რომ წარიმართოს ექიმის ზედამხედველობით, ურთიერთობის უნარის სტიმულაციითა და თუ საჭიროა საკმარისი ანალგეზიით, მაშინ... 
რამდენი ოქროს სიტყვა ითქმება კიდევ. 
რამხელა სიყვარული და სითბო დარჩება და წაყვება მომაკვდავს. 
ეგ როლი ჩვენ გველოდება. 
თუკი  ყოველდღიურ რუტინაში ვართ და ექიმკ, არქიტექტორი, პოლიციელი, მამა, შვილი, მეუღლე, მგზავრი, დამსვენებელი, მოქალაქე, ამომრჩეველი, მაყურებელი, მკითხველი, მსმენელი, ქვეითი, მძღოლი, მეზობელი და მეგობარი, კიდე ერთი როლი, რომლის შესრულებაც აუცილებლად მოგვიწევს ესაა - მომაკვდავი. 
ეს აუცილებლად 
მოხდება, ისევე აუცილებლად, როგორც ერთდროს იყავი ახალშობილი და ძუძუმწოვარა. 
როგორ უნდა შევასრულო მე ჩემი ეს ანონსირებული და ვერასაცდენი როლი? 

პირველ რიგში, თუკი ჩვენი ობიექტების - ღრმა მოხუცების კატეგორიაში გავედი, მაშინ ვისურვებდი: 
ბოლო 3 დღე ჰოსპისში, ოღონდ კარგად მოწყობილში, სასურვია დიდი ფანჯრით დიდ სივრცეზე, სასურველია შორს ჩანდეს გზა ან მდინარე ან ორივე ერთად. მინდა მოხერხებული ფუნქციონალური ( ადვილად წამოსაჯდომი) საწოლი, პამპერსები და ნარკოტიკი ზომიერად. 
მინდა მყავდეს ძაღლი, რომელიც ხელს ამილოკავს და ჩემებს (მეც) ყურადღებას გადაგვატანინებს საკუთარ მოულოდნელ სენტიმენტებზე. 
მინდა, ნუ ეს ყველაზე ადვილია, ყველას მოვეფერო, ვიყო კეთილგანწყობილი, შემრჩეს იუმორი, რაღაცა მქონდეს მორჩენილი ანდერძად (სიტყვიერ ანდერძად) სათქმელი. მინდა შევძლო დავარწმუნო ჩემები რომ ბედნიერი მივდივარ. მინდა ვიყო კმაყოფილი, რომ ამ ქვეყნად ვისადაც ვრჩები, კარგად არიან. 

მინდა მუსიკა, ფილმოთეკა, ალბათ ტელევიზორიც.
სიკვდილის შემდეგ არ მინდა სახლში აყვან-ჩამოყვანა. სარიტუალო ცენტრიდან მინდა გასვენება, გრაუნდ ფლოოდან. 
მინდა ხალხი მოვიდეს, ამით ჩემებიც უკეთ იქნებიან. 
მინდა ბალახი საფლავზე, ან ზღვის კენჭები, როგორიც მაქვს უკვე.

ქელეხი მინდა ფურშეტად. სკამები მაგიდისგან მოშორებით.  კარგი  ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკოს. თამადა შეიძლება. 



და


 პრინციპით "უსურვე სხვასაც ის რასაც საკუთარ თავს უსურვებ", მე დღეიდან 2012 წლიდან კიდევ ათწლეულები ვერ ვიქნები დაკმაყოფილებული, იმით, რომ ვერ ვუსურვებ დღევანდელ მომაკვდავს ასეთ გზას. 
მარტივი მიზეზით.
დღეს საქართველოში ასეთი ტიპის ჰოსპისები არ გვაქვს. 
ცადეს ექიმებმა, მაგრამ მოსახლეობის ფართო მასების მოთხოვნით ისინიც ჩვეულებრივ სამკურნალო რეანიმაციებად იქცა - მილებით ტრაქეაში, ვენაში, შარდის ბუშტში და..  ცნობიერების გარეშე.


აქედან დასკვნა. უნდა გავძლო კიდევ ერთიორი ათწლეული.
საანდერძო ხუმრობაა.
            
            

Friday, February 24, 2012

ჰუმანურობები. ცოლ-ქმრის საკითხავი


     


 ცოლ-ქმრის საკითხავი, ნუ ერთხელ მაინც წასაკითხი.




ჰუმანური

ჰუმანური ანუ ადამიანური, ანუ ადამიანისთვის დამახასიათებელი, ანუ ადამიანის გამომარჩეველი ფაუნის  სხვა წარმომადგენლებთან. 
ჰუმანური რა არის? 
ლათინებს  ორი ვერსია აქვთ, სიტუაციის შესაბამისად: 

ჰომო  ჰომინის ლუპუს ესტ (ადამიანი ადამიანისთვის მგელია) 
და
ჰომო ჰომინის კესუს ესტ (ადამიანი ადამიანის მეგობარია) 

მაგრამ, ვინაიდან ჯგუფსშიდა მეგობრობა (ცოლქმრის ერთი წყვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში) და მტრობა (ბებერი ბელადის მარცხი და მოკვეთა) არ არის მხოლოდ ადამიანთათვის დამახასიათებელი  და იქნებ თვით მგლებსაც ვერ ვაჯობოთ ამ პარამეტრებით,  ჯობია ჰუმანურობა სხვა კატეგორიებში ვეძებოთ. 


ტრაკი.
მას შემდეგ რაც პრეადამიანი ჰომო ერექტუსი გახდა,მან ტრაკი შეიძინა.

ეს ღირსმნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანისა სრულიად ჰუმანურია, მისი ანალოგი ბუნებაში არ არსებობს, მხოლოდ სამარცხვინო კარიკატურა აქვთ ზოგიერთ მაიმუნს.

 
ძუძუ.
ასევეა ძუძუც, აღმოჩნდა რომ მამრმა  ჯიუტი მონდომებითა და პერმანენტული სელექციით სწორედ ეს დაისახა მიზნად - დიდი ძუძუ, გაცილებით დიდი ვიდრე სხვა ცხოველებს აქვთ და გაცილებით დიდი ვიდრე ლაქტაციას (რძისწარმოქმნას) სჭირდება. 

პენისი.
თურმე არც მდედრი მჯდარა გულხელდაკრეფილი, მისი სელექციის ობიექტი მამრის პენისი ყოფილა, ადამიანს ხომ ის გაცილებით დიდი აქვს ვიდრე პრიმატებს, და გაცილებით კარგადაც მუშაობს, ოლსიზონ, შვებულების უფლების გარეშე. 

სიშიშვლე და ოფლიანობა.
ბეწვის საფარველის არარსებობამ და ოფლიანობის უნარმა ადამიანს მისცა საშუალება არ დაღლილიყო მკვირცხლი ნადავლის ხანგრძლივი დევნისას, გაესავათებინა ის და დაეჭირა, ასე ხდებოდა იარაღებამდელ ხანამდე, მთელი 800.000 წლის განმავლობაში.

სიშიშვლე (უბანლობა), ოფლიან-სუნიანობა, ტრაკი, პენისი და ძუძუები ყველაზე ჰუმანური ფაქტორებია. 

ისინი მხოლოდ ადამიანისაა, ისინი ადამიანს ზოო სამყაროსგან გამოარჩევს.




 
არადა, რაც ჰუმანურია უკლებლივ ტაბუდადებულია ადამიანთა სოციუმში.


დამალე, დამალე, დამალე, დაიფარე, დაიბანე, სუნი არ აგივიდეს. 


უნდა ვიბრძოლოთ თუ არა ჰუმანურობათა რეაბილიტაციისათვის? 

არა! 
არა და არა! 

რატომ? 
იმიტომ რომ ეგ სანუკვარი მართლაც ჰუმანური სიმდიდრეები ( კანის სიშიშვლე, ტრაკი, ძუძუ, პენისი,სუნი) ყოველთვის სანაქებო მდგომარეობაში ვერ გვექნება. 

ჯობია გარშრმომყოფებმა ჩვენი წარმოსახვითი პორტრეტი საკუთარი კეთილგანწყობის მიხედვით დაასრულონ, და გულის სიღრმეში იდეალური ჰიუმანი ვეგონოთ. 

მოხერხებულია, ეგოისტურია, ჭკვიანურია. 

მაგრამ რაღა ჰქნან იდეალურმა ჰუმანებმა, რომელთა გარეგნობა ყველაზე პრეტენზიულ წარმოდგენას გაამართლებს და იქნებ აღემატება? 
გამოაჩინონ, სანამ იდეალურები არიან, ჩვენს სასარგებლოდ,
მათი გამტკიცებული სტერეოტიპის წყალი ეგებ ჩვენც გადმოგვესხას. 

ანუ სად შევძვერი ახლა. თუკი ადრე პორნო პერსონაჟებს "შემთხვევით კუდდაკარგულ უბალნო" ძროხებად  განვიხილავდი, ძროხისავე ტვინით, დღეს მათზე,  ცოტა გული მომიბრუნდა. ნუ, იმ დონეზე მაინც რომ ლინჩის წესით არ ჩავქოლო.

[გადახვევა. ჩარჩოში ჩასმა ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო სიტუაციასაც რაღაც აღმატებულ, ან სიმბოლურ დატვირთვას აძლევს. გგონია რომ ამ ხატებით მასზე გამოსახული ადამიანი აუცილებლად რაღაცას ამბობს, ან რაღაცას განიშნებს. არადა სიტუაცია შეიძლება სულაც არ იყოს ამდენად ჩახლართული. იქნებ ის გოგონა პლაჟზე უბრალოდ კარტს თამაშობს ან შრება ან ფიქრობს მისივე გასაკეთებრლი  სადილის მენიუზე. 
ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა აქაც აურია. ადამიანები ექსჰიბიცირდებიან, ხელმისაწვდომნი ხდებიან, საკუთარი პიროვნების შესახებ თავისუფალი ინტერპრეტაციის ლუფტს  უტოვებენ უცნობ და ნაცნობ ადამიანებს.] 

მე ვთვლი, რომ ზემოთმოყვანილი ჰუმანურობები 

1. შესაფუთია უცხო თვალისგან დასამალია, ტაბუდასადებია, სირცხვილის გარსით დასაცავია
და ამავე დროს 
2. აღვირ - ასახსნელი და საამაყოა, არაადასამალი მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის, ვისთან ერთადაც ერთ მთლიან განმრავლებად ერთეულს, მწვერვალს, სახეობა ადამიანს წარმოადგენ - ცოლთან და ქმართან. 

მაშ ასე: ძირს ინტიმური ხატებების "მიამიტურად" უცხო თვალისთვის ჩვენება facebook-ში და.. ძირს სირცხვილი ცოლქმარს შორის. 
 
ნუ შეგრცხვება იამაყო ჰუმანურობებით ცოლთან და ქმართან.
ჰუმანურობები ღმერთს არ უჩუქნია, ჩვენი ესთეტი წინაპრების თითქმის მილიონწლიანი მოლოდინით სავსე კასტინგის შედეგია.


სექსი ჰუმანურია.
სექსი ჰუმანურობის მწვერვალია, შიშველი კანი, ძუძუ, ტრაკი, პენისი, ოფლი თავს სწორედ სექსში იყრის.
სექსის უნარით ადამიანი ცხოველებს 10 თავით და 11 თვით აღემატება.

    



ყველაფერი სპირალურია, ავმაღლდი ტრადიციულამდე.            

Friday, February 3, 2012

კიდევ ერთი შუალედური ანდერძი

მაგარი ვიდეო ვნახე{მადლობაUZUL Կեցցե ROCK AND ROLL!ს)





მეც ესე მინდა. ბოლო ერთ წელს ვუხდი ბელზებულს ასეთი გასვენებისთვის, მაგრამ უფრო ძვირი ღირს და არ გამოვა.
რა მაგარია ბლუზით გასვენება.

ადრე დავწერე საუკეთესო საპანაშვიდო მუსიკა ბუნების ხმებია თქო, უფრო უკეთესი კი რედიოჰედის "ოკ კომპიუტერ"
ახლა ეს ვნახე....

მოკლედ, გადავანაწილოთ:
ოჯახი ნაუშნიკებში ისმენს ბუნების ხმებს (ჩიტების ჭიკჭიკი, წვიმა, ვეშაპაბის გადაძახილი, რომ არ დაიგრუზონ) მომსვლელებს პანაშვიდებზე ესმით რედიოჰედი (ნო სურპრაისეზ, ექსიტ მუზიკ, პარანოიდ ანდროიდ, ეტქ. რომ დაიგრუზონ) ,
გასვენებაში კი ყველა ისმენს ბლუზს. ცეკვა გამოტოვეთ, სიცოცხლეშიც არ მიყვარდა.










პირველი შუალედური ანდერძი





მეორე შუალედური ანდერძი



გასამდა ხოიცი შენ.აა?







შუ ალედური შუ ტკა.

Friday, January 20, 2012

ოდა ZUMA-ს




ზუმა  ჰგავს ცხოვრებას




- მოცემულობაა რომ ყველაფერი ფუჭდება ( შენი ძვირფასი ძეწკვი მიგორავს შავი ხვრელისკენ და ხრიალით გაუჩინარდება მასში თუ არ იყოჩაღე. შენ ვეღარ ისარგებლებ დაკარგული ძვირფასი ბურთულებით და თამაშში  კუთვნილი სამიდან ერთი შანსი (სიცოცხლე- ბაყაყი) დაგეკარგება.

ზუმათი  რამდენჯერმე მოვიწამლე, შევჯექი, მოვიბეზრე და ხანგრძლივად  დავივიწყე. 
ახლა ისევ წამომებორკა თვალებში და ჩავუჯექი. 
პირველივე დაჯდომაზე გავედი კოსმოსში, დიდი წარმატებაა ადზმიანისთვის, რომელსაც ზუსტი სწრაფი  კოორდინირებული მოძრაობები უჭირს ( საშინელი კალიგრაფია, ჯარში სვიაზის ( კავშირგაბმულობის) ნაწილში მსახურისას მორზეს ანბანის მოსმენას ვასწრებდი, ჩაწერას ვერა)
ზუმას ათვისება, უფრო სწორედ დაუფლება მდსამე თვალით მიწევს, რომლის გარეშე ამ თამაშს მესაათე  მაგიდის ჩოგბურთელიც კი ვერ დაასრულებს.
მესამე თვალი ზუმელებს აქვთ და ხასიათაში გადასდით. 
მესამე თვალი, თუ ამაზე შემდგომ. 

 
ამ თამაშს უცნაური პრინციპები აქვს, რომლებიც მხოლოდ  თამაშსაათების შემდეგ ხდება თვალსაჩინო. მაგრამ მე როგორც ზუმას არაერთგზისი ექსპერტი მათ წერილობით გაგიმხელთ, მესამე თვალის თავისით ახელვამდე. 


 ზუმას წარმატებული თამაშის პრინციპებია 
- უნდა იჩქარო ( იცოდით ისედაც)
- უნდა კონცენტრირდე( იცოდით ისედაც)
- უნდა მოასწრო( იცოდით ისედაც)
- უნდა იყო ზუტი ნაბიჯებში ( იცოდით)
 მაგრამ
სიზუსტე, სიჩქარე, დასწრება მაინც არ არის საკმარისი, მაინც წააგებ თუ არ:
- მოითმინე და ესროლე ცხვირწინა ადვილ საკბილო მიზანს იმ გათვლით, რომ შეიძლება სხვა ვარიანტი უფრო მომგებიანი აღმოაჩინო
- ვერ მოიგებ, თუ სამომავლოდ არ ჩაალაგე ბურთულები ისე, რომ შუა მწკრივის  აფეთქებისას განაპირები ერთმანეთს დაეჯახნონ და ისინიც აფეთქდნენ, ანუ თუ არ გააკეთე კომბინაციები.
- თუ არ მიაქციე ყურადღება მომავალ ბურთს და პარალელურად არ იზრუნე მის "დაბინავებაზე".  
- თუ არ აკონტროლე არა მხოლოდ პირველი მწკრივი შენს გარშემო, არამედ უკანა რიგებიც მთელ ეკრანზე, სწორედ შორი  რიგებია  გმირობის ასპარეზი.  
- ვერ მოიგებ თუ ყველა სროლაზე დრო და ყურადღება დახარჯე, უნდა შეძლო დროის 80%  იყო უფრო  სწრაფი და საკმარისად  ზუსტი,  დროის 20% კი, უნდა იყო ნაკლებად ჩქარი ოღონდ უზუსტესი. 
- უნდა გამოიყენო შესაძლებლობები - ბომბები, უკუსვლის ისარი, შემანელებელი
- უნდა გქონდეს ტაქტიკური პრიორიტეტები, რომელთა შესრულების სანაცვლოდ მიმდინარე  რუტინა უნდა მიაფუჩეჩო
- სასროლი ბურტულის ფერის შეცვლა შეგიძლია, მაგრამ დიდი ალბათობით მომგებიანია არ აჰყვე ცდუნებას და ახალი ფერი მოათავსო რომელიმე გრძელი ჯაჭვის შუაში ( დიდი ალბათობით იგივე ფერი რამდენჯერმე კიდევ წამოვა, გრძელი ჯაჭვის შუაში ახალი ფერის აფეთქება გამოიწვევს გარშემო მყოფი გრძელი ჯაჭვის აფეთქებასაც - წარმატებაა)
მაქსიმალური სიზუსტის წამებში უნდა შეძლო აღმოჩენილი განსაკუთრებული სამიზნე ობიექტი 100% ალბათობით ააფეთქო, ასეთ სროლას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმო და თუ წარუმატებელი აღმოჩნდა, ბევრ მარტივ მიზანს დიდი ხნით ან  სამუდამოდ დაკარგავ. 
ასეთი მომენტები, განსაკუთრებული მიზნის აღმოჩენისა და მისი აფეთქების მომენტები არის გმირობის მომენტები. განსაკუთრებული მიზნები როგორც წესი წამის მეოთხედში გაიელვებს უკანა რიგში, წინა რიგის შეერთებამდე. 
გმირობის მცდელობების გარეშე ვერ მოიგებ, მაქსიმალური სიზუსტე და სისწრაფე არ გეყოფა წარმატებისთვის. 

ზუმა გმირობის მცდელობისას 3-5 წარუმატებლობას გპატიობს, ანუ შემდეგი გმირობა იმდენად დიდი ბონუსია ( დრო, უკუსვლა, აფეთქება, რამდენიმე ჟაჭვის აფეთქება  
) რომ ჯობია მუდმივად ეძებო გმირობის ვარიანტები, და იგმირო, ვიდრე მუდმივი მოწადინებით სწრაფად და თუნდაც ძალიან ზუსტად იმუშავო.
ანუ ზუმა" ცდისა და შეცდომის" თამაშია - შეცდი უსახელოდ ბევრჯერ, ოღონდ ერთიორჯერ მაინც ისეთი გმირობა ჩაიდინე, რომელიც თითქმის წარმოუდგენლად ჩანს. 
- წარმატებული, შემდგარი გმირობის შემდეგ სიხარულის და ემოციების ამოფრქვევის დრო არ გაქვს, ეს ზუსტად ის მომენტია, როცა მიღწეულით კი არ უნდა დატკბე, არამედ მაქსიმალური სიზუსტით და სიმკვირცხლით გამოიყენო შენს სასარგებლოდ წამიერად  შეცვლილი გარემო.
- ზუმა არ გაძლევს საშუალებას იოხრო საკუთარ შეცდომაზე ან ივიშვიშო ბედისწერის უკუღმართობაზე (ვთქვათ,  არ მოდის საჭირო ფერი ან ბომბა მოხვედრამდე ჩაქრა და აღარ აფეთქდა) 
- ზუმა მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, სიზუსტეს, რისკს, მოთმენას," გმირობას", მაგრამ მხოლოდ მინიმალური ემოციების უფლებას გაძლევს.  


თითქმის გადაყლაპული პირველი ბურთიც შეიძლება გადაარჩინო თუ უკანა პლანზე სადღაც ღრიჭოში გმირობა გამოგივიდა

და ბოლოს, ქულები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმით, რომ ყოველ 50000 ქულაზე ერთი ახალი სიცოცხლე გეძლევა. 
მნიშვნელოვანია თამაშის დასრულება ყველა დონის დაძლევით.
12  7 ქვედონიანი თამაში და შემდეგ ბონუსად 13 1 კოსმოსური თამაში. თუმცა მეცამეტეზე გადამსვლელს  მესამე თვალი უკვე გახსნილი გაქვს და საფინალო კოსმოსურ ეტაპსაც იოლად დაძლევ, ღმერთი ზუმა ტახტზე ჩაიჩოჩებს,  თავის გვერდზე მიგიწვევს და სამყაროს ნახევარს დაგითმობს, რათა ერთად მხიარულად  მართოთ კოსმოსი დედამიწითურთ.



ეს წერილი მათთვისაა, ვინც ჩემსავით საკუთარ თავს არასაკმარისად ზუსტი და სწრაფი მოტორული ( მოძრაობითი)  რეაგირების უნარის მქონედ მიიჩნევს. ვინც თვლის რომ ზუმა სიზუსტის  მათთვის დაუძლეველ დონეს მოითხოვს. 
გაბედეთ, ოღონდ ამ წერილში მოყვანილი შპარგაკლის გათვალისწინებით (მოკლედ: ქსოვეთ კომბინაციები სამომავლოდ, ორიენტირდით გმირობაზე და არა პედანტიზმზე, წადით რისკზე, ანუ დაკარგეთ დრო ერთი დიდი ნადავლის ლოდინში ეტქ.).
ცადეთ, იქნებ თქვენთვისაც ჩაიჩოჩოს ღმერთი ზუმა თავის ტახტზე.

ნაღდი VS წესიერი

ნაღდი კაცი VS წესიერი კაცი



ორივე კარგი ადამიანის ეპითეტია. თითქოსდა რა აქვთ ერთმანეთისგან გასაყოფი.

წესიერი კაცი, ნაღდი კაცი.  არ ჯობია ერთ ადამიანზე ითქვას ორივე? 


მაგრამ იმდენჯერ გადავაწყდი უწესო ნაღდ კაცს, ისე მომაბეზრეს თავი , რომ გადავწყვიტე ჩემს თავში დავალაგო.


ცოტა ჰიპერბოლას ვიხმარ, ცოტა მიკერძოებას, ცოტა ტენდენციურობას და აგრავაციას, მოვაყრი უტრირებას და ფერმენტს, კატალიზატორს და ფიქსატორს. იქნებ გამოვიდეს ნათელი სურათი.


ნაღდი კაცი
 
ხო, ნაღდი კაცი ამაყია, რომ ნაღდი კაცია.
 
ნაღდი კაცი ჩვენში უყვართ, ნაღდი კაცი მართლაც საყვარელია. 

ნაღდი კაცი მინდა ძმაკაცად, ძმად, მშობლად, ცოლად და შვილად.


აი სიძე კი მინდა წესიერი კაცი, რძალიც წესიერი მინდა, თანამშრომელიც წესიერი მინდა, მძღოლიც, ქვეითიც, რიგში უკან მდგომიც, გამყიდველიც, მინისტრიც, პოლიციელიც წესიერი მინდა, ექიმიც, მშენებელიც, პოლიტიკოსიც, ხუთი მილიონი მინდა წესიერი. 

მხოლოდ 20 კაცი მინდა ნაღდი: ჩემები, ძმაკაცები, ოჯახი, 

თუმცა, 
მინდა რომ პოლიტიკოსები წესიერთან ერთად იყვნენ ნაღდებიც, ოღონდ უფრო წესიერები მინდა ვიდრე ნაღდები, მათ ჟინი მოეთხოვებათ რეალობის შესაცვლელად, ამიტომ მე მათ ნაღდობის უფლებას ვაძლევ (ოღონდ არა წესიერების ნაცვლად) 
პრეზიდენტი მინდა ნაღდი, მას წესიერებაზე უფრო მეტად ნაღდობის უფლებას ვაძლევ, ბევრი აქვს შესაცვლელი. ნაღდი უნდა იყოს აუცილებლად, ჟინი უნდა ჰქონდეს კედლისმნგრეველი. 

მოკლედ ასე დავლაგდით რაოდენობრივად
სინაღდე მინდა ჩემს გარშემო ადამიანების 0.1%-სგან წესიერება კი 99,9% სგან. 




ამ თემაზე შარშან ამ დროს ყველაზეყველაზე ნაღდ ძმაკაცს ვეკამათე(თუ ის მეკამათა) ადამიანი ჯერ წესიერი მინდა და მერე ნაღდი მეთქი. არაო, ჯერ ნაღდიო. 
მე კი შენ მჭირდები ნაღდი და ტაქსის შოფერი სულაც არ მინდა ნაღდი მეთქი, ვიბუქსავეთ ამ თემაზე. მამხილა უგულობაში, უჯიგრობაში, პედანტობაში, კანონდამჯერობაში და მორჩილებაში. 
კრება დარჩა მხიარული, ჩემი არგუმენტები მაინცდამაინც არ ეპიტნავა. 
"ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე" მისი საყვარელი ფრაზაა დათა თუთაშხიადან. შევახსენე. 
მაინც უარზეა, 5 მილიონი უნდა ნაღდი. 
მე, ყალბი მირჩევნია და წესიერი მეთქი ის ხუთი მილიონი მეთქი, რომელთაც არ მოეწონებათ წესი მაგრამ დაიცავენ მეთქი, ვიდრე ნაღდი რომელიც არ ეთანხმება წესებს და არღვევს კიდევაც მეთქი. 



ალბათ მე ძალიან ეგოისტი ვარ.



მე ხო სხვა ადამიანებს ინდივიდუალიზმს, ჯიგარს, ხოშს და ხვაშიადს ვუზღუდავ (ჩემს იდეალში) ის კი აძლევს.
მას უნდა ქვეყანა სადაც ყველა, ვინც შეხვდება ჯერ ნაღდი იყოს, ინდივიდი იყოს პიროვნება იყოს და მერე წესიერი შემსრულებელი თავისი სოციალური როლისა. 



მე კი მინდა რომ ხუთი მილიონი დაჩმორებული წესიერი ჭანჭიკი მეხვიოს, შუქნიშანზე სწორად გააჩერონ, სწორად გადავიდნენ და სწორად დაძრან, სწორად დამითვალონ, ქურდი დაიჭირონ, ბავშვს ასწავლონ, უმკურნალონ, საზღვრებზე იომონ, თამაშამდე საკმარისად ივარჯიშონ, თავზე არ დამაფერთხონ, სასაფლაოს ბილიკი შუბებით არ ჩამიხერგონ, 3 კაციან რიგში არ გამასწრონ, გზაჯვარედინზე საცობი არ მომიწყონ, პირადი სივრცეში არ შემომეჭრნენ, მიტინგზე ჩემი სახელით არ იყვირონ, 
მინდა რომ ყველამ წესიერად შეასრულოს ეს ოხერა თავისი მინი სოციალური როლი: ქვეითის, მძღოლის, მენაგვის, თანამესუფრის, პაციენტის, ექიმის, გამვლელის, პოლიციელის, მგზავრის, ტურისტის, დამთვალიერებლის, კინომაყურებლის, ამომრჩევლის, ჯარისკაცის, გოლბეკის, ცენტრფორვარდის, ჟურნალისის... როლი. 

სულაც არ მაინტერესებს გზის გადაკვეთისას შუქნიშნიდან ყვითელ შუქზე  აღძრული მძღოლი ნაღდი კაცი არის თუ არა, ეკუთვნის თუ არა თავის სიალალეში ჩემი გზის გადაჭრა და ჩემი შეშინება. 
სულ არ მაინტერესებს პაციენტის სინაღდე, მითუმეტეს რომ მაგ სინაღდეს ყოველთვის ამბიცია მოჰყვება რომ მას, განსაკუთრებულ ნაღდ ნატურას განსაკუთრებული მედიცინით უნდა უმკურნალო და სხვა  მღიერ პაციენტებზე არ მოცდე. 
სულ არ მჭირდება მე გზის გადაღმა მაცხოვრებელი კაცის ნაღდი და ალალი ბრაზი, რომელიც თვეში ერთხელ ღამის ხანგრძლივობით ჩხუბობს ხან ცოლთან და ხან მეზობლებთან.


აი, ასეთი ეგოისტი ვარ. ყველა უცხვირპირო უპიროვნო შურუპად მინდა

და ერთი გამართლება მაქვს მხოლოდ ამ ჩემი ეგოისტობისა. 

ვთვლი რომ მეც თავად, და ის მცირერიცხოვანი ხალხიც რომელთა სინაღდე მინდა ( ოჯახი, საძმაკაცო) ასევე ჭანჭიკებად უნდა ვიყოთ ჩვენჩვენ სოციალურ როლებში. ჩემი შვილები წესიერად უნდა გადადიოდნენ გზაჯვარედინს, კინოში მზესუმზირას არ უნდა ყრიდეს, მე ომში ჯარისკაცი უნდა ვიყო, პლაჟზე ქოლგით სხვას ზღვის ხედი არ უნდა დაუფარო შეძლებისდაგვარად. ბომჟი რომ მოგაკითხავს, უნდა უექიმო როგორც მეფეს, ღარიბი შენგან რომ წავა იმედი უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგი ექიმიც გაუგებს. მოკლედ, ჩემი ნაღდების ნაღდობაც არ წარმომიდგენია წესიერების გარეშე. 
აი ეს არის ჩემი ეგოიზმის გამამართლებელი. 

ეგოიზმის, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში 5 მლნ წესიერი მინდა და მხოლოდ 500 ნაღდი.

არადა ამ ქვეყანაში, რომელიც ნაღდ ემოციას ამოფარებული ათასგვარ უწესობას ჩადის მასობრივი სინაღდის დიდი დეფიციტია. 
ძალიან მაკლია როკმუსიკოსების სინაღდე და არ მაქვს. 
მორისონი, ჯოპლინი, მუსი და რედიოჰედი, ბექი და ბონო, ლეონარდ კოენი და ბობ დილანი, მე მათი სინაღდე მაკლია ჩემს ქვეყანაში.

რატომ არის იქ მეტი სინაღდე სადაც არის მეტი წესიერება? 


რამდენად წესიერები უნდა გავხდეთ მასა რომ გამოვზარდოთ 3-4 სუპერნაღდი?


უცნაურია (ან იქნებ კანონზომიერია) ქართველებს ერთი სუპერნაღდი გვყავს ალბათ ათიდან ერთერთი - ნიაზ დიასამიძე და ის როცა 2007-ში ოპოზიციის მიტინგზე გავიდა (საიდანაც ის სტვენით გააძევეს), სათქმელი ეს ჰქონდა, ჯიუტი სათქმელი- არაფრის ღირსრბი არ ვიქნებით სანამ წესიერები არ გავხდებითო (თავისუფალი პერიფრაზია). 

ნაღდი კაცი VS წესიერი კაცი?

მიტინგზე მისულმა ნაღდმა კაცებმა წესიერების მოთხოვნა იუკადრისეს, ისინი ხომ ნაღდები არიან, დედამიწის ეპიცენტრები. 





ქვეყანაში სადაც ნაღდი კაცების (ჟინიანი ინდივიდების) დეფიციტია, ყველა ნაღდობას თამაშობს და წესიერება ცხვენია. 


ნაღდი კაცი არა მარტო წესიერ კაცს ამარცხებს, არამედ ნამდვილ ნაღდ კაცსაც. 

მაშ რა?
სამოქმედო ლოზუნგები უნდა იყოს:

  
-ძირს მასობრივი  ინდივიდუალიზმი ნაღდი ინდივიდუალიზმის ხელშესაწყობად.
(ისევე როგორც ევროპაში.  გაიარეს უკვე.)
-წესები უპირველეს ყოვლისა
-სადაც შენი თავისუფლება არ იზღუდება ყველგან ჩემი თავისუფლების ზონაა. 
-ჩემი თავისუფლება შენი საქმე არ არის. 
-საყოფაცხოვრებო უწესობა სხვა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა და დაუშვებელია.
-ყოველდღიურად მოგიწევს ათამდე სოციალური როლის კარგად შესრულება, თუ გინდა რომ შენი თავისუფლება დაიცვა.


+
ბონუსად ერთი ლოზუნგი, რომელიც ყველა სიტუაციაში ამართლებს-

- ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო! 
(ნაღდ სიალალეში არ გვეკუთვნის, დამსახურება უნდა, წესიერებით უნდა დაიმსახურო).

Thursday, January 5, 2012

დეიცავი ტექნოლოგია




დეიცავი სუბორდინაცია, ჩემი ქუთაისელი მეგობარი ექიმის ხუმრობა იყო, ქუთაისური აქცენტით.

თავის შეხუმრებულ ექთნებს ყასიდად შეუწყრებოდა ხოლმე
- დეიცავი გოგო სუბორდინაცია.
კარგი ხუმრობა იყო, ხარისხიანი.
ყოველთვის მოჰყვებოდა ჯგუფური სიცილი.

დეიცავი ტექნოლოგია

ოღონდ ამჯერად სერიოზულად, ანუ ასე

- დაიცავი ტექნოლოგია!





გახსოვთ ალბათ, ლუდის რეკლამებში ჩეხი ტექნოლოგი რომ ჩნდებოდა, ლუდის უზარმაზარ გაპრიალებულ ქვაბებს შორის რომ დადიოდა და ქართულ ჩეხურ აქცენტით, გვპირდებოდა, ამ ლუდის ხარშვის ტექნოლოგიას მე ვიცავო.
ქვემოთ ეწერა ირჟი კუჩერა - მთავარი ტექნოლოგი.

ჩვენც დავიმედდით, აი, ნატახტარს რა ჭკვიანურად მოუფიქრებია, ტექნოლოგიას ჩეხი მიხედავს და ხარისხიც კარგი იქნება თქო -ჩეხური.

ეს ჩვენი მოლოდინი იმდენად ზუსტად იციან ქართველმა ბუტლეგერებმა, რომ ხშირად გვთავაზობენ ლუდს გერმანელის, ჩეხის , ფრანგის ჩვენებით.
ხანაც ევროპული სახელის დარქმევით.

არ გამოდის არაფერი.
უფრო სწორედ მათ კი გამოსდით რეალიზაციის გაზრდა ამ მანევრით, მაგრამ ხარისხი ისევ ქართული რჩება - მდარე, მწარე და წატუსული.

ქართველები ტექნოლოგიებს ვერ ვიცავთ, ვერც რეალური და არა სარეკლამო ჩეხი ტექნოლოგი გვშველის.
ჩეხი თვალს მოაცილებს თუ არა, ქართველი ყოვლისმცოდნე ამბობს - ასეც წავა რაა, და დურთავს ხვალ ჩასასხმელს დღეს, ან ორის ნაცვლად სამს, ან პირიქით.
ტექნოლოგიის დარღვევას დიდი ხიბლი და ხეირი აქვს - იგებ დროში, რაოდენობაში, ნერვებში, არ გჭირდება ხარჯი და ნებისყოფა, შედეგი მშვენიერია, განსხვავება მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვლინდება.










დღევანდელი ჩემი სათქმესი კი ჯერ არ მითქვამს, ეს ოპუსი მხოლიდ შესავალია.

მე სხვა ტექნოლოგიების დაცვას მოგიწოდებთ ძვირფასო ქართველებო.

დაიცავით ევროპული ტექნოლოგია საკუთარი თავისუფლების ძებნისა და პოვნისას.

რა მაქვს მხედველობაში, თანამედროვე ევროპა თავისი ექსტერიერით ( ტანსაცმელი, ქცევა, პოპ მუსიკა, პოპ არტი, არქიტექტურა, დიზაინი, რეკლამა...) თავისუფალი, შეუზღუდავი, ცენზურისა და კონსერვატივიზმისაგან სრულიად თავისუფალი და იმპულსურია.
ევროპაში ფეხბურთის ფანები ქალაქებს იპყრობენ, ვანდალები მანქანებს წვავენ, მაღაზიათა ვიტრინებს ამტვრევენ და პორნოებს იღებენ.

მათთან შედარებით ჩვენ ზომიერი ლაგამი გვშვენის და გაცილებით გონიერები ვართ.
ძალიანაც კარგი.

და მაინც, რატომ არის ევროპა მოწესრიგებული, სუფთა, მშვიდობიანი, წარმატებასა და პროგრესზე ორიენტირებული, კანონდამჯერე, პროდუქტიული, ჯანმრთელი და მდიდარი ვიდრე ჩვენ?

ჩვენც ხომ ზრდილობიანი და წესიერი ხალხი ვართ და არა ფანატიკოსი ან ველური?
იქნებ პირიქით, ჩვენ უფრო მტკიცებ ვიცავთ წესიერი ქცევის წესებს ვიდრე ისინი, ვინც ითმენს თავის გვერდზე სატანისტებს, პორნოებს, გეებს, გიტარის რიფებს და ამორალურ ფილმებს?
იქნებ კი არა, სწორედაც ასეა - ჩვენ უფრო წესიერები ვართ, უფრო ზრდილობიანები.

და მაინც შედეგად რატომ გამოვიდნენ ისინი უფრო უკეთესი საზოგადოების შემქმნელები ვიდრე ჩვენ?

იმიტომ რომ დაიცვეს ტექნოლოგია.


მათი ტექნოლოგიის წარმატება კი იმაში მდგომარეობს,


რომ



მოზარდებს აუცილებლად წააკითხეს დევიდ კოპერფილდი, ჯეინ ეარი შედეგად გადაატარეს შიმშილისა და მკაცრი წესრიგის ელდა,








შემდეგ შეაპარეს ლოკი, საფრანგეთისა და ინგლისის რევოლუციები, ამერკის ადამიანთა უფლებების ქარტია,


მისცეს სიამაყე მისი წინაპრების მიერ გამოგონილი კაცობრიობისადმი ნაჩუქარი ტექნოლოგიებით( ორთქლმავალი, ლიფტი, დამბა, მაუდის ფაბრიკა, მუშკეტი...)

აჩვენეს ბოლო ასი წლის მანძილზე მათ ტერიტორიებზე ამბიციებისათვის ბრძოლაში ორ მსოფლიო ომში დაღუპული 60 მილიონი ადამიანის საფლავი,

მოატარეს უზარმაზარი ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები,

წააკითხეს 1984,

მოუყვნენ ენგელსისა და მარქსის უშედეგო საუკუნოვან სოციალურ ექსპერიმენტზე, სკოლაში საათები უჩიჩინეს წესების დაცვის აუცილებლობა


და არცერთხელ გააკარეს მოზარდთა თვალსაწიერს ვეფხისტყაოსანი, კ.ფ. მონანიება, თეთრი ბაირაღები, ყვარყვარე,


და რა მიიღეს შედეგად ?

ის, რომ ბაზა მოზარდ ადამიანს, ზრდასრულობაში შესვლისას აქვს სოციალურად გაწონასწორებული წესიერი სასარგებლო საპროფიტის, რომელიც დიდი მკაცრი სოციუმის შეზღუდვებს ღებულობს და ცდილობს შეესაბამებოდეს წესიერი ჭანჭიკის როლს.
საქართველოში კი სკოლადამთავრებული ადამიანი სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაში ხედავს ასპარეზს თავისი ინდივიდუალობისთვის:

ვეფხისტყაოსანმა მას ვაჭრობა და გათვლა აუკრძალა, ყვარყვარემ მთავრობასთან თანამშრომლობა შეაზიზღა, მომანიებამ თვითონ მთავრობა, და ეს ყველაფერი მტკიცედ და ქვეშეცნეულად.


ტექნოლოგია, რომლითაც მიდის ევროპული საზოგადოება პიროვნულ თავისუფლებამდე რადიკალურად განსხვავდება ჩვენი საზოგადოების ამავე მიზნის მისაღწევი ტექნოლოგიისგან.

ევროპელი მოსწავლისათვის წარსულში არის სიღარიბე, ომი, შიმშილი, სისუსტე და ამ ყველა სამარცხვინობების დამარცხება წესიერებით, ცივილიზაციით, ერთიანობით, კონსენსუსით.

ქართველი მოსწავლისათვის წარსული აწყობილი მსუქანი სოციალიზმია, სადაც ღიპზე ღილი არ გვეკვრება, ზაფხულში პროფკავშირი გაგზავნის დასასვენებლად, ქართველები ყველას უყვარს, მოგებული, დედამიწის მაზანზარებელი იმპერიის მოქალაქეები ვართ, ყველა სიკეთე გვეკუთვნის და 80%ით გვაქვს კიდევაც.

მაგრამ ქართული აღზრდის ტექნოლოგიაში უცვლელ ინგრედიანტად დევს ანტისახელმწიფოებრივი კოლოსები - საამაყო ქართული ლიტერატურა.

ჩვენი ტექნოლოგია არ არის სოციუმის წარმატებაზე ორიენტირებული, მისი პროდუქტი მორიელია, რომელიც საკუთარ თავს კბენს, რომელიც არ ახდენს ძალის დელეგირებას ხელისუფლებისათვის, რომელიც არ უთმობს პერსონალურ სივრცეს სხვა ადამიანს, რომელიც არ ტოვებს ბილიკის ადგილს საზაფლაოზე, რომელიც უშვებს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას შეურაცხყოფის და ფამილარობის კარგა მოზრდილ დოზას, რომელიც კრძალავს და ზღუდავს უცხოს და უცნობს, რომელიც ყველა კონფლიქტურ სიტუაციაში უმრავლესობის მხარეზე დგება, რომელიც ფანჯრიდან ფერთხავს ხალიჩას და საფერფლეს.

და მაინც, რატომ არიან ევროპელი ჭინკები ჩვენს ჭინკებზე უფრო ჭინკები ან ევროპელი საშუალოსტატისტიკური მოქალაქეები ჩვენზე უფრო პედანტურად წესიერები?

ოდესმე ვიპოვით ტექნოლოგიას, რომელიც ვეფხისტყაოსნისა და მუხრანმაჭავარიანის საქართველოს ევროპაში შეგვიშვებს?
არ ვიცი.


მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ ესეთი ტექნოლოგია ოდესმე გვექნა, იქ აუცილებლად იქნება ფოკუსირებული 20 წლამდე მოზარდებზე მათ განათლებაზე.
ადამიანები ისწავლიან დაახლოებით 80%-ით მეტს და ეს 80% იქნება :

-
-
-
-
-
-
-
-




-                           

Wednesday, November 2, 2011

ჰაერში მყოფი შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს

გუშინ ივანიშვილის მასიური პრესკონფერენცია იყო შუშის ყველაზე გაუმჭვირვალე ვერტპლაშჩადკიდან.მინდა თუ არა, ეს კაცი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მინიმუმ რამოდენიმე წელი.ჩემი ყურადღება ეკუთვნის, მაგრამ ვერ ვნახე პირდაპირ ეთერში, მორიგე ვიყავი მიშასთან. მასაც არ უნახავს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ არ უნახავს მინიმუმ ღამის თორმეტ საათამდე, ვინაიდან მანამდე სტუმარი ჰყავდა ანაკლიასა და განმუხურში, იმგზავრა ვერტმფრენით და ბათუმიდან თვითმფრინავით, გზაში კი "ქეთო და კოტედან" ნანი ბრეგვაძის და პაატა ბურჭულაძის მონაკვეთებს უსმენდა/უყურებდა თვითმფრინავში.დღეს ინტერნეტში ვუყურე, ალბათ მიშამაც ინტერნეტში, ან ჩაუწერდნენ წინასწარ. პატარა ამბავია, საქართველოს ბიუჯეტის ოდენობის ფული თავისუფლად საქნევი, შიგნითვე გიპირისპირდება, თანაც სიყვარულის და იმედის ჰოროლით.ვუყურე.
და რა მერე?შეკითხვები ბევრი მქონდა, მათგან უმეტესობა ისევ პასუხგაუცემელი დამრჩა.კაი, გეთანხმებით, რომ ეს კაცი დებილი არ არის, და შალვა ნათელაშვილზე უკეთესი პოლიტიკოსი შეიძლება დადგეს.საიდან ასეთი დასკვნა?იქიდან რომ ელემენტარულ თამაშის წესებში გაერკვა:სწორედ წესების დაცვით განაცხადა რომ:–რომ ააშენებს დემოკრატიას.–გაათავისუფლებს მედიას სახელმწიფო ზეწოლისგან.–მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.–რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს.–პატივს სცემს რუსი ხალხის არჩევანს (პუტინს).–საქართველოს არაქართველ მოსახლეობას, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს განიხილავს საქართველოს სრულუფლობიან მოქალაქეებად.–შექმნის კანონიერების და სამართლიანობის დამცველ სახელმწიფოს.–არ გააბრაზებს რუსეთის ხელმძღვანელობას..–ითანამშრომლებს ნატოსთან და ამერიკასთან.–ითანამშრომლებს ჭკვიან ხალხთან, ჭკუას დაეკითხება მათ.–უყვარს საქართელო.

ეს მინიმალური ნაკრებია, რაც უნდა ეთქვა პოლიტიკოსობასა და ხალხის მმართველობაზე ამბიციის მქონე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამავე დროს უმაღლესი განათლების დიპლომი უდევს და სახლში ტელევიზორი აქვს.ამათგან თუნდაც ერთერთი რომ შეშლოდა, ვიტყოდი, რომ ნათელაშვილის ან დიმიტრი ლორთქიფანიძის დონისაა. მაგრამ არ შეშლია, სწორად თქვა, და ამიტომაც ვაღიარებ პოლიტიკოსად (დიდი უკანდახევა ჩემგან). ნუ, საქართველოს მასშტაბით მაინც პოლიტიკოსია.მაგრამ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსია, მე რას მიქადის მისი პოლიტიკოსობა + გავლენიაობა/წონიანობა?როგორც გითხარით მისდამი შეკითხვები კვლავ უპასუხოდ მრჩებადა ვინაიდან 200 ჟურნალისტის 20 შეკითხვა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ჩემს მარტივ შეკითხვებზეც გამეგო პასუხი, აქ შევეცდები შეკითხვები უკვე ჩემი სიტყვებით ჩამოვწერო.–აქვს თუ არა ქვეყანას (ქვეყნებს ზოგადად) ღირსება?–რა შემთხვევაში უნდა დაიცვას ქვეყანამ ღირსება თუნდაც სისხლით?–სააკაშვილის პერსონალური შეცდომით 080808–ის ახსნა, ხომ არ არის საქართველოს ღირსების ისტორიული დაკარგვა/ ომის სამომავლო ბონუსების განულება?–სააკაშვილის ომის გაჩაღებაში დადანაშაულების შემდეგ თქვენი გაპრეზიდენტების ფაქტი აღიქმება თუ არა რუსეთის (ხალხისა და პოლიტიკოსების, მასმედიის მიერ) მიერ დადასტურებად, რომ 080808 ისინი სწორი მიზნებისთვის იბრძოდნენ?–მისი მმართველობაში მოსვლა ლოიალური პოზიცით რუსეთის მიმართ, იქნება თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის რუსეთის გარშემო ინტეგრაციის ახალი ტალღის მაპროვოცირებელი?–გაუგია თუ არა მას ფრაზა "ცხრაჯერ მწარედ რომ დამარტყან, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ" და რატომ არ შეესბამება ეგ ფრაზა საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომ ომახიან პათეტიკას?–გაუგია თუ არა მას ძველი ქრისტიანული შეგონება " წარსდექ მშიერი , არა შიშველი" და თუ ეთანხმება, რითი არ შეესაბამება ამ პრინციპს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ქვეყნის გასუფთავების, შეღებვის, გზების მსენებლობისა და პრეზენტატიული ექსტერიერის მიცემის აქცენტით?– რამდენად პრინციპულია მისთვის ევროპის გაზსადენის დივერსიფიკაციის გასაღების ფლობა საქართველოს მიერ?–იცნობს თუ არა ის 080808–მდე საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს გასერთიანებლად მიმართულ სამშვიდობო პოლიტიკას, კონკრეტულ ღონისძიებებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ხარისხს ამ საქმეში?– მისი განმარტება, რომ 080808 სააკაშვილს უნდა ჩაერთო საერთაშორისო საზოგადოება და დაეფიქსირებინა ერთობლივი აღშფოთება–შეშფოთება, და ასე უნდა ეპასუხა სხვა სამომავლო სისხლიან ინტერვენციებზეც, იქნებოდა თუ არა საქართველოსთვის საუკეთესო პერსპექტივის მქონე სტრატეგიული პოლიტიკა?–მისი დაპირება, რომ დაამარცხებს ელიტარულ კორუფციას რა მეთოდებით შესრულდება? პატრონების შეცვლით ზოგადი უნარების ტესტებში გამარჯვებული კანდიდატებით თუ როგორც თვითონ ახსენა ერთგული თანამოაზრეების გუნდისთვის გადაბარებით?–მისი ფრაზაა, რომ სააკაშვილი მთელ საქართველოს ციხეში ჩასმას უპირებს, რომ ციხეები გადატენილია. მისი ვარაუდით რამდენი ათასი ადამიანი იქნება მისი მმართველობის დროს ციხეში?–2008 წლის იანვარში სააკაშვილმა მოიგო თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები?–2003–20011 წლებში საქართველო არამარტო სააკაშვილმა აშენა, არამედ სრულიად საქართველომაც.მისი შეფასებით რა დადებითი ანუ რა შესანარჩუნებელი ცვლილებები მოხდა საქართველოში და როგორ აპირებთ თქვენ იმ მიღწევების შენარჩუნებას?–როგორ მოიქცევა, თუკი მის გეგმას გადაეღობება ხალხის გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკოსთა სეგმენტი, მასმედია, ერთი ადამიანი?

–დალაგება ნიშნავს არსებული ობიექტურად არსებული ნივთების ლამაზი განლაგებით გადალაგებას, რა შეიძლება გადალაგდეს დღეს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაში გარდა იმისა, რომ თქვენ რუსეთის პრეზიდენტს სიტყვით არ გააბრაზებთ?–რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ სტრტეგიული ობიექტების გასხვისებასთან მიმართვებაში?–უნდა დაუბრუნოს თუ არა საქართველომ სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებლურად გადანათლული სომხური ეკლესიები?–დართავთ თუ არა თურქეთს ნებას თურქული კულტურის ცენტრების და ზოგგან მეჩეთის აღდგენაზე ტაოკლარჯეთში ეკლესიების აღდგენის სანაცვლოდ?–ლოკი, მაჰათმა განდი, ჯორჯ ვაშინგტონი, ნელსონ მანდელა,მარტინ ლუთერი რომელია ზედმეტი?–საჯარო შეურაცხყოფას რა შემთხვევაში არ მოითმენთ?–რა შემთხევაში არ ჩათვლით ჟურნალისტის შეკითხვას მოგზავნილი მტრის საფრთხედ?–იცოდით თუ არა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებით თქვენი საქართველოს მოქალაქეობის ლეგიტიმურობა სათუო ხდებოდა?–რატომ არ მოინდომეთ პოლიტიკოსობა მაშინ როცა საქართველოს ბიუჯეტი ნახევარი მილიონი იყო და ქვეყანას მწვანე უშუქო ჭაობში ეძინა?–რომელია საქართველოსთვის მისაბაძი ქვეყანა?–რომელია მსოფლიოში ყველაზე საპატივცემო ქვეყანა?–სააკაშვილის ხელისუფლება რამოდენიმეჯერ იყო ხრამის პირას. თქვენი პოზიცია, რომელსაც დღეს ავლენთ ალბათ საკმარისი იქნებოდა სააკაშვილის დასამხობად 2007–ში, 2008–ში, 2009–ში. მაშინ რატომ არ ჩაერთეთ პოლიტიკაში?–თქვენს პოლიტიკაში ჩართვამდე სააკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული მოწინააღმდეგე არ ეყოლებოდა, (ხოლო პრეზიდენტის არჩევნებში მას ისედაც აღარ შეეძლო მონაწილეობის მიღება). საპარლამენტო არჩევნებებში გამარჯვებას ევროპა სააკაშვილს არ მოუწონებდა და სულ უფრო გამტკიცდებოდა შეფასება, რომ სააკაშვილი პუტინის გზას ადგას. თქვენი გამოჩენით სააკაშვილს მიეცით სტიმული დაიცვას ის მონაპოვარი, რომელიც მისი მმართველობისას საქართველომ მიიღო. თქვენ აცხადებთ, რომ შეცვლით იმას, რასაც სააკაშვილი მიღწევად ითვლის. თანაც იმდენად ჩქარობთ ცხოვრება დაუბრუნოთ სააკაშვილისგარეშე კალაპოტს, რომ პირდებით ოპოზიციურ ელექტორატს, იმპიჩმენტით გააძევოთ სააკაშვილი და ამით არასრული ერთი წელი ბედნიერება აჩუქოთ საქართველოს, იცით თუ არა რა საერთასორისო მესიჯებს შეიცავს პრეზიდენტის გადაყენება საქართველოსთვის?–დღევანდელი კანონმდებლობით პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, თქვენი დაპირება, რომ უმრავლესობით მოსვლის სემთხვევაში სააკაშვილს იმპიჩმენტით გადააყენებთ, რითი განსხვავდება 2007 წლის პოლიტ ლოზუნგებისგან – მიშა გადადექი,გადაგექი, მოვალთ და ჩაგსვამთ ციხეში!–როგორ მოიქცევით თუკი საპარლამენტო არჩევნბს ვერ მოიგებთ ან თუ ვერ მოიგებთ თქვენს მიერ დაგეგმილი აბსოლუტური უმრავლესობით, ხოლო პოლიტიკური პარტნიორები კვლავ ქუჩის აქციებით გირჩევენ პრეზიდენტის გადაგდებას?–აცნობიერებს თუ არა რა პასუხისმგებლობას აკისრებს ხალხი (თავისი ამომრჩეველი) და აცნობიერებს თუ არა, რომ ის ადგილი რომელიც მას მიეკუთვნება ქართულ პოლიტიკაში მას მიეცემა არა პოლიტიკური წარსულის ან პოზიციის, არამედ ფულის გამო. გრძნობს თუ არა თავს უხერხულად, რომ მის მიერ დახარჯული ფული სახელით – საჩუქარი ქვეყანას, საბოლოოდ ისევ მას უბრუნდება პოლიტიკურ წონად?–დღეს მის მიმართ იმედი აქვთ ოპოზიციის სხვადასხვა პლატფორმაზე მხოფ ხალხს: ამასთანავე ყველას სურვილს ვერ დააკმაყოფილებ. ის რაც გაახარებს გუბაზის მომხრეებს გადაუმტერებს ლიბერალებს, ის რაც გაახარებს ლიბერალებს გადაუმტერებს ზვიადისტებს, ის რაც მოეწონება ტურისტს არ მოეწონება მაღაროელს, რაც მოეწონება პროკურორს არ მოეწონება პატიმარს და ა. შ. . მის მიმართ რა მოლოდინებს თვლის ფუჭ მოლოდინად, ანუ არაობიექტურ მოლოდინად?–და ბოლოს, რამდენ ენერგიას და დროს დახარჯავს საქართველოს მმართველის პოზიციის მიღების შემთხვევაში, შეძლებს თუ არა იყოს საკაშვილზე ენერგიული და დაუღალავი, რომელიც დღეში არანაკლებ 10 შეხვედრას მართავს და არაუადრეს ღამის 2 საათისა წვება დასაძინებლად მე–8 წელია?–დღეს მას ჰაერივით ჭირდება ფიგურები და ფეისები თანამოაზრეთა რიგებში, პირველი ათეული შევსებულია (ყველაზე სურპრიზად აქტიურები – ლევან ბერენიშვილი და შალვა რამიშვილი, სხვები მოსალოდნელი იყო), რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს ამ (ასეთი) ადამიანებისათვის იდეოლოგიის კურსის ჩაბარებაში.–როგორი იქნება მისი პოზიცია მისი ხელისუფლების ოპოზიციონერული მასმედია საშუალებების მიმართ?–რატომ არ გამოდის საჯარო შეხვედრისათვის თავისი შუშის კოშკიდან, 3 ინტერვიუ სამივე ბროლის სასახლიდან, რა მესიჯის ჩანერგვას გეგმავს? –მიაჩნია თუ არა, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოაკვლევინა?–რამდენი ფული ჭირდება კოსმოპოლიტ ადამიანს ზოგადად მატერიალური ბედნიერებისთვის?–რა შემთხევაში დადგება იმ ადგილას, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და თანაც შეიძლება მიშასავით მიწაზე წაქცევით და ზედ დაცვის ბიჭების ზედახორით დამთავრდეს?–რა შემთხვევაში გადადგება?თქვენც დაამატეთ.

Friday, October 28, 2011

თანაგრძნობა და ქართველი






თანაგრძნობა პირველ რიგში ავადმყოფს ჭირდება.

რამდენად გულწრფელნი ვართ თანაგრძნობაში ქართველები, თუკი ავადმყოფებს ასეთი ეპითეტებით ვამკობთ?
(დაუკვირდით მხოლიდ ჟღერადობას, დამცინავ ჟღერადობას)
შაკიკიანი, ტრიკიანი, ჩიყვიანი, დღენაკლი, სირსველიანი,კოჭლი, მელოტი*, ტრაწიანი, ტყირპიანი, ხეიბარი, ავადმყოფი (ავი).

ავადმყოფს თითქოს ის არ ყოფნიდეს, რომ დაავადებულია, დამატებით ისიც უნდა იტვირთოს, რომ ამ საშინელი დასაცინი სიტყვების ადრესატი გახდეს, იქნებ ამიტომაც ხდება ავი.

*პარდონ მელოტებთან, სამ ტაკოი, მელოტობა ავადმყოფობა არ არის, მამაკაცური ჰორმონის სიჭარბის შედეგია და ინტელექტის მეორედი ნიშანი.

Saturday, October 8, 2011

შარშანწინ, 2110–ში, დედამიწას შეეჯახა მეტეორი




შეჯახდბა იყო საშინელი და მილიონები დაიღუპა..
შეჯახება იყო ისეთი  კუთხით და ძალით, რომ დედამიწის კანონზომიერი ბრუნვა მუდმივი პოლუსებით, შეიცვალა დამატებით ვერტიკალური ბრუნვით
მართალია უმნიშვნელოდ, შეუმჩნევლად, მაგრამ მუდმივი სიჩქარით დედამიწის ტრადიციული აფრიკული ეკვატორი (ანუ ის ადგილი, რომელიც დღეს ეკვატორია აფრიკაში) გადაადგილდება 10 კმ/ წელიწადში სამხრეთით.  ამ მოვლენის შედეგად დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც იფარავდა დედამიწის ფლორასა და განსაკუთრებით ფაუნას მზის რადიაციისაგან, მოიშალა. ფაქტიური ეკვატორი   სასიკვდილო გახდა ცხოველთა უმეტესობისათვის, ადამიანისათვის.
ტროპიკული ზოლის ქვეყნების მოსახლეობის 2/3 დაიღუპა, დანარჩენი ლტოლვილად იქცს. მიაწყდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს.
აფრიკელები ჩრდილოეთ აფრიკას მიაწყდა, ამერიკელები აშშს, აშშ კანადას. ერთი დიდი ტალღის შემდეგ ყველა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, ლტოლვილი ქვეყნები მოადგნენ ჩრდილოეთ ქვეყნებს თავისი ოფიციალური არმიებით, ისინი შესვლას ითხოვენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაგრამ უშედეგოდ.   
ალაგ ალაგ ადგილი აქვს სისხლიან შეტაკებებს, მომხვდურები სასტიკად მარცხდებიან.
მხოლოდ ჩინელებმა მოახერხეს დიდი მსხვერპლის ფასად რუსეთის ციმბირში დიდ ნაკადად შეჭრა, რუსეთმა ჩინელების წინააღმდეგ ატომური ბომბი არ გამოიყენა და მის პრეზიდენტს ნობელის პრიზი მისცეს მშვიდობის დარგში. ჩინელები დათანხმდნენ რუსული უმცირესობის ადმინისტრირების ქვეშ ცხოვრებას, რითაც ახალ მიწაზე მშვიდობა მოიპოვეს.
ყველა ჩინელი, რომელიც გადააბიჯებს ურალს დასავლეთისკენ მოკლული იქნება, ჩინელები თანახმა არიან.    


გაერო წვრილი მაგრამ ბევრი ქვეყნის ინტერესების დამცველი ხდება. 
დიდ ქვეყნებში  (აშშ რუსეთი, კანადა, ევროპა) მძლავრობს იზოლაციონიზმი, ყველა ქვეყანა კეტავს საზღვარს, გაერო კი ცდილობს დედამიწის მთელი მოსახლეობის, კაცობრიობის ეროვნული სიჭრელის, დემოკრატიის პრინციპების გადარჩენას. 
დიდი ქვეყნები გაეროს დიპლომატიურად იგნორირებენ.


გაერო ცდილობს დადოს თეორია, ფორმულა, რომლითაც განსაზღვრავს თუ რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია ჩრდილოეთის მიწებს ოპტიმალური კომუნა- სახელმწიფოს პრინციპების დანერგვით, გაერო ადგენს რომ ვთქვათ ბრიტანეთს შეუძლია მიიღოს 100 მილიონი, ევროპას 500 მილიონი, რუსეთს ერთი მილიარდი. 
დიდი ქვეყნები "ახალი კომუნის წესების" მიღებას ეთანხმებიან მაგრამ ლტოლვილთა მიღებაზე უარს ამბობენ.   
მათი არგუმენტებია: ლტოლვილთა დიდი ნაკადის მიღება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ლტოლვილები სხვა კულტურის, რელიგიის და რაც მთავარი პრობლემაა დაბალი სოციალიზაციის ადამიანები არიან, მათ სამოთხესავით წარსულში ვერ შეძლეს აეშენებინათ მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება და ახლა, ტოტალური გაჭირვების და დეფიციტის ჟამს ხომ საერთოდ მტაცებლებს დაემსგავსნენ.

ამერიკან სახმელეთო საზღვარი  შეუვალი გახადა, მაგრამ ორივე ოკეანიდან მას ყოველდღიურად უამრავი უიარაღო ან შეიარეღებული ლტოლვილის მიღება უწევს. 
ლტოლვილებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, რომლებიც მთელი სანაპიროს გასწვრივაა ჩამწკრივებული. 
მთავრობა დათანხმდა მიიღოს 250 მილიონი, ანუ ერთ ამერიკელზე ერთი ლტოლვილი, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკებში უკვე 350 მილიონი ადამიანია. 100 მილიონი დარჩება საკონცენტრაციო ბანაკში და  ტყვის-მონის უფლებებით იმუშავებს ქიმიურ ქარხნებში. 



ევროპელმა ჰუმანისტებმა დადეს ახალი ტრაქტატი, რომლის მიხედვით კაცობრიობა 
თავისი 9 მილიარდი ადამიანით შეიძლება ფეხზე მდგომი დაეტიოს უელსში, დაწოლილი დაეტიოს ინგლისში და მატარებლის კუპის სიფართის სივრცე იქონიოს დიდ ბრიტანეთში. 
ამ გათვლებმა გაეროს ახალი არგუმენტი მისცა რათა მთელი კაცობრიობის, ეთნომრავალფეროვნების გადარჩენისთვის იბრძოლოს. 
გაეროს ლოზუნგია - ადგილი საკმარისია, ინფრასტრუქტურა აშენებადია, სიცოცხლე ყველას.
ამ ლოზუნგის ბოლო ფრაზა "სიცოცხლე ყველას" გულისხმობს, რომ არავინ უნდა დარჩეს სიკვდილის ზონაში.მაგრამ გაეროს დირექტივებს არ აქვთ კანონის ძალა გადარჩენილ ქვეყნებში. 
გაეროს მეცნიერები უამრავ ფუტურისტულ პროექტს ქმნიან, რათა ახალი სოციალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით ახალი საცხოვრებელი სახლები, ქალაქები, აგრო ფერმები, პლანტაციები მოეწყოს. აქ არის ვიწრო ხეობების გადახურვის პროექტები, ქუჩების გადახურვა სახლების ბოძებად გამოყენებით, შუშის ნახევარბურთის - გუმბათის მქონე ქალაქების პროექტები, ვერტიკალური ბაღები და პლანტაციები, ოკეანის წყლის გამამტკნარებელი სოლარიუმები, კოლექტორი გზები ხის ფესვების განშტოებების ანალოგიით, ჰიდროელექტროსადგურების, მელიორაციული არხების პროექტები, ერთ–ერთი პროექტის ლოზუნგია - არცერთი წვეთი მტკნარი წყალი ზღვაში.
იგულისხმება რომ ოკეანე ისაზრდოებს დაუსახლებელი მიწებიდან ჩამოდინებული მდინარეებით, კაცობრიობის ახალი საცხოვრისიდან კი მტკნარი წყალი მთლიანად უნდა დაიხარჯოს ადამიანების საჭიროებებზე. 
რამოდენიმე პროექტი კიდობანს ქმნის, მცურავ ქალაქს, რომელსაც საკვებით ავტონომიური უზრუნველყოფა ექნება. მაგრამ ევროპას ჯერ კიდევ 100 წელი აქვს, ვიდრე კიდობანებზე ამხედრება და დღევანდელ ჩრდილოეთ ყინულოვან, მომავალ ევროპის ოკეანეში გადასახლება მოუწევთ. ტკბილი 100 წელი მოდრეიფე უსასრულობის წინ. თუმცა ეს ასი წელი დაიხარჯება დამანგრეველი მეტეორის კონტრაშოკის აშენებაზეც, კაცობრიობის მთელი არსენალი შეჯახების მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი მუხტის გასროლას აპირებს, რომელმაც შესაძლოა დედამიწის ვერტიკალური ბრუნვა შეაჩეროს, შეანელოს მაინც. მაგრამ ეს პროექტი არასანდო ეფექტისა და ძნელად განხორციელებადობის და შორეული პერსპექტივის გათვალისწინებით მოსახლეობაში ოპტიმიზმს ვერ ბადებს.


გაერო და დიდი ქვეყნები ერთ საკითხში თანხმდებიან, ადამიანთა გაერთიანებებმა, დასახლებებმა, ქვეყნებმა უნდა იარსებონ ე. წ. "ახალი კომუნის" პრინციპებით - ახალ კომუნაში სასარგებლო უჯრედის ფუნქციის შესრულება მხოლოდ მაღალი სოციალიზაციის, წესიერ ადამიანებს შეეძლებათ, რომ დაბალი სოციალიზაციის და განათლების ადამიანები დესტაბილიზაციის დიდ რისკს შეიცავენ კომუნის ნატიფი ინფრასტრუქტურის, იერარქიის. 
დემოკრატია არ იზღუდება. ძალაში რჩება თანასწორუფლებიანობა ყველა უმცირესობისა, ხელოვნება არ იზღუდება. პროპაგანდა გადადის გაეროს ძალიან ძლიერი ფსიქოლოგების ხელში, რომელთა გეზია პროპაგანდა "სოფტ პაუერ"ით. ასოციალური პირები ზედმეტი ფუფუნება ხდება მსოფლიო ახალი წესრიგისთვის, ისინი ბორტს გაღმა დარჩებიან, მაგრამ, ვინ არის ასოციალური პირი?
გაერო აყალიბებს გადასასახლებელი (გადასარჩენი) მოქალაქეების სელექციისა და ქვეყნების ქვოტების მინიჭების პრინციპებს.

ჩრდილოეთი ეთანხმება ქვოტების შესაბამისად ლტოლვილთა მიღებას, ოღონდ გაეროს ქვოტების დათვლის კრიტერიუმებს ამატებს თავის (ევროპელ ინტელექტუალთა) მიერ დამატებულ კრიტერიუმებს, რომელთაც მტკიცე საიდუმლოდ ინახავს.

   
მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ 100 წელიწადში ევროპა იქნება ექვატორის განედზე?? დღევანდელი ჩრდილოეთი პოლუსი თბილ ოკეანეში ილივლივებს.  ევროპა ამ პერიოდში მოახერხებს მცურავი ალტერ ქვეყნების აშენებას და ძირითადი პოპულაციის სიცოცხლეთა გადარჩენას.


სამხრეთის ბედი კი გარქკეულია და ძალიან მარტივია – სამხრეთის ქვეყნები უსიცოცხლო ზონა რჩება. რადიაციის პირობებში იქ მხოლოდ კაკტუსები და ტარაკნები იცხოვრებენ.
მოკლედ, 9 მილიარდი დან 7–ს მოუწევს ბრძოლა ახალი მიწის დასაკავებლად, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება შეიარაღებული და სისხლიანი. სისხლიანი ომის წამომწყები აპრიორ წაგებულია განვითარებულ ჩრდილოეთთან.

ამიტომ სამხრეთს რჩება მხოლოდ ერთი გზა, დაიმსახუროს ჩრდილოეთის კეთილგანწყობა და მიიღოს საკმარისი კვოტა ჩრდილოეთის ქვეყნებში გადასასახლებლად.


დრო ძალიან ცოტაა, დიდი ასახლება 3 წელიწადში დაიწყება და 7 წლის შემდეგ დამთავრდება, ვინაიდან 7 წლის შემდეგ სამხრეთი გამოუსადეგარი ხდება ადამიანის საცხოვრებლად.

ჩრდილოეთს არ შეუძლია მიიღოს 7 მილიარდი ლტოლვილი. ჩრდილოეთი მზადაა მიიღოს 3 მილიარდი, ეს ფანტასტიკური დაათმობაა ჩრდილოელებისგან ვინაიდან გადასახლების ბოლოს 2 მილიარდ ჩრდილოელს 3 მილიარდ ლტოლვილთან მოუწევს თანაცხოვრება.


30 წლის შემდეგ მზის რადიაციისგან 4 მილიარდი დაიხოცება. შობადობის კონტროლით მიიღწევა ის, რომ გადარჩენილ ზონაში სიკვდილიანობა 4ჯერ გადააჭარბებს შობადობას. შედეგად 30 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა შემცირდება 9 დან 5 მილიონამდე.


და... არსადაა ხსნა. ეს მოხდება.




დღეს კი, 2113 წელს, სამხრეთი გადარჩენისთვის იბრძვის.


ის ებრძვის თავის თანამემამულეებს, რათა უსწრაფესად შექმნას განვითარებულ ადამიანთა საზოგადოება. უწესო მისი მტერია, რეტროგრადი მისი მტერია, არატოლერანტი მისი მოსისხლეა. ჩრდილოეთი დიდი მიკროსკოპით უყურებს მის ქვეყანას და უშურველად იქნევს ყვითელ ბარათებს, ოღონდ იმ ბარათებს დასასჯელებს არ აჩვენებს,ჩრდილოელებს უნდათ განვითარებული ხალხი მიიღონ და არა გაწვრთნილები.ამიტომ ფოლები (იგივე ფიშტები, იგივე ჯარიმები) მხოლოდ შესაბამის ფოლდერში შეაქვს. დასასჯელებს მზე დასჯის ახლო მომავალში.


ჩრდილოეთის შეფასებების კრიტერიუმები ორ პლასტიანია, პირველი პლასტი საჯაროა და გაეროს მიერაა გავრცელებული, მეორე პლასტი საიდუმლოა, ის ჩრდილოეთმა გემზე შეიმუშავა ჯერ კიდევ 2111 წელს სპეციალურ სამიტზე.

მეორე პლასტი კვოტის კრიტერიუმებისა, მუდმივი კამათის საგანია სამხრეთში.

სამხრეთელი პოლიტიკური პარტიები საიდუმლო კრიტერიუმების თავის ნავარაუდებ ვარიანტებს დებენ საარჩევნო პროგრამებში,
საზოგადო მოღვაწეები ჩხუბობენ თოქ შოუებსა და მიტინგებზე, იცავენ თავის პოზიციას.

–ქვოტას მივიღებთ, თუ სამხედრო სიზუსტის წესრიგს დავამყარებთ ჩვენს გზაჯვარედინებზე ყვირიან ერთნი,
–ქვოთას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმსახურებთ, თუკი უმცირესობებს დემონსტრაციულად მოვეფერებით ყვირიან მეორენი,
–ქვოტას მოგვცემენ ევროპასთან ისტორიული თანამებრძოლობის მნიშვნელობის დემონსტრირებით სჯერა მესამეთ,
–საერთო რწმენა ჩვენი ხსნაა, ახლავე უნდა გავხდეთ პაპის და კათალიკოსის სამწყსო ქადაგებს მეოთხე,
– ჩვენ უნდა ვიყიდოთ ჩრდილოეთის კეთილგანწყობა იმით, რაც მათ ყველაზე მეტად დასჭირდებათ – ნიადაგით. 2 წლიანი სახელმწიფო პროგრამა საკმარისია, რათა კენიის პრერიებზე აღარ დარჩეს მდიდარი ჰუმუსი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენი ნიადაგით პოლუსზეც გამოვკვებოთ.
– ჩენი დიუნების გარეშე მათ გაუჭირდებათ მაღალი ხარისხის შუშის წარმოება, დამცავი გუმბათების გარეშე კი, მათი ქალაქები ონკოცენტრებს დაემსგავსება, ვიყიდოთ ჩრდილოეთი ჩვენი დიუნებით.



მოკლედ, სამხრეთი დუღს, 7 საათზე იღვიძებს და 24 ზე იძინებს, ტვ თოქშოუები ერთმანეთს ენაცვლება და ზედ ედება ..


ვუშველოთ სამხრეთელებს მიიღონ საკმარისი ქვოტა საკუთარი ქვეყნისთვის, ანუ მიიღონ სიცოცხლის უფლება საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის.
ჩვენც ხომ სამხრეთელები ვართ.



Friday, September 16, 2011

1687 წლის წინ სტამბულში, რომელიც მაშინ არ იყო




2011–324=1687
324 წელს, 1687 წლის წინ უცნობ ისტორიულ გეოგრაფიულ პუნქტ ქრისოპოლისში ,
ამჟამად სტამბულის უბან უშკუდარში, მაშინ როცა თურქების წინაპრები ჯერ კიდევ მონღოლეთსა და უზბეკეთს შორის ხედნიდნენ ცხენებს, დიდი ომი მოხდა. ამ ომით რომის ორი იმპერატორის 10 წლიანი ომები დასრულდა. ერთი, ლიცინიუსი, რომელმაც მანამდე რომის იმპერია თითქმის გააორმაგა, დამარცხდა.
მეორე კონსტანტინე გამარჯვებული გახდა. მან ლიცინიუსი საპყრობილეში გაუშვა. კონსტანტინეს ცოლი ლიცინიუსის ძმა იყო, კონსტანტინეს ლმობიერება კი მხოლოდ ერთი წლის ხალგრძლივობის.
კონსტანტინემ ტუსაღი ლიცინიუსი ერთი წლის შემდეგ მოკლა.
მანამდე კონსტანტინე და ლიცინიუსი ერთად მართავდნენ იმპერიას, მას შემდეგ რაც ლიცინიუსს კიდევ ერთი თანაიმპერატორი გელარიუსი მოუკვდა.
კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსტანტინემ მის ძმასა და ლიცინიუსს შორის მეგობრული კავშირები დაინახა. კონსტანტინეს ძმა კი კონსტანტინეს ტახტის არასანდო კონკურენტი იყო.

ამ სისხლიან ბოროტ ხალხს შორის ერთერთი ბოროტის გამარჯვება, ეს გამარჯვება ქრისოპოლისში კაცობრიობის მთელი შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.


როგორ?

რომის იმპერიას სათავეში კონსტანტინე ჩაუდგა, პირველი ქრისტიანი იმპერატორი.

დედამიწა მას შემდეგ გახდა ქრისტიანების.


რომ არა კონსტანტინე და მის არსში სადღაც შორს მბჟუტავი იდეალიზმი, ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები, მაჰმადიანობაც არ იარსებებდა, იუდაიზმი კი იქნებოდა, მაგრამ ებრაელებს არ ეყოლებოდათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი – ქრისტე.

დედამიწა კვლავ ძველი რომაული პრინციპით – ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ*, იმოქმედებდა.

ცხოვრება გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა.

*homo mominis lupus est. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.

Thursday, September 8, 2011

80 არაქართველი გირჩევნია თუ 160 ქართველი?




 რატომ მირჩევნია  80 000 არაქართველის ლოიალობა* 160 000 ქართველის მომდურებას**.  


სხვანაირად დავწერ ამ წინადადებას, ძალიან ჩახვეულია.

ჯობია მომემატოს 80.000 საქართველოს სახელმწიფოსადმი ტოლერანტი* არაქართველი, თუნდაც დამატებით 160.000 ქართველის მომდურების** ხარჯზე.




საქართველოს სახელმწიფო არსებობს 53% არჩეული პრეზიდენტით, მართალია ხელისუფლებამ ბოლო წლებში ავტორიტეტი გაიუმჯობესა, ოპოზიციამ კი გაიუარესა, მაგრამ ოპოზიციური ელექტორატი არსად გამქრალა, კვლავ უკლებლივ ოპოზიციურად არიან განწყობილნი და ბრაზობენ ღვედის ყველა შეკვრაზე. 
დღევანდელ საქართველოში ალბათ მილიონი გულდათუთქული პატრიოტია, რომელიც თავზარდაცემულია იმით, რომ " საქართველოს არასწორი  ადამიანები მართავენ, რომელთაც არაფერი წმინდა  არ აქვთ, არც წარსულის პატივისცემა, არც რწმენა, არც ადამიანებისადმი თანაგრძნობა". დღევანდელი ხელისუფლება მათთვის იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ  შესუნთქულები ელოდებიან " სამართლის აღსრულებას" და დღევანდელ ხელისუფალთა ციხეში ხილვას. 

ხელისუფლება ციხეში, ისეთი სასურველი, იმდენად მიმზიდველი ლოზუნგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს რომ წლების განმავლობაში არ ეყვირათ ორ წინადადებიანი  ლოზუნგი " მიშა გადადექი! გადადექი და შენ და შენიანებს  ციხეში ჩაგსვამთ.'". ამ ლოზუნგის მეორე ნაწილი სწორედ იმ მილიონი ადამიანის მიტინგზე გამოსაყვანად იყო ნათქვამი, მერე რა რომ ლოზუნგის  პირველ ნაწილს  ლოგიკურად ვერ აგრძელებდა. ( შენ თვითონ გადადექი, რათა მე გავხდე პრეზიდენტი და შენ დაგიჭირო).    
 
ამომრჩეველთა 47 % ის მფლობელი ესოდენ მრავალრიცხოვანი ოპოზიციური მუხტი რეალობაში ბოლო ორი წელია ( 2009 წლიდან) ან თითქმის მთლიანად ჩუმადაა, ან მისი მცირე ნაწილი პერიოდულად ტრანსფორმირდება ენერგიულ სუპერაქტიურ ძალად, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ პორტრეტს, პოლიტიკურ პოზიციას ცვლის, სამწუხაროდ ცუდისკენ, სასიხარულოდ მცირედ. 
აი ესაა ჩემი ბოლო დაკვირვება - მილიონი პრინციპული ადამიანი ქვეყნის პოლიტიკურ რაობას უმნიშვნელოდ ცვლის. 
მიემატება თუ არა ამ მილიონს 160 000 თუ  მოაკლდება ამდენივე, პრინციპული სხვაობა არ მოხდება.


ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო! ეს ყველაზე სწორი პრინციპია, ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხალხს უსიტყვო და უბეჭდო, მხოლოდ გულზე დაბეჭდილ სამოქმედო გეგმად აქვთ. 
პრინციპი - ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, მათ ცხოვრებაში ვლინდება ერთობლივ პასუხისმგებლობაში ეროვნულ, რასობრივ და რელიგიურ  უმცირესობებისადმი ურთიერთობით. მასა თავისი მუდმივი კეთილგანწყობისა და უმცირესობათა სივრცის ლეგიტიმურობის  აღიარებით ყიდულობს ამ უმცირესობათა ტოლერანტობას საკუთარი სახელმწიფოს მიმართ.
ჩვენ უნდა ვიყიდოთ 80000 განდგომილი გსსრს მოქალაქის ტოლერანტობა საქართველოს მიმართ. 

რითი უნდა ვიყიდოთ? 
რა უნდა შევთავაზოთ? 

ფული? 
მტერს ჩვენზე მილიონჯერ მეტი აქვს

ფრთის ქვეშ ყოფნა? 

მტერს ჩვენზე კი არა მსოფლიოს სამჯერ გასახეთქად საკმარი ბირთვული ძალა აქვს 

აბა რა უნდა შევთავაზოთ?
რა უნდა შევთავაზოთ იმაზე მეტი, რასაც რუსეთი შესთავაზებს, რა უნდა შევთავაზოთ ისეთი, რასაც რუსეთი რომც მოინდომოს ვერ შესთავაზებს? 

პასუხი მე მაქვს
ჩვენ უნდა შევთავაზოთ საკუთარი მოქალაქეების მომდურება.  

 
დილემა არის არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის. 
თუკი დაგვიდგა დილემა - შემოირიგე 80 000 განდგომილი არაქართველი , მაგრამ 160000 ქართველის მომდურების ხარჯზე, რა უნდა ვქნათ? 

უნდა მოვიმდუროთ
ქართველები. 
ამით საქართველო 100 მოიგებს და 10-ს დაკარგავს. 

საჭიროა მხოლოდ ზუსტად იმ ქართველების პოვნა, რომელთა მომდურებაც ჩაგვეთვლება. 

ვიწყებ მოსაძულებელი ქართველების სიმპტომების შედგენას, რათა შემდეგ ადვილად მოვახდინო მათი იდენტიფიცირება


-გუბაზის ელექტორატად ტრანსფორმირებული ზვიადიზმი
- გზებზე უწესოები
- ურთიერთობაში უწესოები
- გრეჩიხების მოიმედეებად ტრანსფორმირებული მხედრიონი
- ზვიადიზმი ნებისმიერ გამოვლინებაში
- შევარდნაძე და ყველაფერი რაც მასთან ასოცირდება - კორუფცია, ვირეშმაკობა, აპათია  მერკანტილიზმის სოუსით
- ფაშიზმი, რასიზმი, 
- საერთო ქონების ვირთხები
- ქსენოფობები
- დოღრიალები
- გაუნათლებლები
- ზოოლოგიურ იმედიანები
- ოქრუაშვილის მოიმედეებად ტრანსფორმირებული უმცირესობებზე რევანშისტები


რაც მეტს ვწერ, ვხვდები, რომ თითქმის ჩემი პორტრეტი გამომდის. 
და .. სრულიად ქართული საზოგადოების. 


რა ვქნა, მეც ხომ ამ ბულიონიდან აღმოვცენდი, რასაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი სსრკ ერქვა და შემდეგ კი საქართველო ჰქვია (აბა რამდენი წლის ვარ?). 

მანკიერი იმპულსები ყველას გვაქვს, ლიბერალებსაც, ორთოდოქსებსაც, ტრადიციონალისტებსაც, კონსერვატორებსაც, იდეალურ შემთხვევაში ჯობია 4500000 ქართველმა ჩვენივე თავში მოვიძულოთ და განვაგდოთ ეგ მანკები და არა სახელმწიფომ მოიძულოს 160000 ადამიანი. 

მაგრამ  ასე არ ხდება კათარზისი ლურჯი ფრთებით არ გადაგვიფრენს, 
მოგვიწევს კონკრეტული ადამიანების მომდურება, იქნებ დაჩაგვრა, დაჯარიმება, შეღრენა, მისიგნალება, აზრზე მოყვანა, გაიასნება, მიჩმორება, მიტისკვა. 


სახელმწიფო აპარატი ამ საქმეს აკეთებს. აკეთებს საერთო ჯამში წარმატებით, მაგრამ უხეშად, ტლანქად.
ამ სიტლანქის შედეგად ერთი მხრივ ზარალდებიან კარგი ადამიანები, რომელთაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი რეტროგრადული ნიშანთვისებები არ აქვთ, მეორე მხრივ ამის შემხედვარე მასას უჭირს დაინახოს პოლიტიკური იდეალები და შესაბამისად ჭოჭმანობს ახალი მოქალაქეობის პრინციპების მიღებას.

ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად და წარმატებით წარიმართებოდა ჩვენ, უსახელო მასას რომ:
–გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ.
–ვიცოდეთ უფრო მეტი საქართველოს შესახებ.




*სიტყვა ლოიალობაში მხედველობაში მაქვს მშვიდი მოქალაქეობა,  საქართველოს სახელმწოფოსადმი აგრესიის გარეშე ცხოვრება. 

**სიტყვა მომდურებაში მხედველობაში მაქვს, ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შედეგად უკმაყოფილოთა რიცხვს და ხარისხს  გაზრდის.

.. 

Monday, August 29, 2011

ძირს პათეტიკა - რიჩარდ ჩიზი






ამ ბლოგში დღემდე 110 პოსტია თემაში "ძირს პათეტიკა".


შესაბამისად, მიხვდებით რომ ეს კაცი – რიჩარდ ჩიზი მომწონს.

მაგარია.

ძირს პათეტიკა მისი დევიზია, შეუძლებელს აკეთებს,უალალეს, უპათეტიკურეს სიმღერებს იღებს, ღეჭავს და უბობასავით ქსოვს ახალს – ლირიკულს.

თავხედია ოხერი, ძალიან ნიჭიერი.















Sunday, July 10, 2011

ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა დღევანდელ (10.07.11) პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში


ილია ჭავჭავაძე - უფლება ბუნებითად მინიჭებული

ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონეგახსნილ კაცისაგან. იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე, ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა. … ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას. … ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის? ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა აკადემიური გამოცემა, XIII ტომი, თბ. ილიას ფონდი, 2007 წ. გვ. 303–307 ტფილისი, 19 მარტი, 1897 წ.








კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
1905 წ.
ვაჟა–ფშაველა


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.










ვეეერაფერი ვისწავლეთ ილიასგან და ვაჟასგან.
ფეოდალიზმში ვართ.

Tuesday, June 28, 2011

ძმაკუშებოო

პათეტიკა და შფოთვა რომ კარგად გამოგვდის არამარტო ფოლკლორსა და კინემატოგრაფს,  პოლიტიკასაც ეტყობა. 

სიმღერაში  იმდენად ხარისხიანი პათეტიკა შეგვიძლია, რომ ცდუნებას  ვერ ვძლევთ ერთი კარგი დაშხოშიანი სულის შემძვრელი ჯგუფური კანსონი არია ქორო შევასრულოთ თუნდაც სალაღობო ტექსტზე. 

"ამბობს მომღერალი, და ამით ყველაფერია ნათქვამი" ეს სულმნათი ევგენი მაჭავარიანის სიტყვებია. ეს ესტრადაა-ს წაყვანისას ის ხშირად გვითარგმნიდა სიმღერის ტექსტიდან ერთ ფრაზას და  სიმღერაც, მუსიკა და ტექსტი ერთად ჩვენთვის გასაგები ხდებოდა. 

ახალგაზაფხულებულზე მკვირცხლი ბიჭის   აღმართზე შეყენებას   და ძმაკუშებში ქეიფს რად უნდა თავგანწირული  პათეტიკა. 
არ უნდა.    


0:50 ზე ნახე.   

Sunday, June 26, 2011

ან მწვადი, ან შამფური. 

ერთერთი უნდა გავწიროთ,  ან მწვადი, ან შამფური. 

ქართული ზეპირსიტყვაობის მიხედვით საუკეთესო  ვარიანტში არც მწვადი უნდა დაგეწვას და არც შამფური. 

ანუ მწვადიც გემრიელი უნდა გააკეთო და თხილის შამფურიც სამომავლოდ გამოსადეგი  დაიტოვო. 

კარგი სურვილია, და კარგი ანდაზაა, ზომიერებას, წინდახედულობასა და რაცiონალობას ასწავლის ხალხს. 

მაგრამ რატომღაც, ყოველთვის ირონია ახლავს თან. მისი მთქმელი ადრესატს კი არ აქებს, აი რა ჭკვიანი ყოფილაო, არამედ ამხელს, არაგულწრფელად გამოძვრა სიტუაციიდან, პრობლემის გადაჭრას და მის თანმხლებ უხერხულობებს დაუძვრაო. 

შამფური ღერძია, ისარია, იარაღია, ინსტრუმენტია, ის მიზანი არ არის, საშუალებაა. 
მწვადი მიზანია,  სასურველია, ნერწყვის მომდენია, ენერგიაა, სასარგებლოა. 
მას შემდეგ, რაც მწვადი შემწვარია, შენ 
წვადი გინდა და არა შამფური. 
შამფური შეიძლება მომავალში გამოგადგეს, მაგრამ ახლა მთავარი პრეისტორუილი რიტუალი გაქვს შესასრულებელი, მომავალზე არ ფიქრობ. 

და სწორადაც იქცევი, მომავლის მწვადაობისთვის სხვა შამფურებს გამოთლი, ეს შამფურები შეგიძლია ისტორიას ჩაააბარო. 


მაგრამ სასურველია ძველი შამფურიც შეინარჩუნო, წინაპრებიც ხომ ასეთ რჩევას გაძლევენ. 

შამფური წარსულია, რომელიც მომავალში გამოგადგება, 
მწვადი აწმყო და მომავალია, მან ენერგია და პოზიტიური განწყობა უნდა მოგცეს შემდეგი საქმეების საკეთებლად.


და ახლა როგორღა მოვიქცეთ, აწმყოში, როცა მწვადს ვწვავთ? 
რომელზე ვიზდუნოთ? 
მწვადზე თუ შამფურზე? 
სასარგებლო ენერგიაზე თუ ჰიპოთეტურად გამოსადეგ ინსტრუმენფზე?
მწვადი საქართველოა, მომავალია, რომელიც შრომით, განათლებით, პროფესიონალიზმით, ზრუნვით უნდა შეიქმნა
შამფური ყველაფერი ისაა, რასაც კრებითი სახელი ქართველობა ქვია. 

არ დავწვათ მწვადი, შამფურის მოვლის დრო ისევ მწვადს დავუთმოთ. დაიწვას შამფური, თუკი ამას მწვადის  შეწვა მოითხოვს. 
ნუღა ვიქნებით გაორებულები ორ ცეცხლს შუა - მივხედოთ მწვადს, ხოლო შამფური თუკი შემოგვეწვა, ახალი გამოვთალოთ. 
ავაშენოთ საქართველო, ხოლო ქართველობა ნებაზე მივუშვათ, გადარჩება ის რაც დღევანდელი ქართველობაა? გადარჩეს, მოკვდება? 
ახალი ქართველობა გამოვთალოთ.