Tuesday, July 28, 2009

ვასწავლი ცურვას 15 წუთში, სახლიდან გაუსვლელად!

ქობულეთიდან დავბრუნდი და განმანათლებლობის იშტაზე ვარ.
პირადი რეკორდი მოვხსენი წყალში ნანაობის.
ყოველდღე დილიდ 7 დან 9 სთმდე და დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმეჯერ აარანაკლებ ხანგრძლივად უდრტვინველად ვლივლივებდი, ვტივტივებდი შავ ზღვაში.

ჩემი განმანათლებლობის სურვილიც ამ ნირვანისდროინდელმა აზრებმა შთამაგონა.

არიან ადამიანები რომლებმაც რატომღაც .. ცურვა არ იციან.
hm..
1. რამხელა სიამოვნებას იკლებენ.
2. რამხელა შიში აქვთ დედამიწის 2/3-ის მიმართ.
3. რამხელა ხიფათში არიან ფეხი თუ ვერ უწვდინეს ფსკერს.

ხოდა ზღვაში ტივტივისას, როცა უსასრულოდ შემეძლო ამ ნეტერების გახანგრძლივება 0 კალორიის დახარჯვით, გადავწყვიტე ჩემი საიტის მკითხველები 100% გარანტიით ცურვის მცოდნეებად გავხადო.

სლოგანი ასეთია
"ვასწავლი ცურვას 15 წუთში, სახლიდან გაუსვლელად! უფასოდ!
ტალღებამდელი კურსი
(განკუთვნილია მხოლოდ მდინარის მდორე დენის,ზღვაზე მცირე ზომის ტალღების დროს)"
ხუმრობა არ გეგონოთ
და დროოო ...... დაიწყო!
წიკ, წიკ, წიკ,...

დავიწყოთ იმით რომ დედამიწის მაცხოვრებელი ყველა ძუძუმწოვარი ცურავს, არცერთი მათგანი არ იხრჩობა წყალში, რომელშიც ფეხს ვერ უწვდენს (ისევ და ისევ წყნარ წყალზეა ლაპარაკი).


საქმე იმაშია, რომ
ფაქტი
#1ყველა ძუძუმწოვარი ადამიანისა და მაიმუნის გარდა ჰორიზონტალური არსებები არიან და წყალში ყოფნისას, როცა თავი წყალში აქვთ ნესტოები ზემოთ რჩებათ ამ გოჭუნებივით.


ფაქტი #2.
ადამიანი სუნთქავს დაახლოებით 8-12-ჯერ წუთში (დაუშვათ 10-ჯერ) ანუ ერთი ჩასუნთქვა ამოსუნთქვისთვის ხარჯავს დაახლოებით 6 წამს. ამოსუნთქვის ფაზა 2-ჯერ ხანგრძლივია ჩასუნთქვაზე.
ანუ ადამიანი ჩაისუნთქავს 2 წამის და ამოისუნთქავს 4 წამის განმავლობაში,
უხეშად რომ ვთქვათ, წუთში 20 წამი შეისუნთქავს და 40 წამი არ შეისუნთქავს.
ანუ ადამიანი წუთში 40 წამი არ შეისუნთქავს.




ადამიანი ღრმა წყალში მოხვედრისას სამ შეცდომას უშვებს:
1. ცდილობა შეინარჩუნოს ვერტიკალური მდგომარეობა.
2. ცდილობს თავი ჰქონდეს წყლის ზემოთ.
3. სასუნთქი გზების ხანმოკლედ, თუნდაც წამიერად წყლით გადაფარვას პასუხობს ენერგიული ფართხალით, ვერტიკალური მდგომარეობის მიღებითა და თავის წყლიდან ამოყოფით.
თავი კი, რომელიც პროპორციულად ყველაზე მძიმეა ძირავს ტანს.

და შედეგად თავს იძირავს, თავს იხრჩობს. სამწუხაროდ ხშირად წარმატებით.


იმისათვის რომ ადამიანმა, როგორც უსწავლელმა ძუძუმწოვარმა შეძლოს ტივტივი და ამავე დროს სუნთქვა საჭიროა.
1. მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა.
2. ძუძუმწოვრების უპირატესობა - ნესტოები ზემოთ, უნდა აინაზღაუროს ზურგზე წოლით, ანუ პოზიცია ჰორიზონტალური, მუცელი და ცხვირ-პირი ზემოთ.
3. თავი აუცილებლად უნდა ჩაუშვას წყალში, ამით სხეულის საერთო ამომგდებ ძალას ემატება ის ძალა, რომელიც ჩაძირულ თავს ზემოთ ამოატივტივებს.

4. ამ პოზიციას უნდა კიდევ ერთი კორექცია, ყბა და ცხვირპირი ყველაზე ზემოთ.



ეს ოთხი პირობა საკმარისია წყლის ზედაპირზე ისე სატივტივოდ, რომ არცერთი კალორია არ დახარჯო.

ამ ოთხი პირობის შესრულებას ჭირდება ასევე რამდენიმე წინასწარგანწყობა.
1. შეიძლება თვალებზე გადაგიაროს წყალმა, ეს უნდა მოითმინო და პოზა არ შეიცვალო.
2.შეიძლება სახეზე, ცხვირპირზე გადაგიაროს წყალმა ასეთდროს პოზის შეუცვლეად უნდა გამოდევნო-გამოიხვინო და წოლა უნდა განაგრძო.

ეს ყვალაფერი გავიარეთ ხომ?
ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გავრცელებული შეცდომა და ამ შეცდომის ნაცვლად სწორი ქცევის შესახებ.
წყლით ცხვირპირის გადაფარვის საფრთხის შემთხვევაში სუნთქვის შეწყვეტა. ეს რექლექსი, რომელიც ადამიანს ჩვილობიდან მოყვება აიძულებს ეშინოდეს წყლის და ახლოს არ გაეკაროს მას, მაგრამ უკვე წყალში მყოფს ცუდ სამსახურს უწევს.
პირიქით მოიქეცით, წყლის სახეზე გადავლის ალბათობის მომატებისას ღრმად შეისუნთქეთ. ამით
1. დაასწრებთ წალს.
2. გაბერავთ ფილტვებს, რომელიც ზემოთ ამოგაგდებთ და იქნებ სულაც ვეღარც გადაგიაროთ იმ ტალღამ, რომელიც ამოსუნთქულ ფილტვებიანს სახეზე გადაგივლიდათ.

ბონნნნნნ!
(15 წუთი გავიდა)
ახლა,
გამეორება ცოდნის დედაა, თავიიიდან!


ტივტივი

Kuroshio Sea - 2nd largest aquarium tank in the world - (song is Please don't go by Barcelona) from Jon Rawlinson on Vimeo.

ქობულეთი



ქობულეთის 8 დღე უკან დამრჩა.
იმის მიუხედავად. რომ 2 ათეული წელია ჩემი ცხოვრების ყველა ზაფხულის ერთი-ორი კვირა ყოველთვის შავი ზღვით ლამაზდება, აღმოვაჩინე რომ თურმე ზღვაზე დასვენება უკეთესად შემიძლია, ვიდრე ადრე.

ჩემი აღმოჩენა #1
(და კიდევ 1 უფასო რეკლამა)
ეს რეზინის სანდლებია.ჩვეულებრივი ტაპკები, რომელიც იკვრება. მშვენიერი აღმოჩენაა.
საშუალებას გაძლევს გაუხდელად იცურო და რაც არანაკლებ სასიამოვნოა ზღვაში ფეხზე ჩაცმული შეხვიდე და ამით კენჭებსა თუ ქვებზე უსიამოვნო ასკინკილა თავიდან აიცილო
ცურვისასაც შველის:
ტივტივებს და ამიტომ ამომგდები ძალა გემატება (უმნიშვნელიოდ, მაგრამ მაინც) და (ასევე უმნიშვნელოდ) ლასტებად მუშაობს.


მოკლედ ჩემთვის ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა, სად ვიყავი აქამდე!

ახლა ამინდი.
ადვილად ვიწვები და ყოველთვის ორი ქოლგით დავდივარ ზღვაზე, ერთი არ მყოფნის, ორიც (ტერფები მეწვება).
წელს ქობულეთური 8 დღიდან 6 მუდამ მოღრუბლული იყო და ხანმოკლედ წვიმიანიც.
და თურმე ესაა ჩემი ამინდი:
შედეგად ყველაზე დიდი დროით წყალში და ნაპირზეც ასეთ, ზომიერად ღრუბლიან ამინდში ვრჩებოდი.
ერთხელ თავსხმა წვიმამაც მომისწრო და რა, უფრო მეტად ვერ დამასველებდა ზღვაში, წვეთები კი ძაან ლამაზად ეცემოდა ძღვის ზედაპირს, მარგალიტებივით.
მოკლედ, შემდეგ ზღვაობაზე აუცილებლად წავიღებ რეზინის სანდლებს და უდრტვინველად გავიხარებ ღრუბლიანი თბილი ამინდებისთვის.

Friday, July 17, 2009



წელს ანანური განსაკუთრებით ლამაზია, იმიტომ რომ ჟინვალჰესის წყალსაცავი ბოლომდა სავსეა.

ახლა კი უფასო რეკლამა.
თუ სოფელში ჯერ არ წასულხართ და აპირებთ. გირჩევთ მიაკითხოთ ელიავას ბაზრობას და შეიძინოთ 2 ც. ასეთი სამაგრი.

ის საშუალებას მოგცემთ ადვილად მოხსნათ და დაამაგროთ ჰამაკი თქვენს ეზოში.
შედეგად მიიღებთ :
მშრალ, წვიმისაგან დაცულ ქამაკს.
მოიგებთ ძვირფას დროს
დაზოგავთ ნერვებს.


ჰო, ხაშურში ნაყიდ ჰამაკს.

Wednesday, July 15, 2009

რითი ჯობია ერთი რუსი ერთ ქართველს?


67-იანი ვარ. თუ ჩემს ახლომახლო ასაკში ხარ, ეს ფაბულა შენც გამოვლილი და უკვე დავიწყებული გექნება.
"გაფურჩქნული" და "აყავებული სოციალიზმის" ფაზაში მყოფ მოზარდს რა თქმა უნდა გქონდა პროტესტი იმ მითიური მიზნისკენ მსვლელობის გამო, რომელსაც კომუნიზმი ერქვა, და რომელშიც ყველა ერი უნდა არეულიყო და "ნაციონალური რუდიმენტი" საბილოოდ მოეცილებინა.
ვბრაზდებოდი რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, რუსეთის მიერ იმართებოდა და რუსეთს კი გაცხადებულ საოცნებო მიზნად ჩემი ეროვნების წაშლა ჰქონდა.
მათი გათვლებით ეს საოცნებო ეტაპი უკვე "განვითარებული სოცალიზმის" შემდგომ უნდა დამდგარიყო.
მართალია სკოლაში სასწავლი ისტორიის მხოლოდ ერთ სემესტრს იტევდა საქართველოს ისტორია, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ საქართველოს რეალურ ისტორიას, დამატარებდნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების სანახავად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მაკითხებდნენ, მესაუბრებოდნენ,, ერთი სიტყვით მასწავლიდნენ საქართველოს სიყვარულს. მინერგავდნენ სიამაყეს ქართველოსბის გამო.
ფაბულა ვახსენე, ახლა გამახსენდა რატომღაც.
ამ ფაბულის მიხედვით მე მოვლენებს მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობის გათვალისწინებით ვაფასებდი.
მაგალითად :
-5 მილიონმა ქართველმა შექმნა თბილისის "დინამო", რომელიც სსრკ ჩემპიონატში ხშირად პირველ - მესამე ადგილებს იყოფს, აი ქართველები რომ 150 მილიონი ვყოფილიყავით, როგორც რუსები, მაშინ ქართული ფეხბურთი რუსულს 30-ჯერ აჯობებდა.
-ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე სსრკს მიერ ჭიდაობაში მოპოვებული მედლების ნახევარს ფლობენ. ე. ი. ზოგადად ქართველი მოჭიდავეები რუსეთის მოჭიდავეებს 30:1-ს უგებენ.
ასეთივე წიაღსვლები მქონდა ქართველების უპირატესობაზე რუსეთთან შედარებით კინოხელოვანთა , მხატვართა, მეცნიერთა და თქვენ წარმოიდგინეთ პოლიტიკოსთა შესახებაც.



მოკლედ, ეს თანაფარდობა 5:150 მლნ მშველოდა ქართველობით სიამაყეში.
მიმაჩნდა რომ 5 მლნ ქართველი 5 მლნ რუსს 30 ჯერ ჯობნის.








ახლა კი რა, აღმოვაჩინე რომ ..

ბევრ საკითხში 5 მლნ სადღაც ნორილსკსა თუ სარატოვში მცხოვრები რუსი 5 მლნ ქართველს გვჯობია.
თანაც ოდნავ კი არა, ორი თავით გვჯობია.
რითი გვჯობია ერთი რუსი ერთ ქართველს?
იცით?
ხვდებით?

Wednesday, July 8, 2009

ყველაზე გულადი არსება მსოფლიოში

ეს? არა!





რამდენიმე თვის წინ ერთერთ ქართულ ბლოგზე ასეთ პოსტს გადავსწყდი "ჰანიბაგერი - ყველაზე მამაცი არსება ცხოველთა შორის".
მაშინ ვიდეოც ვიხილე და ავტორს დავეთანხმე. ეს პატარა ცხოველი მართლაც შესაშური აგრესიით, შეუპოვრობით და სიმკვირცხლით არ უშინდება და ერევა კიდევაც აგრესიულობით განთქმულ მტაცებლებს.

დღეს კი, დისქავერზე ჩემთვის გასაოცარი რამ ვნახე.
თქვნეც ნანახი გექნებათ ასეთი შემზარავი კადრები: უზარმაზარი ზვიგენი პატარა და დაუცველ სელაპს წყალში როგორ დაითრევს კუდით, როგორ ახათქუნებს აქეთ-იქით, საზეიმოდ წყლიდან ამომხტარი გათიშულს ზედ რომ დაენარცხება, მძლავრი კუდის ამოკვრით შორს გადასტყორცნის და შემდეგ ჭამს, ნთქავს ჯერ კიდევ ცოცხალს.

მოკლედ , ზვიგენი ბოროტი, ძლიერი სისხლისმსმელი მტაცებლის ჰიპერბოლური სიმბოლოა, სელაპი კი უსუსური, ამაოდ მოფართხალე შიშით ელდანაცემი მსხვეერპლის.
ყოველთვის გულს მიკლავდა ეს სცენა - ცივსისხლიანი უტვინო თევზის- ზვიგენის მიერ ჩემიანის, გონიერი (გაიხსენეთ დელფინარიუმები) ძუძუმწოვრის ასეთი უპირობო დაჩაგვრა, დაშინება და გადასანსვლა.

არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე.
დღეს დისქავერზე ვნახე.
თურმე ინტელექტი ბევრ სელაპს შველის, თანაც, თანაც ოღონდ, უშიშრობასთან კომბინაციაში.

აღმოჩნდა რომ ზვიგენის უპირატესობა მხოლოდ მისი ძალა და ზომა არ არის, სიჩქარეცაა.
ზვიგენი აუცილებლად დაეწევა და დაიჭერს სელაპს თუკი სელაპი გაექცა (სელაპებში მსოფლიოს ჩემპიონიც კი ვერ დაუსხლტება ზვიგენს სისწრაფეში).
თურმე, მას შემდეგ. რაც ზვიგენი სელაპს სანადიროდ მისაწვდენზე მიეპარება, ამ ორ არსებას შორის იწყება რთული, საფეხურებიანი ბრძოლა.
ერთ მხრივ ზვიგენია თავისი ძალით, აგრესიით, ყბებითა და საუკეთესო მკვლელის რეფლექსებით, მეორე მხარეს კი სელაპი, რომლისათვის გადარჩენის ერთადერთი შანსი მტრის დაღლა და მხოლოდ შემდეგ გაქცევაა.
სელაპს ორი უპირატესობა აქვს:
სწრაფი მოხვევის უნარი და .. ნებისყოფა (ამ შემთხვევაში უშიშრობა).

ნებისყოფა ავალებს სელაპს არ გაექცეს მასზე 10-ჯერ დიდ მტერს, რომელსაც ყბებში ერთ ლუკმად გაეტევა.
და ნებისყოფა ავალებს სელაპს არათუ გაექცეს, არამედ წავიდეს ზვიგენზე,
მიუახლოვდეს მას რაც შეიძლება ახლოს, გაახელოს ის, აიძულოს გააკეთოს გადამწყვეტი ნახტომი უშედეგოდ.

და ასე რამოდენიმეჯერ, ზვიგენი რომ დაიქანცოს.
სელაპი, ყველაზე გულადი არსება მსოფლიოში.ნახეთ!
!

დიახ, თურმე ასეა, ეს ჩვენთვის "პანიკაში მოფართხალე დიდთვალება განწირული მსხვერპლი" თურმე სინამდვილეში უკიდურესი უშიშრობის, მოხერხებულობის, ნებისყოფისა და გამძლეობის ბრძოლაშია ჩაბმული თავისზე გაცილებით ძლიერთან, ბოროტთან და სწრაფთან.
სამწუხაროს სელაპებს ყოველთვის ვერ შველით გონებრივი აღმატებულობა და მოქნილობა.

მაგრამ...
როგორც ჩანს მაინც შველით, უმეტესობას შველით.
იმიტომაც არიან ბევრნი. მრავლდებიან და არ წყდებიან.

Tuesday, July 7, 2009

ნობელის პრემია მეკუთვნის!

ნობელის პრემია მეკუთვნის, გლობალური პრობლემა გადავჭერი, მაგრამ რად გინდა?

15-ოდე იღბლიანის გარდა (რომელიც ჩემი ბლოგის საშუალებით ამას შეიტყობს და იმედი მაქვს, რომ ისარგებლებს კიდევაც), ვერავინ გაიგებს.

ცხელი აგვისტო წინაა, მალე შეუძლებელი გახდება დაემალო თბილისურ ხვატს.
აზუზუნდება კონდიციონერები და ბინაში ერთი-ორ ბედნიერ ოთახს ზედმეტად გააგრილებს, დანარჩენი კი მაინც სიცხის ბუღში დარჩება.
დადგება მშრალი შარკოს, რადიკულიტებისა და სურდოს სეზონი.
იბზრიალებს ელექტრო მთვლელები (სჩოტჩიკები) და გადაიჩხრიალებს ფულის მდინარე ჩვენი ჯიბეებიდან ენერგოკომპანიების ანგარიშზე.

მოკლედ.
სენსაცია!
ბინის გაგრილების უებრო მეთოდი ნაპოვნია.

უებრო იმით, რომ ადვილია და ი ა ფ ი.

აღიღეთ წინასწარ ყვავილების ბაზრობაზე ნაყიდი (მე კოლმეურნეობის მოედანის მიმდებარედ ვიყიდე) ყვავილების თაიგულის შესაფუთი სარკესავით ამრეკლი ფირები.

იხ. ფერ. სურ. #1
თვალსაჩინოება

ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 40 თეთრი დაგიჯდებათ, განალაგეთ იატაკზე ერთმანეთის მიჯრით და ასევე წინასწარ ნაყიდი განიერი სკოჩით გადააწებეთ.

ახალი სუპერეფექტური ფარდა -სიცხის მკვლელი მზადაა.

ახლა ეს ფარდა ჩამოაფარეთ (დაკიდეთ) თქვენი ფანჯრების ფარდებს ფანჯრის მხრიდან. ძველ ფარდას ნუ ჩამოხსნით, უბრალოდ, სათითაოდ შეუცურეთ ახალი ფარდა საკიდრებზე.

სასწაული ახლა იწყება.

\იხ. ფერ. სურ. #2
თვალსაჩინოება


იხ. ფერ. სურ. #3
თვალსაჩინოება


თუკი თქვენი ფანჯარა მეტალოპლასტმასის შუშაპაკეტისაა, ანუ ორ შრიანია, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ იმ ფანჯრიდან თქვენს ბინას 90% სიცხე მოაკლდება.
თუკი ჩვეულებრივი, ერთმაგი მინაა, ბინაში 70-80%-ით ნაკლები სიცხე შემოაღწევს.
\იხ. ფერ. სურ. #4
თვალსაჩინოება

თაკარა დღეს მიადეთ ახალ ფარდას ხელი და მიხვდებით, რომ .. თითქმის კედელივით ცივია.

მეორე წელია ვკიდებ და ეფექტში დარწმუნებული ვარ, გამოცდილი მაქვს. არ წააგებთ. აგრილებისას ჩამოხსნით, დაახვევთ რულონად და სადმე შეჩურთავთ მომავალ ზაფხულამდე.
ხო, კონდიციონერი არ მაქვს და ყიდვასაც არ ვაპირებ.

Wednesday, July 1, 2009