Friday, April 4, 2008

შინდისფერი ნომრები



საქართველოში შინდისფერი ნომრები დიპლომატიური აკრედიტაციის მქონე ავტომობილებს აქვთ.

2003 წლამდე ეს მანქანები ორ დიამეტრულად განსხვავებული სტილით დადიოდნენ.

ან ძალიან თავხედურად,
ან ძალიან წესიერად და ჩვენებური შეფასებით გაუბედავად.

მიხვდით ალბათ თავხედები უცხოელების ქართველი მძღოლები იყვნენ, მათ ხომ პოლიცია არ აჩერებდათ (შეიძლება არც ჰქონდა პოლიციას მათი გაჩერება აკრძალული მაგრამ რატომ გააჩერებდნენ, შარი იყო და ხეირი არა).

გაუბედავები მძღოლები კი თვითონ უცხოელი დიპლომატები იყვნენ.


ყველა ევროპელი, რომელსაც საქართველოში მანქანის ტარება მოუწია გეტყვით რომ ქართველები უწესო ხალხი არიან.
ჩვენც, ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ უწესობას ვაწყდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ჩვენც დავიჯერეთ რომ უწესოები ვართ, და ის ხალხიც კი რომელიც ბუნებითა და საქმით წესიერები ვართ, თითქოს ვამართლებთ სხვების უწესობას და ამ თვისებას თითქმის ქართულ საამაყო მახასიათებლადაც ვთვლით (ამაყი, ინდივიდუალისტი, შეუპოვარი, ვინ კითხავს გარბაჩოვს?).

ამ "რომანტიკით" აღჭურვილი უწესოები კი უფრო და უფრო თავხედდებიან,
სიამაყით ყვებიან როგორ დაამტვრიეს ამ თვეში მეორედ მანქანა,
როგორი მთვრალი იყო მანქანაში დასაჯდომად მასპინძლები დაეხმარნენ, როგორ კარგად ჰქონდა აწყობილი საქმე სამსახურში ადრე “ტრანშზე 3% პირადად რომ არ დამრჩენოდა ძმაკაცები ჩმორად ჩამთვლიდდნენ”, “რა გინდა ძმაო, შენ რომ ყოფილიყავი მინისტრი რა ნაკლებს შეჭამდი?”, “აუ ერთი დღე მამყოფა მაგათ ადგილზე და მეორე დღესვე დავტყდები აქედან მილიონებით”..

დღეს კაცები, რომლებიც ერთმანეთს გულს გადაუხსნიან, თუ რა კარგი ვარიანტი აქვთ ფულის საშოვნად, ბოლოს დააყოლებენ ხოლმე " მაიცა რა, გინდა რომ გამატელევიზორონ?" (ანუ დაიმჭირონ და შეამრცხვინონ).

ეს ტექსტი ერთი წლის წინ დავწერე და ახლა ვამატებ:

ის ხალხი ვისი ციტატებიც ზემოთაა მოტანილი დღეს ამბობს “ერთი ეს გიჟები მოგვაცილებინა და ვინმე ხომ მოვა ნორმალური”.

კიდევ ბევრი ნაძირალა ელოდება ამ ქვეყანაში დიდი და მცირე არაკაცობის უშიშრად კეთების შანსს.




Thursday, April 3, 2008

ჯერ გამოუცდელი ტკივილი


კომპიუტერთან ვზივარ და ზურგს უკან, ტელევიზორიდან ახალი ამბები მესმის, მართალი გითხრათ ნატოს სამიტის შესახებ მიომდოდა დამეწერა, მაგრამ ეს ფრაზა, უკვე მეათასეჯერ გაგონილი ფრაზა ისევ მესმის, სადღაც ახალგაზრდები საყვირებით მიტინგს მართავენ და აცხადებენ "დაისაჯოს ვაზაგაშვილის, გვირგვლიანის, რობაქიძის მკვლელები!!"

რა არის აქ სალაპარაკო, მოიქნიე ერთი 20 კაცი ციხეში და გააჩუმე ეს ხალხი.
ისედაც იმას არ ჩივიან, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა ათასობით გაიზარდა და ბევრი მათგანი უდანაშაულოდაა დაჭერილი?

ასე ადვილადაა საქმე?

მე ვერ შევეხები ვაზაგაშვილისა და გვირგვლიანის საქმეებს, ამ საკითხებზე ჯერ კიდევ იმდენი რეალური ფაქტია ჩემთვის უცნობი, რომ მტყუანსა და მართალს ვერ ვარჩევ. ვაღიარებ.

რაც შეეხება რობაქიძის მკვლელობას აქ თითქოს მდგომარეობა უფრო ნათელია.
მოვყვები რაც მომისმენია ტელევიზიით.

გადაცემა "პატრულმა" აღწერა შემთხვევა. მათი ტექსტით პატრულის ჯგუფი გადააწყდა ყაჩაღებსა და სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლა, ყაჩაღებს აღმოაჩნდათ ავტომატი.

შემდეგ სიუჟეტში გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ მათი შვილის კრიმინალებთან კავშირს.
შემდეგ სიუჟეტში რობაქიძესთან ერთადმყოფმა ახალგაზრდებმა აღწერეს რომ პატრულთან შეხვედრის შემდეგ რობაქიძე გაიქცა და შემდეგ ხელები მაღლა ასწია, რასაც მოჰყვა სროლა პატრულის თანამშრომლის მხრიდან.

ამ სიუჟეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გადაცემა პატრულისაგან უარყოფა აღარ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია.

ეს გარემოება მაფიქრებინებს რომ საქმე ისე იყო როგორც აღიწეა რობაქიძის მეგობრის მიერ.

მოხდა ტრაგედია. პოლიციელის მიერ მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა!

საქართველო ახალგაზრდა, ახალთვალებახელილი ქვეყანაა. ისევე როგორც კონტრაბანდისტი სოფლების აწიოკების, გარე მოვაჭრეთა აყრის, შენობების ნგრევის თუ ხელებგადაგრეხილი ჩინოვნიკების ტელევიზორში ნახვა, პოლიციელის მიერ უდანაშაულო ადამიანის მოკვლაც ჩვენთვის ჯერ გამოუცდელი ტკივილია.

სახელმწიფომ გამოავლინა მიზანმიმართული (და ძალისმიერი ოპერაციებით გამტკიცებული) აგრესია კორუმპირებული საბაჟოს, გამგეობების, კონტრაბანდისტების თუ ქურდული სამყაროს წინაშე. ამ ტალღის შემხედვარე ხალხს გაუჩნდა იმის განცდა რომ სახელმწიფომ ასევე მიზანმიმართულად მოკლა რობაქიძე.

ადამიანი როდესასც საჭესთან ჯდება მას უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და გავლილი უნდა ჰქონდეს "ფსიქო" შემოწმება. ავტომობილი პოტენციური მკვლელობის იარაღია. ის საფრთხეს უქმნის როგორც გარშემომყოფებს, ასევე მძღოლსა და მის მგზავრებს. მძღოლს მოეთხოვება საგზაო წესების ცოდნა და დაცვა, სიფხიზლე და მობილიზებულობა. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევით 300ზე მეტი ადამიანი კვდება. მძღოლი რომელიც შემდეგ სხვა ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა ავარიამდე 1 წუთით ადრე არ თვლიდა რომ მილიონის ფასად შეეძლო სხვა ადამიანის განზრახ მოკვლა. რაც ვერ მოხდებოდა განზრახ, მოხდა შემთხვევით, უბედური შემთხვევით.


დავუბრუნდეთ იმ უბედურ საღამოსა თუ ღამეს. პატრული ახალი შექმნილია, ხალხი ინტერესითა და იმედით უყურებს ამ ცვლილებას. მაშინდელი სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი პატრულის ახალი ავტომობილებით, იარაღითა და ფორმებით აღჭურვაზე დაიხარჯა. მასმედია ნთქავს პატრულის მიერ გამოვლენილი სიყოჩაღის ფაქტებს. პოლიციელები უპირატესად ახალგაზრდა და გამოუცდელია. წინამორბედებისაგან განსხვავებით მათ კაბურაში მზესუმზირა კი არა უყრიათ, ახალი იარაღი უდევთ. ბნელა, "თუ არ დაასწარი დაგასწრებენ" შიში და ავტომატიზმი ერთად ამოტივტივდა და საბედისწერო გასროლაც მოხდა..

.. მე პირადად 3 თუ 4 ჰოლივუდური ფილმი მაქვს ნანახი სადაც პოლიციელის მიერ უდანაშაულო ადამიანის მოკვლაა აღწერილი. სამივე (თუ ოთხივე) ტრაგედია პოლიციელის თვალითაა დანახული, ნაჩვენებია პოლიციელის განცდები, სიტუაციის სირთულე, უძილობები და კოშმარები. ეს ფილმები შეთანხმებულებივით თავდება ამ პოლიციელის გასროლით რითაც ის ნამდვილ ბოროტმოქმედს მოკლავს და ამით კომპლექსს - არ ესროლოს არავის, თუნდაც ბოროტმოქმედს, საბოლოოდ ამარცხებს.
მე მგონი ეს ფილმები დიდი, ძლიერი, მდიდარი და განათლებული ქვეყნის პასუხია ისეთ სიტუაციებზე რომლებიც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ადამიანის მიერ უდანაშაულო მოქალაქის მოკვლა იწვევს.
პოლიციას იარაღი უნდა ჰქონდეს, ჯერ არ არის გამოგონილი დისტანციაზე ეფექტური და უსაფრთხო (ყაჩაღმა რომ არ დაგასწროს სროლა) გაუვნებელყოფა. ყველა ქვეყნის კანონს ჯერ კიდევ ცეცხლსასროლი იარაღი იცავს.
უბედური შემთხვევები კი ხდება..

საქართველოს ჰოლივუდი არ აქვს, ქართულ მედიას კი არ შეუძლია ასეთ შემთხვევებში მედიატორობა (მას უფრო წაქეზება ეხერხება).
ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გულწრფელად, საჯაროდ უნდა აღიაროს და გულწრფელად უნდა უთანაგრძნოს გარდაცვლილის ოჯახს. კონკრეტულად რობაქიძის ოჟახს კი პლიუს დიდი, ძალიან დიდი საკომპენსახციო თანხა უნდა გადაუხადოს გარდაცვლილის ყაჩაღად გამოცხადების გამო.



მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ, მოქალაქეები ვინც ამ ტრაგედიით შეწუხებულები ვართ გავიხსენებთ რომ ქართველებს გვაქვს მსოფლიო ფოლკლორში უნიკალური "ვეფხი და მოყმე" და გავიხსენებთ რომ მეორე მხარესაც არის ტკივილი და სინანული, დანგრეული ბიოგრაფია და საშვილიშვილო დამღა.

მე როგორც რეანიმატოლოგმა, რომელსაც ავტოავარიების შედეგად უგონო, სისხლიანი, ბენზინს, მანქანის ზეთსა და პარპრიზიას ნაფშვენებში არეული ადამიანების გადარჩენა ან გადარჩენის ბოლომდე მცდელობა მევალება შემიძლია გითხრათ.
ნარკომანი და მთვრალი მძღოლი, ადამიანი რომელიც თავისი მუცლის ამოყორვისა თუ კაიფისთვის სხვა ადამიანს, თუნდაც საკითარ მგზავრს კლავს არის ათჯერ უფრო მეტად დამნაშავე ამ შემთხვევის მონაწილე ტრაგიკულად შემცდარ პოლიციელზე.

ცხელი შოკოლადი


აპრილის "ცხელი შოკოლადს" * ვფურცლავდი და ერთ სტატიას შევუყევი ისე რომ ავტორის გვარი არ წამიკითხავს. "მიშას ობამიზაცია" კარგი, პროფესიონალური, მსოფლიო პარალელებით გაჯერებული და რაც მთავარია კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი მეჩვენა. სად იყო აქამდე ეს კაცი, როცა ჩვენ ამ ცრუ ექსპერტებისა და ცრუ პოლიტიკოსების პარალოგიკებში ვიხრჩობით, აქამდე რატომ არ გამოჩნდა მეთქი გავიფიქრე და ავტორის სანახავად დასაწყისზე გადმოვშალე.

იმედგაცრუება..

ქართველი არ არის, ამერიკელია - მარკ მალენი.

"მიშას ობამიზაციის" ავტორი ვერ გახდება ქართველი "ექსპერტი" და ალბათ მომავალ სტატიას საქართველოს შესახებ 5 წლის შემდეგ დაწერს.

მაგრამ.. იქნებ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენ თავში ეს გამჭრიახი მზერა. გულშემატკივარი მზერა შორიდან, გვერდიდან. აკი ასე გავიზარდეთ, სიამაყით გვასწავლიდნენ - ქართველი ბუნებით არტისტია, ის მუდამ სცენაზეა და აუდიტორიას ესაუბრებაო.
აუდიტორია უნდა ავარჩიოთ სწორად - ცივილიზებული მსოფლიო და არა მხოლოდ რუსეთი, აფხაზები და ოსები და არა მხოლოდ დაზარალებული ნაცნობები, ჩვენი შვილები და არა კაგებეს პენსიონერები, ქვეყანა და არა ჟურნალისტები.

*თუ ჯიბეში 7 ლარი გიდევს "ცხელი შოკოლადი" უნდა იყიდო.

გადააგდება გადადგომა




გამსახურდია გადააგდეს და ქვეყანას საშინელი მსხვერპლი და შინაომები დაატეხეს. შევარდნაძე გადადგა, და ქვეყანამ ევროპული და მსოფლიო საზოგადოებისაგან მხარდაჭერა მიიღო. "ვარდების რევოლუციაზე" ერთი ადამიანიც კი რომ მომკვდარიყო, საქართველოს ესეთი მხარდაჭერა არ ექნებოდა.

ეს ერთი ადამიანი თვითონ შევარდნაძე რომ ყოფილიყო საშვილიშვილო სირცხვილსა და ცოდვას ავიღებდით არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ მთელი ერი.
ეს ისტორია ისეთივე სამუდამო დაღი იქნებოდა ქართველებისათვის როგორც ჩაუშესკუ რუმინელებისათვის, ჩარლზ Iდა კრომველი ინგლისელებისათვის, ნიკოლოზ II რუსეთისათვის.
მადლობელნი უნდა ვიყოთ რომ ამ ცოდვას ავცდით. ავცდით 4 პოლიტიკოსის ერთობლივი გონიერებით, პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით.

მოდი შევარდნაძესაც ნუ დავუკარგავთ ამ ნაბიჯს. ეს მისი ღირსეული ნაბიჯი იყო.

გადადგომის შემდეგ ის არ წასულა გენშერთან და იქიდან არ განუცხადებია - მე საქართველოში რაც განვაცხადე იმ დროს მარცხენა ხელზე "ნიჩურიკი” მქონდა და არ ითვლებაო.

ოქრუაშვილს შევარდნაძემდე ხომ ბევრი უკლია, პოლიტიკოსობაშიც და კაცობაშიც და აბდულა ოჯალანსაც ვერ მისწვდრბა კაცობით.

აბდულა ოჯალანი მხოლოდ სასიკვდილო განაჩენისა და ბნელ საკანში 6 თვე ჯდომის შემდეგ გატყდა და ქურთისტანის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე უარი განაცხადა.

22 თუ 23 ნოემბერი?




თურმე სააკაშვილი შევარდნაძესთან ყოფილა შეკრული და "ვარდების რევოლუცია" მათი გათამაშებულია.

საბუთად ის მოჰყავთ რომ შევარდნაძე დაპატიმრებული არ არის და მშვიდად წერს მემუარებს. შევარდნაძის დაჭერისა და ამით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა დღეს უფრო მეტი ისმის ვიდრე 2003 წელს.
ვიფიქროთ თავიდან.
მე ვთვლი რომ ხალხს შევარდნაძის დასჯის სურვილი მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც ბოლო ოთხი წლის გამავლობაში დაინახეს თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო 2003 წლამდე და არ გაკეთდა.

არადა მართლაც ეს მშენებლობა, ეს ინვესტიციები რაც 2003 წელს დაიწყო, რომ დაწყებულიყო 10 წლის წინ მაინც. იქნებ დღეს ასეთ სათუო სტაბილურობაში კი არა რეალურ სიმდიდრეშიც გვეცხოვრა. "აბა მითხარი ვინ არის დაპატიმრებული იმათგან ვინც საქართველო 15 წლით ანაბიოზში ამყოფა".

შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილის ხელისუფლების წარმატებები სახელწიფოს შენებაში პრეზიდენტს ცუდად მიუბრუნდა - მოსახლეობა მას არაგულწრფელობასა და შევარდნაძესთან შეთქმულებას აბრალებს.

არადა რატომღაც დავიწყებული არის რომ "ვარდების რევოლუცია" 23 ნოემბერს მოხდა როცა შევარდნაძემ კრწანისის რეზიდენციაში სამ ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა - გადავდექიო, და არა 22 ნოემბერს, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გამოაძევეს.
შევარდნაძე სწორედ "ვარდების რევოლუციამ" აიძულა გადამდგარიყო, 30 წლიანი მეფობა უსახელოდ დაემთავბინა და ამით თვითონვე ეღიარებინა რომ არ შესწევს უნარი ქვეყნის წარმატებების გზით წაყვანისა.

2003 წლიდან მოყოლებული ის სტილიზებულ ციხეშია, არ ტოვებს თავის რეზიდენციას.
ასეთი დასასრული რატომ უნდა დაეგეგმა ბერლინის კედლის მნგრაველ და მსოფლიოში სტალინის შემდეგ ყველაზე ცნობილ ქართველს?

კუთხეში მომწყვდეული და მორალურად გატეხილი ის დათანხმდა გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას ხელშეუხებლობის გარანტიით.

სამეულმა მას ეს გარანტია მისცა რის შესახებაც იმავე საღამოს, 23 ნოემბერსვე განაცხადეს.
ეს შეთანხმება საჭირო იყო საქართველოსათვის.
ეს ერთი განცხადება განასხვავებს ერთმანეთისაგან გადადგომას და გადაგდებას.

Tuesday, April 1, 2008

ტერმიტები და ქართველები




ტერმიტები თავისი ცხოვრების 95% იგივე საქმიანობაში ატარებენ, რაშიც ატარებენ თავის ცხოვრებას ჭიანჭველათა დანარჩენი 150 სახეობის ჭიანჭველები.

ტერმიტები თავისი საქმის მხოლოდ 5%-ით განსხვავდებიან სხვა ჭიანჭველებისაგან. თავისი დრს 5%-ს ისინი სამშენებლო ტალახის ზემოთ ატანასა და კოშკის აშენებაში ხარჯავენ. და ასე ყოველდღე, და ასე 100.000-ვე ჭიანჭველა თითოეულ კოშკში.

ადამიანებმა ტერმიტები წითელ წიგნში შეიტანეს და მათი ცხოვრების საჩვენებლად 50 დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

პირველად ცათამბრჯენები ამერიკაში ააგეს. რატომ, რა აუცილებლობაა, დიდი საფრთხეა, ავანტიურაა, მაგრამ 100 წლის შემდეგაც დგანან ამერიკის სიმბოლოებად ეს პირველი ცათამბრჯენები.

დღეს უმაღლესი ცათამბრჯენების ათეულში პირველი 6 შენობა აზიაშია (ჩინეთსა და მალაიზიაში) მაგრამ ცათამბრჯენები არასოდეს გახდება აზიის სიმბოლო, იმიტომ რომ პირველმა ცათამბრჯენებმა სამუდამო პატივისცემა ამერიკას მიაკუთვნეს.

მსოფლიოს მაცხობრებელი ყველა ადამიანს ვისაც სკოლა, ჩვეულებრივი საშუალო სკოლა დაუმთავრებია ახსოვს საკუთარი გაოცება და აღტაცება ჰოლანდიელი ხალხის მიმართ, რომელთაც მოახერხეს ზღვისათვის გამოეტაცათ საკუთარი (სხვათა შორის საქართველოზე პატარა) სახელმწიფო.

ჩვენ, ქართველებს ცათამბრჯენის აშენების აუცილებლობა ან ხმელეთის ზღვისთვის წართმევის საჭიროება მაცხოვრებელთა სიმცირის გამო ჯერ კიდევ დიდხანს არ დაგვიდგება.


რითი შეუძლია ქართველობას გამოიჩინოს 19-ე საუკუნის დამბების მშენებელ ჰოლანდიელთა და 20-ე საუკუნის დასაწყისის პირველი ცათამბრჯენების მშენებელ ამერიკელთა სტაბილური მიზანდასახულობა, კონსოლიდირებულობა, კრეატიულობა და წარმატების რწმენა?

რაში უნდა დახარჯოს საქართველოს მოქალაქეთა 100-მა %-მა თავისი დროის, თუ ენერგიის, თუ ყურადღების +5%, ისევე როგორც ამას წარმატებული ტერმიტები აკეთებენ?


თუ ოდესმე ქართველებს თავის თავში ეს ჯადოსნური ძალის, ენერგიის, ყურადღებისა და კონსოლიდაციის ნარევი +5% აღმოაჩნდათ, ამ +5%ში 2% წესიერი მოქალაქეობა*, 1%ტოლერანტობა*, 1% კი შრომისმოყვარეობა* უნდა იყოს.

აი ამ 4%-ს შემდეგ+ 1% ძალით, მონდომებით, ყურადღებით რასაც გინდა იმას მიაღწევ. ააშენებ შუშის ლიფტს ზღვიდან მყინვარამდე, შექმნი ოსკარის მფლობელ ფილმებს, ინტერნაციონალური მასშტაბის ტელეარხებს, არქიტექტურულ საოცრებებს, სამეცნიერო-ტექნოლოგრ სიახლეებს და ა. შ.


*წესიერი მოქალაქეობა - წესიერება ამ სიტყვის ინტერნაციონალური მნიშვნელობით, წესების ცოდნა და დაცვა მაშინაც კი როცა არავინ გაკონტროლებს.

*ტოლერანტობა - საქართველოს როგორც შიგნით მრავალეროვანი და გარეთ რთული ამიერკავკასიის ლიდერი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი პირობა.

შრომისმოყვარეობა* - eeh...